მთავარი,სიახლეები

„მეზობელმა ქუჩაზე ასფალტი ამოტეხა და ღობეს ავლებს“ – გოროდოკში მცხოვრებლები

15.09.2021 • 16142
„მეზობელმა ქუჩაზე ასფალტი ამოტეხა და ღობეს ავლებს“ – გოროდოკში მცხოვრებლები

„მეზობელმა ახლადაგებული ასფალტი ჩამოჭრა, ღობეს აწყობს შუა გზაზე და უგზოდ დაგვტოვა,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც ბათუმში, სვიშევსკის პირველ შესახვევში ცხოვრობენ. აქ ასფალტი ბათუმის მერიამ დაახლოებით ერთი თვის წინ დააგო.

გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის პირველ შესახვევში 17 ოჯახი თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს. ახალი მეზობელი მერაბ ანთაძე კი, აქ დაახლოებით 8 წლის წინ გამოჩნდა. მას გზის ასფალტირებულ საფარზე ღობის მოსაწყობად ბოძები უკვე ჩამოუსხამს, თუმცა სამუშაოები დღეს, 15 სექტემბერს შეჩერებული დაგვხვდა.

„თავიდან იყიდა ადგილი ავტოფარეხისთვის, მერე გაფართოვდა, საცხოვრებელიც ააშენა და დაირეგისტრირა საკუთრებად. ჩვენ ამდენი წელია ვითხოვთ დაკანონებას და არაფერი,“ – გვიყვებიან სვიშევსკის შესახვევში მცხოვრები ადამიანები.

„დაახლოებით 7 წელია გადის აქ ეს გზა, ასფალტი კი ახლა დაიგო… არის მეორე გზაც, მაგრამ იქედან შორია,“ – უყვება „ბათუმელებს“ რამინ კეკელიძე. – „პრობლემაა ისიც, რომ შეიძლება მეორე გზაც ჩაგვიკეტონ და საერთოდ ჩიხში მოვექცეთ, რადგან გზა, საიდანაც ახლა შემოვდივართ, გამოივლის დასახლებულ ადგილს და მათ რეალურად არ სჭირდებათ გზა ჩვენამდეც მოდიოდეს. ამ ნაწილში, სადაც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, წესით წლების წინ გზა არ იყო საერთოდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამინ კეკელიძემ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მერაბ ანთაძის საკუთრების ირგვლივ მუნიციპალური საკუთრება ფიქსირდება, ხოლო გზა რეგისტრირებული არ არის.

მერაბ ანთაძე შინ არ დაგვხვდა. მეზობლების თქმით, ის აქ არ ცხოვრობს და იშვიათად ჩნდება. მასთან ვერც ამ დასახლების რწმუნებულმა, ანზორ დავითაძემ დაგვაკავშირა. ბათუმის მერის რწმუნებულის თქმით, ტერიტორიის მესაკუთრე, სადაც გზა გადის, მერაბ ანთაძეა და სამეზობლო დავა სასამართლომ უნდა განიხილოს.

თუ ქუჩა მერაბ ანთაძის საკუთრებაში გადის, რატომ დააგო იქ ასფალტის საფარი მერიამ? – ვკითხეთ მერიის რწმუნებულს.

„ეს მეზობლების თხოვნით გავაკეთეთ. გზა ოფიციალურად არ არის, მაგრამ რადგან ადამიანები სარგებლობენ და მესაკუთრეც წინააღმდეგი არ იყო, ჩვენ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას -„ბალადას“ ვთხოვეთ ეკონომიის ხარჯზე ეს პატარა მონაკვეთი დაეგო. პროექტი არ ითვალისწინებდა ასფალტის დაგებას ამ დასახლებაში, მაგრამ რადგან გვთხოვეს, დავაგეთ. შემდეგ მეზობლებს ჰქონდათ კონფლიქტი მერაბ ანთაძესთან და მან ნაჩუქარი მიწა უკან წაიღო.

ჩვენ გვქონდა თანხმობა მერაბ ანთაძისგან, რომ ასფალტი დაგვეგო, მაგრამ წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. დანარჩენი სასამართლო განხილვის საგანია,“ – გვითხრა ბათუმის მერიის რწმუნებულმა, ანზორ დავითაძემ.

ადგილობრივების თქმით კი, რწმუნებულის ნათქვამი არ არის სიმართლე, რეალურად გზა მიისაკუთრა მოქალაქემ და მას ის არასდროს დაუთმია.

ჩამოჭრილი გზა სვიშევსკის შესახვევში, ბათუმი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: