მთავარი,სიახლეები

30-მდე ადგილი ბათუმში, სადაც მოქალაქეები სკვერის მოწყობას ითხოვენ – რას უპასუხებს მერია

16.09.2020 • 1959
30-მდე ადგილი ბათუმში, სადაც მოქალაქეები სკვერის მოწყობას ითხოვენ – რას უპასუხებს მერია

არაფერი იცავს მწვანე სივრცეს ბეტონის კედლად გადაქცევისგან, მით უმეტეს მაშინ, როცა მას სკვერის ან პარკის სტატუსი არ აქვს. ხოლო თუ ეს მწვანე სივრცე ზღვასთან ახლოსაა, ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მწვანე ფერი, რომელსაც შენი ფანჯრიდან ხედავ, განაცრისფრდება, ფერადი საბავშვო ატრაქციონის ნაცვლად კი შენი ფანჯრის წინ დიდი კედელი ამოვა, რომელიც არამხოლოდ სივრცეს გიკეტავს, გართმევს გამწვანებულ დასვენების ადგილს, საზოგადოებრივ სივრცესაც.

ამას ემატება მთელი რიგი პრობლემები შენს ახალ საცხოვრებელ გარემოში – ბავშვები კარგავენ გასართობ ტერიტორიას, ვიწროვდება ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი. შენს ბინაში კი იკლებს მზის სხივის შემოღწევის შესაძლებლობა და ასე მატულობს პრობლემების უსასრულო ჩამონათვალი.

სპეციალისტები ბოლო წლებში სულ უფრო მეტს საუბრობენ ბათუმში ჰაერის გადანაწილების პრობლემაზე, რაც, მათივე თქმით, ზღვიდან მომავალი ნაკადების დიდი შენობებით დაბლოკვამ გამოიწვია.

ამ ვითარებაში ეზოებს, სადაც პატარ-პატარა და ზოგ შემთხვევაში მოზრდილი გამწვანებული ადგილები ისევ შემორჩა, მოქალაქეები განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან ყველა უცხო პირს, რომელიც მათ მწვანე ეზოს ობიექტივზე აფიქსირებს.

„ვინ ხარ? რისთვის მოხვედი? რატომ იღებ?“ – აქ მცხოვრებლებს ეშინიათ, რომ არ დაკარგონ ის მწვანე სივრცეები, რაც ქალაქში სამშენებლო ბუმის ფონზე შემორჩათ. ასეთი პრაქტიკა ქალაქს აქვს.

     როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში

აზა გაბუნია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პროექტის ფარგლებში – „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“ –  გამწვანებული ტერიტორიები ფეხით შემოიარა, აღრიცხა და იქვე მცხოვრები მოქალაქეების სურვილებიც მოინიშნა. პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

„ამ ადგილების უმეტესობას მოვლა სჭირდება – ზოგან დანაგვიანებულია, არ არის განათება, ბალახის საფარი გასაკრეჭია. მწვანე სივრცეები ვნახეთ ისეთ საზოგადოებრივ დაწესებულებებთან, როგორიცაა სკოლები და ბაღები, მჭიდროდ დასახლებული ეზოები, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადგილებს სტატუსი მიენიჭოს და იყოს დაცული“, – ამბობს აზა.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/804770183665814/UzpfSTEwMDAwMDU4MzA2MzIwNDozODg3MDczMzU3OTg4NzI4/

პროექტი ქალაქში ისეთი გამწვანებული ტერიტორიების შესწავლას ისახავდა მიზნად, რომლებსაც სტატუსი არ იცავს და, შესაბამისად, მათ მოვლაზე მერია არ ზრუნავს. პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა შექმნეს მონიტორინგის ჯგუფი და ბათუმში ასეთი 30-მდე გამწვანებული ნაკვეთი მონიშნეს, რომელთაც, მათი აზრით, სკვერის სტატუსი უნდა მიენიჭოს. მათ ასევე მოამზადეს რუკა, რომელზეც ეს ტერიტორიები გაამწვანეს.

ჯგუფის წევრების მონათხრობით, ასეთ ადგილებში – განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მოსახლეობასთან ახლოსაა ან სამეზობლო ეზოებია, ნახავთ სხვადასხვა ხეხილს, ფანჩატურებს, სკამებს, თუმცა, იმის გამო, რომ ახლოს სანაგვე ურნები არ დგას, მათგან ბევრი დანაგვიანებულია. ამის გარდა, მათი უმეტესობა არ არის კარგად განათებული და ადაპტირებული შშმ პირებისთვის. თუმცა ამ ყველაფერს გარკვეული პლუსებიც აქვს – ასეთი სკვერები სტატუსმინიჭებული სკვერებისგან ბუნებრივი საფარით და ხელშეუხებელი სიმწვანით, არათუ დეკორატიული ბუჩქებით, არამედ მრავალწლოვანი ხეებითა და ბუნებრივი სიმწვანით გამოირჩევა. ეს ადგილები პატარა ხელშეუხებელ ნაკრძალებს ჰგავს.

შეიძლება ბევრმა არც იცოდეს ბათუმში ასეთი „მწვანე კუნძულის“ არსებობის შესახებ. ამ ადგილს სკვერის სტატუსი არ აქვს, არც სკამებია განთავსებული, თუმცა ახლოს მცხოვრები ახალგაზრდები ზაფხულობით ამ ადგილს დასასვენებლად ხშირად ესტუმრობენ. ეს ადგილი ერთ-ერთია მათ შორის, რომლისთვისაც „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ სკვერის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ადგილი აეროპორტის დასახლებაშია.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ისიც, რომ სკვერები, რომლებიც უკვე მოწყობილია და პირობითად აქვს მინიჭებული სახელები, არც ერთი ბრძანებით არ დასტურდება, რომ მათ აქვთ სკვერის სტატუსი.

მონიტორინგის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის სპეციალისტები მუშაობენ დოკუმენტზე, რომლითაც მიმართავენ მერიას ამ ადგილებისთვის სკვერის სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყების მოთხოვნით.

ორგანიზაციამ ერთ-ერთ დიდ გამწვანებულ ზონად შეარჩია ჭოროხის დელტაც, რომელიც გონიოს პოლიგონით გრძელდება, პროექტის მონაწილეები აპირებენ ამ ადგილისთვის ტყეპარკის სტატუსის მინიჭება მოითხოვონ.

კანონმდებლობით ტყე-პარკის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ბუნებრივი ლანდშაფტით და მცენარეების ხშირი საფარით დაფარულ ტერიტორიას, მონიშნული ბილიკებით და პიკნიკებისთვის გამოყოფილი ადგილებით. ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ჭოროხის დელტაშია და 314 ჰექტარს მოიცავს, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია. 2017 წელს იყო საუბარი აქ ტყე-პარკის მოწყობაზეც, თუმცა დღემდე გაურკვეველია მისი ბედი.

პროექტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა აქტიურობით შესაძლებელია ეს ტერიტორია ქალაქის უმნიშვნელოვანეს რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბათუმს ამ დრომდე ტყე-პარკი არ აქვს.

პროექტი მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათ ჩართულობასაც ითვალისწინებდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, მახინჯაურში მცხოვრები მიშა ჩურკვეიძე მონიტორინგის მონაწილეებს მოუყვა, რომ მის უბანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ გამოწვევებთან ერთად აქტუალურია მახინჯაურის პარკის მოვლა-პატრონობის საკითხი. მიშამ გაგვაცნო, თუ რა მდგომარეობაშია აღნიშნული სივრცე და ასევე გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება პარკის მდგომარეობის გაუმჯობესება.

„პარკში პირველი პრობლემა ის არის, რომ წყალი დგება წვიმის დროს, სანიაღვრეებია გასაკეთებელი. მეორე ისაა, რომ ბავშვთა მოედანს სჭირდება ისეთი საფარი, რომელიც წყალს ატარებს. ზოგი საქანელა ისეთ მდგომარეობაშია… ჟანგი ჭამს, არამგონია ნახევარი წელიც რომ გაძლოს. პარკის უკან არის ერთადერთი სტადიონი მახინჯაურში, რომელსაც შესასვლელი აქვს სხვა მხრიდან – გაცილებით უკეთესი იქნება, თუ პარკიდან გააკეთებენ შესასვლელს“, – ამბობს მიშა ჩურკვეიძე.

მიშას მერიისთვის კიდევ ერთი საინტერესო რჩევა აქვს:

„პარკის გამწვანება აუცილებელია, ოღონდ ნაძვებით და არა პალმებით. ნესტიან ტერიტორიაზე პალმებს მაინც ვერ გაახარებენ სათანადოდ. რაც შეეხება სკამებს, ისეთი სკამები უნდა დაიდგას, რომელსაც ვერ გადადგამენ ვერსად. ქვაფენილიც შესაცვლელია, განათებაც ისეთია საჭირო, რომელსაც ვერ მოარყევენ”.

მახინჯაურის პარკი

მონიტორინგის პროცესი

„ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია… ბათუმს უნდა გააჩნდეს მეტი გამწვანების სივრცე“ – ეს არის ქალაქში „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების ერთ-ერთი მთავარი მესიჯი საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ.

რამდენად რეალურია მმართველი პარტიის დანაპირები ბათუმში ახალი პარკებისა და სკვერების შექმნაზე, სახელისუფლებო გუნდში მართლა გაიაზრეს საზოგადოების ეს დაკვეთა, თუ მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა, არჩევნებამდე გამოჩნდება, რადგან პროექტის ავტორები აპირებენ ეს დოკუმენტები საკრებულოს ოფიციალურად არჩევნებამდე წარუდგინონ და მოსთხოვონ მხარი დაუჭირონ ბათუმში სკვერებისა და პარკების მოწყობას.

___

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: