Batumelebi | როგორ გამოჩნდა მანდარინი აჭარაში -„ბათუმი გაჟღენთილი იყო მანდარინისა და ყავის სურნელით“ როგორ გამოჩნდა მანდარინი აჭარაში -„ბათუმი გაჟღენთილი იყო მანდარინისა და ყავის სურნელით“ – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

როგორ გამოჩნდა მანდარინი აჭარაში -„ბათუმი გაჟღენთილი იყო მანდარინისა და ყავის სურნელით“

„არაჩვეულებრივი, ეგზოტიკური, აღმოსავლური ბათუმი გაჟღენთილი იყო ყავის, ღვინისა და მანდარინის სურნელით…

ხშირად მინახავს ერთი და იგივე სურათი: ნავსადგურში, ჭილოფგადაფარებულ ფორთოხლებზე მოხუცები ისხდნენ და ენის წკლაპუნით სვამდნენ სქელ, სურნელოვან ყავას…“- წერდა XX საუკუნის ოციან წლებში რუსი მწერალი კონსტანტინე პაუსტოვსკი ბათუმზე.

მანდარინის, ლიმონის და ზოგადად, ციტრუსის  სუნი უკვე ბევრი წელია აჭარის თანმდევია.

ახლა რთული წარმოსადგენია, რომ ოდესღაც აჭარაში არც მანდარინი იყო, არც ლიმონი და არც გრეიპფრუტი.

მზისფერი ციტრუსი საქართველოში 1800-იან წლებში შემოიტანეს სამრეწველო მეურნეობის მოსაწყობად და ფართოდ გასავრცელებლად, თუმცა მანამდეც ვახუშტი ბატონიშვილს, XVII საუკუნის დასაწყისში აღწერილი აქვს ციტრუსოვანთა ნაყოფი, თურინჯი, იგივე ფორთოხალი და ლიმონი ჭოროხის ხეობაში.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ციტრუსი IX-X საუკუნიდან არსებობს საქართველოში, თუმცა როგორც უცხო და დეკორატიული კულტურა, რომელსაც ძირითადად სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ.

ციტრუსის, როგორც სამრეწველო კულტურის შემოტანა და გაშენება – გავრცელება კი საქართველოში 1800-იანი წლებიდან დაიწყეს.

ხუცუბანი. აჭარელი თევზითა და ლიმონით მოვაჭრე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ციტრუსების გავრცელების უძველესი კერა საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლი იყო, მათ შორის აჭარის ტერიტორია. ბათუმის მიდამოებში 1878 წელს შემორჩენილი იყო ლიმონისა და ფორთოხლის ხე-მცენარეები, რომელთა წლოვანება არ აღემატებოდა 60 წელს. ეს ნარგავები პირველ ხანებში ერთგვარი წყარო იყო, საიდანაც კერძო პირებს გადაჰქონდათ ნერგები საკუთარ აგარაკებზე და ავრცელებდნენ.

ციტრუსების ფართოდ გავრცელება მას შემდეგ დაიწყო აჭარასა და ზოგადად საქართველოს შავიზღვისპირეთში, როცა პროფესორი კრასნოვი და აგრონომი კლინგენი აღმოსავლეთის ქვეყნების ექსპედიციიდან დაბრუნდნენ.

დაბრუნდნენ და ახალი ციტრუსების უამრავი სხვადასხვა ჯიშის ნერგი ჩამოიტანეს. მათ შორის იყო მანდარინის იაპონური ჯიში უნშიუ, რაც ქართულად უთესლოს ნიშნავს. ეს იყო განსხვავებული, ყინვაგამძლე, საკვებად ვარგისი და გემრიელი, მანდარინი. უნშიუს გავრცელებამდე საქართველოში ყოფილა იტალიური მანდარინის ნარგავებიც, მაგრამ ეს ჯიში დაბალი სამეურნეო მაჩვენებლებით ხასიათდებოდა და მოსახლეობის დიდ ინტერესს ვერ იწვევდა.

კრასნოვსა და კლიგენს შავი ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკული კულტურების და მათ შორის, ციტრუსების გავრცელება-გამრავლების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით.

ტკბილმა, წვნიანმა და უთესლო უნშიუმ აჭარაში სწრაფად იწყო გავრცელება, მანდარინის პირველი ბაღი ბათუმში მცხოვრებმა ფრანგმა მებაღემ, დ’ალფონსმა გააშენა მწვანე კონცხზე.

დ’ალფონსი საერთოდაც მწვანე კონცხის პირველი მოაგარაკე იყო. როგორც დავით კლდიაშვილი იხსენებს, ის იყო ,,პიონერი მოაგარაკე და მოაგარაკეთა წრის შემქმნელი, სადაც მან ჩადგა ფეხი, იმ ადგილიდან მერე ვერ ამოდენეს; ადმინისტრაცია დიდი მოწინააღმდეგე იყო მისი, მაგრამ ვერას უშვრებოდა“.

ეს ის პერიოდია, როცა ბათუმს მუჰაჯირები ტოვებენ და მიწა მუქთად იშოვება, უპატრონო ადგილებს გაფაციცებული და მოხერხებული პატრონები უჩნდება, მიწების ხელში ჩასაგდებად დიდი თარეშია ბათუმსა და მის შემოგარენში გაჩაღებული.

ასე იქცა მწვანე კონცხი მდიდარი მოაგარაკეების ედემად, სადაც მებაღე დ’ალფონსის წყალობით ევროპული მცენარეები ხარობდა.

სწორედ მწვანე კონცხზე იყო მანდარინის მთავარი ბაღები, საიდანაც ნერგი მიჰქონდათ და ამრავლებდნენ. დღემდე მწვანე კონცხზეა თავმოყრილი მანდარინისა და ზოგადად, ციტრუსის ყველა ის ჯიში და სახეობა, რაც საქართველოშია გავრცელებული.

ახალგაშენებული უნშიუს ნარგავები აჭარაში 1900 წელს გაიყინა, ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა საჭირო.

მანდარინის ბაღი აჭარაში. ღია ბარათი, XX საუკუნის 20-იანი წლები. ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია. წყარო: dspace.nplg.gov.ge

უნშიუ 1901 წლიდან ფართოდ გავრცელდა საქართველოში და ამ დროისთვის ნარგავები უკვე იყო ციხისძირში, ჩაქვში, მწვანე კონცხზე, მახინჯაურში, სალიბაურში და ა.შ.  1913 წლიდან კი უნშიუ სოხუმში, გაგრაში, ახალ ათონსა და ბიჭვინთაშიც გავრცელდა.

როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის ციტრუსოვან მცენარეთა და ხეხილ-კენკროვანთა კურატორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, ციტრუსებიდან ყველაზე ყინვაგამძლე მანდარინია, ასევე ფორთოხლის რამდენიმე ჯიში. ციტრუსებისთვის ყველაზე კარგ საძირედ პონცირუს ტრიფოლიატა მიიჩნევა, რადგან ციტრუსისებრთა ეს სახეობა 16-17 გრადუს ყინვას უძლებს.

კი, პონცირუს ტრიფოლიატა ისაა, რაც გაგახსენდათ: ხშირად მწვანე ღობედ გამოყენებული ბუჩქი, რომელიც კაკლისხელა, სურნელოვან ყვითელ ნაყოფს ისხამს. ტრიფოლიატა ერთადერთი ფოთოლმცვენი ციტრუსოვანი მცენარეა, ყველა სხვა ციტრუსი მარადმწვანეა.

ციტრუსოვანთა სპეციალისტი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ გარდა გემოვნური თვისებებისა, მანდარინი უნშიუს სწრაფი გავრცელება და პოპულარობა აიხსნება იმითაც, რომ ეს მანდარინის ყველაზე გამძლე ჯიშია.

მისივე თქმით, თუ უნშიუს ჯიშის მანდარინი იაპონია-ჩინეთიდან შემოიტანეს აჭარაში, გრეიპფრუტი შემოიტანეს ირანიდან, ასევე ირანიდანაა შემოტანილი გრეიფრუტის საძირე ჯიში – იჩანური ციტრუსი, ირანის პროვინცია იჩანიდან.

ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის ციტრუსების ყველაზე მეტი ჯიში და სახეობა საქართველოში, აჭარაშია გავრცელებული. როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, სოხუმში ციტრუსოვანი კულტურები ამჟამად განადგურებულია.

მანდარინები. კარიკატურა ჟურნალ „ნიანგიდან“. ავტორი: მურთაზ აბაშიძე. წყარო: dspace.nplg.gov.ge

მანდარინ უნშიუს ჯიშს რეტიკულატასაც უწოდებენ. უნშიუს ჯიშის მანდარინისგან განსხვავებით, სხვა, ჰიბრიდული ჯიშების ნაყოფი შეიცავს თესლს.

მანდარინის საქართველოში გავრცელებულ ჯიშებს შორისაა ასევე იტალიური ეოკარპა და კლიმენტინი – ტკბილი და მრგვალი მანდარინი მკვრივი კანით; კოვანო-ვასე – უნშიუს კვირტული ვარიაცია, საადრეო ჯიშები: მიაგავა-ვასე, ოკიცე-ვასე, მიხო-ვასე, ტიახარა უნშიუ და სხვ.

ეს არის მანდარინის ის ძირითადი ჯიშები, რაც საქართველოშია გავრცელებული, ჯიშების სახეობები კი მრავალგვარია: ფართოფოთოლა, გადაშლილფოთოლა, მსხვილნაყოფა და ა.შ.

გვაქვს ადგილზე მიღებული ჯიშებიც, კერძოდ მანდარინი უნშიო 23/40 და ბათუმური მანდარინი –  ეს ჯიშები უნშიოსგანაა მიღებული.

საქართველოში გარდა მანდარინისა, გავრცელებულია ფორთოხლისა და პომპოლიმუსის ჯიშები, გრეიპფრუტი, ნაცუმიკანი და პერნაბუკო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com