მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერობის უფულო და უმუშევარი კანდიდატი

13.09.2021 • 5591
ბათუმის მერობის უფულო და უმუშევარი კანდიდატი

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად უმუშევარი გია ხალვაში, ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. ამბობს, რომ კამპანიის საწარმოებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს, ამიტომ ამომრჩეველს თავის ხედვებს სოციალური ქსელით უზიარებს. რას ფიქრობს კონკურენტებზე, ქალაქის განვითარებასა და უმცირესობების უფლებებზე – ამ თემებზე მას „ბათუმელები“ ესაუბრა.

  •  ბატონო გია, რატომ გადაწყვიტეთ იყაროთ კენჭი ამ არჩევნებზე?

იმიტომ, რომ ბათუმში ვცხოვრობ უკვე 20 წელია და ის პრობლემები, რაც მე მაწუხებს, მთელ ქალაქს აწუხებს. გადავწყვიტე, რომ ამ პრობლემებს მოვაგვარებ.

  • შეგიძლიათ ჩამოთვალოთ პრობლემები, რომლებიც თქვენი აზრით არის ქალაქში და როგორ აპირებთ მათ მოგვარებას?

პირველი გამოწვევა ბათუმელებისთვის არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ბინა. როგორც ვიცით, „იაფი სახლის“ პროექტზე 20 ათასამდე ბათუმელმა შეიტანა განცხადება, თუმცა აქედან მხოლოდ 200 ადამიანი აარჩია მერიამ და იქედან კიდევ 40 ადამიანს მისცემენ [ბინას].

აქედან გამომდინარე, ამ გამოწვევის წინაშე ადამიანები დგანან. მე ვპირდები ბათუმელებს, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებ, რადგან მოგვარებადია.

გვახსოვს ალბათ შემთხვევა, როცა ბათუმის მერიამ საბინაო ფონდში არსებული ბინები კომერციულ ფასად გაყიდა. ამიტომ, ადამიანებს, ვისაც აქვთ გარკვეული შემოსავალი, მაგრამ ვერ ახერხებენ ბინის ყიდვას, მათ უნდა შეეძლოთ შეღავათიან ფასად ბინის შეძენა.

შემდეგი პრობლემა არის პარკირება და საავტომობილო კოლაფსი, ამაზე არაერთი განცხადება მქონდა გაკეთებული და სასამართლოც მოვუგე მერიას ჯარიმებთან დაკავშირებით. დღეს ყოველი გამოწერილი ჯარიმა არის უკანონო, ამიტომ თუ მერი ვიქნები, ყველა ჯარიმას გავაუქმებ და ეს გადასახადიც გაუქმდება, სანამ არ იქნება პარკირების ზონები მოწყობილი.

  • „უნდა მოგვარდეს“ – ამას თქვენი ოპონენტებიც იტყვიან, კონკრეტული ხედვა გაქვთ, როგორ უნდა მოგვარდეს?

მაგალითად, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 6000 აპარტამენტია და მხოლოდ 600 საპარკინგე ადგილია გათვალისწინებული. მშენებელი იქნება ვალდებული, რომ ეზოები და პარკინგი ჰქონდეს ყველა შენობას. მეორე, როცა ასეთი ქაოტური მშენებლობები მიდის და სახლი სახლზე იდგმება, ეს უნდა შეჩერდეს. თუმცა რაზეც ნებართვაა გაცემული, მასზე ვერ მოვახდენთ სხვა რეაგირებას, მაგრამ ახალი მშენებლობების შემთხვევაში პირობა უნდა იყოს, ააშენოს კორპუსი იქ, სადაც ქალაქი გაიზრდება. აუთვისებელი ტერიტორია სადაცაა. ხედები თუ უნდათ, ზღვის ხედი შეიძლება ჰქონდეთ ბათუმგორიდანაც.

ძალიან ჩაბეტონებული ქალაქი გამოდის, ამიტომ ეს მშენებლობები რაღაც ეტაპზე უნდა შეჩერდეს. ისეთ ზონაში, სადაც აპროტესტებენ „ამბასადორის“ მშენებლობას, ასეთი მშენებლობები არ უნდა მიდიოდეს.

  • რეკრეაციული ზონების რაოდენობის მომატება როგორ წარმოგიდგენიათ, სად შეიძლება კიდევ მისი მოწყობა?

ძველი შენობები სადაც არის, იმას თუ ავიღებთ, ამ ადგილებში შესაძლებელია ჩანაცვლება გამწვანების. ბევრი რამ შეიძლება გავაკეთოთ.

პლაჟებს რაც შეეხება, გასხვისება არ უნდა მოხდეს. ყველა ბათუმელს უნდა შეეძლოს თავისუფლად გადავიდეს სანაპიროზე და არ იყოს ის კომერციულად დატვირთული.

ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც ჰქვია „გაატარე დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად“. ეს გულისხმობს იმას, რომ ბათუმთან ახლოს რომელიმე ტერიტორია უნდა გახდეს რეკრეაციული, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ მოაწყონ პიკნიკები, გავიდნენ და დაისვენონ.

  • ქალაქის რომელ ტერიტორიაზე წარმოგიდგენიათ ასეთი სივრცის მოწყობა?

ქალაქში არა, ქალაქთან ახლოს. მაგალითად, ჭოროხის განაპირა ტერიტორიაზე არის შესანიშნავი ადგილები, მახოს ხიდის მიმდებარედ ასევე.

  • ეს ადგილები არ არის ბათუმის საზღვრებში.

რაღაც ნაწილი ჭოროხის განაპირა ტერიტორიის არის ბათუმის საზღვრებში. ამიტომ როცა ის ნაწილი განვითარდება, მეზობელი მუნიციპალიტეტიც იზრუნებს ამ საკითხზე.

  • ბათუმის ბიუჯეტი თუ იცით რამდენია და რამდენად სწორად იხარჯება თქვენი აზრით?

60 მილიონამდე არის, როგორც ვიცი ბიუჯეტი. ბათუმს სჭირდება შემოერთებულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო სისტემების მოგვარება და ამ ბიუჯეტიდან შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ასევე ასაშენებელია საბავშვო ბაღები და სკოლებიც.

  • პოლიციელი მერი რამდენად მისაღები იქნება ამომრჩევლისთვის, როგორ ფიქრობთ.

მერი ქალაქზე უნდა ზრუნავდეს და პოლიციელი მერი არაერთი გვყოლია, მათ შორის ამჟამინდელი მერი [არჩილ] ჩიქოვანიც პოლიციელია.

  • მოგწონთ მერე ის, რომ არჩილ ჩიქოვანი პოლიციელია?

არჩილი ჩემი ძველი კოლეგაა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ როგორც მერი, არ არის დამოუკიდებელი. მე დამოუკიდებელი ვიქნები, რადგან ხალხის არჩეული ვიქნები.

  • თქვენ სხვადასხვა აქციაზე ჩნდებოდით ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან ერთად. ამ პარტიის წევრი იყავით, თუ მხოლოდ აქციებზე ჩნდებოდით მათთან ერთად?

მე ნაციონალურ მოძრაობას ჩავერთე 2017 წელს, რაცა პოლიციიდან წამოვედი. ოფიციალურად წევრი არ ვყოფილვარ, ამიტომ ამ ეტაპზე ამ პარტიასთან არაფერი არ მაკავშირებს. იმ პერიოდში, როცა მათთან მისვლა გადავწყვიტე, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია იყო, მაშინ უსამართლობის გრძნობა მქონდა ძალიან მაღალი და ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკური ბრძოლა მათთან ერთად გამეგრძელებინა. თუმცა დრო გავიდა, შეხედულებები შეიცვალა. რომ გითხრათ, რომ რამე კონფლიქტი გვქონდა, არა.

  • თქვენი ოპონენტების უკან დგას საკმაოდ ძლიერი პარტიები ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით. როგორ აპირებთ მათთან კონკურენციაში შესვლას?

ჩემი უპირატესობა არის ის, რომ ბათუმელებს ვთავაზობ იმ პირობებს, რასაც ჰქვია კომფორტული ბათუმი, მაქვს ამის გეგმა და ხედვები. თუ ბანერების სიმრავლე წყვეტს არჩევნების მოგებას, მაშინ ხალხის დაკვეთა რა არის?

  • თქვენ რამდენი ბანერი გაქვთ?

არც ერთი. სოციალური ქსელით ვურთიერთობ ამომრჩეველთან. რა ვქნა აბა, სხვა საშუალებები არ მაქვს.

  • თქვენს რეიტინგს როგორ ამოწმებთ, თუკი არც ამომრჩეველს ხვდებით და ვერც ფინანსებს ხარჯავთ კამპანიის საწარმოებლად? 

დღის განმავლობაში ვხვდები რამდენიმე ადამიანს და მაქვს მათთან საუბარი. ფინანსები არ მაქვს. მცირე თანხას ვხარჯავ გადაადგილებაში. არსად არ ვმუშაობ, ჩემი მეუღლე მუშაობს, მცირე ბიზნესი აქვს და ამით ვარსებობთ.

  • როგორც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნეთ. რითი არსებობს ეს ორგანიზაცია?

დიახ მაქვს, მაგრამ მხოლოდ ორი ადამიანი ვმუშაობთ. მე და ანზორ გუბაევი.

  • ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მინდა გკითხოთ. თუკი გახდებით მერი, ექნებათ შესაძლებლობა მუსლიმებს, რომ ააშენონ მეჩეთი? ალბათ იცით ამ მეჩეთის ისტორია, რადგან წლებია ითხოვენ მუსლიმები ნებართვას, თუმცა მერია არ აძლევს.

ბათუმელები თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ უნდა აშენდეს მეჩეთი…

  • თქვენ ამბობთ, რომ მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი?

მთლად ამ ჭრილში ვერ გავალთ, მაგრამ თუკი იქნება შესაძლებლობა, უნდა აშენდეს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მუსლიმებს უნდა შეეძლოთ ლოცვა და ჰქონდეთ თავისი სამლოცველო. ვფიქრობ, არ უნდა სჭირდებოდეთ მათ ამ პროცესის გავლა, უსამართლობას ვხედავ ამ ამბავში. თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს.

  • რადგან უფლებებზე ვსაუბრობთ, ლგბტ თემზეც მინდა გკითხოთ. მაგალითად, ამ ადამიანებს თუ უნდა ჰქონდეთ მსვლელობის უფლება და უნდა მიეცეთ თუ არა თვითგამოხატვის შესაძლებლობა ქუჩაში?

აღლუმის ჩატარება აგრესიას იწვევს საზოგადოებაში, თუმცა ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება და ამას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. მე ალბათ ვურჩევდი მათ, რომ საჯარო მსვლელობა არ ჩაატარონ, რადგან ბევრ ადამიანში იწვევს აგრესიას. პირადად მე საერთოდ არ მაქვს აგრესია ამ თემის მიმართ და ვმეგობრობ ბევრ ისეთ ადამიანთან, რომლებიც ამ თემის წევრები არიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: