მთავარი,სიახლეები

არჩილ ჩიქოვანს დღეს ვიცე-მერად ნიშნავენ, ბათუმის მერის მოვალეობას ის შეასრულებს

16.07.2020
არჩილ ჩიქოვანს დღეს ვიცე-მერად ნიშნავენ, ბათუმის მერის მოვალეობას ის შეასრულებს

შვებულებაში მყოფი ბათუმის მერი დღეს, 12 საათზე, მერიაში მივა და თანამშრომლებს შეხვდება. ამის შესახებ მერიის თანამშრომლებმა გვითხრეს. სამთავრობო პირების ინფორმაციით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს ოფიციალურად გადადგება. შესაძლოა, ის არც დღეს შეხვდეს ჟურნალისტებს.

ლაშა კომახიძე მერის რანგში დღეს, 16 ივლისს, ბოლო ორ ბრძანებას მოაწერს ხელს: რამდენიმე ინფორმირებული პირის თქმით, ის თანამდებობიდან გაათავისუფლებს ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს და ამ თანამდებობაზე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსს, არჩილ ჩიქოვანს დანიშნავს. შემდეგ კი მერი განცხადებას დაწერს თანამდებობიდან წასვლაზე.

შესაბამისად, მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გახდება.

ლაშა კომახიძე, მისივე გარემოცვის ინფორმაციით, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაცია „იუენდიპში“ გააგრძელებს საქმიანობას.

ლაშა კომახიძის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ის საჯაროდ არ გამოჩენილა, მაგრამ ორშაბათს შვებულებაში გავიდა და თბილისში გაემგზავრა. მედიის ინფორმაციით, ის გადადგომას ერთი პირობით თანხმდებოდა – თუ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნების გამსვლელ სიაში მოხვდებოდა. მას ამაზეც უარი უთხრეს.

„ბათუმელები“ ამ დღეების განმავლობაში ცდილობდა ლაშა კომახიძესთან დაკავშირებას. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, ნამდვილად ემუქრებოდნენ თუ არა დაპატიმრებით, გადადგომაზე უარის თქმის შემთხვევაში. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა არჩეული მერს გადადგომას აიძულებენ. 2018 წლის ოქტომბერში ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა.

გოჩა მელაძესაც ანალოგიური ისტორია ჰქონდა. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციის არაოფიციალურად გავრცელების შემდეგ, ისიც შვებულებაში გავიდა, იმავე კვირაში შვებულებიდან დაბრუნდა, ვიცე-მერად დანიშნა ვახტანგ ბერიძე, შემდეგ კი გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

გადადგომის შემდეგ გოჩა მელაძე შემოსავლების სამსახურში დაასაქმეს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/163873/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: