ბათუმში, ადლიაში მძღოლებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი სპიკერის, უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, მძღოლები საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ნებართვას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები მათ დაბრკოლებას ხელოვნურად უქმნიან, მაშინ როცა უცხო ქვეყნებში მსგავსი ტიპის პრობლემები მძღოლებს არ აქვთ.
„საქართველოს შესაბამისი სამსახურები ვერ მუშაობენ ისე, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დადგეს. ეს არ არის ახალი პრობლემა. სამი წლის წინაც იყო ასეთი პრობლემა, მაგრამ მაშინ მოვიდა აქციაზე კოტე ანანიაშვილი [აჭარის პოლიციიის ყოფილი უფროსი, რომელიც უკვე გიორგი გახარიას გუნდის წევრია – ავტ.] და უთხრა ხალხს, რომ თქვენთან ერთად ვიქნები დღის ბოლომდე აქციაზე და ამ პრობლემას მოვაგვარებთო. მართლაც დარჩა და დღის ბოლოს ამ ხალხთან შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ჩამოვიდა თბილისიდან. ერთ თვეში ეს პრობლემა მოგვარდა“, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
თამაზ ბაკურიძის შეფასებით, დღეს აღარ არის აჭარაში არც ერთი ისეთი თანამდებობის პირი, ვისაც შეუძლია „თბილისს პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს“.
მისი ამ მიმართვიდან რამდენიმე წუთში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შეკრებილებს აცნობა, რომ მათ დაუკავშირდნენ აჭარის საპატრულო პოლიციიდან. „საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ ხვალ დილით შეგვხვდება ვიღაცა… თბილისიდან ჩამოსულებს, შეხვედრა ხვალ იქნება“, – აცნობა მან აქციის მონაწილეებს.
იმავე მძღოლმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ „თუ ხვალ ეს საკითხი არ გადაწყდება, თუ არ შეგვხდებიან, დავკეტავთ სარფს“.
აქცია დაიშალა.