მთავარი,სიახლეები

რა ობიექტი შენდება სარფში, რომელიც ქვების ცვენამ დააზიანა

02.06.2021 • 2046
რა ობიექტი შენდება სარფში, რომელიც ქვების ცვენამ დააზიანა

როცა სარფიდან ბათუმისკენ მოდიხარ, პირველი შენობა, რაც კვარიათში მისვლამდე გხვდება, საზოგადოებრივი ობიექტია – ერთსართულიანი რკინის და მინისკედლებიანი კონსტრუქცია. ამ შენობაზე შუშები უკვე რამდენიმე დღეა ჩამსხვრეულია. ობიექტის მფლობელმა, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებში არ იციან როდის აღდგება, ვინ აღადგენს ან რა ტიპის საზოგადოებრივი ობიექტი იქნება აქ.

საზოგადოებრივი ობიექტი, რომელსაც ჯერ არც კი უმუშავია, სარფის გზაზე ჩამოცვენილმა ლოდებმა რამდენიმე დღის წინ დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ გზისპირა კლდეებზე გზების დეპარტამენტს დამცავი ღობეები აქვს მოწყობილი, ლოდების ცვენას ამისთვის ხელი არ შეუშლია – საერთაშორისო მაგისტრალზე ჩამოცვენილ ლოდებს ავტომანქანები არ დაუზიანებია, თუმცა შედეგად ჩაიმსხვრა წლების წინ აშენებული საზოგადოებრივი ობიექტის მინები.

„ჩვენ მოვიგეთ პირობიანი აუქციონი 2015 წელს, მაგრამ ვერ მოხერხდა პირობის შესრულება. ახლა ვითხოვთ იჯარის გაგრძელებას, რასაც ვადა გაუვიდა 2020 წელს. უცნობია, შედგება თუ არა შეთანხმება,“ – ამბობს კომპანია „იდეალის“ ხელმძღვანელი, როლანდ რომანაძე. ადგილი, სადაც მან საზოგადოებრივი სავაჭრო ობიექტის მშენებლობა დაიწყო, სახელმწიფოს ეკუთვნის. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება ქონების მართვის სააგენტოს „იდეალთან“ ჰქონდა გაფორმებული.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ მას ხელვაჩაურის მერიამ ერთი წლით დაუგვიანა შესაბამისი შენობის ასაშენებლად ნებართვის  მიცემა, შემდეგ კი პრობლემები შეექმნა თავის პარტნიორს, ვისაც უცხოეთიდან უნდა გამოეგზავნა ფული.

„საბოლოოდ, ობიექტი კი ავაშენეთ, მაგრამ მისი აწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯერ არ არის. ჩვენ გვქონდა ხუთწლიანი იჯარა. ვითხოვთ იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებას და თანხის გადახედვას, რადგან თვეში 9950 ლარია გადასახდელი და ახლა სხვა მოცემულობაა, პანდემიაა, უჭირს ბიზნესს და ეს თანხა უნდა შემცირდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როლანდ რომანაძე.

როლანდ რომანაძე ამბობს, რომ იჯარის თანხა დაახლოებით 60 ათასი ლარი აქვს გადახდილი, შემდეგ წლებში კი, იჯარის თანხის დაფარვა ვეღარ შეძლო.

ბიზნესმენის ინფორმაციით, სახელმწიფოს მასთან სასამართლო დავაც ჰქონდა, რადგან პირობები ვერ შესრულდა. საბოლოოდ, სასამართლომ მას 90 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„ხელშეკრულება გაგრძელდება თუ არა, სასამართლომ თქვა, ეს ჩვენი საქმე არ არისო. ასე გამოვიდა,“ – დასძინა როლანდ რომანაძემ.

ხელშეკრულების მიხედვით, რომლის ვადაც 2020 წელს უკვე გავიდა, აქ „იდეალს“ საზოგადოებრივი სავაჭრო ობიექტი უნდა მოეწყო. როლანდ რომანაძე განმარტავს, რომ ის აპირებდა სუპერმარკეტის, კაფეს, საპირფარეშოს და სავალუტო ჯიხურის მოწყობას.

რაც შეეხება ქვების ცვენას, ბიზნესმენის თქმით, ის საზოგადოებრივი ობიექტის წინ და გზის გასწვრივ დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ქვის ღობის მოწყობას გეგმავდა, რომელიც ქვებს შეაჩერებდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქონების მართვის სააგენტოსაც, თუმცა აქ ვერ გვითხრეს, კონკრეტულად რა შენდება ან რა შეცვლის ჩამსხვრეულმინებიან ობიექტს სარფი-ბათუმის გზაზე. უწყების პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ქონება ნამდვილად სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია, ვინ რას აშენებს სარფიან ადგილას სარფში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: