მთავარი,სიახლეები

„ასლან აბაშიძე მაქებდა, ასეთი მინისტრი უნდა იყოთო“ – გახარიას მერობის კანდიდატი შუახევში

16.09.2021 • 4034
„ასლან აბაშიძე მაქებდა, ასეთი მინისტრი უნდა იყოთო“ – გახარიას მერობის კანდიდატი შუახევში

მიგრაციას და შობადობის შემცირებას ასახელებს მთავარ პრობლემად შალვა გოგიტიძე შუახევში. ის პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია და არ მალავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ მას შემდეგ წავიდა ოპოზიციაში, როცა დაპირებული თანამდებობა ვერ მიიღო.

შალვა გოგიტიძე გახარიას პარტიაში შესვლამდე შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწედ მუშაობდა. წლების წინ კი ასლან აბაშიძის მთავრობაში ერთ-ერთი მინისტრი იყო.

  • ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა არის შუახევის მთავარი პრობლემა დღეს? 

მთავარი პრობლემა მიგრაციაა. მთები იცლება, კაცი აღარ არის, ვინც ყანას და ბოსტანს დაამუშავებს, ვინც პირუტყვს შეინახავს. იყო დრო, როცა აქ 2 ათასი სული პირუტყვი იყო. შობადობა აღარ არის, რადგან რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდობა წასულია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელზეც დამოკიდებულია ქართველი ხალხის გადარჩენა, გამრავლება და სოფლის შენარჩუნება.

  • შუახევის მერს რა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რაც ამ მოცემულობას შეცვლის? 

კომპლექსური მიდგომაა საჭირო და კონკრეტული კანონმდებლობაა მისაღები. მთაში ადამიანი რომ იცხოვრებს, მას ელექტროენერგიაც უფასოდ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, როცა ჰესია შენს რაიონში. მშობიარობა უნდა იყოს უფასო და დეკრეტული შვებულება ერთი წელი უნდა იყოს. ქორწინების რეგისტრაციაც უფასო უნდა იყოს. ასევე შობადობაზე უნდა იყოს დაჯილდოება.

  • ადგილობრივ დონეზე თქვენ რას გადაწყვეტდით? 

გზა, განათება, მედიცინის საკითხები – ეს სჭირდება ადგილზე ადამიანს. ის, რაც მერიის მიერ არის გადასაწყვეტი, ბევრი არაფერია.

  • ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს დაელოდებით? 

ასე არ უნდა იყოს. იყო დრო, როცა შუახევს მილიონიანი კოლმეურნეობა ჰქონდა, 9-დან 5 კოლმეურნეობა მეთამბაქოების კუთხით. მაშინ სულ 6 ათასი ტონა მოდიოდა აჭარაში, 2 ათას ტონამდე თამბაქო კი, მარტო შუახევში მოდიოდა.

ჩვენი როლი უნდა იყოს ის, რომ დავაინტერესოთ ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ხელისუფლება, რომ არ მოხდეს ამ ბიზნესის შეფერხება.

ერთხელ მქონდა საუბარი სოფლის მეურნეობის მინისტრთან იმაზე, თუ რატომ არ ინტერესდება ქვეყანა თამბაქოს განვითარებით. მითხრა, მსოფლიო ბანკი უარს გვეუბნება და გვიკრძალავსო. მე ვიცი, რომ თუ მერი ვიქნები, აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით.

წლების წინ აქ იყო წვენების საწარმოები, კურკოვნებიც ბარდებოდა. თითო სოფელზე 300 ტონამდე იყო გეგმა და ეს სრულდებოდა. ახლა ტონობით ხილი ლპება და კაციშვილი არაა მიმღები.

  • დღეს შუახევის მერია ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას? თქვენ მერის თანაშემწედ მუშაობდით მიმდინარე წელს.

დიახ, მხოლოდ სამი თვე ვიმუშავე თანაშემწედ… იყო, მაგალითად, საუბარი, რომ ერთ ლარად მიეყიდათ მიწის ნაკვეთი, რომ იქ საწარმო მოწყობილიყო და არ გამოვიდა. მე ახლა მაგ დეტალებს ვერ გავარკვევ.

  • რას ფიქრობთ მუნიციპალურ ქონებაზე? როგორ წარმოგიდგენიათ შუახევში მდებარე ქონებისგან მიღებული სარგებელი უშუალოდ აისახოს შუახევის ბიუჯეტში? 

არ დავინტერესებულვარ ამ თემით, რომ არ მოვიტყუო. მე სხვა თემაზე ვიფიქრე. მაგალითად, ქედაში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გრანტებს გასცემს, გადიან სოფლებში, ხალხს ხვდებიან და პროექტების წარმოდგენას სთხოვენ. ვფიქრობ, რომ იგივე გაკეთდეს შუახევში, რომ ახალგაზრდები არ გაიქცნენ სოფლიდან.

ასევე ვფიქრობ, რომ უნდა გაიცეს დაფინანსება სტარტაპებზე. ვიცი თურქეთის მაგალითი და ვინც არ უნდა მითხრას, რომ ეს არასწორია, ვიცი, რომ ეს სწორია. იქ ვისაც სურს, რომ, მაგალითად, მოაწყოს ხეხილის ბაღი, შეაქვს განაცხადი ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობასთან და გარკვეულ ოდენობას თავად სახელმწიფო აფინანსებს, არ ახდევინებს არავითარ პროცენტს, მაგრამ აკონტროლებენ, როგორ განვითარდება ბიზნესი. თანხის დაბრუნებას მხოლოდ წლების შემდეგ სთხოვენ, როცა ფერმერს ამონაგები აქვს.

ჩვენთან პრობლემაა ის, რომ ფული არასწორად იხარჯება. მაგალითად, სოფელ ფურტიოში წყლის აუზი ჩამოასხეს დეკემბერში და საცერივით გამოუშვა წყალი, არ მუშაობს დღეს ეს აუზი. როგორ შეიძლება დეკემბრის ყინვაში ჩამოასხა აუზი?

  • თქვენ რა დრო დაგჭირდებათ შუახევის სოფლებში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად და რამდენი თანხაა ამისთვის საჭირო? 

სპეციალისტებს არ დავლაპარაკებივარ. როცა ვიქნები, მაშინ გავარკვევ ასპროცენტიანად, ახლა ცოტა სასაცილოა, ეს რომ გავარკვიო.

  • სასაცილოა, თუკი მომზადებული იქნებით და ამომრჩეველს კონკრეტული ციფრებით დაელაპარაკებით? 

ვარ მომზადებული, მაგრამ სიზუსტეა საჭირო… რეალურად რაც დაიხარჯა უკვე წყლებზე, იმის მეათედი არ სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას. იმის თქმა მინდა, რომ თანხის პრობლემა არ არის. თუ მოინდომებს მერია საქმის გაკეთებას, შესაძლებელია სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება.

  • მერის თანაშემწედ როცა მუშაობდით, სცადეთ რაიმეს შეცვლა ამ კუთხით? 

მე გულწრფელად გეტყვით, რომ სხვაგან უნდა დავსაქმებულიყავი, ვერ დავსაქმდი და შემდეგ ხელშეკრულებით ამიყვანეს მერის თანაშემწედ. ისეთი ხელფასი მქონდა, დაახლოებით დაცვის თანამშრომელს რაც აქვს. მე ისეთი არაფერი დავალება არ მიმიღია მერისგან.

მე ჩემი სურვილით წამოვედი, რადგან შეურაცხყოფილი ვიყავი, არც ერთ თათბირზე არ მისწრებდა ბატონი ომარი [ომარ ტაკიძე – შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი]. თვითონ მითხრა, შეგიძლია, როცა გინდა მაშინ მოხვიდე და წახვიდეო. მე კიდევ ასეთ საქმეს მიჩვეული არ ვარ. თითქმის ყველა დღე დავდიოდი, მაგრამ უფუნქციოდ ვიყავი მთელი დღე. არადა, ჩემზე უკეთესი მხარდამჭერი ხელისუფლებას არ ჰყავდა. ნებისმიერ არჩევნებზე ვიცავდი და გვერდზე ვედექი, ვიცავდი თავგამოდებით.

  • კარგი თანამდებობა ვერ მიიღეთ და ამის გამო დატოვეთ „ქართული ოცნება“? 

რატომ ფიქრობთ ასე? ღირებულებები არ არის ეს? მე მტკივა ჩემი ქვეყანა და მაქვს სუფთა წარსული. ვეუბნებოდი, დამიყენეთ გვერდში-მეთქი. ვინმეს არ უთქვამს, დამეხმარეო ან რამე. იყო მესიჯები, მე მაგას ვერ წავიყვან, მერე მინისტრობას მომთხოვს და მინისტრად ვერ დავნიშნავო.

ვიდრე წამოვიდოდი, ფრიდონ ფუტკარაძეს [შუახევის, ხულოს, ქედის და ხელვაჩაურის დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში] ვესაუბრე, საკრებულოში ვიყრი კენჭს, არ გინდათ ჭკვიანი დეპუტატი-მეთქი? ერთ კომისიას ვუხელმძღვანელებდი და უარი მივიღე ფრიდონისგან, ადგილობრივ დონეზე დაწინაურებაზეც უარი თქვა.

მერე მერის მოვალეობის შემსრულებელმა მითხრა, ამ არჩევნებზეც დაგვიდექი გვერდით და არჩევნების მერე გათვალისწინებული იქნება თქვენი დანიშვნაო. მე ვუთხარი ის, რაც უნდა მეთქვა. დასაქმებული ჰყავთ ყველგან არაპროფესიონალი კადრები და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ-მეთქი.

  • არჩევნებში რა ფორმით ეხმარებოდით „ქართულ ოცნებას“? 

როცა სჭირდებოდათ, მსვამდნენ მობილურ ჯგუფში, განსაკუთრებული არაფერი… მე მომწონდა გახარია, როგორც პრემიერი, მისი ნიჭი და კრიზისების მართვა. ამიტომაც, ახლა მის გუნდში ვარ.

  • ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენ ერთ-ერთი მინისტრი იყავით. საინტერესოა, გადააფასეთ თუ არა ეს პერიოდი?

მაშინ სიმკაცრე იყო ძალიან და დამოკიდებულება ქვეშევრდომებისადმი. მე ეს სიმკაცრე მომწონდა. ბატონ ასლანს უთქვამს კიდეც სხდომათა დარბაზში ჩემზე: მინისტრი უნდა იყოს ასეთიო.

რაც იყო ჩემი საქმე, ლტოლვილები, განსახლება, ვიყავი სრული თავისუფალი, თუ რამეს ვერ გადავწყვეტდი, ზემდგომი სამინისტროსგანაც ვიღებდი დახმარებას, ხელშეწყობა მქონდა.

  • მინისტრობის დროს გაგიპროტესტებიათ რამე? ან ახლა ნანობთ, რომ ეს ვერ მოახერხეთ? 

არა, ძალიან ისე მეჩვენება ეგ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი წარმატებით და სხვა საქმიანობაზე მას როგორ დავუსვამდი კრიტიკულ კითხვას, როგორ წარმოგიდგენიათ?

  • ცნობილია, რომ ეს იყო დანაშაულებრივი და სეპარატისტული რეჟიმი…

მე მაგას არ ვეთანხები, რომ ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. ვიცი ის, რომ ჩემს საქმეში ვიყავი თავისუფალი და ამას ბრწყინვალედ ვართმევდი თავს. როცა რაღაც არ მომეწონა, წამოვედი.

რა არ მომეწონა და ერთხელ მე და მთავრობის თავმჯდომარეს მიტანილი ამბის გამო გაგვიბრაზდა. იმ დღეს ბაირამი იყო და მეჩეთის წარმომადგენლები ჰყავდა სტუმრად. ერთ-ერთს დახმარება უთხოვია. მას უთხრეს, რომ თითქოს მე არ მოვაგვარე პრობლემა, არადა, თვეში 20 დღე გარეთ ვიყავი, სულ ხალხს ვხდებოდი და პრობლემებს ვაგვარებდი, ტელევიზიებით დავდიოდი…

——————————————-

ამავე თემაზე:

ინტერვიუ „ოპოზიციური ერთობის“ შუახევის მერობის კანდიდატთან, შეგიძლიათ ნახოთ აქ:

„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: