მთავარი,სიახლეები

„ციფრებზე საუბარი მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის“ – მერობის კანდიდატი შუახევში „ოცნებიდან“

18.09.2021 • 1523
„ციფრებზე საუბარი მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის“ – მერობის კანდიდატი შუახევში „ოცნებიდან“

შუახევის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში პრობლემაა სასმელი წყალი, გზა და ინტერნეტი. შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე კი „ბათუმელებთან“ ყველაზე ხშირად იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თანმიმდევრულია.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო ერთი წელი ამ პოზიციაზეა და მანამდე 3 წელი მერის მოადგილე იყო, ომარ ტაკიძეს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო ხედვა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს მუნიციპალიტეტის შემოსავლები. პირიქით, ინტერვიუს დროს რამდენიმე კითხვის დასმა მოგვიხდა იმ კუთხით, თუ რატომ არის კარგი, როცა მეტი დამოუკიდებელი შემოსავალი გაქვს, რითაც მინიმუმ წყლის პრობლემას აგვარებ და, ზოგადად, დამოუკიდებლობა რომ ბევრად ეფექტურია, ვიდრე ზემდგომებთან „მჭიდრო თანამშრომლობა“.

„მჭიდრო თანამშრომლობის“ მნიშვნელობას „ოცნების“ კანდიდატმა ინტერვიუს დროს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი.

  • ბატონო ომარ, რა მიგაჩნიათ დღეისთვის შუახევის ყველაზე დიდ გამოწვევად, რისთვისაც 4 წელი არ გეყოთ? 

ამ პერიოდში შუახევში არაერთი პროექტი განხორციელდა, არსებობს მიღწევები და, რა თქმა უნდა, გამოწვევებიც. მაგალითად, გზების დაახლოებით 60 – 70 პროცენტი უკვე მოასფალტებულია, ან ბეტონის საფარია მოწყობილი. შიდა სასოფლო გზები ბევრ სოფელშია გამოწვევა. წყალმომარაგების კუთხითაც გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები…

  • წყალმომარაგებაზე შევჩერდეთ – თქვენი ოპონენტები სასმელ წყალს ასახელებენ შუახევის მთავარ პრობლემად. რატომ ვერ გვარდება დღემდე ეს პრობლემა? 

რამდენიმე სოფელში განხორციელდა წელს წყალმომარაგების კუთხით პროექტი, მაგალითად, ფურტიო-ბარათაული-ნენიას წყალსადენი მოეწყო, ამ სოფლებს წყლის პრობლემა აღარ აწუხებთ. მუშაობა გრძელდება… შუახევის 16 სოფელში არის დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება „აჭარის წყლის ალიანსთან“ ერთად, ამისთვის 700 ათასი ლარია გამოყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია „აჭარის წყლის ალიანსის“ მუშაობა გერმანელ ექსპერტებთან ერთად. პროექტი ითვალისწინებს საკანალიზაციო სისტემის მოწყობასაც. ეს ზემომთიან აჭარაში ამ დრომდე არ ყოფილა.

ასევე ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სამელიორაციო, სარწყავი სისტემების მოწყობაზე, არაერთი სარწყავი ნაგებობის შეკეთება მოხერხდა ბოლო წლებში. ჩვენ თანმიმდევრული მიდგომა გვაქვს.

  • რას გულისხმობთ „თანმიმდევრულ მიდგომაში“, როცა წყლის პრობლემაც ჯერ კიდევ მოგვარებული არ არის? რატომ ვერ ამბობთ, რომ ფული არ გაქვთ საკმარისი? 

რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა უფრო მოკლე დროში სამუშაოების განხორციელება. პრობლემა არის ის, რომ წყლის დებეტი ხშირად არის საკმაოდ მოშორებით. მაგალითად, დაბაში წყალი მოდის 30 კილომეტრის სიშორიდან. ერთი ხელის დაკვრით ყველგან პრობლემის მოგვარება შეუძლებელია… წყალმომარაგების აღნიშნული საკითხის სრულფასოვნად აღმოფხვრა თანმიმდევრულად ამიტომაც ვახსენე.

ბოლო 4 წელიწადში ჩვენ დაახლოებით 10 – 11 მილიონი ლარი დავხარჯეთ შუახევის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისთვის. ეს ეხებოდა სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა უბანში წყლის სისტემის გაუმჯობესებას, ასევე სათავე ნაგებობების მოწყობას. იგეგმებოდა თანმიმდევრული ნაბიჯები, მაგრამ ფინანსები არ იყო საკმარისი.

  • საინტერესოა, როგორც მერმა, რა გადაწყვეტილებები მიიღეთ, რომ გაზრდილიყო შუახევის დამოუკიდებელი შემოსავლები

კი ბატონო, შუახევის მუნიციპალიტეტის შემოსავლები არ არის საკმარისი. შემოსავლები ძირითადად შემოდის ქონების გადასახადებიდან, მაგალითად, 3 მილიონ 300 ათასი შემოდის ჰესიდან. კურორტ „გომარდულიდანაც“ შემოდის გარკვეული შემოსავალი. ჩვენ ამ შემოსავლების გაზრდაზე უნდა ვიმუშაოთ. ამისთვის ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აჭარის მთავრობასთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ამ მჭიდრო თანამშრომლობით შევძელით ის, რომ, მაგალითად, ბათუმი – ახალციხის გზის მონაკვეთი შუახევის 10-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი დაფინანსდა, ასევე კულტურის სახლის რეაბილიტაცია, კაპიტალურ ტრანსფერებს ვიღებთ…

  • ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის გაზრდის რესურსზე გკითხეთ და არა ტრანსფერებზე. მაგალითად, მუნიციპალური ქონების გასხვისება ისევ შუახევის ადგილობრივ ბიუჯეტზე რომ აისახოს.  

ვფიქრობ, შუახევის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს ტურიზმით, სოფლის მეურნეობის განვითარებით.

დაგეგმილია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა ჭვანის ხეობა და ჩირუხში ზიპლაინის პროექტი. ეს ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც. ეს სერიოზული პროექტებია და მიზიდულობის ცენტრს გააჩენს სხვადასხვა ხეობაში. ფინანსები მოედინება მუნიციპალიტეტში და ეს არის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი.

რაც შეეხება მუნიციპალური ქონებიდან შემოსავლების გაზრდას, ეს ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიაროთ. ის ქონება, რომელიც საინტერესოა მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენ ამ ქონების მოთხოვნასაც ვაწარმოებთ და გადმოგვეცემა მიზნობრივად მისი განკარგვისთვის, მაგალითად, სპორტული მოედნის მოსაწყობად, თუ სხვა ტიპის ღონისძიების განსახორციელებლად. ამ თანამშრომლობის პრაქტიკა გვაქვს. საჭიროებების შესაბამისად უნდა გაგრძელდეს შემოსავლების გაზრდის კუთხით მუშაობა.

  • მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურის გადასახადი რომ ადგილზე, შუახევში დარჩეს, ამაზე გქონიათ საუბარი? 

შეიძლება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა, ფიქრი, მსჯელობა. 2021 წელს შუახევის ბიუჯეტი 16 მილიონს ლარს აჭარბებს, ხოლო სხვადასხვა პროექტით მუნიციპალიტეტში დაახლოებით 30 მილიონი დაიხარჯება სხვადასხვა უწყებისგან. მთავარი ესაა, რომ საჭირო თანხების და რესურსების მოზიდვა შევძლოთ.

  • რატომ ვერ მოახერხეთ ეს აქამდე – შუახევის სოფლებში ბავშვებს ინტერნეტიც კი არ აქვთ. 

გესაუბრეთ პროექტებზე, რასაც წინ უზარმაზარი შრომა უძღოდა, მაგალითად, გზების მშენებლობას, იგივე კულტურის სახლი. ამ პროექტების შემუშავებას წინ უზარმაზარი შრომა ახლდა: პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, კონსულტაციები, ტენდერებამდე მისვლა…

პრობლემაა ინტერნეტიზაცია, მაგრამ ყველა სკოლას აქვს ინტერნეტი, ხოლო პანდემიის დროს გამოიკვეთა სხვა საჭიროება და გონივრულ ვადაში დარწმუნებული ვარ ესეც მოგვარდება.

  • ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას როგორ ხედავთ, რაც ავტომატურად თქვენი დამოუკიდებლობის ხარისხსაც გაზრდიდა? მაგალითად, მუნიციპალური ქონებიდან მიღებული შემოსავლები…

ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, რომ ქონება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა და არსებობს დასაბუთება, ხდება მისი გადმოცემა. მაგალითად, სოფელ ბაღოშვილებში სკოლასთან გადმოგვცეს მიწა, სადაც უნდა მოვაწყოთ სპორტული მოედანი. ასეთი თანამშრომლობა გვქონდა წინა წლებშიც.

  • პირიქით გვაინტერესებს. მაგალითად, როცა კურორტ გომარდულზე გადაეცით მიწა აჭარას, შეთანხმება რომ ყოფილიყო და გადასახადები ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულიყო. 

ეს არის ციფრებზე საუბარი, რომელიც მოსახლეობისთვის საინტერესო არ შეიძლება იყოს. ჩვენ ვიღებთ კაპიტალურ და სპეციალურ ტრანსფერებს. მთავარია, რომ ჩვენთან შემოვიდეს ეს შემოსავალი.

  • მაგრამ ეს არ არის საკმარისი თუნდაც წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. გირჩევნიათ, ცენტრზე დამოკიდებული იყოთ? 

2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მაშინ აქ არცერთ გზაზე ასფალტი და ბეტონის საფარი არ იყო. დღევანდელი მდგომარეობით კი, გზების 70 პროცენტზე მეტი მოწესრიგებულია. კი ბატონო, რჩება გამოწვევა დანარჩენი სოფლები, წყალმომარაგებაზეც უკვე გითხარით, რა თანმიმდევრული ნაბიჯები იდგმება. რა თქმა უნდა, ერთი ხელის დაკვრით ჯადოსნური ჯოხის პრინციპი არ არსებობს, რომ პრობლემები უცებ მოგვარდეს.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ თქვენი ერთ-ერთი კონკურენტის – შალვა გოგიტიძის შესახებ. ის ამბობს, რომ ფორმალურად დაასაქმეთ თქვენს თანაშემწედ, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერი და ამ არჩევნებზეც სთხოვდით დახმარებას თანამდებობის მიღების სანაცვლოდ. ადასტურებთ ამას? 

კონკურენტებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს.

—————————————

შუახევის მერობის სხვა კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილები ნახეთ აქ:

„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე

 

„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: