რატომ ჩნდება მეჭეჭი და გადამდებია თუ არა – ექიმის რჩევები

მეჭეჭი ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, თუმცა იმის გამო, რომ იგი სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევა, მის სამკურნალოდ ყოველთვის ექიმს არ მიმართავენ და ხშირად მის გაჩენას სხვადასხვა მითსაც კი უკავშირებენ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატო-ვენეროლოგი ნატალია შავდია ამბობს, რომ მეჭეჭი ვირუსული დაავადებაა და მას ახასიათებს გადადება, გავრცელება როგორც სხვის, ისე საკუთარ სხეულზე. 

  • ქალბატონო ნატალია, რა ვირუსი იწვევს მეჭეჭს?

მეჭეჭი ვირუსული დაავადება, იგი გადის ვირუსულ-დერმატოზებში და მისი გამომწვევია ადამიანის პაპილომავირუსი (HPV). ადამიანის პაპილომა ვირუსი არსებობს რამდენიმე სახის.

ზოგადად, საზოგადოებას ალბათ სმენია, რომ პაპილომავირუსი საკმაოდ საშიშია, მაგრამ უნდა განვმარტო, რომ პაპილომავირუსის ის ფორმა, რომელიც ონკოგენურ პაპილომებს იწვევს ქალებში, განსხვავდება პაპილომავირუსის იმ ფორმისგან, რომელიც იწვევს მეჭეჭებს. ეს სხვადასხვა სახის პაპილომავირუსებია.

  • მეჭეჭი გადამდებია?

დიახ, მეჭეჭები ძირითადად დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის გზით და საყოფაცხოვრებო ნივთებით გადადის. ოღონდ ეს ხდება მაშინ, როცა კანის მთლიანობა დარღვეულია, ანუ კანზე არის რაიმე ნაკაწრი, ან ატოპიური დერმატიტის მოვლენები. ეს არის ხელშემწყობი ფაქტორები, რომ გაჩნდეს მეჭეჭები.

  • როგორ ამოვიცნოთ მეჭეჭი?

მეჭეჭის 4 სახეობა არსებობს: არის უბრალო მეჭეჭები, ბრტყელი, იგივე ახალგაზრდული მეჭეჭები, მახვილკიდეებიანი და ტერფის მეჭეჭები.

უბრალო მეჭეჭები შესაძლოა გაჩნდნენ ნებისმიერ ადგილას – სახეზე, ხელებზე… ძირითადად, ეს არის ხელის მიდამო, შეიძლება ტუჩებზეც იყოს და ძალიან იშვიათად – პირის ლორწოვან გარსზეც. ვიზუალურად ეს არის წარმონაქმნი, რომელიც დიამეტრში შესაძლოა იყოს 1 სანტიმეტრი, იგი წამოწეულია კანის დონიდან, ფერი აქვს მორუხო ან  ხორცისფერი. არის მკვრივი. 

მეჭეჭებს აქვთ მიდრეკილება შერწყმისკენ. შეიძლება გაიზარდოს ზომაში, ან თუ რამდენიმე ახლოს მდებარეობს ერთმანეთთან, შეიძლება წარმოიქმნას დიდი ბალთა.

ბრტყელი მეჭეჭები ძირითადად გვხვდება ბავშვებში. იგი დიამეტრით სადღაც 3 მილიმეტრამდეა და კანის დონიდან სულ ოდნავ არის წამოწეული. აქვს კანის ფერი, ნორმალური კანისგან შეიძლება არც განსხვავდებოდეს.  ძალიან ხშირად ლოკალიზდება სახეზე. პაციენტები ძირითადად არ უჩივიან წვას ან ტკივილს, თუმცა ბრტყელ მეჭეჭებს ზოგჯერ ახასიათებთ უმნიშვნელო ქავილი. 

ტერფის მეჭეჭები ძირითადად მოზრდილებში გვხვდება, მათ ახასიათებთ ტკივილის შეგრძნება. მაგალითად, ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს არის კოჟრი, მაგრამ მისგან განსხვავებით ამ ტიპის მეჭეჭს ძალიან ძლიერი ტკივილის შეგრძნება ახასიათებს, რომელიც, რაღაც მომენტში, სიარულის დროს, ზეწოლის შედეგად ვითარდება. ტერფის მეჭეჭი არის მკვრივი, შეიძლება ირგვლივ ჰქონდეს რქოვანა რგოლი. დერმატოლოგი მარტივად მიხვდება, რომ მეჭეჭია, მას აქვს განსხვავებული, არასწორი ზედაპირი. 

კანდილომები, მახვილწვეტიანი მეჭეჭები წარმოადგენენ ცომისებრი კონსისტენციის წარმონაქმნებს. იგი ფორმით ჰგავს ყვავილოვან კომბოსტოს. სხვა მეჭეჭებისგან განსხვავებით, იგი განლაგებულია წვრილ ფეხზე და აქვს უფრო მოვარდისფრო ფერი. უმეტესად ლოკალიზებულია ბუნებრივ ნაოჭებში და მუდმივი ტრავმატიზაციის შედეგად ფერს იცვლის, შესაძლოა გახდეს წითელი ფერის. გაღიზიანების შედეგად შესაძლოა ჰქონდეს გამონაჟონი სითხის სახით. კანდილომებსაც აქვთ მიდრეკილება ზრდისკენ და შერწყმისაკენ.

  • როგორ მკურნალობენ მეჭეჭს?

 არსებობს მეჭეჭის მოშორების რამდენიმე მეთოდი, მათ შორის ქირურგიული, როცა ელექტროდანით ხდება წარმონაქმნის მოშორება, ელექტროკოაგულაცია და კრიოდესტრუქცია – თხევადი აზოტით მოყინვა. თუმცა შესაძლებელია რეციდივი.

მაგალითად, კრიოდესტრუქციის ანუ თხევადი აზოტით მოყინვისას იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა სათანადოდ ღრმად არ მოხდეს მოყინვა.

რეციდივი შესაძლოა განვითარდეს სხვა ადგილებშიც. მაგალითად, თუ დროის რაღაც შუალედებში კიდევ ჰქონდა ამ პაციენტს შეხება დაავადებულთან, შესაძლოა კვლავ გადაედოს, რადგან ამ დროს იმუნიტეტი არ ვითარდება, როგორც სხვა დაავადებების დროს.

თუ არის მეჭეჭი დიდი რაოდენობით და ინტენსივობით, მაშინ შესაძლოა იმუნოთერაპიაც დაინიშნოს.

ქირურგიული მეთოდისას შესაძლოა დარჩეს კანის დეფექტი. თუ პაციენტს აქვს მიდრეკილება ნაწიბურებისკენ, შესაძლოა ამ ადგილას შეიცვალოს კანის ფერი ან ჩალაგდეს  შემაერთებელი ქსოვილი. როცა გამოვიყენებთ თხევად აზოტს, არანაირი დეფექტი კანზე არ რჩება. ერთადერთი, რაც ვითარდება, არის ჰიპოპიგმენტაცია, ანუ ღია ფერი ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში გადადის და ამ ადგილს ჩვეულებრივი კანის ფერი უბრუნდება.

  • რამდენად საშიშია მეჭეჭის თვითნებური მკურნალობა?

ძალიან ხშირად მკურნალობისას ხალხურ მეთოდებსაც იყენებენ, მაგრამ მერე მაინც მოდიან ჩვენთან. თუ შეამჩნიეთ, რომ სხეულზე არის მეჭეჭი, საჭიროა მისი მოშორება, რადგან მეჭეჭებს აქვთ მიდრეკილება დაბანისას ღრუბლის გამოყენებით გამრავლდეს, რადგან ვირუსულია და გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე, ანუ დაავადება ვრცელდება და არ უნდა ველოდოთ იმას, რომ  თავისით მორჩება.

როცა პაციენტი ხედავს, რომ კანზე აქვს რაღაც წამონაზარდი, არ არის თვითმკურნალობა მიზანშეწონილი. ასეთ დროს ყოველთვის სჯობს მიმართოთ სპეციალისტს დიაგნოსტიკისთვის.

მეჭეჭები ზოგჯერ ჰგავს სიმსივნურ დაავადებას, ამიტომაცაა აუცილებელი დიაგნოსტიკა. რიგ შემთხვევაში, თუ საჭიროა, ჰისტოლოგიური კვლევაც უნდა ჩატარდეს.

რამდენიმე რჩევა მეჭეჭის არსებობისას
  • მოერიდეთ მეჭეჭთან უშუალო კონტაქტს. მათ შორის თქვენს მეჭეჭებთანაც.
  • არ შეეცადოთ მათ ხელით მოშორებას, ამან შეიძლება უფრო გაავრცელოს ვირუსი.
  • არ შეახოთ მეჭეჭს ის ქლიბი, მაკრატელი და სხვა ხელსაწყოები, რითაც ჯანსაღ კანსა და ფრჩხილზე მუშაობთ.
  • მოერიდეთ ე.წ. „ფრჩხილების ჭამას“. მეჭეჭები უფრო ხშირად ჩნდება დაზიანებულ კანზე. ფრჩხილების ირგვლივ კანის დაზიანება ვირუსებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

როგორ სწავლობენ ბავშვები სოფელში, სადაც ტელეფონის სიხშირეც კი არ არის

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაღვარევი ზღვის დონიდან 1347 მეტრზე მდებარეობს. ამ დროისთვის სოფელში დაახლოებით 170 ადამიანი ცხოვრობს. საჯარო სკოლაში 23 ბავშვი სწავლობს. წელს ამ სოფელში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და სკოლას თავისუფლად შეეძლო სწავლა სასკოლო გარემოში განეახლებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ნაღვარევის სკოლის მოსწავლეების თქმით, მათ სოფელში ტელეფონის სიხშირე ძალიან ხშირად სუსტია და მასწავლებლებთან არათუ ინტერნეტით, არამედ სატელეფონო კავშირიც კი ჭირს. „ბათუმელები“ გოგოებთან სატელეფონო კავშირის დამყარებას ორი დღის განმავლობაში ცდილობდა. მათი ტელეფონები ძირითადად მიუწვდომელი იყო და მხოლოდ პერიოდულად ირთვებოდა.

ნანო ბერიძე ამ სოფლის მცხოვრებია, ის მეთერთმეტე კლასში სწავლობს და როგორც გვეუბნება, რადგან სოფელი მაღალმთიანია, ჭირს როგორც ინტერნეტი, ისე სატელეფონო კავშირი. „ინტერნეტი ფაქტობრივად არ გვაქვს“, – გვეუბნება ნანო.

„ტელეფონზე გვირეკავს მასწავლებელი და ასე გავდივართ გაკვეთილებს. ძალიან არაკომფორტულია, რადგან ტელეფონის სიხშირეც წყდება ხშირად – ხმა არ ისმის. არც დავალებების გადაგზავნა ხერხდება მასწავლებელთან. უბრალოდ ტელეფონში ვეუბნებით, როგორ გავაკეთეთ დავალება და ვუკითხავთ რა გავაკეთეთ.

კლასში ორი ბავშვი ვართ. ინგლისური კიდევ შეიძლება გაიგო, მაგრამ მათემატიკა ძალიან რთულია ტელეფონით ისწავლო. ცდილობს მასწავლებელი, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია ყველაფერი სწორად გაიგო. დიდები რაღაცას ვახერხებთ, მაგრამ პატარა ბავშვებმა ტელეფონით როგორ უნდა ისწავლონ, ვერ წარმომიდგენია.

შესაბამისად, ამ სოფელში ბავშვები ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ სარგებლობენ 10-ლარიანი შეღავათიანი ინტერნეტით, – ტელეფონის სიხშირე ან არ არის, ან ძალიან ცუდია. ნანოს თქმით, ამის გამო 3-4 მოსწავლე თითქმის ყოველ დილით სოფლის ცენტრში გამოდის, რომ როგორმე სიხშირე დაიჭირონ, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებენ.

თითოეულ კლასში, ძირითადად, ორი მოსწავლეა, ზოგან – ერთი. მოსწავლეების თქმით, დისტანციის დაცვა პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა მათ მაინც ტელეფონით უწევთ გაკვეთილების მოსმენა.

ნანო ამბობს, რომ სოფელში ტრანსპორტის პრობლემაცაა, ამიტომ თუ მოსწავლემ რეპეტიტორთან მეცადინეობა გადაწყვიტა, სოფლიდან დროებით მაინც უნდა გადასახლდეს.

„დილით რომ გაყვე „მარშრუტკას“ ბათუმში და საღამოს დაბრუნდე სახლში, ამის საშუალება არ არის. სოფელში მხოლოდ სამი საათისთვის ამოდის „მარშრუტკა“ და უკან მხოლოდ მეორე დღეს ბრუნდება. ამიტომ, თუ ნაშუადღევს გაყვები, სადმე უნდა დარჩე. ეს, ბუნებრივია, პრობლემაა. ან მეზობელ სოფელში, ინწკირვეთში უნდა გახვიდე, რომ ტრანსპორტით იმგზავრო“, – ამბობს ნანო.

ნაღვარევში ცხოვრობს ხატია ქათამაძეც, ის მეთორმეტეკლასელია, შესაბამისად, აბიტურიენტია. ნანოს მსგავსად მასაც გაკვეთილების მოსმენა ტელეფონით უწევს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სიხშირე არის. თუმცა არის შემთხვევები, როცა გაკვეთილები ვერც ტელეფონით ტარდება, რადგან დარეკვაც შეუძლებელია.

„ინტერნეტი იჭერს ძალიან ცუდად, გაკვეთილზე ვერ ვახერხებთ ონლაინ დასწრებას.  მასწავლებლები გვირეკავენ ტელეფონზე, რაც სწავლების ხარისხსაც უშლის ხელს. ხშირად მობილურის სიხშირეც არ არის, ძალიან რთულად იჭერს ტელეფონი. ცუდ ამინდშიც ძნელად იჭერს და ზოგადად, ცუდი კავშირია მთელ სოფელში. აქედან გამომდინარე, ხშირად ვერც ტელეფონით გვიტარდება გაკვეთილი. მეორე დღეს ორმაგი დატვირთვით გვიწევს მუშაობა, თუ სიხშირე იქნა. მეთორმეტეში ოთხი მოსწავლე ვართ სულ.

კერძო მასწავლებლებთან ჯერჯერობით არ დავდივართ, მაგრამ ოთხივე ვაპირებთ. ალბათ მეორე სემესტრიდან ვივლით“, – ამბობს ხატია.

მათი ოჯახებისთვის ეს მძიმე ტვირთი იქნება, რადგან რეპეტიტორის ანაზღაურების გარდა მგზავრობის ხარჯებიც უნდა გაითვალისწინონ – ბათუმამდე და უკან მგზავრობა 16 ლარი ღირს.

იმის გამო, რომ სოფელში ინტერნეტის პრობლემაა, შარშან ექვსი თვით სოფლის მიტოვება მოუხდა დიანა ბერიძეს. „ქობულეთში ნათესავთან დავრჩი, რადგან სოფლიდან ყოველდღე ვერ ვახერხებდი რეპეტიტორთან სიარულს.

თითქმის მთელი წელი დისტანციურზე ვიყავით, ვიდეოჩართვები არ გვქონდა, ვერც დავალებები მოწმდებოდა სათანადოდ. ამიტომ მომიხდა რეპეტიტორთან მომზადება. ჩავაბარე და წელს უკვე სტუდენტი ვარ“, – გვეუბნება დიანა.

განათლების სამინისტრომ სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცენტრალიზებულად მიიღო და არა ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამის გამო სამინისტროს მიმართ გაჩნდა კრიტიკა მშობლების მხრიდან. მხოლოდ ამის შემდეგ თქვა მინისტრმა, რომ სწავლას სასკოლო გარემოში 4 ოქტომბერს განაახლებენ, ოღონდ მხოლოდ პირველკლასელებისთვის, უფროსკლასელები კი მხოლოდ იმ სოფლებსა და რეგიონებში შეძლებენ სკოლაში სიარულს, სადაც კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებლი 4%-ზე დაბალია.

რიჟვაძის დაანონსებული კუნძული თამარის დასახლების გასწვრივ განიხილება

ბათუმში, ზღვაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა, თუმცა მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად ვინ და სად გეგმავს ხელოვნური კუნძულის მოწყობას.

ცოტა ხნის წინ „ფეისბუქში“ გავრცელდა ბათუმში მოაზრებული ხელოვნური კუნძულის სავარაუდო რენდერები, რამდენიმე წუთის წინ კი იგივე ფოტოები აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა, ჯაბა სურმანიძემ გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წარწერით – „როგორი იქნება ხელოვნური კუნძული ბათუმში (პირველადი ვერსია)“.

ამ ფოტოების მიხედვით ხელოვნური კუნძულის მოწყობა ბათუმში, თამარის დასახლებაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებულ სანაპიროზე განიხილება.

ამავე ტერიტორიაზე 131 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენს აშენებენ, პროექტი ზღვაზე გადასახედი ხიდის მოწყობასაც ითვალისწინებს. მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, რომ ხელოვნური კუნძულის პროექტის თაობაზე მათ არაფერი იციან.

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

 

 

„ყველა საბავშვო ბაღი კერძო უნდა გახდეს“ – „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში

მერიისთვის სხვადასხვა ფუნქციის ჩამოცილებასთან ერთად, „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში – გიორგი ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღებიც კერძო უნდა იყოს და ეს მერიის საქმე არ არის. „უნდა ავხსნათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრებას შევეშვათ,“ – გვითხრა მერობის კანდიდატმა.

გიორგი ფუტკარაძე საჯარო პოლიტიკით და კონკრეტულად „გირჩით“ პანდემიის დაწყების დროს დაინტერესდა, როცა მორიგი კოვიდრეგულაციების დროს მისი ფიტნესკლუბიც დახურეს. გიორგი ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ „გირჩის“ ხედვებმა განაპირობა მისი პოლიტიკურად გააქტიურება, მაგალითად, პანდემიის დროს ამ მიდგომამ: სახელმწიფოს საქმე არ არის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

„ბათუმელებმა“ გიორგი ფუტკარაძესთან, „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გიორგი, ფეისბუქში დაპოსტეთ, რომ მერი არჩევნებამდე კარდაკარ არ უნდა დადიოდეს, წინასაარჩევნო პროგრამაც არ გაქვთ. როგორ გაიგონ ბათუმელებმა რა გსურთ? 

ჩემი აზრით, მთავარია, შენი იდეები და ხედვები გაუზიარო ადამიანებს, როგორ ხედავ მერიის ფუნქციას და როლს, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობის როლი. წინასაარჩევნო პროგრამაში იმის ჩაწერა, კონკრეტულად რამდენ გზას დააგებ, ტროტუარს და მერე ტროტუარზე რამდენ განათებას დადგამ, ეს არაა სწორი ამბავი. ეს ისედაც არის მერიის ფუნქცია, რომ მოუაროს საჯარო ინფრასტრუქტურას, ზოგადად საჯარო სივრცეებს. სხვა დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხია.

  • გვითხარით, რაზე უნდა ზრუნავდეს მერი? სახელმწიფოს საქმე არაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაო ამბობდით გასულ წელს, როცა „გირჩის“ ლიდერებთან ერთად გააპროტესტეთ კოვიდრეგულაციები. 

მერის ფუნქცია და როლი მდგომარეობს იმაში, რომ მოუაროს ჩვენს საერთო საკუთრებას. ეს იქნება სკვერები, სარეკრეაციო სივრცეები, ტროტუარები და ასე შემდეგ. საჯარო სივრცეების მოვლა-პატრონობაა მერიის ფუნქცია და ესეც უნდა იყოს დეცენტრალიზებული: ცალკეული უბნის დონეზე უნდა ხდებოდეს ეფექტური მართვა და გადაწყვეტილების მიღება, რა არის მათთვის პრიორიტეტი – კანალიზაციის სისტემა, სანიაღვრე, გარეგანათება თუ სხვა პრობლემის მოგვარება.

რეალურად მოქალაქეებმა იმაზე მეტი ფუნქცია და როლი დავაკისრეთ მთავრობას, ვიდრე მას შინაარსით აქვს. ის, რაც მთავრობის საქმე არ არის, შესაძლოა კერძო სექტორმა, ბაზარმა უკეთ მართოს. ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხოთ კერძო მესაკუთრეებისგან მთავრობის დისტანცირება.

  • თქვენ მიგაჩნიათ, რომ მთავარია მესაკუთრეებს შორის თანხმობა და არ გვჭირდება რეგულაციები მშენებლობებზე, განაშენიანების გეგმები… უფრო ნათელი რომ იყოს თქვენი ხედვა – რა დაიცავს ქალაქს უფრო მეტი ქაოსისგან და უსისტემო მშენებლობებისგან? 

შეცდომა არის სწორედ ის, რომ ჩვენ მთავრობას გადავეცით ფუნქცია, რომლის შემდეგაც რაღაც არის შეზღუდული უმრავლესობისთვის და ამავდროულად არიან ადამიანები, მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენები, ვისთვისაც ეს შეზღუდვები პრაქტიკულად არ მოქმედებს. ეს ბიზნესმენები აკეთებენ იმას, რაც ჩვენ არ მოგვწონს. რეალურად ჩვენ ამ შეზღუდვებით და რეგულაციებით ადამიანებს ვუშლით იმას, რომ მშენებლობის სფეროში შემოვიდნენ მარტივად და დაიწყონ ბიზნესი… ვგულისხმობ ჯანსაღ კონკურენციას იმ ბიზნესთან, რომელიც დღეს არის მთავრობისგან პრივილეგირებული და ბაზარზე აქვს დომინირებული მდგომარეობა.

ამ მოცემულობაში მომხმარებლებს აღარ გვრჩება ძალაუფლება, რომ ბიზნესი ვმართოთ ჩვენი ინტერესების და საჭიროებების შესაბამისად.

  • რა გარანტია გაქვთ, რომ ბიზნესი ანუ ვისაც ფული აქვს, ვერ მოახერხებს მისი ინტერესების გატარებას ისევ მოსახლეობის ხარჯზე. მით უმეტეს, როცა შემზღუდავი აღარაფერი იქნება?  

ასე არ არის, რომ ფული მაქვს და დაგჩაგრავ, რადგან არსებობს რეპუტაციული რისკები, როცა კონკურენცია დიდია და მომხმარებელს აქვს არჩევანის შესაძლებლობა. ალტერნატივა ნიშნავს მრავალფეროვან შეთავაზებას. შესაბამისად, ყველა იძულებულია, რომ მისი კაპიტალდაბანდება მაქსიმალურად მოარგოს მომხმარებლის საჭიროებებს და არა პირად ინტერესებს.

  • რამდენიმე მოთამაშეა ახლაც სამშენებლო ბიზნესში. რატომ ვერ მუშაობს რეპუტაციის პრინციპი?

დღეს შეზღუდვებით, რეგულაციებით და გადასახადებით ახალ ბიზნესებს არ ვაძლევთ გაჩენის, არსებობის შესაძლებლობას. მათთვის რთულია ბაზარზე შემოსვლა, რადგან ეს ბიზნესი, რომელიც სარგებლობს მთავრობის პრივილეგიებით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზოლში, სადაც იყო შეზღუდვები, მათთვის იქ გახდა ბიზნესის კეთება დასაშვები და მოიპოვეს მონოპოლიური მდგომარეობა. სხვა ბიზნესები უკვე ბაზარზე კონკურენციაში შესვლას ვეღარ ახერხებენ. შესაბამისად, ისინი ამ პოზიციით სარგებლობენ, როცა მომხმარებელს არჩევანი ნაკლები აქვს და სთავაზობენ იმას, რაც აქვს მას ამ ეტაპზე.

როდესაც ჩვენ გავაჩენთ ბევრ ალტერნატივას, ისეთი პროდუქტი უნდა შეიქმნას, რომელზეც ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ბაზარი განდევნის.

  • რამდენად რეალურია ამ მოცემულობის შეცვლა, მაგალითად, ძველ ბულვარში, როცა უკანონოდ უკვე აშენდა 17 სართული, სხვა კერძო მესაკუთრეებს რას ეტყვით? 

პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კერძო და საჯარო საკუთრება. როდესაც ვამბობ, რომ კერძო საკუთრების ნაწილში არ უნდა ჩავერიოთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ საჯარო საკუთრების ნაწილში არ უნდა ჰქონდეს კერძო მესაკუთრეს ჩარევის უფლება. პრობლემა ესაა: საიდან გაჩნდა იქ [ძველ ბულვარში] კერძო მესაკუთრე? ვინ გადაწყვიტა საერთო ქონების გასხვისება?

ჩემი მიდგომა ასეთია: თუ რამე არის კერძო და ის არის კანონიერი გზით მოპოვებული, ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება, რომ მათ რაიმე ფორმით ხელი შევუშალოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, კერძო მესაკუთრეს, სადაც არ უნდა იყოს მისი საკუთრება, შევუზღუდოთ რამე, რადგან ამით ჩვენ ვერევით კერძო საკუთრების უფლებაში. ეს არის ცუდი მესიჯი, თუნდაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით… თუ მოქალაქეებს გვინდა, რომ იქ რამე არ აშენდეს, მაშინ უნდა გამოვისყიდოთ ეს ქონება და დავტოვოთ ისევ საჯარო საკუთრებაში.

„ამბასადორის“ შემთხვევაში გამოსარკვევია ყიდვა – გაყიდვის აქტი რამდენად კანონიერი იყო, ხომ არ ჰქონდა კორუფციას ადგილი? მიტინგებით და კერძო მესაკუთრეებისთვის ქვების სროლით არ უნდა ხდებოდეს ეს. ეს უნდა გაარკვიოს სასამართლომ, მაგრამ პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და ნდობა არ გაქვს მოქალაქეებს… მე ვამართლებ, რომ ეს პროტესტი არსებობს, მაგრამ ჩემი მიდგომაა, რომ ეს პროტესტი იყო სამართლიანი და ზუსტი მიმართულებით. უნდა დადგინდეს საერთო საკუთრება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გასხვისდა თუ არა.

  • პლაჟის გრძელვადიანი იჯარით გასხვისებაზე რას ფიქრობთ? 

ამას იმ შემთხვევაში ვემხრობი, თუ იქედან მიღებული თანხა წავა პირდაპირ მოქალაქეების ჯიბეში, შეიქმნება ცალკე ანგარიში, სადაც მსგავსი საჯარო საკუთრების გასხვისებისგან მიღებული შემოსავლები თანაბრად გადაუნაწილდება მოქალაქეებს.

  • ამ მიდგომით მოგიწევთ საბიუჯეტო პროგრამების გაუქმებაც. რას აღარ დააფინანსებდით? 

მთავარი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ მერიას უნდა ჩამოვაცილოთ ფუნქციები, რაშიც მოქალაქეები ტყუილად ვხარჯავთ ფულს. მაგალითად, მერიის საქმე საერთოდ არ არის კულტურა, ხელოვნება, სპორტი, განათლება ან ის, რომ კერძო მესაკუთრეებს განუსაზღვროს მისი კერძო საკუთრება რა ფორმის იქნება. მშენებლობა თუ ზიანს არ აყენებს მეზობელს ან არ ითვისებს საჯარო სივრცეს, დანარჩენი არის მხოლოდ სასამართლოს გასარკვევი.

შესაბამისად, ასეთი ირაციონალური ფუნქციების ჩამოცილებით მივიღებთ ძალიან დიდ ეკონომიას. ჩვენ ქალაქის ბიუჯეტის ნახევარზე მეტს ისეთ რაღაცებში ვახარჯვინებთ მოქალაქეებს, რა სერვისებიც თავისუფალ ბაზარს უფრო ეფექტურად შეუძლია შექმნას.

დანაზოგზე შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ხალხს დავუბრუნოთ იგივე გადასახადების სახით, ანუ ნაკლები წავართვათ, თუ საჯარო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაში უნდა დავხარჯოთ? მე უფრო სწორი მგონია, რომ მოქალაქეებს დავუბრუნოთ და თავად განსაზღვრონ, რის გაკეთება აჯობებს, ვიდრე ის, რომ ბიუჯეტში დავტოვოთ ფული და კორუფციის რისკი გავაჩინოთ.

  • მერი თუ გახდით, რა სამსახურებს დატოვებთ მერიაში? 

მერიას უნდა ჰქონდეს მხოლოდ საჯარო საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ფუნქცია, ასევე ახლის მოწყობა, თუკი ეს საჭიროა, მაგალითად, აუთვისებელი ტერიტორიის ან ახალშემოერთებული ნაწილის. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან და რაც შეიძლება მეტი კერძო ინიციატივა. ჩვენ სახელმწიფო ეტაპობრივად მაქსიმალურად გავიყვანოთ ჩვენი პირადი სივრციდან და დავუტოვოთ ის ფუნქცია, რომ გაუფრთხილდეს ჩვენს საკუთრებას, დაიცვას ჩვენი სიცოცხლის და გამოხატვის უფლება.

  • საბავშვო ბაღებს რას უპირებთ? იცით თუ არა, დამატებით რამდენი ბაღია საჭირო და საიდან მოიძიებთ ამისთვის ფულს? 

ამ შემთხვევაშიც მგონია, რომ ეს ნაწილი მერიის ფუნქცია საერთოდ არ არის და სწრაფად უნდა ვცადოთ ყველა ის საჯარო ინფრასტრუქტურა, რაც გვაქვს საბავშვო ბაღების ნაწილში, ეტაპობრივად გავაკერძოოთ და კერძო ბაღებს გავუჩინოთ ახალი კონკურენტები.

  • ანუ ყველა საბავშვო ბაღი ფასიანი იყოს? 

რომელი ბაღი გვაქვს უფასო? ვინ ფიქრობს, რომ ეს საჯარო ბაღები უფასოა და ამაში ჩვენ ფულს არ ვიხდით?

იმ ხალხს, ვინც კერძოში ატარებს ბავშვს, ვახდევინებთ სხვისი შვილებისთვისაც თანხას. ყველაზე სამართლიანი იქნება ის, რომ ეს ნაწილი, რაც არის საჯარო, კერძო სექტორი გახდეს და ვისაც არ აქვს საშუალება ატაროს ბავშვი, იმათ მივცეთ ვაუჩერი და მოვახდინოთ ეკონომია დანარჩენი ხარჯების. საჯარო ბაღები ეტაპობრივად უნდა გადავიტანოთ კერძო საკუთრებაში. ბევრი კერძო ბაღი ნიშნავს ბევრ ალტერნატივას, მაღალ ხარისხს და ადეკვატურ ფასს. უფასო ბუნებაში არაფერია. უნდა ავხსნათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრებას უნდა შევეშვათ.

  • საინტერესოა თქვენი პოზიცია მეჩეთის მშენებლობაზეც. 

აქაც იგივე პრობლემაა, რომ შევეშვათ საერთოდ რელიგიური ნიშნით დისკირმინაციას. როგორც ვიცი, ეს ადამიანები ამბობენ, რომ იყიდეს კერძო საკუთრება და თავისი ფულით აპირებენ მეჩეთის აშენებას. იგივე პრობლემა შეიძლება იყოს სადღაც ეკლესიის ან სინაგოგის ნაწილში. არანაირი უფლება არ აქვს მერიას მსგავს სიტუაციაში ვინმეს ხელი შეუშალოს. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, მაგალითად, მეზობლებს, ეს უნდა განიხილოს სასამართლომ. თუ ისინი არავითარ ზიანს არ აყენებენ არავის, მაშინ უნდა ააშენონ ის, რაც მიაჩნიათ, რომ სჭირდებათ.

  • თქვენი აზრით, ღირსების მარში უნდა გაიმართოს თუ არა ბათუმში? 

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის გამოხატვის უფლება, როგორც ეს მას წარმოუდგენია. მთავარია, რომ სხვას არ მიაყენოს ზიანი. ვიღაცას ვიღაცის გამონათქვამიც შესაძლოა არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის მრავალფეროვნება, რომ შევძლოთ სხვადასხვა შეგნების, კულტურული, რელიგიური თუ ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანებმა ჰარმონიული თანაცხოვრება ისე, რომ ჩვენს ჩარჩოებში ჩავეტიოთ, ჩვენს საკუთრებაში მოვიქცეთ ისე, როგორც წარმოგვიდგენია და საჯარო სივრცეები თანაბრად გამოვიყენოთ, რადგან ის ყველასია.

კობახიძის თქმით, გახარიამ კოკაინის მოხმარება „ოცნების“ დატოვების შემდეგ დაიწყო

„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გიორგი გახარია კოკაინის მომხმარებელი მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნება“ დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.

„ეს პრობლემა მას არ ჰქონია მაშინ [როცა პრემიერ-მინიტრი იყო], ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი – ხარი ხართან დააბი და ასე შემდეგ.

როდესაც ის თავისი საქმიანობით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა. კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება.

ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას,“ – თქვა კობახიძემ დღეს, 20 სექტემბერს, ჟურნალისტებთან.

კობახიძე უკვე რამდენიმე დღეა საუბრობს იმაზე, რომ გახარია კოკაინის მომხმარებელია და არ სჯერა იმ ანალიზის შედეგების, რომელიც გახარიამ გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან გასულ შაბათს ჟურნალისტების კითხვას, რომელიც კობახიძის განცხადებას ეხებოდა კოკაინის მოხმარებაზე, არ უპასუხა.

„არ მაინტერესებს ეგ ბიჭი,“ – თქვა გახარიამ.

ამავე თემაზე: 

ზრუნვა დასჯის ნაცვლად – რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში

 

„ოცნებამ“ მომიძულა – გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში

ჯუმბერ ბერიძე პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. ის 2015 წელს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეც კი იყო. ამბობს, რომ „ოცნების“ ერთგული იყო ბოლომდე, თუმცა არ დაუფასეს. რას აპირებს მერობის შემთხვევაში და როგორია მისი საარჩევნო გეგმები – ამ თემაზე ის „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ბატონო ჯუმბერ, როგორც ვიცით, 2015 წელს თქვენ იყავით საკრებულოს თავმჯდომარე, რას საქმიანობდით ამის შემდეგ?

არაფერს, მოძულებული პიროვნება ვიყავი და ვიჯექი სახლში.

  • უმუშევარი ხართ, რითი არსებობთ?

არაფერი, ცარიელი ჯიბე. ყანა მაქვს, ბაღჩა ახალსოფელში… ამ ქვეყანაში ადამიანი არ არის დაფასებული.

  • მომიძულესო ამბობთ, ვინ მოგიძულათ?

ისევ საკუთარმა პარტიამ.

  • რის გამო, შეგიძლიათ გვითხრათ?

არაფერი ისეთი, ხომ იცით, პორტირებული „ნაციონალები“, ისინი, ესენი და მე არ ვაწყობდი. შიგადაშიგ არჩევნები რომ ტარდებოდა, მეძახდა „ოცნება“ და ვეხმარებოდი. ბოლომდე არ მიმიტოვებია, თქვენ წარმოიდგინეთ, ვეხმარებოდი.

  • მომიძულესო ამბობთ და მაინც ეხმარებოდით, რატომ, რა ტიპის ურთიერთობა იყო ეს?

დაგავალებთ ათასნაირ დავალებას, შეგასრულებინებ და მერე ჩემსას რომ მივაღწევ, მავიწყდები.

  • იმის თქმა გინდათ, რომ ხელფასს არ გიხდიდნენ?

მე გადახდებზე არ ვმუშაობ. მე ასეთ რაღაცებს არ ვითხოვდი, მე ვეხმარებოდი უბრალოდ პარტიას. „ოცნებას“ აღარ აინტერესებდა ხალხი, ერთმანეთის ლანძღვაზე გადავიდნენ. ხალხი რომ გაღარიბდა, არც ეს აინტერესებთ, არ არის პრიორიტეტი მათთვის. მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებული. ამიტომ გავემიჯნე მაგათ.

  • გახარიამ თქვენზე რატომ გააკეთა არჩევანი, კარგად იცნობდით?

გახარიას არ გაუკეთებია არჩევანი, მე შევთავაზე ჩემი კანდიდატურა. მე მაინც ვიყრიდი კენჭს და შევთავაზე.

  • მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებასთან“ ბოლომდე მუშაობდით?

ბოლომდე ვიყავი, მაგრამ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს. 2020-ის არჩევნებზე აღარ მივეხმარე. მე პიროვნება ვარ და ავტორიტეტიც ვარ. „ოცნებას“ გავემიჯნე, რადგან აღარ ზრუნავდა ხალხზე და გადავედი გახარიას პარტიაში. გახარია ორიენტირებულია ხალხზე. მის გარდა დღემდე არავის არ უთქვამს, რომ ბიუჯეტის დეცენტრალიზაცია გაკეთდეს. ხალხმა უკეთ იცის, როგორ მოიხმაროს თავისი ბიუჯეტი და გაანაწილოს.

ბიუჯეტი ხალხზე უნდა იყოს მორგებული. ბიუჯეტით უნდა განისაზღვროს ყველა ის პრობლემა, რაც ხალხს აწუხებს და მაქსიმალურად უნდა განაწილდეს მოსახლეობაში სოფლების მიხედვით, რომ რაღაც სარგებელი ნახოს მოსახლეობამ.

ტენდერები ტარდებოდა და ადგილობრივი მოსახლეობა არ საქმდებოდა, შემოსავლები არ ჩნდებოდა სოფელში. 20 მილიონი იყო ტრანსფერები, მაგრამ როგორც მიცვალებულს „დაკრუგავ ზალაში“ და გამოდიხარ გარეთ, ასე „დაკრუგავდა“ ეს თანხები ბიუჯეტს და ისე ქრებოდა, კაცმა არ იცოდა სად. ინფრასტრუქტურაში იყო გაბნეული, რომელიც უხარისხოდ იყო შესრულებული.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ კორუფციაა მერიაში?

მე არაფერს არ ვამტკიცებ. ეს უნდა აინტერესებდეს კომპეტენტურ ორგანოებს.

  • თუ აგირჩევენ მერად, თქვენ როგორ გაანაწილებთ ბიუჯეტს?

მე პრობლემების ნუსხა მაქვს. პირველი პრობლემა ეს არის მიწის საკუთრების აღიარება. აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას ბიუროკრატიული მიდგომა და მიწა გლეხს უნდა გადაეცეს. თუ სადავო მიწა არ არის, გლეხს უნდა გაუფორმდეს მიწა.

მეორე – სოფლის მეურნეობის ფონდი უნდა დავაარსოთ, რომელშიც ჩაიდება ბიუჯეტიდან 3-დან 5 მილიონამდე ლარი. ამ ფონდით ხილ-წვენების საწარმო აშენდება, რომელიც მოემსახურება არა მარტო ხელვაჩაურის მოსახლეობას, არამედ ქედასაც.

  • რამდენად სწორია საბიუჯეტო სახსრებით საწარმოს გახსნა?

აიპი იქნება ან შპს. ხალხს რაც აწყობს, იმას ვაკეთებთ. ბიუჯეტი ზემოდან არ უნდა იგეგმებოდეს, არამედ ქვემოდან. მთელი წლის განმავლობაში გავაფორმებთ ხელშეკრულებებს კომპანიებთან და გავყიდით პროდუქციას.

  • შემოსავალი როგორ განაწილდება?

ეს თანხები განაწილებული იქნება მოსახლეობაზე.

  • ასეთი მოდელი სადმე გინახავთ, თუ რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა?

ადრე კეთდებოდა.

  • როდის, საბჭოთა კავშირის დროს?

რა მნიშვნელობა აქვს, როდის იყო და სად იყო, არ მაინტერესებს. ამ თანხებით დავეხმარებით მოსახლეობას, მივაწვდით პესტიციდებს, ტრაქტორებს შევიძენთ და დავეხმარებით მოსახლეობას. ეს ყველაფერი მოემსახურება ხალხს. ამით სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის დონეც ამაღლდება.

  • ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურის პრობლემაცაა, რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

ინფრასტრუქტურა დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ეგ ისედაც გაკეთდება, ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება სოფელი.

ასევე გვინდა, რომ ხელმოწერები შევაგროვოთ სოფლებში და მოვითხოვოთ, რომ 5 ათასზე მეტი ლარის განკარგვის უფლება გვქონდეს ტენდერის გარეშე. სულ ცოტა 60 ათასი ლარის მაინც, რომ ეს თანხები სოფლებში შევიტანოთ.

  • ხელვაჩაურში არის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, დაბინძურებულია ჰაერი, მდინარეებიდან  უკონტროლოდ ამოაქვთ ინერტული მასალა. რა გეგმები გაქვთ ამ პრობლემებზე?

ეკოლოგიისთვის ბრძოლა ყველას გვევალება. არავითარი ინერტული მასალის ამოღება არ მოხდება 20 კილომეტრის ფარგლებში. მთები დგას უკვე ინერტული მასალების, წყალქვეშა ნავი დაიმალება, ისეთი ორმობია ამოთხრილი, უკვე საქონელიც იხრჩობა.

მე არ მაქვს მაგის მტკიცებულებები, არ ვიცი. ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ავკრძალავ ინერტული მასალის ამოღებას. მე გავლენიანებს არ ვემორჩილები. მე ხალხის ნების აღსასრულებლად მოვდივარ და არა ვიღაცების ნების.

  • ხალხზე უნდა ვიზრუნოო ამბობთ, ჯოჭოს ტრაგედია გახსოვთ ალბათ, რა გეგმები გაქვთ ფერდსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, ბევრი ოჯახია მეწყრის საფრთხის წინაშე.

ამ ოჯახების ადგილმონაცვლეობა ძალიან რთული იქნება, რადგან თავის დროზე ძალიან არაგეგმაზომიერად გასხვისდა მიწები. კერძო საკუთრებას ხომ ვერ შევეხებით, ამიტომ ამ კატეგორიის ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინები უნდა აშენდეს. ასევე ძალიან ბევრია სოციალურად დაუცველი და  ვფიქრობ, ამ ხალხისთვისაც უნდა იყოს გათვალისწინებული ბინები.

კიდევ გადაწყვეტილი მაქვს ტურისტული სააგენტოს შექმნა, საოჯახო სასტუროების განვითარებას შევუწყობთ ხელს. ზღვისპირი აღარ გვაქვს, ფაქტობრივად, სარფის გარდა ფერდობებზე შეფენილი სოფლები გვაქვს, მაგრამ ტურისტმაც ისწავლა, რომ ღამის გათევა სოფლად სჯობს, დასვენება კი – ზღვაზე. ამიტომ საოჯახო ტურიზმის განვითარებით სოფელიც განვითარდება. ასევე ვაპირებ, რომ ბიუჯეტის სახსრებით ავაშენოთ მუნიციპალური საავადმყოფო და აფთიაქი.

ბათუმში ორმა პირმა მოიგო 1500 ლარი კოვიდის ლატარიაში

კორონავირუსის ყოველკვირეული გათამაშების ლატარიაში ბათუმში ორმა ადამიანმა მოიგო 1500 ლარი, ხოლო კიდევ ორმა პირმა – 1000-1000 ლარი.

ყოველკვირეულ გათამაშებაში უფრო მსხვილი თანხა თამაშდება. მაგალითად, გასულ კვირას ყოველკვირეულ გათამაშებაში 10 000 ლარიც გათამაშდა, რომელიც ბოლნისში მცხოვრებმა მოქალაქემ მოიგო.

რაც შეეხება ყოველდღიურ გათამაშებას, 20 სექტემბერს აჭარაში 20-მდე ადამიანმა მოიგო 100 ლარი, ორმა ბათუმელმა კი – 500 ლარი.

ყოველდღიურად გათამაშების პროგრამა 160 ადამიანს არჩევს, ყოველკვირეულ გათამაშებაში კი – 17 პირს.

ყოველდღიური და ყოველკვირეული ლატარიის გათამაშების შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე stopcov.lotto.ge.

გარდაიცვალა ახალშობილი ტყუპი, რომელთა დედა კოვიდით მოკვდა 18 დღის წინ

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“, გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი ტყუპი, რომლებიც 20 აგვისტოს, ორსულობის 28-ე კვირაზე, დაიბადნენ. მანამდე კოვიდით გარდაიცვალა ტყუპების დედა, 47 წლის ქალი.

ტყუპმა დედის გარდაცვალების შემდეგ 18 დღე იცოცხლა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე ახალშობილის ფილტვი „კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის“.

„ტყუპი დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრესსინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა.

კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა,“ – აცხადებს „კლინიკა ბომონდის“ ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

სააგენტო ადასტურებს, რომ „ამბასადორი“ ბულვარში უკანონოდ აშენებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შპს „ამბასადორი ბათუმი“ პროექტს სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა. ეს კომპანია ძველ ბულვარში უკანონოდ აშენებს მე-17 სართულს: დაწყებული აქვს კოლონების ჩამოსხმისა და გადახურვის სამუშაოები. „ამბასადორის“ დამტკიცებული პროექტი 16-სართულიანი იყო [დამატებით სამი მიწისქვეშა სართული].

უკანონო სართულის მშენებლობა „ბათუმელებმა“ 17 სექტემბერს აღმოაჩინა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დღეს, 20 სექტემბერს, ბრიფინგი სწორედ ამის საფუძველზე გამართეს.

„დაფიქსირდა პროექტისგან გადახვევა, სართულებს შორის გადახურვების ზომები არის მცირედით გაზრდილი. თითო სართულის ფილა უნდა ყოფილიყო 26 სანტიმეტრი და არის 27. ამან მოგვცა სხვაობა სიმაღლეში. სხვა ყველაფერი პროექტის შესაბამისია. გარდა ამისა, მეთექვსმეტე სართულის ზემოთ მოწყობილია კოლონები, რაც არ შეესაბამება პროექტს. ეს კოლონები არ არის საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული“, –  განმარტა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლეგ ბოლქვაძემ.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, დარღვევასთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება – „ვამზადებთ გაფრთხილებას სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეჩერებას“.

სააგენტო ვარაუდობს, რომ კომპანია პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების გამო 10 000 ლარით დაჯარიმდება. „ასევე თუ არ მოხდა პროექტის კორექტირება, მოვითხოვთ დემონტაჟს. ცვლილების გარეშე ეს არის უნებართვო სამუშაოები და ექვემდებარება დემონტაჟს“, – განმარტავს ოლეგ ბოლქვაძე.

აპირებს თუ არა კომპანია მიმართოს სააგენტოს პროექტის კორექტირების მოთხოვნით, თუნდაც პოსტფაქტუმ, სართულის აშენების შემდეგ? – სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ არ იციან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ამბასადორს“ ბოლო სართულზე ვერტმფრენის დასაფრენი სივრცის მოწყობა სურს. თუმცა უცნობია, ეს მეჩვიდმეტე სართული იქნება, თუ პირობითად მეოცე. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა სიმაღლეზე აპირებს კომპანია შეჩერებას.

ბათუმში 15 სექტემბერს აღმოაჩინეს, რომ 7 კორპუსი შენდება უკანონოდ გოგოლის ქუჩაზე. პროტესტის მიუხედავად, ეს მშენებლობა დღემდე ვერ შეაჩერა მერიამ. მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანია დააჯარიმეს.

არ არის გამორიცხული, იგივე განმეორდეს „ამბასადორის“ შემთხვევაშიც.

___

ძველ ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ბათუმის მოსახლეობა რეგულარული საპროტესტო აქციებით აპროტესტებდა. ამის მიუხედავად, სააგენტომ მაინც გასცა ამ მასშტაბის მშენებლობის ნებართვა.

პრაიდი და ანტიპრაიდი კიევში ძალადობის გარეშე ჩატარდა

19 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში გაიმართა „კიევი პრაიდი“, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„პრაიდმა“ კიევში ექსცესების გარეშე ჩაიარა. პარალელურად მიმდინარეობდა ანტიპრაიდის აქციაც, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

აქციაზე მობილიზებული იყო ათასობით პოლიციელი.

„კიევი პრაიდი“ უკრაინის დედაქალაქში უკვე მეათედ ჩატარდა.

„კიევი პრაიდი“. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO
„კიევი პრაიდი“. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO
„კიევი პრაიდი“. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

 

 

„გარკვეული გადახვევები“ – რიჟვაძე ბულვარში ამბასადორის უკანონო მშენებლობაზე

„ჩემი ინფორმაციით, იქ შეიძლება იყოს პროექტის გარკვეული გადახვევები,“ – აღნიშნა დღეს, 20 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობაზე. ეს კომპანია ძველ ბულვარში მე-17 სართულს უკანონოდ აშენებს.

ბათუმის ბულვარში მშენებარე კორპუსზე ნებართვა 16 სართულის აშენებაზეა გაცემული. „ბათუმელებმა“ გუშინ  დააფიქსირა მე-17 სართულის მშენებლობა.

„ამაზე შესაბამისი უწყებები ატარებენ ყველა საჯარიმო ღონისძიებას. რაც შეეხება ზოგადად ობიექტს. ჩემი პოზიცია ადრე და ახლაც ცნობილია, რომ ნებართვის პირობებში უნდა ხდებოდეს მშენებლობები,“ – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს თორნიკე რიჟვაძეს „ბათუმელებმა“ ასევე ჰკითხა ბათუმში კიდევ ერთ უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსზე. რეგიონის ხელმძღვანელმა არ გვითხრა, რა მიზნით აშენდა კორპუსები და რატომ ვერ ხერხდება ამ უკანონობის შეჩერება.

___

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ აქ:

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

ბათუმის მერია არ ამხელს, ვინ აშენებს 7 კორპუსს უკანონოდ და რა იქნება გოგოლის #11-ში

ბათუმში, გოგოლის #11-ში, უკანონო მშენებლობა გრძელდება. აქ 7 კორპუსი აშენდა და მშენებლობა გრძელდება. ამას ადასტურებს ვიდეოკადრები, რაც დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაავრცელა. მასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე და გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი.

ადგილზე გამოიძახეს მუნიციპალური ინსპექცია და პოლიციის ეკიპაჟი. აქ კომპანიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა დაძაბულობა მალევე განიმუხტა.

16 სექტემბერს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა თქვა, რომ მესაკუთრეს პროექტის პირველი ეტაპის შესათანხმებლად მერიას მიმართა, თუმცა ნებართვა გაცემული არ არის. მირიან მეტრეველმა „სასაწყობო მეურნეობები“ ახსენა.

17 სექტემბერს ჩვენ დავუკავშირდით მერიის პრესსამსახურს და ვთხოვეთ საკითხის დაზუსტება, კერძოდ:

ვინ მიმართა პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის მერიას და რას ითვალისწინებდა პროექტი როგორც ფუნქციური თვალსაზრისით, ასევე როგორი იყო პროექტის მასშტაბები.

დაახლოებით ორსაათიანი ლოდინის შემდეგ პრესსამსახურმა ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის პასუხი გადმოგვცა: „ინფორმაცია გამოითხოვონ“ .

15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც უკანონო მშენებლობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ   გოგოლის #11-ში უნებართვოდ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის სამართალწარმოება “მეტრო ტერმინალის” მიმართ დაიწყო.

„მითითების შეუსრულებლობის გამო კი დაჯარიმდა 6000 ლარით. კომპანიას დაევალა მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა [დემონტაჟი]. მშენებლობის შეუჩერებლობის გამო კი, მას შემდეგ სამართალდამრღვევი კანონის შესაბამისად 6-ჯერ დაჯარიმდა 5000 ლარით. თუმცა ვინაიდან დადგენილებები გასაჩივრებულია კომპანიის მიერ სასამართლოში, შესაბამისად აღსრულებაში გადაიგზავნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“

ვიდრე სასამართლოში გაირკვევა, უნდა გადაიგზავნოს თუ არა მსგავსი მოთხოვნა აღსრულებაში, გოგოლის #11-ში მშენებლობა გრძელდება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გოგოლის #11-ში ხუთ ჰექტარზე მეტი ფართობი ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „მეტრო ტერმინალს“, გოგოლის #11ბ – კი სააქციო საზოგადოება „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ საკუთრებაა.

___

ამავე თემაზე:

ბათუმში უკანონოდ აშენებული 7 კორპუსის საკითხის გაშუქებისას ჟურნალისტზე იძალადეს

„ჩვენ ვიცით რა შენდება“ – რიჟვაძე ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე

„კანონი არის ალბათ შესაცვლელი,“ – გვიპასუხა დღეს, 20 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელსაც ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ვკითხეთ. უკანონო მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე ახლაც [14:00 საათი] გრძელდება, ოპოზიცია აქციას მართავს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ დაგვიკონკრეტა, როგორ მოახერხა ბიზნესმენმა ქალაქში 7 კორპუსის, პრაქტიკულად ერთი უბნის უკანონოდ აშენება და რატომ ვერ აჩერებს ამ უკანონობას ქალაქის მერია.

თორნიკე რიჟვაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რა კანონი უნდა შეიცვალოს და რატომ? – „უკანონო მშენებლობების“ მხოლოდ ეს გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში ტრიბუნის დატოვებამდე.

მანამდე თორნიკე რიჟვაძემ აბსურდი უწოდა იმას, რომ გოგოლის ქუჩაზე უკანონო 7 კორპუსი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება. თუმცა რეგიონის ხელმძღვანელი ვერ ასახელებს – რისთვის, რა მიზნით აშენდა 7 კორპუსი უკანონოდ ქალაქში.

„ეს არის აბსურდი… ზედამხედველი მოქმედებს კანონის შესაბამისად. ჩვენ ვიცით რა შენდება… შენდება შესაბამისი ობიექტები. მე ვიცი, რომ თავდაპირველად იქ იყო საუბარი სასაწყობე მეურნეობაზე, შემდეგ შეცვალეს გეგმები… რა საჯარიმო ღონისძიებები გატარდა, თვითმმართველობა მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას,“ – უთხრა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს.

————-

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, კომპანია „მეტრო ტერმინალი“ 6-ჯერ დააჯარიმეს და გამოცემულია მშენებლობის შეჩერების ნებართვა. მერიის მიერ გამოცემული აქტები კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა, დავა ამ დრომდე დასრულებული არ არის.

თურქეთში პირველად დოქტორანტი გახდა პიანისტი აუტისტური სპექტრით

27 წლის პიანისტი ბუღრა ჩანკირი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირველი დოქტორანტი გახდა თურქეთში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლესი განათლების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე სტუდენტებისთვის დაუშვას გამონაკლისი და მოხსნას სადოქტორო პროგრამაზე უცხო ენის გამოცდა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბუღრა ჩანკირის მამის პეტიცია და კამპანია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე სტუდენტების განათლების მხარდასაჭერად.

ბუღრა ჩანკირს თურქულ მედიაში მუსიკალურ გენიოსს უწოდებენ. როცა 10 წლის იყო, მისმა მუსიკის მასწავლებელმა იეჭვა, რომ ბავშვს აბსოლუტური სმენა ჰქონდა. ბურგა ოჯახმა 2004 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში წაიყვანა, სადაც ბუღრა მიიჩნიეს მსოფლიოში ყველაზე კარგი სმენის მქონე ადამიანად. მან სმენის ტესტის 36-ვე ქულა აიღო.

თურქული მედია წერს, რომ ბუღრა ჩანკირს 3 წლის ასაკში დაუსვეს აუტიზმის დიაგნოზი. მედიის ცნობით, 3.5 წლის ასაკში მას არ ჰქონდა წარმოთქმული არც ერთი სიტყვა, მაგრამ უკვე შეეძლო კითხვა.

ხელსაწყოების ფართო არჩევანი INGCO -სგან

როგორ იქცევით, თუკი სახლში რამის შეკეთება ხდება საჭირო? ხელოსანს იძახებთ თუ საკუთარი ძალებით ცდილობთ, გამოწვევას გაუმკლავდეთ?

რა სირთულეს შეიძლება წააწყდე, როცა თავად გსურს, რაიმე ნივთის შეკეთება ან ძველი ნივთისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება?

ეს შეიძლება იყოს, როგორც მოუხერხებელი და მძიმე ხელსაწყოები, ისე – კარგი ინსტრუქციის არარსებობა.

დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ბრენდი გვთავაზობს ისეთ ხელსაწყოებსა და მასალებს გამოყენების დეტალური აღწერით, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახდეს ხელოსანი საკუთარ სახლში.

ერთ-ერთი ასეთი ბრენდი INGCO არის, რომელის სტრატეგიაა ხელსაწყოები ყველასათვის ხელმისაწვდომი და ადვილად მოხმარებადი გახადოს. Ingco-ს ბრენდის ხაზი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ინდუსტრიული ანუ პროფესიონალური და სამომხმარებლო, რომლის გამოყენება ყველა ჩვენგანს შეუძლია.

თბილისში ბათუმში და მარნეულში უკვე გაიხსნა ინგკო შოპები, სადაც მხოლოდ Ingco-ს პროდუქციის ხილვა შეგიძლიათ. ბრენდის გრძელვადიანი მიზანია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჰქონდეს IngcoShop-ები.

Ingco-ს გუნდისთვის პრიორიტეტია მისი მომხმარებლის კმაყოფილება. After Sale მომსახურეობა საქართველოში შემოსვლის დღიდან დაინერგა. ეს ყველაფერი მოიცავს 1-წლიანი გარანტიას, დაბრუნების, გაცვლისა და შეკეთების სერვისებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკურენტული ფასი: Ingco- ს ბრენდის მიზანია რომ ხელსაწყოები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, შესაბამისად ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანს შეუძლია ბრენდის პროდუქციის მომხარება.

ინდუსტრიულ ანუ პროფესიონალურ ხაზში, ხელსაწყოს გამძლეობას და სიმძლავრესთან ერთად უპირატესობა ენიჭება მოხერხებულ დიზაინს და სიმარტივეს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ხარისხი არ გამოიხატება მხოლოდ ინსტრუმენტის ფუნქციებსა და ვიზუალში. აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა, შრომითი გამოყენების ინტენსივობა და საექსპლოატაციო საიმედოობა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ პროდუქცია იყოს კიდევ უფრო ეკონომიური და მოსახერხებელი“, ამბობენ კომპანიაში.

დღეისათვის საქართველოს ბაზარზე INGCO-ს 1200 ზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი, რომლის შეძენა თითქმის ყველა ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. ასევე განახლებულ ვებსაიტზე www.Ingco.ge სადაც იხილავთ ექსკლუზიურ შეთავაზებებს.

ეწვიე ვებსაიტს www.ingco.ge  და იხილე პროდუქციის სრული ასორტიმენტი. ჩვენთან მოქმედებს სრული 1 წლიანი გარანტია პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.

INGCO-ს ბრენდის ოფიციალური იმპორტიორია სარემონტო და სამშენებლო მასალების კომპანია „ნოვა“, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს ადგილობრივ ბაზარზე.

ფილიალები

IngcoShop მარნეულში, აღმაშენებლის ქ. #1

IngcoShop ბათუმში პუშკინის 22

IngcoShop ბათუმში, რურუას #8 (ხოფის ბაზრობა)

IngcoShop თბილისში ხოშარაულის ქუჩა 30 (ელიავას ბაზრობა)

IngcoShop თბილისში ქსნის ქუჩა 36

საწყობის მისამართები

თბილისი, აგლაძის ქუჩა №45

ქუთაისი, სამტრედიის ხიდის მიმდებარედ

ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №105 ბ

 

„ოცნება“ ირწმუნება, რომ ბათუმში ჩიქოვანის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების“

დღეს, 20 სექტემბერს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი რეიტინგებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

მეტიც, „ოცნება“ ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანის რეიტინგი ბათუმში უფრო მაღალია, ვიდრე პარტია „ქართული ოცნების“.

„ოცნების“ ცნობით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე განაწილდა: არჩილ ჩიქოვანი, „ქართული ოცნება“ 54.1 პროცენტი, გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,6 და ირაკლი მიქელაძე, „საქართველოსთვის“ – 4,6 პროცენტი.

ბრიფინგზე „ოცნებამ“ წარმოადგინა პარტიული რეიტინგებიც, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი ბათუმში 49.2 პროცენტია.

განსხვავებული რეიტინგი გამოაქვეყნა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაუკვეთა 2021 წლის ივლისში.

Edison Research-ის კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, შედეგები ასე გადანაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ – 39%, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი – 20%, ენმ – 16%, ევროპული საქართველო – 5%, ლელო – 3%, ლეიბორისტები – 3%, ახალი საქართველო (გიორგი ვაშაძე) – 3%, პატრიოტთა ალიანსი – 3%, გირჩი – 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

აქამდე ბათუმში მხოლოდ ერთ არჩევნებზე გახდა შესაძლებელი ქალაქის მერის პირველივე ტურით არჩევა  – 2017 წელს ბათუმში ლაშა კომახიძემ 55.95 მიიღო. კომახიძეს უფლებამოსილების ვადა წელს ეწურებოდა, თუმცა, 2020 წელს, კომახიძე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, აიძულეს გადამდგარიყო და მერის მოვალეობის შემსრულებლად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს.

 

მე თვითონ დავათვალიერებ…

ავტორი: ეკა ქევანიშვილი, ჟურნალისტი, პოეტი

თავიდან, რამდენიმე  ჭკვიანური (ჩემი აზრით), ფრაზით მინდოდა დაწყება ლიტერატურის სიყვარულის და წიგნების მნიშვნელობის შესახებ.  თუ ეს სიტყვები თქვენამდე მოაღწევს და მერე ავტორის სახელს და გვარს დახედავთ, იქ, ალბათ, ეწერება, რომ მე  ჟურნალისტი და პოეტი ვარ და ამიტომაც ვფიქრობდი, რამე ისეთი მეთქვა, რაც მოგეწონებოდათ, მოხდენილი, მოქნეული, ჭკვიანური. ხომ გესმით.

და მერე უცებ მივხვდი, რომ როცა თქვენ გელაპარაკებით და გიყვებით წიგნებზე, სინამდვილეში პატარა ეკას ველაპარაკები, რომელიც თქვენსავით დიდი ქალაქიდან შორს ცხოვრობდა. იმ ქალაქის ბიბლიოთეკაში კი არ იყო ბევრი ახალი წიგნი.

„ეს დაგაინტერესებს“ – გვირჩევდა ხოლმე ბიბლიოთეკარი და დამტვერილი თაროდან ათას ხელში გავლილ წიგნს ჩამოიღებდა, ყველას წაკითხული რომ უნდა ჰქონოდა და შინ წასაკითხად გვატანდა. განა ცუდი იყო, მაგრამ რაღაც გვაკლდა, რაღაც ახალზე წვდომა, სადღაც მფეთქავი პულსის მიყურადება. თუ ლიტერატურა გიყვარს, შეუძლებელია ისე გაძლო, რომ არ იცოდე, ცოცხალი მწერლები რას წერენ. დღეს რა იქმნება, დღეს ვის რა აწუხებს.

ამ დროს, რა თქმა უნდა შეცდომით, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ჩემი სახლის ბიბლიოთეკა თავიდან ბოლომდე მქონდა შესწავლილ-გადაკითხული და რაღაც ახალი მჭირდებოდა. ქალაქის საყველასო ბიბლიოთეკასაც მაგ იმედით ვაკითხავდი – ის წიგნები არ იყო ცუდი, პირიქით, მაშინ იქნებ გადარჩენაშიც გვეხმარებოდა მთებს შორის მოქცეულ პატარა ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს, ოცნებას გვასწავლიდა, მოგზაურობის და თავგადასავლებში გახვევის სურვილს გვიჩენდა. მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ სადღაც იწერებოდა ახალი სიტყვები. და მე ეს სიტყვები მაინტერესებდა.

და ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს, ბიბლოთეკაში მორიგ მისვლაზე, ვითხოვე, მე თვითონ დავათვალიერებ წიგნებს-მეთქი. არ ვიცი, რა ძალამ წაიღო ჩემი ხელი სწორედ იმ კონკრეტული თაროს იმ კონკრეტული წიგნისკენ, მაგრამ ასე კი მოხდა –  წიგნი გადმოვიღე და ყდაზე ეწერა სათაური „ხეიბარი თოჯინა“ – ავტორს დავხედე, წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე – ასე ვიპოვე პირველი თანამედროვე პოეტი, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან, ძალიან მაგარი მომეჩვენა, ცოცხალიც აღმოჩნდა. მაშინ შეიცვალა ჩემი წარმოდგენაც პოეზიაზე. მე წერა დავიწყე. გავიდა წლები და ბესიკ ხარანაული პირადად გავიცანი. ახლაც, საუკეთესო შეხვედრებსა და მწერლებთან გატარებულ დროს თუ გავიხსენებ, ბესიკთან გატარებული საათები, მათ შორის, ბერლინში, პოეზიის საღამოზე, შეუდარებელ მოგონებად მრჩება.

ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ მაშინ, მისი წიგნის აღმოჩენისას, მე რაღაც ახალს შევეხე – ვეზიარე – ეს უკეთესი სიტყვაა. მას მერე ჩვევად მექცა ვიკითხო დღეს ვინ რას წერს, ფეხდაფეხ ვდიო თანამედროვე მწერლებს და მათ სამყაროებში შევიჭყიტო. ხომ თითქმის ყველაფერი დაიწერა, მაგრამ დაკვირვებული ვარ, ყველა კარგ მწერალს  აქვს თითო ისეთი გამოკრთომა, რომელიც სულ გემახსოვრება.

ამიტომ მინდა თქვენც უთხრათ ერთხელ ბიბლიოთეკარს ან მას, ვინც წიგნებს გირჩევთ, მე თვითონ, მე ავარჩევ და იპოვოთ თქვენი ავტორი და თქვენი წიგნი, რომელიც დღეს, აქ და ახლა დაიწერა – ასე თქვენ ცოტათი დროსაც გაუსწრებთ და ყოველთვის გეცოდინებათ არა მხოლოდ ის, რაზე ფიქრობდნენ გენიოსი მწერლები წლების და საუკუნეების წინ, არამედ ისიც, როგორია სამყარაო იმ ლიტერატურაში, იმ წიგნებში, რომლებიც დღეს იწერება.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

აჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევაა | 20 სექტემბერი

20 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 578 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 20 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონში კოვიდსასტუმროშია 305 ადამიანი.

დღეს, 20 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა.

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

„ბათუმში აშენდება ხელოვნური კუნძული,“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

„უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. ბათუმში მოვიწვევთ საერთაშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა.

რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება, ერთი მხრივ, უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და ჩვენ უკვე შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად თორნიკე რიჟვაძემ თქვა ასევე, რომ ეს იქნება დუბაის პალმის კუნძულების მსგავსი პროექტი.

საქართველოში დადასტურდა კოვიდის 662 ახალი შემთხვევა

20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 503 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 34 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.91%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 795, მათგან 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

 

მსახიობი ზურაბ ქავთარაძე კოვიდით გარდაიცვალა

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ზურაბ ქავთარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდკლინიკაში მკურნალობდა კოვიდზე.

ზურაბ ქავთარაძე 68 წლის იყო. იგი არ იყო აცრილი კორონავირუსზე.

ზურაბ ქავთარაძე პროფესიით მსახიობი და რეჟისორი იყო. შესრულებული აქვს ათობით როლი თეატრის სცენასა და კინოში, გადაღებული აქვს ფილმები: „ჰომოსაპიენსები“; “ტრიუმფი”, “დუბლ D”, “ტაო-კლარჯეთი”, “კიშინოვური პორტრეტები”, “ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, “კულისებიდან კულისებში”, “ბათუმი-ტრაპიზონი-ბათუმი”, “იყო და არა იყო რა” და ა.შ.

2005 წელს მიღებული აქვს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის საპატიო სიგელი ბათუმის დრამატულ თეატრში შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

ავარია ბათუმში – ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა

ბათუმში, ურეხის დასახლებაში, ავტოავარია მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

დაშავებულია 2 ადამიანი.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

___________

ფოტო: „ალტერნატივა“, ხათუნა ბერიძე.

მონაზონი ათინოგენი განკვეთეს ჭყონდიდის ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად

ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე სასულიერო პირი განკვეთეს.

ამის შესახებ დღეს, 19 სექტემბერს, გახდა ცნობილი, როცა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ამბიონიდან წაიკითხა განჩინება სასულიერო პირების განკვეთის შესახებ.

„სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზვნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე შემდეგი პირები:

ნასყიდა ღუდუშაური, ყოფილი ბერ-დიაკონი პეტრე; მიხეილ მდივანი, ყოფილი მონაზონი ათინოგენი; ტარიელ გვილავა, ყოფილი მონაზონი დანიელი; თამაზ ხულუხია, ყოფილი მონაზონი ამბროსი; ბაჩუკი ხელაია, ყოფილი მონაზონი დავითი; ბათა, ავთანდილ გვილავა, ყოფილი მონაზონი ბასილი; მარკოზ წულაია, ყოფილი მონაზონი მარკოზი.

აეკრძალოთ მათ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება.

მათ და მათთან ერთად გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალოთ ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში და სხვა საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა. აგრეთვე საეკლესიო მიწების გამოყენება,“ – განაცხადა სტეფანე კალაიჯიშვილმა საკვირაო ქადაგებისას.

________________________

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება უკვე 2 წელია მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც ეპარქია მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) დატოვა. მას მღვდელმთავრობა 2019 წლის 31 ოქტომბერს ჩამოართვეს სინოდის სხდომაზე. იმ დღეს სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ენით განაცხადა, რომ პატრიარქმა, მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში „მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო განაყენა”.

მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) და ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი ათეულობით სასულიერო პირი საჯაროდ თუ პირად საუბრებში ჰომოფობიური ენის გამოყენებით ამბობენ, რომ საქართველოს პატრიარქი ჰომოსექსუალია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ არსებულ ბრალდებებზე საუბრისას სასულიერო პირები ამბობენ, რომ არსებობენ მოწმეები, ვისაც პირადი ისტორიები აქვთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. მათივე თქმით, ასევე არსებობს კადრები, რომლებიც პატრიარქის პირად ცხოვრებას ასახავს.

მიტროპოლიტმა სტეფანემ, რომელიც ამჟამად ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელთმთავარია, დღევანდელ განკვეთამდე სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო სასჯელი დაადო – ზოგს ღვთისმსახურება აუკრძალა, ზოგს – ზიარების მიღების უფლება, არქიმანდრიტ ათინოგენს წოდება ჩამოართვა და სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, გადააყენა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სოსანა, მოგვიანებით კი მისი სხვა მონასტერში გადაყვანის ბრძანება გამოსცა. მიტროპოლიტი სასულიერო პირებისთვის დასჯას „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის“ მოტივით ხსნის.

ბოლო დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 14 სექტემბერს მოხდა, როცა სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს ეპარქიასთან არსებულ სკოლის შენობაში არ უშვებდნენ.

ვრცლად ამ თემაზე: 

მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა ბერ-მონაზვნებმა შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოში იჩივლონ

ბათუმში უკანონოდ აშენებული 7 კორპუსის საკითხის გაშუქებისას ჟურნალისტზე იძალადეს

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ უკანონოდ ააშენა 7 კორპუსი, TV 12-ის გადამღებ ჯგუფსა და ჟურნალისტ ხვიჩა მამულაძეს ობიექტის დაცვამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა მიმდებარე ტერიტორია.

შემთხვევა 17 სექტემბერს, პარასკევს მოხდა.

როგორც ჟურნალისტმა ხვიჩა მამულაძემ უთხრა „ბათუმელებს“, იგი გოგოლის ქუჩაზე კადრების გადასაღებად და პირდაპირი ჩართვის მოსამზადებლად მივიდა.

„უშუალოდ მათ ტერიტორიაზე არც შევსულვარ, გარედან ვიღებდით კადრებს, ამის მიუხედავად არ მოგვეცა მუშაობის საშუალება და მეტიც – დაცვამ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანა ტერიტორიიდან,“ – გვითხრა ხვიჩა მამულაძემ.

ვიდეოკადრებში, რომელიც TV 12-მა გაავრცელა, ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი ხელით ეხება ჟურნალისტს და იძულებით გაჰყავს ის.

ხვიჩა მამულაძის თქმით, ტელეკომპანია აპირებს შს სამინისტროს მიმართოს აღნიშნულ შემთხვევაზე.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.

ბათუმში 7 კორპუსი უკანონოდ კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ააშენა. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ადასტურებენ, რომ მშენებლობა უკანონოა და მშენებლობის შეჩერებაზე დადგენილება გამოსცეს.
____________

ფოტოზე: კადრი TV 12-ის ვიდეომასალიდან

 

რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალზე დღეს და ხვალ | აფიშა

18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, ფილმების ჩვენება კი დღეს, 19 სექტემბერს, დაიწყო კინოთეატრ „აპოლოში“.

გთავაზობთ აფიშას, რა ფილმების ნახვა შეგიძლიათ დღეს და ხვალ კინოთეატრ „აპოლოში“.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით, რეკომენდაციების დაცვით ტარდება.

კერძოდ, კინოსეანსებზე დასწრება შესაძლებელი იქნება პირბადით, მათთვის, ვინც აცრილია კოვიდზე, ან უახლოეს პერიოდში აქვს გადატანილი კორონავირუსი, ან წარმოადგენს PCR ტესტის უარყოფით პასუხს.

კინოფესტივალის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულიდან ერთ-ერთი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოთ კინოსეანსზე შესვლის წინ (ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით მობილურ ტელეფონში), წინააღმდეგ შემთხვევაში კინოსეანსზე დასწრებას ვერ შეძლებთ და არც შეძენილი ბილეთი დაბრუნდება უკან.

წელს ფესტივალის სეანსების გარკვეული ნაწილი იქნება ფასიანი.უფასო/თავისუფალი დასწრება შესაძლებელია ევროპის მოედანზე, ღია ჩვენებების დროს და, ასევე, კინოთეატრ „აპოლოში“ საფესტივალო დღეებში, პირველ ორ სეანსზე. „აპოლოში“ ნაშუადღევს ოთხ საათიდან გაიყიდება ბილეთები, რაც, ფესტივალის განცხადებით, „აპოლოს“ ონლაინსისტემის გამოყენების ღირებულებაა. ბილეთის ფასია 3 ლარი თითო კინოსეანსზე.

19 სექტემბერი 
  • 12.00 საათზე –„ 1970“ – ტომას ვოლსკი, პოლონეთი, 2021. 70 წთ. [დოკუმენტური, საკონკურსო პროგრამა]
  • 13.30 საათზე – „რასტორგუევი“, ევგენია ოსტანინა, რუსეთი, 2020, 127 წთ.
  • 16.00 საათზე – „აივნის ფილმი“, პაველ ლოზინსკი, პოლონეთი, 2021; 100 წთ. [დოკუმენტური, საკონკურსო პროგრამა]
  • 18.00 საათზე – „უბოლსინი, ადილხან იერჟანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020, 71 წთ. [მხატვრული, საკონკურსო პროგრამა]
  • 20.00 საათზე – „მოთვინიერება“, სალომე ჯაში, შვეიცარია/გერმანია/საქართველო.2020. 91 წთ. [სექცია -„ქართული პანორამა“]
  • 22.30 საათზე – „ბაბი იარი – კონტექსტი“, სერგეი ლოზნიცა, ნიდერლანდები/უკრაინა, 2021, 120 [სექცია -„დიდოსტატთა კოლექცია“]
20 სექტემბერი
  • 12.00 საათზე – „ანამნეზი“, ქრის რაიტი & სტეფან კოლბე, გერმანია, 2021; 111 წთ.
  • 14.00 საათზე – „საჩუქარი“, ვალენტინ სიდორენკო, რუსეთი, 2020, 51 წთ. [დოკუმენტური, საკონკურსო პროგრამა]
  • 15.30 საათზე – „ბანდარ ბენდი“, მანიჯე ჰეკმატი, ირანი, 2021, 75 წთ. [მხატვრული, საკონკურსო პროგრამა]
  • 17.30 საათზე –„შენ ვერ იხილავ ზამთარს“, აბდოლრეზა კაჰანი, კანადა, 2021; 72 წთ. [მხატვრული, საკონკურსო პროგრამა]
  • 19.00 საათზე – „15 ბედნიერების ანგელოზი“, ვახტანგ კუნცევ გაბაშვილი, საქართველო, 2021, 70 წთ.
  • 20.30 საათზე – „მკვდარი სულების არდადეგები“, კეკო ჭელიძე, საქართველო, 2020, 67წთ. [სექცია -„ქართული პანორამა“]
  • 22.00 საათზე – „მარტორქა“, ოლეგ სენცოვი, უკრაინა/გერმანია/პოლონეთი, 2021, 101 წთ. [სექცია -„დიდოსტატთა კოლექცია“]

ბილეთის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე. 

ფოტოზე: კადრი სალომე ჯაშის ფილმიდან „მოთვინიერება“

ამავე თემაზე: 

როგორ ჩატარდება წელს ბათუმის კინოფესტივალი | ინტერვიუ

ბათუმში თბილი, უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 სექტემბრის 21 საათიდან 20 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში შენარჩუნდება უნალექო, ღრუბლიანი ამინდი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 21-22  სექტემბერს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

აჭარაში 5 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით | 19 სექტემბერი

19 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში 5 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 570 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 24 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონში კოვიდსასტუმროშია 304 ადამიანი.

დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 1501 ახალი შემთხვევა, 43 პაციენტი გარდაიცვალა

19 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1501 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 920 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 43 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე კი – 6.89%.

მთავრობა ზღვასთან ახლოს საკუთარ საწარმოს ყიდის

აჭარის მთავრობამ „ქობულეთის საწარმოო კომბინატის“ საკუთარი 80%- იანი წილი აუქციონზე გაიტანა. მთავრობის ინფორმაციით, საწარმოს აქტივი 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით  50 834 ლარია, მათ შორის 48 364 ლარი გრძევადიანი აქტივია. საწარმოსთან ერთად იყიდება 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი თბილისის ქუჩის #2-ში და მასთან დაკავშირებული შენობები.

ქონების საწყისი ფასი 2 მილიონ 630 000 ლარია, ბიჯი – 50 000 ლარი.

გარდა ამისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს საწარმოს ბალანსზე არსებული დავალიანება 6 თვის ვადაში. მთავრობის ინფორმაციით, საწარმოს საბიუჯეტო დავალიანება 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით 75 145 ლარია, რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი.

აუქციონის პირობებში მითითებულია ასევე, რომ საწარმოს საკუთარი კაპიტალი 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით 50 834 ლარია.

კიდევ ერთი პირობის მიხედვით, საბოლოო საპრივატიზებო თანხა აუქციონში გამარჯვებულმა ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა გადაიხადოს.

სხვა რაიმე განსაკუთრებული პირობა დაწესებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ამ ადგილს სამშენებლო კომპანია იყიდის, აქ აშენებულ მაღლივ შენობას კი რამდენიმე მხარეს ზღვის ხედი ექნება, რაც ამ დრომდე არსებული პრაქტიკით ნებისმიერი ინვესტორისთვის ფულის სარფიანად დაბანდების შესაძლებლობაა, მომავალში მინიმუმ ორმაგი მოგების პერსპექტივით.

აუქციონი 7 სექტემბერს გამოცხადდა და 28 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტის მეჩვიდმეტე სართულს აშენებს. ეს „ბათუმელებმა“ დღეს ადგილზე გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა. სართული სრულად დახურული ჯერ არ არის, თუმცა იქ, სადაც პროექტის მიხედვით მხოლოდ ღია სივრცე უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მსუბუქი, ლითონის მოაჯირით უნდა შემოესაზღვრათ, კოლონებია ჩამოსხმული. ეს სივრცე უკვე ნაწილობრივ გადახურულია.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

პროექტის თანახმად, აქ 16-სართულიან შენობაზეა ნებართვა გაცემული. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გაგვიმარტეს, კომპანიას პროექტში ცვლილება და სართულის დამატება არ მოუთხოვია. შესაბამისად, ცვლილება არ შეუთანხმებიათ.

სააგენტოში გვითხრეს ისიც, რომ ბოლოს მიმდინარე მშენებლობის პროექტთან შესაბამისობა თვენახევრის წინ შეამოწმეს და დარღვევა არ გამოვლენილა.

პროექტის მიხედვით, მეთოთხმეტე სართული შედარებით მაღალია და აქ სარესტორნო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი, ხოლო მეთხუთმეტე ტექნიკური სართულია და შედარებით დაბალია. მეთექვსმეტე სართულზე კი სპაცენტრი და აუზი უნდა მოაწყონ [ეს სართულიც მაღალია]. დღევანდელი, 18 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანია „ამბასადორს“ დაწყებული აქვს მეჩვიდმეტე სართულის მშენებლობა და აპირებს თუ არა აქ გაჩერებას, ეს ჯერ ვიცით.

კომპანიაში „ბათუმელებმა“ იკითხა, შენდება თუ არა დამატებით მეჩვიდმეტე სართული. გვიპასუხეს, რომ ეს „ტექნიკური სართულის ნაწილია.“

სხვა განმარტება კომპანიიდან არ მიგვიღია.

პროექტი, რომელიც სააგენტოდან გამოვითხოვეთ, პროფესიონალ არქიტექტორს ვაჩვენეთ და მშენებარე კარკასთან შედარება ვთხოვეთ. მისი განმარტებით, მეჩვიდმეტე სართული პროექტს არ შეესაბამება.

გამოავლენს თუ არა ამ დარღვევას სააგენტო ან როდის, ეს, ჯერჯერობით, არ ვიცით.

პროექტის კონსტრუქციული ნაწილის რენდერი – დააკვირდით მინაწერებს ქვემოდან ზემოთ. ვესტიბიულის ქვემოთ სამი მიწისქვედა სართულია, მეთოთხმეტე შედარებით მაღალი სართული სარესტორნო სივრცედაა მოაზრებული, შემდეგ ტექნიკური სართული, შემდეგ კი მეთექვსმეტე სართულია, სადაც როგორც რენდერზეა მითითებული, სპა სალონისა და აუზის მოწყობას გეგმავენ.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო სანებართვო პირობების დარღვევას დაადასტურებს, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა კომპანია „ამბასადორი“ პროექტს არღვევს.

ბათუმის მცხოვრებლები რეგულარულად აპროტესტებდნენ ამბასადორისთვის ძველ ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას.

___

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

 

 

„ციფრებზე საუბარი მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის“ – მერობის კანდიდატი შუახევში „ოცნებიდან“

შუახევის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში პრობლემაა სასმელი წყალი, გზა და ინტერნეტი. შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე კი „ბათუმელებთან“ ყველაზე ხშირად იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თანმიმდევრულია.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო ერთი წელი ამ პოზიციაზეა და მანამდე 3 წელი მერის მოადგილე იყო, ომარ ტაკიძეს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო ხედვა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს მუნიციპალიტეტის შემოსავლები. პირიქით, ინტერვიუს დროს რამდენიმე კითხვის დასმა მოგვიხდა იმ კუთხით, თუ რატომ არის კარგი, როცა მეტი დამოუკიდებელი შემოსავალი გაქვს, რითაც მინიმუმ წყლის პრობლემას აგვარებ და, ზოგადად, დამოუკიდებლობა რომ ბევრად ეფექტურია, ვიდრე ზემდგომებთან „მჭიდრო თანამშრომლობა“.

„მჭიდრო თანამშრომლობის“ მნიშვნელობას „ოცნების“ კანდიდატმა ინტერვიუს დროს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი.

  • ბატონო ომარ, რა მიგაჩნიათ დღეისთვის შუახევის ყველაზე დიდ გამოწვევად, რისთვისაც 4 წელი არ გეყოთ? 

ამ პერიოდში შუახევში არაერთი პროექტი განხორციელდა, არსებობს მიღწევები და, რა თქმა უნდა, გამოწვევებიც. მაგალითად, გზების დაახლოებით 60 – 70 პროცენტი უკვე მოასფალტებულია, ან ბეტონის საფარია მოწყობილი. შიდა სასოფლო გზები ბევრ სოფელშია გამოწვევა. წყალმომარაგების კუთხითაც გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები…

  • წყალმომარაგებაზე შევჩერდეთ – თქვენი ოპონენტები სასმელ წყალს ასახელებენ შუახევის მთავარ პრობლემად. რატომ ვერ გვარდება დღემდე ეს პრობლემა? 

რამდენიმე სოფელში განხორციელდა წელს წყალმომარაგების კუთხით პროექტი, მაგალითად, ფურტიო-ბარათაული-ნენიას წყალსადენი მოეწყო, ამ სოფლებს წყლის პრობლემა აღარ აწუხებთ. მუშაობა გრძელდება… შუახევის 16 სოფელში არის დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება „აჭარის წყლის ალიანსთან“ ერთად, ამისთვის 700 ათასი ლარია გამოყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია „აჭარის წყლის ალიანსის“ მუშაობა გერმანელ ექსპერტებთან ერთად. პროექტი ითვალისწინებს საკანალიზაციო სისტემის მოწყობასაც. ეს ზემომთიან აჭარაში ამ დრომდე არ ყოფილა.

ასევე ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სამელიორაციო, სარწყავი სისტემების მოწყობაზე, არაერთი სარწყავი ნაგებობის შეკეთება მოხერხდა ბოლო წლებში. ჩვენ თანმიმდევრული მიდგომა გვაქვს.

  • რას გულისხმობთ „თანმიმდევრულ მიდგომაში“, როცა წყლის პრობლემაც ჯერ კიდევ მოგვარებული არ არის? რატომ ვერ ამბობთ, რომ ფული არ გაქვთ საკმარისი? 

რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა უფრო მოკლე დროში სამუშაოების განხორციელება. პრობლემა არის ის, რომ წყლის დებეტი ხშირად არის საკმაოდ მოშორებით. მაგალითად, დაბაში წყალი მოდის 30 კილომეტრის სიშორიდან. ერთი ხელის დაკვრით ყველგან პრობლემის მოგვარება შეუძლებელია… წყალმომარაგების აღნიშნული საკითხის სრულფასოვნად აღმოფხვრა თანმიმდევრულად ამიტომაც ვახსენე.

ბოლო 4 წელიწადში ჩვენ დაახლოებით 10 – 11 მილიონი ლარი დავხარჯეთ შუახევის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისთვის. ეს ეხებოდა სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა უბანში წყლის სისტემის გაუმჯობესებას, ასევე სათავე ნაგებობების მოწყობას. იგეგმებოდა თანმიმდევრული ნაბიჯები, მაგრამ ფინანსები არ იყო საკმარისი.

  • საინტერესოა, როგორც მერმა, რა გადაწყვეტილებები მიიღეთ, რომ გაზრდილიყო შუახევის დამოუკიდებელი შემოსავლები

კი ბატონო, შუახევის მუნიციპალიტეტის შემოსავლები არ არის საკმარისი. შემოსავლები ძირითადად შემოდის ქონების გადასახადებიდან, მაგალითად, 3 მილიონ 300 ათასი შემოდის ჰესიდან. კურორტ „გომარდულიდანაც“ შემოდის გარკვეული შემოსავალი. ჩვენ ამ შემოსავლების გაზრდაზე უნდა ვიმუშაოთ. ამისთვის ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აჭარის მთავრობასთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ამ მჭიდრო თანამშრომლობით შევძელით ის, რომ, მაგალითად, ბათუმი – ახალციხის გზის მონაკვეთი შუახევის 10-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი დაფინანსდა, ასევე კულტურის სახლის რეაბილიტაცია, კაპიტალურ ტრანსფერებს ვიღებთ…

  • ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის გაზრდის რესურსზე გკითხეთ და არა ტრანსფერებზე. მაგალითად, მუნიციპალური ქონების გასხვისება ისევ შუახევის ადგილობრივ ბიუჯეტზე რომ აისახოს.  

ვფიქრობ, შუახევის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს ტურიზმით, სოფლის მეურნეობის განვითარებით.

დაგეგმილია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა ჭვანის ხეობა და ჩირუხში ზიპლაინის პროექტი. ეს ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც. ეს სერიოზული პროექტებია და მიზიდულობის ცენტრს გააჩენს სხვადასხვა ხეობაში. ფინანსები მოედინება მუნიციპალიტეტში და ეს არის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი.

რაც შეეხება მუნიციპალური ქონებიდან შემოსავლების გაზრდას, ეს ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიაროთ. ის ქონება, რომელიც საინტერესოა მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენ ამ ქონების მოთხოვნასაც ვაწარმოებთ და გადმოგვეცემა მიზნობრივად მისი განკარგვისთვის, მაგალითად, სპორტული მოედნის მოსაწყობად, თუ სხვა ტიპის ღონისძიების განსახორციელებლად. ამ თანამშრომლობის პრაქტიკა გვაქვს. საჭიროებების შესაბამისად უნდა გაგრძელდეს შემოსავლების გაზრდის კუთხით მუშაობა.

  • მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურის გადასახადი რომ ადგილზე, შუახევში დარჩეს, ამაზე გქონიათ საუბარი? 

შეიძლება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა, ფიქრი, მსჯელობა. 2021 წელს შუახევის ბიუჯეტი 16 მილიონს ლარს აჭარბებს, ხოლო სხვადასხვა პროექტით მუნიციპალიტეტში დაახლოებით 30 მილიონი დაიხარჯება სხვადასხვა უწყებისგან. მთავარი ესაა, რომ საჭირო თანხების და რესურსების მოზიდვა შევძლოთ.

  • რატომ ვერ მოახერხეთ ეს აქამდე – შუახევის სოფლებში ბავშვებს ინტერნეტიც კი არ აქვთ. 

გესაუბრეთ პროექტებზე, რასაც წინ უზარმაზარი შრომა უძღოდა, მაგალითად, გზების მშენებლობას, იგივე კულტურის სახლი. ამ პროექტების შემუშავებას წინ უზარმაზარი შრომა ახლდა: პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, კონსულტაციები, ტენდერებამდე მისვლა…

პრობლემაა ინტერნეტიზაცია, მაგრამ ყველა სკოლას აქვს ინტერნეტი, ხოლო პანდემიის დროს გამოიკვეთა სხვა საჭიროება და გონივრულ ვადაში დარწმუნებული ვარ ესეც მოგვარდება.

  • ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას როგორ ხედავთ, რაც ავტომატურად თქვენი დამოუკიდებლობის ხარისხსაც გაზრდიდა? მაგალითად, მუნიციპალური ქონებიდან მიღებული შემოსავლები…

ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, რომ ქონება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა და არსებობს დასაბუთება, ხდება მისი გადმოცემა. მაგალითად, სოფელ ბაღოშვილებში სკოლასთან გადმოგვცეს მიწა, სადაც უნდა მოვაწყოთ სპორტული მოედანი. ასეთი თანამშრომლობა გვქონდა წინა წლებშიც.

  • პირიქით გვაინტერესებს. მაგალითად, როცა კურორტ გომარდულზე გადაეცით მიწა აჭარას, შეთანხმება რომ ყოფილიყო და გადასახადები ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულიყო. 

ეს არის ციფრებზე საუბარი, რომელიც მოსახლეობისთვის საინტერესო არ შეიძლება იყოს. ჩვენ ვიღებთ კაპიტალურ და სპეციალურ ტრანსფერებს. მთავარია, რომ ჩვენთან შემოვიდეს ეს შემოსავალი.

  • მაგრამ ეს არ არის საკმარისი თუნდაც წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. გირჩევნიათ, ცენტრზე დამოკიდებული იყოთ? 

2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მაშინ აქ არცერთ გზაზე ასფალტი და ბეტონის საფარი არ იყო. დღევანდელი მდგომარეობით კი, გზების 70 პროცენტზე მეტი მოწესრიგებულია. კი ბატონო, რჩება გამოწვევა დანარჩენი სოფლები, წყალმომარაგებაზეც უკვე გითხარით, რა თანმიმდევრული ნაბიჯები იდგმება. რა თქმა უნდა, ერთი ხელის დაკვრით ჯადოსნური ჯოხის პრინციპი არ არსებობს, რომ პრობლემები უცებ მოგვარდეს.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ თქვენი ერთ-ერთი კონკურენტის – შალვა გოგიტიძის შესახებ. ის ამბობს, რომ ფორმალურად დაასაქმეთ თქვენს თანაშემწედ, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერი და ამ არჩევნებზეც სთხოვდით დახმარებას თანამდებობის მიღების სანაცვლოდ. ადასტურებთ ამას? 

კონკურენტებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს.

—————————————

შუახევის მერობის სხვა კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილები ნახეთ აქ:

„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე

 

„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე

 

BETEK FAYFIKS კითხვებს არ ტოვებს – წებო-ცემენტი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის

კერამიკული თუ კერამოგრანიტის ფილების შერჩევის შემდეგ მთავარი საკითხია, რომელი წებო-ცემენტით უნდა დაიგოს ის. „ნოვაში“ წარმოდგენილია წებო-ცემენტი BETEK FAYFIKS, რომელიც საუკეთესოა როგორც იატაკზე, ისე კედელზე ფილების გასაკრავად. 

წებო-ცემენტის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაესაუბროთ „ნოვას“ პროფესიონალ კონსულტანტებს, რათა უნებლიე შეცდომებისა და, შესაბამისად, ზედმეტი დანახარჯებისგან თავი დაიზღვიოთ. კონსულტანტს აუცილებლად უნდა უთხრათ, სად აპირებთ წებო-ცემენტის გამოყენებას – ინტერიერში თუ ექსტერიერში. თუ, მაგალითად, ტერასაზე აპირებთ კერამოგრანიტის დაგებას, ამ შემთხვევაში აუცილებლად ყინვაგამძლე ებო-ცემენტი BETEK FAYFIKS TA-15 უნდა შეიძინოთ; თუ ინტერიერში გეგმავთ სამუშაოებს, ამ შემთხვევაში სტანდარტული BETEK FAYFIKS დაგჭირდებათ და მას თითქმის ნახევარ ფასად შეიძენთ.

კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ადამიანები ხშირად უშვებენ, რაოდენობის არასწორი გათვლაა. კონსულტანტს აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, სამუშაოების ჩასატარებელი ფართობის ზომის შესახებ. მაგალითად, ინტერიერში კერამოგრანიტის იატაკს აგებთ 100 კვ/მ ფართობზე, ხოლო ტერასის ფართობი, რომელიც ასევე მოსაპირკეთებელია, 50 კვ/მ-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტულ პირობებში ერთი ტომარა წებო-ცემენტი (25 კგ) 4-5 კვ/მ ფართობს ფარავს, ინტერიერისთვის 20-25 ტომარა BETEK FAYFIKS დაგჭირდებათ, ხოლო ტერასისთვის – 10-12 ტომარა BETEK FAYFIKS TA-15. თუმცა, ეს რაოდენობრივი სტანდარტი შეიძლება არ იყოს საკმარისი მოსაპირკეთებელი ზედაპირის მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც უფრო სწორია ზედაპირი, მით ნაკლები წებო-ცემენტი იხარჯება. 

რაში და როგორ ვიყენებთ

მიუხედავად საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა, BETEK FAYFIKS ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. აუცილებელია კარგად და სწორად იყოს მომზადებული ბაზა (კედელი, მოჭიმული იატაკი), რომ BETEK FAYFIKS-მა საქმე იდეალურად შეასრულოს. 

მაშ ასე, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ დასამუშავებელი ზედაპირი მყარი, მშრალი და სუფთაა. ასევე, მაქსიმალურად უნდა მოასწოროთ შესაღები არეალი. წებო-ცემენტის წასმამდე ზედაპირი წყლით უნდა გაჟღინთოთ, რათა მასალა უკეთესად შეწებდეს.

წებო-ცემენტის მოსამზადებლად საჭიროა შესაბამისი ზომის ჭურჭელი, რომელშიც ჯერ 5,5-6,5 ლიტრი წყალი უნდა ჩაასხათ და შემდეგ ნელ-ნელა დაამატოთ 25 კგ FAYFIKS. სრულად გაზავების შემდეგ 5 წუთი უნდა გააჩეროთ, ხოლო ფილებსა და ზედაპირზე წასმამდე კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში უნდა მოზილოთ. მომზადებული ულუფის გახარჯვის რეკომენდებული ვადაა 20 წუთი. 

  • დიდი ზომის ფილების დაგების შემთხვევაში წებო-ცემენტი უნდა წაუსვათ როგორც მოსაპირკეთებელ ზედაპირს, ისე ფილის უკანა მხარეს.
  • ფილების სწორად დაგებისთვის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ფილების ჯვარედინი გამყოფები.
  • ინტერიერში სამუშაოების შესრულების დროს რეკომენდებული ტემპერატურაა +5–30 °C

რაც შეეხება შენახვას, გაუხსნელი ტომარა 6 თვის განმავლობაში ინახება გრილ ადგილზე, სადაც მზის სხივი არ მოხვდება. ამ პერიოდში შეგიძლიათ მისი გამოყენება, საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ კი ის გარკვეულ თვისებებს კარგავს და უმჯობესია მისი უტილიზაცია დადგენილი ნორმების შესაბამისად. დაუშვებელია ვადაგასული წებო-ცემენტის გადაგდება ნაგვის ურნაში, ამას შესაძლოა დაჯარიმებაც მოჰყვეს.

მოარიდეთ ბავშვებს და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები

წებო-ცემენტი არ უნდა მოგხვდეთ თვალში, რადგან თვალის გარსის მწვავე გაღიზიანებას იწვევს. თუ მაინც მოხდა ისე, რომ ფხვნილი თვალებში შეგეყარათ, დაუყოვნებლივ და ხანგრძლივად დაიბანეთ წყლით. წებო-ცემენტი ისეთ ადგილზე უნდა შეინახოთ, სადაც ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ. არ უნდა შეისუნთქოთ წებო-ცემენტის მტვერი. ამისთვის საკმარისია ჩვეულებრივი პირბადეც, რომელიც პანდემიის გამო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

„მწვანე უბნები ბათუმს“ – პეტიციის განხილვა მოქმედმა საკრებულომ ვერ მოასწრო

ონლაინ პეტიცია  „მწვანე უბნები ბათუმს“ საინიციატივო ჯგუფმა ბათუმის  საკრებულოში 2021 წლის ივნისში დაარეგისტრირა. ამ პეტიციით  მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქალაქის რეკრეაციული სივრცეების სახელდებას, სტატუსის მინიჭებას და მათ დაცვას ითხოვენ.

როგორც საინიციატივო ჯგუფს შეატყობინეს პეტიცია საკრებულოს ბიუროს აგვისტოში უნდა განეხილა, თუმცა ბიუროს სხდომა გადაიდო. ბოლო ინფორმაციით რაც საინიციატივო ჯგუფის წევრებს აქვთ არის ის, რომ საკრებულომ საკითხი განსახილველად მერიაში გადააგზავნა. დაიწყო თუ არა მერიამ მისი შესწავლა დაზუსტებით არ ვიცით.

პეტიციის ავტორების ინფორმაციით ამ დროისთვის ბათუმში სტატუსის მქონე მხოლოდ 18  სივრცეა და  ეს რაოდენობა არასაკმარისია ქალაქისთვის. გარდა ამისა,  რეალურად ბათუმს  სტატუსის მქონე მეტი სივრცის არსებობის შესაძლებლობა აქვს.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ დასახლების სიმჭიდროვის და მშენებლობის ბუმის პარალელურად მნიშვნელოვანია არსებობდეს რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება სოციალიზაციაში და მისცემს შესაძლებლობას დამღლელი  სამუშაო დღის შემდეგ  დრო სასიამოვნოდ, მწვანე და სუფთა გარემოში გაატარონ.“- ნათქვამია პეტიციაში.

შეიძლება ბათუმში ბევრმა არც იცოდეს ასეთი „მწვანე კონძულის“ არსებობის შესახებ, ამ ადგილს სკვერის სტატუსი არ აქვს, არც სკამებია განათავებული, თუმცა ახლოს მცხოვრები ახალგაზრდები ზაფხულობით ამ ადგილს დასავებლად ხშირად მიმართავენ, ეს ადგილი ერთერთია მათ შორის, რომელისთვისაც სკვერის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ადგილი აეროპორტის დასახლების ტერიტორიზე მდებარეობს.

პეტიციის ავტორებმა ბათუმში მწვანე სივრცეების მოძიებისა და აღწერის მიზნით შექმნეს მონიტორინგის ჯგუფიამ ჯგუფის მიერ აღწერილი სივრცეების ჩამონათვალში შედის ისეთი სარეკრეაციო ადგილები, რომლებსაც სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული.

ასეთებია მაგალითად: ხელოვნების მუზეუმთან, დრამატულ თეატრთან, ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული გამწვანებული სივრცეები. ასევე, კუნძულებად შემორჩენილი რეკრეაციული ტერიტორიები, როგორიცაა: ჭოროხის დელტა [გონიოს პოლიგონი], ფრიდონ ხალვაშის  გამზირის ნაძვნარი [სამრეწველო უბანი]) ან თუნდაც ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ხეივანი.

პეტიციის ავტორების ინფორმაციით, ქალაქში სულ  აღრიცხულია 93 სივრცე, რომლებიც მზად არის სკვერის სტატუსის მისანიჭებლად, 7 სივრცე- პარკის სტატუსს იმსახურებს, ხოლო 6 სივრცე – ხეივნის სტატუსს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გასულ ხუთშაბათს, 16 სექტებერს საკრებულოს სხდომაზე სკვერის სტატუსი მიანიჭეს ზურაბ გორგილაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში არსებულ ტერიტორიას. საკრებულოს გადაწყვეტილებით ამ სკვერს ზაქარია ფალიაშვილის სახელი უწოდეს. ეს ადგილი პეტიციის მისამართების ჩამონათვალშიც იყო.

პეტიციის ერთერთ ავტორს ნათია აფხაზავას ვკითხეთ მისაღები იქნება  თუ არა საინიციატივო ჯგუფისთვის თუ მერია წარდგენილი მისამართების ეტაპობრივად განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების საკრებულოსთვის წარდგენას შესთავაზებს მათ.

ნათია აფხაზავას განმარტებით საკითხი მერიამ პეტიციის ავტორებისა და მთავრობის ჩართულობით სრულად უნდა შეისწავლოს, რადგან მონიტორინგი მოქალაქეების ჩართულობით განხორციელდა და მათ მიერ შეგროვებული მონაცემები შესაძლებელია დასაზუსტებელიც იყოს, გარდა ამისა ჩამონათვალში შედის ისეთი ნაკვეთებიც, რომლებიც არ არის მუნციპალური საკუთრება და მთავრობის ბალანსზეა.

„ეს ტერიტორიები მთავრობამ უნდა გადმოსცეს მერიას, როგორც გამწვანებული ადგილები, რომ შემდეგ მერიამ იმუშაოს მათთვის სკვერის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა სამწუხაროდ პრაქტიკა გვაქვს სხვაგვარი, უფრო მთავრობას მიაქვს ხოლმე მუნიციპალური ქონება იმისთვის, რომ შემდეგ გაასხვისოის.“ –  ამბობს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა
ნათია აფხაზავა

პეტიციის მიზანია ბათუმის 14-ვე  უბანში არსებობდეს თანაბარი და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო.

პეტიციით წარდგენილი სივრცეები მოძიებულ იქნა 2020 წელს განხორციელებული სამოქალაქო მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მონიტორინგის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა ქალაქ ბათუმის 14-ვე უბნიდან გამოავლინეს ის გამწვანებული ტერიტორიები, რომლებიც  შეესაბამებოდნენ სკვერის/პარკის/ხეივნის სტანდარტებს, თუმცა არ ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი და საჭიროებდა კეთილმოწყობას – ნათქვამია პეტიციაში.

მონიტორინგის ჯგუფში მუშაობდნენ: ნინო ლომაია, ლევან ხუჯაძე, აზა გაბუნია, ქრისტინე გურგენიძე, დარიკო შაინიძე, გიორგი ბოლქვაძე, დავით ხილაძე, თათია ქათამაძე, ნინო ჩხაიძე და ექსპერტები: გიორგი რამიშვილი, დავით ოქრაძე, შიო დემეტრაშვილი, ნათია აფხაზავა.

პეტიციით ითხოვენ ისეთ სივრცეებზე სტატუსის მინიჭებას,  როგორებიცაა:  ხელოვნების მუზეუმთან, დრამატულ თეატრთან, ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული გამწვანებული სივრცეები.

ასევე კუნძულებად შემორჩენილ რეკრეაციულ ტერიტორიებზე, როგორიცაა: ჭოროხის დელტა [გონიოს პოლიგონი], ფრიდონ ხალვაშის  გამზირის ნაძვნარი [სამრეწველო უბანი], ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ხეივანი. სულ 93 სივრცე – რომელიც მზად არის მიენიჭოს სკვერის სტატუსი, 7 სივრცე- პარკის სტატუსი, ხოლო 6 სივრცე –  ხეივნის სტატუსი.

30-მდე ადგილი ბათუმში, სადაც მოქალაქეები სკვერის მოწყობას ითხოვენ – რას უპასუხებს მერია

 

აჭარაში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული

18 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული.

ამ დროის მონაცემებით გამოჯანმრთელდა – 266 პაციენტი, საერთო ჯამში კი დღემდე  გამოჯანმრთელდა- 63 191 პაციენტი.

კლინიკა დატოვა 35-მა პაციენტმა, კრიტიკულად [მართვით სუნთქვიაზე] იმყოფება  -19 პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს – 580, კოვიდ სასტუმროში -314, ონლაინ კლინიკაში  კი 1804 პაციენტი.

გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1997 შემთხვევა – 18 სექტემბრის მონაცემები

სილქნეტის შეთავაზებები მომხმარებელებს ონლაინ სწავლების ხელშესაწყობად

სილქნეტს არაერთი ხელმისაწვდომი და მარტივი შეთავაზება აქვს  მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კვლავ ამოქმედდა  „დისტანციური სწავლების“ პაკეტი. სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. რეგისტრაცია მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ გვერდზე  https://mobile.emis.ge/ . ავტორიზაციის შემდეგ  „დისტანციური სწავლების“ პაკეტის – 20 GB მობილური ინტერნეტი – 10₾ – გააქტიურება ხდება კოდით *172#. 

სილქნეტი ულიმიტო პირობით, დღიური პაკეტების დიდ  არჩევანს სთავაზობს აბონენტებს: *019# კომბინაციით  შესაძლებელია ულიმიტო ინტერნეტის ჩართვა:

ერთდღიანი პაკეტით – 1₾; 5 დღიანი პაკეტით – 4₾; ღამის ულიმიტო პირობით – 4.9₾

სილქნეტის ულიმიტო ინტერნეტი

 ღამის  პაკეტი მოქმედებს  00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, 30 დღით. პაკეტები  ავტომატურად განახლებადი პირობით ირთვება. 

ასევე კომპანიამ „სილქ კოსმოში“ გააერთიანა პაკეტების ნაკრები, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს აქტივობებს და დღის რეჟიმს. აირჩიოთ დღიური, ორკვირიანი, 28 დღიანი პირობები. 

თვის მანძილზე რამდენჯერმე, კომპანია „სილქფესტის“ აქციებით მინიმალურ ფასად  ულიმიტო ინტერნეტს და უსასრულო სასაუბრო დროს გთავაზობთ. არის  შერეული კომბინაციები, რომელსაც ინტერნეტის გარდა, სასაუბრო პირობები ემატება და მთელი თვით ირთვება.  რადგან შეთავაზებები სისტემატურია, მოგიწევთ თვალი ადევნოთ კომპანიის  facebook და Instagram გვერდებს და ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც „სილქფესტის“ აქციის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ კომპანია. 

თუ ერთწლიან პაკეტს წინასწარ გააქტიურებთ, მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებთ: პირობები ულიმიტოა – 12 თვის განმავლობაში შეუზღუდავად ისარგებლებთ მობილური ზარებით და SMS -ებით,  ავტომატურად ჩაგერთვებათ 1 GB ინტერნეტი.  

ეს შეთავაზება მათ დააინტერესებთ, ვინც ყოველთვიურად იძენდა პაკეტს „მეტი უსასრულო“  და თვეში 25 ლარს იხდიდა.   ერთი წლით გააქტიურების შემთხვევაში, აბონენტი 30%-იან ფასდაკლებას  მიიღებს ულიმიტო მეტის პირობებზე. თქვენ არ დაგჭირდებათ კომბინაციის აკრეფვა ყოველ ჯერზე – 30 დღეში ერთხელ თავისით განახლდება პაკეტი. ერთხელ გადაიხდით მთელი წლის გადასახადს – 300 ლარის ნაცვლად  210 ლარს და ერთჯერადად აკრეფთ კომბინაციას *030# ამ პაკეტის გასააქტიურებლად.  სულ ესაა! – ზოგავთ დროს და ბიუჯეტს!

სილქნეტის ქსელში პორტირება უფასოა; განაცხადი ონლაინ ივსება; თბილისში სასურველ მისამართზე SIM ბარათის მიტანაც – უფასო! მიმდინარე აქციით,  თუ დღესვე დაპორტირდებით, ერთი წლის მანძილზე, ყოველთვიურად 2GB ინტერნეტ პაკეტს  მიიღებთ კომპანიისგან საჩუქრად.

სილქნეტმა მობილური ქსელის სიჩქარის და ხარისხის ტესტირება ამერიკულ კომპანია Ookla-სთან გაიარა და OOKLA® Speedtest Awards-ის ჯილდო დაიმსახურა. უკვე 1 წელია სილქნეტი მილიონზე მეტ მომხმარებელს, ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება. მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის სერვისის დასანერგად, სილქნეტი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და   ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფით ემსახურება მომხმარებლებს. 

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1997 შემთხვევა – 18 სექტემბრის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გამოჯანმრთელდა 1 232 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23% . დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 071 ტესტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 071 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 586 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  593 763-ს შეადგენს .

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.02%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 232 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 558 042- ით.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 498 პირი ემსხვერპლა.

ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 692 შემთხვევა, აჭარა – 124, იმერეთი – 292, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 154, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 197, საიდანაც 5 492 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 163, აჭარაში – 582, იმერეთში – 1 044.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 264 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 138, იმერეთში – 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 345 პირი,  მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 27, იმერეთში – 30.

1 241 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 321 – აჭარაში. 20 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 1.

სულ  6 ოქტომბრიდან – 17 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 153 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 479 ადამიანი.

Exit mobile version