მთავარი,სიახლეები

„არავის შეეშალოს, პრემიერი გახლავთ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი“ – რიჟვაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

01.10.2021
„არავის შეეშალოს, პრემიერი გახლავთ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი“ – რიჟვაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

„ღიმილისმომგვრელია, რა შეიძლება ვთქვა. უფრო მეტს გეტყვით, გუშინ სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, გოდერძიზე კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ ტელეეთერში დღეს, პირველ ოქტომბერს.

მან თქვა, რომ სააკაშვილის გუნდს მეთოდები მოუძველდა და ეს სააკაშვილის მოდელირებული ჩამოსვლაა საქართველოში.

„რაც შეეხება სერიოზულად – პირველი ის, რომ ისე მოუძველდათ მეთოდები, მოდელირებული ქრონიკის, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ ფეიკ ვიდეოებსაც ხარისხი მიაკლეს.

ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არის დაცინვა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს, მათი ამომრჩევლების, მხარდამჭერების აბუჩად აგდება და დარწმუნებული ვარ, ისინი ამაზე საკადრის პასუხს მიიღებენ ძალიან მალე, უკვე ხვალ, არჩევნებში.

მინდა ვუთხრა ეიფორიაში მყოფ პოლიტიკურ სპექტრს და პირველ რიგში ნაცმოძრაობას – ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობა. ის არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს ვერ გაბედავს, რომ გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი, ამაში დარწმუნებული ვარ ბოლომდე.

ის ნარატივი რაც განავითარეს, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს – პრემიერი გახლავთ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გახლავთ ბატონი ვახტანგ გომელაური, სუსის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. მერწმუნეთ, როგორც სახელმწიფო საზღვრები, ისე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე,“ – განაცხადა რიჟვაძემ.

____________

დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე განაცხადა, რომ ბათუმშია და ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

საქართველოს შს სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: