დადასტურდა კოვიდის 2216 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო კორონავირუსით გარდაიცვალა 18 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 410 ადამიანი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 952 კვლევა PCR ტესტით,  20 704 კვლევა კი – ანტიგენის ტესტით.

21 ივლისს საქართველოში სხვადასხვა ვაქცინით 8 659 ადამიანი აიცრა.

კოვიდი და ფესტივალები ბათუმში, რომლებზეც 210 000 ლარია გამოყოფილი

დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმის მერიამ „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულ თანხას ბიუჯეტში 55 000 ლარი დაამატა. ჯამში პროგრამის ბიუჯეტი 210 000 ლარია. წინასწარი ინფორმაციით, წელს ბათუმში მინიმუმ რვა საერთაშორისო ფესტივალი უნდა გაიმართოს, 5 ფესტივალი აგვისტო-სექტემბერში ჩატარდეს.

მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ საერთაშორისო ფესტივალების დაგეგმვა-ჩატარებასთან დაკავშირებული მთავარი სამუშაო უკვე დაასრულა. წარდგენილი განაცხადებიდან შეარჩიეს რვა პროექტი, რომელთა დამტკიცებაზეც მერს რეკომენდაცია მისცეს.

ეს ფესტივალებია:

  • გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი
  •  „ღამის სერენადები“
  • ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალი
  • ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნანი’’
  •  საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი – BIAFF
  • ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“
  • გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი.
  • ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდენტური ფესტივალი lemON 23- 27 ნოემბერი.

პარალელურად მთავრობა სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებს, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მძიმდება.

დღევანდელი, 21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 26 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.53%-ია.

ამის გათვალისწინებით საინტერესოა, როგორ აპირებს ბათუმის მერია დაგეგმილი საერთაშორისო და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, დისტანციის უზრუნველყოფასა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვას, რაზეც სპეციალისტები ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღე მოგვიწოდებენ.

კითხვები ვირუსის გავრცელების პრევენციაზე აქტუალურია მით უმეტეს მაშინ, როცა ფესტივალები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ფული იხარჯება, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირისთვის უნდა იყოს მისაწვდომი.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის, მერაბ ქიძინიძის ინფორმაციით, შერჩეული ფესტივალების ჩამონათვალი მერის მოვალეობის შემსრულებელს ჯერ არ დაუმტკიცებია.

ის არ გამორიცხავს, რომ თუ ეპიდვითარების გამწვავების ფონზე რეგულაციები გამკაცრდება, მერის მოვალეობის შემსრულებელმა საერთოდ არ დაამტკიცოს დაგეგმილი ფესტივალები. დოკუმენტის დამტკიცების თარიღიდან კი, მერია იტოვებს გარკვეულ ვადას ხელშეკრულებების გაფორმებამდე. ასევე მექანიზმს, რომ ვითარების დამძიმების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეაჩეროს ღონისძიება.

როგორც მერაბ ქიძინიძემ განგვიმარტა, შესაბამისი ღონიძიებების გატარება მერიამ ისევ ფესტივალის ორგანიზატორებს დააკისრა. „მათ წარმოგვიდგინეს ასევე პრევენციის ღონისძიებების გეგმა“, – აღნიშნა მერაბ ქიძინიძემ.

ამ გეგმებში ძირითადად სანიტაიზერის, პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვის და სხვა მსგავსი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაზეა საუბარი.

მერაბ ქიძინიძის თქმით, PCR ტესტზე მოთხოვნა გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა შესაძლოა დაემატოს.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გააკონტროლებს თავად ფესტივალის ორგანიზატორებს, რამდენად შეასრულებენ ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებულ ნაკისრ ვალდებულებებს, მერიაში გვითხრეს, რომ ამას მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ: „ფესტივალების  მიმდინარეობისას, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა თანამშრომელი იქნება მიმაგრებული“. საჭიროების შემთხვევაში მერია უფრო მეტ თანამშრომელსაც ჩართავს ამ პროცესში.

ტილოს ვერ ვყიდულობ, ამიტომ ყველაფერზე ვხატავ – თვითნასწავლი მხატვრის პორტრეტი

ავტორი: ანა მალაყმაძე

„ლედიკ, მოდი აქ“ – ეძახის მხატვარი ირმა ტრაპაიძე თავის ერთ-ერთ ძაღლს, იმის შიშით, რომ ადგილის უქონლობის გამო ერთმანეთზე მიწყობილ, კარადებზე შემოდებულ თუ თაროებზე ჩამომწკრივებულ ნახატებს ძაღლი უნებურად დააზიანებს.

ირმა ადრე ძველ ბათუმში ცხოვრობდა, გარკვეული დრო ნაქირავებ ბინაშიც გაატარა, თუმცა თანხის გადახდა ვეღარ მოახერხა და ქუჩაში დარჩა. ბოლოს, სახელმწიფოს დახმარებით აღმოჩნდა პატარა ოთახში 2 ძაღლთან და თავის ნამუშევრებთან ერთად. სივიწროვის გამო ირმას ბევრი ნამუშევარი ოთახში უბრალოდ არ ჩანს.

ირმა ამბობს, რომ ხატვა მისთვის ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შემდეგ დაიწყო.

ირმა ტრაპაიძე

„არასოდეს ვხატავდი. ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა, დავდიოდი ზღვაზე, სტრესი მქონდა და ქვებს ვეძებდი, მათზე გამოსახვით თითქოს მინდოდა, რაღაც ნაწილი მაინც გამეცოცხლებინა“- გვიყვება ირმა.

ირმამ 6 წელია რაც ხატვას მიჰყო ხელი. მანამდე ლაბორანტად მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამჟამად ირმა უმუშევარია, გულის მანკი და დიაბეტი აქვს და სოციალურ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან.

2016 წელს ირმას ბათუმის საზაფხულო თეატრში გამოფენა ჰქონდა, ნახატებიც გაყიდა.

ირმა ამბობს, რომ კვლავ სურს გამოფენის მოწყობა და შიშობს, რომ უსახსრობის გამო ხატვა შესაძლოა ვეღარ გააგრძელოს.

„ამ პატარა სივრცეში ბევრი რაღაცის აღმოჩენა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის დამალვა მიწევს. ერთი სახელოსნო მჭირდება, რომ დავხატო და შეიძლება გამოფენაც მოვაწყო“ – ამბობს ირმა და თავის ერთ-ერთ ნახატს უცქერს, რომელსაც, როგორც თვითონ გვეუბნება, მისი გამოხედვა აქვს.

„შემიძლია კვირები ვიფიქრო იმაზე, თუ რის დახატვას ვაპირებ. მნახველი თუ დააკვირდება, აუცილებლად დაინახავს ჩემს დარდს, ცხოვრების მძიმე წუთებს, რადგან ყველა ნახატში არის რაღაც ჩემი. ხატვის პროცესი მავიწყებს დარდს, შედეგი კი მაჩვენებს, რომ ძლიერი ვარ“ – გვიამბობს ირმა.

ირმა ტრაპაიძის ნამუშევრები. ანა მალაყმაძის ფოტო
ირმა ტრაპაიძის ნამუშევრები. ანა მალაყმაძის ფოტო

ირმა ხატავს ყველგან, ყველაფერზე და ყველაფერს.

„ყველაფრის ხატვა მიყვარს, თუმცა გასაქანი არ მაქვს. ფოთლების და თეფშების გამოყენებაც დავიწყე, ხეზეც ვხატავ, სხვა გზა არ მაქვს, ტილოს ვერ ვყიდულობ.

შემიძლია კვირები ვიფიქრო იმაზე, თუ რის დახატვას ვაპირებ. მნახველი თუ დააკვირდება, აუცილებლად დაინახავს ჩემს დარდს, ცხოვრების მძიმე წუთებს, რადგან ყველა ნახატში არის რაღაც ჩემი. ხატვის პროცესი მავიწყებს დარდს,შედეგი კი მაჩვენებს,რომ ძლიერი ვარ.ყველაფრის ხატვა მიყვარს,თუმცა გასაქანი არ მაქვს.ფოთლების და თეფშების გამოყენებაც დავიწყე,ხეზეც ვხატავ,სხვა გზა აქ მაქვს, ტილოს ვერ ვყიდულობ..“ – გვიყვება ირმა.

ბათუმელ მხატვარს ქალიშვილიც ჰყავს. ის ამჟამად ფარმაცევტია და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას ცდილობს, რათა სტომატოლოგია შეისწავლოს.

ირმას იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში ექნება საშუალება ვიწრო ოთახის კუთხეებში დამალული ნახატები გამოფინოს და დამთვალიერებლები მისი ნამუშევრების ხილვას შეძლებენ.

ირმა ტრაპაიძის ნამუშევრები. ანა მალაყმაძის ფოტო

 

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

„თუ კითხვა უნდა მაინც წაიკითხავს“ – მსგავსი შეძახილები რეალურ ცხოვრებაში დიდად არ მუშაობს

ავტორი: არჩილ კახაძე, batumelebi.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი

საბავშვო ბაღში არ მივლია, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან რამდენიმე თვეში გავხდი პირველკლასელი. ამის შემდეგ როგორც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში მოვლენები ყველამ იცის. მე, ისევე როგორც უმრავლეს ბავშვს მაშინდელ საქართველოში, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი კი არა, ბავშვობა საერთოდ არ მქონია.

როცა მეხსიერებას ვძაბავ და ვცდილობ ბავშვობიდან ისეთი მომენტი გავიხსენო, როცა რაღაც დროის შუალედში ბედნიერი ვიყავი, 3 სცენა ამომიტივტივდება ხოლმე გონებაში:

  1. ფეხშიშველი ან დიდი და უკვე გაფუჭებული ფეხსაცმლით უბნის ბავშვებთან ერთად შებინდებამდე ვთამაშობ ფეხბურთს.
  2. ზამთარია, ღამეა, შუქი არაა და ოთახს მხოლოდ აგიზგიზებული შეშის ღუმელიდან გამოჭრილი სინათლის სხივები ანათებს. მამაჩემი აკორდეონს უკრავს, ჩემი ძმა დოლს და ცეკვავს და ყველა ხმამაღლა ვიცინით.
  3.  მუშამბას [დამდნარ სანთელში ამოვლებულ მიტკლის ნაჭერი] ვიპარავ და ბალიშის ქვეშ ვმალავ. როცა ნავთის ლამფას ჩავაქრობთ [უნდა გამოვიზოგოთ შუქი ხვალისთვის] და ყველას ჩაეძინება, ვაძრობ ე.წ. განათებას და ვაგრძელებ დაწყებული წიგნის კითხვას, ვიდრე ეგრეთ წოდებული სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვება.

ბოლოს ნახსენები „ბედნიერება“ ყველაზე ხშირად მქონდა ცხოვრებაში. ვკითხულობდი ყველგან და ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მქონდა. მეგობრებიც გამინაწყენებია სათამაშოდ გაყოლაზე უარის თქმით. მახსოვს, ყოველთვის მიჭირდა იმის ახსნა, სად „გაიქცეოდა ის წიგნი“ და რატომ არ შემეძლო მოგვიანებით, თამაშის  შემდეგ წამეკითხა.  როგორ უნდა ამეხსნა, რომ როცა წიგნს ვკითხულობდი გონებაში ფილმის კადრებად ვხედავდი ტექსტს, ბოლომდე ვიძირებოდი, მოქმედი პერსონაჟი ვხდებოდი და მიჭირდა ბოლოში გასვლამდე სიუჟეტის შეწყვეტა.

რამდენი გმირის სიხარული გამხარებია, რამდენის მწყენია, რამდენთან ერთად მიბრძოლია, გამიმარჯვია და დავმარცხებულვარ – არ შემიძლია დათვლა, არც იმის რამდენი „ნაგავი“ წავიკითხე, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ დაკარგული ბავშვობის ნაწილი ლიტერატურით ავინაზღაურე. მეტიც: გასული საუკუნის 90-იანებში ბავშვობა, მოსწავლეობა და შემდეგ თინეიჯერობა ქობულეთში მსუბუქად რომ ვთქვათ, ბევრისთვის ნამდვილად არ დასრულდა კარგად. მე წიგნებმა გადამარჩინეს.

ახლა რომ შევდივარ წიგნის მაღაზიებში და ვათვალიერებ, შურით ვსკდები რამდენი ფერადი და კარგი წიგნია წასაკითხი, ჩემი დროის რუხი, გაქუცული წიგნებისგან განსხვავებით. ძველ, კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად უამრავი ახალი წიგნია დაწერილი და თარგმნილი. საბავშვო წიგნები კი განსაკუთრებულად ლამაზებია. 

რაც თითქმის არ შეცვლილა ჩემი ბავშვობის შემდეგ, ისაა, რომ უამრავ ბავშვს, განსაკუთრებით სოფლებში ისევ არ მიუწვდება ხელი ახალ წიგნებზე. ის კი არადა, ნანახიც კი არ აქვს ბევრ მათგანს დიდი და სავსე წიგნის მაღაზია. მშობლებს ისევ უწევთ არჩევანის გაკეთება პროდუქტს, წამალს, ტანსაცმელსა და წიგნს შორის. არც გაემტყუნებათ ალბათ, პირველადი ამოცანა ფიზიკური გადარჩენაა. რომ შევხედოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათას, საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავალსა და წიგნის ფასს, ზოგიერთი გამოცემა „ფუფუნების საგნადაც“ კი შეიძლება ჩაითვალოს.

„თუ კითხვა უნდა მაინც წაიკითხავს“, „თუ სწავლა უნდა მაინც ისწავლი“, „ვაჟა-ფშაველა სოფელში გაიზარდა, მაგრამ შეხედეთ“ და მსგავსი შეძახილები რეალურ ცხოვრებაში დიდად არ მუშაობს. გამონაკლისების არსებობას არ უარვყოფ, მაგრამ ბავშვები საქართველოს სოფლებიდან, დაბადებიდან არათანაბარ სასტარტო პირობებში არიან ქალაქელ ბავშვებთან შედარებით. განსაკუთრებით, ბავშვები მაღალმთიანი საქართველოდან. ისედაც რა პირობებია საქართველოში, ზოგადად, და კიდევ იმასთან შედარებით დაბალი ხარისხის საკვები რომ გექნება, ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა, თითქმის წარმოუდგენელი ხდება ჩამორჩენის აღმოფხვრა დარჩენილ ცხოვრებაში.

არადა, მე მგონია, რომ წიგნის კითხვას უმეტესად თავისი ასაკი აქვს. აი, სადღაც მე-8 მე-12 კლასების შუალედი. ამ დროს თუ ძალიან ბევრი წიგნი არ წაიკითხე, შემდეგ, იშვიათად, რომ ასე ინტენსიურად მხატვრული ლიტერატურისთვის მოიცალოს ადამიანმა. ალბათ, ყველაზე მეტადაც ამ პერიოდში ყალიბდება ადამიანში ემპათიის განცდა, რომლის ნაკლებობასაც ყველაზე ხშირად ვხედავთ საჯარო აქციებზე, პოპშოუებში, გართობის თუ გაჭირვების დროს. 

სწორედ ამ პერიოდში, ყველა იმ ბავშვისთვის ვისაც კითხვა უყვარს, ახალი და სასურველი წიგნი ისევე აუცილებელია, როგორც მაგალითად, წამალი, ჯანსაღი საკვები და მზრუნველი ოჯახი და კარგი მასწავლებელი.

ბათუმელების „ბუქმობილი“ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მთიანი აჭარის ყველაზე მიუვალ სოფლებშიც კი ჰქონდეთ ბავშვებს ახალი წიგნები. თუმცა, „ბუქმობილმა“ რომ იმოძრაოს, ჩვენი, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. 

მოწოდებები არ მიყვარს, მაგრამ გულით მჯერა, რომ ეს იდეა იმსახურებს მინიმუმ წიგნის მოყვარულებისგან ფინანსურ მხარდაჭერას. თქვენი საყვარელი წიგნის საყიდლად რომ გეყოფოდათ დასაწყისისთვის იმდენის ჩარიცხვაც საკმარისი იქნებოდა.

სულ 2 წუთი დაგჭირდება, მიყევი ლინკს: https://bit.ly/3qNDAEa,

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ბუქმობილი bookmobile

10 ადამიანი დატბორილ მეტროში დაიღუპა – წყალდიდობა და მსხვერპლი ჩინეთში

მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, წყალდიდობით დაზარალებულ ხენანის პროვინციაში, მათგან ათი – მეტროში იმყოფებოდა, რომელიც წვიმამ დატბორა – იუწყება „როიტერსი“.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მატარებლის მგზავრები მკერდამდე წყალში და სიბნელეში არიან. ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 500-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდ გადაიყვანეს დატბორილი მეტროდან.

სპეციალისტების შეფასებით, ეს ყველაზე ძლიერი წვიმა იყო ჩინეთში ბოლო 1000 წლის განმავლობაში.

დაახლოებით 100 000 ადამიანი ევაკუირებულია დედაქალაქ ჟენჯოუში, სადაც სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მიმოსვლა შეფერხებულია.

ხენანის პროვინციაში კაშხლები და წყალსაცავები გამაფრთხილებელ დონემდე აივსო, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ათასობით ჯარისკაცი.

კოკისპირული წვიმების შედეგად, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას დაიწყო, პროვინციაში მინიმუმ 25 ადამიანი გარდაიცვალა და 7 დაიკარგა.

ხენანის პროვინციაში უახლოესი სამი დღის განმავლობაშიც წვიმებია მოსალოდნელი.

ისევე როგორც ბოლოდროინდელი სიცხეები შეერთებულ შტატებში, კანადასა და დასავლეთ ევროპაში დაფიქსირებული ძლიერი წყალდიდობა, ჩინეთში მოსული უხვი ნალექებიც, სავარაუდოდ უკავშირდება გლობალურ დათბობას, განაცხადეს მეცნიერებმა Reuters-თან საუბრისას.

__________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FEATURECHINA

3 კვირის განმავლობაში 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა – თამარ გაბუნია

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაახლოებით 4 ათასამდე ბავშვის ინფიცირება გვაქვს,“ – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

„უმრავლესობა ამ შემთხვევებისა არის მუსუბუქად მიმდინარე, ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც. სამწუხაროდ, ორი გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში სწორედაც კორონავირუსის ინფექციით. 350-მდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით დღეს ბავშვებისთვის,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღეს, 21 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩემი ოჯახის წევრებიც სხვა ვაქცინით აიცრნენ, არც ერთი არ დალოდებია „ფაიზერს“ – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის საკითხზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოსახლეობამ საკუთარ თავს არ უნდა მისცეს დალოდების უფლება.

„ყოველი დღე, თითოეული დაკარგული დღე, უკვე უტოლდება ადამიანურ დანაკარგს“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფაიზერის მოწოდება დაიწყო მცირე დოზებით. ჩვენ ვიცით, რომ გასულ კვირაში შემოვიდა გარკვეული რაოდენობა. დიდი დოზების მოწოდებას ჩვენ ძალიან მალე ველოდებით.

მაგრამ დღეს აუცრელი ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, თავის თავს აყენებს რისკის ქვეშ და რისკის ქვეშ აყენებს თავის გარემოცვას, იმიტომ, რომ ის ვაქცინები, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს ხელმისაწვდომი, ბევრ ქვეყანაში უკვე გამოყენებულია და დადასტურებულია მათი ეფექტურობა.

ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ინფექციის გადაცემა სრულად აღიკვეთოს, ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ადამიანი გახდა ავად, შემთხვევა იყოს მსუბუქად მიმდინარე და არ დადგეს ლეტალური გამოსავალი, ანუ ავიცილოთ თავიდან ადამიანური დანაკარგი. ამდენად, მოცდის საშუალება და უფლება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს. ჩემი ოჯახის წევრებიც, ყველა, სხვა ვაქცინით აიცრნენ, არც ერთი არ დალოდებია „ფაიზერს“.

„ფაიზერი“ ძალიან კარგი ვაქცინაა, შემოვა, გვექნება მისი გამოყენების საშუალება, მაგრამ მანამდეც ყველა დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აქტიურად, თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.

მე ვფიქრობ, სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ უკვე ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანია და რეგისტრაციის შესაძლებლობაც გაიხსნას „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ სხვა, დანარჩენი ვაქცინები, რაც გვაქვს, ძალიან ეფექტურია და ჩემი თხოვნა იქნება მოქალაქეებთან, რომ მეტად აქტიურად ჩაერთონ და ბიზნესი განსაკუთრებით, აცრან თავიანთი დასაქმებულები, ხელი შეუწყონ, თორემ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის მხარეს არის და ნებაყოფლობითია ეს პროცესი” – თქვა მან.

ქედაში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ქედაში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.

თვითმხილველის ინფორმაციით, დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები.

აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელიც ნაგავსაყარზე ცხოვრობს: 22 ლარს მაძლევს სახელმწიფო

„ყოველდღე ნაგავსაყრელზე ხორცის კონსერვის და „ბუმის“ კოლოფებს ვაგროვებ, 20-25 კოლოფი მაინც უნდა მოაგროვო, კილო რომ გამოვიდეს. სახელმწიფო მხოლოდ 22 ლარს მიხდის, როგორ ვიარსებოთ? 3 შვილი მყავს, მეშინია, მშიერი არ მომიკვდეს შვილები… 22 ლარს იმიტომ მიხდიან, რომ აგვისტოს ომის ვეტერანი ვარ,“ – ამბობს 39 წლის ჯემალ ბერიძე, რომელიც წლებია ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს.

ნახეთ, რატომ უხდის 22 ლარს ომის ვეტერანებს სახელმწიფო

„მეორე ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდი,“ – ომს იხსენებს აგვისტოს ომის მონაწილე, რომელსაც ნაგავსაყარზე ქოხი ჩაუდგამს და იქვე ნაპოვნი ხასხასა, წითელი ნაჭრებით დაუფარია ერთადერთი ოთახის კედლები. ოთახში მხოლოდ საწოლია, პატარა ტელევიზორი და ძველი ქვაბი, თეფში და ყავის ჭიქები.

„როცა ომი დასრულდა, ჩემი სამხედრო მანქანა ავარიაში მოყვა,“ – განაგრძობს თხრობას ჯემალ ბერიძე, – „ჩემთან ერთად ვინც იყო, ის იქვე დაიღუპა, მე თავის ტვინის დახურული ტრავმა მქონდა, წელი მოტეხილი, ხელებში ძალა ახლაც არ მაქვს, ელენთა ამომიღეს… გორის ჰოსპიტალში ვიწექი. მითხრეს, პენსია და ყველაფერი ხუთიანზე იქნებაო, მაგრამ არაფერი. 5-ჯერ თუ 6-ჯერ მივმართე მთავრობას, მაგრამ ვერ გავიგე პასუხი“.

ჯემალ ბერიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ომის ვეტერანის შვილებს თამაში ნაგავსაყარზე უწევთ.

„ცოლ-შვილი და დედა ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად აქ მოდიან და ღამითაც ჩერდებიან, იქაც სიღარიბეა და აქაც.

ვიცი, რომ ძალიან ცუდია, როცა ნაგავსაყარზე ბავშვები თამაშობენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არის?“ – კითხულობს ომის ვეტერანი.

ჯემალ ბერიძეს საცხოვრებელი სახლი ქობულეთში, სოფელ ლეღვაში აქვს, თუმცა იქ ცხოვრება მეწყრული პროცესების შემდეგ საშიში გახდა.

„15-20 წელია, რაც ნაგავსაყარზე ქოხი ჩავდგი და აქ ვცხოვრობ. ესაა ყველაფერი, რაც გამაჩნია,“ – წითელ კედლებს უყურებს ვეტერანი და საწოლზე გაშლილ საძილე ტომარას.

„ჯარიდან ეს შემომრჩა მხოლოდ,“ – დასძინა მან.

რატომ არის სახელმწიფო უყურადღებო ომის ვეტერანის მიმართ, ვისი სოციალური მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ჯემალ ბერიძის საცხოვრებელი სახლი სოფელ ლეღვაში მართლაც ავარიულია, მაგრამ ის აღდგენას ექვემდებარება.

„2016 წელს ჯემალ ბერიძემ მიიღო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 7 ათასი ლარი, თუმცა მონიტორინგის პროცესში გაირკვა, რომ მას მიზნობრივად ეს თანხა არ გამოუყენებია. სხვა სახის განცხადებით ჯემალ ბერიძეს მუნიციპალიტეტისთვის არ მოუმართავს,“ – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.

ჯემალ ბერიძის შესახებ ვიკითხეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრშიც. უწყებაში განმარტებას დაგვპირდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მათგან პასუხს მივიღებთ, აქვე შემოგთავაზებთ.

___

მკითხველების თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ თანხის გადმორიცხვა აგვისტოს ომის ვეტერანის, ჯემალ ბერიძის ოჯახის დასახმარებლად.
საქართველოს ბანკი
GE89BG0000000498951882
მიმღები: ხათუნა კახაძე
დანიშნულება: ჯემალ ბერიძის

ამ თემაზე:

ჩვენი მისამართია ნაგავსაყარი

 

___

ამავე თემაზე:

აგვისტოს ომის კიდევ ერთი ვეტერანის ამბბავი წაიკითხეთ აქ

სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]

ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგ ჩიქოვანმა წინასაბაირამოდ უზენაეს სასამართლოს მიმართა 

ბათუმში მეჩეთი რომ არ აშენდეს, ბათუმის მერმა – არჩილ ჩიქოვანმა, წინასაბაირამოდ უზენაეს სასამართლოს მიმართა. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადგინა, რომ ბათუმის მერის მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ უკანონო და დისკრიმინაციულია. ამის მიუხედავად მერია უკვე ბოლო ინსტანციაში ეცდება მოიპოვოს უფლება – მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის აშენების შესაძლებლობა არ მისცეს.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ამ დღეს თითოეული თქვენგანი ზეიმობს და მეც ვუერთდები თქვენს სიხარულს. გისურვებთ, ეს დღე ყოფილიყოს სიკეთის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი,“ – უზენას სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ ამ სიტყვებით მიულოცა ბაირამი მუსლიმებს არჩილ ჩიქოვანმა.

უზენაეს სასამართლოს ბათუმის მერიამ გასულ კვირას მიმართა. სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია სარჩელის დასაშვებობის საკითხზე. საქმეს ასაჩივრებს მუსლიმი თემიც, რომელიც ასევე ითხოვდა, რომ სასამართლომ დაავალოს ბათუმის მერიას ახალი მეჩეთის მშენებლობაზე შესაბამისი ნებართვის გაცემა, ვინაიდან დისკრიმინაციული მიდგომის გამო, როგორც ყოფილი მერი – ლაშა კომახიძე, ასევე მერის მოვალეობის შემსრულებელი – არჩილ ჩიქოვანი კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლების დაცვას არ აპირებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გაადწყვეტილება 2021 წლის 13 აპრილს ძალაში დატოვა.

თვალის პრობლემები ზაფხულში – ექიმის რჩევები

ზაფხულის მზესა და მაღალ ტემპერატურას, განსაკუთებით ისეთ ცხელ ზაფხულში, როგორიც წელსაა, შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს არა მარტო ჩვენს კანზე, არამედ თვალებზეც – ისინი სიცხის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარენი არიან. თვალებთან დაკავშირებული პრობლემები წელიწადის ამ დროს რამდენიმე ყოველდღიურმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს.

მათ შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი ანა დვალიშვილი საუბრობს:

თვალის ალერგიები – ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემას მიეკუთვნება ალერგიები. მომატებული ტემპერატურა, მტვერი, ტენიანობა წარმოადგენს თვალის ალერგიების განვითარების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს. თვალისმიერი ალერგიის სიმპტომებს მიეკუთვნება: თვალის ქავილი, სიწითლე, გაღიზიანება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, ცრემლდენა და მზის სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

თვალის ალერგიების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია მზის სათვალეების გამოყენება. საცურაო აუზში აუცილებელია წყლის სათვალის გამოყენება, არ უნდა მოისრისოთ თვალები. თვალთან შეხებამდე აუცილებლად უნდა დაიმუშავოთ ხელები.

რქოვანას დამწვრობა – ჭარბი რაოდენობით მზის სხივების მავნე ზეგავლენის კიდევ ერთ გამოვლინებაა. როდესაც ხდება მზით კანის დამწვრობა, ასევე თვალის წინა, გამჭირვალე ზედაპირის რქოვანას დაზიანებაც მზის სათვალეების გამოუყენებლობის შემთხვევაში. ამ დროს აღინიშნება თვალების წვა, გამოშრობა და სიწითლე, ასევე მხედველობის დაქვეითება.

კონიუქტივიტი – ზაფხულის კიდევ ერთ აქტუალურ პრობლემას  წარმოადგენს. კონიუქტივიტებიდან განსაკუთრებით ხშირია ვირუსული და ბაქტერიული ფორმები. მიზეზებს მიეკუთვნება ჰიგიენური ნორმების დაუცველობა, სხვა ადამიანის კოსმეტიკის გამოყენება, კონტაქტური ლინზის გამოყენების ნორმების არასწორი შესრულება. აუცილებელია კონტაქტურ ლინზას ყოველდღიურად შევუცვალოთ ხსნარი, ლინზის გამოყენებამდე კარგად დავიმუშავოთ ხელები. ყოვლად დაუშვებელია ლინზით ზღვაზე ან საცურაო აუზში შესვლა. არ უნდა მოხდეს ლინზის კონტაქტი წყალთან.

კონიუქტივიტები უმეტესად ვლინდება თვალის სიწითლით, ქავილით და თეთრი ფერის გამონადენით თვალიდან. პაციენტს დილით გაღვიძებისას აღენიშნება ქუთუთოების შეწეპება, შეშუპება და სიწითლე.

მშრალი თვალის სინდრომი – საკმაოდ ხშირი პრობლემაა, რომელიც ადამიანებს აწუხებთ წლის ნებისმიერ დროს, თუმცა დაავადებას გამწვავება ახასიათებს ზაფხულის პერიოდში. ამ დროს თვალის წინა ზედაპირის გამოშრობას იწვევს, პირველ რიგში, ჰაერის მაღალი ტემპერატურა გარეთ, ხოლო ავტომანქანაში, სახლსა და ოფისებში – ჰაერის გამაგრილებელი სისტემები (კონდიციონერი).

მშრალი თვალის სინდრომის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა.

მშრალი თვალის სინდრომის დროს აუცილებელია თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენება, რათა მოხდეს სიმპტომების შემსუბუქება.
მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა სისტემური დაავადება, როგორიცაა: აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება, A ვიტამინის დეფიციტი.

რეკომენდაციები ზაფხულში:

  • აუცილებელია მზის სათვალეების გამოყენება განსაკუთრებით ზაფხულში, სანაპიროზე ყოფნის დროს.
  • იმ ადამიანებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, აუცილებელია ყოველდღიურად შეუცვალონ ლინზას ხსნარი, ასევე კონტაქტური ლინზის წყალთან კონტაქტი ყოვლად დაუშვებელია.
  • რუჯის მიღების დროს აუცილებელია ქუთუთოებზე მზის სხივებისაგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
  • არასოდეს უყუროთ სათვალეების გარეშე მზეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბადურა გარსის დაზიანება, რომელიც სრულდება მხედველობის დაქვეითებით.
  • თუკი გამოხატულია თვალების სიწითლე, გამონადენი თვალებიდან და თვალების ტკივილი, არ უნდა გამოვიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები, ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად, რათა კონიუქტივიტი არ გავრცელდეს სხვა ადამიანებზე. კონტაქტური ლინზის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ევროკავშირი გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ბიზნესისთვის საგრანტო პროგრამას აცხადებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” ფარგლებში, ცხადდება საგრანტო კონკურსი გურიაში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) სამეგრელოსა (ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა) და აჭარაში (ბათუმი, ქედა, ქობულეთი) მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის.

პროექტის შესახებ:

პროექტი – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია გურია, აჭარა, სამეგრელო.

საგრანტო პროგრამის მიზანი:

საგრანტო პროგრამის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მათ შექმნან ადგილზე დასაქმების შესაძლებლობები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება: 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამეწარემო სუბიქეტებს (ინდ. მეწარმე, შპს, რეგსიტრირებული კოოპერატივი და ა.შ.), რომელთა ძირითადი საქმიანობა ხორციელდება ზემოთხსენებულ სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში.

მოთხოვნები სამეწარმეო სუბიექტის მიმართ:

[checklist]

  • სამეწარმეო სუბიექტი რეგისტრირებული უნდა იყოს მინიმუმ სამი წელი;
  • სამეწარმეო სუბიექტის ბრუნვა წლის განამვლობაში არ უნდა აღემატებოდეს 500 ათას ლარს;

[/checklist]

საგრანტო დაფინანსების პრინციპი:

[checklist]

  • საგრანტო კონურსის ფარგლებში დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 2500 ევროს, ხოლო მაქსიმალური 6000 ევროს.
  • საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.
  • აჭარის შემთხვევაში, საგრანტო კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეწარმეო სუბიექტებს, რომელთა სამიანობა და განაცხადი დაკავშირებულია აგრარულ და ტურიზმის სექტორთან. 

[/checklist]

განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:

  1. საგრანტო განაცხადით წარმოდგენილი იდეის კავშირი კონკურსის მიზანთან;
  2. იდეის მკაფიო აღწერა. სამუშაო ადგილების შექმნის გეგმის დეტალური აღწერა. საკონსულტაციო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მკაფიო გეგმა;
  3. განმცხადებლის სტატუსი – განმცხადებლის სტატუსი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილოების უფლების მქონე სუბიექტების სტატუსს;
  4. განმცხადებლის ცოდნა ან/და გამოცდილება წარმოდგენილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით;
  5. ხელშემწყობი წინაპირობები, პროექტის განხორცილებასთან დაკავშირებული გარემო ფაქტორები და რესურსები (ადამიანური, ტექნიკური და ა.შ.);
  6. პროექტის განხორციელების მიდგომები. პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი აქტივობები;
  7. პროექტის ფინანსური დაგეგმარება (ლოგიკური ბიუჯეტი – ხარჯების რეალისტური გათვლა);
  8. პროექტის განხორციელების რისკები და მათი შემცირების გზები;
  9. პროექტის განხორციელების მკაფიო გეგმა-გრაფიკი, პროექტის განხორცილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
  10. პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები;
  11. პროექტის სიცოცხლისუნარიანობა;

გრანტის მიმღები ვალდებულია შემოთავაზებული გეგმის მიხედვით დაასაქმონ ზემოთხსენებულ პროექტში ჩართული ბენეფიციარები (ახალგაზრდები, ქალები, შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები შესაბამისი გენდერული ბალანსის გათვავალისწინებით).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შერჩევის შედეგები ეცნობება განმცხადებლებს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე განმცხადებელს მიეცემა წერილობითი პასუხი უარის თქმის მიზეზების შესახებ.

საგრანტო განაცხადების შეფასების პროცესში შესაძლებელია დამატებითი ქულა მიენიჭოს ისეთ პროექტებს რომლებიც წარმოადგენს რეგიონის დონეზე ინოვაციას ან/და გარემოზე დადებითი შედეგი (მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას).

საგრანტო თანხით არ დაფინანსდება:

  1. ხელფასები (გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა დაფინანსდეს ექსპერტის/სპეციალისტის ჰონორარი) და მიმდინარე ხარჯები;
  2. მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, შინაური ფრინველების, ფუტკრის ოჯახების შეძენა;
  3. უძრავი ქონების შეძენა;
  4. სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში და კონფერენციებში ინდივიდუალური მონაწილეობა;
  5. კვლევების ან ტრენინგების ინდივიდუალური დაფინანსება გარდა იმ შემთხვევებისა როცა ის წარმოადგენს ძირითადი საქმიანობის შემადგენელ კომპონენტს;
  6. აკადემიური და სამეცნიერო კვლევები;
  7. სასწავლო/სამეცნიერო გრანტები;
  8. ჰუმანიტარული აქციები და საქმიანობა;
  9. ვალები და მომავალი შესაძლო ზარალისათვის გათვალისწინებული ხარჯები;
  10. გადასახდელი პროცენტები, საურავები, ჯარიმები;
  11. ზარალი, გამოწვეული სავალუტო კონვერტაციის შედეგად;
  12. მესამე მხარისათვის გაცემული სესხები;
  13. სადაზღვევო ხარჯები;
  14. ავტო სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისა და შეკეთების ხარჯები (პროექტის და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია დაშვებული იქნეს გამონაკლისი);
  15. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობები;
  16. საქმიანობები, რომლებიც პირდაპირი ან ირიბი სახით ზიანს აყენებენ გარემოს;
  17. ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ან რელიგიურ სამიანობასთან.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის ფორმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: www.ici.org.ge; www.iod.ge www.atinati.org  შევსებული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: ici.info.02@gmail.com- გურიის რეგიონი; info@iod.ge – აჭარა; office@atinati.org -სამეგრელო;

სათაურის ველში მიუთითეთ: საგრანტო პროგრამა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 სექტემბერი. არასრული ან დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება.

საკონტაქტო პირი:

გურია – ოთარ რევიშვილი; 599 9818 98; revishvili@gmail.com

აჭარა – ნესტან კახაძე; 577452515; n.kakhadze@iod.ge

სამეგრელო – ხათუნა გადელია; 571 53 88 28; khatuna@atinati.org

 

PCR ტესტი ან იზოლაცია – საქართველოს აცრილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი

საქართველოს მოქალაქე, რომელიც კორონავირუსზე აცრილია და ქვეყანაში სახმელეთო გზით PCR-ის გარეშე შემოვა, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა.

კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე თვითიზოლაციიდან იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ ის სახმელეთო გზით ქვეყანაში შემოსვლისას, კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად PCR ტესტის ნეგატიურ პასუხსაც წარადგენს.

ივნისის დასაწყისში სახელმწიფო უწყებებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კოვიდზე აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ არც თვითიზოლაციაში გადასვლის ვალდებულება ექნებოდათ და არც PCR ტესტის ჩატარების.

გუშინ, 20 ივლისს კი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სავალდბულოა PCR ტესტი ან თვითიზოლაცია: „სახმელეთო გზით კოვიდვაქცინით შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სახმელეთო გზით კოვიდვაქცინით შემოდის, მაგრამ PCR ტესტის პასუხი არ აქვს, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას.

საქართველოს მოქალაქეს საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში ვუშვებდით და ვუშვებთ, უბრალოდ, როგორც აცრილ, ასევე აუცრელ საქართველოს მოქალაქეს PCR ტესტის პასუხის წარდგენა სახმელეთო საზღვარზე, მხოლოდ სავალდებულო თვითიზოლაციისგან ათავისუფლებს.

ანუ:

  • კოვიდზე აცრილ საქართველოს მოქალაქეს სახმელეთო საზღვარზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში აღარ გადავიდეს.
  • ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქე აცრილი არ არის, მაგრამ საქართველოში PCR-ით შემოვა, მას ამ შემთხვევაში ტესტი ეხმარება იმაში, რომ აირჩიოს – თვითიზოლაციაში გადავიდეს ან არ გადავიდეს იზოლაციაში და ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კვლავ ჩაიტაროს პისიარი“.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე გადადის უცხო ქვეყანაში და იმავე დღეს ბრუნდება საქართველოში? – სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განმარტებით, ქვეყანაში შემოსვლისას მას აუცილებლად სჭირდება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა საზღვარზე იმისთვის, რომ თვითიზოლაციისგან გათავისუფლდეს.

„რეგულაციების მიხედვით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც საქართველოში კოვიდვაქცინით შემოდის, უნდა წარმოადგინოს PCR-ის პასუხიც, რომელიც იმ ქვეყანაში ექნება ჩატარებული, საიდანაც შემოდის. აქ, ვინაიდან ფიქსირდება საზღვრის კვეთა, მნიშვნელობა არ აქვს, ერთი დღით იმყოფებოდი უცხო ქვეყანაში თუ მეტი ხნით. თუ არ ექნება ტესტის პასუხი, ექვემდებარება თვითიზოლაციას“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

დეპარტამენტის განმარტებით, მაგალითად, თუ კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე საქართველოში ჩაიტარებს ტესტს და ამ ტესტის ჩატარებიდან 72 საათის შუალედში დატოვებს ქვეყანას და კვლავ დაბრუნდება, ის ამ ტესტის პასუხით თვითიზოლაციისგან გათავისუფლდება.

რაც შეეხება საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლას, კოვიდზე აცრილ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე PCR-ის პასუხის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ და მხოლოდ კოვიდვაქცინით ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლა შეუძლიათ.

რატომ არის სავალდებულო სახმელეთო გზით შემოსვლისას PCR-ის წარდგენა აუცილებელი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის და რატომ არ არის იგივე საჭირო საჰაერო გზით შემოსვლისას? ამასთან, კოვიდით აცრილი საქართველოს მოქალაქე, თუ სახმელეთო გზით შემოვა ტესტის გარეშე, რატომ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, განსხვავებით იმავე პირობებში საჰაერო გზით შემოსული მოქალაქეებისგან?

საქართველოს მთავრობის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზოგადად, „ავიაკომპანიებს აქვთ მითითება, სასურველია ბორტზე მგზავრები მხოლოდ PCR-ის პასუხით დაუშვან. თუმცა, აცრილი მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ავიაკომპანია წყვეტს, მოსთხოვოს თუ არა მგზავრს ტესტის პასუხიც“.

მერაბ ღოღობერიძემ ფინანსურ პოლიციას ხრეში მიუტანა – ის უწყებას 500 ათას ლარს სთხოვს

„ხრეში მოვიტანე აქ იმიტომ, რომ ეს ორგანო არის დაკავებული რეკეტით. ვერ მინახეს ვერაფერი, ამიტომაც ფულის ნაცვლად დავუყარე ხრეში შესასვლელში. საგამოძიებო სამსახური რასაც ავრცელებს ჩემ შესახებ, არის ტყუილი და ვუჩივლე სასამართლოში,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია და იმავდროულად ბიზნესიც აქვს. იგი ინერტული მასალის მოპოვებითაა დაკავებული.

მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 21 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისის შესასვლელთან დატოვა ქვიშა. 18 მაისს ამავე ადგილას მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა. ამ დროისთვის მერაბ ღოღობერიძის მიერ დაქირავებული მძიმე ტექნიკა საგამოძიებო სამსახურს უკვე დაყადაღებული ჰქონდა და გამოძიება დაწყებული იყო, თუმცა მერაბ ღოღობერიძისთვის ბრალი წარდგენილი არ ჰქონდათ. მერაბ ღოღობერიძე აპროტესტებდა იმას, რომ რეალურად მის კომპანიას მუშაობის საშუალება არ ჰქონდა და გამოძიებისგან კონკრეტულ პასუხსაც ვერ იღებდა.

გამოძიება ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტზეა დაწყებული, თუმცა ბრალი მერაბ ღოღობერიძისთვის არც ამ დრომდე წარუდგენიათ.

იმავე დღეს, 18 მაისს, როცა მერაბ ღოღობერიძემ საგამოძიებო სამსახურის შესასვლელთან თავის დაწვა სცადა, საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა:

„გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია,“ – აღნიშნავდა საგამოძიებო სამსახური, რომლის გავრცელებულ ინფორმაციაში ინიციალებით აღნიშნული მ.ღ. რომ მერაბ ღოღობერიძე იყო, ეს ყველასთვის ნათელი გახდა.

„ისე დამდეს ბრალი და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, რომ ჩემთვის ბრალი წარდგენილი არ ჰქონდათ, ბრალი არც ახლა მაქვს წარდგენილი… ეს იყო საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ თითქოს მე მილიონზე მეტი ვიშოვე. ბევრი მეკითხებოდა ამ ამბის შესახებ, სად წაიღე ამდენი ფულიო. ეს არის დისკრედიტაცია და საგამოძიებო სამსახურს სასამართლოში ზიანის ანაზღაურებას ვთხოვ, 500 ათასი ლარი იქნება ეს თანხა,“ – უთხრა მერაბ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“.

მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას აიძულებენ ბიზნესის დათმობას ზეწოლისა და მუქარის გზით. ის ასევე ირწმუნება, რომ ამაში მონაწილეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი.

რა ეტაპზეა გამოძიება და რას ფიქრობენ ასევე უწყებაში იმის შესახებ, რომ პირის ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია ისე გაავრცელეს, რომ მას ბრალი ამ დრომდე წარდგენილი არ აქვს? – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ემიგრანტებს 10 500 ლარი მოტყუებით გადმოარიცხვინეს – დაკავებულია 5 პირი 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავა, რომელთაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ ბრალად.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქგვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინკაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხა მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

ბრალდებულები თაღლითური გზით საერთო ჯამში დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10 500 ლარს. სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“ – იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – შსს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქეს ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება. ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1964 წელს დაბადებულ ი.შ.-ს კი ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის ოთხმა მოქალაქემ – ჰ.ბ.-მ, ბ.ი.-მ, ჩ.ჩ.-მ და ი.შ.-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მესაზღვრე-კონტროლიორს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქის დროებითი ბინადრობის ყალბი მოწმობა წარუდგინა. ბრალდებულები ქუთაისი-მილანის რეისით, მილანის მიმართულებით გაფრენას აპირებდნენ. დადგენილია, რომ აღნიშნული პირების საზღვარზე უკანონოდ გადასვლის ორგანიზებას ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ი.შ. ახორციელებდა.

პოლიციამ ბრალდებულების მიერ საპასპორტო კონტროლის დროს წარდგენილი ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო“ – წერს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს.

დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

______________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს მასალიდან

ქუთაისის საზ. ტრანსპორტში TBC -ის სტუდენტური ბარათებით გადახდისას ტარიფი განახევრდება

სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი – 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.

სიახლე 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.

მათ, ვისაც თიბისის სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით (032 2 272727), ასევე, თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ხოლო, ისინი, ვინც უკვე არიან თიბისის მომხმარებლები, სტუდენტური ბარათის შეკვეთას ვებ-გვერდზე – www.tbcyouth.ge შეძლებენ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, მეორე დღეს ამოქმედდება.

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.

აჭარაში კოვიდის 202 ახალი შემთხვევაა – დღევანდელი მონაცემები

21 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 309 ადამიანი მკურნალობს, მათგან 4 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 334 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 897 ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 2415 ახალი შემთხვევა | 21 ივლისი

21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2415 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37627 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 26 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.53%.

 

თამარის დასახლებას წყალი ამ ღამითაც შეუწყდება – „ბათუმის წყალი“

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 21 ივლისს, 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება თამარის დასახლებაში.

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ავარიული დაზიანების გამო თამარის დასახლებაში წყლის მიწოდება შეზღუდული იყო გუშინაც.

თბილისი-ბათუმის მატარებელი კონდიციონერების გაფუჭების გამო 6-ჯერ გაჩერდა

თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი მატარებელი იმის გამო, რომ კონდიციონერები არ მუშაობს, მეექვსედ გაჩერდა. შემთხვევა დღეს, 20 ივლისს მოხდა. ჯერჯერობით ბოლო გაჩერება სადგურ ზესტაფონში იყო, სადაც მგზავრებს უთხრეს, რომ შეეძლოთ მატარებელი ცოტა ხნით დაეტოვებინათ.

„თბილისი-ბათუმის მატარებელში არ მუშაობს კონდიციონერი და ხალხი ვეღარ სუნთქავს. საუნაში არიან პრაქტიკულად. ყოველ ნახევარ საათში აჩერებენ მატარებელს და არესტარტებენ კონდიციონერს, რომელიც მუშაობს ცოტა ხანი და მერე ისევ ითიშება. ახლა ბოლოჯერ გააჩერეს ზესტაფონში და ასეთი კიბე მოგვიდგეს – ჩადით მოწიეთო. ქუთაისამდე ჩავიდეთ და თუ გაკეთდა კონდიციონერი გავაგრძელოთ, თუ არადა სხვა მატარებელში გადაგსვამთო,“ – წერს ფეისბუქზე ერთ-ერთი მგზავრი ზაზა დობორჯგინიძე.

მისივე თქმით მგზავრების ერთი ნაწილი ზესტაფონიდან ბათუმში ტაქსით წავიდა, მეორე ნაწილი ზესტაფონში დარჩა, სადაც სხვა მატარებელი უნდა მივიდეს, მესამე ნაწილი კი გაფუჭებულკონდიციონერებიან მატარებელს გაჰყვა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს: „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სხვა მატარებელში გადავსვათ ის მგზავრები, სადაც კონდიცირების სისტემას შეექმნა ტექნიკური პრობლემა. ამ ვაგონის მგზავრებს ბილეთის თანხა 100 %-ით აუნაზღაურდებათ. სადაც ტექნიკური პრობლემა არ არის, ის მგზავრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მგზავრობას“.

რაც შეეხება მგზავრებს, რომლებმაც უკვე დატოვეს მატარებელი და „ბათუმელების“ ინფორმაციით, ტაქსებთ გაემგზავრნენ, საქართველოს რკინიგაზში გვითხრეს, რომ ისინი მხოლოდ დამატებით მატარებელში გადაყვანას უზრუნველყოფენ. „დანარჩენი თუ ვინმე სხვა რამე ალტერნატივას გადაწყვეტს, ეს მათი ნებაა“.

მთავარი ფოტო: თბილისი-ბათუმის მატარებელი ზესტაფონში/ ზაზა დობორჯგინიძე

თამარის დასახლებაში ხვალ დილამდე წყალი არ იქნება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 20 ივლისსს 23:00 საათიდან 21 ივლისის დილის 06: 00 საათამდე თამარის დასახლებაში წყლის მიწოდება შეწყდება.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

52 მილიონად გამაგრებული ნაპირი ბათუმში, სადაც პლაჟის აღდგენას ჯერ არავინ აპირებს

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე სანაპირო ზოლი პლაჟის გარეშეა დარჩენილი. 52-მილიონიანი პროექტის ფარგლებში დამცავი კედლის გარდა, სასეირნო ბილიკი და პლაჟზე ჩასასვლელი კიბეებიც მოეწყო. კიბეებზე ჩახვალთ, მაგრამ პლაჟი არ დაგხვდებათ. მიუხედავად ამისა, აქ ადამიანები მაინც ბანაობენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სანაპიროზე უზარმაზარი ლოდები ალაგია, რომელთა შორის ადვილი შესაძლებელია ადამიანი ჩავარდეს, ასევე იმას, რომ ლოდები ზღვაშიც ყრია – აქ ბანაობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე – ექსტრემი უფროა.

ბათუმი / 18.07.2021

პროექტის მიხედვით, დამცავი ნაგებობის აშენების შემდეგ აქ პლაჟი ხელოვნურად უნდა მოეწყოს, რისთვისაც ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში იქნება შესატანი. ნაგებობის მშენებლობის პერიოდში აქ ხრეში შეიტანეს და ხელოვნური პლაჟიც მოაწყვეს, თუმცა ზღვამ ის უკვე წარეცხა.

ვინ უნდა უზრუნველყოს ამ ნაგებობის მოვლა-შენახვა, ასევე ნაგებობის მიმდებარედ პლაჟის შენარჩუნება [ინერტული მასალის ხელოვნურად შეტანის გზით]? როდის უნდა დაიწყოს შეტანა, რა მოცულობის ინერტული მასალა იქნება შესატანი და რა პერიოდულობით? –

ამ კითხვით „ბათუმელებმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც მიმართა, რომელმაც პროექტი განახორციელა და ბათუმის მერიასაც, როგორც სანაპირო ზოლის მესაკუთრეს.

ჩვენს კითხვაზე კი ვერცერთი ამ უწყებიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

შესაბამისად, ვინაიდან არც ადგილობრივ და არც აჭარისა თუ სახელმწიფო ბიუჯეტებში თანხა ნატანის შესატანად გათვალისწინებული არ არის, ამასთან, იმის გათვალისწინებითაც, რომ ვერ დავადგინეთ ვინ უნდა აღადგინოს პლაჟი – გამოდის, ამ ზოლში პლაჟი არც მომავალ სეზონზე იქნება.

რეკომენდებულია თუ არა ამ მონაკვეთში ბანაობა, ან აკრძალული ხომ არ არის ზღვაში შესვლა, ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ სამაშვლო სამსახურიდან და ბათუმის მერიიდან ელოდება / ბათუმი / 18.07.2021

„ბინა ვიყიდე იმიტომ, რომ ზღვასთან, პლაჟთან იყო ახლოს. წელს ჩვენი კორპუსის წინ და მიმდებარედ, ზღვაზე ჩასასვლელებიც გადაკეტილია, სანაპიროზე კი პლაჟის ნაცვლად ლოდები დაგვხვდა. ეს ლოდები ხომ სახიფათოა ნაპირზე. ლოდებია ზღვაშიც, სადაც ბანაობა უკვე საშიშია. ბათუმის ხიბლი ზღვა და პლაჟია და აქ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ტურიზმის განვითარებაზე თუ არა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ…“ – მოქალაქეების ამ გასაჭირზე „ბათუმელები“ გასულ წელსაც წერდა, თუმცა მას შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა. მეტიც, ზღვამ აქ პლაჟის ის ვიწრო ზოლიც მიიტაცა, რაც გასულ წელს იყო შემორჩენილი.

ბათუმი / 18.07.2021

„ბათუმელებმა“ წერილობით მუნიციპალური განვითარების ფონდს 2021 წლის 25 მარტს მიმართა. პასუხი კი ფონდიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ, 1-ელ ივლისს მოგვწერეს, ისიც არასრულად. ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ კი, ფონდიდან დამატებითი პასუხებიც მივიღეთ, თუმცა იმ მთავარ კითხვაზე პასუხი, რაც ზემოთ ვახსენეთ, მაინც არ გვაქვს.

ბათუმი / 18.07.2021

„ქ. ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამშენებლო ობიექტის სამშენებლო სამუშაოები ფონდმა განახორციელა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (SUTIP) – პროექტი 4-ის ფარგლებში, საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 26 ოქტომბერს დადებული საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე.

აქედან გამომდინარე, ნაგებობის მოვლა-შენახვა, ასევე ნაგებობის მიმდებარე პლაჟის შენარჩუნების და მოვლა-პატრონობისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება სცილდება ფონდის ან/და მისი კონტრაქტორის უფლებამოსილებებს. შესაბამისად, გთხოვთ მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართოთ შესაბამის ადგილობრივ კომპეტენტურ სტრუქტურებს“ – მოგვწერეს მუნიციპალური ფონდიდან 16 ივლისს.

ბათუმი / 18.07.2021

ფონდმა ასევე დაგვიზუსტა, რომ ამ დროისთვის სამუშაოებში 51,7 მილიონი ლარია გადახდილი: „თქვენს წერილში ნახსენებ კომპანიასთან (Struijk Group) ხელშეკრულება (Construction Works for Batumi Coastal protection – ღირებულებით 52,224,432.12 ლარი, საიდანაც დღევანდელი დღისათვის გადახდილია 51,794,891.00 ლარი) წარმოადგენს ობიექტის მშენებლობის/დეფექტებზე პასუხიმგებლობის პერიოდის და არა მოვლა-პატრონობის შესახებ ხელშეკრულებას. კონტრაქტორთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2020 წლის 5 ნოემბერს“.

ფონდს ასევე ვკითხეთ, ჩატარდა თუ არა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან დღემდე აღნიშნული ნაგებობის დათვალიერება, შესწავლა მის მდგრადობაზე, ასევე მოვითხოვეთ ინფორმაცია შედეგების შესახებ.

„ამჟამად ობიექტის მშენებლობა დასრულებულია. იგი იმყოფება დეფექტების პასუხისმგებლობის პერიოდში, რაც გულისხმობს, რომ თუ ოპერირების პერიოდში კონტრაქტორის მიერ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს გამოუვლინდება რაიმე ხარვეზი, საკუთარი სამუშაოს ასეთ ხარვეზს აღმოფხვრის კონტრაქტორი თავისი ხარჯით. კვლავ გავიმეორებთ, რომ ეს არ არის ოპერირების, მოვლა-პატრონობის და მისთვის საჭირო შესწავლა, ექსპერტიზა, დათვალიერება ან/და სხვა საქმიანობა.“ – მოგვწერეს ფონდიდან.

ბათუმი / 18.07.2021

ბათუმის მერიამ ფონდს მიწის ნაკვეთები ზღვისპირა ზოლში, ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობისთვის, აღნაგობის უფლებით 2016 წელს გადასცა 2019 წლამდე ვადით.

ფონდზ აღნაგობის უფლებით ის ნაკვეთებიც გადაეცა, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. შესაბამისად, „ბათუმელებმა“ ფონდ ჰკითხა: ხომ არ იგეგმება ამ ნაკვეთზე ნაპირდამცავი ნაგებობის აშენება [თუ კი – რა ეტაპზეა შესწავლა/პროექტირება/არის თუ არა დაფინანსება და ა.შ.]

„აღნიშნულ ნაკვეთზე ფონდის სარგებლობის უფლების ვადა ამოწურულია. ამ ეტაპზე ფონდის დავალებებში არ არის მოცემული აღნიშნულ ნაკვეთზე რაიმე სამშენებლო სამუშაოს განხორციელება.“ – მოგვწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან.

ანალოგიური და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიასაც მიმართა. მერიიდან ასევე ვითხოვდით ინფორმაციას სამომავლოდ ვის უნდა გადაეცეს აღნიშნული ნაგებობა საკუთრებაში მოვლა-შენახვის მიზნით? ასევე იმ დოკუმენტების [წერილები და სხვ.] ასლებს, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ან/და აჭარის მთავრობიდან ბათუმის მერიაში გამოიგზავნა, ასევე მერიის მხრიდან ფონდში/მთავრობაში გაგზავნილი საპასუხო წერილების ასლები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს ეხება.

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“-ს მიერ პლაჟის აღნიშნულ მონაკვეთებზე განხორციელებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრების სამშენებლო სამუშაოები. სარგებლობის ვადის ამოწურვის გამო, ამჟამად ხორციელდება აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში (უფლებათა რეესტრში) ჯერ კიდევ რეგისტრირებული სარგებლობის ჩანაწერების გაუქმების ღონისძიებები.

გაზეთ „ბათუმელები“-ს წერილში მითითებულ სხვა საკითხებზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ მოიპოვება.“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

ნაპირსამაგრი ნაგებობის სიგრძე 1700 მეტრია. აქედან 500 მეტრი იმ ნაკვეთზეა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი ნაწილი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზეა.

მოკლე მონაკვეთი ნაპირსამაგრ ნაგებობასთან, სადაც პლაჟია შემორჩენილი / ბათუმი / 18.07.2021

 

ნინო ფირცხალავა: მეგობრებთან ერთად ვერთვები აჭარის 60 სოფლისთვის წიგნების შეგროვებაში

1918 წელს, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების დღეს, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანი, ერთ-ერთი პირველი ქალი მეცნიერი, „ამ წუთის სიდიადით“ ფრთაშესხმული, შეკრებილ საზოგადოებას ასე მიმართავს: „ვხსნით ჩვენს საკუთარ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს. აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზრებთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ“.

ეს ნაცნობობა და ურთიერთობა ცარისტული რუსეთის ბატონობისუკანასკნელმა ასმა წელმა“ გაწყვიტა და საქართველო „ძალაუნებურად დააშორა“ ევროპას ანუ „საფრანგეთის აზროვნების თავისუფალ აღორძინებას.“ ახალდაბადებული უნივერსიტეტი ბაგრატიონ-ორბელიანისთვის ამ სააზროვნო სივრცის განუყოფელი ნაწილი და სამართალმემკვიდრეა:  „ნუ დაგავიწყდებათ, რომ საფრანგეთის 1789 წლის წყალობითაა, რომ 1918 წელს გვაქვს თავისუფალი ქართული უნივერსიტეტი“.

ამ სწავლული ქალისთვის უნივერსიტეტში მოღვაწეობის საკუთარი უპირველესი მისია სრულიად ნათელი იყო. მას ახალგაზრდებისთვის თავისი ეპოქის უმნიშვნელოვანესი უცხო ენა, ფრანგული უნდა ესწავლებინა და ამით ევროპული ცოდნისკენ გაეკვალა მათთვის გზა. ამიტომაც საუბრობს ის ამ პირად მისიაზე დაუფარავი სიამაყითა და კმაყოფილებით:

„ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რომ მოვალეობად მარგუნეს თქვენ ფრანგული შეგასწავლოთ, რათა ენის საშუალებით გაეცნოთ, იგემოთ მისი გენიოსების ნაწერები.“

სწორედ ფრანგულის დახმარებით უცხოური წიგნებისა და ნაწერების გაცნობა გახდიდა შესაძლებელს, კიდევ უფრო დიადი, საქვეყნო და უმთავრესი მისიის განხორციელებას, რაც  ასწლიანი დაპყრობის პერიოდში „დაკარგული დროის მოგებას“ და საქართველოს კვლავ ევროპული კულტურის სივრცეში დაბრუნებას გულისხმობდა.

ამრიგად, ევროპული კულტურის სივრცესთან საქართველოს სიახლოვე ქართველი ინტელექტუალებისთვის ისევე ეჭვგარეშე და უდავოა, როგორც ევროპელ ავტორთა თუ მოგზაურთა უმრავლესობისთვის, ვისთვისაც საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის ადგილად და კულტურულ მიჯნად მოიაზრება.

ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად, ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმასათვის, მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ევროპულობის მთავარი დამადასტურებელი ქართველი ლამაზმანებით დამშვენებული „ფერიათა სასახლის“ მსგავსი, ბრწყინვალე საოპერო თეატრია. მაშინ, როდესაც, ამ ფრანგი ავტორისაგან განსხვავებით, „მსოფლიო მოქალაქეობის“ სულისკვეთებით გამსჭვალული გერმანულენოვანი ებრაელი ინტელექტუალის, პრაღელი ეგონ ერვინ კიშისთვის, გასული საუკუნის ოციან წლებში საქართველოს დასავლურობის  უტყუარ საბუთს, იმხანად  ახალდაფუძნებული უნივერსიტეტის მრავალფეროვანი გამოცემებით უხვად აღჭურვილი,  საოცრად მოწესრიგებული ბიბლიოთეკა განასახიერებს. ეს ბიბლიოთეკა კიშის აზრით, თავისი „სიმდიდრითა და წესრიგით ტოლს არ უდებს დასავლეთევროპულ“ წიგნთსაცავებს.

საბოლოოდ, ალბათ სწორედ წიგნიერებისა და კულტურისადმი დამოკიდებულებაა განმსაზღვრელი, როცა ლაპარაკია საქართველოსთვის მუდმივად აქტუალურ თემაზე, ანუ ევროპული გზის არჩევანზე.

ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად საშუალება მეძლევა ჩავერთო ამ მეტად მნიშვნელოვან და სასარგებლო კამპანიაში, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის 60-ზე მეტი სოფლის სკოლისა თუ ბიბლიოთეკისთვის თანამედროვე მხატვრული და სპეციალური ლიტერატურის საჩუქრად მიწოდებაა.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

რამდენი ბრალდებული გაამართლეს წელს ბათუმის სასამართლოში

იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის 159 საქმიდან 14 შემთხვევაში მიიღო გამამართლებელი განაჩენი. კიდევ ორ საქმეზე სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია. სტატისტიკურ მონაცემს 2021 წლის პირველი ექვსი თვის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, სულ სასამართლოში ივნისის ჩათვლით სისხლის სამართლის 664 საქმე შევიდა, აქედან  წინასწარ გამოძიებაში დაბრუნდა 4 საქმე, ხოლო 522 საქმე დასრულდა, აქედან 353 საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა, 10 საქმის განხილვა კი შეწყდა.

იანვრიდან ივნისის ჩათვლით პროკურატურას სულ 120 პირის დაკავების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, აქედან 75 დაკმაყოფილდა.

ამავე პერიოდში სასამართლოს ფარულ აუდიო-ვიდეოჩაწერაზე 31-დან 27 შუამდგომლობა დაუკმაყოფილებია.

რაც შეეხება ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 12 შუამდგომლობა ჰქონიათ სამართალდამცავებს – აქედან 10-ზე სასამართლომ გასცა ნებართვა.

92 წლის მეფუტკრის ცხოვრება პანდემიაში | ვიდეო

დილით ადრე იღვიძებს, ჯერ ყავას ან ჩაის სვამს, შემდეგ კი ფუტკრებთან მიდის. 92 წლის ხალით ქოქოლაძე დიდი ხანია, რაც მეფუტკრეობას ეწევა. მისი ყოველი დილა სკების დათვალიერებით იწყება, ეს საქმე არც პანდემიის დროს შეუწყვეტია და არც მაშინ, როცა კორონავირუსი გადაიტანა.

„კორონავირუსი მეც გადავიტანე, მაგრამ არ გამჭირვებია. მხოლოდ ორი გადასხმა გამიკეთეს, მითხრეს ძლიერი ორგანიზმი გაქვსო. ჩაკეტილები ვიყავით, არც სტუმრებს ვიღებდით. ერთმანეთს ვერიდებოდით. ასეთ დაავადებას უნდა მოერიდო, არ უნდა მოეხვიო სხვას, ამაზე იოლი რა არის, მაინც და მაინც ახლოს ნუ მიხვალ.

ზოგმა არ დაიჯერა, ტყუილიაო, პოლიტიკააო. ვისაც არ სჯეროდა, იმათ დაემართათ მერე“, – გვიყვება ხალით ქოქოლაძე.

გასული წელი არც ფუტკრებისთვის ყოფილა კარგი, „ყვავილი იყო, მაგრამ ნექტარი არ იყოო“ – გვეუბნება. შესაბამისად, მეფუტკრეებს მოსავალიც არ ჰქონდათ ისეთი, როგორსაც ელოდნენ.

ხალით ქოქოლაძემ ფუტკართან მუშაობა შვილებსა და შვილიშვილებს, მეზობლებს, ახლობლებს და ყველა მსურველს ასწავლა, ზოგს სკაც კი აჩუქა და ამ საქმის დაწყებაში დაეხმარა.

როგორც თვითონ გვიყვება, მისთვის ფუტკართან ურთიერთობა მთელი ფილოსოფიაა, „ფუტკარი მხოლოდ თაფლი არ არისო“ – ამბობს  და სხვადასხვა სარგებელზე გვიყვება:

„ბავშვობიდან ახლოს ვიყავი ფუტკართან, რადგან ბაბუაც მეფუტკრე იყო, ეს საქმე უკვე მეოთხე კლასიდან დავიწყე, ყოველ დღე ვათვალიერებ თითოეულ სკას, ფუტკარი მხოლოდ თაფლის გამო კი არა, სოფლის მეურნეობისთვის არის საჭირო, ის დამტვერვაში მონაწილეობს.

ფუტკარს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, სხვადასხვა ყვავილის თაფლს ცალ-ცალკე ვამზადებ“.

ხალით ქოქოლაძის თქმით, პანდემიის და, შესაბამისად, საზღვრების ჩაკეტვის გამო ბოლო პერიოდში თაფლის ფასმა დაიკლო:

„ადრე თურქეთში რომ იყიდებოდა, ერთი კილოგრამი 25 ლარი ღირდა, ახლა 15 ლარი ღირს – თურქეთში შეტანის აკრძალვამ ფასი შეამცირა. თაფლს ძირითადად სამკურნალოდ ყიდულობენ, ვისაც ფული არ აქვს, მისთვის ფუფუნების საგანია“.

ხალით ქოქოლაძე

ხალით ქოქოლაძეს აწუხებს ისიც, რომ ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან და ბათუმიდან ერთი საათის სავალ გზაზე მდებარე სოფლებიც კი იცლება.

„კი ბატონო, წადით ქალაქში, მაგრამ სოფელი შეინარჩუნეთ. ის აუცილებლად დაგჭირდებათ.

გული მტკივა, რომ სოფელში არაფერს იტოვებენ, ისე მიდიან. სოფელი არავის აღარ უნდა. ადრე გზაც არ გვქონდა, ახლა სახლამდე გზა მიდის, ხილი დარგე, ამოხვალ – მოკრეფ“.

რამდენიმე წლის წინ ხალით ქოქოლაძე მაჭახლის ხეობამ „ხევისბერად“ დაასახელა. ის ამ ხეობის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, ქოქოლეთში ცხოვრობს.

როგორც „ხევისბერს“, მდინარე მაჭახელაზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებშიც მიუღია მონაწილეობა:

„მდინარე მიწის ქვეშ უნდა მოექციათ, ჩვენ უარზე ვიყავით და მთელმა ხეობამ წინააღმდეგობა გავუწიეთ. იცით როგორია ჩვენი მდინარე? – ერთი კვირაც რომ იწვიმოს, წყალი არ აიმღვრევა. ასეთი მდინარის მიწის ქვეშ მოქცევა არ შეიძლება. კომპანიის ხალხმა სახლშიც მომაკითხა, მთხოვეს დაგვეხმარეო, მაგრამ არა.“

ხალით ქოქოლაძეს შვილიშვილმა ფეისბუქზე საკუთარი გვერდი გაუკეთა. მან ახლა იცის, რომ როგორც მაჭახლის ხეობაში, ასევე სოციალურ ქსელშიც პოპულარული კაცია.

„თინასთან ვწუხვარ“ – პაპუაშვილის პოსტის კომენტარებში ბოკუჩავაზე თავდასხმა გრძელდება 

„ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არათუ არ მიიჩნევს, რომ თავის ქალ კოლეგა თინა ბოკუჩავასთან ეთიკის ნორმა დაარღვია, როცა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით და ფიზიკური შეხებით გაიყვანა, არამედ საკუთარ ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ და გენდერულ სტერეოტიპების გამომხატველ კომენტარებს არ იმჩნევს:

დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ “, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პარლამენტში 18 ივლისს მომხდარ შემთხვევას. ტრიბუნას ასევე ძალის გამოყენებით მოაშორეს კიდევ ერთი დეპუტატი ენმ-დან ნონა მამულაშვილი.

შალვა პაპუაშვილის ამ პოსტის ქვემოთ აქტიური დისკუსიაა გაჩაღებული, სადაც ასევე ქალ დეპუტატებს დასცინიან და ზოგ შემთხვევაში ამართლებენ კიდეც ძალადობას: „ესენი ხომ სულ იწვევენ კაცებს“… „ამ ქალს ესიამოვნა და თქვენ ვინ გკითხავთ?“… „ისტერიკამდე აღგზნებული სხვანაირად ვერ დააზღნარეს და რა ექნაათ“ – ეს და სხვა მსგავსი შინაარსის არაერთი პოსტია შალვა პაპუაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე.

უცნობია, როდის შეისწავლის პარლამენტის ეთიკის საბჭო „თინა ბოკუჩავას ტრიბუნიდან ძალით გაყვანის საქმეს“. საბჭოს ჯერ საქმის შესწავლა არ დაუწყია.

საბჭოში ჯერ არ შესულა თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის საჩივრები, თუმცა პარლამენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, საბჭოს თავისი ინიციატივითაც შეუძლია საქმის შესწავლა დაიწყოს. ეთიკის საბჭოს ამ შემთხვევის შესწავლისკენ რამდენიმე დეპუტატმა მოუწოდა, მათ შორის, თამარ კორძაიამ.

„საბჭოს შესწავლა არ დაუწყია, თუმცა რა აზრი აქვს, ამ საბჭოს წევრმა უმრავლესობიდან ირაკლი ქადაგიშვილმა უკვე თქვა, რომ ეს ძალადობა არ იყო, უბრალოდ, გამოწიაო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ კორძაია.

„საბჭოს აპარატს მიმართეთ, განცხადება თუ შეიტანეს, სპეციალური ფორმაა შესავსები,“ – მოგვწერა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ და პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ვინაიდან მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, სატელეფონო მიმოწერის დროს დაზუსტება ვთხოვეთ იმის, რაც „პალიტრის“ ეთერში თქვა:

„არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ. ჩვენ თუ ამას განვიხილავთ, როგორც კაცსა და ქალს შორის ურთიერთობის ეტალონს, მაშინ სულ სხვა ლოგიკაში შევდივართ. თუ ჩვენ ამას განვიხილავთ, რომ ერთმა დეპუტატმა მეორე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარესთან არ მიუშვა და მის სკამზე დასმის საშუალება არ მისცა, ეს კიდევ სულ სხვა საკითხი არის. ძალადობა არის სხვა რამე”, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როცა თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალით გამოიყვანეს, იყო თუ არა ეს ეთიკის კოდექსის დარღვევა? – მივწერეთ ირაკლი ქადაგიშვილს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ეთიკის საბჭოში ამ დროისთვის სულ 7 წევრია: ირაკლი ქადაგიშვილი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, კახა კახიშვილი, მაია მენაღარიშვილი, დავით სერგეენკო, ავთანდილ ენუქიძე.

ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 14-მდე გაიზარდა, თუმცა ამ დროისთვის არაა შერჩეული საბჭოს სრული შემადგენლობა. პარლამენტის პრესცენტრის განმარტებით, ჯერ საბჭოს შემადგენლობა უნდა დაზუსტდეს, აირჩიონ თავმჯდომარე, თანათავმჯდომარე და საკითხს შემდეგ შეისწავლიან.

ეთიკის საბჭო პარლამენტის მოწვევის ვადით ყალიბდება. მე-10 მოწვევის პარლამენტის ეთიკის საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა და 7 წევრი შეირჩა, თუმცა ის ჯერ არ შეკრებილა. საბჭომ მიმართვიდან ერთ თვეში უნდა შეისწავლოს საჩივარი და გადაწყვეტილება მიიღოს, რაც პარლამენტის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნდება. „საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს,“ – აღნიშნულია ეთიკის კოდექსში.

ეთიკის კოდექსის მიხედვით: „საქართველოს პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა სხვა პარლამენტის წევრებსა და მოქალაქეებს“.

პირველი ჭკვიანი საცხოვრებელი კომპლექსი გონიოს სანაპიროზე

სმარტერისა და NAVI-ს წარმატებული კოლაბორაცია შედგა და სულ მალე ჩვენ ვიხილავთ პირველ, სრულად „ჭკვიან“ და ავტომატიზებულ კომპლექსს გონიოს სანაპიროზე.

მოგეხსენებათ უკვე მრავალი წელია კომპანია სმარტერის დახმარებით ჭკვიანი სახლის სისტემები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ბათუმში არამედ მთლიან აჭარის რეგიონში.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ NAVI პირველი ინოვაციური პროექტია გონიოს სანაპიროზე, რომელმაც გადაწყვიტა ყველა ბინის სრული ავტომატიზება. პროექტის მომავალ მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ დისტანციურად მართონ და დაამონიტორინგონ საკუთარი ბინები.

და მაინც, რატომ გახდა ჭკვიანი სახლის სისტემები ასეთი პოპულარული განსაკუთრებით აჭარის რეგიონში და რა დამატებითი ღირებულება მოაქვს მათ საბოლოო მობინადრეებისთვის? ამ კითხვაზე გვიპასუხებს კომპანია სმარტერის მმართველი პარტნიორი – დიმიტრი აბულაძე

დიმიტრი აბულაძე კომპანია სმარტერის მმართველი პარტნიორი
დიმიტრი აბულაძე კომპანია სმარტერის მმართველი პარტნიორი

დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტიპის დეველოპმენტი და პრემიუმ კლასის კომპლექსი წარმოუდგენელია აღნიშნული სისტემების გარეშე, რადგან კონკურენცია ამ მიმართულებით ძალიან გამძაფრდა.

არსებობს რამდენიმე მყარი მიზეზი, თუ რატომ გახდა ჭკვიანი სახლის სისტემები ასეთი პოპულარული განსაკუთრებით აჭარის რეგიონში:

  • დეველოპერებმა საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად აუღეს ალღო აღნიშნულ სისტემებს და მიხვდნენ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო მათი კონკურენტული უპირატესობა, ანუ ის, რაც მათ გამოარჩევთ სხვადასხვა კონკურენტული პროექტისგან.

მოგეხსენებათ, დიდი ხანია, რაც დეველოპერებისთვის ბაზარზე არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული სიახლე, რომელიც მათ პროდუქტს განსაკუთრებულ ღირებულებას შესძენდა.

ჭკვიანი სახლი კი ერთდროულად ჰპირდება როგორც კომფორტს, ისე უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობას.

  • მეორე და ძალიან მყარი მიზეზი არის ჭკვიანი სახლის, როგორც პროდუქტის საუკეთესო თანხვედრა პოტენციური მომხმარებლების მოთხოვნებთან.

მოგეხსენებათ, აჭარის რეგიონში და ძირითადად ბათუმში, ბინის მყიდველი არის არაადგილობრივი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ მაქსიმალური წვდომა და კონტროლის საშუალება დისტანციურ რეჟიმში. სწორედ ამიტომ ჭკვიანი სახლის სისტემებმა შეიძინა განსაკუთრებული ღირებულება ამ კუთხითაც.

  • გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში ბინის მყიდველთა აუდიტორია არის უცხოელი, მათ უკვე კარგად იციან ჭკვიანი სახლის ბენეფიტები და სამშენებლო კომპანიები ძალიან კარგად და ეფექტურად ახერხებენ ჭკვიანი სახლის, როგორც დამატებითი უპირატესობის წარმოჩენას.

ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, „ჭკვიანი სახლის“ აღქმული ღირებულება გაცილებით დიდია, ვიდრე რეალური ღირებულება, ეს კი დეველოპერისთვის ძალიან ხელსაყრელი და მომგებიანია.

ხვალ საღამოს გაავდრდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და  ელვა-ჭექა, ზოგან – ძლიერი.

სააგენტოს ინფორმაციით ამ პერიოდში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – წერს სააგენტო.

გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაცია მისცა საკოორდინაციო საბჭოს, დაწესდეს პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი, რაც გვქონდა ნოემბრის დასაწყისში, როცა მივდიოდით პიკისკენ.

ყველა ინდიკატორით ჩვენ გადავედით წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამის შესახებ საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება, პირველ რიგში აღსრულებასთან დაკავშირებით.

„მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ ხდება და დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადის ხმარებასთან მიმართებაში… შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და შესაბამისი ცვლილება შევა განკარგულებაში, ღია სივრცეებში, სადაც გარკვეული რაოდენობა იკრიბება ადამიანების. ამაზე დავალება მიეცა საკოორდინაციო შტაბს, შესაბამისად შემუშავდება ეს რეკომენდაციები.

იცით, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხებში ყოველთვის არის უფრო რადიკალური, ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის, ერთი მხრივ, იმუნიზაციის პროცესის ინტენსიურობა და მეორე მხრივ, გონივრულობის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრ რეკომენდაციებს დააყენებს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 20 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ბოლო 24 საათში კოვიდით საქართველოში 2 616 დაინფიცირდა.  ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 20 ივლისის 21 საათიდან 21 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 29 – 34 გრადუსი
  • ღამით: 20– 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 22-23 ივლისს, მოსალოდნელია წვიმა.

დღეს მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ

დღეს, 20 ივლისს, მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ.

ყურბან ბაირამზე მზის ამოსვლამდე ყველა მოქმედ მეჩეთში კითხულობენ ლოცვას. ტრადიციული ლოცვა დილის 6:30 საათზე დაიწყო მეჩეთებში.

ყურბან ბაირამის დღესასწაული 3 დღის განმავლობაში გრძელდება.

ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს კლავს. ხორცი რამდენიმე ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი – ღარიბებს.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარაში კოვიდის 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა

20 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 279 ადამიანი მკურნალობს, მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 334 ადამიანია მოთავსებული. აჭარაში თვითიზოლაციაშია 1 685 ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 2616 ახალი შემთხვევა – 20 ივლისის მონაცემები

20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 26 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.77% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.24%.

ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. აქედან 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 667, აჭარაში – 279, იმერეთში – 536. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 855 პირი.

რა იკითხება ღარიბაშვილის განცხადებებში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ორ ცეცხლს შორის არის ახლა „ოცნება“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელიც დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ადევნებდა თვალს და პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს – „როდის ტოვებთ თანამდებობას?“

პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის ადგილი დატოვა. მანამდე კი, მან კონკრეტული გზავნილები გააჟღერა, რაზეც, მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ისაუბრა.

რა ჩანს ღარიბაშვილის განცხადებებიდან? – „ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო კორნელი, რა ჩანდა დღეს ღარიბაშვილის განცხადებიდან, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? 

სამწუხაროდ, არ მომისმენია პრემიერის კონფერენციაზე გამოსვლა, რაც შეეხება ჟურნალისტებთან განცხადებას, აქ აშკარად იგრძნობოდა დაძაბულობა.

როდესაც მედია გიპირისპირდება შენს ქვეყანაში, აშკარად წამგებიან სიტუაციაში ხარ. მნიშვნელოვანია, რა უთხრეს პრემიერს დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის დელეგაციამ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეთანხმებასთან დაკავშირებით. ორ-სამ დღეში დავინახავთ ტონის მიხედვით, რამე შეცვალა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“. თუ არაფერი შეიცვალა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ღარიბაშვილს არც არაფერი გაუგია.

ორ ცეცხლს შორის არის ახლა „ქართული ოცნება“: მას უნდა, რომ ულტრაკონსერვატიული ჯგუფები არ გაანაწყენოს, რადგან არჩევნების მოგება არის რთული და ამ ჯგუფებს ეყრდნობა მომავალ არჩევნებზე და ამავდროულად, ღირებულებით ნაწილში უპირისპირდება დასავლეთს, რაც სერიოზული პრობლემაა. ეს არის სახიფათო კურსი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის. ჩვენ არ ვართ უნგრეთი და პოლონეთი, რომ ორბანის მსგავსი რეჟიმი არსებობდეს. ევროკავშირი და ნატო არის გარკვეული წინააღმდეგობა ასეთი რეჟიმისთვის. ჩვენ კი, რუსეთის სამეზობლო ვართ და ეს კურსი ძალიან სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს არის დილემა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ახლა „ქართული ოცნების“ იმ რადიკალურმა ფრთამ, რომელიც ახლაა ხელისუფლებაში.

  • ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან მიშელთან ისაუბრა იმაზე, რომ სტაბილურობის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი, ასევე არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება და მართლმსაჯულების რეფორმა. თქვენი აზრით, რატომ არჩია პრემიერმა ამის ხაზგასმა? 

ბევრი მოსაზრება არსებობს, რომ მიშელთან შეხვედრის დროს იქნებოდა მწვავე საუბარი შეუსრულებელ ვალდებულებებზე, ამ თვალსაზრისით თავი მოიწონა, რომ ამაზე კი არ იყო საუბარი, ვითომ სხვა თემები იყო მნიშვნელოვანი და არავითარი კრიტიკა „ოცნების“ მისამართით დახურულ კარს მიღმა არ ყოფილა. ეს ძალიან საეჭვოა.

არ არის გამორიცხული, რომ ამ თემებზეც ილაპარაკეს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რა თქვეს, მათ შორის, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაზე. ამ საკითხების წინ წამოწევა მედიასთან პრემიერის მხრიდან იყო ტემპერატურის დაწევის მცდელობა.

  • მისი პათოსი რას ემსახურება, რომ ხელისუფლება ვალდებულებებს ასრულებს. დღესაც კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს“. 

ეს არის ისრების გადატანის მცდელობა 5 ივლისის მოვლენების შემდეგ. პრემიერმა იცის, რომ სადღაც ერთ-ორ კვირაზეა საუბარი, მერე ხალხი დასასვენებლად მიდის და ცდილობს, რაღაცნაირად კრიზისი განმუხტოს. სექტემბერში კაციშვილმა არ იცის, რა მოხდება, თანაც არჩევნები მოდის. ის ამ გზავნილით ესაუბრება მომხრეებსაც და აკრიტიკებს დასავლეთსაც. ახლა ამაზეც გადავიდნენ. ჩანს, რომ სიმართლის, კრიტიკის მიღება ძალიან უჭირთ.

  • კრიტიკის მიღების პრობლემაა, თუ ეს არის გზავნილი დასავლეთისთვისაც, რომ დასავლელი პარტნიორების შეფასება შესაძლოა მნიშვნელოვანი არ არის?  

ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის და არსებობს რისკი ღირებულებით კონფლიქტზე. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია უმცირესოებების უფლებების დაცვა და როცა შენ საწინააღმდეგოს აკეთებ, ერთგვარ სიგნალს აძლევ დასავლეთს. ასეთ პოლიტიკას ატარებს, მაგალითად, ორბანი და ის საკმაოდ დიდი კრიტიკის ქარცეცხლშია. მაგრამ ასეთი სიტუაცია საქართველოში არ გამოვა, მით უმეტეს, როცა დასავლეთი გეხმარება 30 წლის განმავლობაში.

ერთადერთი, რის გამოც ჩვენ მხარს გვიჭერდნენ, ეს იყო ის, რომ ქვეყანა გამოიყურებოდა, როგორც იმედისმომცემი დემოკრატია. დასავლეთმა შესაძლოა თვალი დახუჭოს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, არჩევნებზეც, მაგრამ ღირებულებით ნაწილშიც თუ პრობლემა გაქვს, ამას ასე ადვილად არავინ გაატარებს დასავლეთში. ამ დილემის წინაშეა ხელისუფლება, რომელსაც არჩევნები წინ აქვს და არავინ იცის, 43 პროცენტს აიღებს თუ ვერა.

  • იშელთან შეხვედრის შემდეგ ამბობდა დღეს ოპოზიცია, რომ ხელისუფლებას აწყობს „მიშელის შეთანხმების“ ჩაგდება, რადგან 43 პროცენტი ხმების მიღების პირობაც შესასრულებელი აღარ ექნებაო.

    კორნელი კაკაჩია

ესეც არ არის გამორიცხული. მოსამართლეებს რატომ ნიშნავენ ასეთ სწრაფ რეჟიმში? იციან, არჩევნებში რომ ვერ გაიმარჯვონ, შემდეგ ქართულ პოლიტიკაში დაუწერელი კანონი – ვენდეტა იწყება. ამიტომაც უნდათ, რომ თავიანთი მოსამართლეები დატოვონ. ეს არის რეჟიმის გადარჩენის მცდელობა.

მერე ეს პარტია გადარჩება თუ არა საერთოდ, არავინ იცის. ამიტომაც მოგება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის. დასავლეთთან პრობლემური ურთიერთობების ფონზე ეს არის უკვე გზა ავტორიტარიზმისკენ. ღირებულებით ნაწილში დემოკრატიის უკუსვლა გაქვს, არც სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესებულა, მესამე ვადით ხარ მოსული და ახალს არაფერს აჟღერებ და რატომ უნდა იწვევდე ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის სიმპათიას?

  • ხომ არ ჩანს, რომ პრემიერს არც აღელვებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება? 

ეს ჩანს და ეს არის სახიფათო ყველაზე მეტად. გარკვეული როლი უნდა ითამაშოს „ოცნების“ ცოტათი ზომიერმა ფრთამ, თუ არის ასეთი საერთოდ დარჩენილი. თუ აზრზე არიან, რამე უნდა გააკეთონ. ამ კურსით რეალურად უფსკრულისკენ მიდის ხელისუფლება.

  • ქვეყანა?

ქვეყანაც გადაყვება. ოპოზიციის მხრიდან კიდევ გასაგებია, მაგრამ ხელისუფლება როდესაც თვითონ ხდება რადიკალიზაციის ნაწილი და შემჩნეულია რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში, ეს არის სერიოზული პრობლემა და ამას არავინ გაატარებს.

ევროკავშირი ძალიან დელიკატურად უდგება ამ საკითხს, მას არ სურს, რომელიმე მხარეს დადგეს, მაგრამ ახსენებს ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომ ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს.

ვიცით, რომ ეს შეთანხმება არ იყო იდეალური, მაგრამ ის იყო კომპრომისული ვარიანტი. მისი შესრულება ააცილებდა კრიზისს ქვეყანას, არჩევნებამდე მიიყვანდა და შემდეგ უკვე არჩევნების გზით საზოგადოება გადაწყვეტდა, რა როგორ უნდა ყოფილიყო. ამაზე ზრუნავს ახლა ევროკავშირი, რომ აიძულოს ხელისუფლება შეთანხმებით მიღწეული პირობები შესრულდეს.

თუ ეს შეთანხმება დაირღვა, გამოდის, რომ ფაქტობრივად ერთი თვე რჩება არჩევნებამდე. ვთანხმდებით, რომ ცესკოს მიმართ ნდობა ისევ პრობლემურია. თუ ამ არჩევნებს ისევ არ ენდობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მედია, რა რჩება?

  • რა რესურსი რჩება დღეს, რომ რუსულ ორბიტაზე არ აღმოვჩნდეთ? დღეს უკვე საერთაშორისო კონფერენციაზე სამი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა – საქართველო, უკრაინა მოლდოვა. რამდენად გაიზარდა რისკები და მნიშვნელობა ამ კონფერენციის? 

სამი ქვეყნის ლიდერის ვიზიტი და მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს და ამ რეგიონის მიმართ ევროკავშირის ინტერესი ისევ მაღალია. მნიშვნელოვანია ახლა ის, რომ საერთოდ ევროკავშირის რადარებიდან არ დავიკარგოთ. ამ კონფერენციას დაესწრო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ეს იყო ხაზგასმა ამ ინტერესის.

ეს არის სიგნალი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით კი, რუსეთისთვის, რომ ევროკავშირი არ აპირებს ამ რეგიონის უყურადღებოდ მიტოვებას, რა შთაბეჭდილებაც დარჩა, მაგალითად, ყარაბაღის ომის შემდეგ, როცა დასავლეთი პრაქტიკულად გათიშული იყო რეგიონული პრობლემების მოგვარებისგან.

ჩვენ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში – სალომე ზურაბიშვილი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს ბათუმის სამიტის დეკლარაციას. ხელმოწერის ცერემონია დღეს, 19 ივლისს, პეტრას ციხეზე გაიმართა.

დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამი ქვეყნის შეთანხმების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რატომ მოეწერე შეთანხმებას ხელი პეტრას ციხეზე:

„იმ ადგილას, სადაც იმართებოდა ბრძოლები, ახლა, თქვენი აქ ყოფნის შედეგად, პეტრას ციხე გახდა ჩვენი საერთო მიზნების, სამი ქვეყნის და ევროკავშირის შეხვედრის ადგილი.

ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო, საერთო წარსული, ჩვენი გამოწვევები, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, საერთო გამოწვევები ჩვენი უსაფრთხოების და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, რაც შეიძლება მომდინარეობდეს გარე და შიდა წყაროებიდან.

თუმცა ჩვენ ასევე საერთო გვაქვს ის, რომ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს და პოლარიზაციის გამოწვევებს ქვეყნის გარეთ და შიგნით.

ჩვენი რეაგირება ევროპული რეაგირებაა, არ მოხდება არც სტაგნაცია, არც შეყოვნება. მოხდება მხოლოდ წინსვლა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპასთან ასოცირებამ ახალი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს:

„ასოცირება ახალი მნიშვნელობის მქონე უნდა გახდეს, რადგან ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება,  გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ჩვენი კანონმდებლობის ადაპტაცია ევროპასთან და ასევე, ვიღებთ ერთმანეთის გაძლიერების ვალდებულებას.

გვჭირდება ეკონომიკის საერთო ხედვა. შავი ზღვა არის ახალი მიდგომების და ახალი შესაძლებლობების სიმბოლო. სამივე ქვეყანაში ვიმუშავებთ ევროკავშირთან ერთად, რომ დავახლოვდეთ შავი ზღვის ინიციატივის კონტექსტში.

ასევე, უნდა მოვახდინოთ ასოცირება არა მარტო ჩვენს ერებს შორის, არამედ ევროკავშირთან.

პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენ სამი აღარ ვიქნებით იგივე, შავი ზღვა აღარ იქნება იგივე“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

Exit mobile version