ბათუმში, თავდადებულის N61-ში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 200 ათასი ლარია. პროექტს აჭარის 2021 წლის ბიუჯეტიდან შეისყიდიან.
კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 16 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება.
კონკურსის მიხედვით, სკოლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე [ყოფილი კოლეჯი „ბლექსი“] უნდა განთავსდეს სასწავლო და სპორტული კორპუსი (ერთად ან ცალ-ცალკე) და საინჟინრო ნაგებობები.
აქედან გამომდინარე, შენობათა ტექნიკური პარამეტრები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
სასწავლო კორპუსის სართულიანობა – 3 ან 4 სართული (შესაძლებელია სარდაფიც). საკლასო ოთახები უნდა განთავსდეს I, II და III სართულებზე, სწავლის საფეხურების მიხედვით).
მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა – 600 მოსწავლე (25 მოსწავლე ერთ კლასში). სპორტდარბაზის პარამეტრები მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის პროგრამის შესაბამისად. ღია, ხელოვნურსაფარიანი მოედანი (კომბინირებული) ან ღია სპორტული სივრცე.
შენობები უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს (საორიენტაციო, შესაძლებელია ცვლილებები შესაბამისი დასაბუთებით):
სასწავლო კორპუსში დაგეგმარდეს: 24 საკლასო ოთახი (ერთი საკლასო ოთახის ფართობი 45 – 60 კვ.მ. ფარგლებში). 4 კლას-კაბინეტი, 2 კლასლაბორატორია. დირექტორის და ადმინისტრაციული (2 ან 3) კაბინეტები. კანცელარია – ბუღალტერია არქივით. სამასწავლებლო. ექიმის კაბინეტი. მანდატურის/დაცვის ოთახი. დამლაგებლის ფართობი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსითი. საწყობი (სასკოლო ინვენტარი და სხვა). სანიტარული კვანძები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისა და შშმ პირებისათვის. ასევე ბიბლიოთეკა (სამკითხველო, წიგნების საცავი, კომპიუტერული კუთხე). სააქტო დარბაზი სცენითა და გასახდელებით. სასურველია სარეპეტიციო სივრცეც. ბუფეტი. სარეკრეაციო ზონები.
სპორტულ კორპუსში დაგეგმარდეს: სპორტდარბაზი (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა), სასურველია სამაყურებლო სივრცე (ტრიბუნები ან დაცული აივანი), გოგონათა და ვაჟთა გასახდელები სანკვანძეებით (WC, საშხაპე). ინსტრუქტორის ოთახი სანკვანძით (WC, საშხაპე). ინვენტარის ოთახი
საინჟინრო შენობა-ნაგებობები: საქვაბეს შენობა, სახანძრო წყლის სამარაგო მეურნეობის შენობა (საჭიროების შემთხვევაში). ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობით.
ამავე თემაზე: