განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-16 სკოლის პროექტზე 203 ათასი ლარი დაიხარჯება

30.09.2021
ბათუმის მე-16 სკოლის პროექტზე 203 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის პროექტის ესკიზი გამოაქვეყნა. სკოლის შენობის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 202 960 ლარია გამოყოფილი. საბოლოო პროექტი, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ნოემბრის ბოლოს უნდა წარმოადგინოს კომპანიამ.

„აჭარკაპმშენი“ მუშაობს სკოლის პროექტზე, რომელმაც სამ თვეში უნდა მოამზადოს სრული ვერსია. ამ ეტაპზე კი წარმოადგინა წინასწარი ესკიზი, შენობის არქიტექტურული განშლა, ამის შემდეგ უნდა დამუშავდეს და მომზადდეს დეტალური პროექტი“, – ამბობს ჯემალ სურმანიძე, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

მე-16 საჯარო სკოლის შენობაში ბოლო პერიოდში ბზარები გაჩნდა და გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, შენობა ავარიული იყო, ამიტომ გადაწყდა მისი დემონტაჟი. ამ სკოლის მოსწავლეები დროებით ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში სწავლობენ.

ჯემალ სურმანიძეს ვკითხეთ, რამდენად მდგრადია სკოლისთვის გათვალისწინებული ტერიტორია და ხომ არ განმეორდება იგივე ახალი სკოლის შემთხვევაშიც. სურმანიძე ამბობს, რომ ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ჩატარდა, რისთვისაც 7 ათასი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. „კვლევა საძირკვლის გამაგრებას გულისხმობს“, – ამბობს სურმანიძე.

ბათუმის ახალი მე-16 სკოლის ესკიზი

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სკოლა, ძველთან შედარებით, გაცილებით დიდი უნდა იყოს და პირველ ცვლაში 1000 მოსწავლეზეა გათვლილი. საკლასო ოთახების გარდა შენობაში უნდა განთავსდეს ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი და 340 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი“.

პროექტის მიხედვით, ახალი სკოლის ეზოში მოეწყობა ღია სპორტული მოედანი ტრიბუნით, შენობა უნდა იყოს ადაპტირებული და შენარჩუნდეს სკოლის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები.

როგორც სამინისტროში ამბობენ, სკოლის მშენებლობის დაწყება დეკემბრის ბოლოს იგეგმება, როცა დაზუსტდება მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: