ბათუმში 8 ქუჩაზე აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 18 ივლისს, დილის 6:00 საათიდან დღის 17:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდა შემდეგ მისამართებზე:

  • 26 მაისის ქუჩა – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე
  • მელიქიშვილის ქუჩა – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე
  • ვაჟა ფშაველას ქუჩა – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე
  • ლუკა ასათიანის ქუჩა – რუსთაველიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე
  • რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე
  • კლდიაშვილის ქუჩა – სრულად
  • მემედ აბაშიძის ქუჩა – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩა – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

რამდენად საშიშია დელტა შტამი ბავშვებისთვის ინტერვიუ ბიძინა კოლუმბეგოვთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გასულ კვირას მშობლებს მოუწოდა: მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებსო. „ბათუმელებმა“ ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ექიმ ბიძინა კულუმბეგოვს ჰკითხა, რა არის დელტა შტამი და რა საფრთხეს უქმნის ის ბავშვებს.

  • ბატონო ბიძინა, პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, რა არის დელტა შტამი, ასევე მის გავრცელებაზე ბავშვებში – მართალია თუ არა, რომ ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება და აგრესიულია. შესაბამისად, რისკებიც უფრო მაღალია?

დელტა შტამთან მიმართებაში რა ინფორმაციასაც დღეს მსოფლიო დაზუსტებულად ფლობს, არის ის, რომ ადამიანიდან ადამიანზე მისი გადაცემა ალფა შტამთან შედარებით არის 50-60 პროცენტით გამარტივებული. ასევე, დადგენილია, რომ ათასჯერ მეტია სასუნთქ გზებში და ლორწოვანში ვირუსის კონცენტრაცია, ვიდრე წინა ვარიანტების შემთხვევაში. ამიტომაც, რაც უფრო მაღალი კონცენტრირებული ვირუსების რაოდენობა აქვს ზედა სასუნთქ გზებში დაავადებულ ადამიანს და უფრო დიდი რაოდენობით აფრქვევს ვირუსს. ეს გადაცემას ამარტივებს და უფრო მეტია ალბათობა ირგვლივ მყოფები დაავადო.

თუ ალფა ვარიანტს ჰქონდა დაახლოებით 3-4 ადამიანის დაავადების საშუალება [ერთ ინფიცირებულს], დელტა ვარიანტს საშუალოდ 5-8 ადამიანის ინფიცირება შეუძლია. დანარჩენი პარამეტრული მინიშნებები, რომ დელტა ვარიანტმა უფრო მეტი ადამიანი მოახვედრა საავადმყოფოში, ან მეტი ბავშვი გახადა მძიმედ ავად, ან სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზარდა, ჯერჯერობით ასეთი დაზუსტებული მონაცემი მსოფლიოში არ არსებობს.

თუ ავიღებთ ბრიტანეთის მაგალითს, იქ შეწონილია დელტა ვარიანტის გავრცელება, მაღალი ხარისხით ვაქცინირების მასშტაბებთან ზედა ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ყველაზე დიდია ჰოსპიტალიზაცია, კრიტიკული პაციენტები თუ სიკვდილობა:

დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანეთში 51 000 ახალი შემთხვევაა. როდესაც მათ, მეორე ტალღის დროს, ნოემბერში ჰქონდათ 50 000 ახალი შემთხვევა, ყოველ დღე 30 ადამიანი ხდებოდა კრიტიკულ დეპარტამენტში, ანუ იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი. ბოლო ერთ კვირაში კი 50 000 ახალი შემთხვევიდან, კრიტიკულ დეპარტამენტში მხოლოდ რვა ადამიანი მოხვდა.

ეს განპირობებულია იმით, რომ ზედა ასაკობრივი ჯგუფი 80-90 პროცენტი, მაგალითად ისრაელში 50 წლის ზემოთ აცრილი ჰყავთ. აუცრელი კონტიგენტი დარჩა ქვედა ასაკობრივ ჯგუფში, ამიტომაც გადმოიწია ბავშვთა ასაკში და არაა ისე, რომ მაინცა და მაინც ბავშვებს ერჩის. ეს ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში, რომ მაინცა და მაინც ბავშვებს აზიანებს, რაც არ არის სწორი. კრიტიკულად და მძიმედ სიკვდილობა ბავშვებში ამ ვირუსის გამო არ არის გავრცელებული მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება.

როგორც კი ჩვენმა მოსახლეობამ გაიგო, რომ სამი ბავშვი იყო სამწუხაროდ მძიმედ და ერთი დაიღუპა, სიცხის დამძიმების რისკის შიშით ყველამ გადაწყვიტა, რომ საავადმყოფოს მიმართოს. ამიტომ სიმპტომურად  ცოტა უცნაურად მიდის ზაფხული.

  • უცნაურობა რაში მდგომარეობს?

ზაფხულის პერიოდიდან გამომდინარე, სიცხის გამო ტემპერატურის მართვა ბავშვებში გართულებულია, როცა ტემპერატურა გარემოში მაღალია, დეჰიდრატაცია, ანუ სითხის დანაკარგი ბავშვებს ისედაც მეტი აქვთ. როცა ტემპერატურა ვირუსით არის გამოწვეული, ან სხვა მიზეზით, რა თქმა უნდა, უფრო რთულად ემორჩილება დამწევ საშუალებებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვები გვყავდეს სიგრილეში, რაც შეიძლება მეტი სითხე შევთავაზოთ, რომ ინფექცია არ მიმდინარეობდეს მაღალი ცხელებით. დანარჩენი, რასაკვირველია, პედიატრთან კონსულტაციაა. სხვა რაიმე მინიშნება ან მძიმე მიმდინარეობა – მსოფლიოში მსგავსი რამ არ ხდება, ამიტომ არ უნდა ინერვიულოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ამაზე ძალიან.

  • მოწოდება ჰქონდა ამირან გამყრელიძეს მშობლების ვაქცინაციის აუცილებლობაზე, სწორედ ამ ნიშნით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ბავშვების ავადობა არ გვინდა – ამაზე აღარ ვსაუბრობთ. ყველა მშობლისთვის სტრესია, სიცხით მიმდინარე დაავადება, მით უმეტეს, თუ კორონასთან იქნება ეს დაკავშირებული. როცა მშობლებს ესმით მედიით ასეთი ინფორმაციები, რა თქმა უნდა  მშვიდად ვერ იქნებიან – რაც არ უნდა თვალსაზრისი იყოს, ვეცდებით ბავშვებს ავარიდოთ ეს ინფექცია, თუნდაც მსუბუქად და საშუალოდ მიმდინარეობდეს. თუნდაც 2-3 შემთხვევა ათი ათასობით ბავშვიდან, ისიც საყურადღებოა. შიდა ოჯახური გავრცელება რომ შევამციროთ, ერთადერთი ბერკეტია, მშობლების და ოჯახის უფროსი წევრების აცრა, რადგან ბავშვების აცრას ვერ ვახერხებთ არამარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოც კი. 12 წლის ქვევით პრეცედენტიც არ არსებობს.

ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ ერთხელ კიდევ დიდი მოტივაცია გავუჩინოთ ოჯახის წევრებს და უფროს თანამოქალაქეებს, რომ ვაქცინაცია თუ იქნება მაღალი პროცენტით, ეს აგვარიდებს ბავშვების ავადმყოფობას.

  • დღეს არსებული სტატისტიკა გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მონაცემები უფრო ჩქარა და დრამატულად გაიზრდება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოში ტესტირებით დადასტურებული შემთხვევები 390 000-ია. მონაცემებს დაახლოებით სამზე ამრავლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს იმას ნიშნავს, რომ [ასიმპტომური ან მსუბუქი სიმპტომებით პაციენტები, რომლებსაც ანალიზი არ გაუკეთებიათ] დაახლოებით ერთ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე მაინც იქნება, ვინც გადაიტანა ინფექცია. როდესაც ერთი მილიონ ადამიანს 3,5 მილიონიდან გარკვეულწილად იმუნიტეტი აქვს უკვე შეძენილი, რა თქმა უნდა, მეორე ტალღის მსგავსი საქართველოში არ იქნება, რადგან კონტაქტები წყდება, როცა იმუნური ადამიანი ხვდება ვირუსს. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ჩვენ გვექნება შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი არ იქნება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზედა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით მოწყვლად ადამიანებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

რატომ ვადარებთ მაგალითად ისრაელს – ისრაელში თუ 6000 ახალი შემთხვევაა აქტიური, შეიძლება ბოლო ერთ კვირაში 3-4 ადამიანი გარდაიცვალა, როცა ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში მინიმუმ 100- 150 მოქალაქეს ვკარგავთ. ამიტომ ჩვენთვის ეს ძლიერი დარტყმა იქნება. თუ შემთხვევების რაოდენობა 2000 იქნება [მეტ გაზრდას არ ველოდები, მაგრამ ესეც სერიოზულია], არაიმუნური ფენა, ასაკოვანი ადამიანები განსაკუთრებით დაზარალდებიან და ყოველდღიური სიკვდილობა იქნება 25-30. ერთ თვეში საქართველოში საშუალოდ 1000 ადამიანი დაიღუპება და ეს ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის.

შემთხვევები შეიძლება იყოს იქ, სადაც არ გყავს იმუნური ფენა და ეს შეიძლება იყოს ადრეული ასაკის ადამიანებიც, სადაც სიკვდილობა დაბალია. ის ხალხი უნდა გვყავდეს დაცული, ვისაც დიდი რისკი აქვს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის. რა თქმა უნდა, შემთხვევები  შეიძლება იყოს, როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ამ ქვეყნებს სიკვდილობის მაჩვენებელი ჩამოუვიდათ მინიმალურამდე. ნახევარი წლის შემდეგ ვაქცინაციამ რაც დაანახა კაცობრიობას, იმუნიზაცია ინფიცირებისგან ბოლომდე ვერ იცავს, მაგრამ ალბათობას 60-80 პროცენტით ამცირებს. ბუნებრივად იმუნიზირებული ბევრია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, სამწუხაროდ, აუცრელი ადამიანებში სიკვდილობის მაჩვენებელი გაგვეზრდება და ეს ციფრები იქნება  სავალალო.

  • თუ ვერ დაჩქარდა ვაქცინაციის პროცესი, თქვენი აზრით, უახლოეს მომავალში მკაცრი შეზღუდვების ისევ საჭირო იქნება?

შეზღუდვების დაწესებასთან მიმართებაში ძალიან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს ქვეყანა, უპრეცენდენტო მართვის სტანდარტია ახლა საქართველოში, რომელსაც არაიმუნიზირებული ჰყავს მოსახლეობის 98 პროცენტი – 2 პროცენტიანი ვაქცინაციის მოცვით ქვეყანა გავხსენით. მსგავსი რამ მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა, მაშინ ქვეყნები თავიდანვე ამ პოლიტიკას ატარებდნენ, შვედეთი იყო თუ ბელორუსი და ასე შემდგომ.

სრულიად უკონტექსტოდ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ეპიდემიოლოგიური არასტაბილურობის პირობებში, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით ქვეყანას ხსნი და მერე უკვე სამედიცინო ექსპერტების, დაავადებათა კონტროლის თუ  ვინც აძლევს რეკომენდაციას მთავრობას… როდესაც მიდიხარ ამ გზით… ეს ნიშნავს, რომ მათ აზრს არ ითვალისწინებ. ძალიან უხერხულია, მეტი რომ არაფერი ვუწოდო ამ სიტუაციას.

შეზღუდვების შემოღება დაგვჭირდება. თუ 2000-მდე მიაღწევს ნიშნული, ვაქცინაციის ამ ტემპის გათვალისწინებით, რაღაც ტიპის შეზღუდვა საჭირო იქნება, ადამიანები რომ არ დავხოცოთ. სწორედ იმაზე ვნერვიულობთ ჩვენ, რომ ყოველდღიურად 20 და 30 ადამიანის სიკვდილი არ გვქონდეს. ეს ალბათ იქნება ღამით გადაადგილების შეზღუდვაზე ზრუნვა, დიდი შეკრებების კონტროლი…

  • რამდენად მოსალოდნელია სრული ლოქდაუნი?

სრული ლოქდაუნი გამორიცხულია, ამის საჭიროება არ იქნება. გაიზარდა სამედიცინო ინფორმაცია, ცოდნა, ამიტომ სრული ლოქდაუნი არ განიხილება. სრული ლოქდაუნის ზღვარი ჩვენი ქვეყნისთვის არისვთქვათ თუ დღეში 5000 შემთხვევა გამოვლინდა. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ლოქდაუნი, მაგრამ ეს არ მოხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ჯოგური იმუნიტეტისკენ მიმავალი ქვეყანა ვართ, რომელიც არ არის ცივილური მართვის პრინციპი. ასე აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტისკენ უფრო მივდივართ, ვიდრე ხელოვნური იმუნიტეტისკენ ვაქცინაციის გზით.

რაც შეეხება დელტა შტამისგან ვაქცინით დაცვის ალბათობას, ეს არის 90 პროცენტი. ბრიტანეთის მაგალითი არის ძალიან კარგი ამ მხრივ, ასევე ისრაელის მაგალითი. იქ დიდი ნაწილი 50 წლის ზემოთ ადამიანების ვაქცინირებულია. მიუხედავად ამისა, რომ ორჯერადი არიან აცრილები, იქაც ხდებიან ავად, მაგრამ უდიდესი ნაწილი არის უსიმპტომო ან მიმდინარეობს მსუბუქად.

ბრიტანეთში ალფა ვარიანტის დროს, რადგანაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, დადგენილ შემთხვევებთან შეფარდების მიხედვით 1,9 პროცენტი იყო გარდაცვალება. დღეს, დელტა ვარიანტის დომინაციის პირობებში, სიკვდილობის მაჩვენებელი 0,2 პროცენტია [ბრიტანეთის მთავრობის მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშით]. მკვეთრად შემცირებული.

ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენ უნდა გვეშინოდეს მძიმე პაციენტების და გარდაცვალების რიცხვის ზრდის.

  • თქვენი აზრით, ჩინური ვაქცინით აცრილებს მესამე დოზა დასჭირდებათ?

გუშინ „ლანცეტმაც“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ჰონგ-კონგის მეცნიერებმა „სინოვაკთ“ აცრილები „ფაიზერით“ აცრილებს შეადარეს: ათჯერ უფრო ნაკლები აქვთ ანტისხეულების ტიტრობრივი მაჩვენებლები „სინოვაკით“ აცრილ პაციენტებს, ვიდრე „ფაიზერით“, მაგრამ იქვე წერია, რომ ჩვენ უჯრედული იმუნიტეტის, ანუ მეორე მახსოვრობის რგოლი არ შევაფასეთ და არ ვიცით რეალურ ცხოვრებაში ათჯერ ნაკლები ანტისხეულები ათჯერ ნაკლებ დაცვას ნიშნავს თუ არა.

მეცნიერულად და ლაბორატორიულად ათჯერ ნაკლებია ანტისხეულების ტიტრი ჩინურ ვაქცინებში, ვიდრე არის ფაიზერში და დასავლური ტიპის ვაქცინებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძალიან და ალბათ გარდაუვალი იქნება ბუსტერული დოზის გამოყენება – ყველას დაგვჭირდება, „ფაიზერია“ ეს „ასტრაზენეკა“, „ჯონსონია“ თუ ყველა სხვა ვაქცინა.

ჩინურ ვაქცინასთან მიმართებაში ძალიან მომწონს, რაც აქვს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს და უნგრეთს, სადაც დიდი რაოდენობით ჰყავთ „სინოფარმით“ აცრილები. მაგალითად უნგრეთმა თქვა, რომ ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში ადამიანს ეძლევა საშუალება გაიკეთოს მესამე აცრა – არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „ფაიზერი“ თუ „ასტრაზენეკა“. ვფიქრობ, ამაზე ვიმსჯელებთ იმუნიზაციის საბჭოს ექსპერტები. მე იმას ვემხრობი, რომ 3-4 თვის შემდეგ [ამაზე ჩამოვყალიბდებით], მესამე დოზის გაკეთების საშუალება მივცეთ განსაკუთრებით მათ, ვინც ჩინური ვაქცინითაა აცრილი.

„სირცხვილიამ“ ბათუმში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გამართა

მოძრაობა „სირცხვილიამ“ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურნენ.

აქციის მონაწილეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებული აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ორგანიზატორები საქართველოს მთავრობის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტებმა პარლამენტთან რუსთაველის გამზირი დაიკავეს და სამანქანო მოძრაობა ამ მონაკვეთზე გადაიკეტა.

ეს მედიასაშუალებების მიერ ბოლო პერიოდში ორგანიზებული მესამე აქციაა. რამდენიმე დღეა, მედიასაშუალებების ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს და ამ მოწოდებით საპროტესტო აქციებს მართავს.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა.

კელი დეგნანის პასუხის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას

დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ისევ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა არ ჩატარებულა და საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია შარლ მიშელის ხელშეკრულება, როცა მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფარული კრიტიკა „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანზე“, რომელმაც აშშ-ის 19 ივლისის პოლიტიკური შეთანხმების შესრულებაზე დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა.

ქართველ პოლიტიკოსებს ამ კონტექსტში კელი დეგნანი არ უხსენებიათ.

დღეს ქართველმა ჟურნალისტებმა კელი დეგნანს ჰკითხეს, ვის შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს ხელისუფება „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში“, ვინც მოსამართლეების დანიშვნის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

ელჩმა თქვა:

„ამ საკითხზე [მოსამართლეების დანიშვნა] განმარტებისთვის ალბათ უნდა მიმართოთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს. მე კი გეტყვით ერთს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ და ნათლად არის მოცემული, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს სანამ არ განხორციელდება ძალიან ფართო, ყოვლისმომცველი პროცესი, მსჯელობა რეფორმაზე და შემდგომ უკვე ამბიციური რეფორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა დანიშვნები. ეს არ ყოფილა პროცესი, რომელიც იყო მრავალპარტიული, ინკლუზიური და ფართო. შესაბამისად, არ განხორციელებულა სასამართლო სისტემის რეფორმა. სწორედ ამიტომ ეს დანიშვნები უნდა შეჩერებულიყო.

მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დაწერილ ტექსტს. შესაბამისად, მე არ ვიცი თუ იყო რაიმე სიტყვიერი შეთანხმება. ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, რომ თუ ხელშეკრულებას აწერ ხელს, ეთანხმები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული, დაწერილი.

ჩემი მხრიდან კიდევ იმას ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს და მას უთანამშრომლია ათასობით ქართველთან იმისათვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიის აღმშენებლობა და იმისათვის, რომ განვითარებულიყო მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის თავდაცვა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეკონომიკის განვითარება…

ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კვლავ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა ბევრ ქართველთან, მათთან, ვინც იზიარებენ ქართველი ხალხის სურვილს, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და განვითარებული“.

____

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ აშშ-ის სტრუქტურებს “ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების” გამო ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერების, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ნახეთ ვრცლად:

https://netgazeti.ge/news/554658/

ნახეთ ვრცლად:

მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გახმიანებული კრიტიკის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ სასამართლოზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი სისტემის მიმართ აშშ-სა და ევროპის კრიტიკა არ მოუსმენია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება აგრძელებს სასამართლოს რეფორმაზე მუშაობას, ზემოხსენებული “გაუგებრობა” კი მალე აღმოიფხვრება.

https://netgazeti.ge/news/554751/

რა იქნება ლურჯი მოცვის მომავალი, როცა მთავარი ბაზარი რუსეთშია და იქ წესებს ამკაცრებენ

ლურჯი მოცვის მოსავალი საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია. ფერმერებს გაფართოების გეგმები აქვთ, თუმცა აფიქრებთ  გარემოება, რომ გასაღების მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება. ეს კი საიმედო გათვლების საშუალებას არ იძლევა.

სპეციალისტების თქმით, წელს საქართველოში 1300-1500 ტონა მოცვის მოსავალს ელიან. ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს, საქართველო შეძლებს მოცვის ექსპორტიორი 25 უმსხვილესი ქვეყნის სიაში შევიდეს.

ფერმერების თქმით, ამ ეტაპზე მთავარ შემსყიდველთან თანამშრომლობის პრობლემები არ აქვთ, თუმცა რამდენად პროგნოზირებადია ლურჯი მოცვის მოსავლის ბედი და რა მოხდება თუ რუსეთი მოულოდნელ შეზღუდვებს ან დამატებით მოთხოვნებს დააწესებს პროდუქტის მიღებაზე, ამაზე პასუხი არავის აქვს.

გასულ წელს მოსავალი პირდაპირ ბაღებიდან გაყიდეს. ეს პროცესი წელსაც შეუფერხებლად მიმდინარეობდა, ვიდრე ივნისში რუსეთის მხარემ დამატებითი მოთხოვნების დაწესებაზე არ დაიწყო საუბარი. ამას მოჰყვა, შესყიდვის შეჩერებაც, თუმცა პრობლემა მალე მოგვარდა.

„შეფერხება 2 დღიანი იყო და მალე მოგვარდა. ტყუილად ატეხეს პანიკა, თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი აგვინთეს, ჭკუით თუ არ იქნებით გაგჭედავთო. ამიტომაც ლეგიტიმურია კითხვები იმაზე, რას იზამს რუსეთი ხვალ. ეს დღე დაგვიდგება. მზად უნდა ვიყოთ, როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე სამაცივრე მეურნეობით. სხვა ბაზრები უნდა მოვიძიოთ. მცდარია, მოსაზრება, რომ მოცვს მოიყვან, ვიღაცა მოვა და პირდაპირ პლანტაციიდან წაიღებს, ეს ყოველთვის ასე არ იქნება“, -ამბობს ქობულეთელი როდამ ოქროპირიძე. ის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.

ამ პროცესის პარალელურად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ რუსეთმა პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი გაამკაცრა, იმპორტიორებს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვონ.

ლურჯი მოცვის ექსპორტზე რუსეთში შეზღუდვა არ არის – სურსათის სააგენტო

როდამ ოქროპირიძის პლანტაციაში მიყვანილი მოცვი. ფოტო მისივე ფეისბუქგვერდიდან

როდამ  ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ მომავალში მოსალოდნელი შეფერხებებისთვის  ფერმერების მოსამზადებლად ასოციაცია უნდა  შეიქმნას:

„ერთად უნდა ვიმუშაოთ. სხვა ბაზრებზე გასვლა არ არის იოლი. თუ არ გაქვს ხარისხი დაცული და არ გაქვს შესაბამისი სერტიფიკატი… ის, რომ მოცვი მაქვს და ევროპის ბაზარზე გავყიდი ასე არ ხდება. ამას სჭირდება ნიადაგის მომზადება, შესაბამისი სისტემა, სასუქები, შეწამვლა. კრეფას აქვს ასევე დიდი მნიშვნელობა. კრეფის, შენახვა-დასაწყობებისა და გაგრილების პროცესი. ეს ყველაფერი დაცული თუ არ იქნება, ევროპა კი არა, საერთოდ უნდა დაივიწყო ყველანაირი ბაზარი.“

ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს  მოცვის ექსპორტი საქართველოდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზებული 667.7 ტონა ახალი შტოშის, მოცვისა და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ღირებულებამ კი 4 მილიონამდე დოლარი შეადგინა. შედეგად გასულ წელს მოცვის რეალიზაციით საქართველომ 288.7%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.

ლურჯი მოცვის ექსპორტი 2020 წელს საქართველოდან  ძირითადად  რუსეთში განხორციელდა [3.5 მლნ დოლარი]; შედარებით მცირე მოსავალი გაიყიდა სომხეთში [78.2 ათასი დოლარი]; არაბთა გაერთიანებული საამიროებში [57.5 ათასი დოლარი]; პოლონეთში [54,0 ათასი დოლარი]; უკრაინაში [23.1 ათასი დოლარი] და ყატარში [16.8 ათასი დოლარი].

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში ლურჯი მოცვი დაახლოებით 40 ჰექტარზეა გაშენებული და წელს დაახლოებით 60 ტონა მოსავალს ელოდებიან. სამინისტრო ამ მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს დახმარებას სთავაზობს „ფერმერული მეურნეობების დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში. საერთო ჯამში, ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია, დაფინანსების ზედა ზღვარი ერთ ფერმერზე კი 40 000 ლარი. ფინანსდება როგორც ნერგების, ასევე სარწყავი სისტემების შეძენა.

„ვეხმარებით მეწარმეებს საგრანტო პროექტის თანადაფინანსებით, მათ შორის  არის მოცვის გაშენება. ბოლო პერიოდში ჩვენი ფერმერები ძალიან დაინტერესდნენ ამ სახეობით. ჩვენი რეგიონის ნიადაგებზე, განსაკუთრებით ნაჩაიარზე კარგად ხარობს და  მოთხოვნაც მზარდია“, – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა.

მისივე განმარტებით, სამინიტროს აქვს ინფორმაცია მოკლევადიან შეფერხებაზე, თუმცა ეს პრობლემა მოგვარდა:

„თითქოს სურსათის უვნებლობამ გააჟღერა პესტიციდებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ მსგავსი არაფერია. ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. უნდა ვთქვა ისიც, რომ სამაცივრე მეურნეობები შეუფერხებლად მუშაობს, სადაც შესაძლებელია რამდენიმე კვირით – ერთ თვემდე პერიოდში მოცვის დასაწყობება“.

ივნისის დასაწყისში ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ. მოცვის ფასი 15 ლარი იყო, ახლა ფასი 10 -12 ლარია.

___

მთავარი ფოტო: როდამ ოქროპირიძე და მისი მოცვის მოსავალი

ბათუმში ყოფილ პოლიციელს სცემეს

ყოფილ პოლიციელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას“ – დამფუძნებელს გია ხალვაშს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სცემეს, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა BMC- ში გადაიყვანა.

მას გამოკვლევები ჩაუტარეს, დაუდგინდა ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა, დაზიანებები სახეზეც აღენიშნება. გია ხალვაშის თქმით,  შემთხვევის ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს: „მოგვიანებით მოსული იყო პოლიციაც“.

შემთხვევა გუშინ, 16 ივლისს მოხდა. ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, გამომძიებელმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა გია ხალვაშის გამოკითხვა საავადმყოფოში.

გია ხალვაშის თქმით, სახლში მისულს აივანზე დატოვებული ორი ველოსიპეტიდან ერთი მოპარული, ერთი კი დამტვრეული დახვდა:

„ეზოში ბავშვები თამაშობდნენ და მათ ვკითხე, ხომ არ დაგინახავთ ვინ წაიღო ველოსიპედი-მეთქი. მითხრეს, რომ მეზობლებმა და მათმა სტუმრებმა. მივუკაკუნე, ასე რატომ მოიქეცით-მეთქი. ჯერ დაიწყეს დავაბრუნებთო, შემდეგ კი უცებ გამოცვივდნენ და ცემა დამიწყეს.  გამოვიდნენ და ჩაერივნენ მეზობლებიც, გვაშველებდნენ. ისინი, რომ არ გამოსულიყვნენ ალბათ მომკლავდნენ“, – გვითხრა გია ხალვაშმა.

გია ხალვაშის თქმით, მეზობლებს, რომლებთანაც კონფლიქტი ჰქონდა არ იცნობს, რადგან მათ ხუთი დღეა, რაც ბინა იქირავეს და აქამდე მათთან არ ცხოვრობდნენ.

გია ხალვაშს დაუკავშირდა ასევე ბინის მეპატრონე და უთხრა, რომ მდგმურებს ბინას დაატოვებინებს: „მითხრა სხვა მეზობლებსაც ჰქონიათ მათთან პრეტენზიები.“

გია ხალვაში დღეს საავადმყოფოში რჩება, მას სავარაუდოდ ხვალ გაწერენ.

ღარიბაშვილი წერს, რომ ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა.

„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ეს არის 5 ივლისის მოვლენების შემდგომ პრემიერის პირველი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის თანაორგანიზატორი, სადაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს ან პროფესიულ მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

ჟურნალისტების მონათხრობის მიხედვით, აქციაზე სასულიერო პირველი თავადაც ძალადობდნენ ფიზიკურად. იყო ძალადობრივი მოწოდებებიც.

ამის მიუხედავად, ჯერ არც ერთი სასულიერო პირის მიმართ გამოძიება არ დაწყებულა.

სილქფესტი დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებს გთავაზობთ

სილქფესტის ინტერნეტ აქცია 17 და 18 ივლისს ორ ინტერნეტ პაკეტს გთავაზობთ.

კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:
[checklist]

  • 15 GB მოცულობის ინტერნეტს  – 10 ლარად
  • 25 GB მოცულობის ინტერნეტს  – 14 ლარად

[/checklist]
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

*პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1მბ-ის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.

ქარტიის მოწოდება „ოცნებას“: შეწყვიტეთ მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელშიც 318 ჟურნალისტია გაწევრიანებული, ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ. მისივე შეფასებით, ჟურნალისტებზე თავდასხმები სწორედ ამ აგრესიული რიტორიკის შედეგია.

ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ,,ქართული ოცნების” წევრების გადაწყვეტილებას, არ მისცენ კომენტარი იმ 4 ტელევიზიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ასევე, აჭარის მთავრობა არ თანამშრომლობს და ინფორმაციას არ აწვდის გარკვეულ მედიასაშუალებებს.

დეპუტატისა და ,,ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის – შალვა პაპუაშვილის თქმით, მაუწყებლებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ ,,უზნეო კამპანია” იქნება.  მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სწორედ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა იყო.

საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

მმართველ პარტიას შევახსენებთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ემსახუროს და იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მედია კი უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ხალხის წინაშე. აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წინასაარჩევნო პერიოდში იძენს.

ქარტია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში“.

აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან დაკონტაქტებული პირები კი, აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან გადაყვანილები.

მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებს – გამყრელიძე

გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაფემ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან დაკონტაქტებული პირები იზოლაციაში არიან გადაყვანილები.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვთა საავადმყოფოში ინფიცირებულ 15 ბავშვი მკურნალობს. ზოგადად კი, მიმართვიანობა გაზრდილი არ არის.

მინისტრის თქმით, მიმართვიანობის გაზრდის შემთხვევაში სამინისტრო მზადაა საწოლები დაამატოს.

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით საქართველო წითელ ზონაშია.

გურჯი, რომელსაც თურქეთში „ქართული კაფე“ აქვს – „ყველაზე ძნელად სამზარეულო იკარგება“

ავტორი: ნაზი შაინიძე

თურქეთში, სტამბულიდან დაახლოებით ერთი საათის გზაზე, ქალაქი გებზე მდებარეობს. ამ ქალაქში, ჰაჯიჰალილის უბანში, 4ა ქუჩაზე ერთი პატარა კაფეა, საიდანაც ხშირად ისმის ქართული სიმღერის ხმა. აბრას თუ ახედავთ, დაინახავთ ქართულად, თურქულად და ინგლისურად წერია – „ქართული კაფე“.

„ქართული კაფეს“ მფლობელი თურქეთის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი უღურ ზუბოღლოა.

უღური იმერხევის სოფელ ბაზგირეთიდანაა და საკუთარ თავს ძირძველ ქართველს უწოდებს. პროფესიით გეოფიზიკის ინჟინერი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ამბობს, რომ „ქართული კაფე“ მისი მთავარი მიღწევაა ცხოვრებაში.

„ქართულ სოფელში დავიბადე, სულ ქართული საჭმელებით გავიზარდე. რაც სოფლიდან გადმოვედით, ქართულ სამზარეულოს მოვწყდი და ძალიან ცუდად ვიკვებებოდი. გინდა ხინკალი ჭამო, მაგრამ არ არის. ხაჭაპური გინდა და ვერ პოულობ“, – გვიყვება უღური.

უღურ ზუბოღლო. უღური თბილისში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს და ძალიან კარგად იცის ქართული.

რადგან ქართული კერძები ვერსად ნახა, უღურმა გადაწყვიტა, თავად გაეხსნა კაფე, სადაც საკვების გარდა ქართველებს შეეძლებოდათ ერთმანეთთან შეხვედრა. იდეა მეგობრებსაც გაუზიარა, თუმცა ვერავინ დაითანხმა.

„მეგობრების დარწმუნებაში დიდი დრო დავკარგე. ბოლოს ისე მოხდა, ქირავდებოდა ერთი ადგილი და მეთქი – ვსინჯავ, ჩემი სოფლის ქალებს ვეტყვი, რომ გამიკეთონ ის საჭმელი, რაც მიყვარს და თუ არავინ არ მოვა, დავჯდები და მე ვჭამ!“

ეს ზუსტად 5 წლის წინ იყო, 2016 წლის ზაფხულში. უღურმა კაფე გახსნა, თუმცა მის ირგვლივ ყველა უიმედოდ იყო განწყობილი, ფიქრობდნენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა.

„ყველა მეუბნებოდა – „გიჟი ხომ არა ხარ?! ვინ მოვა?! არავინ არ მოვა! 3 თვეში, რაც ფული გაქვს, დაკარგავ. ჩაიძირები“… იმდენი მაშინეს!

ბოლოს ვთქვი – რაც იქნება, იქნება! თქვენ არ მოხვალთ და არ ჭამთ? მე მივირთმევ. არსად არ წავალ, მე ჩემთვის ვხსნი! ასე გადავწყვიტე.

მერე მოდიოდნენ და მიყურებდნენ – „ბიჭო, ჯერ კიდევ არ დახურე?! რას აკეთებ? სამ თვეში თუ ვერ ჩაიძირე, მაშინ ექვს თვეში“… და აგერ, გახდა ხუთი წელი!

იმიტომ ვზეიმობ, რომ ყველას ვუთხრა – ნახეთ, ხუთი წელი გავიდა და ჯერ არ ჩავძირულვარ! პირიქით, უკვე აღარ ჩავიძირები, იმიტომ, რომ ბევრმა იცის უკვე ჩვენი არსებობა. ამ პანდემიის დროსაც კი დიდი ეკონომიკური პრობლემა არ შემქმნია, პირიქით, ახლა საქართველოდან ორი თანამშრომელი მყავს და მესამესაც ვეძებ“.

უღურს კერძების მომზადების გამოცდილება არ ჰქონდა, არც ის იცოდა, როგორ უნდა წარედგინა კერძი სტუმართან, მაგრამ თანდათან ეს გამოცდილებაც შეიძინა.

ფოტო: „ქართული კაფე“
ფოტო: „ქართული კაფე“

„ქართულ კაფეში“ კერძებს ტრადიციული რეცეპტებით ამზადებენ, მათ შორის არის კერძები, რომლებიც უღურს სოფელში გატარებულ წლებს ახსენებს.

„მე მომხრე ვარ კერძების მომზადების ტრადიციული მეთოდის. ქართული სამზარეულო, ჩემი აზრით, მსოფლიოს სთავაზობს ჯანმრთელ საკვებს. რომ შეუკვეთავ, იმ წუთში კი არ მოვა, ეს კერძი შენთვის მომზადდება. ცოტა დაცდა მოგიწევს, მაგრამ სამაგიეროდ მიირთმევ ჯანსაღ, შენთვის მომზადებულ კერძს.

ზოგიერთი კერძი ჩემი სოფლიდან მაქვს აღებული, რომელიც საქართველოში არ იცოდნენ. მაგალითად, მოხრაკული და ზიფია – ეს ჩემი სოფლის მთავარი კერძია“, – ამბობს უღური.

უღურის „ქართულ კაფეში“ მხოლოდ ქართული და საქართველოში გავრცელებული კერძები მზადდება. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მას თურქული და სხვა ქვეყნების კერძები მენიუში არ შეაქვს.

„ითხოვდნენ, მაგრამ მკაცრ უარზე ვიყავი, ჩვენ ვართ ქართული კაფე-რესტორანი და გვაქვს ქართული კერძები“, – ამბობს უღური.

„ქართულ კაფეში“ ყველაზე პოპულარული კერძები ხინკალი და ხაჭაპურია. უღური ამბობს, რომ პირველ ადგილზე ხან ერთია, ხან – მეორე.

„ქართული კაფე“ და ქართული სამზარეულო უღურისთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს მისთვის ქართულ კულტურასთან, წარსულთან, ბავშვობასთან კავშირია:

„ქართული სამზარეულო ჩვენი ცხოვრებაა. ენა, მუსიკა, კულტურაც შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ ყველაზე ძნელი დასაკარგი არის სამზარეულო.

სამზარეულოთი შეგიძლია იცნო ადამიანი. მაგალითად, ვინც ამბობს, რომ მჭადი ქართველების ტრადიციული საკვებია, ამ ადამიანის წარმომავლობა რომ გამოიკვლიო, ქართველი აღმოჩნდება. იქაც კი, სადაც დღეს ქართული არ ისმის, ადამიანმა ლობიო იცის, მჭადი იცის.

სამზარეულო არ იკარგება, ჩემთვის სამზარეულო კულტურის მთავარი ნაწილია, სამზარეულოს დაკარგვა წარმომავლობის დაკარგვას ნიშნავს.

ჯერ კიდევ როდის თქვა ჰიპოკრატემ – „რასაც მიირთმევ, ისა ხარ“. თუ გვინდა დავრჩეთ, უნდა შევინარჩუნოთ ქართული სამზარეულო. მე ვარ უბრალოდ რიგითი ქართველი, ქართული სამზარეულოთი დაავადებული. ჩვენ ყველაფერი ჩვენი გვიყვარს“.

უღური წუხს, რომ ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ხშირად არ არიან მისი კაფეს სტუმრები. არადა, როგორც თავად ამბობს, სწორედ იმიტომ გახსნა ეს კაფე, რომ ქართველების თავშეყრის ადგილი გამხდარიყო.

უღურს ახლა მენიუს გამრავალფეროვნება უნდა, რომ „ქართულ კაფეში“ მენიუ საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძებით შექმნას.

„კულინარიის გარდა, მე მიყვარს ქართული მუსიკა და ქართული ლიტერატურა. ჩემი საყვარელი პოეტი ვაჟა-ფშაველაა“ – გვეუბნება უღური.

თუ ჩასვლას ვერ შეძლებთ, „ქართული კაფეს“ გვერდი ფეისბუქზეც შეგიძლიათ ნახოთ. აქ არის კერძების, ქართული ნივთებით მორთული კაფეს ინტერიერისა და სტუმრების ფოტოები. ნახავთ ვიდეოებს, როგორ უკრავენ კაფეში აკორდეონს და თავად უღურის ერთ ვიდეოსაც, სადაც „ქართული კაფეს“ მეპატრონე მღერის:

 „პატარა გოგო დამეკარგა, წითელპერანგა, ან ავლილი, ან ჩავლილი, ხომ არ გინახავს…“

 

ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები მაშველებმა იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები მაშველებმა იპოვეს.

„ შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება.“ – წერს სამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ ასევე, რომ  შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის პირველი მორეაგირე ჯგუფები:

„რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას.მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას.“

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ხინოს ხეობაში მოხერხდა გაუჩინარებული ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა. ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას.“

სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

გარდა ამისა, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით.

აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ბოლო 24 საათის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 979 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 361 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %.

დღევანდელი მონაცემებით აჭარაში გამოჯანმრთელდა – 57 პაციენტი, საერთო ჯამში კი დღემდე გამოჯანმრთელებულდა – 44 046 პაციენტი. კლინიკა დატოვა -10-მა პაციენტმა – კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) – 2 პაციენტი – მკურნალობას გადის: კლინიკაში მკურნალობს – 179 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -316 ონლაინ კლინიკაში – 339.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR   ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 1808 შემთხვევა დაფიქსირდა,გარდაიცვალა 22-17ივლისის მონაცემები

17 ივლისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 1808 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 22 ინფიცირებული.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 979 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 361 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR   ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 808 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 386 195-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.86%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 363 318-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 123, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 78, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 111, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 313 საიდანაც: 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 519, აჭარაში – 211, იმერეთში – 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 805 პირი, მათ შორის, თბილისში – 430, აჭარაში – 39, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 3, იმერეთში – 7. 1 008 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 728 – თბილისში, 268- აჭარაში. 12 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 6 ოქტომბრიდან – 16 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 952 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 413 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 104, პირი, აჭარაში – 1 334, იმერეთში – 1 234.

ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 408 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 408 ათასი ლარია. სამუშაოები აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება –  კონკრეტულად: 200 ათასი ლარი 2021 წლის ბიუჯეტიდან და 208 000 ლარი 2022 წლის ბიუჯეტიდან.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება:

  • ტაძრის ღობეს [ბზარების კონსოლიდაცია მიკროარხული ინექტირებით, განშრევებული ნალესობის მოხსნა მექანიკურად და აღდგენა კირის დუღაბით; მარილების მექანიკური მოცილება; ქვის კონსოლიდაცია; ღობის რკინის ელემენტების მექნიკურად გაწმენდა, რკინის ელემენტების დაგრუნტვა ანტიკოროზიული საღებავით და შეღებვა],
  • სანიაღვრე ქსელს
  • ტაძრის სახურავის ბურულსა და წყალსარინ სისტემას
  • ჩრდილოეთ სამრეკლოს ფანჩატურზე მოეწყობა ასასვლელი საცალფეხო ხის კიბე; არესებულ ვიტრაჟებს ჩაუტარდება რესტავრაცია, აღდგება ნაკლული ვიტრაჟები ტყვიის პროფილირებულ ჩარჩოზე და სხვა.

წინადადებების მიღება ტენდერში 2021 წლის 3 აგვისტოს დაიწყება და 6 აგვისტოს დასრულდება.

სამუშაოები კი უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 10 წელს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ამავე თემაზე:

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

„პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე“ – კამპანია ახალგაზრდებისთვის

წელს პირველად მიდიხარ თვითმმართველობის არჩევნებზე?

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია წახვიდე თუ არა?

ან იქნებ არ იცი ვის და რატომ ვირჩევთ წელს?

მაშინ ეს ამბავია შენთვისაა!

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს კამპანიას „პირველად თვითმართველობის არჩევნებზე“, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თვითმმართველობის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ და მის განვითარებაში ახალგაზრდების როლის გაძლიერება.

2021 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებია და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, გააკეთოს გააზრებული არჩევანი.

შენთვის შექმნილი კამპანია, რომელიც დაგეხმარება პიროვნულ განვითარებასა და ახალი უნარების შეძენაში, მოიცავს სემინარებს, დისკუსიებსა და საინტერესო აქტივობებს, უფრო დეტალურად კი შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადების მიღება და ახალგაზრდების შერჩევა (ივლისი)
  • ონლაინ სემინარების და პირისპირ დისკუსიების სერია (აგვისტო/სექტემბერი)
  • თანატოლგანმანათლებლობა (ოქტომბერი)
  • შეხვედრები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან (ოქტომბერი)
  • არჩევნებში მონაწილეობა (ოქტომბერი)
  • წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება (ნოემბერი)

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია გორში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრებ საარჩევნო ასაკს მიღწეულ ახალგაზრდებს.

შეავსე განაცხადი 2021წლის 30 ივლისის ჩათვლით და გახდი შენ მუნიციპალიტეტში პოზიტიური ცვლილებების ინიციატორი!


კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით და სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებთან პარტნიორობით.

წყალდიდობა გერმანიასა და ბელგიაში, დაღუპულია ასზე მეტი ადამიანი | ფოტო

მინიმუმ 120 ადამიანი გარდაიცვალა დასავლეთ ევროპაში,გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობის შემდეგ. დაკარგულია ასობით ადამიანი.

როგორც BBC წერს, გერმანია აცხადებს, სულ მცირე, 100 გარდაცვლილის შესახებ, ხოლო ბელგიის მედიაში ვრცელდება ცნობები 22 გარდაცვლილზე.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRIEDEMANN VOGEL
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRIEDEMANN VOGEL
წყალდიდობა გერმანიაში. ფოტო: EPA-EFE/FRIEDEMANN VOGEL
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRIEDEMANN VOGEL

მშობლებო, აიცერით, ბავშვებს დელტა შტამი რომ არ მიუტანოთ, ის უფრო პატარებს აზიანებს – გამყრელიძე

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 15 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ძალიან სერიოზული ციფრია.

ინფიცირების შემთხვევებიდან 40 პროცენტში დელტა შტამი ფიგურირებს, რომელიც განსაკუთრებით აგრესიულია და უფრო მეტად პატარა ბავშვებს აზიანებს.

საქართველოში ამ შტამით სამი ჩვილი იყო ინფიცირებული, აქედან ერთი თვის ჩვილი დღეს გარდაიცვალა. როგორც ჯანდაცვაში ამბობენ, ორი ჩვილის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა.

„მე მოვუწოდებ პატარა ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან. ორივე მშობელი უნდა იყოს აცრილი, რომ ვირუსი არ მიუტანოს ბავშვებს  სახლში. განსაკუთრებით პატარებს.  დელტა შტამი განსაკუთრებით აგრესიულია და უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ვაქცინაცია  ნებაყოფლობითია, თუმცა მშობლებს უნდა ეყოთ შეგნება, რომ აიცრან.

„მათრახი და შოლტი ყოველთვის არ მუშაობს, შეგნებაა მთავარი. 1400 შემთხვევა გვაქვს უკვე დღეში ინფიცირების და ეს ძალიან დიდი ციფრია,“ -ამბობს გამყრელიძე.

17-20 ივლისს ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 39 გრადუსზე მეტი იყოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს.

მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

გლობალურად, 2020 წელი ერთ-ერთია 3 ყველაზე ცხელ პერიოდად დასახელებულ წლებში. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) თანახმად, 2011-2020 წწ. ყველაზე ცხელი ათწლეული იყო. ყოველწლიური გლობალური  პროგნოზის მიხედვით, 2021 წელიც ყველაზე ცხელი წლების სიაში შევა.

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით მზარდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც კლიმატის ცვლილებების გამო განიცდიან ექსტრემალური სიცხის უარყოფით ზეგავლენას.

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი თავი სიცხისგან:

  • მოერიდეთ გარეთ გასვლას და ინტენსიურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში
  • დარჩით ჩრდილში და  თუ  შესაძლებელია, გაატარეთ დღის 2-3 საათი გრილ ადგილას COVID19-ის რეგულაციების დაცვით
  • შეეხმიანეთ  ოჯახის წევრებს, მეგობრებს  და მეზობლებს, რომლებიც დროის დიდ ნაწილს მარტო ატარებენ
  • შეინარჩუნეთ სიგრილე სახლში
  • გამოიყენეთ საღამოს საათები სახლის გასაგრილებლად

   შეამცირეთ სახლში  სითბური  დატვირთვა  დღის განმავლობაში; გამოიყენეთ ჟალუზები/ფარდები

  • შეინარჩუნეთ ორგანიზმის სიგრილე და ტენიანობა
  • გამოიყენეთ მსუბუქი, თავისუფალი და ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანისამოსი და თეთრეული
  • მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა
  • რეგულარულად მიიღეთ წყალი და მოერიდეთ შაქრიანი, ალკოჰოლური, კოფეინიანი და გაზიანი სასმელების მიღებას
  • შეინარჩუნეთ სიგრილე  COVID19-ის დროს
  • ზოგიერთი ადამიანი მოწყვლადია როგორც მაღალი ტემპერატურის, ასევე  COVID19-ის გართულებების მიმართ. მნიშვნელოვანია ასეთი მოწყვლადი ჯგუფების დახმარება ზაფხულის ცხელ დღეებში. თუ იცით თქვენ გარშემო ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდება და რისკის ქვეშაა, გამოიჩინეთ გულისხმიერება და დახმარეთ მათ.

რა პირობებში მუშაობენ სტუდენტები ქართულ და ფრანგულ „კარფურში“ – მარიამი და კრისტელი

ავტორი: მეგი ქამაშიძე

საქართველოში დასაქმების მსურველ სტუდენტებს კომპანიების დიდი ნაწილი მხოლოდ სრულ სამუშაო განაკვეთს და გრაფიკთან შეუსაბამო ანაზღაურებას სთავაზობს. შედეგად, სტუდენტები ვეღარ ახერხებენ საკმარისი დრო დაუთმონ სწავლას და ხშირად მათი ხელფასი იმ საგნების კრედიტების გადახდას ხმარდება, რომლებსაც დროის უქონლობისა და დაღლილობის გამო ვერ აბარებენ.

სტუდენტური დასაქმების კუთხით სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ ევროპულ ქვეყნებში. ევროპელი სტუდენტების სამუშაო გრაფიკი, შრომითი პირობები და ანაზღაურება მაქსიმალურად არის მორგებული მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე.

სტუდენტები ხშირად საქმდებიან კონსულტანტებად ისეთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტთა ქსელში, როგორიც საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი „კარფურია“.

მარიამი და კრისტელი სტუდენტები არიან. მარიამი საქართველოში ცხოვრობს, კრისტელი – საფრანგეთში. ორივეს აქვს „კარფურში“ მუშაობის გამოცდილება, ოღონდ მარიამს – საქართველოში, კრისტელს – საფრანგეთში.

მათთან საუბრისას ირკვევა, რომ სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება „კარფურის“ ფრანგულ და ქართულ ფილიალებში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

მარიამი: „უდროობის გამო ლექციებსაც ხშირად ვაცდენდი“

_________________________________________

„რვასაათიანი მუშაობის შემდეგ სახლში მისვლა და მეცადინეობა რთულია. ალბათ, შესაძლებელია, თუ საკმარისად მოინდომებ, მაგრამ მე ძალიან მიჭირდა.

კვირის განმავლობაში, დღის და ღამის ცვლაშიც მიწევდა მუშაობა და უდროობის გამო ლექციებსაც ხშირად ვაცდენდი, თუმცა, როცა ვახერხებდი უნივერსიტეტში მისვლას, გადაღლილობის გამო მაინც ვერ ვერთვებოდი სასწავლო პროცესში ისე, როგორც საჭიროა“, – ასე იხსენებს 21 წლის მარიამ კონცელიძე სწავლისა და „კარფურში“ სამსახურის ერთმანეთთან შეთავსების პირველ მცდელობას.

მარიამი

მარიამი ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია. „კარფურში“ ორი თვე მუშაობდა სტოკერად. ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ უფრო მკაფიოდ დაანახა შრომის ბაზარზე არსებული პრობლემები.

„გასაუბრებაზე მითხრეს, რომ გამონაკლის შემთხვევებში შემეძლო რამდენიმე საათით უნივერსიტეტში გასვლა, თუმცა კადრების სიმცირის გამო ამ ბენეფიტით ვერ ვისარგებლე.

ხელშეკრულებისთვის ხელი თავიდანვე არ მომიწერია. ფაქტობრივად, მაშინ გავაფორმეთ, როცა წამოსვლას ვაპირებდი.

არც ისე ხშირად, მაგრამ მიწევდა გათვლილ საათებზე დიდხანს მუშაობაც, მაქსიმუმ 40 წუთი, თუმცა, სიმართლე გითხრათ არც ჩამითვლია ეს პრობლემად და არც იმის მოლოდინი მქონია, რომ ამინაზღაურებდნენ. მენეჯმენტის სტუდენტი ვარ და ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს სამსახურში გატარებული ზედმეტი 5 წუთიც კი, მაგრამ საქართველოში ასე არ ხდება. ჩემი პირველი სამსახური იყო და პატარა ვიყავი, ახლა არ შევეგუებოდი“,  – გვიყვება მარიამი.

მარიამის თქმით, საბედნიეროდ, იმ სტუდენტების რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებსაც სხვა მიზეზებთან ერთად უნივერსიტეტის გადასახადის გამოც უწევთ მუშაობა, მაგრამ მაინც უნდოდა საკუთარი წვლილი შეეტანა თანხის დაფარვაში და ყოველთვიური შემოსავალიც ჰქონოდა:

„მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს არ უჭირდათ უნივერსიტეტის გადასახადის დაფარვა, მინდოდა დავხმარებოდი და თან, ფინანსურად დამოუკიდებლად მეგრძნო თავი. თუმცა, სანამ ხელფასს ავიღებდი, კვებაზეც და ტრანსპორტზეც საკუთარი ხარჯებით უნდა მეზრუნა, ამიტომ ისე გამოვიდა, რომ იმ ორი თვის განმავლობაშიც თვითონ მეხმარებოდნენ.“

„კარფურიდან“ წამოსვლის მთავარ მიზეზად მარიამი დროის უქონლობას, გაუარესებულ აკადემიურ მოსწრებას და დაბალ ხელფასს ასახელებს:

„უნივერსიტეტში გამოცდები მეწყებოდა და უკვე ვიცოდი, რომ ვერ მოვახერხებდი შეთავსებას, ნიშნებიც საგრძნობლად გამიუარესდა, ამიტომ წამოსვლა გადავწყვიტე. ვფიქრობ, ხელფასიც, 420 ლარი, შეუსაბამო იყო სამუშაო საათებთან. თუნდაც ორი საათით ნაკლები რომ ყოფილიყო, ალბათ დავრჩებოდი.“

კრისტელი: „ეს სამსახური სწავლაში ხელს არ მიშლის“

_______________________________________

კრისტელი

მარიამისგან განსხვავებით, „კარფურში“ მუშაობის ბევრად პოზიტიური გამოცდილება აქვს კრისტელ ბულიუს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, ლიონის უნივერსიტეტში სწავლობს და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს შაბათ-კვირას კარფურში სამუშაოდ მშობლიურ დასახლებაში, ნანტუაში დაბრუნება:

„ჩემი კონტრაქტი სწავლის პერიოდში მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობას ითვალისწინებს. დასახლება, სადაც ვცხოვრობ, ლიონიდან მატარებლით საათ-ნახევრის სავალია, ამიტომ პარასკევს, ლექციების შემდეგ, მივდივარ ნანტუაში, ვმუშაობ, ორშაბათიდან კი უნივერსიტეტს ვუბრუნდები.

ეს სამსახური ყოველკვირეულად ოჯახის წევრებისა და მეგობრების ნახვის საშუალებასაც მაძლევს, არც სწავლაში მეშლება ხელი.

ჩემი ნიშნებით კმაყოფილი ვარ, სრული განაკვეთით მხოლოდ ზაფხულში ვმუშაობ, როცა უნივერსიტეტისგან და ფინალური გამოცდებისგან თავისუფალი ვარ.

მართალია, „კარფური“ არ არის ის ადგილი, სადაც მუშაობაზე მიოცნებია, მაგრამ, ჯერჯერობით, მაძლევს იმ დამოუკიდებლობას, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

კრისტელი ესპანურ ენას და ლინგვისტიკას სწავლობს. როგორც იგი გვიყვება, საფრანგეთში სტუდენტები მუშაობისას ნაკლებად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა შრომითი უფლებების დარღვევა, მათ ძირითადად მოქნილი, სწავლასთან მორგებული გრაფიკი აქვთ:

„როგორც წესი, ექვსსაათიანი სამუშაო გრაფიკი მაქვს, მაგრამ თუ დროს ვპოულობ, დამატებით საათებსაც ვიღებ, რომლებიც, რა თქმა უნდა, ანაზღაურებადია და თვეში 300 ევრომდე გამოვიმუშავებ“.

 

ბათუმში 4 სოციალურ სახლს ააშენებენ – 8,3 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმის ბიუჯეტიდან 8 371 976 ლარია გათვალისწინებული ჯავახიშვილის ქუჩაზე 4 სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ხუთსართულიანი კორპუსები ჯავახიშვილის N82-ში [ორბელიანის ქუჩის კვეთაში] უნდა აშენდეს.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში მერიამ 4 სახლი უკვე ააშენა. ეს პროგრამა მერიამ 2013 წელს დაიწყო, თუმცა ბინები ბენეფიციარებისთვის დღემდე არ გადაუცია.

როდის დაიწყება ბინების გაცემა? – „ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს“ – მოგვწერეს პასუხად „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურიდან.

ამჯერად 4 სოციალური სახლის მშენებლობაზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 31 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები კი, 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს პროგრამა – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია“.

როგორ შეარჩევენ ბენეფიციარებს, პროგრამაში გაწერილი არ არის. თუმცა ეს პროგრამა მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნასაც ითვალისწინებს.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ „მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტულია ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სტაბილური შემოსავალი, არ გააჩნიათ საკუთრებაში უძრავი ქონება და თავისი შემოსავლიდან გამომდინარე ბაზარზე არსებული მოთხოვნებით ვერ შეძლეს საცხოვრებელი ბინის შეძენა, მიეცეთ შესაძლებლობა შეიძინონ საცხოვრებელი ბინა, შეღავათიანი პირობებით“.

ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ჯავახიშვილის N82-ში ასაშენებელი 1 სოციალური სახლის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მერიას შპს „აჭარსპეცპროექტისგან“ აქვს შეძენილი. დანარჩენი 3 სოციალური სახლის მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენაში კი, მერიის სამმართველომ კომპანია „ბამბლის“ 27 777 ლარი გადაურიცხა ქალაქის ბიუჯეტიდან.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

მთავარი ფოტო: ესკიზი ტენდერიდან

 

„წვიმაში ბავშვთან ერთად ეზოში გავათენე“ – თხოვნა სოფლიდან, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა

„რამდენიმე დღის წინ როცა გაწვიმდა, მე და ჩემმა 7 წლის შვილმა გარეთ გავათენეთ, ამ დროს სახლში დაძინების მეშინია,“ – ამბობს ზედა ჯოჭოში მცხოვრები ნონა კახიძე. ეს ის სოფელია, სადაც 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი.

იმ საღამოს მეწყერი ჩამოწვა ნონა კახიძის სახლთანაც. რამდენიმე დღეში გეოლოგებმა დასკვნაც მოამზადეს, რომელშიც წერია: „მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოსახლე დროებით გაყვანილ იქნას უსაფრთხო ადგილას“ და კიდევ -„აუცილებელია ფერდსამაგრი სამუშაოები“. ამ დასკვნის მომზადებიდან 9 თვის გასვლის მიუხედავად ამ სახლთან ჯერ არაფერი შეცვლილა.

„ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, გადაგიყვანთ ქირით, მერე ერგეში კორპუსი აშენდება და იქ იცხოვრებთო, მაგრამ არ გვინდა გადასვლა, ჩვენი თხოვნაა ფერდსამაგრი სამუშაოები გაკეთდეს, სახლი გამყარდეს და ისევ აქ ვიცხოვროთ… მითხრეს, მილიონი დასჭირდება მაგასო, მაგრამ ამის დოკუმენტი არ უჩვენებიათ. მილიონი ერგე არ ღირს და ფერდი რატომ დაჯდება?“ – კითხულობს ნონა კახიძე.

მეწყერი ნონა კახიძის სახლთან, ხელვაჩაური, სოფელი ზედა ჯოჭო

ნონას ოჯახში 6 წევრია, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ნონა გვიყვება, რომ მის სოფელში რამდენიმე ოჯახს ფერდსამაგარი სამუშაოები დაუფინანსეს, მასთან კი, ამ დრომდე არავინ მისულა.

„წვიმა გვაშინებს,“ – გვიყვება ნონა კახიძე. – „როცა წვიმს, ბიცოლაჩემთან გადავდივართ მეზობლად და იქ ვათენებთ. ზოგჯერ ღამით როცა იწყებს წვიმა, ისე მერიდება გადასვლა. ამას წინათაც მასე იყო – მოვკიდე შვილს ხელი და ისევ ჩემი სახლის ეზოში გავათენეთ ღამე. მინდა ჩვენი ხმა მიაწვდინოთ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. იქნებ გვეშველოს რამე,“ – აღნიშნა ნონა კახიძემ „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე:

რა შეიცვალა სოფელში, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა – „გაწვიმდება თუ არა, გავრბივართ“

 

მეუბნებოდნენ, რომ შვილს ვერ გავაჩენდი – ქალი, რომელიც დაცემის შემდეგ შშმ პირი გახდა

„ვერასოდეს გაივლი და ვერც შვილს გააჩენ“ – ეუბნებოდნენ 24 წლის მეგი გონჩაროვას. ის ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემლის ტრავმა მიიღო. ტრავიდან 5 თვის შემდეგ მეგი დაფეხმძიმდა და უკვე პატარა ლილე ჰყავს. თურქეთში ექიმები იმედს აძლევენ, რომ თუ ერთ ოპერაციას კიდევ გაიკეთებს, შესაძლოა გაიაროს. ოპერაციისთვის მეგის ფინანსები სჭირდება, რაშიც საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. როგორი იყოს მეგის ცხოვრება პანდემიამდე და პანდემიაში, ამის შესახებ ის „ბათუმელებს“ მოუყვა.

პანდემიამდე

პანდემიამდე ჩემი ცხოვრება ბევრად სხვანაირი იყო, სტუდენტი ვიყავი, ვსწავლობდი, შევქმენი ოჯახი. ბევრი გეგმა მქონდა, იტალიაში, ჩემს დასთან წასვლასაც ვაპირებდი გარკვეული დროით, მაგრამ წელიწად-ნახევრის წინ, როცა მე და ჩემი მეუღლე მეგობართან სტუმრად ვიყავით, აივანზე ფეხი დამისხლტა და მეორე სართულიდან გადმოვვარდი. ხერხემალი დამიზიანდა. ხერხემლის სპინალური შოკი – ეს იყო ჩემი დიაგნოზი.

მეგის თურქეთში იმედს აძლევენ, რომ ოპერაციის შემდეგ გაივლის. უთხრეს, რომ ოპერაციისთვის 15 ათასი დოლარია საჭირო.

გამიკეთეს ოპერაცია. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ვერასოდეს გაივლი, ვერც შვილს გააჩენო. თუმცა უარყოფით ინფორმაციებს არ ვიღებდი, შინაგანი რწმენა მქონდა. ტრავმიდან ექვსი თვის შემდეგ მართლაც დავფეხმძიმდი და დღეს უკვე პატარა ლილე მყავს.

თავიდან, როცა ექიმებს ვეუბნებოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, სკეპტიკურად გადმომხედავნენ და მეუბნებოდნენ – „შენ ფეხმძიმედ ხარ?“, როცა ხედავდნენ, რომ ხერხემლის ტრავმა მქონდა, მეუბნებოდნენ, – „უი, ეგ როგორ დაგემართა, ახლა რა იქნება, ვინ დაგემხარება, შენ ვერ გააჩენ შვილს, ეს რთული იქნება შენთვის“, მაგრამ მე ეს შევძელი. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი დედამთილის და მეუღლის მხარდაჭერით.

დედამთილი ძალიან მეხმარება, გამიჭირდებოდა, ის რომ არა. მამხნევებდა მეუღლეც, პირველი თვეები ძალიან რთული იყო, ხშირად ვიყავი ცუდად, ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ხელში აყვანილი დავყავდი ექიმთან.

პანდემიაში

პანდემიამ დაგვაზარალა. რთული იყო ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან კავშირი გაწყვიტეს, ყელაფერი ჩაიკეტა. თავიდან, როცა ფეხმძიმედ ვიყავი, ვახერხებდი კლინიკაში სიარულს და ვარჯიშების გაკეთებას, ამაში ფულსაც არ ვიხდიდი. შემდეგ, როცა კლინიკები დაიკეტა, ვეღარ ვიარე რეაბილიტაციაზე და სახლში ვცდილობდი ვარჯიშის გაგრძელებას.

შეგვექმნა ფინანსური პრობლემები, რადგან ლოქდაუნის გამო დაიკეტა ყველაფერი. დედა მეხმარებოდა, მაგრამ ის სალონიც დაიკეტა, სადაც მუშაობდა. დედამთილი რესტორანში მუშაობდა და ისიც დაიკეტა, არც ახლა მუშაობს. სოციალური დახმარება გვაქვს და იმით ვარსებობთ, მე მხოლოდ 250 ლარს ვიღებ შშმ პირის დახმარებას. ზოგჯერ ჩემი და მეხმარება ფინანსურად.

ახლა ბავშვი მყავს, რომელსაც ბევრი რამ სჭირდება. ამიტომ ვცდილობ ახლა მასზე ვიზრუნო.

მეგი ამბობს, რომ ოჯახის წევრების მხარდაჭერას გრძნობს, რაც ძალიან ეხმარება ბრძოლაში.

ლილემ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში

ყველა დღე სხვანაირად იწყება, ჩემ გვერდით წევს, ალბათ ხვდება, რომ დედას არ შეუძლია და არც ტირის ხოლმე. ადრე მეგონა, სხვა რამე იყო დედაშვილობა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ბოლომდე ვატარებ.

რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მართალია, შშმ ადამიანების მიმართ ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები, რომ თითქოს არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ასე არ არის. ეტლში მყოფსაც შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ. თუ ქვემო კიდურები არ მომერჩილება, მაქვს გონება, რომელიც შემიძლია გამოვიყენო.

არის შემთხვევები, როცა სიბრალულს გამოხატავენ შენს მიმართ. ზოგი ცდილობს ხურდა ჩაგიყაროს ხელში, როცა ქალაქში გადიხარ და გხედავენ, რომ ეტლში ზიხარ. მაგრამ ასე არ არის, რაღაც ნამდვილად შემიძლია გავაკეთო ჩემი შვილისთვის, თუნდაც ეტლში მყოფმა.

ლილემ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ბრძოლის უნარი მომცა, მეტი ენთუზიაზმი, რომ ცხოვრება გავაგრძელო და მასთან ერთად თავიდან ვისწავლო სიარული.

სიარულიც ნელ-ნელა, შვილთან ერთად, თავიდან უნდა ვისწავლო.

არსებობს იმედი, რომ გავივლი

ხერხემალში ძვლის ნაწილი მაქვს ჩარჩენილი, რომელიც ამოსაღებია. არ ვიცი, აქ თუ აკეთებენ ამ ოპერაციას, აუცილებლად მინდა მკურნალობა გავაგრძელო. მაქვს რწმენა, რომ გავივლი, თუმცა აქ, საქართველოში, ვერ მპირდებიან. თურქეთში და საფრანგეთში კი 90 პროცენტ  იმედს მაძლევენ.

თუმცა ოპერაციისთვის 15 ათასი დოლარია საჭირო. სახელმწიფო არ მეხმარება, ჩემს ოჯახს კი ამის ფინანსები არ აქვს. მეუღლეც პატიმრობაშია. ძალიან მჭირდება საზოგადოების დახმარება.

მინდა გავიარო, მინდა სწავლა გავაგრძელო, მინდა ჩემი შვილის გაზრდაში აქტიურად ვიყო ჩართული, ამას კი მხოლოდ მაშინ შევძლებ სრულყოფილად, თუ გავივლი. იმედი კი ნამდვილად არსებობს, ახლა მთავარი ფინანსების მოძიებაა.

ვიდეო:

მეგის დახმარების მსურველებს, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ მის პირად ანგარიშზე თიბისი ბანკში: GE18TB7672845061100093

საქართველოს ბანკი: GE41BG0000000161610414

ნარჩენების მანქანა და ურნები პლასტმასისთვის – იაპონიის საჩუქარი ოზურგეთს

იაპონიის ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ, ოზურგეთში გახსნა პროექტი „სანიტარული პირობების გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის მიერ დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნა 57,329 დოლარის ღირებულების მცირეგაბარიტიანი ნარჩენების შემგროვებელი მანქანა და პლასტმასის შეგროვებისთვის განკუთვნილი სპეციალური ურნები, რომლებიც განთავსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთში.

ტექნიკა შეიძინეს ქალაქ ოზურგეთის და გურიის რეგიონის მიერ შემუშავებული მწვანე სტრატეგიის ფარგლებში.

წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ეს იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული მეორე პროექტია. იანვარში იაპონიის საელჩომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა 4 რეანომობილი, რომელთაგან ერთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ელჩი მეუღლესთან ერთად ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრსაც ეწვია, რომელიც 2014 წელს იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში აშენდა. ცენტრის დახმარებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია „გურია“ დღემდე აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას.

______________

ფოტო: იაპონიის საელჩო საქართველოში

ღარიბაშვილი facebook-ზე კრიტიკულ მოქალაქეებს ბლოკავს, მას ამის უფლება არ აქვს

რა უფლებით ბლოკავს პრემიერი ჟურნალისტებს ფეისბუქგვერდზე, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, „აქვს კი ამის უფლება პრემიერს, რომ დაბლოკოს მისთვის არასასურველი ჟურნალისტები ოფიციალური გვერდიდან?“ – კითხულობს ჟურნალისტი თელარა გელანტია. მან 11 ივლისს, როცა აქციაზე სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, პოსტი დადო: „როცა გაიღვიძებთ, ესეც ნახეთ, ბატონო პრემიერო“. ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდის მონიშვნა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

თელარა გელანტია არაა ერთადერთი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაბლოკეს. მაგალითად, დაბლოკეს ჟურნალისტები ანნა გვარიშვილი და სოფო მთივლიშვილიც.

„ვცადე იმავე დღეს შევსულიყავი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე, მაგრამ მიჩვენა, რომ უკვე დაბლოკილი ვარ. აღარ იძებნება ეს გვერდი ჩემთვის,“ – გვიყვება თელარა გელანტია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების ფეისბუქგვერდებზე საბიუჯეტო რესურსი იხარჯება და ლოგიკურად ხალხისგან დაქირავებულ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ვინმეს დაბლოკვის უფლება, თუკი ის სიძულვილის ენას არ იყენებს.

„ღარიბაშვილის მონიშვნა პერიოდულად მას შემდეგ დავიწყე, როცა „სინოფარმი“ შემოიტანეს საქართველოში… არასდროს ვიყენებდი სიძულვილის ენას, არ ვილანძღებოდი, არ ვიგინებოდი. თუ მქონდა სარკაზმი, ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. დღეს მეილზე უფრო სწრაფად ინფორმაცია ხშირად ამ ოფიციალური ინტერნეტგვერდებიდან ვრცელდება, რაც დისკომფორტს მიქმნის, როგორც ჟურნალისტს. ჩავთვალე, რომ ეს უნდა გავაპროტესტოთ, რადგან ეს ხომ არ არის ღარიბაშვილის პირადი გვერდი? ამ გვერდს დიდი ალბათობით ჰყავს ადმინისტრაცია, თანამშრომლები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, ბიუჯეტის ფული იხარჯება ამაში,“ – ამბობს თელარა გელანტია.

თელარა გელანტია არ გამორიცხავს პრემიერს სასამართლოში უჩივლოს, ის ახლა სამართლებრივ მექანიზმებს აზუსტებს, რომ პრემიერმა და სხვა თანამდებობის პირებმა დაბლოკვა ვეღარ გაბედონ.

ამ ჟურნალისტმა 11 ივლისს მორიგ პოსტზე მონიშნა მთავრობის სტრატკომიც: „ყველა კრიტიკულ კომენტარს რომ ბლოკავთ პრემიერის გვერდზე, გყოფნით სტაფი?! თუ 24/7-ზე ამუშავებთ და მერე პრემიასაც მისცემთ ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებიდან?“

სტრატკომი სხვადასხვა უწყებაში შექმნილი სამსახურებია, რომლებმაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა იმუშაონ, თუმცა ეს სამსახურები რეალურად კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ და ამის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ივლისში წერდა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან აწუხებთ სტრატკომში ჩემი პოსტები, სადაც ვნიშნავ, მაგრამ ჯერ ვერ მბლოკავენ,“ – დასძინა თელარა გელანტიამ.

რატომ ბლოკავენ ადამიანებს პრემიერის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე – კითხვით პრემიერის პრესცენტრს მივმართეთ.

პასუხი ვერ მივიღეთ.

რა შეიძლება გავაკეთოთ, როცა თანამდებობის პირი ჟურნალისტს, ან სხვა ნებისმიერ პირს ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან დაბლოკვას ბედავს? – საიას იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ გამოსავალი მხოლოდ სასამართლო დავაა.

„საჯარო მოხელის გვერდი ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ეს მისი პირადი გვერდი არ არის, მით უმეტეს, როგორც ვიცი, გარკვეულ პოსტებს ასპონსორებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს პოსტები არის საჯარო ინფორმაცია. ადამიანის დაბლოკვა კი ნიშნავს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია აღარაა ხელმისაწვდომი. თუკი მოქალაქე შეურაცხყოფას აყენებს საჯარო მოხელეს, მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება, ხოლო თუ ეს თმენის ვალდებულებას სცდება, მაშინ უნდა მიიღოს სამართლებრივი ზომები,“-  განმარტა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

მსგავს საკითხზე სასამართლო დავა 2019 წელს შედგა, მაშინ იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომელი თამაზ ახობაძე დავობდა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, ხოლო მისმა მეგობარმა გიორგი ნონიაშვილმა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კომენტარი დადო. სამინისტრომ ნონიაშვილის კომენტარი წაშალა და მისი ავტორიც დაბლოკა.

გიორგი ნონიაშვილმა, რომელიც პროფესიით იურისტია, იუსტიციის სამინისტროს ფეისბუქკომენტარის წაშლის გამო უჩივლა. ეს პირველი სასამართლო დავა იყო ფეისბუქკომენტარის წაშლის და ადამიანის დაბლოკვის გამო. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.

გიორგი ნონიაშვილი იხსენებს, რომ სარჩელმა თავდაპირველად გაურკვევლობა გამოიწვია და თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ადმინისტრაციული დავა კი არა, კერძო დავა იყო.

„უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსახილველი და არა კერძო დავა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე თქვა, რომ პოტენციურად საქმე გვაქვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან,“ – აღნიშნა გიორგი ნონიაშვილმა „ბათუმელებთან“.

ამ შემთხვევაში სასამართლო დავა შეწყდა, რადგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ გიორგი ნონიაშვილს ფეისბუქზე ბლოკი მოხსნა.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსება მცირდება, ხულო-ზარზმის კი, იზრდება

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წელს 64 მილიონი ლარის ნაცვლად 60 მილიონი ლარით დაფინანსდება, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება კი, 10 მილიონის ნაცვლად 14 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, თუმცა 5 თვის მონაცემებით შესრულდა 199 ათასი ლარის სამუშაო, რაც გეგმის 4.4 პროცენტია.

რაც შეეხება ბათუმის შემოვლით გზას, 6 თვეში უნდა დახარჯულიყო 23,7 მილიონი ლარი, თუმცა 5 თვის მონაცემებით შესრულებული იყო მხოლოდ 11,5 მილიონი ლარის სამუშაოები [48.6 პროცენტი].

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილების მიხედვით 21 პროგრამის დაფინანსება იზრდება, ჯამურად 1.1 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო 4 პროგრამის დაფინანსება მცირდება, ჯამურად 40 მლნ ლარის ოდენობით. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, 400 მლნ-ზე მეტი ლარით იზრდება პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება.

„საყურადღებოა, რომ კანონპროექტის ფარგლებში არ მომხდარა განახლებული კაპიტალური პროექტების დანართის წარმოდგენა. ასევე, კანონპროექტს არ ახლავს სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესახებ განახლებული ინფორმაცია,“ – აცხადებს აუდიტი.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1.2 მილიარდი ლარით და 17.9 მილიარდ ლარს უტოლდება. იზრდება გადასახდელების გეგმური მაჩვენებელიც 1.1 მილიარდი ლარის ოდენობით და 19.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

„პროექტი გადასახდელების დასაფინანსებლად ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის არსებული ნაშთიდან (2.3 მლრდ ლარი) 1.6 მლრდ ლარის გამოყენებას. შედეგად, წლის ბოლოს ნაშთის საპროგნოზო მოცულობა იქნება 746 მლნ ლარი, საიდანაც 594 მლნ ლარი განთავსებულია კომერციული ბანკების 10-წლიან სადეპოზიტო სერტიფიკატებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მცირდება ფისკალური ბუფერის მოცულობა და სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი 152 მლნ ლარს უტოლდება,“ – აცხადებს აუდიტი.

[toggle title=”აუდიტის მიხედვით, შემოსულობებთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი საკითხები – დააკლიკეთ აქ”]

  • ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზზე დაყრდნობით 720 მლნ ლარით (7%-ით) იზრდება საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი და 11.1 მლრდ ლარს შეადგენს
  • 100 მლნ ლარით (35%-ით) იზრდება გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სსიპ/ა(ა)იპ-ების ნაშთების გამოყენებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია. კერძოდ, მოცემული 100 მლნ ლარიდან 90 მლნ ლარი წარმოადგენს სსიპ/ა(ა)იპ-ების მიერ წინა წლებში დაგროვილი ნაშთიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ თანხებს
  • სხვა შემოსავლების მუხლში დივიდენდებში ასახულია სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოგებიდან ბიუჯეტში მისამართი თანხა 50 მლნ ლარის ოდენობით. 2020 წლის ბოლოს აღნიშნულ საწარმოს დაევალა 58.7 მლნ ლარის მიმართვა ბიუჯეტში 2021 წლის ბოლომდე. შესაბამისად, კანონპროექტში დივიდენდის თანხა არასრული ოდენობითაა ასახული.
  • ფინანსური აქტივების კლების სესხების კომპონენტში, ქვესასესხო ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკით, 2021 წელს დაგეგმილია გადასესხებული კრედიტებიდან 167 მლნ ლარის ძირი თანხის დაფარვა. წარმოდგენილი კანონპროექტით, აღნიშნული მაჩვენებელი 210 მლნ ლარს შეადგენს და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წყაროებიდან მოხდება დამატებითი თანხების მობილიზება, მოცემული არ არის
  • ასევე, აქციები და სხვა კაპიტალის კლების კომპონენტში გეგმური მაჩვენებელი განსაზღვრულია 0 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც 2021 წლის ივლისის მდგომარეობით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონის გზით გაყიდულია 4 სახელმწიფო საწარმო, ჯამური ღირებულებით 2 მლნ ლარი. სააგენტოს მიერ წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვა სახელმწიფო საწარმოების გაყიდვაც.

[/toggle]

 

„2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა არსებულ გეგმასთან შედარებით 1.4 მლრდ ლარით მცირდება და 32.3 მლრდ ლარს უტოლდება. აღნიშნულ შემცირებაში ძირითადი წვლილი ეროვნული ვალუტის გამყარებამ შეიტანა, რომლის ეფექტი 98%-ს შეადგენს (1.4 მლრდ ლარი), ხოლო ვალის არსებული ნაშთის შემცირების ეფექტი კი 2%-ია (30.5 მლნ ლარი)“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის მიხედვით, „საყურადღებოა, რომ კანონპროექტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში არ მომხდარა ყველა იმ პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნობრივი მაჩვენებლის დაკორექტირება, რომელსაც შეეცვალა დაფინანსება. კერძოდ, 8 პროგრამისა და 16 ქვეპროგრამის შემთხვევაში, რომელთაც მნიშვნელოვნად შეეცვალათ დაფინანსება (-74%-დან 234%-მდე) მიზნობრივი მაჩვენებლები არ განახლებულა. ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა კი ძირითადი წინაპირობაა ანგარიშგების ეტაპზე მიღწეული შედეგების სრულყოფილად შეფასებისათვის“.

 

ზელენსკი, სანდუ და მიშელი – ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

19 ივლისს, ორშაბათს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნება.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. კონფერენციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ  ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას.

 

ქობულეთში, ხინოს ხეობაში, 2 ადამიანი დაიკარგა, ძებნაში ვერტმფრენიც ჩაერთო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოს ხეობაში, მაშველები 2 ადამიანს ეძებენ.

„112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და სჭირდებოდათ მაშველების დახმარება.

ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება,“ – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სამსახურის ცნობით, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 3 ჯგუფი:

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს რთული რელიეფის გამო, მოუწიათ ხეობაში ქვეითად გადაადგილება. ცუდი ხილვადობის გამო, ღამის განმავლობაში, ვერ მოხერხდა პროცესში საჰაერო ძალის ჩართვა.

დილიდან, გათენებისთანავე, მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელშიც იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ექიმები“.

შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 16 ივლისის 21 საათიდან 17 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 3 დღეს, 18, 19 და 20 ივლისს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

მზად ვარ აჭარის მთაში მცხოვრები ახალგაზრდები წიგნებით მოვამარაგო | ნინო ზაუტაშვილი

არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა დედამ პატარაობისას ძილის წინ ჩემთვის ეკატერინე გაბაშვილის თინას ლეკური წაეკითხა. ამით ბევრი რამ გამაგებინა, მაგრამ მხოლოდ წლების მერე გავაანალიზე. იმ ღამეს არ მეძინა, გულამოსკვნილი ვტიროდი. თვალწინ მედგა თინას ბოლო სცენა. 

დამიჯერებთ, რომ დღემდე იმღამინდელი სურათი სრულიად ნათლად ცოცხლობს ჩემში. ამ ისტორიას იუმორისტულ ჟანრში მერე ჩემს მეგობრებს ვუყვებოდი ხოლმე და ბევრს ვიცინოდით, დასაძინებლად გამზადებული როგორ ამაფორიაქა და მერე ძლივს დამაწყნარა დედამ.

მერე ბევრი კარგი და დაუვიწყარი წიგნი წავიკითხე, ბევრი ვიმოგზაურე, ყველა წიგნი მოგზაურობაა. ძალიან ემოციური ბმა მაქვს საყვარელ წიგნებთან. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, მათ გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია. ხშირად ვუბრუნდები ხოლმე წაკითხულ წიგნს, თავიდან ტრიალებს სხვადასხვა ემოცია. 

როგორ გამახარა ჩემმა მეგობარმა სულხან სალაძემ, როცა საშუალება მომცა ამ არაჩვეულებრივ პროექტში ჩავრთულიყავი. ამას უდიდესი სიამოვნებით ვაკეთებ და მზად ვარ  მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდები სწორედ წიგნებით მოვამარაგო. თავადაც ვეწვიო და სიყვარულით ველაპარაკო ჩემს საყვარელ წიგნებზე. 

იმედია, ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ პროექტში და პატარა მკითხველებს მაღალმთიან აჭარაში არასოდეს მოაკლდებათ საკითხავი. 

დიდი მადლობა პროექტის ავტორებსა და მონაწილეებს.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

საქართველოში კოვიდის 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 13 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 15 888 აქტიური შემთხვევაა, 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 10 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.67%.

 

 

აჭარაში კოვიდის 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 16 ივლისი

16 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 191 ადამიანი მკურნალობს, მათგან 3  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 268 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 1182 ინფიცირებული.

ბანაკები იკრძალება, სემინარებზე კი მონაწილეთა წინასწარი PCR ტესტირებაა აუცილებელი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 19 ივლისიდან იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

„18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება კი, დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.“

შესაბამისი ცვლილება მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ შეიტანა.

ამ წესებს დაემატა ასევე ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც ტრენინგზე, კონფერენციასა თუ სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია ასევე მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

ამასთან, ასეთი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

ამავე თემაზე:

მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვას განიხილავს

9,7 მილიონი ლარი ჩაქვში ძაღლების თავშესაფარისა და იპოდრომის მოსაწყობად

9 723 999 ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბიუჯეტიდან ჩაქვის დასახლებაში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის, იპოდრომისა და სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიის ოფისების ასაშენებლად. აქვე მოეწყობა სარეკრეაციო სივრცეც. მთლიანი ტერიტორიის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრია.

მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, შენობების დეტალური პროექტის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები, მშენებლობის ჩათვლით, 2024 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება.

ტენდერის მიხედვით, ჩაქვის დასახლებაში მოეწყობა:

  • ა(ა)იპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბისთვის“ – იპოდრომი
  •  ტერიტორია მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარისთვის
  • შპს „სანდასუფთავებისთვის“, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“, ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურისთვის“ და „აჭარის წყლის ალიანსისთვის“ ადმინისტრაციული შენობები და სასაწყობე ტერიტორიები
  • დარჩენილ ტერიტორიაზე განთავსდება რეკრეაციული ზონა

ჩაქვში, ძაღლების თავშესაფრისა და მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა მთავრობამ 2020 წლის 27 ოქტომბერს დააანონსა:

ძაღლების თავშესაფარი/ესკიზი
ძაღლების თავშესაფარი/ესკიზი
ძაღლების თავშესაფარი/ესკიზი
იპოდრომი/ესკიზი
იპოდრომი/ესკიზი

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ესკიზები სამმართველოს შესაბამისმა სამსახურმა შეიმუშავა.

ამავე თემაზე:

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩაზე ბათუმის მერია 10 პირისგან სახლებსა და მიწას ითხოვს

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის გაგრძელებას ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გეგმავს. პროექტის ფარგლებში ქონების დათმობა ათ მესაკუთრეს მოუწევს. საჭიროების შემთხვევაში მერია ექსპროპრიაციის წესს გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეებს, რომლებიც შეთავაზებულ კომპენსაციას არ დასთანხმდებიან, სახელწიფო ქონებას ჩამოართმევს, თუმცა ამაზე ჯერ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ექსპროპრიაციის შესახებ კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას გულისხმობს.

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე ინასარიძის ქუჩის გაგრძელებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება დღეს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, არსებული ქონების დათმობის სანაცვლოდ ათივე მესაკუთრეს მერიის საკუთრებაში არსებულ ბინებს გადასცემენ.

„შეთანხმების საფუძველზე, ძირითადად, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ბინების) სახით, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ღირებულების მიხედვით ტოლფასოვნად.“

მერიის განმარტებით, გზის გასაგრძელებელ სამუშაოებს მერია 16 804 კვ.მ-ზე ჩაატარებს. აქედან  7112 კვ.მ. კერძო საკუთრებაშია, მერიას მოუწევს ასევე 220,6 კვ.მეტრი შენობის გამოსყიდვა. მათ შორის არის საცხოვრებელი სახლები.

მიწის ნაკვეთების ნაწილი, რომლის გამოსყიდვაც მერიას მოუწევს, იურიდიულ პირებს ეკუთვნით, მათ შორის არიან შპს „ახალი ხედვა“, შპს „ელიტ ჰაუსი“, შპს „ბლექ სი ტერასა“.

მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვას განიხილავს

დღეს, 15 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად, ისინი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვასაც განიხილავენ.

„ეპიდემიური სიტუაცია უარესდება. ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების მაჩვენებელი რჩება 1000-ს ზემოთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექცია ვრცელდება და ძალიან აქტიურად თუ არ ჩავერიეთ, ეს გავრცელება კიდევ უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიამ თქვა, რომ აქტიური ჩარევის რესურსი პირველ რიგში ვაქცინაციას უკავშირდება, კერძოდ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს მოქალაქეების კრიტიკული რაოდენობის აცრა.

„მეორე, ეს უკვე არის პირადი დაცვის საშუალებები.

3 მილიონი მოქალაქის ინდივიდუალურ დონეზე კონტროლი და ამას ემატება ტურისტები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოვიდნენ – რა თქმა უნდა, სამინისტროს დონეზე შეუძლებელია. ჩვენ პირველი დღიდან ვსაუბრობდით, რომ კი, არის რეგულაცია, არის შეზღუდვები, მაგრამ მაინც, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, აქ მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტივობის გარეშე წარმოუდგენელია.

მე მესმის, ზაფხულის პერიოდია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება… ახლა გასართობ ღონისძიებაზე არ არის ადამიანი განწყობილი იმისთვის, რომ ნიღბით იყოს იქ და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. ჩვენ მოგვიწევს ისევ, რომ ვისაუბროთ ამ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე და ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი” – ამბობს თამარ გაბუნია.

შეზღუდვების საჭიროება დღევანდელი სატელევიზიო გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც ახსენა. „დღევანდელი ინფექციის გავრცელება ჩვენ მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვებზე, რათა არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც გვქონდა შარშან” – თქვა მან.

Exit mobile version