მთავარი,სიახლეები

შსს: „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დაკავებულია 11 პირი

16.09.2021 • 2449
შსს: „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დაკავებულია 11 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით.

„დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად „პაპლიკა“), 1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „წერტილა“), 2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად „ომო“), 1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა.

ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად „ჩაინიკა“), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად „პაწე“) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად „ტყუპა“)“ – აცხადებს შს სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში:

„კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულს და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ.

ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის – „ტერტერას“ დავალებით, არაერთ საქმეში ჩაერთნენ. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულები ფინანსურ დავებს „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

გარდა ამისა, ბრალდებულებმა – „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის – „ტერტერას“ დავალებით, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს – მეტსახელად „ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც „ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად -„რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები“  – იუწყება შსს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: