მთავარი,სიახლეები

მოკლე ხანში გავრცელდება სააკაშვილის ახალი ვიდეოები – ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

01.10.2021 • 1453
მოკლე ხანში გავრცელდება სააკაშვილის ახალი ვიდეოები – ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ჩვენ ვემზადებით გამარჯვების ზეიმისთვის, ეს იქნება 3 ოქტომბერს,“ – განაცხადა დღეს, პირველ ოქტომბერს, თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ეკა ხერხეულიძემ.

მან თქვა, რომ ადასტურებს სააკაშვილის საქართველოში ყოფნას და მას პირადად ესაუბრა ვიდეოზარით და ის ბათუმში იყო, იმ ადგილას, რაც სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ანუ ბათუმში.

„უმოკლეს ვადაში გავრცელდება დამატებითი ვიდეოები, თავად მიხეილ სააკაშვილი გეტყვით დამატებით დეტალებს მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რაც პარტიაში იყო, ის გეგმა უცვლელი გახლავთ, ჩვენი მზაობა არის ხვალინდელი დღე, მშვიდ გარემოში უნდა მოვახერხოთ საზოგადოების მობილიზება, თავისუფალი ნების დაფიქსირება, ხმის მიცემა და ხმების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია გავაფორმოთ გამარჯვება,“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

კითხვაზე, გამოჩნდება თუ არა არჩევნებამდე სააკაშვილი საზოგადოების წინაშე, მან განაცხადა, რომ არ იცის – „მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან ძნელია“ – თქვა მან.

დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე განაცხადა, რომ ბათუმშია და ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

საქართველოს შს სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: