მთავარი,სიახლეები

მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი – სააკაშვილი | ვიდეო

01.10.2021 • 2885
მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი – სააკაშვილი | ვიდეო

დღეს, პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკვე საქართველოშია.

დღეს, დაახლოებით 10:54 წუთზე სააკაშვილმა ფეისბუკის გვერდზე მეორე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ბათუმშია. კადრები ღამითაა გადაღებული, ჩანს ახალი ბულვარი.

„რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ, მიუხედავად მუქარებისა.

მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ, რომ ორში მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში ხმა არ მისცეთ ივანიშვილს. მივიდეთ ბევრი.

ეს არ არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც იმ პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა იმ პატარა პარტიებს, რომლებიც გესიმპათიურებათ და მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ, რომ მისცეთ ხმა. თბილისში ნიკა მელიას, ზოგადად „ნაციონალ მოძრაობას“ – ამბობს ვიდეოში სააკაშვილი.

ის მის მხარდამჭერებს ეუბნება, რომ 3 ოქტომბერს შეიკრიბებიან თბილისში რუსთაველზე.

„როცა ვიქნებით 100 ათასი კაცი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამმარცხებელი ძალა არ იქნება და მეც, რა თქმა უნდა, შემოგიერთდებით“ – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.

მან პირველი ვიდეო, ასევე ღამის კადრებით,  დღეს დილით გამოაქვეყნა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი, დარწმუნებული ვარ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, ხალხს აგდებენ ქვეყნიდან და ეს უნდა დასრულდეს. ამ ბულვარს ამ სილამაზეს რუსი ტურისტების ან თურქებისთვისთვის ან ირანელებისთვის კი არ ვაკეთებდი, ეს მინდოდა თქვენთვის, მე ბოლომდე თქვენთან ვარ“ – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

გადაბეჭდვის წესი


ასევე: