მთავარი,სიახლეები

რა გაარკვიეს ბათუმის „ოცნების“ შტაბში სააკაშვილის ჩამოსვლაზე – „გუშინ თავსხმა წვიმა იყო“ 

01.10.2021 • 1995
რა გაარკვიეს ბათუმის „ოცნების“ შტაბში სააკაშვილის ჩამოსვლაზე – „გუშინ თავსხმა წვიმა იყო“ 

„ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება,“ – გვიპასუხა დღეს, პირველ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსმა ტიტე აროშიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ხელისუფლების კრიტიკაზე. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის თემაზე პარტიები კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა საუბრობდნენ.

ტიტე აროშიძემ არჩევნების წინა დღეს ბრიფინგი იმის სათქმელად გამართა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რეალურად არ ჩამოსულა და ეს სიცრუეა. თუმცა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

„დღეს რამდენიმე პირმა გააკეთა ფეისბუქლაივი რეალურად ბათუმიდან, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თითქოს ბრაზილიაში იყო ან პორტუგალიაში…“, – თქვა ტიტე აროშიძემ.

მანვე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ თქვა, რომ აზრის გამოთქმის უფლება აქვს ყველას.

„ზედმეტი იქნება ახლა სახელმწიფოს ყველა რესურსი გადაერთოს ამაზე, ეს არის აბსურდის თეატრი. სახელმწიფოს არ აქვს დრო, რომ ასეთ ფეიკლაივებზე გააკეთოს დიდი აქცენტი,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ. მან ბათუმში ექსპერიმენტის ჩატარებაც ახსენა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო თუ რეალური არ არის, რატომ არ საუბრობენ ამაზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საუბრობენ პოლიტიკოსები? – ვკითხეთ „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს.

„პარტიები საუბრობენ იმიტომ, რომ ხვალ არის არჩევნები და პოლიტიკური პარტიების კონკურენციის დღეა,“ – გვიპასუხა ტიტე აროშიძემ.

ჟურნალისტებმა მას ასევე ვკითხეთ, რატომ არის დარწმუნებული სააკაშვილის ვიდეოს არარეალურობაში, როცა მონტაჟი ჯერ არავის დაუდასტურებია.

„ეს დადასტურდება და მარტივია ამის დადასტურება: გუშინ მთელი ღამე თავსხმა წვიმა იყო და მიხეილ სააკაშვილი რატომღაც ძალიან კარგ ამინდში იდგა, გამოდარების შემდეგ რომ ამინდია… თუ კარგად დავაკვრიდებით, რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული ვიდეო, ჩანს მშენებარე კორპუსი, რომელზეც ერთი სართულით უკვე ამის შემდეგ აშენებულია… სააკაშვილის ფეიკლაივთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ბავშვი, რომელიც ტექნოლოგიებთან ახლად შეგუებულია, ისიც კი მიხვდება, რომ ეს არის ფაბრიკაცია,“ – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

___

დღეს, 1-ელ ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ ბათუმშია. მოგვიანებით შს სამინისტრომ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთია“. გარდა „ქართული ოცნების“ ლიდერებისა, არც ერთ სპეციალისტს არ შეუფასებია ეს ვიდეო, როგორც ყალბი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მმართველი პარტია და ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა.

პრეზიდენტი მმართველ გუნდსა და ენმ-ს აკრიტიკებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: