მთავარი,სიახლეები

პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქორიძე ფაილების საქმეზე

15.09.2021 • 1947
პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქორიძე ფაილების საქმეზე

რა უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების გავრცელების შემდეგ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს, საზოგადოების პასუხი იმ უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე, რომელსაც სავარაუდოდ სუსი ახორციელებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ჟურნალისტი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე საუბრობს.

  • ბატონო ზვიად, ინტერნეტში აიტვირთა ათასობით ფარული ჩანაწერი, ფაილები, სადაც კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრებაა ასახული – ფოტოები, პირადი ნომრები, მათი სექსუალური და სხვა სახის ურთიერთობები, ტელეფონის ნომრები. ამჯერად რა ხდება საქართველოში? 

რეალურად, ეს ახალი პროცესი არ არის, რადგან, სამწუხაროდ, აქამდეც აკეთებდნენ მსგავს ჩანაწერებს ჩვენს ქვეყანაში და ეს პროცესი გრძელდება.

შევარდნაძის მმართველობის დროსაც ხდებოდა მსგავსი რამ და გვახსოვს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს გადაჰყვა მაშინ უშიშროების მინისტრი, მისი იმპიჩმენტი მოეწყო 90-იან წლებში. აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ მმართველობას არ ჰქონდა ნება, შეეჩერებინა ეს პროცესი. პირიქით, ტექნოლოგიურად და მეთოდოლოგიურად განავითარა.

აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც განაცხადი ჰქონდა ამ ყველაფრის შეცვლაზე, არაფერი არ გააკეთა მემკვიდრეობის შესაცვლელად. იმ მასალებით, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა, იკვეთება, რომ უკანონო თვალთვალი უფრო მასშტაბურია.

  • თქვენი აზრით, ამ ჩანაწერებს სუსი აკეთებს დამოუკიდებლად, თუ პროცესში ჩართულია ვინმე სხვა?

მე ამ პოზიციაზე ვრჩებოდი 2013 წელსაც, როცა საუბარი იყო ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალების გავრცელებაზე და ახლაც ამ პოზიციაზე ვარ, რომ სხვას არავის აქვს ამის რესურსი გარდა მთავრობისა. არ შეიძლება ამდენ ადამიანს, წლობით, ამ მოცულობის ინფორმაციის მისაღებად უსმენდეს ვინმე კერძო პირი ან რაღაც ბიზნესსტრუქტურა.

  • ვთქვათ, ამას აკეთებს სუსი და მობილიზებულია ამისთვის სახელმწიფო რესურსი. რატომ გახადეს ეს ხელმისაწვდომი?

მე ამაზე ველოდი ძალიან მკვეთრ რეაქციას არა მხოლოდ ოპოზიციიდან, რომელიც ასეთ დროს უნდა იყოს უფრო მოქნილი და მკაცრი, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალისგანაც, რომელსაც დღესვე უნდა მოეწვია საგანგებო სესია, დღესვე მოეწვიათ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უშუალო ზედამხედველი და მაკონტროლებელი საქართველოს პარლამენტია.

სწორედ პარლამენტმა უნდა აიღოს ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაიბაროს სუსის ხელმძღვანელი რაც შეიძლება მალე. მან ძალიან კონკრეტული და კვალიფიციური პასუხები უნდა გასცეს დეპუტატებს. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტს არ აქვს, ზედამხედველობის გარეშეა დარჩენილი სუსი და ის რას აკეთებს ამ წუთას, არავინ იცის.

  • რატომ არის სუსი კონკრეტული მოქალაქეების თვალთვალით დაკავებული, ეს ხომ არ არის ამ სტრუქტურის ძირითადი ფუნქცია?

2013-2014 წლებში, როცა დაიწყო მსგავსი პროცესები, უშუალოდ მე ვიყავი ერთ-ერთი თანაავტორი იმ კანონპროექტის, რომელიც შევიტანეთ საქართველოს პარლამენტში. მაშინ ძალიან საინტერესო ექსპერტიზებიც მივიღეთ ევროპელი კოლეგებისგან. საუბარი იყო იმაზე, რომ შექმნილიყო კონტროლის მრავალმხრივი მექანიზმი მოსასმენ ტექნოლოგიებზე. თუ მოსასმენი აპარატურა უმართავად აღმოჩნდა მთავრობის ხელში, რა თქმა უნდა, ამას მთავრობა გამოიყენებს ბოროტად.

მთავრობა გაზარმაცდება და ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი საქმის გამოძიებისას იმთავითვე მიმართავს მოსასმენ ტექნოლოგიებს. ყველა ქვეყნის კანონმდებლობით, მოსმენა არის უკანასკნელი და გამოუვალი ნაბიჯი – სხვა ყველა მექანიზმი უნდა ჰქონდეს გამოძიებას გამოყენებული და მან უნდა დაუსაბუთოს მოსამართლეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ფარული თვალთვალი, მიყურადება და რატომ არ არის საკმარისი ყველა სხვა არსებული მექანიზმის გამოყენება იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს გამოძიებამ.

დღეს ვის ხელშია ფარული თვალთვალის და მიყურადების ტექნიკური სისტემა? – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში. მაგალითად, თუ შსს გადაწყვეტს, რომ საჭიროა გამოიყენოს ფარული მოსმენა და მიყურადება კონკრეტულ ადამიანზე და აიღებს ლეგალურად სასამართლოს ნებართვას, უნდა მივიდეს სუსში და დაიწყოს ჩაწერა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლეგალურად მოიპოვებს გამოძიებაზე კონტროლის უფლებას. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა.

ამიტომ ვსაუბრობდით ჩვენს კანონპროექტში ორი გასაღების პრინციპზე, რომელიც დააზღვევდა უკანონო მოსმენებს. ეს გასაღები უნდა ყოფილიყო სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშ და მეორე მხრივ, შესაძლებელია ეს ყოფილიყო ომბუდსმენი ან პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი. სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.

  • გავრცელებულ ფაილებში არსებობს მონაცემები კონკრეტული პირების უცხო ქვეყნის სასარგებლოდ აგენტობაზე. ამ ტიპის ინფორმაციის ასე ღია ფორმით განთავსება ვის ინტერესებში შედის?

ხელისუფლებას აქვს ცდუნება, რომ მოუსმინოს ყველას, თუმცა არ აქვს კონტროლის არანაირი მექანიზმი ამ პროცესზე. დღეს  ჩვენ არ გვაქვს კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიული სქემა, როცა ხელისუფლება დაყოფილია და ერთმანეთს აკონტროლებს. როცა ხელისუფლება ვერ უძლებს ცდუნებას და მოწოდებულია, რომ უკონტროლობის პირობებში იმუშაოს, ეს ხელისუფლება მიისწრაფვის დიქტატურისკენ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე მოაქციოს თავისი ლუპის ქვეშ.

თავის ყურადღებას, პირველ რიგში, ის მიმართავს იმ აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც რაღაცას ცვლიან ჩვენს საზოგადოებაში. ასეთები არიან მღვდელმთავრები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები. ამ ადამიანების მიმართ გაათმაგებულია მთავრობის ყურადღება და ინტერესი.

აქ ასევე ლაპარაკია ხარჯებზეც, რადგან თუ უსმენ 10 ადამიანს და ღირს რაღაც X თანხა, 10 ათასი ადამიანის შემთხვევაში ბევრად იზრდება ეს ხარჯი. უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი არ არის ღია და არ ვიცით რა რესურსი მიდის ამაზე. მეორე მხრივ, ეს უზარმაზარი ინფორმაციის ბაზა რჩება მის ხელში და მერე ამას იყენებს როგორც უნდა.

პრობლემაა ის, რომ უსმენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, თუმცა ამაზე რეაქცია არ აქვთ. მაშინ, როცა ამ ადამიანების მიმართ უნდა დაიწყოს ლეგალური დევნა და თვალთვალი, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდა ხელისუფლებას.

  • თუ სამართლებრივი რეაგირება არ უნდათ, მაშინ რისთვის სჭირდებათ ამ ამბების დაარქივება და შეგროვება?

ჩვენ არ ვიცით, რა სამუშაო გასწიეს იმ პირებთან, ვისზეც შეაგროვეს ინფორმაცია, როგორ მიაწოდეს მათ ეს ინფორმაცია, რომ იციან მათ შესახებ, რომ არიან რუსეთის აგენტები, ან შეიძლება არც უთხრეს და გააგრძელეს მუშაობა. შეიძლება პირიქით, ძალიანაც აწყობთ, რომ რუსეთის აგენტები იყვნენ სწორედ იმ პოზიციებზე, სადაც ისინი იმყოფებიან. ეს გაცილებით უფრო სახიფათო ტენდენციაა.

როდესაც ასეთი ინფორმაცია დევს, ის აუცილებლად გარეთ გამოჟონავს. მე არ ვარ იმ აზრზე, რომ სუს-ის პირადი შემადგენლობა მზად იყო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გარეთ გამოეყარა. თუმცა, ეს არის ინფორმაცია, რომელიც არ გაძლევს საშუალებას გაჩუმდე. ინფორმაციას აქვს ძალიან მკაცრი კანონი – თუ არსებობს ინფორმაცია, ის გარეთ უნდა გამოვიდეს.

ამას გააკეთებდა ვიღაც გაბრაზებული თანამშრომელი, ვიღაც ჩაფიქრებული თუ „მაღალ მატერიებზე“ მოფიქრალი ადამიანი – არ ვიცი, რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს.

  • ძირითადად წინასაარჩევნოდ აქვეყნებენ მსგავს ფაილებს. თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერები თითს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერენ და აცხადებენ, რომ მათ უნდათ სახელმწიფოს შერყევა.

იმისათვის, რომ კობახიძემ ან თუნდაც ღარიბაშვილმა ეს განცხადება გააკეთოს, მას მინიმუმ პარლამენტში უნდა ჰყავდეს დაბარებული და დაკითხული სუსის უფროსი პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტზე და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან გაავრცელეს.

ძნელად წარმომიდგენია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის შტაბში ასეთი ტიპის აპარატურა დგას. თუ „ქართულ ოცნებას“ იმის ხაზგასმა უნდა, რომ  სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა ეს სისტემა ან შესაძლოა დღესაც მუშაობდნენ სუსში ძველი თანამშრომლები და მათ მოახერხეს ამის გარეთ გამოტანა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამოუკიდებელ, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სტრუქტურად კი არ ყალიბდება საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ბატალიებშია ჩართული.

ჩვენ არ ვიცნობთ ამ უწყების შიდა ორგანიზაციულ მოწყობას, ეს უნდა იყოს ცნობილი საქართველოს პარლამენტის წევრისთვის. აბა, რისთვის ვირჩევთ პარლამენტს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს უკვე მოსმენილი ჰქონდეს ლილუაშვილის განმარტება, რა მოხდა სუს-ში. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ეს სუსის ჩანაწერები და თუ არ არის, მაშინ პასუხი უნდა იყოს – საიდან არის მოპოვებული. თუ სუსის მიერ არის უკანონოდ მოპოვებული, რატომ მოიპოვებდა სუსი, თუ კანონიერად მოიპოვებდა, მაშინ როგორ შეიძლება ის გზა-შარაზე აღმოჩნდეს და თუ მოიპოვებდა უკანონოდ, ვინ არის ამის გამო დასჯილი.

უკანონოდ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება განადგურებას. ეს იცის ყველა ოფიცერმა, ყველა გამომძიებელმა. ეს იცის სპეცსამსახურის ნებისმიერმა თანამშრომელმა. ამიტომ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, აქვს პოლიტიკური ნება თუ არა იმისა, რომ სახელმწიფო გადაარჩინოს, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკის მართვით ქართული სახელმწიფო დააყენა სერიოზული დარტყმის ქვეშ. დღეს, პრაქტიკულად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის რეპუტაცია განულებულია. ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან სერიოზული საფრთხე.

პრაქტიკულად ნებისმიერი მოქალაქე დაუცველია, რადგან მას შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში უთვალთვალებდეს, უსმენდეს სახელმწიფო უწყება. გაცილებით უფრო სახიფათოა, თუ კერძო უწყება ახერხებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამას ვერ ამჩნევს.

თუმცა მე მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ეს ინფორმაცია არ შეიძლება მოიპოვოს სხვა ვინმემ ამ მოცულობით, ამ ოდენობით, ამდენი ადამიანის შესახებ, გარდა უსაფრთხოების სამსახურისა, რადგან ადრე გავრცელებული ჩანაწერებიც მოპოვებული იყო ოფიციალურ სტრუქტურებში. როცა ასეთი ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვება და არქივდება, აუცილებლად გამოვა მზის შუქზე.

  • თუ არ დაკითხავს პარლამენტი სუსის ხელმძღვანელს, არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ პროცესებში ჩართული იყო მმართველი პარტია?

დააბრალო ყველაფერი ოპონენტს, ეს უკვე გავლილია – ქრესტომათიული ამბავია, როგორ გადაწვა ჰიტლერმა რაიხსტაგი და დააბრალა კომუნისტებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს ყველაფერი ამ ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რა გააკეთა სუსმა იმისთვის, რომ ეს აღკვეთილიყო. რა გააკეთა გამოძიებამ იმისთვის, რომ ეს აღკვეთილიყო, რატომ აცადა მათ არალეგალურად ეთვალთვალათ საქართველოს ეკლესიის მეთაურებისთვის, როგორ ახერხებდა ამას „ნაცმოძრაობა“ ისე, რომ ეს იყო შეუმჩნეველი სუს-ისთვის?

აქ არის კონკრეტული ამოცანა – „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, ყველა სხვა პარტიის, რომ ყველა დეპუტატი უნდა იყოს ერთ პოზიციაზე. ეს არის დღეს სახელმწიფოს გამოცდა – უნდა გამოვიდნენ და მოითხოვონ სუსის ხელმძღვანელის დეტალური ანგარიში.

  • საზოგადოების პასუხი როგორი უნდა იყოს ამ ამბავზე, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებიც გახდნენ უკანონო თვალთვალის სამიზნე?

უნდა  მოსთხოვონ პარლამენტს, რომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუ საქართველოს პარლამენტი დღეს არ არის იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ორგანო, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას სუსის საქმიანობაზე, საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მაშინ ამ პარლამენტის პოლიტიკური გადარჩენის შანსი აღარ არის. ეს პარლამენტი უნდა დამთავრდეს.

ბუნებრივია, ეს მიგვიყვანს სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისამდე. ამიტომაც ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა არა თვალთმაქცობით, კეკლუცობით, არამედ ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს ეს პროცესი. გადაჰყვებიან ამას კონკრეტული თანამდებობის პირები, ვინმე აღმოჩნდება საპატიმრო დაწესებულებაში თავისი გულგრილობის თუ სამსახურებრივი დანაშაულის გამო, აღმოჩნდება ვინმე იმიტომ, რომ მსგავსი რამ შეასრულა, იმიტომ, რომ ეს იყო სხვა ქვეყნის დავალება, არ ვიცი.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ვართ სახელმწიფო თუ არა. თუ ვამბობთ, რომ ვართ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ სახელმწიფოს წინაშე, მაშინ ჩვენ ყველამ ერთად ეს უნდა მოვითხოვოთ. ამ პროცესზე კი არ უნდა ვიქილიკოთ, კი არ უნდა ვილაღობოთ და ვიშაყიროთ კონკრეტული ეპისკოპოსი რა საქმით არის დაკავებული, ან კონკრეტული ადამიანები კარგები არიან თუ ცუდები, ეს არ არის დღეს განხილვის საგანი, დღეს განხილვის საგანია, ზუსტად გაირკვეს ამ ინფორმაციების წყარო.

ასეთი სერიოზული დარტყმა ძნელია მიაყენო სახელმწიფო სტაბილურობას, რადგან პრაქტიკულად ყველა ადამიანს გაუჩნდება უნდობლობა  და შიში სახელმწიფოს სტრუქტურების მიმართ. ეს არ შეიძლება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სამოქალაქო კომიტეტები, უნდა ავიკლოთ დეპუტატები კითხვებით, უნდა მივიდეთ პარლამენტთან და მოვთხოვოთ დროულად მოიწვიონ საგანგებო სესია და არ დაიშალონ, ვიდრე არ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ვიდრე არ შექმნიან მექანიზმს კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის და ამ მასალების დროული ჩაკეტვის.

ეს პროცესი არც ბიძინა ივანიშვილის კერძო პოლიტიკური ინტერესია და არც მიხეილ სააკაშვილის. ეს არის პოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქვს კრემლს და რომელსაც ძალიან კარგად ახორციელებს. ძალიან მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს იმ აქტორების როლი, რომლებმაც ეს დავალება შეასრულეს.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ პროცესებს კრემლი მართავდეს?

ცალსახად. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქტი, ჩვენ არ უნდა დავინახოთ აქ ბელეტრისტიკა. თუ ვინმემ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესით, გამოდის, რომ ისიც რუსულ თამაშს თამაშობს.

ერთადერთი, ვისაც დღეს უნდა საქართველოს სახელმწიფოს დასუსტება, ეს არის რუსეთი. ამიტომ თუ დგას დღის წესრიგში კონკრეტული ეპისკოპოსების აგენტურული საქმიანობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ლეგალურად გამოძიებული და დადგენილი.

თუ რომელიმე ეპისკოპოსს აქვს სექსუალური მიზანსწრაფვები, ეს საერთოდ არ არის სახელმწიფოს საქმე. სახელმწიფომ დროზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაწყვიტოს თავისი საკონსტიტუციო შეთანხება ეკლესიასთან. დატოვოს ეკლესია იქ, სადაც არის და აკეთოს ეკლესიამ ის, რაც უნდა.

თუ ეპისკოპოსს უნდა, რომ აკეთოს ის, რასაც უვრცელებენ და მრევლსაც უნდა, რომ ეს აკეთოს ეპისკოპოსმა, ეს არავის საქმე არ არის. მაგრამ თუ დგება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, მაშინ ეკლესიამ და სახელმწიფომ უნდა გაწყვიტონ შეთანხმება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: