მთავარი,სიახლეები

„თავი გაგეჭეჭყება“ – პარლამენტის წევრის სავარაუდო მუქარა ოპოზიციური ერთობის კანდიდატს

14.09.2021 • 4527
„თავი გაგეჭეჭყება“ – პარლამენტის წევრის სავარაუდო მუქარა ოპოზიციური ერთობის კანდიდატს

„დამირეკა და მითხრა თავი გაგეჭეჭყებაო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ დიოკნისსა და რიყეთში ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ შავაძე ანზორ ბოლქვაძის შესახებ. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში.

ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, მას ანზორ ბოლქვაძე გუშინ, 13 სექტემბერს, ესაუბრა ტელეფონზე და დღეს, 14 სექტემბერს, ხულოში დაიბარა „სალაპარაკოდ“.

„ტელეფონზე ვისაუბრეთ, შემდეგ თვითონ გადმომირეკა და დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შენ მე შემაგინე, გავიგონეო, მაგრამ არ შემიგინებია,“ – გვიყვება რამაზ შავაძე.

ხულოს საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მუქარამდე ის თავად დაუკავშირდა ანზორ ბოლქვაძეს.

„გავიგე, თურმე ხალხში ლაპარაკობს, მე დავიხსენი მაგი და ასე დააფასაო,“ – გვიყვება რამაზ შავაძე. – „2009 წელს დიოკნისის გამგებელი ვიყავი და დამაკავეს, წინასწარ პატიმრობაში ვიყავი, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას მედავებოდნენ. შემდეგ გამამართლეს… ამას იბრალებს, რომ მე ვქენიო. მე მაგის მერე გამგებლად აღარ მიმუშავია. ახლაც მაჟორიტარი ვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“, – ამბობს რამაზ შავაძე.

რამაზ შავაძემ დღეს დილით პარტიულ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მას ანზორ ბოლქვაძე კანდიდატურის მოხსნას სთხოვს. „ბათუმელებთან“ საუბრის დროს კი განმარტა, რომ ასეთი საუბარი მას პარლამენტართან არ ჰქონია.

„მითვლის ვიღაცების პირით, მოხსნას კანდიდატურაო,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ რამაზ შავაძემ.

„ბათუმელებმა“ სცადა ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებაც. დეპუტატი ჯერჯერობით სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

განახლება: „ბათუმელებს“ დაუკავშირდა ანზორ ბოლქვაძე. მან გვითხრა, რომ ის რამაზ შავაძეს არ დამუქრებია.

„ვუთხარი, ნუ იგინები, თორემ ვინმე თავს გაგიჭეჭყავს-მეთქი. ეს არ არის მუქარა. დედა შემაგინა და რა უნდა მექნა? ვინც დედას შემაგინებს, ყველას პასუხს მოვთხოვ… ტელეფონი დარჩა მაგას ჩართული და მესმოდა, რას ამბობდა ჩემზე“, – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

ანზორ ბოლქვაძე ადასტურებს, რომ ის 2009 წელს ჩართული იყო რამაზ შავაძის სასამართლო პროცესშიც, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტა, რა ფორმით მოახერხა ყოფილი გამგებლის გათავისუფლება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: