განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ გადავიდა სოფელში საცხოვრებლად ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი

02.06.2021 • 4773
რატომ გადავიდა სოფელში საცხოვრებლად ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი

ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ახალგაზრდა ქალი, ლილი ფულარიანი გრეის ჰოპერის ჯილდოზე წარადგინეს. ეს ჯილდო საქართველოში წელს პირველად დაწესდა. დაჯილდოება დღეს, 2 ივნისს, გაიმართება. ლილი ფულარიანი და მისი ორგანიზაცია „ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები“, თანამოაზრეებთან ერთად რეგიონებში მცხოვრებ ქალების მხარდაჭერაზე პირველად სამი წლის წინ დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს, რომ კარიერულ წინსვლაში დაეხმარებოდნენ. მათ ეს გამოუვიდათ.

წელს კი თავად ლილიმაც გადაწყვიტა, რომ ხმაურიანი თბილისი მიატოვოს და საცხოვრებლად ბაღდათში, მშობლიურ სოფელ დიმში გადავიდეს. ამბობს, რომ თბილისის ურბანული გარემო ძალიან ქაოტურია და არა ცხოვრებისთვის, არამედ არსებობისთვის არის მოწყობილი. თანაც ასე უფრო ახლოს იქნება იმ ქალებთან, რომლებთანაც მუშაობს და საქმესთან, რასაც უკვე სამი წელია მოხალისეობრივად აკეთებს.

„თბილისში როცა ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერ ვისვენებ, რადგან სულ ქაოსია და არც  დასასვენებელი ადგილები არ არის. მაგალითად, ვერ გამოვდივარ ველოსიპედით ქალაქში, სულ რაღაც პრობლემებს ვაწყდები, რასაც არ ვიყავი მანამდე მიჩვეული. ძალიან მიჭირს ასეთ გარემოში დასვენება. მე კი, როცა სამუშაოს ვასრულებ, არასდროს არ ვიცი, სად წავიდე თბილისში. უბანში პარკიც კი არ არის. ისეთ გარემოში დაბრუნება მინდოდა, სადაც მშვიდად ვიქნებოდი და სამუშაო დღის მერე დასვენებას შევძლებდი. პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამიჭირდა ჩაკეტილ ქალაქში ცხოვრება“, – გვეუბნება ლილი.

სოფლად წასვლა ახალმა იდეებმაც დააჩქარა. ლილი და მისი თანამოაზრე ქალები ქუთაისში TEDx-ის დაარსებას გეგმავენ, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოს მოიცავს და ადამიანებს კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ.

როგორც ლილიმ გვითხრა, TEDx-ს თანაორგანიზატორებიც ეყოლება, ვინც დაეხმარება მათ პროექტის განვითარებაში. TEDx-ქუთაისის პროექტი შემოდგომაზე ჩაეშვება და პირველი გამომსვლელი 16 ოქტომბერს ეყოლება.

„სოფელში ყოველთვის მინდოდა დაბრუნება. 14 წლის ვიყავი ქალაქში რომ გადავედი. სოფელი ახლაც მკვდარია, თუმცა ადრინდელთან შედარებით ცოტა გამოცოცხლებულია. ჩემს ბავშვობაშიც სკოლის და ჩემი ოჯახის ბიბლიოთეკის გარდა არანაირი რესურსი არ იყო განვითარებისთვის. არც რაიმე კლუბი იყო, რომ ჩაწერილიყავი… აქ მცხოვრებ ბავშვებს დავეხმარები ციფრული ტექნოლოგიების სწავლაში“, – ამბობს ლილი.

ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები აქამდე  მოხალისეობრივად  ატრენინგებდნენ ქალებს, თუმცა ამჯერად უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავენ. მონაწილეები ისევ რეგიონში მცხოვრები ქალები იქნებიან. ძირითადად ქუთაისში ვიქნებით და აქედან გვინდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მივწვდეთო – გვიზიარებს თავის გეგმებს ლალი.

„გვინდა სოფლად მცხოვრებ ქალებს წარმოდგენა  შეექმნათ, რას გულისხმობს სოციალური მედიის მენეჯერი, რას ნიშნავს  რეკლამირება სოციალურ ქსელში ან პროგრამირება, პროგრამული ენები და ასე შემდეგ. ამ შეხვედრების შემდეგ გვინდა დამოუკიდებლადაც  შეეძლოთ მათ რაღაცების ათვისება“, – ამბობს ლილი.

მისი თქმით, ქალების განათლების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება სოფლად ისევ ძლიერია. ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიები ბიჭების სფერო უფროა, ვიდრე გოგონების. ნაკლები წვდომა აქვთ კომპიუტერთანაც.

„გამოიკვეთა ერთი ტენდენციაც, მაგალითად, თუ ოჯახში კომპიუტერია, ის ბიჭის საკუთრებაა, ისევე როგორც ველოსიპედი; ჩემს სოფელში ვხედავ, რომ 15 ბიჭიდან ყველას აქვს ველოსიპედი, გოგოებს კი არც ერთს.

პროგრამულ მიმართულებებსაც ბიჭები უფრო ირჩევენ, ვიდრე გოგოები. ამაზე მეტყველებს აბიტურიენტების არჩევანი. მაშინ, როცა გოგოები კარგად სწავლობენ სკოლაში.

ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ, გარშემომყოფებს დღემდე ჰგონიათ, რომ მნიშვნელოვანს არაფერს ვაკეთებ, კომპიუტერზე ვაკაკუნებ. რა თქმა უნდა, ვცდილობ ავუხსნა, მაგრამ სტერეოტიპია, რომ ეს ქალის საქმე არ არის, ყველაფერს ერთდროულად ვერ შეებრძოლები“, – გვეუბნება ლილი ფულარიანი.

საკუთარი გამოცდილებით ლილი სხვა ქალებს და გოგონებს მაგალითს აძლევს, სურს დაანახოს შესაძლებლობები, რომლებიც ტექნოლოგიების ცოდნას მოაქვს. „მათ შეუძლიათ ციფრული ცოდნის მეშვეობით შეივსონ ის დანაკლისი, რაც სკოლაში ვერ მიიღეს. მინდა გაიგონ ქალებმა, რომ ზოგჯერ ნულიდანაც შესაძლებელია დაწყება.

„როცა კომპიუტერი პირველად ჩავრთე, 15 წლის ვიყავი, რადგან სოფელში არც კომპიუტერი მქონდა და არც ინტერნეტი. არც არავინ მყოლია, რომ დამხმარებოდა, ჩემით გავიკვლიე გზა. Google -დან ვთარგმნიდი ტერმინებს, ინტერნეტში ვეძებდი რესურსებს, გავიცანი თანამოაზრეები და შემდეგ პირისპირ შევხვდი მათ.

ენების ფლობა პრობლემაა სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, მაგრამ ამან არ უნდა დააკომპლექსოს ისინი, რადგან მე ვაჩვენებ საკუთარ მაგალითს. ვეხმარებით ქართული რესურსების მოძიებაშიც.

იმისთვის, რომ განათლება მიიღო, ბრძოლა არ უნდა გჭირდებოდეს. როცა მეუბნებიან, რომ „მებრძოლი გოგო ხარ“, საერთოდ არ მსიამოვნებს, რადგან  არ მიყვარს ბრძოლა. მიყვარს, როცა ნორმალურად მიდის პროცესები, როცა ბრძოლა გიწევს, აქ დიდი ენერგია გეხარჯება, ამის უნარი ბევრს არ აქვს. ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს, რომ ქალებს აღარ უწევდეთ ცოდნის მიღებისთვის ბრძოლა“, – ამბობს ლილი.

მისი თქმით, ტრენინგებით მოზარდებიც ინტერესდებიან და ზრდასრული ქალებიც. ისინი, ვისაც ამ პროფესიაში შესვლა სურთ და ისინიც, ვისაც პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეს. „მაგალითად, ფილოლოგია, მაგრამ ვერ დასაქმდა სოფელში, რადგან მასწავლებლობა რომ დაიწყო, წლები უნდა იდგე რიგში. ასეთ შემთხვევაში ადამიანს სურს ახალი ცოდნა შეიძინოს და დასაქმდეს.

ვიღაცამ საოჯახო სასტუმრო გააკეთა და არ იცის ონლაინ როგორ შეძლოს ამის რეკლამირება, ვიღაცას პროდუქციის გაყიდვა სურს ონლაინ და ციფრული ცოდნა ამისთვის სჭირდება“, – ამბობს ლილი.

ცოდნის მიღებაში ქალებს ისიც ეხმარება, რომ მათ დისტანციურად შეუძლიათ საჭირო ინფორმაციის მიღება და აზრის გაზიარება ციფრული ცოდნის გამავრცელებელ ქალებთან. მეგობარი კომპანიების დახმარებით კი ქალები ესწრებიან ისეთ ღონისძიებებს, სადაც გარკვეულ ცოდნას იღებენ.

რაც შეეხება გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს. გამარჯვებულები 2 ივნისს, საღამოს, ცერემონიალზე გამოვლინდებიან. ჯილდოზე სულ ცხრა ადამიანია წარდგენილი, მათ შორის, ერთი კაცი.

ლილი ფულარიანი ნომინირებულთა სიაში

გრეის ჰოპერი იყო ქალი, რომლის წვლილი კომპიუტერული მეცნიერების განვითარებაში  1969 წელს აღიარა „მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ“  და იმის გამო, რომ იმ დროს ქალი მეცნიერების კატეგორია არ არსებობდა, ის მეცნიერი მამაკაცის კატეგორიაში აღიარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები არნახული ტემპით განვითარდა ბოლო პერიოდში,  ამ სფეროში დასაქმებული ქალები აღიარებას ჯერ კიდევ იშვიათად მოიპოვებენ. მეტიც, ამ სექტორში დასაქმებულთა შორის ქალების წილი დღემდე საკმაოდ დაბალია.

გრეის ჰოპერის ჯილდო, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ „თიბისისთან“, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააწესა, ექვს კატეგორიაში გაიცემა.

__

აქ წაიკითხეთ კიდევ ერთი სტატია ლილის შესახებ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: