მთავარი,სიახლეები

საზღვაო აკადემიის პროფესორების „პლაგიატის საქმე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

02.06.2021 • 1965
საზღვაო აკადემიის პროფესორების „პლაგიატის საქმე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

„ის, რომ არ ხარ ჯიგარი ლექტორი და ქულას ტყუილად არ წერ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენი გათავისუფლების საფუძველია,“ – მიმართა მოსამართლეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა.

დღეს, 2 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე როინ კახიძემ „ვაჟა ანანიძის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო.

ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი პლაგიატში ამხილა. ის აკადემიის სხვა პრობლემებზეც საუბრობს. ამ დრომდე ვაჟა ანანიძე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წინ ერთკაციან აქციას პერიოდულად მართავს.

პლაგიატის დადგენაზე ვაჟა ანანიძემ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს 2020 წლის მაისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე სახელმწიფოს არ დაუდგენია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს სასწავლებელში აქვს თუ არა ადგილი პლაგიატს. სამაგიეროდ, იმოქმედა საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ – ვაჟა ანანიძე სამსახურიდან გაუშვეს.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან გასული წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს.

ვაჟა ანანიძე სასამართლოში მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

არსებითი განხილვის დაწყებამდე საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის იურისტებმა სასამართლოს სხდომის გადადება იმიტომ მოითხოვეს, რომ სხდომის დაწყებიდან 3 საათში ავტორიზაციის საბჭოს სხდომა იყო ჩანიშნული.

ანა ბერძენიშვილმა საზღვაო აკადემიის იურისტებს შეახსენა, რომ სასამართლო სხდომა ავტორიზაციის საბჭოს სხდომამდე ადრე ჩაინიშნა და შეახსენა ისიც, რომ ვაჟა ანანიძის მიმართვის შემდეგ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა საზღვაო აკადემიაში კონკრეტული დარღვევები დაადგინა.

„ავტორიზაციის საბჭოს სხდომა არ არის კავშირში ბატონ ვაჟასთან, საქმე ეხება ფოთის ფილიალის გახსნას, ეს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხია,” – უთხრა მოსამართლეს საზღვაო აკადემიის იურისტმა, რუსუდან ყიფიანმა.

„მიმართეთ ავტორიზაციის საბჭოს გადადებაზე?” – იკითხა მოსამართლემ.

„არ მიგვიმართავს,” – უპასუხეს აკადემიის იურისტებმა როინ კახიძეს.

„სასამართლო სხდომა კი არ უნდა იდებოდეს გარე მიზეზების გამო, არამედ სხვა სხდომები, მით უმეტეს, რომ ჩვენ სხდომის თარიღზე წინასწარ ვიყავით შეთანხმებული,” – გაბრაზება აღარ დამალა მოსამართლემ და მხარეებს ანიშნა, საუბარი დაეწყოთ.

„ახლა რომ ჩამოიაროს სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა და სხვა მოსამართლეებს ჰკითხოს, რას ფიქრობთ მოსამართლე როინ კახიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეო, ეს ნორმალური იქნება?” – იკითხა ანა ბერძენიშვილმა იმის საჩვენებლად, რომ ვაჟა ანანიძის მიმართ აკადემიამ რეალურად კი არ შეაგროვა ინფორმაცია, არამედ დევნასთან გვაქვს საქმე მას შემდეგ, როცა პროფესორმა კოლეგები პლაგიატში ამხილა.

მოსამართლემ კითხვა თავმჯდომარის ჩამოვლაზე არ შეიმჩნია, ანა ბერძენიშვილმა კი განაგრძო:

„აკადემია ამბობს, რომ ვაჟა ანანიძე სისტემატურად ძალადობდა სტუდენტებზე, ამცირებდა და იყო ტერორისტი, მეცნიერების მამამთავარიო, ასეთი რამეც წერია აქ… თუ ასე იყო, წლების განმავლობაში რას აკეთებდა აკადემია?” – იკითხა ვაჟა ანანიძის ინტერესების დამცველმა იურისტმა.

საქმეში დევს სტუდენტების სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც – საუბარია მაგისტრატურის ორ სტუდენტზე, რომლებიც საზღვაო აკადემიის მტკიცებით, ადასტურებენ იმას, რომ ვაჟა ანანიძე ლექციებს აცდენდა.

„სატელეფონო საუბრის დროს ამ სტუდენტებს დაავიწყდათ, რომ ესაუბრებოდნენ ანა ბერძენიშვილს. მე ვეგონე ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ორივემ თქვა, ბანკში ვმუშაობთ და საერთოდ არ დავდივართ ლექციებზეო,” – თქვა ანა ბერძენიშვილმა.

„ამ სტუდენტებმა მოგვმართეს განცხადებით, რომ მათ უკავშირდებიან უცხო ნომრიდან და ხდება მათზე ზეწოლა,” – უპასუხა მოსარჩელე მხარეს საზღვაო აკადემიის იურისტმა, რუსუდან ყიფიანმა. მისი განმარტებით, ორ სხვადასხვა სემესტრზეა საუბარი და რეალურად, ელექტრონული ჟურნალის ჩანაწერებითაც დასტურდება, რომ ვაჟა ანანიძე ლექციებს აცდენდა.

მთავარი საკითხი – პლაგიატზე ბრალდების საპასუხოდ საზღვაო აკადემიის წარმომადგენელმა თქვა, რომ აკადემია სარედაქციო საბჭოს ეყრდნობა, რომლის წევრიც იყო ვაჟა ანანიძე და მას ჯერ კიდევ 2015 ან 2016 წლებში უნდა ესაუბრა პლაგიატზე, როცა აკადემიის სამეცნიერო კონფერენციებს ხელმძღვანელობდა.

„მაშინაც შევამჩნიე, დავიწყე მუშაობა და არაფერი ვთქვიო, ასე გვიპასუხა ბატონმა ვაჟამ,” – აკადემიიდან გაშვებულ პროფესორს გახედა აკადემიის იურისტმა, მერე ისევ მოსამართლეს დაუბრუნდა და უთხრა, რომ ვაჟა ანანიძემ შესაბამისი მტკიცებულება პლაგიატზე საზღვაო აკადემიას არ წარუდგინა.

ვაჟა ანანიძის  ინტერესების დამცველმა, ანა ბერძენიშვილმა მოპასუხეებს შეახსენა, რომ ვაჟა ანანიძის აკადემიიდან გათავისუფლების შემდეგ აკადემიამ მისი წიგნებად გამოცემული სამეცნიერო ნაშრომებთან წვდომაც შეუზღუდა სტუდენტებს.

„რას ეუბნებით სტუდენტებს, რომ 12 წლის განმავლობაში ტყუილად კითხულობდნენ ვაჟა ანანიძის წიგნებს?” – დასძინა ანა ბერძენიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე “გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა ასევე თქვა, რომ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობდა, რომ ის საქმეს  ჩამოშორებოდა.

„დაუკავშირდნენ ჩემი ოჯახის წევრებსაც… მითხრეს, რომ შემრცხვებოდა, რომ ვაჟა ანანიძეს ვიცავდი, მაგრამ ვამაყობ, რომ აქ ვარ,” – დაასრულა ანა ბერძენიშვილმა.

საზღვაო აკადემიის წარმომადგენლების  მტკიცებით, ვაჟა ანანიძე ძალადობდა სტუდენტებზე. იურისტებმა აქცენტი გააკეთეს სტუდენტზე, ვისი თქმითაც ის ვაჟა ანანიძემ ატირა კიდეც.

აკადემიის იურისტებმა ისაუბრეს დისკრიმინაციაზეც.

„მან მიმართა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, თქვენ ქართულიც არ იცითო. ეს წერილი წაიკითხა აკადემიურმა პერსონალმა, მენეჯმენტმა, მოწვეულმა სპეციალისტებმა, სტუდენტებმაც…

დისკრიმინიცია იქნებოდა ეს, თუკი ამაზე რეაგირება აკადემიას არ ექნებოდა,” – აღნიშნა რუსუდან ყიფიანმა.

საზღვაო აკადემიის იურისტმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ხაზი გაუსვა კიდევ ერთ ამბავს: “შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ საზღვაო აკადემიის რექტორის – ირაკლი შარაბიძის სამეცნიერო ნაშრომებში პლაგიატი არ არის”.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის კომისიამ შეისწავლა პლაგიატის საქმე? – ვკითხეთ საზღვაო აკადემიის იურისტს სხდომის დასრულების შემდეგ.

რუსუდან ყიფიანმა გვითხრა, რომ ირაკლი შარაბიძის სამეცნიერო ნაშრომები არა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის კომისიამ, არამედ ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა.

შემდეგ სხდომებზე მოსამართლე მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

____

ამ თემაზე:

ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: