2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის მერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა. წელს ბათუმის მერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს, მათგან 8 – სხვადასხვა პარტიამ წარადგინა, 2 კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
ვინ არიან ბათუმის მერობის კანდიდატები? – „ბათუმელები“ გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას მათზე, ვისაც აქვს სურვილი, გახდეს ქალაქ ბათუმის არჩეული მერი.
კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით.
- გიორგი კირთაძე – ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5]
გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ბათუმის მერობის კანდიდატად იგი ოპოზიციურმა ერთობამ წარადგინა, რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“.
გიორგი კირთაძე 2010-2013 წლებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. იგი პროფესიით ეკონომისტია.
- ბონდო გუგულაძე – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ [საარჩევნო ნომერი 8]
ბონდო გუგულაძე 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო შუახევის სოფლებში – ტბეთსა და გოგაძეებში.
- ირაკლი მიქელაძე – „საქართველოსთვის“ – გახარიას პარტია [საარჩევნო ნომერი 25]
ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია. 2017 წელს, როცა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, იგი თვეების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა და იღებდა ბენზინისა და ტელეფონის ხარჯებსაც, რისთვისაც 16 450 ლარი დაიხარჯა ჯამში. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან 1800 ლარი დააბრუნა ქალაქის ბიუჯეტში.
2019 წელს ირაკლი მიქელაძემ დატოვა „ქართული ოცნება“, რის მიზეზადაც ოჯახური მდგომარეობა დაასახელა, 2021 წელს კი შეუერთდა გიორგი გახარიას პარტიას.
- ანჟელიკა ზახაროვა – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ [საარჩევნო ნომერი 30]
ზახაროვა პრორუსული ორგანიზაციის, „სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტია. მისი ქმარი, რამაზ გოგიძე ე.წ „უკვდავი პოლკის“ ხელმძღვანელია საქართველოში. ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს ფონდ „რუსკი მირსა“ და სხვა პუტინისტურ, პრორუსულ ორგანიზაციებთან.
აქცია-მსვლელობა „უკვდავი პოლკი“ რუსეთის ფედერაციასა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში 9 მაისს აღინიშნება. მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
- ედნარ ბაგრატიონი – სახე+ [საარჩევნო ნომერი 40]
ედნარ ბაგრატიონი გასულ წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდა და ახალდაფუძნებულ პარტიას, „სახე +“ -ს წარმოადგენდა.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შედეგების გასაპროტესტებლად შიმშილობის აქცია დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ „ახალ პარტიებს საქართველოში შანსს არ აძლევენ“, ამიტომაც პოლიტიკურ ამინდს ძირითადად ორი პარტია – „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის, სოციალური ფონი კი უცვლელი რჩება.
- არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 41]
არჩილ ჩიქოვანი ამჟამად ბათუმის მერობის მოვალეობის შემსრულებელია. იგი პროფესიით იურისტია.
2013 წლამდე ის სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა, 2013 -2017 წლებში კი ჯერ აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ მას გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ჩააბარეს.
2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა, არჩილ ჩიქოვანი მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნეს. მას შემდეგ კი, რაც ქალაქის არჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
- გიორგი ფუტკარაძე – „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ [საარჩევნო ნომერი 45]
გიორგი ფუტკარაძე ბიზნესმენია. მისი სახელი საზოგადოებისთვის 2020 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ის არ დაემორჩილა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და არ დახურა საკუთარი ფიტნესკლუბი.
მაშინ გიორგი ფუტკარაძე 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დაწყებაზეც გააფრთხილეს.
- რამაზ ადაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ [საარჩევნო ნომერი 50]
რამაზ ადაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ხულოს რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე, აჭარის განათლების სამინისტროში და ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დირექტორად.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი მონაწილეობდა, როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „მწვანეთა პარტიიდან“.
- გია ხალვაში – დამოუკიდებელი კანდიდატი, საინიციატივო ჯგუფი [საარჩევნო ნომერი 51]
გია ხალვაში საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. იგი დამოუკიდებელი კანდიდატია.
- კახაბერ ცისკარიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი, საინიციატივო ჯგუფი [საარჩევნო ნომერი 52]
მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე, იგივე კახუჩელა, მეორედ იყრის კენჭს ბათუმის მერის პოსტზე. იგი ბათუმის მერობის კანდიდატი იყო 2017 წელსაც.
____________________
2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმში სულ 147 776 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.
თუ არჩევნების შედეგად ათიდან ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში მეტ ხმას მოაგროვებს.