მთავარი,სიახლეები

ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ლანა ღოღობერიძე იქნება

16.09.2021 • 1326
ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ლანა ღოღობერიძე იქნება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრების ვინაობა უკვე ცნობილია.

კინოფესტივალს, საკონკურსო სექციების მიხედვით, სულ ოთხი ჟიური ეყოლება, – მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების და კინოკრიტიკოსთა ჟიური.

მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელსაც ლანა ღოღობერიძე იქნება. ჟიურის წევრები არიან: ნინო მხეიძე, გოგი გვახარია, ქეთი მაჭავარიანი და ირინა გორდიჩუკი (უკრაინა).

მხატვრულ ფილმებს ასევე შეაფასებს კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომლის წევრებიც არიან: თეო ხატიაშვილი, ნინო ჩიმაკაძე და დათო ტურაშვილი.

დოკუმენტური ფილმების კონკურსს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი – ჟიურის თავმჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), ევგენია ოსტანინა (რუსეთი).

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის წევრები არიან: დათო ჯანელიძე (ჟიურის თავმჯდომარე), კოტე ჩლაიძე და შოთა გუჯაბიძე.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 18-24 სექტემბერს გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“.

კინოსეანსებზე დასწრება შესაძლებელი იქნება პირბადით მათთვის, ვინც აცრილია კოვიდზე, ან უახლოეს პერიოდში აქვს გადატანილი კორონავირუსი, ან წარმოადგენს PCR ტესტის უარყოფით პასუხს.

აღნიშნულიდან ერთ-ერთი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოთ კინოსეანსზე შესვლის წინ (ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით მობილურ ტელეფონში) – წინააღმდეგ შემთხვევაში კინოსეანსს ვერ დაესწრებით და არც შეძენილი ბილეთი დაგიბრუნდებათ უკან.

წელს ფესტივალის  სეანსების გარკვეული ნაწილი იქნება ფასიანი. უფასო/თავისუფალი დასწრება შესაძლებელია ევროპის მოედანზე, ღია ჩვენებების დროს და, ასევე, კინოთეატრ „აპოლოში“ საფესტივალო დღეებში, პირველ ორ სეანსზე. „აპოლოში“ ნაშუადღევს ოთხი საათიდან  გაიყიდება ბილეთები, რაც, ფესტივალის განცხადებით, „აპოლოს“ ონლაინსისტემის გამოყენების ღირებულებაა. ბილეთის  ფასია 3 ლარი თითო კინოსეანსზე.

ვრცლად ამ თემაზე: 

როგორ ჩატარდება წელს ბათუმის კინოფესტივალი | ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: