ჰომოფობიური აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ძალადობენ – ქარტია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს  თავს დაესხნენ, სცემეს ჟურნალისტებს და დაუმტვრიეს ტექნიკა. თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

ქარტიის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები დევნიან და ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზე. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხო საქმიანობა

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ. დღის 12:00 საათისთვის აღვნუსხეთ ძალადობის შემდეგი ფაქტები:

  • ტელეკომპანია „პირველის” ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა;
  • ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • სცემეს „ფორმულას” სხვა გადამღები ჯგუფი – გიორგი გაბუნია და ლექსო ხომასურიძე;
  • „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები;
  • თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს „ტაბულას” ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური, წარწერით „პრესა”.
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას.
  • თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს.

ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისაგან და ძალადობისგან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს“.

___

მთავარი ფოტო: ტვ პირველის ნაცემი ოპერატორი

ზღვა 25 გრადუსამდე გათბა – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 7-8 ივლისს, აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

მეამამ ბათუმში ბრენდული სივრცე და მეამა ქოლექთის ახალი ობიექტი გახსნა

“მეამა” საქართველოში ამკვიდრებს კაფსულის ყავის შეძენისა და მოხმარების ახალ, თანამედროვე მიდგომებს და ქმნის ყავის მიღების განსხვავებულ და ინოვაციურ კულტურას – ეს ყველაფერი კი ბათუმში უკვე სრული კონცეფციით იქნება წარდგენილი. სრული კონცეფცია საზღვაო და მნიშვნელოვან ტურისტულ ქალაქში მეამას სივრცისა და ე.წ. takeaway ობიექტების – „მეამა ქოლექთის” გახსნას გულისხმობს. მეამა ქოლექთის სამი ობიექტი ბათუმში უკვე გაიხსნა, ამჟამად კი ადგილობრივები მეამას პროდუქციის შეძენას ბრენდულ სივრცეში და ქოლექთის კიდევ ერთ, ახალ ობიექტში შეძლებენ, სადაც მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად, საინტერესო გამოცდილებასაც გაიზიარებენ.

მეამა ქოლექთის ახალი სივრცე ბათუმში
მეამა ქოლექთის ახალი სივრცე ბათუმში

სივრცეში მისულ მომხმარებელს “მეამას” კვალიფიციური ელჩები სრულყოფილ ინფორმაციას გააცნობენ პროდუქციის შესახებ და მათთვის სასურველი გემოსა და პროდუქტის შერჩევაში დაეხმარებიან.

სივრცეში მომხმარებელს კაფსულის ყავისა და ჩაის მრავალფეროვან გემოებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მეამას ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის აპარატები, კაპუჩინატორი, ნალექიანი ყავა, სხვადასხვა სახეობის ბრენდირებული ჭიქები და სხვა მრავალფეროვანი აქსესუარები შეიძინონ. ასევე, მეამას ელჩების დახმარებით, სივრცეში მისულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი სახეობის პროდუქტი დააგემოვნონ, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.

მეამა ქოლექთის ახალი სივრცე ბათუმში
მეამა ქოლექთის ახალი სივრცე ბათუმში

მეამას სივრცე ბათუმის ცენტრალურ უბანში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს და გიორგი ხმალაძის მიერ შექმნილი მისი გამორჩეული დიზაინი ორგანულად ერწყმის არსებულ გარემოს.

ბრენდული სივრცის ინტერიერში მინა, ხე და ქვა გამწვანებასთან და შესაბამისად შერჩეულ ინტერიერის განათებასთან ერთად მყუდრო გარემოს ქმნის.

ბათუმში გახსნილი მეამას სივრცე კომპანიის რეგიონური განვითარების პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილი აქვს ბრენდული სივრცეები თბილისსა და ქუთაისში. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მეამა ქოლექთის ობიექტების რაოდენობის ზრდაც და უკვე ბათუმის ახალი ობიექტის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 12 ქოლექთი ფუნქციონირებს. ქოლექთის ახალი ობიექტი გაიხსნა ასევე ერას მოედანზე, სადაც განსაკუთრებული გემოების მოყვარულები ყავის ეგზოტიკური კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებენ. ქალაქში სეირნობა და ახალი ადგილების აღმოჩენა არომატულ ყავასთან ერთად კიდევ უფრო სასიამოვნოა, ბათუმში კი მეამა ქოლექთი ამ გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესო ელფერს შესძენს.

მეამა ქოლექთის ახალი სივრცე ბათუმში
მეამა ქოლექთის ახალი სივრცე ბათუმში

მიმდინარე წელს მეამა მნიშვნელოვან სიახლეებს გეგმავს, შესაბამისად ახალი ლოკაციები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონს კიდევ დაემატება, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში შექმნილი პროდუქცია.

შეწყდეს ძაღლების ნაგავსაყრელზე გადაყრა – აქცია ბათუმში ცხოველების დასაცავად

დღეს, 5 ივლისს, ბათუმის მერიის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი მერიას ცხოველთა უფლებების დაცვას და კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ, რადგან მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კერძო პირებს ჯერ აჰყავთ ძაღლი, შემდეგ კი ქუჩაში ტოვებენ.

„კანონი თუ არ გამკაცრდა ძაღლების მიტოვებაზე, ისე არაფერი გამოვა“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის ნაგავსაყრელზე დაახლოებით 300-მდე ძაღლია.

ცხოველთა უფლებადამცველებმა მერიის წინ აქცია გამართეს

„ძაღლების მოვლა-პატრონობაზე მერიის ბიუჯეტიდან იხარჯება თანხები, თუმცა ძაღლები მოუვლელი და უპატრონოდ არიან ქუჩაში მიტოვებული. ჩვენ დღეს მოვითხოვთ, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს მერიამ გადაწყვეტილება დაპირებული თავშესაფრის მშენებლობაზე, ასევე შეწყდეს ცხოველების მასიურად გადაყრა,“ – ამბობს თამარ ხონელიძე.

აქციის მონაწილეები კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებენ მერიას.

„შეწყდეს დაუსაბუთებელი საჩივრების საფუძველზე ცხოველების ტერიტორიიდან გამოყვანა, აღირიცხოს სოფლად მცხოვრები ყველა ცხოველი, მოხდეს გასტერილება და დაჩიპვა, რომ შემდეგ ადვილად მოხდეს იმის იდენტიფიცირება, თუ რომელმა მეპატრონემ მიატოვა ძაღლი და იმის გარკვევაც, ნაგავსაყრელზე ვინ გადააგდო ცხოველი,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გვანცა შავიშვილმა.

გვანცა ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ რვა ლეკვი გადაარჩინა, რომლებიც წებოვანი ლენტით იყვნენ შეკრული და გადაყრილი. „ყველა მკვდარი იქნებოდა, მე რომ არ მეპოვა“- ამბობს ის.

ცხოველთა უფლებების დამცველები კანონების გამკაცრებას მოითხოვენ

„ქუჩის ძაღლებს ძალიან არაჰუმანურად ეპყრობიან  ადამიანები და მერიასაც არასწორი პოლიტიკა აქვს მათ მიმართ. ქუჩის ცხოველების ნაგავსაყრელზე გადაყრა არ არის გამოსავალი. მესმის, რომ ტურისტული ქალაქია და შეიძლება ვიღაცას აწუხებდეს, მაგრამ ის გზები, რასაც ქუჩის ძაღლების მოსაშორებლად იყენებენ, არსად არ გვხვდება მსოფლიოში.

ცხოველებს სჭირდება თავშესაფარი, კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. პროგრამებიც არის გაწერილი, შეთავაზებებიც არის ცხოველთამოყვარული საზოგადოებისგან მერიას, თუმცა ჩვენც დავიღალეთ იმით, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ვერ ვეხმარებით ცხოველებს. როდემდე უნდა ვიყოთ ასე,“ – ამბობს ლიკა კალატოზი.

გუშინ ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოველების მოყვარულები იყვნენ  გასული და საკვები და წყალი გაუტანეს ძაღლებს. ნაგავსაყრელზე ათობით ძაღლია გადაყრილი და დაავადებული.

ბათუმის ნაგავსაყრელზე ათობით ძაღლია გადაყრილი.

„ვერ აღწერთ, რაც იქ ხდება, ცხოველები ღია ცის ქვეშ არიან, წყლის გუბეებში იხრჩობიან წვიმის დროს, ლპებიან დაავადებებისგან“ – ამბობს თეონა ყურშუბაძე, რომელიც აქციის დროს მერის მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ჩიქოვანს შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თეონა ყურშუბაძემ აღნიშნა, რომ მერიისგან დაპირებები მიიღო.

ბათუმის ნაგავსაყრელი

„გვითხრეს, რომ ნაგავსაყრელზე გავა მონიტორინგის ჯგუფი და შეისწავლიან მდგომარეობას. პირველი, რაც ამ წუთისთვის უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ცხოველების ყოფა-ცხოვრება შემსუბუქდეს, გადაიხუროს რაღაც ტერიტორია, რომ ძაღლები ღია ცის ქვეშ არ იყვნენ,“ – ამბობს ყურშუბაძე.

მისი თქმით, ეს არ იქნება მერთან ერთჯერადი შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი თვალს მიადევნებენ პროცესებს.

 

“ბოტანიკოში” ყველა ბინა ჭკვიანი სახლის სისტემით იქნება აღჭურვილი

„მწვანე კონცხი ბოტანიკოსა“ და „სმარტერს“ შორის თანამშრომლობა შედგა, რის ფარგლებშიც ბოტანიკოს ყველა ბინა თანამედროვე, ჭკვიანი სახლის სისტემებით იქნება აღჭურვილი. “ჭკვიანი სახლი” თანამედროვე არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული სისტემა მომხმარებელს ერთდორულად შესთავაზებს ენერგოეფექტურ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, რაც აისახება სრულად ავტომატიზირებულ საცხოვრებელ სივრცეში, რომლის დისტანციური მართვაც შესაძლებელი იქნება დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან.
უფრო დეტალურად, კი „მწვანე კონცხი ბოტანიკო“-ს ბინებში ჭკვიანი სახლის შემდეგი სისტემები დაინერგება:

კარის ჭკვიანი საკეტი
კარის ჭკვიანი საკეტი

• კარის ჭკვიანი საკეტი – კარის საკეტი საშუალებას მოგცემთ, დაივიწყოთ გასაღების არსებობის შესახებ. მისი გაღება ერთდროულად შესაძლებელია: თითის ანაბეჭდის, კოდისა და ბარათის მეშვეობით. ეს არის ჭკვიანი სახლის ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება, რომელიც ერთდროულად პასუხობს კომფორტისა და უსაფრთხოების უახლეს სტანდარტებს.

• გათბობა-გაგრილების ავტომატური კონტროლი – ჭკვიანი სახლის ძალიან პრაქტიკულ ნაწილს წარმოადგენს. აპლიკაციაში სასურველი ტემპერატურის მითითების შემდეგ სახლში მიიღებთ სასურველ ტემპერატურას. ამ კომფორტის მისაღებად საკმარისია თქვენ სმარტფონში გახსნათ ჭკვიანი სახლის აპლიკაცია და მიუთითოთ სასურველი ტემპერატურა.

• პულტზე მომუშავე ტექნიკის ავტომატიზირება – ტელევიზორი, კონდიციონერი, აუდიო სისტემა თუ ნებისმიერი ტექნიკა რომელიც მართვადია სამართავი პულტით, შეგეძლბათ ჩაანაცვლოთ აპლიკაციით და აკონტროლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

• განათების ავომატიზირება – გულისხმობს განათების მართვას, როგორც არსებული ტრადიციული მეთოდით, ისე დისტანციურად, მანძილის შეუზღუდავად

• ჭკვიანი ჰაბის სისტემა – წარმოადგენს ჭვიანი სახლის მართვის ცენტრს. იმ შემთხვევაში თუ ბოტანიკოს მობინადრეები მომავალში მოინდომებენ ჭკვიანი სახლის სხვადასხვა დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებას, მათ ამისათვის უკვე მზად ექნებათ მართვის ცენტრი.

“მწვანე კონცხი ბოტანიკო“ მაქსიმალურდ არის მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჭკვიანი სახლის ელემენტები კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის ჩვენს მაცხოვრებლებს“ – ამბობს გიორგი კაპანაძე, “მწვანე კონცი ბოტანიკოს” დირექტორი.

„კომპანია „სმარტერი“ 2016 წელს დაარსდა და ლიდერია მათ შორის, ვინც ჭკვიანი სახლის ინოვაციურ იდეას ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის. ჩვენი აპლიკაცია მაქსიმალურად გამარტივებულია და ხელმისაწვდომია, როგორც ინგლისურ ასევე ქართულ ენაზე. ჭკვიანი სახლი თანამედროვე დეველოპმენტის განუყოფელი ნაწილია, რომელიც პასუხობს ცხოვრების ახალ სტანდარტს“ – აცხადებს დიმიტრი აბულაძე, სმარტერ ბიზნეს ჯგუფის მმართველი.

შეგახსენებთ, რომ „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება. კომპლექსის მთავარი ხიბლი ბინებიდან გაშლილი განუმეორებელი ზღვის პეიზაჟები და მშვიდი, კენჭებიანი სანაპიროს სიახლოვეა. საცხოვრებელი ფართები ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინიდან ზღვაზე 180-გრადუსიანი ხედი იშლება. აღნიშნული პროექტი შედგება ორი დამოუკიდებელი 6-სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან, რომელშიც განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული 80 ბინა.

კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2022 წლის ბოლოს მობინადრეებს სრულად გარემონტებული ბინები ჩაბარდება.

რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული!

რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული – ხო, ზუსტად ასე უნდა დამერქმია ამბისთვის, რომელსაც ჩემზე და წიგნებზე მოვყვებოდი. ფრენკ ზაპა ორიგინალ ციტატაში ამბობს, რამდენი წიგნია და რა ცოტა დროო. ახლა კი არის ცოტა დრო, მაგრამ როცა ბევრი დრო მქონდა, ფული თითქმის არ იყო წიგნების საყიდლად.

სახლში ერთადერთი თარო გვქონდა, რომელზეც რამდენიმე ფურცლებგაყვითლებული (ბათუმში ნესტის გამო წიგნის ფურცლები ისეც სწრაფად ყვითლდება და ძველი თუა, ხომ მით უმეტეს) წიგნი ელაგა. თარო მაღლა ეკიდა, ცოტა რომ წამოვიზარდე, ხელის აცეცებით ერთი წიგნი ჩამოვიღე – “ნუ მოკლავ ჯაფარას” პირველი გამოცემა იყო. ბუნდოვნად მახსოვს, რომ მთავარი გმირი ძალიან პატარა იყო, როცა უკვე დამოუკიდებლად კითხულობდა. მეც მომინდა ასეთი გმირი ვყოფილიყავი, დამოუკიდებელი მკითხველი.

ის შეხედულება, თუ რა და როგორი მინდოდა ვყოფილიყავი, ბევრჯერ შეიცვალა. საბოლოოდ ამის გამო ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე. მაგრამ ამ დროს სულ ჩემს საყვარელ ფანტასტ მწერალზე ვფიქრობდი, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ ბიბლიოთეკას შეეკედლა, უამრავი წიგნი წაიკითხა და შემდეგ თვითონ გვიამბო შესანიშნავი ამბები მარსის, მარსელების, ქვიშით დაფარული პლანეტების და უამრავი ძალიან ადამიანური მომენტის შესახებ, რომელიც შეიძლებოდა ღია კოსმოსში გადაგვხდენოდა თავს.

სწორედ ბრედბერის “მარსის ქრონიკის” პიონერ ქართულ გამოცემაში გადავიხადე ბოლო 2 ₾ და 60 თეთრი, როცა სრულიად სხვა ქალაქში ვსწავლობდი და ვმუშაობდი ძალიან დაბალი ანაზღაურებით. შესვენებებზე კიდევ სტამბოლში მოგზაურობაზე ვოცნებობდი და მაშინ ჩემმა მეგობრებმა ფამუქის “სტამბოლი” მომიტანეს სამსახურში. დღემდე არ წავსულვარ სტამბოლში, მაგრამ ამ წიგნის გამოისობით შემიძლია ვთქვა, რომ იქაურობას ძალიან ქვედა შრეებზე ვიცნობ.

განუზომელია ჩემს ცხოვრებაში წიგნების როლი. ნამდვილად განუზომელი. რამეს თუ მივაღწიე ცხოვრებაში, თუ იმაზე კარგი ადამიანი გავხდი, ვიდრე წინა დღით ვიყავი, თუ გადამწყვეტ მომენტში რამე კარგისკენ გადავდგი ნაბიჯი, სულ წიგნებში წაკითხული ამბების შთაგონებით მოხდა. სულ ვფიქრობ, უფრო ღარიბი რომ ვყოფილიყავი, უფრო შორს რომ მეცხოვრა წიგნის მაღაზიიდან, ჩემს ქალაქში ბიბლიოთეკა რომ არ ყოფილიყო, პოლიტიკურ რეჟიმებს წიგნები რომ ბოლომდე დაეწვათ, მეყოფოდა კი განვლილი 24 წელი იმისთვის, რომ ამდენი ამბავი გამეგო? ამდენ კარგ ადამიანს შევხვედროდი? რა თქმა უნდა, არა.

ახლა კი ერთ ჩემს საყვარელ თამაშს შემოგთავაზებთ. წარმოიდგინეთ, რომ დროის მანქანა გყავთ. ნამდვილი მანქანა, ანუ კი არის წარმოსახვაში, მაგრამ მაინც ნამდვილია, ჰოდა, ამ მანქანაში შეგიძლიათ ჩაჯდეთ და საკუთარ თავს მიაკითხოთ, ისეთს როგორიც ბავშვობაში იყავით. რაიმეს წაღება რომ შეგეძლოთ, რას წაუღებდით თქვენს თავს?

სანამ მოიფიქრებთ, ჩემსას გეტყვით:

რამდენიმე ხნის წინ ასეთი “დროის მანქანით” მომიწია აჭარის ერთ ძნელად მისაგნებ სოფელში წასვლა, იქ ნამდვილად შევხვდი პატარა მარიამს. აი ზუსტად ეგ იყო, ბრედბერიზე ლაპარაკობდა ჩემსავით და ჰარი პოტერის წაკითხვა უნდოდა. მე კიდევ თან მხოლოდ 3 წიგნი მქონდა. ჰოდა, დავპირდი, რომ დანარჩენ 4 წიგნსაც წავუღებდი. ოღონდ ისაა, რომ ამ მანქანას კიდევ ბევრი სხვა წიგნიც სჭირდება. ჩვენ კი ფულის შეგროვება დავიწყეთ ჩვენი პატარა თავებისთვის, რომლებიც გაიზრდებიან, ისეთები, რომლებითაც აუცილებლად ვიამაყებდით ბავშვობაში.

YouTube video player

მთელი ეს ამბავი ამ ბავშვების გამო მოვყევი. ჩემი თავის გამოც, რომელიც, თუ დროში მარადიულად მეორდება მოვლენები, ახლა სახლში დედას ყველაფერში ეხმარება, რომ წიგნისთვის ფული მოაგროვოს.

ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წიგნები. დარწმუნებული ვარ, ერთი ზედმეტი ლარი ყველას გვაქვს იმისთვის, რომ რაღაც ჯადოქრობაში დავხარჯოთ.

ჰოდა, დაე ასეც მოხდეს:

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 4 ივლისის 21 საათიდან 5 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით  წვიმა და ელვა-ჭექა.

5 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23-28 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8-13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

ბათუმში ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

ბათუმში ზღვაში მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს, 4 ივლისს, მოხდა. მოზარდი იახტკლუბის მიმდებარედ ზღვაში ბანაობდა, რა დროსაც წყალში გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოზარდის ცხედარი უკვე ნაპოვნია.

ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პორტალი ისევ შეფერხებით მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველებს რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა შეფერხებებით.

დღეს, 4 ივლისს, საიტმა მუშაობა განაახლა, თუმცა შეფერხებებით. იმისათვის, რომ მოქალაქემ რეგისტრაცია გაიაროს, ხანგრძლივი ლოდინია საჭირო. თითოეული საფეხურის გავლას საშუალოდ 10-15 წუთი სჭირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პორტალი გუშინ, 3 ივლისს, უნდა გახსნილიყო, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში საიტი არ მუშაობდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც გაითიშა.

„24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი, გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერჯერობით ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებს. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ხარვეზების აღმოფხვრა, ამდენად ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე. როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მოგახსენებთ. გუშინდელი ინფორმაციით, ტექნიკოსებმა რამდენიმე საათი მოითხოვეს იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ამდენად, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, რამდენ ხანში აღმოიხვრება ხარვეზი,”-  თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

booking.moh.gov.ge-ზე შესულმა მოქალაქეებმა სპეციალური გრაფა უნდა შეავსონ, სადაც თავიანთ პირად მონაცემებს შეიყვანენ. მათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ სპეციალურ ნომერზე, 1522-ზე დარეკონ და ამ გზით დარეგისტრირდნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ, 2 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ COVID19 ჩინური წარმოების ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“  1 მილიონი დოზა შემოიტანეს საქართველოში.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს იწყება, ხოლო უშუალოდ ვაქცინაცია ორშაბათს, 5 ივლისს, დაიწყება. ცნობილია, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია თავდაპირველად ორკვირიან პერიოდზე გაიხსნება. ორი კვირის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაციაც.

დადასტურდა კორონავირუსის 1 026 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 3 ივლისი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 381 პირი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 353 612 ადამიანი, ხოლო ვირუსით დაიღუპა 5 347 პირი.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 002 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 024 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 978 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 633 შემთხვევა
  • აჭარაში – 38
  • იმერეთში – 105
  • ქვემო ქართლში – 52
  • შიდა ქართლში – 44
  • გურიაში – 5
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 44
  • კახეთში – 81
  • მცხეთა-მთიანეთში – 15
  • სამცხე-ჯავახეთში – 7
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 063 საიდანაც: 2 907 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 639, აჭარაში – 167, იმერეთში – 381. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 620 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 31, იმერეთში -145. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 159 პირი, მათგან თბილისში – 110, აჭარაში – 7, იმერეთში – 8. 747 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 553 – თბილისში, 182- აჭარაში. 6 409 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – 4. სულ  6 ოქტომბრიდან – 2 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 919 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 187 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 513, პირი, აჭარაში – 623, იმერეთში – 779.

 

წიგნებს შეუძლია ბავშვების გადარჩენა – დაეხმარე „მოგზაურ ბიბლიოთეკას“

დავიბადე სოფელ დიდაჭარაში და მესამე კლასამდე ადგილობრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ბაღში არასდროს მივლია. ჩემი პირველი წიგნები სკოლის სახელმძღვანელოები იყო. არ მახსენდება ჩემთვის ზღაპრები წაეკითხათ. ზღაპრის წიგნებიც არ გვქონდა.

გამუდმებით გავრბოდი სახლიდან – გავიპარებოდი და თვალის დახამხამებაში, სოფლის მეორე ბოლოში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. არ მიყვარდა სახლში ყოფნა. მეტიც – მძულდა! ჩემი გაპარვის ამბავი რომ მალე ვერ გაეგოთ, ფეხსაცმელს კართან ვტოვებდი ხოლმე, აქაოდა შინ ვარ-მეთქი და ფეხშიშველი მივდიოდი. სკოლაში სიარული რომ დავიწყე ეს იყო ერთი დღესასწაული.

რომ გითხრათ, წიგნების არქონა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა იყო-მეთქი – მოგატყუებთ. მაგრამ მჯერა, მაშინაც კი წიგნებს შეეძლო ჩემი გადარჩენა. შეეძლო ძალადობის, გულგრილობისა და უსამართლობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების გადარჩენა, იმ ჩაკეტილი წრის გარღვევა, რომელზეც წლებია ვტრიალებთ.

PISA-ს კვლევის თანახმად, სოფლად მცხოვრები ბავშვები 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში. ეს სკოლაში სწავლის დაახლოებით 1,5 წელს უთანაბრდება. ჩვენ ვაპირებთ ეს სურათი შევცვალოთ აჭარაში.

ვისაც შეგიძლიათ და გსურთ, მხარი დაგვიჭირეთ ამ საქმეში: გადმოგვირიცხეთ 1 წიგნის თანხა ან სულაც 1 ლარი, რომ შევცვალოთ უთანასწორობა – სოფლად მცხოვრებ ბავშვებს აქვთ წიგნის წაკითხვის უფლება. გადმორიცხე:https://orbelianimeti.ge/…/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92…

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, ბავშვების 44%-ს საქართველოში 3 საბავშვო წიგნიც კი არ აქვს.

არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც მე-3 კლასში, სოფლის სკოლის შემდეგ, ქალაქის სკოლის საკლასო ოთახში აღმოვჩნდი. ყველაფერი მაოცებდა. გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი სხვა ბავშვებს, თან ვემზადებოდი, რომ თავი გამომეჩინა, მე ხომ ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი. გეგმაც ეს იყო – ყველა დაინახავდა, რა ჭკვიანი ვარ და ყველას მოუნდებოდა ჩემთან მეგობრობა.

სამწუხაროდ, კოვზი ნაცარში ჩამივარდა, როდესაც უცხო ენის მასწავლებელი შემოვიდა და ბავშვებმა ჩემთვის გაუგებარ ენაზე დაიწყეს საუბარი. ერთმანეთს არ აცლიდნენ მასწავლებლის მიერ ნათქვამი ქართული სიტყვების თარგმნას. შემდეგ ერთმა ლექსიც წაიკითხა და ბოლოს თქვა – „ეს ბაღში ვისწავლე“. შემძულდა ის საგანი. მძულდა ყველა წუთი, რომელსაც იმ გაკვეთილზე ვატარებდი. მძულდა, როცა იძულებული ვიყავი რამე მეთქვა, რადგან ყველას ეცინებოდა ჩემს გამოთქმაზე.

უთანასწორო გარემო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მომავალს იპარავს.

ერთადერთი გზა ამის შესაცვლელად, განათლებაა, კითხვა, წიგნები. სწორედ ამიტომ შეიქმნა „მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომელიც აჭარის მაღალმთიან სოფლებში იმოგზაურებს და ბავშვებსა და მოზარდებს ახალ წიგნებს ჩაუტანს.

სოფლებში, სადაც ხშირად ბაღი, კინო, წიგნის მაღაზია, ინტერნეტი და არაფორმალური განათლების მრავალფეროვან შესაძლებლობებზე წვდომა უბრალოდ არ არსებობს, ბავშვებსა და მოზარდებს არ აქვთ შანსი საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

წიგნები და კითხვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა იმ უნარების შესაძენად, რაც მათ განვითარებისათვის კრიტიკულად სჭირდებათ, მაგრამ მაღალმთიანი აჭარის მხოლოდ რამდენიმე სოფელშია ბიბლიოთეკა და ამ ბიბლიოთეკების რესურსი მოძველებული და მწირია.

იქ კი, სადაც სასოფლო ბიბლიოთეკები არაა, სკოლამდელი ასაკის ბავშვების ოჯახებში საბავშვო ლიტერატურა, რაც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი და ამავდროულად საკმაოდ ძვირია, თითქმის ვერ აღწევს. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა იმ სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღები არ არის.

წარმოიდგინეთ, რამდენჯერ ანახლებთ თქვენი ტელეფონის პროგრამებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეფონი ვერ ჰყვება განახლებულ, გაზრდილ და შეცვლილი ინფორმაციას, ჭედავს და უსარგებლო ხდება. სწორედ ასე, კრიტიკულად აუცილებელია შევქმნათ და განვაახლოთ ბიბლიოთეკები სოფლებში – ამ სივრცეებმა უნდა მოახერხოს იმ უთანასწორობის აღმოფხვრა, რაც დღეს არსებობს სოფლად და ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის.

გვინდა ბავშვებს შანსი მივცეთ უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. ეს არის „მოგზაური ბიბლიოთეკის“ ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების მიზანი. ახლა შენ გვჭირდები.

დაგვეხმარეთ, რომ წიგნებით, განათლებით დავძლიოთ უთანასწორობა.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

საპატრიარქო თბილისი-პრაიდის კონტრაქციას აანონსებს და ისევ ელჩებს აკრიტიკებს

საქართველოს საპატრიარქო თბილისში, 5 ივლისს დაგეგმილი პრაიდის პარალელურად აქციას აანონსებს. ჰომოფობიური შინაარსის მქონე განცხადება, საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში გაკრიტიკებულია საქართველოში აკრედიტირებული საელჩოები და ევროპარლამენტარები.

“29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ “თბილისი-პრაიდის” ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან. იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში. ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.

ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. “პრაიდის” მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს. ყოველივე ამაზე კი, პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ,” – ნათქვამია განცხადებაში.

შშმ პირები ზღვაში ბანაობას ბათუმში, გრიბოედოევის გასწვრივ პლაჟზეც შეძლებენ [ფოტო]

ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ადაპტირებული პლაჟი სანაპიროზე გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მდებარეობს.

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, პლაჟზე მისულ დამსვენებელს, ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე, გასახდელი და ოთხი ტივტივა ეტლი დახვდება. პლაჟზე ასევე იქნება პერსონალი, რომელიც შშმ პირებს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს.

ფოტო: ბათუმის ბულვარი

ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.

ბათუმის სანაპიროზე ეს უკვე მეორე ადაპტირებული პლაჟია. კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟი ბულვარის დასაწყისში, რესტორან „ძველი გემის“ გასწვრივაა მოწყობილი.

ადაპტირებული პლაჟი ფოტო: ბათუმის ბულვარი

არ მუშაობს პორტალი, რომელზეც “სინოფარმით” ასაცრელად რეგისტრაციაა შესაძლებელი

არ მუშაობს პორტალი, რომელზეც დღეს, 3 ივლისს “სინოფარმის” ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო.

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე შესვლისას მომხმარებელს შემდეგი ტექსტი ხვდება: “გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის”.

საიტზე რეგისტრაცია დღის 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რატომ არ მუშაობს პორტალი? – დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა, სადაც სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ამ დრომდე  [13:00 საათი] ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება თუ რატომ არ მუშაობს საიტი.

მოქალაქეთა ზარებს არ პასუხობენ არც სპეციალურ ნომერზე [ 1522-ზე], რომელიც იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებიც ინტერნეტით ვერ ახერხებენ რეგისტრაციას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ, 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ COVID-19 ჩინური წარმოების ვაქცინების “სინოფარმის” და “სინოვაკის”  1 მილიონი დოზა შემოიტანეს საქართველოში.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს უნდა დაწყებულიყო, ხოლო უშუალოდ ვაქცინაცია ორშაბათს, 5 ივლისს დაიწყება. ცნობილია, რომ “სინოფარმის” ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია თავდაპირველად ორ კვირიან პერიოდზე გაიხსნება. ორი კვირის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება “სინოვაკის” ვაქცინაზე რეგისტრაციაც.

განახლება:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაზე რეგისტრაციის პორტალის გათიშვის მიზეზი კიბერშეტევაა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.

https://netgazeti.ge/news/552006/

 

“სილქფესტი“ მომხმარებლებს მთელი თვით ულიმიტო პირობებს სთავაზობს

3 და 4 ივლისს სილქნეტი მობილური ქსელის აბონენტებს  ულიმიტო სასაუბრო და  ინტერნეტ პაკეტებს თავაზობს. 

კომბინაციით *202# აბონენტი (ფიზიკური/იურიდიული) 30 დღით გაიაქტიურებს:

[checklist]

  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + 10 GB ინტერნეტი 18 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + ულიმიტო ინტერნეტი 25 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე

[/checklist]

პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1მბ-ის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.

*პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია

**სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების მოკლე ნომრებზე. 

ბათუმში 12 ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში 12 ქუჩაზე და მათ მიმდებარე შესახვევებზე წყალმომარაგება საღამოს  რვა საათამდე შეწყდება.
„ავარიული დაზიანების გამო 11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: აღმაშენებლის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, რურუას ქუჩა, ხახულის ქუჩა, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა და ჩიხები, აეროპორტის გზატკეცილი, მესხეთის ქუჩა, მარეთის ქუჩა, ხასან ხილიმიშის ქუჩა, ევდემოზ დიასამიძის ქუჩა, ანგისის I შესახვევი,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. მიმოხილვის შემდეგ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომაგდენლების მონაწილეობით, პანელური დისკუსია ჩატარდა. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პუბლიკაციის წარდგენისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი.

თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ-ის ზრდა მოსალოდნელზე ძლიერია – რეალური ზრდა 2021 წელს დაახლოებით 10.5% იქნება, 2022 წელს კი – 6.5%.

კვლევის თანახმად, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 40% 2021 წელს აღდგება, 2022 წლის მაჩვენებელი კი 2019 წლის 90%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ არის განპირობებული ტურისტული შემოსავლების აღდგენით. ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვაქცინაციაა. საქართველოს ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებში ვაქცინაცია არათანაბრი ტემპით მიმდიარეობს – ისრაელში და ევროკავშირის ქვეყნებში პროცესი – სწრაფი, ახლო რეგიონის ქვეყნებში კი ნელი ტემპით. საქართველოში მოსახლეობის 5,6%-მა უკვე მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. 30%-ს კი გარკვეული ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს ვირუსის წინააღმდეგ.

ინფლაცია 2021 წლის ბოლოსთვის 7.4%-ს მიაღწევს, 2022 წლისთვის კი 3%-იან სამიზნე ნიშნულზე დაბალი იქნება. ინფლაციის შემცირებისა და ტურისტული შემოდინებების სრულად აღდგენის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებაა მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალი დოლარი/ლარის კურსს წლის ბოლოსთვის 3.0-3.3 ინტერვალში ვარაუდობს.

პუბლიკაციის სექტორული ნაწილის თანახმად, გლობალურად, აქციების ფასების მიხედვით, სექტორების უმეტესობა ზრდას განაგრძობს. კრიზისამდელ დონეს მხოლოდ ავიაციის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიები ჩამორჩება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკის აღდგენისა და იჯარის შემოსავლიანობის გაუმჯობესების გათვალისწინებით, გაყიდვები კრიზისამდელ ნიშნულს 2021 წელს გადააჭარბებს.

შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება დიდი სასტუმროების დატვირთულობაში. თუმცა, კვლავ დაბალი მაჩვენებელი რჩება მცირე და საშუალო სასტუმროებში.

„თიბისი კაპიტალის პუბლიკაციები ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია მდგომარეობის შესაფასებლად და საკუთარი საქმიანობის უკეთ დასაგეგმად. კრიზისული პერიოდის შემდეგ, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – აღდგენის პერიოდი დადგა, სადაც ჩვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. იმისთვის, რომ ეკონომიკის აღმავლობისა და გაუმჯობესების ეტაპს მომზადებულები შევხვდეთ, სექტორული და მაკრო მიმოხილვები თიბისი კაპიტალის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პირველივე დღეებში უპასუხა და პირველები ვიყავით, ვინც ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად დისტანციური ვებინარი ჩაატარა. 1 წლის შემდეგ კი, რეგულაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, ფიზიკურ სივრცეში კვლავ პირველებმა ვუმასპინძელთ ჩვენს პარტნიორებს“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: tbccapital.ge

ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს

„სახლები დაიბზარა, გვეშინია დაძინების, მაგისტრალი ჩვენს აივნებზე შემოდის პირდაპირ, ხმაურია აუტანელი, მტვერი…“ – პრობლემების ჩამონათვალი დიდი აქვთ სალიბაურში მცხოვრებ ადამიანებს. მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როცა დაახლოებით ორი წლის წინ სახლების აივნებისა და ეზოების პირდაპირ ბათუმის შემოვლითი გზა გაიყვანეს. მანამდე სალიბაური ერთი მშვიდი და ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელი იყო.

15 ოჯახი, რომლებსაც ახლა უკვე ცხოვრება მაგისტრალთან უწევთ, პერმანენტულ აქციებს მართავს. ისინი განსახლებას ითხოვენ. პროტესტის ფონზე, ჯერჯერობით, შეაჩერეს შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები. იქ, სადაც მძიმე ტექნიკა უნდა მუშაობდეს, ახლა კარვებია გაშლილი.

კარვები ბათუმის შემოვლით გზასთან, სოფელი სალიბაური
აქცია ბათუმის შემოვლით გზასთან

12 ოჯახი კორპუსში ცხოვრობს, სამი ოჯახი – კერძო სახლებში. აქ ნებისმიერი გეტყვით: „წამოდით, ჩემი სახლის კედლებიც ნახეთ“. სალიბაურში მცხოვრები ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ ბზარები სახლის კედლებზე შემოვლითი გზის მშენებლობამ და მძიმე ტექნიკის მუშაობამ გააჩინა. მათთვის ცხოვრება საშიში გახდა და არც კი უნდათ იმ ვითარების  წარმოდგენა მას შემდეგ, როცა ავტობანი გაიხსნება და აივნებიდან შეხედავენ ავტომანქანების მოძრაობას.

მერი ტაკიძე

„ეს ჩემი აივანია, მაგისტრალის მტვერი და ხმაური პირდაპირ ჩამოვა აქ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ზანზარებს ყველაფერი, როცა მძიმე ტექნიკა მუშაობს,“ – გვიყვება მერი ტაკიძე და სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადადის, ყველა ოთახში შედის და დაბზარულ კედლებს გვაჩვენებს.

მერი ტაკიძის თქმით, ექსპერტები მასთანაც იყვნენ, თუმცა დასკვნის შესახებ ჯერ არაფერი იცის. მერი ყურადღებას ამახვილებს ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებაზეც.

„მეზობლის ბავშვი გაგვიხდა ავად, აღარ თამაშობდა… ექიმმა თქვა, ტყვიის შემცველობა აქვს მაღალი, 24.8 პროცენტიო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ესაა, ჯანმრთელობა. ახლა რომ ეს მაჩვენებელია, მერე რა იქნება?“ – კითხულობს მერი და მეზობლებსაც გასძახის, სხვა დაბზარული კედლებიც რომ გვაჩვენონ.

ბზარები მაგისტრალთან ახლოს მდებარე მაღაზიის კედელზე. მაგისტრალთან მცხოვრები ადამიანების თქმით, შემოვლითი გზის მშენებლობის შემდეგ ბავშვებში ტყვიის შემცველობა გაიზარდა. 
მაგისტრალი საცხოვრებელ კორპუსთან

კარვებთან შეგვხდა სეფიე ივანაძეც. ამბობს, რომ მის მიწის ნაკვეთს იყენებენ მაგისტრალის მშენებლობისთვის, მაგრამ ზიანი არავინ აუნაზღაურა.

„ამ მიწას ჩვენ ვამუშავებდით 30 წელია, მითხრეს 1000 ლარს მოგცემთო, მაგრამ უარი ვთქვი. სიმინდს ვთესავდით, ხეხილი მქონდა. ახლა არაფერი, რით ვიარსებოთ?“ – კითხულობს სეფიე ივანაძე.

სეფიე ივანაძე

ექსპერტიზის დასკვნა აქვს მზიური ზოსიძეს, თუმცა დასკვნას არც ამ ოჯახში შეუცვლია რამე უკეთესობისკენ.

„2 წლის წინ მოვიდნენ და ხელშეკრულებებიც გაგვიფორმეს. გვითხრეს, რომ თუკი რაიმე ზიანი მოგვადგებოდა, აგვინაზღაურებდნენ, მაგრამ ახლა არავინ გვაქცევს ყურადღებას, არავის აღარ უნდა ჩვენი მოსმენა, აჭარის ეკონომიკის მინისტრთანაც მივედით და არ მოგვისმინა,“ – ამბობს მზიური ზოსიძე. მან საკუთარი სახლის დაბზარული კედლები გვაჩვენა და ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც „დაზიანებების გაჩენა შესაძლოა გამოეწვია ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას“.

ბზარები მზიური ზოსიძის სახლში

ექსპერტიზის დასკვნაში წერია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: „საცხოვრებელი შენობები პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საავტომობილო გზებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა“, – წერს ექსპერტი და იქვე მიუთითებს, რომ ეს კონკრეტული სახლი ხიმინჯებიდან 27-35 მეტრითაა დაშორებული. აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას გზების დეპარტამენტში არ ცნობენ.

„დისტანცია უნდა იყოს 25 მეტრი. არ ვიცი, რატომ დაწერა ეს ექსპერტმა, ექსპერტს ჰკითხეთ,“ – გვითხრა საქართველოს გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ უჯმაჯურიძემ.

გზების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნები არ არის სამართლიანი. აქ ექსპერტიზის დასკვნის ერთ სიტყვაზე აკეთებენ აქცენტს – „შესაძლოა“.

„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ეს დაზიანებები შესაძლოა იყოს გამოწვეული შემოვლითი გზის მშენებლობით. ჩვენ შევთავაზეთ ამ მოქალაქეებს მონიტორინგის განხორციელება, ანუ შესაბამისი ნიშნულებით მონიშვნა, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ. რაც შეეხება კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს, ამ შემთხვევაში ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, რაც ჯერ მზად არ არის… განსახლების მოთხოვნა ასე ვერ დაკმაყოფილდება, თუკი ის დოკუმენტით არ დადასტურდება,“ – განმარტავს მიხეილ უჯმაჯურიძე, გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსი.

რატომ არ შეისწავლეს ამ სახლების მდგომარეობა, ვიდრე შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყებოდა? – მიხეილ უჯმაჯურიძემ გვიპასუხა, რომ მანამდე ამის საჭიროება არ იყო. გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გვითხრა ისიც, რომ ხმაური და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლიც დასაშვებ ნორმაშია.

„იქ უნდა განხორციელდეს შემარბილებელი ღონისძიებები, რაც ქვეკონტრაქტორის ვალდებულებაა, მაგალითად, მორწყვა ინტენსიურად… ზედამხედველის მონაცემებით, ხმაური დასაშვებ ნორმაშია,“ – ირწმუნება გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რას აპირებს გზების დეპარტამენტი, როცა შემოვლითი გზის მშენებლობა შეჩერებულია და იქ კარვებია გაშლილი?

„მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ ჩვენ მივიღებთ კანონიერ გადაწყვეტილებას, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – აღნიშნა მიხეილ უჯმაჯურიძემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ არის პროტესტი სამართლიანი, თუ გზის მშენებლობის გამო ადამიანების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და სახელმწიფო მათ არაფერს სთავაზობს? – ესეც ვკითხეთ გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს.

„თქვენთან პოლემიკაში ვერ შემოვალ“, – დაგვემშვიდობა მიხეილ უჯმაჯურიძე.

ძიძების ხელფასია 800-1200, მომვლელების 700 ევრო – ემიგრანტი საბერძნეთიდან

ლია გრძელიძე იმ იშვიათი ემიგრანტების სიაშია, ვინც საბერძნეთში ჩასვლიდან დღემდე, უკვე 15 წელია ერთსა და იმავე ოჯახში მუშაობს დამხმარედ. სახლს უვლის, პროდუქტს ყიდულობს და სადილ-ვახშმებს ამზადებს. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან კოვიდპანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მის მდგომარეობაზე ისე მწვავედ არ უმოქმედია, როგორც ეს სამსახურდაკარგული სხვა  ქართველების შემთხვევაში მოხდა.

პანდემიის დასაწყისში, ისევე როგორც მსოფლიოს უამრავმა სხვა ქვეყანამ, საზღვრები საბერძნეთმაც დაკეტა და ქვეყანა ცხოვრების სულ სხვა რეჟიმზე გადავიდა. დაიკეტა ყველაფერი, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი ონლაინრეჟიმში გადავიდა.

ქართველი ემიგრანტი, ლია გრძელიძე ოჯახთან ერთად, სადაც ის დამხმარედ უკვე 15 წელია მუშაობს

საბერძნეთში 15 წლის წინ ემიგრირებული ლია გრძელიძე ქვეყნის ახლანდელ მდგომარეობაზე გვიამბობს. როგორც ის ყვება, საბერძნეთში პანდემიის პირველი ტალღა 2020 წლის დასაწყისში განსაკუთრებით მძიმე იყო ქართველი ემიგრანტების და ბერძნებისთვისაც.

„ქვეყნის ძალიან ბევრმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური მოულოდნელად. ეს პერიოდი ემიგრანტებისთვისაც უმძიმესი იყო. ბევრმა ოჯახმა საბერძნეთში მათთან დასაქმებული ემიგრანტები დაითხოვა, ხანდაზმულებს რომ გაფრთხილებოდნენ და მათთვის დაინფიცირება რომ აერიდებინათ თავიდან.

არ მოძრაობდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ვინც არ დაითხოვეს, ისინი იძულებულები გახდნენ თავად ეთქვათ უარი სამსახურზე, სადაც ვეღარ მიდიოდნენ.

ქართველებს აქ პატარა სასტუმროების მსგავსი ღამის გასათევები აქვთ გახსნილი, საბერძნეთში „გრაფიოებს“ ეძახიან. სამსახურდაკარგული ქართველი ემიგრანტები იქ მიდიოდნენ და რჩებოდნენ, იხდიდნენ დღე-ღამის გადასახადს, ბევრი შეიკედლეს კიდეც დასაქმებულებმა, ბევრიც საქართველოში დაბრუნდა.

ჩაკეტილობამ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა, ხალხი პანიკაში იყო, არ ვიცოდით რა გვეშველებოდა, არ ჩანდა ვირუსის საწინააღმდეგო არანაირი საშუალება მთელი წელი“, – ჰყვება ემიგრანტი.

მისივე თქმით, საბერძნეთი ძალიან მობილიზებული იყო და მომზადებული შეხვდა პანდემიის მეორე ტალღას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ვაქცინაციას, მოსახლეობის 65% უკვე აცრილია.

ლია ჰყვება, რომ სანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებდა, ბევრი ქართველი ემიგრანტი ურეკავდა და აფრთხილებდნენ, რომ ,,ვაქცინა საშიში იყო“.

„ამას ჩემზე არ უმოქმედია. შაქრიანი დიაბეტი მაქვს და როგორც კი გაიხსნა ჩემი ასაკობრივი კატეგორიისთვის აცრის პლატფორმა, ავიცერი. მეორე დოზას 5 ივლისისთვის ვიკეთებ და მერე თავისუფლად შემეძლება გადაადგილება. პირველი დოზის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია, თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი. მეორე დოზის შემდეგ კიდევ უფრო დაცული ვიქნები“, – ამბობს ლია.

გვიყვება, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად საბერძნეთის ეკონომიკასაც განიცდის პანდემიის გავლენას, ბევრი დაწესებულება ქვეყანაში ისევ დისტანციურად მუშაობს, დისტანციურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, გაძვირდა საკვები და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები.

თავად ლიას სამსახური არ დაუკარგავს და არც ხელფასი შეუმცირებიათ მისთვის. გვეუბნება, რომ არც სმენია, რომ რომელიმე ემიგრანტს ხელფასი შეუმცირდა. დამსაქმებლები, უბრალოდ, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ დასაქმებულებს პანდემიის პირველი ტალღისას.

ქართველი ემიგრანტი იხსენებს, როგორ დათვალეს და აღწერეს საბერძნეთში პირველი ტალღის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების რაოდენობა:

„პირველი ტალღის დროს უმუშევრებისთვის საბერძნეთის ხელისუფლება 800 ევროს გასცემდა დახმარების სახით, მეორე ტალღისას ეს სუბსიდია თვეში 500 ევრო იყო, შეღავათს უწევდნენ ქირით მცხოვრებ მოქალაქეებსაც, ქირის საფასურის 40 %-ს მათ სახელმწიფო უფინანსებდა. მიიჩნევა, რომ საბერძნეთი არ არის ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ როცა საქართველოს მდგომარეობას ვადარებ აქაურობას, აშკარად ჩანს: საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე“, – ამბობს ლია გრძელიძე. მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული უმუშევრობა საბერძნეთში ჯერ დაძლეული არ არის, მაგრამ ნელ-ნელა ადამიანები სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან.

„ბოლო დროს ბევრი შეტყობინება მომდის ტელეფონზე, რომ ეძებენ ძიძებს, შინ დამხმარე ქალებს და ხანდაზმულთა მომვლელებს. ძიძებს 800-დან 1200 ევრომდე სთავაზობენ ხელფასს, ხანდაზმულთა მომვლელების გასამრჯელო 700 ევროა – იმის მიხედვით, თუ რამდენდღიანი დასვენება გექნება თვეში“, – გვიყვება ის.

ლია ამ ზაფხულს შვებულების გატარებას საქართველოში აპირებს. როგორც ამბობს, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ექნება დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც თავისუფლად გადაადგილების, საზღვრების გადაკვეთის შესაძლებლობა ექნება. ბილეთი უკვე დაჯავშნილი აქვს.

როგორ ამოვიცნოთ მზის ალერგია? – ექიმის რჩევები

ექიმები გვირჩევენ, რომ შუადღის მზის პირდაპირ სხივებს სჯობს მაქსიმალურად მოვერიდოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც მზის გამო ალერგიული რეაქციაც კი უვითარდებათ. ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ზაფხულში.

  • ქალბატონო თათია, რა არის მზის ალერგია?
წყარო: mayoclinic

მზის ალერგია გახლავთ იმუნური სისტემის რეაქცია მზის სინათლეზე. მზეზე ყოფნისას, გარუჯვის შემდეგ, იმუნური სისტემა აქტიურდება და იწყება ე.წ.  იმუნური ანტისხეულების აქტივირება, რაც  გამოიხატება კანის შეწითლებით, იმავე ჰიპერემიით. შეიძლება იყოს შესივება, აგრეთვე კანის ზედაპირზე იყოს ნახეთქები, სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნა, ან შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიის სხვა ჩივილები, როგორიცაა: ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება.

ურტიკარია მზის ალერგიის ყველაზე მძიმე ფორმაა – პაციენტს მზეზე გასვლისას მომენტალურად შეიძლება დაეწყოს სიმხურვალე, ანთებითი, ჰიპერემიული გამონაყარი. ამის ყველაზე ცუდი გამოსავალი შესაძლოა იყოს ანაფილაქსიური შოკი. ასეთ დროს აუცილებელია ადამიანი სასწრაფოდ მოშორდეს მზეს და მიმართოს ექიმს.

  • როგორ განვასხვაოთ მზის ალერგია მზისგან დამწვრობისგან?

ალერგია შეიძლება დაიწყოს მზეზე გასვლიდან მომენტალურად, 24 საათის, ან 2-3 დღის შემდეგ, ხოლო მზით დამწვრობის შემთხვევაში, როცა მოხდება აქტიურად მზეზე ინსოლაცია, გარუჯვა, საღამოსვე უკვე გაქვს ანთებითი რეაქცია კანზე,  სიმხურვალის შეგრძნება, დამწვრობა. ამით განსხვავდება მზის ალერგია მზით დამწვრობისგან.

შესაძლოა დამწვრობის დროს სხვა სიმპტომებიც შეგვხვდეს – გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა,  სისუსტე, რაც ახლავს მზის დაკვრას, ანუ მზეზე დამწვრობის მდგომარეობას და ამ დროს აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა.

  • მზის ალერგია თვალებზეც ვლინდება?

მზის ალერგიის დროს შესაძლებელია განვითარდეს სიწითლე თვალებში, ანუ ხდება თეთრი სკლერებისჩასისხლიანება“. მზის ალერგიისას დამახასიათებელია ცრემლდენა და ქავილი თვალბუდის არეებში. ქავილი შეიძლება იყოს, როგორც გარედან კანზე, ანუ თვალბუდის ზედაპირზე, ასევე ლორწოვან გარსზე. ამ დროს აუცილებელია დამამშვიდებელი წვეთების გამოყენება.

როგორც წესი, ჯერ კანზე ვლინდება მზის ალერგია და შემდეგ გადადის თვალებზე.

  • თავისით გადადის მზიას ალერგია? და რამდენ ხანში?

ეს ინდივიდუალურია. მსუბუქი ფორმა შესაძლოა თავისითაც გადავიდეს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ მდგომარეობას ახასიათებს პოლიმორფული გამონაყარი, შეიძლება იყოს ჰიპერემია, ბუშტუკოვანი გამონაყარი, ნახეთქები, წვის შეგრძნება, რომელიც შეიძლება თავისით არც გადავიდეს და საჭირო გახდეს ექიმის ჩართულობა.

როცა დავინახავთ, რომ არის გამონაყარი, აუცილებელია ექიმი – დერმატოლოგის ჩართულობა, რათა დაინიშნოს სიმპტომურად თერაპია, გარეგანი საშუალებები, შეიძლება ჩართული იყოს ანტიჰისტამინები და აუცილებელია, რომ მზის დამცავი საშუალებები იყოს გამოყენებული.

Mayoclinic: მზისგან დამცავი კრემი წაისვით ყოველ ორ საათში ერთხელ – ან უფრო ხშირად, თუ ცურავთ ან ოფლიანობთ.

  • ვინ არიან რისკ-ჯგუფში?

მზის ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა მისი გამოვლენა უპირატესად დამახასიათებელია 20-დან 40 წლის ასაკამდე ჯგუფებში.

ზოგადად მზის ალერგიისადმი მიდრეკილნი არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია ფერის კანი, თმა ან/და მშრალი კანი და ასევე, ის პირები, რომლებიც ზოგადად არიან მიდრეკილნი ალერგიისადმი.

მზის ალერგიის ზუსტი ეტიოლოგია – რა იწვევს და საიდან მომდინარეობს – უცნობია, შეიძლება იყო გენეტიკური წინასწარგანწყობაც, შეიძლება იყოს შეძენილი, ან შესაძლოა პაციენტი იღებდეს ისეთ მედიკამენტებს (ანტიბიოტიკები, კონტრაცეპტივები), რომლებმაც შეიძლება გაართულოს და ხელი შეუწყოს ამ მდგომარეობას.

  • გამონაყარი და სხვა გამოვლინებები მზის ალერგიისას ვლინდება მხოლოდ იქ, სადაც მზის სხივები ხვდება?

უმეტესად ვლინდება ხილულ ნაწილებზე, სადაც მზე აქტიურად გვანათებს, თუმცა შესაძლებელია ისეთ ნაწილზეც შეგვხვდეს, რომელიც დაფარულია ტანისამოსით ან საცურაო კოსტიუმით, ასეთი შემთხვევებიც არის.

  • რა არის პრევენცია და პროფილაქტიკა?

პირველ რიგში უნდა შევამციროთ რისკი მზის ალერგიის განვითარების. რუჯის მიღება უნდა მოხდეს თანდათანობით, არა – ერთიანად.

მაგალითად, თავდაპირველად რამდენიმე წუთით უნდა გავიდეთ მზეზე, შემდეგ ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ ეს დრო, ოღონდაც აუცილებლად სწორ დროს – დილის 10 საათამდე და შემდეგ 4-ის მერე. ამავდროულად, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მზისგან დამცავი საშუალებები, აგრეთვე მზის ქუდი და მზის სათვალე.

რაც შეეხება კვების ნაწილს, რადგან პაციენტს ალერგიისადმი აქვს მიდრეკილება, რა თქმა უნდა, კვების რაციონში მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ალერგიული პროდუქტები (მაგალითად მარწყვი და სხვა წითელი ფერის პროდუქტები), რომლებმაც შესაძლოა უფრო გაართულოს ალერგიის ფონი.

Mayoclinic: გრძელმკლავიანი პერანგები და ფართოპირიანი ქუდები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი კანი მზისგან. ამავდროულად მოერიდეთ ქსოვილებს, რომლებიც ზედმეტად თხელია ან დიდი ნასვრეტები აქვს.

  • როგორია მკურნალობა?

ეს დამოკიდებულია მზის ალერგიის ფორმასა და სიმპტომატიკაზე. ამ დროს ინიშნება სიმპტომური მკურნალობა, იმის მიხედვით, თუ რა ჩივილები აქვს პაციენტს. ანუ ქავილის შემთხვევაში ქავილის მოსახსნელი, ანთების შემთხვევაში – ანთების მოსახსნელი საშუალებები.

რაც შეეხება განკურნებას, ჯერჯერობით მზის ალერგია ქრონიკულია, მაგრამ ხშირი რეციდივები (გამეორება) რომ არ გვქონდეს და ხშირად რომ არ გამოიწვიოს ასეთი რეაქცია კანზე, აუცილებელია მზის სხივებზე ყოფნა ზომიერი დროით და მზისგან დამცავი საცხების გამოყენება.

გაითვალისწინეთ, მზისგან დამცავი კრემი მზის ალერგიის დროს ეფექტურია, თუ ადამიანს იმ კონკრეტულ ნივთიერებებზეც არ აქვს ალერგია, რაც ამ კრემის შემადგენლობაშია.

ლიცენზიის გარეშე 2020 წელს 6 ბავშვთა პანსიონი მუშაობდა – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენციის გარეშე 6 დაწესებულება მუშაობდა, „ორს დროებით ჰქონდა საქმიანობის ლიცენზია შეწყვეტილი, ხოლო ოთხ დაწესებულებაში  არ დადასტურდა 24 საათზე მეტი ხნით ბენეფიციართა დაყოვნება“, – გვწერს სამინისტრო. „ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვა დაზუსტება, თუ რამდენი ბავშვთა პანსიონი არსებობს ქვეყანაში, თუმცა სამინისტრო კონკრეტულ ციფრს არ გვაწვდის. რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონს, სამინისტრო ამბობს, რომ მან ლიცენზია 2015 წელს განუსაზღვრელი ვადით მიიღო.

პანსიონები ლიცენზიის გარეშე

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ სკოლა-პანსიონებზე ლიცენზია არ გაცემულა. „სააღმზრდელო საქმიანობის“ ლიცენზიის გაცემაზე უარი ეთქვა:

  • 2017 წლის 18 აგვისტოს – „წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონს“, რომელიც საჩხერეში, სოფელ საირხეში მდებარეობს
  • 2018 წლის 14 აგვისტოს – „საქართველოს საპატრიარქოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას“, რომელიც მარტვილში, სოფელ სალხინოშია.

სამინისტრო გვწერს, რომ 2018 წელს ლიცენზიის გარეშე სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შედგა ერთი ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი, ხოლო 2020 წელს, 12 სააღმზრდელო დაწესებულებაში განხორციელებული შემოწმებით, ლიცენზიის გარეშე საქმიანობის ფაქტზე 6 დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი. 2 დაწესებულებას დროებით შეწყვეტილი ჰქონდა საქმიანობა, ხოლო 4 დაწესებულებაში არ დადასტურდა 24 საათზე მეტი ხნით ბენეფიციართა დაყოვნება.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მოვთხოვეთ დაესახელებინა აღნიშნული პანსიონები, რომლებიც დარღვევით მუშაობდნენ, ან შემდეგ გამოვლინდა დარღვევები, მათ სახელწოდებას არ ამხელენ. „აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია“, – გვითხრეს უწყებაში. შესაბამისად, უცნობია, ვის ექვემდებარებოდა პანსიონები, სადაც დარღვევები გამოვლინდა.

ნინოწმინდის პანსიონი

სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის „წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატზე“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია გაიცა 2015 წლის 28 აპრილის ბრძანებით, „განუსაზღვრელი ვადით“.

„პანსიონატის ლიცენზირების შემდგომ სოციალური მუშაკის მიერ მოხდა იქ მცხოვრები აღსაზრდელების შეფასება, რის შემდგომაც პანსიონატში 2016 წელს ჩაირიცხა 127 აღსაზრდელი, მას შემდეგ პანსიონატში ჩარიცხვა არ განხორციელებულა“, – გვწერს სამინისტრო.

თუმცა ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელი ეპისკოპოსი სპირიდონი ვიდეოჩართვებში ამბობდა, რომ პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ პანსიონში ბავშვებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით იღებდნენ, ან თავად ეპისკოპოს სპირიდონს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია.

„2016 წლიდან მიმდინარე წლის ივნისის თვემდე პანსიონატიდან ამოირიცხა 71 აღსაზრდელი: 36 ბავშვი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში, 24 – სრულწლოვნების გამო ამოირიცხა. 1 ბავშვს დაენიშნა მზრუნველი. 4 აღსაზრდელი კი განთავსდა მინდობით ოჯახში, ხოლო 6 აღსაზრდელი გადავიდა მცირე საოჯახო ტიპის სახლში“, – მოგვწერეს ბოლო მონაცემები სამინისტროდან.

მოგვიანებით დაგვიზუსტეს, რომ სამი ბავშვი მაისის ბოლოს სრულწლოვანი გახდა, ამის გამო ისინი ზემოთ მოყვანილ მონაცემებში არ შეუყვანიათ.

„დღეის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონატში რჩება 15 არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი შშმ ბავშვია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყო პანსიონატიდან 38 ბავშვის გამოყვანა, მათ შორის 7 შშმ ბავშვის, რომლებიც ბიოლოგიურ ოჯახში თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში განთავსდნენ: 13 აღსაზრდელი (მათ შორის 5 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი) განთავსდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, 3 აღსაზრდელი განთავსდა მინდობით აღზრდაში (მათ შორის 2 შშმ ბავშვი), 1 გახდა სრულწლოვანი, დანარჩენი გაყვანილნი იქნენ ბიოლოგიურ ოჯახებში“, – მოგვწერეს სამინისტროდან და ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გაწერილი აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ლიცენზირებული დაწესებულებების – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლისა და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და იქ განთავსებულ ბავშვებზე შესაბამისად იზრუნებენ.

სამინისტროს განცხადებით, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისათვის 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი შენდება.

 ამავე დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვებისათვის კი დაგეგმილია ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო სოციალური ცენტრის გახსნაც.

„2021 წლის ბოლომდე დაგეგმილია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლებიდან ბავშვების გაყვანა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში“, – გვწერს სამინისტრო.

მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელების მხრიდან საუბარი დაიწყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე,  ხოლო სახალხო დამცველს პანსიონის ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში არ უშვებდა ბავშვთა სახლში, სასამართლომ 5 ივნისს პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, სტრატეგიული გეგმის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ცენტრს მიეცა მითითება ბენეფიციართა მდგომარეობის ხელახლა დეტალურად შეფასებისა და თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური გასაუბრების თაობაზე, რათა შეფასების შედეგად დადგინდეს მათი საჭიროებები და მათთან დაკავშირებით არსებული სარისკო გარემოებები“, – გვწერს სამინისტრო.

სამინისტრო გვწერს, რომ ბავშვების შეფასების დროს ყურადღება გამახვილდება აღსაზრდელთა ინტერესების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხებზე. „თითოეულ ბენეფიციართან მიმართებაში მოხდეს მათი ჯანმრთელობისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის, განათლების მიღების, განვითარებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამსახველი აქტივობების დაგეგმვა“.

ამავე წყაროს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების საფუძველზე ნინოწმინდის პანსიონატიდან მიმდინარეობს შშმ ბავშვების ალტერნატიულ ზრუნვაში გაყვანის და განთავსების პროცესი.

აქვე ამბობს, რომ შექმნილია „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო“ ეროვნულ დონეზე, რომლის წევრები არიან  როგორც საპატრიაქროს, ასევე მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები. „საბჭოს მიზანია დარგის ექსპერტებთან ერთად შეიმუშაოს დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“-ამბობს სამინისტრო.

ოფიციალური მონაცემებით, 2015-2021 წლებში 11 მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა და მათგან ორმა საქმიანობა შეწყვიტა. მიზეზს სამინისტრო არ ასახელებს.

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2020 წელს:

  • მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსდა  – 97 ბავშვი
  • ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა – 147 ბავშვი
  • გაშვილდა – 11 ბავშვი

2021 წლის პირველ მაისამდე:

  • მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსდა – 25 ბავშვი
  • ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა – 38 ბავშვი
  • გაშვილდა – 6 ბავშვი

სამინისტროს ინფორმაციით, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას“ 2021 წლიდან დაემატა სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდებისთვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამები, „რომელთა მიზანია ამ ახალგაზრდების მხარდაჭერა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა,“ – წერს სამინისტრო.

სკოლებში ისევ პრობლემაა რელიგიური ნეიტრალობის დაცვა – TDI

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ 2020-2021 წლის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის ერთ-ერთი კომპონენტი საჯარო სკოლებსაც შეეხება, სადაც საუბარია, რომ სკოლებში ისევ პრობლემად რჩება რელიგიური ნეიტრალობის დაცვის საკითხი.

„საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი დღემდე პრობლემად რჩება.

საჯარო სკოლებში ხშირია რელიგიური სიმბოლიკის არააკადემიური დანიშნულებით გამოფენის შემთხვევები.

რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები TDI-სთან საუბარში აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებაში ასევე ხშირია მოსწავლეების რელიგიური ნიშნით დიფერენციაცია და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება კონკრეტული რელიგიური ჯგუფების/კონფესიების მისამართით“ – წერს TDI.

ორგანიზაციის შეფასებით, რელიგიური ნეიტრალობის სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა სასწავლო პროცესში „სამშობლომცოდნეობის“ გაკვეთილების ინტეგრირებისას.

„2020 წელს გავრცელებული ინფორმაციით, სკოლები მოსწავლეებს „სამშობლოთმცოდნეობის“ ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას სთავაზობდნენ. გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს, აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე და დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს“, – წერს TDI, რომელიც ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მონაცემებს ეყრდნობა.

ორგანიზაცია აქვე საუბრობს განათლების სამინისტროს პოზიციაზეც, რომლის მიხედვით, „აღნიშნული საგნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, საგნის სწავლებაზე სამინისტრომ პასუხისმგებლობა მოიხსნა“.

„სამშობლოსმცოდნეობას“ არ აქვს სავალდებულო ან არჩევითი საგნის ფორმა. სამინისტრო ვერ განმარტავს, რა ფორმით ისწავლება საგანი, თუმცა აღნიშნავს, რომ სკოლას აქვს უფლება მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება სამინისტროსგან დამოუკიდებლად შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ფარგლებში შეთავაზებული საგანიც უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მიზნად დღევანდელ ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში ტოლერანტულად განწყობილი მოქალაქის აღზრდას ასახელებს. „სამშობლოსმცოდნეობის“ დისკრიმინაციული და კონფესიური შინაარსი აღნიშნულ მიზნებს ვერ პასუხობს“, – ამბობს TDI.

ორგანიზაციის ანგარიშში პოზიტიურად არის მოხსენიებული ახალი სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესში ადამიანის უფლებების ექსპერტების ჩართვა.

„საჯარო სკოლაში არსებული გარემოს მსგავსად, სკოლის სახელმძღვანელოების ტექსტებიც უმეტესწილად დაწერილია ეთნიკური და რელიგიური უმრავლესობის პოზიციიდან.

ამიტომ მისასალმებელია, რომ 2019 წლიდან განათლების სამინისტრომ  სახალხო დამცველთან თანამშომლობით ყველა საგნის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში ადამიანის უფლებების ექსპერტებიც ჩართო. 2020 წელს შეფასდა და დამტკიცდა მე-8 კლასის სახელმძღვანელოები, 2021 წელს კი გრძელდება მე-9 კლასის სახელმძღვანელოების რეცენზირება“.

ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კრიტერიუმი ითვალისწინებს სახელმძღვანელოების შინაარსის შეფასებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების კულტურის ასახვის კუთხითაც.

ბათუმის №16 სკოლის ახალი შენობის პროექტის შესყიდვაზე კონკურსი გამოცხადდა

აჭარის განათლების სამინისტრომ ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლის ახალი შენობის/შენობების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა.

ახალი შენობა 900 ან 1200 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათასი ლარია.

პროექტისა და დოკუმენტაციის შედგენის გარდა, კონკურსში გამარჯვებულს ევალება შემდგომში სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაც, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

დოკუმენტების მიხედვით, ახალი სკოლის შენობა არსებულის ადგილზე აშენდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით, სკოლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს სასწავლო და სპორტული კორპუსები (ერთად ან ცალ-ცალკე, ერთი, ორი ან სამი შენობა), საინჟინრო ნაგებობები, რომელთა პარამეტრები დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს:

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შენობათა ტექნიკური პარამეტრები განისაზღვროს:

1. სასწავლო კორპუსის სართულიანობა – 3 ან 4 სართული. საკლასო ოთახები უნდა განთავსდეს I, II და III სართულებზე, სწავლის საფეხურების მიხედვით).
2. მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა – 900 – 1 200 მოსწავლე (25 მოსწავლე ერთ კლასში).
3. სპორტდარბაზის პარამეტრები მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის პროგრამის შესაბამისად.
4. ღია, ხელოვნურსაფარიანი მოედანი (კომბინირებული) და ღია სპორტული სივრცე“.

კონკურსში გამარჯვებულმა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა სამინისტროს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში უნდა მიაწოდოს.

საავტორო ზედამხედველობის გაწევის ვადა კი განისაზღვრება სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადით. საავტორო ზედამხედველობას მიმწოდებელი განახორციელებს უსასყიდლოდ.

კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 17 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.


სამინისტროს ინფორმაციით, შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რომელიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა. 2021 წლის 5 აპრილიდან კი, №16 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ბათუმის №16 სკოლას დაანგრევენ, აშენდება ახალი სკოლა

მთავარი ფოტო: ბათუმის N16 საჯარო სკოლის შენობა, რომელიც უნდა დაინგრეს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„მხოლოდ გულის გადანერგვა მიშველის“ – 34 წლის ლუკას დახმარება სჭირდება

„დაურეკეთ ნინო ექიმს!“ – კატეგორიულად ითხოვს 5 წლის კობა, როცა მამას გულის შეტევა ეწყება. მამა, 34 წლის ლუკა ბეჟანიძეა, მას გულის გადანერგვა სჭირდება. ახლა ოჯახი ოპერაციისთვის საჭირო თანხას აგროვებს, რომ რაც შეიძლება მალე შეძლოს ლუკამ ქალაქ მინსკში გამგზავრება. იქ მას გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა გაუკეთონ.

ლუკა გვიყვება, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო, სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ გულის გადანერგვა დასჭირდებოდა. ერთ დღეს თვითმფრინავით მგზავრობისას თავი ცუდად იგრძნო, სახლში მოსვლისა და შვილების მონახულების შემდეგ კი მას ექიმის დახმარება დასჭირდა:

„დავჯექი და ვიგრძენი, რომ ძალიან დავიღალე, ადგომა აღარ შემეძლო, სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს და საავადმყოფოში გადამიყვანეს.“

ლუკას გამოკვლევები ჩაუტარეს და უთხრეს, რომ მისი გული დაავადებულია, მკურნალობას არ ექვემდებარება და საჭიროა ოპერაცია.

„თბილისში ჩამიყვანეს, იქაც ჩამიტარდა გამოკვლევები. ვფიქრობდი, რომ 2-3 დღეში საჭირო პროცედურები უნდა დასრულებულიყო, სახლში მინდოდა დაბრუნება, ახალი წელი მოდიოდა. ოპერაციის შემდეგ თვალები რომ გავახილე, ექთანს ვკითხე რა რიცხვია-მეთქი, 18 იანვარიო მიპასუხა, მანამდე აპარატზე ვიყავი მიერთებული. არ მახსოვდა, როდის გავიდა ეს დღეები. კარდიოსტიმულატორი ჩამიდგეს, თუმცა ვერ დამეხმარა.“

ამის შემდეგ ლუკას უთხრეს, რომ ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა. ასეთ ოპერაციას საქართველოში არ აკეთებენ, ამიტომაც მან რამდენიმე კლინიკას მიმართა საზღვარგარეთ, ისრაელის, თურქეთის, ბელარუსიის კლინიკების ხარჯების შესწავლის შემდეგ ოპერაციის ჩატარება იმ კლინიკაში გადაწყვიტა, სადაც ყველაზე ნაკლები, 100 000 აშშ დოლარია გულის გადანერგვის ღირებულება.

ლუკას მეუღლის თინათინ კოსოლიძის თქმით, აჭარის მთავრობამ ლუკას გულის გადასანერგად 200 000 ლარი უკვე გამოუყო. საქართველოს მთავრობამ 34 ლარი, 6 ათასი ლარი კი ბათუმის მერიამ გამოუყო. მცირედის შეგროვება ოჯახმაც შეძლო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ახლა ლუკას დაახლოებით 30 ათასი დოლარი სჭირდება და ყველასგან, ვისაც ეს შეუძლია, მხარდაჭერას ელის.

განახლებული ინფორმაცია: სტატის გამოქვეყნების შემდეგ გვაცნობეს, რომ ლუკა ბეჟანიძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე – 25 000 ლარს ჩაურიცხავს სარეზერვო ფონდიდან.

„ამის შემდეგ ვცდილობთ ფულის შეგროვებას, დავღალე ყველა ამ წვალებაში. პერიოდულად კლინიკა BMC-ში გავდივარ ერთკვირიან პროფილაქტიკურ მკურნალობას, ძალიან კარგი ექიმი მყავს იქ, პერსონალიც დიდ ყურადღებას მაქცევს და მადლობელი ვარ. როცა ცუდად ვარ, ბავშვები ითხოვენ ნინო ექიმს დაურეკეთო. ძალიან ვნერვიულობ, რომ ბავშვებს ჩემი წვალება დავანახე, თითქოს მიეჩვივნენ კიდეც, რომ სულ ექიმებზე ვლაპარაკობთ. “

ლუკას მინსკის კლინიკაში აუხსნეს, რომ ჩასვლა დროულად უნდა შეძლოს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არ დაეწყოს, რა შემთხვევაშიც კლინიკა ოპერაციას ვერ ჩაატარებს:

„ვუყურებ ტელევიზორში, რომ ვერ აგროვებენ ადამიანები საჭირო თანხას. ვერ აგროვებენ და კვდებიან. მეც განვიცდი ამას. სხვა პრობლემა არ მაქვს, სხვა მხრივ ჯანმრთელი ვარ და ოპერაციის გაკეთება შემიძლია.“

თუ ლუკას დახმარებას გადაწყვეტთ: 

#GE55TB7478845061100106 – თიბისი ბანკი

#GE17BG0000000498356919 – საქართველოს ბანკი

#GE22LB0711115561790000 – ლიბერთი ბანკი

მიმღები: თინათინ კოსოლიძე

ლუკამ მოძებნა და გაიცნო ადამიანი, რომელსაც მსგავსი ოპერაცია ჩაუტარებია და თავს კარგად გრძნობს, მუშაობს კიდეც. ეს ამბავი ლუკას იმედს უჩენს. მთავარია, თანხის შეგროვება დროულად შეძლოს, რომ გადარჩეს.

ლუკამ კორონავირუსიც გადაიტანა. მისი ოპერაციის შემდგომი პერიოდი პანდემიას დაემთხვა, რაც ორმაგად ართულებდა მისი, ასევე ოჯახის მდგომარეობას.

ექიმის რჩევით, ლუკა ოჯახთან ერთად სოფელში წავიდა, მას ექიმისგან ჰქონდა მკაცრი მითითება:

„ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ კორონავირუსი არ დამმართნოდა“.

სოფლიდან იძულებით დაბრუნების შემდეგ [რადგან ისევ შეტევა დაეწყო]  ბინაში ცხოვრების პერიოდში ოჯახს მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული, რომ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაძენად გარეთ მხოლოდ ერთი ადამიანი გავიდოდა. ლუკას მეუღლის თქმით, ამის გადატანა განსაკუთრებით ბავშვებს გაუჭირდათ, ამიტომაც ოჯახი მათ ხშირად აგზავნიდა ნათესავებთან, ზოგჯერ რამდენიმე კვირითაც კი.

ლუკა კორონავირუსს მაინც ვერ გადაურჩა, თუმცა ეს სირთულეც დაძლია. ვირუსმა პრობლემები დაუტოვა, ახლა ცდილობს, რომ ამ პრობლემებმა ისევ არ იჩინოს თავი, ვიდრე გულს არ გადაუნერგავენ: „დღეში 11 აბ წამალს ვსვამო.“

ლუკა ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ თავის ოჯახს დაუბრუნდება და აღარასოდეს დაუშვებს შეცდომებს: „რაც ამ დრომდე ყოფილა ჩემს ცხოვრებაშიო“

ლუკას ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი მშობლები, ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„ფაიზერის“ რამდენიმე ასეულ ათას დოზას საქართველო აშშ-დან მიიღებს საჩუქრად

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადმოეცემა – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა.

ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 2 ივლისს.

მისივე თქმით, ივლისიდან ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა ერთი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელსაც ქვეყანა კომპანიისგან შეიძენს.

„გარდა ამისა, „ფაიზერთან“ ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას, მილიონი დოზის თაობაზე. კონტრაქტი არის გაფორმებული, ფული გადახდილი გვაქვს. „ფაიზერიც“ ასევე ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყებს აღნიშნული მილიონი დოზის მოწოდებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე: 

ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია – მთავრობა

 

კორონავირუსი 50 აბიტურიენტს დაუდასტურდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 50 აბიტურიენტი კორონავირუსით ინფიცირების გამო ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდა.  1-ელ ივლისს, გამოცდაზე 20 აბიტურიენტი ვერ მოვიდა ინფიცირების მიზეზით, დღე 2 ივლისს კი – 30 აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა.

ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები, რომლებსაც კოვიდი აქვთ, ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშებიან და ცალკე ჩააბარებენ გამოცდებს.

_____________________

ამავე თემაზე:

გამოცდაზე არ დაიშვებიან კოვიდით ინფიცირებული მაგისტრანტობის კანდიდატები – მინისტრის ბრძანება

ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის 1 მილიონი დოზა შემოიტანეს.

მისივე თქმით, მასობრივი ვაქცინაცია ორშაბათიდან, 5 ივლისიდან, დაიწყება.

საუბარია ჩინური წარმოების „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებზე.

შემდეგი დოზების შემოტანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დამატებით ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინებს საქართველო რამდენიმე კვირაში ელოდება.

„ამას გარდა, „ფაიზერთან“ გაფორმებულია კონტრაქტი მილიონ დოზაზე და ფული გადახდილი გვაქვს. „ფაიზერი“ მოწოდებას ეტაპობრივად დაიწყებს ივლისიდან. ჯამში, წლის ბოლომდე ველოდებით 4 მილიონამდე დოზას, რაც საშუალებას გვაძლევს, ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას წლის ბოლომდე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რას გააკეთებ სოფელში, როცა ფული გაქვს – ქედაში იდეების კენჭისყრა დაიწყო

„ზენდიდის ახალგაზრდობას გვსურს გავმართოთ ფესტივალი, რომელიც  ჩვენი სოფლის კულტურული ძეგლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ეს დაეხმარება სოფელს განვითარებაში და ასევე დაინტერესდებიან ტურისტებიც“, – ამბობს ზენდიდელი სალომე ბერიძე.

ზენდიდელი ახალგაზრდების ამ სურვილის განხორციელების შანსს ქედის მუნიციპალიტეტის პროგრამა იძლევა, რომელსაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერს მხარს.

სოფელ ზენდიდში, სადაც ბეჟანიძეთა საგვარეულოს უძველესი ციხე-სიმაგრე მდებარეობს, სოფლის პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალის მოწყობის იდეა, პროგრამის ფარგლებში, თამაზ ბერიძემ დაარეგისტრირა.

ზენდიდის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. „VII-IX საუკუნეებში ბათუმ-არტანუჯის სავაჭრო ეკონომიკური კავშირის მთავარი ძარღვი ქედაში გადიოდა, ამიტომ ბეგოშვილების, ცივასულას, საღორეთის, მთის უბნის, ჩხუტუნეთის და სხვა ციხეებთან ერთად, ზენდიდის ციხეს არა მარტო ქედის დაცვა, არამედ ხეობაში ცენტრალური სავაჭრო სტრატეგიული გზების დაცვაც ევალებოდა“. დღეს სოფლის მაღალ გორაზე ციხის ნანგრევებია შემორჩენილი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ქედის სოფლებში დღეს, 2 ივლისს, დაიწყო და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება იდეების კენჭისყრა. იდეები სოფლის მცხოვრებთ ეკუთვნით. მოქალაქეებმა ჯამში 232 იდეა დაარეგისტრირეს, მათგან რამდენიმეს უარი ეთქვა, ხოლო ნაწილი, იდენტური პროექტები გაერთიანდა.

კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული იდეების მიხედვით კი, ქედის 64-ვე სოფელში, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, თითო ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.

2021 წელს ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა 900 ათასი ლარითაა დაფინანსებული და ფული ყველა სოფლისთვისაა გათვალისწინებული. პროგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, კონკურსი გამოაცხადა და 15 თემის მობილიზატორი შეარჩია, რომელთა მოვალეობებია:

  • საინფორმაციო კამპანიის წარმოება როგორც კარდაკარის პრინციპით, ასევე, საჯარო შეხვედრებით;
  • მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ონლაინრეგისტრაციის პროცესში;
  • კენჭისყრის ტექნიკურ უზრუნველყოფაში მონაწილეობა და დაკვირვება; ასევე ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება.
შეხვედრა მობილიზატორებთან ქედაში

„მედიაკამპანიისა და კარდაკარის მიზანი იყო, რაც შეიძლება სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ ქედაში მცხოვრებ ადამიანებს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ. 2, 3 და 4 ივლისს გაიმართება კენჭისყრა და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს იმ იდეას, რომელიც მათთვის მოსაწონია. მოსახლეობას ექნება არჩევანის საშუალება, რადგან ყველა დასახლებულ პუნქტში რამდენიმე იდეა გადის კენჭისყრაზე“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის თქმით, 2020 წელს იყო პილოტური პროგრამა ორ ადმინისტრაციულ ერთეულში და საერთო თანხა 300 ათასი ლარი იყო ბიუჯეტიდან. 2021 წელს კი პროგრამისთვის 900 ათასზე  მეტი ლარია გამოყოფილი.

ლევან გორგილაძე

მერის თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს ხელშეწყობა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ინსტიტუციური დანერგვისა და მდგრადობის მიზნით, ანუ სამომავლოდ ამ კუთხით ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული იქნება.

„თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება წლევანდელ შედეგებზე. რამდენად აქტიურად და კარგად ჩაერთვება მოსახლეობა, როგორ დამთავრდება პროექტი. ვფიქრობთ, პროექტი იქნება მდგრადი და სამომავლოდ გეგმაში გვაქვს, კიდევ უფრო გავზარდოთ ბიუჯეტი“, – ამბობს ლევან გორგილაძე.

ნანა გვარიშვილი

„პროექტში ჩვენი, მობილიზატორების ჩართულობა და როლი, მნიშვნელოვანი იყო. შევხვდით მოსახლეობას კარდაკარ, გავაცანით თუ რა უნდა გაეკეთებინათ და, ზოგადად, რა იყო ჩვენი პროექტის არსი – რას მოიცავდა ეს ყველაფერი. აღსანიშნავია, რომ ძალიან დაინტერესებული არიან და მოხარული, რომ აქვთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ რა საქმე და როგორ გააკეთონ – რაში გამოიყენონ სოფლისთვის გათვალისწინებული ფული. დარწმუნებული ვარ, ყველა მონდომებით და აქტიურად ელოდება იდეების კენჭისყრის პროცესს“. – ამბობს ნანა გვარიშვილი, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ კონკურსით შერჩეული ერთ-ერთი მობილიზატორია.

GIZ-ის პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ – დირექტორი კრისტოფ ბაიერი ამბობს, რომ ისინი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები არიან და ქედის მუნიციპალიტეტთან ერთად ძალიან ინტენსიურად მუშაობენ 2019 წლიდან, არაერთი მიმართულებით, თუმცა განსაკუთრებით გამოყოფს მოქალაქეების თანამონაწილეობის თემას.

კრისტოფ ბაიერი

„ქედა სამაგალითოდ გამოირჩეოდა იმ მიმართულებით, რომ მათ პირველებმა შეძლეს და მუნიციპალიტეტის საჯარო თანხა გამოყვეს მონაწილეობითი თემებისა და იდეებისთვის. 2019 და 2020 წელსაც ძალიან კარგი გამოცდილება დააგროვა მუნიციპალიტეტმა. როგორც ვიცით, 230-ზე მეტი პროექტი შემოვიდა. განსაკუთრებით გვახარებს ქედელი ახალგაზრდების აქტიურობა. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და იმ კონცეფციის წარმატებაზე მეტყველებს, რაც ქედამ გამოიყენა. მომავალში მზაობას გამოვთქვამთ, რომ არა მარტო ქედაში, არამედ მთლიანი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც აღნიშნულ პროცესებს ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კრისტოფ ბაიერმა.

იდეების კენჭისყრის დაწყებამდე ქედაში პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტი – 2021“ პრეზენტაცია ქედაში / 29.06.2021/ პრეზენტაციას ესწრებოდნენ GIZ-ის პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ – დირექტორი კრისტოფ ბაიერი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქედის მერი ლევან გორგილაძე, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე ისაუბრეს ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამასა და მნიშვნელობაზე, პროექტის – „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ მიზნებსა და განსახორციელებელ საქმიანობაზე.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მონაწილეობითი ბიუჯეტის ინსტიტუციურ ხელშეწყობასა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისათვის.

პროექტის ფარგლებში ყველაზე კრეატიული იდეის ავტორი, ასევე ყველაზე უმცროსი და უხუცესი იდეების წარმდგენი პირები დააჯილდოვეს კიდეც.

მაგალითად, დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლემ, 14 წლის გაბრიელ ალელიშვილმა, დაბაში ველოპარკის მოწყობის იდეა დაარეგისტრირა; უხუცესთა კლუბის წევრებმა კი, რომელთაგან უხუცესი 84 წლისაა, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობის იდეა წარმოადგინეს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ -ის მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობით ბიუჯეტში 2018 წლის ბოლოს ჩაერთო. 2020 წელს პროგრამა საპილოტედ განახორციელა დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ქედის მერიის ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივ მოსახლეობაში მაღალი გამოხმაურება ჰქონდა, რაც კენჭისყრის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობით გამოიხატა: დაბაში 54% გამოცხადდა და „სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა“ აირჩია, ხოლო დოლოგანში 74 % მონაწილეობდა კენჭისყრის პროცესში და თითოეულ სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი (საუბნო გზების მოწესრიგება, გარე განათების ქსელის გაფართოება, ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა, ცენტრის კეთილმოწყობა) ჯამში, 4 პროექტი შეირჩა პრიორიტეტად.


მასალა მომზადებულია პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა

დღეს, 2 ივლისს, ბათუმში 80 წლამდე ასაკის ქალს მატარებელი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

„მედცენტრის“ ინფორმაციით დაშავებული ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს მძიმე იყო, იგი გარდაიცვალა.

შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.

აჭარაში დღეს 5 ქალს და 2 კაცს 100 წელი შეუსრულდა

დღეს, 2 ივლისის, აჭარაში შვიდ ადამიანს შეუსრულდა 100 წელი. ერთ-ერთი მათგანი ხულოში, სოფელ დიოკნისში მცხოვრები ზულბიე ძირკვაძეა. ზულბიეს 3 შვილი, 9 შვილიშვილი და 20 შვილთაშვილი ჰყავს.

დღევანდელი მდგომარეობით აჭარაში 100 წელს გადაცილებული სულ 51 ადამიანი ცხოვრობს. წლის ბოლომდე კი კიდევ სამ ადამიანს შეუსრულდება ასი წელი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-1000 ლარი გადასცა იმ ექვს ხანდაზმულს, რომლებსაც დღეს შეუსრულდათ ასი წელი.

ადამინანები, ვისაც დღეს 100 წელი შეუსრულდა:

  • ნაილე კობალაძე
  • აინურ ბახუნტარიძე
  • ქაზიმ გაბაიძე
  • ჯიხან შავაძე
  • ულფეთი ფუტკარაძე
  • გულხანუმ ფუტკარაძე

_____________________

მთავარ ფოტოზე: ზულბიე ძირკვაძე/ასი წლის ქალი ხულოდან.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 2 ივლისის 21 საათიდან 3 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25-30 გრადუსი
  • ღამით: 18-23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10-15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 3-4 ივლისს, აჭარაში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ბათუმის რესპუბლიკური ისევ სრული დატვირთვით ამუშავდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადებით, დღეიდან, 2 ივლისიდან, კლინიკური საავადმყოფო სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.

„სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი სიმძლავრეების საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კლინიკამ კოვიდპაციენტების ნაკადების მართვა და გადანაწილება იმგვარად უზრუნველყო, რომ სამედიცინო სერვისის მიწოდების კუთხით შეფერხება არ დაფიქსირებულა.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციისა და PCR ტესტირების პროცესი არ შეჩერებულა. ასევე არ შეფერხებულა ჰემოდიალიზის პაციენტების მიღება“, – აცხადებს საავადმყოფო.

__________________________

ამავე თემაზე:

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

კოვიდის 964 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა

2 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 190 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 8 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 335 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში 2771 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 607 მძიმე პაციენტია.

1-ლი ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.09%.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 25 ახალი შემთხვევა | 2 ივლისი

2 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში 133 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 6 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 185 ინფიცირებული. 

2:1 – ბათუმის დინამომ თბილისის დინამოს მოუგო და ლიგის ლიდერობა დაიბრუნა

„დინამო ბათუმის“ გამარჯვებით დასრულდა დღეს, პირველ ივლისს, გამართული შეხვედრა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების 21-ე ტურში.

2:1 – ამ ანგარიშით დასრულდა თამაში „დინამო ბათუმის“ სასარგებლოდ. გოლები ბათუმელთა მხრიდან ირაკლი აზაროვმა და ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანეს.

ამ შედეგით ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. ბათუმის გუნდი მე-2 ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 2 ქულით უსწრებს.

__________

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე გაიმართა. სხდომაზე აჭარის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 128 740 ლარით გაიზარდა და 17 347 048 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურის სახლებს, აშენდება სპორტული მოედნები. ასევე მუნიციპალიტეტში დაიწყება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა და დაბის კეთილმოწყობა. სანიაღვრე არხების, წყალგამტარების და წყალსადენი სისტემების მოწყობა – განახლებისთვის, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში

გაგრძელდება განათლების ხელშეწყობა. ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ორი დაწყებითი სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 200 000 ლარამდე დაიხარჯება. ხულოს მუნიციპალიტეტში დასკვნით ეტაპზეა 2 სკოლის მშენებლობა და დამატებით 2 ახალი სკოლა აშენდება (კალოთასა და ვაშლოვანში) რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების გარდა, აჭარის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, აქტიურად ხორციელდება სხვა მსხვილი პროექტები. მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდა კურორტ გოდერძის გაზიფიცირება. გაზსადენი ბათუმი-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთს მოიცავს, საიდანაც უკვე დასრულებულია ბათუმი-ხულოსა და გოდერძის უღელტეხილი-კურორტ „გოდერძი“-ს მონაკვეთები.

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში

აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების კეთილმოწყობა და წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 11 253 190 ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია 21 კმ-მდე გზაზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობა და სხვადასხვა მიმართულებებით ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

ტურისტული და საინვესტიციო პროცესების ხელშეწყობის ფარგლებში, განხორციელდება ხიხანის ციხის ასასვლელი ბილიკის მშენებლობა. მიმდინარეობს ხიხანის ციხის ზონაში ტურისტულ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის საჭირო განაშენიანების გეგმის დოკუმენტზე მუშაობა; გოდერძის განაშენიანების გეგმაზე, ბეშუმი-გოდერძის უღელტეხილის სივრცის გენერალური გეგმის დოკუმენტზე და დაბა ხულოს განაშენიანების გეგმაზე მუშაობა. დასრულდა „მწვანე ტბის“ რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი და სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. პროექტი ტერიტორიაზე დამატებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს.

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში

აშენდება ორი ახალი სკოლა, რისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ასევე ორ სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაიწყება კალოთის სკოლის და ქვემო ვაშლოვანის სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.


2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 მლნ ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი კი 51 255 100 ლარით გაიზარდა და 131 086 700 ლარია

Exit mobile version