პირველ კლასში წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მომენტია ბავშვისთვის. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, რის გამოც ბავშვებმა ბაღში სიარული და თანატოლებთან სოციალიზაცია ვერ მოახერხეს, ეს პროცესი უფრო დაამძიმა.
როგორ უნდა დავეხმაროთ სკოლასთან დაკავშირებული შფოთვების მოგვარებაში მშობელს მიჯაჭვულ ბავშვებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ირმა ფეიქრიშვილი საუბრობს.
ქალბატონო ირმა, რატომ ეშინიათ ბავშვებს სკოლის?
საერთოდ, ბავშვმა სკოლამდე უნდა გაიაროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში თავისი პირველი სეპარაცია მშობელთან. ანუ მშობელს უნდა მოსწყდეს პირველად და წავიდეს საბავშვო ბაღში. პირველი ნაბიჯი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის დაძლევისკენ სწორედ ეს არის – როდესაც ბავშვი ხდება 3 წლის, მიდის ბაღში და აღმოჩნდება თანატოლების გარემოცვაში.
ხშირად ხდება ხოლმე, როცა 14-15 წლის მოზარდი მოჰყავს მშობელს და გაცნობისას, მუდმივად იმეორებს ფრაზას, „ჩვენ დავდივართ სკოლაში, ჩვენ გვყავს მეგობრები, ჩვენ, ჩვენ…“ ამ დროს ვთხოვ ხოლმე, რომ თქვას „ის დადის სკოლაში, მას მეგობრები ჰყავს“ იმიტომ, რომ „თქვენ“ აღარ ხართ, მოზარდი უკვე არის პიროვნება, რომელსაც თავისუფლება სჭირდება. მშობლის ასეთი ფორმულირებები კი იმის ნიშანია, რომ სეპარაცია არ მომხდარა და ბავშვი ჯერ კიდევ „ჭიპლარით დაჰყავს“, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა იგულისხმება.
თუ რაიმე მიზეზით ბავშვს არ ეძლევა საბავშვო ბაღში, თანატოლებთან ყოფნის და შესაბამისად, სოციალური უნარების განვითარების შესაძლებლობა, მაშინ გამოსავალი სამეზობლოს ბავშვების მიკროსოციუმი შეიძლება იყოს.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მდგომარეობა პანდემიის გამო რადიკალურად შეიცვალა და ბავშვებს საბავშვო ბაღში სიარულის საშუალება არ მიეცათ, ფაქტობრივად, ორი წელია ჩვენი ბავშვები “შიდაპატიმრობაში” იმყოფებიან, სახლიდან გარეთ ვერ გადიან, საბავშვო ბაღში მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება არ აქვთ. რა თქმა უნდა, ისინი სრულიად მიეჯაჭვნენ მშობლებს. მშობელი უკვე აღიქმება როგორც მისი ნაწილი და მასთან განშორება ძალიან რთული ხდება.
როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მშობელთან მიჯაჭვულობის დაძლევაში?
ზოგადად, ყველა მშობელს მინდა ვთხოვო, როგორმე გამოძებნონ გამოსავალი და ბავშვების თანატოლებთან ურთიერთობას შეუწყონ ხელი. შეგვიძლია მეგობრებს, ახლობლებს ვთხოვოთ, რომ რამდენიმე ბავშვი მაინც ერთად გაიყვანონ სათამაშო მოედანზე, ცხადია, რეგულაციების დაცვით. გავუკეთოთ პირბადე, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, მაგრამ ბავშვებს მივცეთ ურთიერთობის საშუალება, ერთმანეთთან გასაუბრების, თუნდაც სათამაშოს გაყოფაზე წაკინკლავების – ამის გარეშე ჩვენი ბავშვები სოციუმის წევრები ვერ ხდებიან, სოციალური უნარები არ უყალიბდებათ.
ხშირად იმის გამო, რომ ბავშვმა მშობელს, რომელიც სახლიდან მუშაობს, ხელი არ შეუშალოს, მშობელი იძულებული ხდება ყველანაირ დათმობაზე წავიდეს, როცა საამისოდ გარკვეული სტრატეგიებია აუცილებელი.
ბავშვებს რომ სკოლაში წასვლა აშინებთ, ნორმალურია. ისინი ვერ ხვდებიან სად მიდიან, როგორ უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი ამხელა სივრცეში, რადგან აქამდე ისინი იყვნენ დაცულ მიკროსივრცეში, სადაც, ფაქტობრივად, ისევე გრძნობდნენ თავს, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში ემბრიონი გრძნობს თავს.
არასოდეს უთხრათ ბავშვს – „ნუ გეშინია“, „რისი გეშინია“, „რა არის საშიში“…. ჩვენ ამით მის გრძნობებს ვაუფასურებთ, ამ დროს კონტაქტი წყდება, ჩვენ მიმართ უნდობლობა უჩნდება ბავშვს, გრძნობს, რომ ჩვენ მისი არ გვესმის. ამიტომ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, რომ გვესმის მისი, ვუთხრათ – „ვიცი, რომ გეშინია, შემიძლია წარმოვიდგინო რას გრძნობ ახლა, მაგრამ მე შენთან ერთად ვარ, ყველაფერში გვერდში დაგიდგები და ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას“.
აუცილებლად მიიყვანეთ სკოლაში წინასწარ, სანამ სასწავლო წელი დაიწყება, აჩვენეთ სკოლის შენობა, სთხოვეთ მასწავლებელს, ადაპტაციის გამარტივების მიზნით, დაგათვალიერებინოთ გარემო, მიიყვანეთ ბავშვი რომელიმე მერხთან, რათა გარემო, სადაც მივა სკოლის დაწყების დღეს, არ იყოს მისთვის ძალიან უცხო, საშიში და აუთვისებელი. ამის შემდგომი ეტაპი ბევრად მარტივი იქნება, მხოლოდ მეგობრების გაცნობა და მათთან ადაპტირება მოუწევს, რადგან პედაგოგი და გარემო მისთვის უკვე ნაცნობი იქნება.
პირველი ნერვიულობა, განცდები ადაპტაციისას ნორმალურია. აუცილებლად უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ამ პერიოდში ბავშვს არ დაერღვეს ღამის ძილი, არ მოიმატოს ძილში შფოთვამ. თუ კი ასე ხდება, უნდა შევეცადოთ, რომ ეს წინა პერიოდი ბავშვისთვის იყოს ძალიან მშვიდი. ვეთამაშოთ, ძერწოს, ხატოს, ემოციები ჩადოს ამაში. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი ძალიან შფოთავს ღამით და რაღაც პანიკური შიშები უჩნდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
თუ ბავშვს უჭირს მეგობრების გაჩენა დამოუკიდებლად, რა დოზით უნდა ჩაერთონ მშობლები ამ პროცესში?
საერთოდ მშობლები მაქსიმალურად განზე უნდა დარჩნენ ბავშვების ურთიერთობის დალაგების დროს, მთავარია ბავშვს თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მივცეთ და თვითონ შეარჩიოს ის მეგობარი, რომელიც მას ყველაზე კარგად მოერგება და გაუგებს, შეარჩიოს ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მისთვის.
ვუთხრათ ჩვენი მაგალითი – „აი მე მყავს მეგობრები, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ერთმანეთის არ მოგვწონს, შეუძლებელიც კია ყველაფერი მოგვწონდეს ერთმანეთის, მაგრამ ის ჩემი მეგობარია – ხან მე ვაპატიებ, ხან ის მაპატიებს რაღაც შეცდომას, სამაგიეროდ ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ, ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს“.
სკოლიდან მოსულ ბავშვს უნდა მისცეთ საკუთარ ემოციებზე საუბრის საშუალება. გვიამბოს, ვინ გაიცნო, როგორ გაიცნო, რა დამოკიდებულება აქვს, რა ემოცია აქვს.
ძალიან ხშირად ბავშვები თავს არიდებენ თავიანთი გრძნობების ჩვენებას, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ კი მათთან უფრო ახლოს მივალთ, ხატვის საშუალებით გავაკეთებინებთ ამას. მივცეთ ფურცლები, ფანქრები და ვთხოვოთ დაგვიხატოს რა მოხდა დღეს კლასში, მასთან რომელი მეგობარი იჯდა, რა გააკეთეს დასვენებაზე. პროცესში ბავშვები უკეთ იაზრებენ დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას, ემოციებს და ბევრად უფრო უმარტივდებათ კომუნიკაცია მშობლებთან.
კოვიდისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების ნაწილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აქვთ. ექიმი თერაპევტი მადონა შაინიძე ამბობს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სრული რეაბილიტაციის მიღწევამდე, აუცილებელია პაციენტი იყოს როგორც ოჯახის ექიმის, ისე მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, „ამას ცხადყოფს COVID19-ის შემდგომ პერიოდში სხვადასხვა სიმპტომის გამოვლინება და ნარჩენი მოვლენების არსებობა“ – ამბობს ექიმი. მადონა შაინიძეს პოსტკოვიდურ გართულებებზე ვესაუბრეთ.
რა ძირითადი გართულებები აწუხებთ პაციენტებს კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ?
COVID19-ის შემდგომ პერიოდში პაციენტებს შესაძლოა სხვადასხვა ტიპის პრობლემა აღენიშნებოდეთ. კოვიდის შემდგომი ნარჩენი მოვლენები და სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ე.წ. მსუბუქი COVID19-ის ის შემდეგაც და ხშირად მოიცავს ხველას, სუბფებრილიტეტს [ცხელებას], დაღლილობას, რომელთაც მორეციდივე ხასიათი აქვთ.
სხვა სიმპტომებია: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, თავის ტკივილი, ნეირო-კოგნიტური სირთულეები, რაც გულისხმობს მეხსიერების დაქვეითებას, ყურადღების გაფანტვას, ვიზუალურ-სივრცითი აღქმის დარღვევას, ფსიქომოტორულ აშლილობასა და იმპულსურობას.
ასევე აღენიშნებათ კუნთების ტკივილი და სისუსტე, გასტრო-ინტესტინური მოვლენები, გამონაყარი, მეტაბოლური დარღვევა (როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტის კონტროლის გაუარესება), თრომბოემბოლიური გართულებები, დეპრესია და სხვა მენტალური პრობლემები.
კანთან დაკავშირებით გამოვლინებები შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმის: სისხლძარღვოვანი, მაკულო-პაპულოზური, ურტიკარული გამონაყარი ან მოყინვის მსგავსი დაზიანება კიდურებზე (ე.წ. COVID-თითები).
დაღლილობა ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია და COVID19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ჩივიან უკიდურეს დაღლილობაზე. ეს ზეგავლენას ახდენს როგორც გაჯანსაღების პროცესზე, ისე აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნების შესაძლებლობაზე.
პაციენტმა უნდა დაიცვას ძილის ჰიგიენა, დაზოგოს ენერგია, პრიორიტეტული აქტივობები გაზარდოს საფეხურებრივად და იკვებოს ადეკვატურად. დროული ჩარევის შემთხვევაში შესაძლებელია ქრონიკული დაღლილობის პრევენცია.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კოვიდის შემდგომი გართულებები?
პრობლემები შეიძლება იყოს ხანმოკლე და გრძელვადიანი. მაგალითად, პაციენტებს, რომელთაც უტარდებოდათ ინტენსიური თერაპია მწვავე რესპირაციული დისტრეს-სინდრომის გამო, შესაძლოა განუვითარდეთ შფოთვა (40%-ში), დეპრესია (30%-ში) და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD-20%-ში). ეს პრობლემები, შესაძლოა, გაგრძელდეს 24 თვის მანძილზე და თან ახლდეს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შემთხვევები.
ასეთ დროს ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ფსიქოლოგიურ ასპექტებს: შფოთვას, გუნება-განწყობის გაუარესებას, გართულებების შიშს და გადაჭარბებულ ყურადღებას სიმპტომების მიმართ. შესაძლოა ადამიანს აღენიშნებოდეს კოშმარული სიზმრები, უძილობა, მეხსიერების დარღვევები, ყურადღებისა და კონცენტრაციის დარღვევები.
რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდს.
რა ასაკის ან რა დაავადებების მქონე ადამიანებს რჩებათ უმეტესად ეს სირთულეები კოვიდის შემდეგ?
შეფასების დროს განსაკუთრებით ყურადსაღებია შემდეგი კატეგორიის პაციენტები: ხანდაზმულები, თანხმლები დაავადებების სიმრავლე, სიმსუქნე, მძიმე კლინიკური სტატუსი, ვისაც დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და დამატებითი ჟანგბადის გამოყენება მწვავე ფაზაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს გართულდეს.
რა მნიშვნელობა აქვს კვებას კოვიდისგან გამოჯანმრთელების, რეაბილიტაციის პროცესში?
ადეკვატური კვება უმნიშვნელოვანესი საკითხია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აღენიშნებოდა კარდიული დისტრესი, რესპირაციული დისტრესი (მოშლა, დარღვევა) ან კრიტიკულად მძიმე დაავადება წონაში კლების, დაუძლურების ფონზე.
ამგვარი პაციენტებისთვის რეკომენდებულია ინდივიდუალური ნუტრიციული გეგმის შემუშავება რაც შეიძლება მალე, რათა დროულად მოხდეს მეტაბოლური აღდგენა.
ნუტრიციული რეაბილიტაცია საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პაციენტის მეთვალყურეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის აღდგენას და ამცირებს რეჰოსპიტალიზაციის რისკს.
კვება უნდა იყოს დაბალანსებული, შეამცირეთ რაციონში ტკბილი, მიიღეთ ზომიერად სითხე წყლის სახით.
ბრიტანეთის დიეტის ასოციაცია კოვიდგადატანილ პაციენტებს ურჩევს:
მიირთვან ცილოვანი საკვები ჯანსაღი ძლიერი კუნთებისთვის და იმუნური სისტემისთვის – ეცადეთ მიირთვათ ცილოვანი საკვები დღეში ორ-სამჯერ. ცილების შემცველი საკვებია: ლობიო, ოსპი, თხილი, კვერცხი, რძის პროდუქტები (მაგ. იოგურტი, რძე, ყველი);
ნახშირწყლოვანი საკვები ენერგიისთვის – ეცადეთ ყველა ჯერზე მიირთვათ სახამებლის შემცველი პროდუქტი, მაგალითად, კარტოფილი, პური, მაკარონი, ბრინჯი და მარცვლეული. დამატებითი ბოჭკოსთვის სასურველია შეარჩიოთ მთლიანი მარცვლოვანი ვერსიები.
ხილი და ბოსტნეული – იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საჭიროა ბოჭკოს, ძირითადი ვიტამინებისა და მინერალების მიღება – საამისოდ საჭიროა დღეში 5-ჯერ მაინც მიირთვათ ხილისა და ბოსტნეულის ულუფა. ხილი და ბოსტნეული შესაძლოა იყოს – ცოცხალი, გაყინული, დაკონსერვებული.
ძლიერი ძვლებისა და კბილებისთვის საჭიროა კალციუმისა და სხვა მინერალების მიღება. ეს პროდუქტებია: რძე, იოგურტი, ყველი. იმავე საკვები ნივთიერებების შემცველობის პროდუქტებია – ლობიო (მაგ. შავი ლობიო), მუხუდო (მაგ. ჰუმუსი), თხილი (მაგ. ნუში), თესლი (მაგ. სეზამი), ხილი (მაგ. ფორთოხალი, ლეღვის ჩირი).
დღის განმავლობაში სასურველია ამ პროდუქტების სამჯერადად მიღება.
სითხე – დღეში 6-8 ჭიქა: წყალი, უცხიმო რძე, ხილის წვენები, უშაქრო სასმელები, ჩაი და ყავა.
შეამოწმეთ თქვენი შარდის ფერი. მუქი შარდი არის დეჰიდრატაციის ნიშანი. მიზანშეწონილია დალიოთ საკმარისი სითხე შარდის ღია ჩალისფერის შესანარჩუნებლად.
იმ დღეს ქასტინგზე მივდიოდი. როგორც მჩვევია, ბოლო ხუთ წუთში შევიკარი კედებზე თასმები, კარი სწრაფად და ხმაურიანად გავაღე და თავქუდმოგლეჯილი კიბეზე დავეშვი. იმ წამსვე ვინანე დაუფიქრებელი და ხმაურიანი სიჩქარის გამო, რადგან ვიცი, იმას დავუფრთხობ ძილს, ყოველ დღე კიბის კუთხეში რომ მელოდება, ასე უცებ რომ შემოიჭრა ერთდროულად ჩემს ეზოსა და გულში და არ თმობს თავის ადგილს.
ჩავრბივარ კიბეზე, ვიცი, 1 წუთში სამარშრუტო ტაქსი მოვა და ისიც ეცდება, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად მივდივართ. უბრალოდ უნდა, რომ დამიცვას.
მოდის „მარშუტკა“ და ავდივარ ადგილის დასაკავებლად, ისიც ამოდის. არ ცნობს იმ ფაქტს, რომ ძაღლია, რადგან როცა მასთან ერთად ვარ, ორივემ ვიცით – დაცული ვართ.
ლედი
ლედი ამოდის ტრანსპორტში, მე ჩავდივარ და ვთხოვ ქვემოთ დარჩეს. ჩადის, ვფიქრობ, რომ დამიჯერა, ვხედავ, როგორ იხურება კარი, მაგრამ მესმის მგზავრების თბილი, სიცილნარევი კომენტარები, რომ ლედიმ ბოლო წამებში მაინც მოახერხა ამოსვლა. მახვედრებს, რომ ისევ არ მტოვებს მარტო.
ნახევარი წელია მარტო აღარ ვარ. აღარ ვარ მარტო არც ბანკში, არც ბიბლიოთეკაში, არც მაღაზიასა თუ ქუჩაში.
მთელი 21 წელი, რაც მახსოვს, ოჯახში სულ გვყავდა ძაღლი. ზოგადად, გამიმართლა, რომ ჩემ ირგვლივ არავინაა აგრესიული ცხოველების მიმართ. ჩვენი ეზო ბევრ თათს დაუტკეპნია. თითოეული თავისებურად განსაკუთრებული იყო, თითქოს ერთნაირად ყეფენ, გეფერებიან, ცქმუტავენ, გეთამაშებიან…მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ლედი
როკი, რომელიც თავს ჩვენი ეზოს ბატონ-პატრონად თვლიდა, ჩემდა გასაკვირად, ლედის წინაშე პოზიციებს თმობს. ეს პატარა გოგო, ნამდვილი ლედივით, რაღაც გრაციოზულად მოძრაობს როკის წინაშე. თან ისეთი ეშმაკია, ხვდება, სადამდე ვერ მისწვდება ჯაჭვით დაბმული როკი.
როკი და ლედი
როკიც საბოლოოდ შეეგუა ლედის აუღელვებელ სიარულს ეზოში.
უპატრონოდ დარჩენილი ცხოველები არასდროს არიან სტუმრები. ისინი ყველგან ისე გრძნობენ თავს, როგორც სახლში. ლედიც ასეთი აღმოჩნდა.
სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს საიდან მოვიდა, ვინ დაკარგა ასეთი სიყვარულის უფლება. თუმცა ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს, ამ მუდამ სევდიანი თვალების მიღმა, გრძნობს თუ არა სიხარულს ახლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან კარდაკარ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.
„ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც იგეგმება პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების წახალისება, რომ მათ დამატებითი ანაზღაურება მიეცეთ და როგორც C ჰეპატიტის პროგრამაზე ვიხდით დამატებით ანაზღაურებას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე, დაახლოებით ასეთი იქნება ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაშიც. რასაც დღეს ექიმები იღებენ თითოეულ აცრაზე, ასეთივე იქნება ანაზღაურებაც, იმის მიხედვით, რამდენად მეტ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში.
სოფლის და პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა კარდაკარ უნდა იარონ და დაარწმუნონ ადამიანები, რომ აიცრან. მე ყარაჯალაში გახლდით პარასკევს, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ყველაზე დიდი სოფელია და იქ ვთხოვეთ ექიმებს, რომ კარდაკარ ევლოთ. იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოვიდნენ ადამიანები ასაცრელად, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი შენელებულია და აუცილებელია მოსახლეობის გააქტიურება.
დღეს, 28 სექტემბერს, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე და განაცხადა, რომ მოზარდების ვაქცინაციაზე გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებენ.
4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, მოსწავლეებისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დღეს, 28 სექტემბერს.
„სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
სკოლაში იქნება ზედმიწევნით დაცული ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი იმისთვის, რომ იქ იყოს და არის სრულად ჯანსაღი გარემო.
ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში”, – დასძინა მინისტრმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განახლდება.
ასევე მუშაობას განაახლებენ ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები. გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ყველა რეკომენდაციის დაცვით უნდა დაიწყოს, ყველა მოსწავლისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
ქალაქის მუნიციპალურ სამარშრუტო ქსელს ახალი ხაზი, №14 დაემატა.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ახალი სამარშრუტო ხაზი №14 მოძრაობს შემდეგი მიმართულებით:
ს. ხიმშიაშვილის ქ, ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, გორგილაძის ქ, შარტავას ქ, ფიროსმანის ქ, ინასარიძის ქ, შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, სასტუმრო „ეუფორია“.
ასევე ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ძველი ტრანსპორტი სრულად ჩანაცვლდა ახლით შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: №1; №1ა; №16.
დეტალური ინფორმაცია სამარშრუტო სქემის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.
მხოლოდ 29 სექტემბერს სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მინიმალურ ფასად, მთელი თვით, სასაუბრო წუთები, SMS-ები, დიდი მოცულობის ინტერნეტპაკეტები გაიაქტიურონ.
„სილქფესტის“ აქციით აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე თქვენთვის სასურველი პირობა და კომბინაციით *202# ჩაირთეთ:
[checklist]
200 ლოკალურიწუთი +200 SMS – 4 ლარად
4 GB მობილურიინტერნეტი – 5 ლარად
700 ლოკალურიწუთი – 9 ლარად
20 GB მოცულობისინტერნეტი – 12 ლარად
[/checklist]
„სილქფესტით“ სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
სასაუბრო წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე, გარდა გლობალსელის და ასანეტის, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრების მიმართულებებზე. თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე 15 თეთრი;
სმს იგზავნება ადგილობრივი მიმართულებით ყველგან, სადაც გზავნილის ფასი შეადგენს სტანდარტულ საფასურს; სმს ბონუსი არ გავრცელდება ზოგიერთ სპეციალურ/მოკლე ნომერზე, ასევე საზღვარგარეთ გაგზავნის შემთხვევაში, გამონაკლისია კორპორაციული ნომრები, რომლებიც ბონუსს მხოლოდ იმ საერთაშორისო მიმართულებით გამოიყენებენ, სადაც გზავნილის ფასი 6 თეთრია.
თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებგვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.
„სავაჭრო ცენტრის ნაცვლად ქალაქში ყაზარმები გვიშენდება“ – ამბობს ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძე იმ მშენებლობებზე, რომლებიც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარეობს. როგორც ამის შესახებ „ბათუმელები“ წერდა, მერიას მშენებლობების ნებართვა გაცემული არ აქვს.
„მიწის ნაკვეთი, სადაც უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს, ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „მეტრო მოლ აჭარას“, რომლის მფლობელიც არის გალიფ ოზთურქი. მან ამ მიწის ნაკვეთზე მოიჯარედ აიყვანა „მეტრო ატლას ჯორჯია“, რომლის პარტნიორები ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ამ ადამიანებმა დაიწყეს რაღაც ტიპის საქმიანობა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ვერსად ვპოულობთ.
ინფორმაცია, რაც მოვიძიეთ, არის ის, რომ სასტუმროები: „ინტურისტი“, „ეიფორია“, „ლეგენდა“, „სქაი თაუერი“ და სხვა ათობით დიდი და მცირე ზომის სასტუმრო ბათუმში უკვე იქცა სხვა ფუნქციის მატარებელ დაწესებულებად“, – ამბობს გიორგი კირთაძე.
დღეს, 28 სექტემბერს, მათ მედიასთან წარმოადგინეს სატელეფონო ჩანაწერი ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელთან, რომელიც ეუბნებოდა მოქალაქეს, რომ ვერ შეძლებდა ნომრის დაჯავშნას, რადგან სასტუმროს ახალი მფლობელი ჰყავს და არ აქვს ინფორმაცია, რა ფორმატით გააგრძელებენ ფუნქციონირებას.
„საუბარია წლის ბოლომდე 25 ათასი ჩინელი მიგრანტის შემოყვანაზე ამ ქალაქში, ნაწილი უკვე შემოსულია და ამ სასტუმროებში ცხოვრობს. რა ხდება და რისთვის შემოდის ამ რაოდენობის ჩინელი მიგრანტი ბათუმში? ჩვენი ინფორმაციით, ეს არის არალეგალური ჩინური ონლაინკაზინოების IT მართვის ცენტრი. თუმცა ამის პარალელურად კრიპტოვალუტის წარმოების ნაწილის გადმოტანაც იგეგმება ჩინეთიდან ჩვენს ქალაქში. როგორც გვეუბნებიან, აქ არის როგორც ფულის გათეთრების ნაწილი, ასევე უნდა შეიქმნას რაღაც ტიპის, ჩვენთვის უცნობი კიბერლაბორატორია. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, მაგრამ არ არსებობს პასუხები.
რატომ ვამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი? როცა გოგოლის პირველ ნომერში მივედით და უკანონო მშენებლობები გავაპროტესტეთ, ადგილობრივებმა, მათ შორის, იქ დასაქმებულმა პირებმაც გვითხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახურს აკრძალული აქვს ობიექტზე მისვლა და ჯარიმის გამოწერაც კი. თორნიკე რიჟვაძე და არჩილ ჩიქოვანი უძლურები არიან და არ შეუძლიათ უკანონო დასახლებასთან ახლოსაც კი მივიდნენ“, – ამბობს კირთაძე.
ბრიფინგზე იმყოფებოდა ენმ-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა ქაშიბაძეც, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა ამ დასახლების მშენებლობამ ქვეყნისთვის პრობლემა შექმნას.
„რუსეთი მიზეზს ეძებს, როდის დაგვარტყას და დღეს პირდაპირ კარებთან ვუქმნით ამის მიზეზს. ერთი ლაბორატორია გვაქვს და ორი წელია ამ ლაბორატორიით ვახერხებთ, რომ კორონავირუსს ვებრძოლოთ და ესეც რომ არ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ვიქნებოდით. ახლა კიდევ მეორე უბედურება შეიძლება გავიჩინოთ. გვითხრან რა შენდება და რისთვის, შეიძლება ისეთი კარგი რამეა, რომ ტაშიც დავუკრათ, შეიძლება ამას მოჰყვეს კიბერუსაფრთხოების პრობლემები ან რეალურად მივიღოთ ეთნიკური კატასტროფა ამ ქალაქში“, – ამბობს კახა ქაშიბაძე.
მისი თქმით, თუ ინვესტიციაა და სამუშაო ადგილები იქმნება, მაშინ რატომ არ არის ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი.
„მე არ ვარ წინააღმდეგი არც ჩინელების და არც სხვა ერის ხალხი, მაგრამ მაშინ, როცა დასაქმების კატასტროფული პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, ახლა მზად ვართ სხვას დავუთმოთ სამუშაო ადგილები, თუკი ეს ნამდვილად ინვესტიციაა? თუ ინვესტიციაა, მაშინ რატომ არ გვეუბნებიან რა ტიპის ინვესტიციაა, როგორ წარმოუდგენია ვინეს ამ ქალაქში ამდენი ადამიანი შემოვიდეს, ამხელა ფინანსური რესურსით და აქ არაფერი არ უნდა ხდებოდეს. არსებობს კითხვები, რომლებსაც ხელისუფლება პასუხს არ სცემს“, – ამბობს კახა ქაშიბაძე.
მისი თქმით, ჩინეთი ცნობილია არალეგალური სამუშაოებით, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვრებს გარეთ.
„მიუხედავად ბიზნესის განვითარებისა, ეს არის კომუნისტური ქვეყანა და მისი იდეური აზროვნება არის ყოველთვის დამალული, ფარული. საკუთარ ქვეყანაში მილიონობით დაფარული მუშახელი ჰყავს. როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო ჩამოსული და საქართველომ დიდი პორტის პროექტი გააჩერა, მაშინ პირდაპირ თქვა ამერიკამ, რომ ეს ქვეყანა უარს ამბობს ევროპაზე და გადადის რუსეთზე და ჩინეთზე. დიდი ალბათობით, მათ გარკვეული ინფორმაცია ამის შესახებ ჰქონდათ ალბათ. სავარაუდოდ, ისინი ამ პროექტს გულისხმობდნენ,“- ამბობს კახა ქაშიბაძე.
კახეთში, სამუხის ველზე, ქურციკების რაოდენობამ 200 ინდივიდს გადააჭარბა – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ქურციკის, იგივე ჯეირნის სახეობა, რომელიც 60-იან წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.
2013 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტი დაიწყო. პირველი თაობა, 10 ინდივიდი, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად, ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, პროექტი, რომელიც საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება, სამუხის ველზე ქურციკების უკვე მეშვიდე თაობა დაიბადა და რაოდენობამ 200 ინდივიდს გადააჭარბა.
„ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.
ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება“ – წერს სააგენტო.
დღეს, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააპატიმრებენ.
„რა თქვა მიხომ ჩამოვდივარო?… მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი) რვა წელია იმუქრება რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში.
სააკაშვილის ერთადერთი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი თქმით, დღეს სახელმწიფო ძლიერია და „მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ დღეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს კანონის ფარგლებში“, – ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი შემოვა, მას ასიათასობით მასზე გაბრაზებული ადამიანი დახვდება.
„დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი ღამე, კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება ისიც შევა ციხეში. სააკაშვილი არის მსჯავრდებული, ის იმსახურებს ციხეს, რადგან მან გამოუსწორებელი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, ეს არის სიყალბე.
რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 ათასი კაცის მობილიზება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ახლა ჩვენ შეგვხედეთ რამდენი ადამიანის, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გაბრაზებული ადამიანი. პასუხი მარტივია, სახელმწიფო გასცემს პასუხს.
სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, როგორც კი ჩვენს ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 28 სექტემბერს, მედიასთან.
წუხელ, 27 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა.
საქართველოში ტერიტორიულ წყლებში, ბათუმში, ნატოს ხომალდები შემოვიდა.
შემოსულია ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი – SNMCMG2, რომლის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები.
შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს.
შს სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება.
ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.
ნატოს გემები ბათუმში. ფოტო: შსსნატოს გემები ბათუმში. ფოტო: შსს
28 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2185 ახალი შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 40 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
27 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.96%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარაში – 121, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 153, შიდა ქართლში – 148, გურიაში – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 215, კახეთში – 413, მცხეთა-მთიანეთში – 61, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.
„სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ. იმედია, სამომავლოდ იტყვიან სიმართლეს“, – ეს ფრაზა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ახსენა, როცა მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ვკითხეთ პრობლემებზე, რასაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში აწყდებიან. ბათუმის მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები ცდილობენ იმის გამოკვეთას, რომ სიმშვიდე მოჩვენებითია და მის უკან ასობით ადამიანის დაშინება, მუქარა და მოსყიდვა იმალება.
„კარდაკარ სიარულის დროს მივხვდი – გაჩნდა განცდა, რომ არავინ არის დაცული,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი. მისთვის ეს წინასაარჩევნო პერიოდი ყველაზე მეტად ე.წ. სუსის ფაილებთან ასოცირდება.
„ორმაგი ეფექტი ჰქონდა ამ ფაილებს. ერთი მხრივ, გააღრმავა პროტესტი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველას გვისმენს უკანონოდ და მეორეა ის, რომ მოქალაქეს გაუჩინა განცდა – ვინ დამიცავს? ამომრჩეველი შესაძლოა გისმენდეს, მაგრამ პოზიციების ღიად დაფიქსირების ეშინიათ,“ – გვიყვება ვახტანგ კალოიანი.
დაშინება – პოლიტიკური ოპოზიცია ბათუმში დღეს ყველაზე ხშირად ამ პრობლემას ახსენებს. ოპოზიცია ასევე საუბრობს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, პლაკატებზე „ოცნების“ პლაკატების გადაკვრის ფაქტებზე, მოსყიდვის მცდელობებზე, იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში ე.წ. ნეიტრალური წევრები ისევ „ოცნების“ აქტივისტები არიან, ან იმაზე, რომ გადასატანი ყუთის სიები მაქსიმალურად და ხელოვნურად ივსება.
გიორგი კირთაძე – „ოცნების“ საარჩევნო შტაბს ბათუმში სუსი და გალდავა ხელმძღვანელობენ“
ტიტე აროშიძე კი არ ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, როგორც ეს ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ და თავად ბატონ ტიტეს ჰგონია. არამედ შტაბს სუსი და [ავთანდილ] გალდავა ხელმძღვანელობენ,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, „ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი. მას ვკითხეთ, რის საფუძველზე ვარაუდობს ასე. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ წელს „ოცნება“ ყველა მიმართულებით დაშინებაზე მუშაობს, რადგან რთულად აქვთ საქმე.
გიორგი კირთაძე ყურადღებას ამახვილებს, მაგალითად, ფინანსურ შემოწირულობებზე – ბიზნესმენების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აფინანსებს.
„ფინანსური შეწირულობის ნაწილში სუსია ჩართული, რომ რომელიმე ბიზნესმენმა არ გაბედოს რომელიმე ოპოზიციის დაფინანსება. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩვენთან ვინც მუშაობს, მოხალისებრივ საწყისებზეა ჩართული… პლაკატები და ბანერებიც ასობით არის გამოკრული არჩილ ჩიქოვანის ქალაქში, უხერხულიც კია, რა თავისუფალი ადგილი დარჩა, იქ სიძულვილის გამომხატველი ბანერი გააკრეს…
ამას გარდა, პრობლემაა ისევ საარჩევნო ადმინისტრაციები, რადგან 103 საარჩევნო უბანზე ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ წესით და კანონით ნეიტრალურები, არიან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები, პირდაპირ „ოცნების“ შტაბიდან გამოგზავნილი ხალხი შეარჩიეს“, – გვიყვება გიორგი კირთაძე.
„ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის მერობის კანდიდატის დაკვირვებით, ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი ამ არჩევნებზე საჯარო მოხელეების დაშინებაა. მას ამის მაგალითად საბავშვო ბაღის აღმზრდელები მოჰყავს.
გიორგი კირთაძემ, „ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი
„პირდაპირ სიებს ადგენენ, ვინ არის მხარდამჭერი. ვინც უარს ამბობს მხარდაჭერაზე, მას ემუქრებიან გაშვებით. ამას ჩვენთან პირად საუბრებში არაერთი თანამშრომელი ადასტურებს, მაგრამ ღიად საუბარს ვერავინ ბედავს… თენგიზ აფხაზავა უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში, რომელიც ახლა შვებულებაშია… იგივე ხდება საჯარო სტრუქტურებში, ააიპ-ებში, მათ გადაუნაწილეს საარჩევნო უბნები და დაავალეს მხარდამჭერების სიების შეგროვება,“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.
მას ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაბურულშუშებიან მანქანებს ნახავს, სადაც ადამიანებს ფულს დაურიგებენ და ამომრჩევლების მოსყიდვას შეეცდებიან.
„ტემპერატურა აუცილებლად აიწევა… მე გაჩვენებთ ადამიანებს 2 ოქტომბერს, რომლებსაც 100-ლარიანი კუპიურები ექნებათ ხელში. ამას ჩემთვის და თქვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანები გააკეთებენ, რადგან სუსი უფრო ენდობა მაგათ,“ – დასძინა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“.
„გადასატანი ყუთების სიებს ხელოვნურად ზრდიან, რომ შემდეგ იოლად მოახერხონ ამომრჩეველზე ზეწოლა“, – ირწმუნება ვაჟა დარჩია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს სიის მე-2 ნომერი. მან ბათუმში 22 უბანი დაგვისახელა, სადაც გადასატანი ყუთების სიები თითქმის შევსებულია.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თითოეულ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 3 პროცენტი შეიძლება იყოს გადასატანი ყუთის სიაში. ეს სია წინასწარ უნდა შედგეს და იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ შეძლებენ.
„ბათუმელებმა“ ერთ-ერთ უბანზე – 91-ე უბანზე სცადა მონაცემის გადამოწმება, რასაც „ლელო“ ასახელებს“. აღმოჩნდა, რომ აქ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაა 1451, გადასატანი ყუთის სიაშია – 39. ამ უბანზე მაქსიმუმ 43 ამომრჩევლის დარეგისტრირება შეიძლება გადასატანი ყუთის სიაში.
„მოგეხსენებათ, კიდევ რამდენიმეს დამატება შეგვიძლია და გვაქვს კიდეც ამის საჭიროება, ჯერ არ მოუმართავთ,“ – გვიპასუხა 91-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე გულნაზ ნაგერვაძემ. – „მე თვითონ გონიოში ვცხოვრობ და ვიცი, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ გადასატანი ყუთი…თუ რამე უზუსტობა იქნება, შეგვიძლია სიის კორექტირება,“ – გვიპასუხა მან.
ამ თემაზე გასულ კვირას „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონდა ბრიფინგი. ამ პარტიის წარმომადგენელმა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში – ირმა ხოროიშვილმა მოგვაწოდა ბათუმის 61-ე უბანზე გადაღებული არაოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც ამომრჩევლების გასწვრივ ნახავთ გრაფას „პარტიული კუთვნილება“. აქ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების გასწვრივ მითითებულია – 41.
„ჩემი ინფორმაციით, ეს არის „ქართული ოცნების“ შტაბიდან უბანზე შესული სია. შტაბიდანაც შეიძლება სთხოვონ უბანს კონკრეტული ამომრჩევლის გადასატანი ყუთის სიაში შეტანა, მაგრამ არა ამ ფორმით, ეს არაოფიციალური დოკუმენტია, რომელიც კომისიამ სარეგისტრაციო ჟურნალშიც გაატარა. ეს არის დარღვევა. ფოტო ჩვენმა წარმომადგენელმა გადაიღო ამ უბანზე. ვაპირებთ, საჩივარი დავწეროთ. ჯერ არ დამიწერია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირმა ხოროიშვილი.
არაოფიციალური დოკუმენტი ბათუმის 61-ე უბანზე, რომლის მიხედვითაც გადასატანი ყუთის სიის ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას
„არ ვიცი, რა სიაზეა საუბარი, ეს გასარკვევია, მე აპოლიტიკური ვარ… გადასატანი ყუთის სიაში, როგორც მახსოვს, მხოლოდ 5 კაცია,“ – გვითხრა დავით მიქელაძემ, ბათუმის 61-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ.
გადასატანი ყუთების სიების გარდა, „ლელოდან“ ბათუმის საკრებულოს კანდიდატი ვაჟა დარჩია კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს – რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამოყენება წინასაარჩევნოდ.
„გასულ წელსაც იმუშავა ამ მეთოდმა. წელს, მაგალითად, ჭაობის დასახლებაში ჩვენ ვიცით სამი ფაქტის შესახებ. როცა ადამიანები დაკავებული არიან ნარკოდანაშაულის გამო, ხოლო მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, საძმაკაცოს ეუბნებიან, რომ გათავისუფლდება პატიმარი იმ შემთხვევაში, თუკი „ოცნებას“ დაუჭერენ მხარს… სამწუხაროდ, სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ,“ – გვითხრა ვაჟა დარჩიამ.
„ბანერების ადგილიც წინასწარ აითვისეს“ – კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს ვაჟა დარჩია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დაჯავშნა ისეთი ადგილები, სადაც ხალხმრავლობაა.
ვაჟა დარჩია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი
„ჩვენ გვაქვს მხოლოდ სამი ბანერი. ერთ-ერთი ბანერის გვერდით, ის ძალადობის გამომხატველი ბანერი გამოგვიკრეს… პლაკატებზე კი, „ოცნების“ პლაკატები გადააკრეს,“ – გვიყვება ვაჟა დარჩია. მან ბაგრატიონის და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში გადაღებული ვიდეო გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც „ლელოს“ პლაკატების ნაწილი რეკლამისთვის განკუთვნილ დაფებზე ჩამოხეულია, ნაწილზე კი, „ოცნების“ კანდიდატების პლაკატია გადაკრული.
„ხელისუფლებას მოუწია ფიზიკურ დაპირისპირებაზე უარის თქმა,“ – ვახტანგ კალოიანი
რუსთავსა თუ დმანისში ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილს აქვს განცდა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე „ქართულ ოცნებას“ უარის თქმა მოუწევს და ეს ძირითადად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის დამსახურებაა.
„საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ხელისუფლებას მოუწია ფიზიკურ დაპირისპირებაზე უარის თქმა… თქვენ ნახეთ ევროკავშირის საელჩოსთან დაპირისპირებაც, როცა „ოცნებამ“ საკუთარი აქტივისტების მობილიზება მოახდინა, მაგრამ მათი გადამალვა მალევე მოუწია.
დასავლეთის ინსტიტუტების ჩართულობის დამსახურებაა ისიც, რომ ხელისუფლება ცდილობს, ფორმალურად კანონი არ დაარღვიოს, ასეთი ფონის შექმნას ცდილობს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი და „ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
ვახტანგ კალოიანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, „ოპოზიციური ერთობა“
ვახტანგ კალოიანის დაკვირვებით, ხელისუფლება ძირითადად ცდილობს ადმინისტრაციული რესურსის აქტიურად გამოყენებით გავიდეს ფონს.
„ალბათ, აქვთ ამ ადამიანების შვებულებები და ფორმალური მხარე შესაძლოა მოწესრიგებულია, მაგრამ აქტიურად ვხედავთ საჯარო მოხელეებს კანდიდატებთან შეხვედრების დროს… გარდა ამისა, ოპოზიციის საერთო პრობლემაა დაფინანსებაც. წელს ბიზნესი ვეღარ ბედავს რომელიმე ოპოზიციური პარტიის დაფინანსებას. ფინანსები რომ არ გვაქვს, მგონი, ეს ცალსახად ჩანს,“ – დასძინა ვახტანგ კალოიანმა.
„ოპოზიციას რომ დაუჭირეთ მხარი, ოპოზიციამ გააკეთოს ახლა სანიაღვრეო“ – ბექა დიასამიძე
„ძირითადად სანათესაო მუშაობს, რთულია ფაქტების მოძიება,“ – ამბობს ბექა დიასამიძე, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი. ის იზიარებს სხვა ოპოზიციური ძალების შეფასებას, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ბექა დიასამიძე თვლის, რომ „დღეის მდგომარეობით მდგომარეობა ნორმალურია“.
„ზოგადად, დაშინებულია ხალხი, აგიტაციასაც ვატარებთ, მაგრამ როცა იგებენ, რომ ოპოზიციიდან ვართ, თავს გვარიდებენ, ეშინიათ სამსახურების დაკარგვის, დასმენის და ასე შემდეგ… ადამიანების ნაწილს ისევ აშინებთ საჯაროდ პოზიციების დაფიქსირების. ჩვენი მიზანია, რომ რეალურად ბევრ ადამიანთან მივიდეთ და ავუხსნათ, რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ. მაგალითად, ურეხის დასახლებაში ერთ-ერთ უბანზე სადაც წინა არჩევნებზე „ოცნებამ“ წააგო, ეუბნებიან თურმე მოსახლეობას, ოპოზიციამ მოაგვარეს სანიაღვრეს პრობლემაო, ამომრჩეველი გვიყვება ამას. მეორე უბანში, სადაც „ოცნებას“ მისცეს ხმა, მოაგვარეს პრობლემა და აღარ გვინდა საუბარიო. ვაპირებ ამ საკითხზე განცხადებით მივმართო მერიას,“ – გვითხრა ბექა დიასამიძემ.
ბექა დიასამიძე, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი.
„ახლობელს ვერ ჩაწერ, რთულია ფაქტების მოძიება“ – აკაკი გვიანიძე
„ძირითადად ასე ხდება: მიდის კანდიდატთან ოჯახის წევრი, ახლობელი, მეზობელი და ეუბნება, რომ კანდიდატურა უნდა მოხსნას. ახლობელს ვერ ჩაწერ, რთულია ფაქტების მოძიება,“ – მიზეზებს განმარტავს აკაკი გვიანიძე, რის გამოც ექსპრემიერის – გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიიდან ადამიანები კანდიდატობის პოზიციებს ტოვებენ, თუმცა თავად ამის შესახებ არც კი საუბრობენ. აკაკი გვიანიძე „გახარია – საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიის მეორე ნომერია.
ეს პოლიტიკური ძალა ათეულობით შემთხვევაზე საუბრობს, როგორ დაატოვებინეს ადამიანებს საჯარო სამსახური იმის გამო, რომ „საქართველოსთვის“ მხარდამჭერი გახდნენ, ან შემდეგ როგორ ათქმევინეს კანდიდატობაზე უარი. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ, მაგალითად, უცნობია პარტიისთვის, რა მოხდა ხულოს ორი მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში.
აკაკი გვიანიძე – „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი
„არის შემთხვევები, როცა იყო ზეწოლა, მაგრამ კანდიდატებმა ზეწოლას გაუძლეს და ისინი ისევ ჩვენი კანდიდატები არიან… სხვები კი, ვინც კანდიდატობაზე უარი ათქმევინეს, იმედია, მალე მოვა დრო და ამ ყველაფერზე ღიად ისაუბრებენ. ჩვენ არ ვბრაზობთ მათზე, პირიქით, თანავუგრძნობთ… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს პოლარიზების შემცირებას და სამართლიანი არჩევნების აღქმას,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ.
აკაკი გვიანიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე:
„უზარმაზარი ფინანსები იხარჯება „ოცნების“ სასარგებლოდ და ამას ყველა ვხედავთ. უამრავი აგიტატორი აიყვანეს, კოორდინატორი, უსამართლო გარემოა… ჩვენ ვუყურებთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასაც, რაზეც „ბათუმელებიც“ წერდა.
ერთადერთი სროლა არ არის, თუმცა ამის გამო მადლობას არ უნდა ვუხდიდეთ, მგონი, მთავრობას,“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთიდან დევნილი, მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის დროს დააჯილდოვა ღირსების მედლით პრეზიდენტმა დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია.
„ისე მოხდა, რომ ეს [დაჯილდოება] ხდება 27 სექტემბერს. ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვინც არ გაიარა ეს პერიოდი, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია. მაგრამ მე რომ დღეს აქა ვარ, თქვენთან, იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებული იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს იმ ტკივილს, რადგან მას ვერაფერი შეანელებს, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ და იმის გადაწყვეტაც წინ არის. ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა!
მინდა ყველასგან გითხრათ დიდი მადლობა, მეც ვარ ემიგრანტის შვილი. მე მგონი თქვენ გახდით ყველა იმ ახალგაზრდისთვის მაგალითი, ვინც გავიდა ქვეყნიდან, გიყურებენ და ხედავენ, რომ თუ გინდა, თუ შეგიძლია, თუ მზად ხარ დაიხარჯო მთლიანად, ეს არის მაგალითი, რომ შეიძლება ყველაფერს მიაღწიო“, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიზაინერს.
დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისთვის.
კანონის ჩანაწერის მიხედვით, „ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პარასკევს, 24 სექტემბერს COVID-19-ის სამკურნალო მესამე მეთოდს გაუწია რეკომენდაცია.
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Regeneron-ის მიერ წარმოებული, მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ ჯანმრთელობის სპეციფიკური პროფილის მქონე პაციენტებისთვის. პრეპარატი ბაზარზე გამოაქვს შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Roche-ს.
მონოკლონური ანტისხეულები „კაზირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ აშშ-ში REGEN-COV-ის სახელით არის ცნობილი, სხვა ქვეყნებში კი – Ronapreve-ის.
სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ჯანმოს ექსპერტები წერენ, რომ მკურნალობა რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის, როგორებიც არიან ხანდაზმული ადამიანები ან პაციენტები, რომელთა იმუნური სისტემა მკვეთრად დასუსტებულია, მაგალითად კიბოს ან ორგანოს გადანერგვის გამო.
„ეს რეკომენდაცია ემყარება სამი კვლევის ახალ მტკიცებულებებს, რომლებსაც ჯერ საექსპერტო შეფასება არ გაუვლიათ, მაგრამ შედეგები აჩვენებენ, რომ „კაზირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ ამცირებენ ჰოსპიტალიზაციის რისკს და სიმპტომების ხანგრძლივობას მძიმე დაავადების ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანებში, როგორიცაა არავაქცინირებული, ხანდაზმული, ან იმუნოსუპრესიული პაციენტები” – წერია BMJ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ჯანმოს ექსპერტების აზრით, მკურნალობა ასევე რეკომენდებულია მძიმე ან კრიტიკული კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებიც სერონეგატიურები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების შემდეგაც კი, მათ ვერ შეძლეს ვირუსზე საკუთარი ანტისხეულების პასუხის შექმნა.
ეს მეორე რეკომენდაცია ემყარება კვლევის მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ “კაზრივიმაბი” და “იმდევიმაბი” ამცირებენ სიკვდილიანობას და სერონეგატიურ პაციენტებში მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას.
აქვე წერია, რომ ყველა სხვა კოვიდ -19 პაციენტისთვის, ანტისხეულებით მკურნალობის რაიმე სარგებელი ნაკლებად სავარაუდოა.
“კაზირივიმაბი” და “ინდევიმაბი” წარმოადგენენ მონოკლონურ ანტისხეულებს, რომლებიც კომბინაციაში გამოყენებისას ებმიან SARS-CoV-2-ის წვეტის ცილას, რითაც ანეიტრალებენ ვირუსის უნარს, დააინფიციროს უჯრედები.
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებას 2021 წლის ივლისში, პირველად იაპონიამ მისცა ავტორიზაცია. წამლების ეს კომბინაცია გადაუდებელი გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცა ევროკავშირმა, აშშ-მ, ინდოეთმა, შვეიცარიამ და კანადამ.
ჯანმო ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მკურნალობის მაღალი ღირებულებისა და იმის გამო, რომ ის არ არის ხელმისაწვდომი, წამლების შემსყიდველი საერთაშორისო სააგენტო UNITAID აწარმოებს მოლაპარაკებებს შვეიცარიული კომპანია Roche -ს ლაბორატორიასთან, რათა მიაღწიონ მედიკამენტის დაბალ ფასსა და თანაბარ განაწილებას მსოფლიოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ სუსის საქმიანობა შეისწავლოს.
კერძოდ, ორგანიზაციები ითხოვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიყენოს ინსპექტირების მექანიზმი და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი.
კოალიციის განცხადებით, სუსის სისტემაში შემავალ სააგენტოს გააჩნია ფარული ელექტრონული მიყურადების სრული შესაძლებლობა. იმისათვის, რომ პირს მოუსმინონ, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სისტემურ მოსმენასთან.
„სისტემურ უკანონობას სამართლებრივი საფუძველი ვერ ექნება და, იმ პირობებში, როდესაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სუსი მის ხელთ არსებულ ინფრასტრუქტურას კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულირების გვერდის ავლით, ბოროტად იყენებს, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი საკითხის სათანადოდ შესასწავლად.
კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმია შემოწმება,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
მოქმედი კანონმდებლობით, უწყება, რომელსაც სუსის შემოწმება შეუძლია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია. ეს სამსახური უფლებამოსილია შევიდეს შეზღუდული დაშვების არეალში, გაეცნოს ტექნიკურ ინსტრუქციებს, მათ შორის სახელმწიფოს საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, ასევე მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა.
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ინფორმაციის შესახებ საზოგადოებამ 13 სექტემბერს შეიტყო. კერძოდ, მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.
ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ.
მათ შორის, ცნობილი გახდა ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიყურადების შესახებ.
გასაჯაროებულ ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვნებთან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე, პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ ქრთამის აღების შემთხვევებზე და სხვა.
ბათუმში ,,ამბასადორ აილენდის” პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ჯამური საინვესტიციო პორტფელი 100 მლნ დოლარს შეადგენს და ის 2 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
კომპანიის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი იქნება 1 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია.
პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.
პროექტს საფუძვლად დაედება ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.
დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა 4 ოქტომბრიდან, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა სკოლის პედაგოგებს ხვალ, 28 სექტემბრიდან PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. სკოლის დირექტორებს მოლოდინი აქვთ, რომ სკოლებში განახლდება სწავლა და ამას ადასტურებს მასწავლებელთა ტესტირების ქვეყნის მასშტაბით დაწყება.
„ტესტირების პროცესი უკვე ორგანიზებულია. როგორც გვითხრეს, ისევ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოვლენ სკოლებში და PCR ტესტს ჩაუტარებენ ყველა მასწავლებელს…
კონკრეტული გადაწყვეტილება სწავლის სკოლებში დაწყებაზე ჯერ მიღებული არ არის, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბალია და დიდი ალბათობით სწავლა სკოლებში დაიწყება 4 ოქტომბრიდან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მე-2 სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე.
მე-2 სკოლის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება. სკოლის დირექტორის თქმით, ეს სწავლის პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან შიდა სამუშაოები უკვე პრაქტიკულად დასრულებულია.
დღევანდელი, 27 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი არის 1.8%, ბოლო 7 დღის განმავლობაში – 2.9%, ბოლო 14 დღის კი – 3.2%.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 3 კანდიდატი იბრძვის მერობისთვის. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები), „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“.
კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით.
მიშა ბოლქვაძე–ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5]
მიშა ბოლქვაძე ჯერ კიდევ ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრია. იგი ამ მოწვევის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
მიშა ბოლქვაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. იგი 2006 წლიდანაა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. წლების განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. იყო ორი მოწვევის საკრებულოს წევრი.
მიშა ბოლქვაძე
ჯუმბერ ბერიძე –„გახარია – საქართველოსთვის“ [საარჩევნო ნომერი 25]
ჯუმბერ ბერიძე 2015 წელს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, უფრო ადრეულ წლებში კი, საბაჟოზე მუშაობდა.
ჯუმბერ ბერიძე
ზაზა დიასამიძე –„ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41]
ბოლო პერიოდამდე ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო. ბოლო რამდენიმე თვეა ის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს.
ზაზა დიასამიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის ახლო მეგობარია.
აჭარაში სწავლა სკოლის შენობებში, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს განახლდება.
ამის საფუძველს იძლევა კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონში.
დღევანდელი, 27 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი არის 1.8%, ბოლო 7 დღის განმავლობაში – 2.9%, ბოლო 14 დღის კი – 3.2%.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.
ამ დროისთვის აჭარა ამ კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს – რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცენტზე ნაკლებია.
განახლდება თუ არა სკოლის შენობებში სწავლა აჭარაში 4 ოქტომბერს, ამ კვირაში გახდება ცნობილი.
საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია კორონავირუსზე.
28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.
აჭარაში კომპანიონი ცხოველების ცოფზე უფასოდ აცრა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე:
ბათუმი – გოგებაშვილის 46 ა – რეგიონული სამმართველოს ოფისი
ხულო – სტალინის ქ. №2
შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1
ქედა – 26 მაისის ქ.№ 2
ხელვაჩაური – მაჭახლის №23
ქობულეთი – აღმაშენებლის №44
ცოფზე უფასო აცრის აქცია მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდება.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის 2021 წლის მთავარი გზავნილია – „ცოფი: ფაქტები შიშის ნაცვლად“.
ესპანეთის კუნძულ პალმაზე ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა ატლანტის ოკეანეს უახლოვდება, რამაც, შესაძლოა, აფეთქება და კუნძულზე ტოქსიკური აირის ღრუბლების გავრცელება გამოიწვიოს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა დარჩნენ სახლში და დახურონ კარ-ფანჯრები.
ვულკანის ამოფრქვევა კუნძულზე 19 სექტემბერს დაიწყო. კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ასობით მცირე მიწისძვრა. კუნძულიდან მოხდა 6 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუაცია.
სპეციალისტების თქმით, ვულკანის ამოფრქვევის პროცესი შესაძლოა ერთიდან სამ თვემდე გაგრძელდეს.
26 სექტემბერი, ლა პალმა. EPA-EFE/MIGUEL CALEROწყარო: twitterწყარო: twitterწყარო: twitterწყარო: twitter27 სექტემბერი. EPA-EFE/ANGEL MEDINA
ბიზნესს წარმატებისთვის მხოლოდ ინოვაციური იდეა არ ჰყოფნის — გამოწვევებით სავსე გზაზე, მას მხარდაჭერა, აღიარება და დაფასებაც სჭირდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბიზნესსოციუმის ყველაზე დიდი ღონისძიება — ბიზნესდაჯილდოება, რომელსაც თიბისი უკვე მეექვსე წელია მართავს.
წელს, ისევე როგორც გასულ ღონისძიებებზე, ბიზნესდაჯილდოება საზოგადოების წინაშე სიახლით წარსდგება და მცირე და საშუალო ბიზნესებს დააჯილდოებს ორ ახალ ნომინაციაში: „რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა“ და „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის.“
ჩვენ მოგითხრობთ, რას გულისხმობს ნომინაცია „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის“, გაგაცნობთ ჟიურის წევრებსა და მათ მოსაზრებებს ბიზნესდაჯილდოების შესახებ.
გიორგი ისაკაძე — Forbes საქართველო, მთავარი რედაქტორი
გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ღონისძიებას, რომელიც ბიზნესსამყაროში სიახლეებს წარმოაჩენს და მონაწილეების ენთუზიაზმს განაპირობებს, შემფასებლებსა თუ საზოგადოებაში, მუდმივი არსებობა უწერია.
„მიმაჩნია, რომ ღონისძიების თვითმყოფადობაზე, საკითხის მიმართ არსებული მუდმივი ინტერესი მიანიშნებს — ინტერესი, პირველ რიგში, მონაწილეების მხრიდან და შემდეგ — მთლიანად საზოგადოებისგან. ბიზნესდაჯილდოების უნიკალურობაა, რომ ამოუწურავია მონაწილეობის მსურველთა ენთუზიაზმი. ფაქტი, რომ ადამიანები ბიზნესდაჯილდოებას ელოდებიან, ნიშნავს, რომ ღონისძიება შედგა”, — ამბობს გიორგი და დასძენს, რომ პროექტი აყალიბებს საქმიან საზოგადოებას, რომელიც დაინტერესებულია სიახლეებით.
გიორგის თქმით, ახალ ნომინაციაში ჟიური ელის ბიზნესებს, რომლებმაც თანამშრომლობით ერთმანეთს და საზოგადოებას სარგებელი მოუტანეს. იგი ბიზნესებს ურჩევს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რადგან მათი ცნობადობა ამაღლდება, გაიცნობენ სხვა მეწარმეებს და დაამყარებენ კავშირებს.
„ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, პიროვნულ და საქმიან ურთიერთობებში, რეპუტაციულად დონეს ამაღლებს. ბიზნესდაჯილდოებაში ჩართულია ბევრი მედია და გარდა ცნობადობისა, გაძლევთ ისეთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქავეყანაში ბიზნესის წარმოება შეუძლებელია. ამიტომაც, ყველას ვთხოვ, რაც შეიძლება მეტი გაბედული იდეითა და მწყობრი პროექტით შეავსონ განაცხადი და ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა”.
ანი კვარაცხელია — ექსპორტის განვითარების ასოციაცია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
„ბიზნესდაჯილდოება ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ბიზნესებს ასე მასშტაბურად უწყობს ხელს განვითარებაში. Რაც მთავარია, კონკურსი არ არის ორიენტირებული ბიზნესის მხოლოდ ერთ რომელიმე მიმართულებაზე — იგი აერთიანებს სხვადასხვა სექტორს, არის მრავლისმომცველი და მასშტაბური”, — ამბობს ანი კვარაცხელია.
ანიც, გიორგის მსგავსად, აღნიშნავს, რომ ღონისძიების დახმარებით ბიზნესს საშუალება ეძლევა საზოგადოებას საკუთარი თავი წარუდგინოს, ეხმარება მათ კავშირების დამყარებასა და თავიანთ საუკეთესო თუ ნაკლოვან მხარეებს უჩვენებს.
„ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ვისურვებდი დიდხანს იარსებოს, გაფართოვდეს და კიდევ უფრო მეტი ბიზნესის შესახებ გააგებინოს საზოგადოებას”, — ამბობს ანი.
იგი მიიჩნევს, რომ ნომინაციაში – „საუკეთესო თანამშრომლობისთვის” – გასამარჯვებლად ბიზნესებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ — მათ უნდა აჩვენონ პარტნიორობის მასშტაბი, შედეგები და მისი გავლენა ერთმანეთსა თუ საზოგადოებაზე.
ანი მცირე და საშუალო ბიზნესებს ასეთ რჩევას აძლევს: „გქონდეს საკუთარი ბიზნესი დიდი გამოწვევაა, რომელიც ყოველდღიურად ითხოვს ძალიან დიდ კონცენტრაციასა და ენერგიას. თუმცა, ამ გზაზე გახსოვდეთ, რომ თქვენ ცვლით სამყაროს უკეთესობისკენ.”
ივანე ლექვთაძე — EFSE, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი
ივანეს აზრით, ბიზნესდაჯილდოება სამეწარმეო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს, ემსახურება მეწარმეებისა და ბიზნესების ცნობიერების ამაღლებას და რაც მთავარია, აღიარებს მათ წვლილს ბიზნეს საქმიანობაში.
„ჩვენი ფონდი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია. ვფიქრობ, თიბისისთან ერთად კარგ საქმეს ვემსახურებით და ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესისა და სამეწარმეო კულტურის განვითარებას”, — ამბობს ივანე.
ბიზნესდაჯილდოების უპირატესობებზე საუბრისას, ივანე აღნიშნავს, რომ ღონისძიება უკეთესად წარმოაჩენს როგორც ახალბედა სტარტაპებს, ისე მრავალი წლის გამოცდილების მქონე დიდს ბიზნესებს. „ყოველ წელს ასობით აპლიკაცია შემოდის. დაინტერესებულია ყველა ტიპის ბიზნესი. ჩვენ კი გადაწყვეტილებას მათი ზომის ან პროფილის მიხედვით კი არა, კონკრეტულ ნომინაციებთან აპლიკაციების შესაბამისობით ვიღებთ. ამიტომაც, ისეთ კომპანიებსაც მოუპოვებიათ გამარჯვება, რომლებიც 20 წელია ბაზარზე არიან და ასევე, გამარჯვებულებს შორის ყოფილან ახალი სტარტაპებიც”.
გარდა პრიზებისა, რომელიც, ივანეს თქმით ნამდვილად სასარგებლო და ხელშესახებია, ბიზნესდაჯილდოების დახამარებით კომპანიები იღებენ მთავარს — იმკვიდრებენ ადგილს სამეწარმეო და ბიზნესეკოსისტემაში.
მცირე ბიზნესებს კი ივანე ურჩევს: „ეცადეთ, ბიზნესიდეა იყოს ექსკლუზიური, რადგან თანამედროვე სამყაროში, სადაც გარემო დინამიურად ვითარდება, მნიშვნელოვანია გამოირჩეოდე სხვებისაგან. რაც მთავარია, კონცენტრირებული უნდა იყო ციფრულ მიმართულებებზე, თანამედროვე მიდგომები ავტომატიზაციასა და ტრადიციებს უნდა შეუხამო.”
აკო ახალაია — მარკეტერის დამფუძნებელი, სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი
აკო ახალაია უკვე წლებია ბიზნეს დაჯილდოების ჟიურის წევრია და ფიქრობს, რომ ღონისძიება ძალიან კარგი საშუალებაა ქვეყანაში მოქმედი ბიზნესებისთვის გადაიაზრონ, თუ რას როგორ აკეთებენ, ასევე, მონაწილეებმა გაზარდონ ცნობადობა თავიანთი საქმიანობის შესახებ.
„ვაკვირდები, როგორ სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება ღონისძიება. ვფიქრობ, ბიზნესდაჯილდოებამ შეძლო და მრავალი ბიზნესის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა მიუხედავად იმისა, მათ გაიმარჯვეს, თუ – არა”.
ახალ და საინტერესო ნომინაციაში აკო ისეთ ბიზნესებს ელოდება, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობით უნიკალური ღირებულებები შექმნეს.
„ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ, ამიტომ საჭიროა კარგი პარტნიორის მოძებნა, შერჩევა და თანამშრომლობა. ჩვენ ბიზნესების სწორედ ისეთ ისტორიებსა და მაგალითებს ვეძებთ, რომლებმაც ერთმანეთი გაზარდეს, ურთიერთობებით გაამდიდრეს, ცოდნა გაცვალეს, სინერგიით რაღაც ახალ მწვერვალზე ავიდნენ და ა.შ. თუნდაც ის, რომ ასეთი ნომინაცია არსებობს, ვფიქრობ, ბევრს დააფიქრებს და მომდევნო წლებში თანამშრომლობის უფრო მეტ მაგალითს ვიხილავთ.”
აკოს რჩევა ახალბედა ბიზნესებისთვის შემდეგია: „წელს მარკეტერის მთავარი მესიჯია – „ცადე“. გვსურს ადამიანებს, ორგანიზაციებს სხვადასხვა პროექტითა და შესაძლებლობით გამბედაობისა და მცდელობებისკენ მოვუწოდოთ. მართალია, ბიზნესდაჯილდოებას ჩვენ არ ვაორგანიზებთ, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ „სცადოს და ნუ იქნება ისევ ისეთი“. როგორც ჩვენი მეგობარი, ბესიკ ხარანაული ამბობს, არცერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვას, ამიტომ ახალბედა ბიზნესებს მეტ გამბედაობას ვუსურვებ და რაც მთავარია, დიდ წარმატებებს.”
____
ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან. ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.
სამოქალაქო პლატფორმა “სალამმა” დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა. საქართველოს 25 ათასი მოქალაქე ითხოვს, აზერბაიჯანულ და სხვა ეთნიკური წარმომავლობის გვარებს ჩამოშორდეს რუსული სუფიქსები, როგორიცაა -ოვ(ა), -ევ(ა).
პლატფორმა “სალამის” წევრები გვარის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს 45 დღის განმავლობაში აგროვებდნენ მცხეთაში, დმანისში, კახეთში, გარდაბანში, რუსთავში, თბილისსა და სხვა რეგიონებში.
საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ხელმოწერები შეაგროვა, საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მიერაა შექმნილი. მათი მიზანი საკუთარი, თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენა და არაავთენტური სუფიქსების ჩამოშორებაა. თუმცა ამას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, კერძოდ ცვლილება უნდა შევიდეს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი 2021 წლის 2 აგვისტოს დაუჭირა.
კამპანია#გვარიდამიბრუნე 2 აგვისტოს დაიწყო.
პლატფორმა “სალამის” წევრები საქართველოს პარლამენტში ხელმოწერების შეტანისას 27 სექტემბერი, 2021 ფოტო: სალამი
დღეს, 27 სექტემბერს, დილით, ხულოში მოსახლეობამ ხულო – ზარზმის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.
საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. პოლიციისა და ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის, ნადიმ ვასაძის მისვლის შემდეგ მოსახლეობამ გზა გახსნა.
პროტესტის მიზეზი ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დროს ერთ-ერთი მოსახლის სახლის დაზიანებაა.
„ბათუმელების” ინფორმაციით გზის მშენებლობისას ერთ მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა და ადგილობრივი მოსახლეების საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
“ბათუმელები” დაუკავშირდა ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ნადიმ ვასაძეს. ვასაძის თქმით, ის “ახლა მოსახლეობას ხვდება და კითხვებს მერე უპასუხებს”.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საავტომობილო გზა გახსნილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 6 – 11 გრადუსი
ღამით: 1 – 6 გრადუსი
დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 29-30 სექტემბერს, ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
27 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13277 კვლევა ტესტით.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში 27 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარაში – 48, იმერეთში – 123, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში – 19, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 58, კახეთში – 101, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
სავარაუდო სუსის ფაილებში, უფრო კონკრეტულად კი სუსის ჩათში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი 116-ჯერ არის ნახსენები. დიმიტრი შიოლაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით სუსის ფაილებში წერია, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ გადააფიქრებინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა გასული წლის 6 სექტემბერს პატრიარქ ილია მეორეს გადადგომა და იმაზეც, მისმა მძღოლმა ეპისკოპოსის შვილიშვილები თურქეთში რომ გადაიყვანა მამასთან შესახვედრად.
სავარაუდო სუსის ფაილებში რამდენიმე ეპიზოდი უკავშირდება „1937 წელს საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებული ადამიანების იდენტიფიკაციისთვის ხარჯების გაღებას“.
ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, „ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ვინაიდან, მისი თქმით, ეს უკანასკნელნი უარს აცხადებენ 1937 წელს საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებული ადამიანების იდენტიფიკაციისთვის ხარჯების გაღებაზე. მიტროპოლიტის თქმით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ფინანსების გამოყოფაზე, საჯაროდ განუცხადებს საზოგადოებას, რომ სახელმწიფო უარს აცხადებს გარდაცვლილთა იდენტიფიკაციის საქმეში ეკლესიის მხარდაჭერაზე. დ.შიოლაშვილი ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დირექტორ ჯემალ პაქსაძეს და აცნობა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგეგმება გარდაცვლილების ქრისტიანული წესით დაკრძალვა არის სიცრუე, რის გამოც სთხოვა მომდევნო კვირას ე.წ მუფტთან შეხვედრის ორგანიზება, რაზეც ჯ.პაქსაძემ განაცხადა თანხმობა“.
ამავე ფაილების მიხედვით, მიტროპოლიტი დიმიტრი თბილისში „რეპრესირებულთა ნეშტების დაკრძალვის საკითხზე შეხვედრას გეგმავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთ ბეგლარ ქამაშიძესთან“.
ამ საკითხზე მომდევნო ჩანაწერების თანახმად, „ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ რეპრესირებულთა ნეშტების დაკრძალვასთან დაკავშირებით მას ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დაჰპირდა დახმარებას. დ.შიოლაშვილის თქმით, მას გარდაცვლილთა ნეშტებზე სამხარაულის ექსპერტიზის ჩასატარებლად უკვე მობილიზებული აქვს 20 000 ლარამდე, რომლის გამოყოფაზეც უარი განაცხადეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობის სამინისტრომ და ხელისუფლებამ. მიტროპოლიტის თქმით, მისთვის ძალიან საწყენია ის ფაქტი, რომ მიცვალებულების ამოსვენება-დასაფლავების საკითხზე განზე დგომას ამჯობინებს შს და თავდაცვის სამინისტროები. რის გამოც მას უწევს ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება“.
კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით, „საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს აცნობა – ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმიცხადეს, რომ რეპრესირებულთა ნეშტების დაკრძალვასთან დაკავშირებით მუსლიმი თემის წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული პირობები. კერძოდ, სურთ, რომ საფლავებისთვის გამოინახოს ნეიტრალური ტერიტორია და დაკრძალვის ცერემონია არ გაიმართოს ბზობის დღესასწაულზე. დ.შიოლაშვილის განცხადებით, იგი მზადაა განახორციელოს ყოველივე ზემოაღნიშნული“.
___
2019 წლის აპრილში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას გადაეცა, აღმოჩენილია 150 – მდე ნეშტი.
სპეციალისტების ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე მინიმუმ ორი სამარხია გასათხრელი.
ნეშტები ამ დროისთვისაც ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარდაფშია დასვენებული. უცნობია, ექსპერტიზამ რა დაადგინა და არც ის, სამომავლოდ რას აპირებს ხელისუფლება ამ ნეშტებთან მიმართებით.
___
რა ხდება?
13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.
ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.
სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.
ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.
ბათუმის მერიამ ბათუმისთვის ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი შეიძინა. ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსები ორი ტიპისაა. კერძოდ, EURO 5 სტანდარტის, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსით ერთდროულად 63 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. ხოლო EURO 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსით – ერთდროულად 53 მგზავრის გადაყვანა.
ბათუმის მერიის ცნობით, ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.
ავტობუსების პრეზენტაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 26 სექტემბერს მოაწყო. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის გარდა დაწყებულია ავტოპარკის განახლება სხვა მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა 4 ახალი ავტობუსი.
ავტობუსების შესაძენად ბიუჯეტიდან 5 521 595 ევრო დაიხარჯა.