იურისტები ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ფარული ჩანაწერების ფიგურანტ ყველა პირს მოუწოდებენ მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება უკანონო ფარულ მიყურადებაზე.
„სახელმწიფო ქმნის თვალთვალის სისტემას, ცდილობს ცენზურის და თვითცენზურის დამკვიდრებას. ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს ეკისრება. არ უნდა დაუშვან, რომ ეს შემთხვევები არის რიგითი ხარვეზი და მოცემულობა. უნდა დააფიქსირონ თავიანთი სამართლებრივი პროტესტი, მოითხოვონ გამოძიება. იმისათვის, რომ ამ სისტემასაც კი, რომელსაც არ ენდობიან, სამართლიანი საპასუხო ნაბიჯებით აღარ უნდა დარჩეს შანსი, გააგრძელოს ადამიანების კონტროლი.
ახლა დარღვევების რეაგირების გარეშე დატოვება ნიშნავს კონტროლის სისტემის გამოკვებას და გაძლიერებას. ამიტომ ვთხოვ ჟურნალისტებს იდავონ, ახლა უმოქმედობა ნიშნავს სისტემის გაძლიერებას,“ – ამბობს ნათია კაპანაძე, კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის კოორდინატორი.
13 სექტემბერს სავარაუდოდ სუსიდან ინტერნეტში ასობით ფაილმა გამოჟონა, რომელშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების და სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი და ტელეფონის ნომრები.
იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ ერთგვარი მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ახლა მოქალაქეებმა იმოქმედონ, არის ის, რომ თავად მიმართონ წერილობით სამართალდამცავებს და გამოძიების დაწყება მოითხოვონ.
„ჩვენ უამრავი ადამიანის სახელი გავიგეთ, ვინც ამ ჩანაწერებში ფიგურირებს – ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. პოლიტიკოსები – მოქმედი თუ ყოფილი.
მათ შეუძლიათ, რომ თავად მიმართონ წერილობით და მოითხოვონ გამოძიების დაწყება. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ადგება და ამ კონკრეტულ შემთხვევას გამოიძიებს. ამის მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ, რომ აქ სისტემურ დანაშაულზე ვლაპარაკობთ.
უფრო ეს არის მექანიზმი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შემდგომში საერთაშორისო მექანიზმები ჩავრთოთ ამ პროცესში. ამისათვის ქვეყანაში გავლილი უნდა გვქონდეს ეტაპები.
ასევე, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენთვის სულ ერთი არ არის, ისინი ამ საქმეებს როგორ უყურებენ – გამოიძიებენ თუ არ გამოიძიებენ.
რეზონანსის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული – ერთი მხრივ, სამართლებრივი ქვეყნის შიგნით, მეორე – უკვე ქვეყნის გარეთ,“ – ამბობს სულხან სალაძე.
საქართველოს პროკურატურამ დღეს, ფარული მიყურადების მასალების გავრცელებიდან 24 საათზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სსსკ-ის158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.
იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ ამის მიუხედავად მნიშვნელოვანია, ფიგურანტებმა მაინც მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს.
„ეს სწორი კვალიფიკაციისთვისაა მნიშვნელოვანი. მოქალაქეებს უკეთ შეუძლიათ იმ მუხლებით მოითხოვონ გამოძიება, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.
მხოლოდ კერძო კომუნიკაციის დარღვევაზე არ არის საუბარი, სხვა უფრო მნიშვნელოვანი დარღვევებიც არის, ამიტომ უნდა მიმართონ მოქალაქეებმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით,“ – ამბობს სულხან სალაძე.
ნათია კაპანაძე, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის კოორდინატორი ამბობს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება დაცულია შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით. ამასთან, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილია, რომ ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს დაკითხული მოწმედ, მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქციის შესრულებისას მედიას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მისი სამუშაო მასალები, წყაროების კონფიდენციალობა დაცულია სახელმწიფოს არაკანონიერი თვალთვალისაგან.
„ბათუმელებთან“ საუბარში ნათია კაპანაძე ევროსასამართლოს პრეცედენტულ განცხადებას იხსენებს:
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში – Goodwin v. the United Kingdom – ხაზი გაუსვა ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს საიდუმლოდ დაცვის მნიშვნელობას მედიის თავისუფლებისთვის.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა პრესის თავისუფლებისთვის, როგორც ეს ასახულია მთელი რიგი ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პროფესიული ქცევის კოდექსებში და განმტკიცებულია ჟურნალისტური წყაროების შესახებ რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტით.
ამგვარი დაცვის გარეშე წყაროებს შეიძლება ხელი შეეშალოთ, დაეხმარონ პრესას საზოგადოების ინფორმირებაში საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. შედეგად, პრესის, როგორც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი დარაჯის, როლი შეიძლება დაკნინდეს და ხელყოფილ იქნეს პრესის უნარი, უზრუნველყოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია“.