Batumelebi | საარჩევნო უბანი ბათუმში „ოცნების“ მერობის კანდიდატის ბანერის ფონზე საარჩევნო უბანი ბათუმში „ოცნების“ მერობის კანდიდატის ბანერის ფონზე – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

საარჩევნო უბანი ბათუმში „ოცნების“ მერობის კანდიდატის ბანერის ფონზე

ბათუმის #6 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი ხვდება.

ეს საარჩევნო უბანი მეორე საჯარო სკოლაშია გახსნილი. ოთახი, რომელშიც საარჩევნო უბნისათვის არის გამოყოფილი, ქუჩას ესაზღვრება. საარჩევნო უბნიდან ზუსტად ორ მეტრში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე კი “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის საარჩევნო ბანერებია გაკრული.

რეგისტრატორებთან ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენის მიღების ლოდინი “ქართული ოცნების” ბანერების წინ უწევს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.

ამ კანონის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ჩანაწერი 25 მეტრიანი დისტანციის შესახებ 2020 წლის ივლისიდან გაჩნდა კოდექსში. 2021 წლის 28 ივნისის ცვლილების შემდეგ კი საბოლოო სახე მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი