„ფაზი“ – განავითარე გონება თამაშით

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პანდემიის დროს გაჩენილი მთავარი დეფიციტი ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა და ამ ურთიერთობით გამოწვეული ემოციები, ხალისი და ბედნიერებაა. შინ შეკეტილებს ყველაზე მეტად სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობა მოგვენატრა და, შესაბამისად, ისეთი საქმიანობების გახსენება დავიწყეთ, რაც მანამდე მივიწყებული გვქონდა. ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა სამაგიდო თამაშები, რომლებიც ბოლო 2 წელიწადში პანდემიამ  მთელ მსოფლიოში ლამის კომპიუტერულ თამაშებზე პოპულარული გახადა. სწორედ ამ პანდემიის დროს გაჩნდა  კომპანია „ფაზის“ შექმნის იდეაც, რომელიც გიორგი ბახუტაშვილმა და ალექსანდრე კინკრიაშვილმა თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით უმოკლეს დროში რეალობად აქციეს.

„სხვა ბიზნესის ფარგლებში თიბისისთან ურთიერთობის 8 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის ის ბენეფიტები, რასაც თიბისი გვთავაზობს, განსაკუთრებით პიარის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, იდეის რეალობად გადასაქცევად თიბისის მივმართეთ და მათი მხარდაჭერით შევიძინეთ პირველი პროდუქცია „ფაზისთვის“, რომლის სახელწოდებაც ფაზლიდან მომდინარეობს. სწორედ ფაზლები იყო იდეაში ჩვენი მთავარი პროდუქტი, რომელსაც შემდეგ სხვა სახეობებიც მიემატა“, – ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ბახუტაშვილი.

„ფაზი“ გონების განმავითარებელი სათამაშოების – ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო-კონსტრუქტორების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა და დღეისათვის უკვე 500-მდე ასორტიმენტის პროდუქციას აერთიანებს. „ფაზის“ ძირითადი მომხმარებელი 18-დან 45 წლამდე ადამიანია, თუმცა მის ვებგვერდზე ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის სათავისო თამაშს, რომელსაც, როგორც გიორგი ამბობს, გართობის გარდა, “ტვინის ჭყლეტის” ფუნქციაც აქვს.

მრავალნაირი ფაზლისა და ყველაზე გაყიდვად სამაგიდო თამაშების – კატანის (Catan), სპლენდორის (Cities of Splendor), დიქსითის (Dixit!) გვერდით, განსაკუთრებულად პოპულარულია ქართული კომპანიების მიერ შექმნილი თამაშებიც, როგორიცაა „გორგასალი“ და „არ მოსულა“.

პროდუქციის ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის გარდა, „ფაზს“ სხვა ონლაინ მაღაზიებისგან მომხმარებელთან სწრაფი კომუნიკაცია და მიწოდების სწრაფი სერვისიც (3 სამუშაო დღემდე) გამოარჩევს. გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ ეს სამი ფაქტორი მათი კონცეფციის საფუძველია, რამაც მათ ერთი წლის თავზე 11 000 გამომწერი, მომხმარებლის ყოველდღიური პოზიტიური უკუკავშირი და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად დიდი მოტივაციაც  მოუტანა.

„თუკი რამდენიმე წლის წინ ამ პროდუქციის ყიდვა ქართველ მომხმარებელს მხოლოდ ამაზონზე შეეძლო, დღეს ჩვენს საიტზე www.puzz.ge შეუძლია, სადაც ასამდე სახეობის ფაზლია წარმოდგენილი. მომავალშიც გვინდა, ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანმა შეძლოს ჩვენთან თავისი გემოვნებისა თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე, რომლებსაც სხვადასხვა მომწოდებლებისგან ვუყრით თავს როგორც ადგილობრივად ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.“

ერთი წლის თავზე მოპოვებული წარმატება „ფაზისთვის“ უკვე არის იმის დასტური, რომ ბიზნესმა გაამართლა. კიდევ ერთი წლის თავზე კომპანია, ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად,  უკვე შოურუმის გახსნას გეგმავს. განსაკუთრებული სიახლე კი ფაზლების ქართველი მოყვარულებისთვის სულ მალე დაგეგმილი ახალი მომსახურება იქნება, რომლის ფარგლებშიც თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ნახატსა თუ სურათს „ფაზი“ უმოკლეს დროში ფაზლად აქცევს.

ბრეგაძე სააკაშვილზე: არავის მკვლელობაზე ხელს არ ვაწერ, ღმერთმა დამიფაროს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე, პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, „აწერს თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაზე“. მინისტრის თქმით, მსგავსი კითხვის დასმა დაუშვებელია.

„რას ნიშნავს, რომ ხელს აწერთ ვინმეს მკვლელობაზე? ერთი ფაქტი მაინც თქვით. სტრასბურგის სასამართლომ რა მოუწოდა [მიხეილ სააკაშვილს]? – მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ნახეთ, მან შეწყვიტა შიმშილობა? თქვენ შეკითხვას სვამთ, რომ ხელს აწერთ მკვლელობას? – არავის მკვლელობაზე ხელს არ ვაწერ. ღმერთმა დამიფაროს. ეს არის ყოვლად დაუშვებელი მსგავსი შეკითხვის დასმა. ეს არის ის, რასაც ავრცელებენ შეგნებულად.

თუკი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და სახელმწიფო. ეს სახელმწიფო ზრუნავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს, პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის არის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი.

რატომ მოუწოდებდით, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა. ერთხელ მაინც თუ მოუწოდეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. მოუწოდებენ, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში… ჩვენი მიზანი არის აბსოლუტურად კეთილშობილური – ჩვენ მოვუწოდებთ და თხოვნით მივმართავთ ყველა მოშიმშილეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ამას გვავალებს ჩვენ მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა.

თქვენ ხელს აწერთ მკვლელობას? – ამ შეკითხვის დასმა არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. თქვენ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ჩვენ ყველა დონეზე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც. რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

„ჯანმრთელობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა. ამიტომ ექიმებს უნდა მივცეთ ჩვენ ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა… რადგან ესოდენ საინტერესო გახდა თითოეული დეტალი, რომელიც შეეხება ჯანმრთელობას, სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ პროაქტიულ რეჟიმში გააკეთებენ განცხადებებს ექიმები პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.

___

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 46 დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის მოწოდებისა, რომ სააკაშვილი გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში, ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს აღნიშნულზე და ირწმუნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით კი ეს ასე არ არის.

ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის პირს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, ბრალდებულმა ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ წარმომადგენელები დაარწმუნა, რომ შემოიყვანდა ინვესტორს, რომელიც ასოციაციის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას მას შემდეგ შეიძენდა, რაც აღნიშნული ქონება მასზე, როგორც ინვესტორისთვის სანდო პირზე, გადაფორმდებოდა.

„აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელშიც მიეთითა, რომ თითქოსდა ბრალდებულმა გადაიხადა უძრავი ქონების ღირებულება – 800 000 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნულის შედეგად, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ბორჯომში, ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ კუთვნილ 4652 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს“ – იუწყება პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმი ავტოინდუსტრიაში – Range Rover-ის ახალი მოდელის ერთ-ერთი ფერი Batumi Gold -ია

ბათუმი მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა. ამჯერად, საქართველოს ზღვისპირა ქალაქი მსოფლიოს ავტომოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცა. 26 ოქტომბერს Land Rover-მა Range Rover-ის ახალი მოდელი წარადგინა. ბრიტანული ავტოგიგანტის ყველაზე სასურველი მოდელი ახლა უფრო მოდერნიზებული, დახვეწილი და მინიმალისტურია. რამდენიმე სხვადასხვა ფერს შორის ერთ-ერთ  ძვირადღირებულ ფერს დიზაინერებმა Batumi Gold უწოდეს.

როგორც ჩანს, Range Rover-ის შემოქმედებითი გუნდი ბათუმის შთამბეჭდავი ხედებითა და მზის ჩასვლით მოიხიბლა. ავტომობილის ახალი ფერი სწორედ ზღვაში ჩამავალ მზესთან ასოცირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელიც მე მოვისმინე, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბათუმს შემოდგომაზე ესტუმრა და Batumi Gold-ის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. გარდა მზის ჩასვლისა, მასზე შთაბეჭდილება ყვითელი ფოთლებით სავსე ბათუმმაც მოახდინა. შემოდგომა და ბათუმი არასდროს ასოცირდებოდა ერთმანეთთან. ახლა, მზის ჩასვლასთან ერთად, ბათუმის ხსენებისას ეს საინტერესო ამბავიც გაგვახსენდება. ამ ისტორიას და იმას, რომ ავტომობილის ერთ-ერთ ფერს Batumi Gold დაარქვეს, მთელი მსოფლიო გაიგებს და საქართველო ყურადღების ცენტრში მოექცევა,“ – აცხადებს მრბოლელი და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მევლუდ მელაძე

Range Rover-ის ახალი მოდელის პრეზენტაცია ავტომოყვარულთა სამყაროში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან მსოფლიო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის ახალ ვერსიას რამდენიმე წელი ელოდა. პრეზენტაციას ონლაინ რეჟიმში თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა.

„ძალიან საამაყოა. როცა პირველად გავიგე, რომ Range Rover-ის ერთ-ერთ ფერს Batumi Gold დაარქვეს, სიამაყით აღვივსე. ზოგადად Range Rover საკმაოდ საიმედო და წარმომადგენლობითი ბრენდია, ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელი გაჟღერდა ამ ღონისძიებაზე და ასეთი მოთხოვნადი ავტომობილის ფერი ბათუმის ინსპირაციით შეიქმნა,“ – ამბობს მრბოლელი დათა ქაჯაია.

ბათუმის მზის ჩასვლა არაერთხელ გამხდარა ხელოვანების ინსპირაციის წყარო. თუმცა, ბრიტანული ავტოგიგანტის მიერ ზღვისპირა ქალაქის სახელის გაჟღერების შემდეგ, ქართველ ხელოვანებს სიამაყის შეგრძნება ეუფლებათ, რადგან ბათუმი კიდევ ერთხელ მოინიშნა მსოფლიო რუკაზე.

ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი, ამ სიახლის მოსმენის შემდეგ, ბათუმზე თავის პირველ შთაბეჭდილებებს იხსენებს.

„მაშინ ბათუმი სულ სხვანაირი იყო, ერთსართულიანი, შეიძლება ითქვას. მაგრამ ის, რამაც მე მომხიბლა, დღემდე შენარჩუნებულია. საერთოდ, ზღვისპირა ქალაქები სხვა ქალაქებისგან იმით განსხვავდებიან, რომ იქ მეტი თავისუფლებაა, მეტი გახსნილობა. პირველად ბათუმში 90-იანების დასაწყისში ჩავედი. მაშინ თითქოს სახლები გემის საღებავებით იყო შეღებილი, თითქოს გახუნებული და გაცრეცილი იყო. ეს ფერები და გახსნილობა იყო ჩემთვის მთავარი, რაც ბათუმს სხვა ქალაქებისგან განასხვავებდა. იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადავიღე კიდეც. წლების განმავლობაში ბათუმი შეიცვალა, გადასხვაფერდა, მაგრამ მთავარი მაინც დარჩა – ზღვისპირა ქალაქის გახსნილობა, რაც ყოველთვის გიზიდავს. არ გრძნობ, რომ ეს სხვისი ქალაქია. შენ არ ხარ ბათუმელი, მაგრამ გრძნობ, რომ ეს შენი ქალაქიც არის. უცხოდ არასდროს გრძნობ თავს, გინდა, რომ იქაური იყო და ისეთი უბრალოებით იცხოვრო,“ – ამბობს გურამ წიბახაშვილი.

ბრიტანული ავტოგიგანტი მხოლოდ ბათუმის სილამაზით არ მოხიბლულა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისის წარმატებულმა მუშაობამაც. ოფისი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.

„გვიხარია, რომ ბათუმის სილამაზემ და Land Rover საქართველოს ოფისის წარმატებამ ახალი Range Rover-ის შემქმნელებზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა. მთელი მსოფლიოს ავტომოყვარულები გაიგებენ ბათუმისა და საქართველოს შესახებ, რაც ნამდვილად საამაყოა. ახალი Range Rover-ის წარდგენას ავტომოყვარულთა სამყარო რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდა, ამიტომ ეს არ არის უბრალო ღონისძიება. ეს წლის მოვლენაა, რომელსაც ონლაინ რეჟიმში უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. საქართველოში Range Rover-ის ახალი მოდელით უკვე დაინტერესდნენ, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქართველ მომხმარებელს ტესტ დრაივი რაც შეიძლება მალე შევთავაზოთ. Range Rover-ის განახლებული მოდელები საქართველოში 2022 წლის გაზაფხულზე ჩამოვა.“ – აცხადებს თამუნა დიასამიძე, ჯი-თი მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დიზაინერებმა Range Rover-ის განახლებული მოდელის ძირითადი კლასიკური მახასიათებლები შეინარჩუნეს. ამიტომ, ერთი შეხედვით არის შესაძლებელი იმის მიხვედრა, რომ ნამდვილად Range Rover-ს ვუყურებთ. დიზაინი მოდერნიზებულია, სტილი კი მეტად დახვეწილი და მინიმალისტური. შეიძლება ითქვას, რომ Range Rover-ის არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული მოდელი ყველაზე კომფორტული და მდიდრული SUV-ია.

ავტომობილი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. მაგალითად, Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. ჰაერის წმენდისა და ხმის იდეალური იზოლაციის უნიკალური სისტემები კი ახალ Range Rover-ს კიდევ უფრო სასურველს ხდის.

ნოვაციაა ისიც, რომ საჭის დატრიალებისას, ავტომობილის ოთხივე თვალი მოძრაობს. შესაბამისად, ახალი Range Rover მარტივად მანევრირებს ქალაქში, პარკინგსა და ვიწრო გზებზეც.

წინა მოდელებთან შედარებით, ახალი Range Rover 12%-ით უფრო აეროდინამიკული, 24%-ით ნაკლებად ხმაურიანი და 50%-ით გამძლეა.

აჭარაში კოვიდის 210 ახალი შემთხვევაა | 16 ნოემბერი

16 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში აჭარაში 5 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

მთავრობის ცნობით, დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 549 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 232 ინფიცირებული.

16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 5204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 83 პაციენტი გარდაიცვალა.

ბათუმში გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ნოემბრის 21 საათიდან 17 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 18-19 ნოემბერს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

83 პაციენტი კოვიდით გარდაიცვალა, დადასტურდა 5204 ახალი შემთხვევა

16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის  5204 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 52 834 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 83 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

15 ნოემბრის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,85%, ბოლო 14 დღის – 9,85%, ბოლო 7 დღის – 9,25%.

დღეის მონაცემებით, კოვიდკლინიკებში იმყოფება 6 718 ინფიცირებული.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარაში – 210, იმერეთში – 1 008, ქვემო ქართლში – 308, შიდა ქართლში – 435, გურიაში – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 443, კახეთში – 384, მცხეთა-მთიანეთში – 168, სამცხე-ჯავახეთში – 168, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -75.

რას სთავაზობს ბათუმის მერია იმ ოჯახებს, რომელთა კორპუსის ფასადზეც ბათქაში ჩამოიშალა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის თქმით, ისინი ამაღამვე გაიყვანენ რურუას ქუჩის #1-ში არსებული კორპუსის მცხოვრებლებს სასტუმროებში. გრძელვადიანად კი, კორპუსს ჩაუტარებენ ექსპერტიზას.

„კორპუსის მდგომარეობის შეფასება და დაიგეგმება შემდეგი რა ღონისძიებები გატარდება კორპუსთან მიმართებაში.

ექსპერტიზის მიხედვით გადაწყდება კორპუსზე გამაგრებით სამუშაოები ჩატარდება, თუ მდგომარეობა უფრო მძიმეა და ჩატარდება დემონტაჟი.

10 დღის წინ მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომლებმა ვიზუალურად დაათვალიერეს კორპუსი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გადაწყდება რა უნდა ვუყოთ კორპუსს.

კორპუსი სიღრმისეული კვლევა უფრო ხანგრძლივ დროს მოითხოვს. შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ჩამოვლენ მათი ექსპერტები ამ კორპუსის შესაფასებლად. ეს დროში იქნება გაწელილი პროცესი“.

სინამდვილეში, ჯერ კიდევ 2019 წელს, „ბათუმელები“ ბათუმის მერიაზე დაყრდნობით წერდა, რომ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ბათუმში მდებარე 34 ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა. ეს დასკვნები სამხარაულმა 2017-2018 წლებში დადო.

აი, რას წერია რურუას ქუჩის #1-თან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებულ დასკვნაში:

რურუას ქ. #1 – საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერებით მისი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა კონსტრუქციული ელემენტების სახეობიდან გამომდინარე მიეკუთვნება კაპიტალურობის III გჯუფს და მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 100 წელს. ნათლად ჩანს, რომ დაზიანებები შენობას მიყენებული აქვს მოუვლელობით, კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დიდი ხნის მანძილზე ჩაუტარებლობით და მოსახლეობის მიერ შიდა თვითნებური გადაკეთებების მეშვეობით. მიზეზს წარმოადგენს აგრეთვე დაზიანებული წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები, რის გამოც სარდაფებში პერიოდულად ხდება წყლის დაგროვება. ფუძე-გრუნტის მზიდუნარიანობის შესუსტებისა და გამორეცხვის შედეგად, შესაძლებელია მოხდეს ჯდენითი დეფორმაციების განვითარება, რაც ისედაც ავარიული შენობის (ამაზე მეტყველებს შენობაზე არსებული მჭიმები) კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხეს შეუქმნის. შენობის გამაგრება და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ჩასატარებელი სამუშაოების არარენტაბელურობიდან გამომდინარე. ოჯახების რაოდენობა – 72.

___

ამავე თემაზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/195417/

ბათუმში, ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ – Video

ბათუმში, რურუას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა – ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განუცხადა.

უკვე თითქმის ერთი საათია, ბათუმში, რურუას ქუჩის # 1-ში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი სიცოცხლისთვის საშიშია.

კორპუსში მცხოვრებლებს ამ წუთებში [11:00] ბათუმის მერიის წარმომადგენლები ხვდებიან და ადგენენ იმ ოჯახების სიას, ვისაც სასტუმროებში გადაიყვანენ. კორპუსის ზოგიერთმა მცხოვრებმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ არ აპირებს სასტუმროში გადასვლას და ეზოში, ავტომანქანაში გაათევენ ღამეს. სხვები კი აცხადებენ, რომ მიიღეს მერიის შეთავაზება და სასტუმროებში გადადიან.

ლელა სურმანიძის თქმით, „მოსახლეობა არის შეშინებულია – ჩვენ მათ ვთავაზობთ უსაფრთხო ადგილზე გაყვანას, ყველა ოჯახს გავიყვანთ სასტუმროში. ჩატარდება კვლევა, კორპუსის მდგომარეობის შეფასება და დაიგეგმება შემდეგი რა ღონისძიებები გატარდება კორპუსთან მიმართებაში.

ექსპერტიზის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ამ ადამიანების გრძელვადიანად გაყვანა ქირაში, რომელსაც მერია სრულად უზრუნველყოფს. ექსპერტიზის მიხედვით გადაწყდება კორპუსზე გამაგრებით სამუშაოები ჩატარდება, თუ მდგომარეობა უფრო მძიმეა და ჩატარდება დემონტაჟი.

ამ სახლზე დეტალური კვლევა არ არის ჩატარებულ. 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ 250 განცხადებაა შემოსული, მათ შორის ამ კორპუსიდანაც. ყველაზე გვქონდა რეაგირება, ჩატარდა ვიზუალური დათვალიერება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, როდესაც სიღრმისეული კვლევა ჩატარდება, გადაწყდება რა უნდა ვუყოთ კორპუსს.

10 დღის წინ ინფრასტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ და ვიზუალურად დაათვალიერეს. სიღრმისეული კვლევა კორპუსი უფრო ხანგრძლივ დროს მოითხოვს. შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ჩამოვლენ მათი ექსპერტები ამ კორპუსების შესაფასებლად. ეს დროში იქნება გაწელილი პროცესი“.

___

 

ყველაფერი სქოლიოზის, ანუ ხერხემლის გამრუდების შესახებ – ექიმის რჩევები

ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სივრცეში, იგივე სქოლიოზი, გავლენას ახდენს ყველა ასაკის ადამიანზე, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც მოზარდებშია გავრცელებული. სქოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სხეულის დეფორმაცია, არამედ სხვადასხვა გართულება, მათ შორის, თავისა და ზურგის ტკივილი, რაც უფრო მოზრდილ ასაკში იჩენს თავს.

კონკრეტული მანიპულაციებითა და სისტემატური დაკვირვებით, სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობას ნორმალური, აქტიური ცხოვრება აქვს – ამბობს ექიმი რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე.

  • ქალბატონო ნესტან, რა არის სქოლიოზი?

ეს არის ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სივრცეში. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება მოზარდებში და მშობლები უფრო თინეიჯერობის ასაკში ამჩნევენ, თუ კი იქამდე არ იყო რაიმე ისეთი მდგომარეობა, რომელიც მეორად სქოლიოზს გამოიწვევდა. სტატისტიკის თანახმად, 21-ე საუკუნეში დაახლოებით 60-70%-ში გვხვდება სქოლიოზი. ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება იყოს უბრალოდ ტანდეგობის დარღვევა და არა ზემოთ აღნიშნული გამრუდება ფრონტალურ სივრცეში.

ხშირად ამბობენ, რომ უფრო მეტად შესამჩნევია [სქოლიოზი] 10-დან 16 წლამდე ასაკში. მშობლის თვალი როცა ამას ამჩნევს, ამ შემთხვევაში უკვე რაღაც პროცესი დაწყებულია, თუმცა შესაძლებელია არ იყოს სქოლიოზი და მშობელი ამჩნევდეს, რომ ბავშვი მოხრილია. ეს, მაგალითად, შეიძლება იყოს ტანდეგობის დარღვევა. ხერხემალი შეიძლება არ იყოს გამრუდებული ფრონტალურ სიბრტყეში, მაგრამ ტანდეგობა იყოს დარღვეული. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ზედმეტად მოხრილია, ცუდი პოზიცია აქვს ჯდომის, სიარულის, დგომის, თუნდაც წოლის დროს და ესეც უნდა განვიხილოთ აუცილებლად.

ძალიან მარტივი ტესტი არსებობს ამის და ვიზუალურად შეგიძლია შეამოწმო პაციენტი. გასინჯვით, ფიზიკური კვლევითა და რენტგენის სურათით კი შეგიძლია დასვა დიაგნოზი და ივარაუდო გამრუდების რა ხარისხი გაქვს. სქოლიოზი, მათ შორის, რენტგენის სურათზეც შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს, მაგალითად, იყოს S-ის მაგვარი, C-ს მაგვარი.

  • როგორი ფორმები არსებობს სქოლიოზის და რა იწვევს მას?

არსებობს სტაბილური გამრუდება, რომელიც შემდგომში აღარ იზრდება და არსებობს ხერხემლის ტენდენცია, ანუ კიდევ უფრო მეტი გამრუდება.

მაგალითად, თუ პაციენტთან კუნთოვანი სისუსტე გვაქვს [სქოლიოზი არის რაღაც დაავადების შემდგომ მეორადად განვითარებული პრობლემა], მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს კიდევ უფრო გამრუდდება. თუმცა ამის დანამდვილებით თქმა ჩვენ არ შეგვიძლია. ასეთ დროს ყოველთვის მივმართავთ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს კუნთის გამაგრების სახით, იმ კონკრეტული კუნთების, რომლებიც იჭერს ან ვალდებულია დაიჭიროს ხერხემალი სწორ პოზიციაში.

სქოლიოზის რამდენიმე ფორმა არსებობს. ყველაზე ხშირი, რომელიც თინეიჯერებში გვხვდება (დაახლოებით შემთხვევათა 80%), არის იდეოპათიური სქოლიოზი, რომლის კონკრეტული მიზეზი ვერ სახელდება. ხშირად საუბრობენ, რომ მიზეზია არასწორი მერხი, ცუდი სიმაღლის სკამი, მძიმე ჩანთა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზის იდენტიფიცირება არ ხდება, ამიტომ ამას ეწოდება იდეოპათიური სქოლიოზების ჯგუფი.

ასევე არსებობს თანდაყოლილი სქოლიოზი და მისი დიაგნოსტირება მალევე ხდება. მერკუნთოვანი სქოლიოზი არის ის, რომელიც ახლავს ცერებრულ დამბლას, სხვადასხვა კუნთოვან მიოპათიას, ანუ მძიმე დაავადებებს, რომლებიც შემდგომში იწვევენ ხერხემლის გამრუდებას, არის დეგენერაციული სქოლიოზი, რომელიც მოხუცებულებისთვის არის დამახასიათებელი – დეგენერაცია ხდება დისკისა და სახსრის.

  • როდის და რას უნდა მიაქციოს მშობლებმა ყურადღება საეჭვო ნიშნების ამოსაცნობად?

მშობელმა პერიოდულად უნდა შეხედოს ჩვეულებრივ პოზიციაში (ბავშვის ხელები ჩამოშვებულია და სახით იყურება წინ) მდგომ ბავშვს ზურგის მხრიდან, სადაც არის საორიენტაციო რამდენიმე წერტილი. მათი ასიმეტრია არასამედიცინო თვალისთვისაც შეიძლება შესამჩნევი იყოს. მაგალითად, ბეჭის ძვლების ასიმეტრია, ასევე მხრების ასიმეტრია – ხშირად ხდება, როცა ერთი მხარი არის ელევაციაში ანუ ზემოთ არის წამოწეული.

ამის იდენტიფიცირება ოჯახის ექიმსაც შეუძლია. ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ ძალიან ადვილად ისმება დიაგნოზი კობის კუთხის გაზომვის მეშვეობით. იმის მიხედვით, თუ რამდენია გამრუდების კუთხე, ვსახავთ სამოქმედო გეგმასა და ვადგენთ რა კონკრეტული მანიპულაციები შევთავაზოთ პაციენტს.

  • რა სახის თერაპია და ჩარევა არის შესაძლებელი სქოლიოზის დროს?

საბჭოთა მეთოდებისგან თუ გავაკეთებთ დიფერენცირებას, ევროპული და ამერიკული სკოლა ცოტა სხვაგვარად მოქმედებს: როცა გამრუდების დაბალი გრადუსია, ნაკლებად არის ჩარევა. ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ ევროპასა და ამერიკაში  სპორტი და ფიზიკური აქტივობა სკოლაში სათანადო სიმაღლეზეა. მაგალითად, იქ გეუბნებიან, რომ დავაკვირდეთ: ყოველ 3 ან 6 თვეში ერთხელ, როცა ბავშვს ვიზიტი აქვს პედიატრთან, აკვირდებიან ხომ არ იზრდება გამრუდება. წელიწადში ერთხელ, მაგალითად, იღებენ რენტგენს, შემდეგ მეორე წელს იღებენ და ადარებენ გაიზარდა თუ არა კობის მიხედვით გაზომილი კუთხე, თუ გაიზარდა, რამდენად.

ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ევროპაში მინახავს, ძირითადად ობზერვაციას ექვემდებარება სქოლიოზები, რომლებიც არის 9-11 გრადუსი, სადღაც 20 გრადუსამდე. 22-23 გრადუსიდან უკვე აქტიურად ფიქრობენ ხერხემალზე მოახდინონ მკვეთრი ზემოქმედება. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკურ თერაპიას. 27 გრადუსიდან ზემოთ უკვე სპეციალური, არაელასტიკური ტიპის კორსეტს ნიშნავენ. კორსეტი სპეციალურად ადამიანის სხეულის ყალიბზე კეთდება, ეძლევა პოზიცია, რომელ პოზიციაშიც უნდა დაიჭიროს სხეული და 24-დან 23-22 საათი ატარებენ ამ კორსეტს. მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტ ხანს ატარებ, მით უფრო ეფექტურია. კორსეტში სრულად ფუნქციურია ადამიანი, ტანსაცმლის ქვეშ მაისურზე აცვია. უკვე 40 გრადუსიდან ზემოთ გამრუდებაზე მოიაზრება ქირურგიული ჩარევა.

ეს ეხება იდეოპათიურ და არა მეორად სქოლიოზს. იდეოპათიური სქოლიოზის დროს კუნთოვანი სისტემა ნაკლებად სუსტია ან საერთოდაც არ არის. თუ სუსტი კუნთოვანი სისტემაა, ცალ მხარეს მეტად მოჭიმულია კუნთები ზურგის, მეორე მხარეს კი, მოდუნებული და ამ ასიმეტრიას ეს აძლიერებს, ამ შემთხვევაში ფიზიკურ თერაპიას იქაც ურჩევენ.

ასეთი კორსეტები საქართველოში, კერძოდ, თბილისშიც მზადდება. მას ორთოპედი ტექნიკოსები ამზადებენ. ეს არ არის ელასტიკური კორსეტი, რომელიც აფთიაქში იყიდება. საქართველოში ასევე საკმაოდ წარმატებით ტარდება ქირურგიული ჩარევა სქოლიოზის დროს.

ადრე მხოლოდ ხარისხდებოდა სქოლიოზი, ახლა უფრო გრადუსებით ვსაუბრობთ, რადგან გრადუსებით გაზომვა საშუალებას გვაძლევს, მოქმედების გეგმა უკეთ დავსახოთ. გამრუდების კუთხე სრულად არ სწორდება, თუმცა რენტგენზე მცირე ცვლილება შეიძლება მოგვცეს მანიპულაციებმა იმის ხარჯზე, რომ კუნთმა უფრო კარგად დაიჭირა, ასევე, რეაბილიტაცია, შემდგომი გამრუდების პროფილაქტიკა. რეალურად,  რაც უფრო კარგად არის კუნთი განვითარებული, მით მეტი შანსია, რომ არ გამრუდდეს ხერხემალი.

  • ფიზიკური აქტივობების მხრივ რა არის რეკომენდებული სქოლიოზისკენ  მიდრეკილი ბავშვისთვის?

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ პოზიციონირებას – ჯდომისას, წოლისას და სიარულის დროს. სპორტის ნაწილში რეკომენდებულია ცურვა, ასევე თხილამურები და სამკურნალო ჯირითი (და არა შეჯიბრი), რადგან ამ დროს კუნთები მობილიზებულია, თან სრულად არის ჩართული ზურგის კუნთები, აბდომინური პრესი. საზღვარგარეთ არ გამორიცხავენ არც ერთ სპორტულ აქტივობას, გარდა სერიოზულად ასიმეტრიული აქტივობისა, მაგალითად, ჩოგბურთი.

რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული სიმძიმის აწევა და ასევე ბატუტზე ხტომა, სხვა ტიპის შეხტომები, რაც ზედმეტ სტრესს წარმოადგენს ხერხემლისთვის. ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ჯდომის და დგომის დროს, მხარი უნდა ემთხვეოდეს ყურის შუა ხაზს. ჯდომის დროს, ყველა ქვემო სახსარში, პირმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს 90 გრადუსის მქონე კუთხე. თუ უფრო მახვილია კუთხე, ესე იგი დაბალ სკამზე ვსხედვართ, თუ ბლაგვი კუთხეა, სკამი ზედმეტად მაღალია ჩვენთვის. 90- გრადუსიანი კუთხე მენჯ-ბარძაყის, მუხლის და კოჭ-წვივის სახსარში ნიშნავს, რომ სწორად ვსხედვართ ამ მომენტში. რა თქმა უნდა, შემდგომ მოდის მაგიდის სიმაღლე, თავის გასწორების რეაქცია და ა.შ.

ეს რეკომენდაციები მხოლოდ ბავშვებს არ ეხება. არასწორი ჯდომა სხვა პრობლემებს ქმნის უფრო ხშირად დიდებში, კისრის და წელის ტკივილის სახით.

თუ კი ადამიანი მოდის ნებისმიერ სარეაბილიტაციო ცენტრში და მიზანი აქვს, რომ ჩაიტაროს მასაჟი/ ვარჯიში (რომელიც მასაჟზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტურია), საჭიროა ეს პროცედურა რაოდენობრივად იყოს საკმარისი – 5-10 პროცედურა არ არის საკმარისი. პაციენტმა ეს ვარჯიში უნდა დაისწავლოს და კვირაში მინიმუმ 3 დღე სახლის პირობებში უნდა აკეთოს. ხშირად ვურჩევთ მშობლებს, რომ ბავშვები ცურვაზე ატარონ, რადგან სახლში თითქმის არასოდეს ვარჯიშობენ. ეს უნდა იყოს რეგულარული აქტივობა, ცურვა კი ჩვენთან ყველაზე ხელმისაწვდომია.

ადრეული ასაკის ბავშვი თუ დღის განმავლობაში 6 და 8 საათი ზის, ეს აუცილებლად დაეტყობა მომავალში მის ხერხემალს. 0-7 წლამდე ბავშვი უნდა იყოს მაქსიმალურად მოტორული განვითარების ფაზაში.

რომელ ქუჩებზე გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში და რომელ სოფლებში

ხვალ, 16 ნოემბერს, ბათუმში შუქი რამდენიმე ქუჩაზე გაითიშება – გაგარინის, ორბელიანის, მელიქიშვილის, გენერალ ასლან აბაშიძის, ნიჟარაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ურეხის და ანგისის დასახლების ნაწილში.

შუქის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის მიწოდება დღის განმავლობაში 12 საათიდან საღამოს 6-მდე მონაცვლეობით შეიზღუდება.

შუქი გაითიშება ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურშიც, ასევე შუახევის სოფლებში: ტაკიძეები, ახალდაბა, ლომანაური, გუნდაური.

ხულოში შუქის მიწოდება შეწყდება 11 საათიდან 19 საათამდე პერიოდში დანისპარაულში, ოქრუაშილებში, რაქვთაში, დიდაჭარასა და მიმდებარე სოფლებში.

რას ჰყვება ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა და ადვოკატი ვერ პოულობდა – Video

„ნებისმიერ ფასად ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის. ნუ ეგონება „ოცნებას“, რომ შევეგუებით რუსულ მმართველობას და არ ვიბრძოლებთ სუვერენიტეტისთვის,“ – გვითხრა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ კურატიშვილმა  სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს, 15 ნოემბერს, თამარ კურატიშვილის საქმის განხილვა პარასკევამდე გადაიდო. იგი ზუსტად 43 საათი იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით და დაკავებიდან 5 საათის შემდეგ შეახვედრეს ადვოკატს. მანამდე მას ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ  მისცეს.

თამარ კურატიშვილი ბათუმში, სუსის ადმინისტრაციული შენობის წინ, 13 ნოემბერს დააკავეს, მაშინ, როცა მან და აქციის სხვა მონაწილეებმა გაშალეს ტრანსპარანტი: „ჩვენც დაგვაკავებთ?“

წინა დღით ანუ 12 ნოემბერს, ისევ სუსთან აქცია-პერფორმანსი „გირჩის“ ლიდერებმა გამართეს და სამი პირი დააკავეს, მათ შორის, „გირჩის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატი.

„მე დამაკავეს იმ დროს, როდესაც ამ პროცესს მობილურით ვიღებდი,“ – გვიყვება 13 ნოემბრის ამბავს თამარ კურატიშვილი. – „მანამდე პოლიციელებს ვესაუბრე. ისინი ითხოვდნენ კანონით განსაზღვრული რადიუსის დაცვას, რაც არის 20 მეტრი. ჩვენ გადავედით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს და ამ პროცესს ვიღებდი, როცა ახალმა ეკიპაჟმა მითხრა ნუ იღებო. ვუთხარი, რომ საჯარო სივრცეში ყველგან გადაღების უფლება მაქვს. ტელეფონი ჩამომართვეს და დამაკავეს“.

„რატომ ჩამოართვით ტელეფონი?“ – იკითხა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ დაკავებულს ყველა პირადი ნივთი ჩამოართვეს, დალუქეს და დღესვე დაუბრუნებენ.

ტელეფონშია ის ვიდეოც, რომელიც თამარ კურატიშვილმა 13 ნოემბერს გადაიღო. ეს ვიდეო რომ უნდა წარმოადგინოს დაცვის მხარემ, როგორც მტკიცებულება, ამ მიზეზით გადადეს დღევანდელი პროცესი.

„დაკავების შემდეგ პოლიციის სამმართველოში მითხრეს, რომ ოზურგეთში გადამიყვანდნენ, რადგან ბათუმში ადგილი არ არისო, ადვოკატს კი არ მახვედრებდნენ, რაც კანონის დარღვევაა,“ – ამბობს თამარ კურატიშვილი. როცა ვკითხეთ, მისი აზრით, რატომ არ შეახვედრეს დაუყოვნებლივ ადვოკატს, გვიპასუხა:

„ეს შურისძიებაა პოლიტიკური დაუმორჩილებელი ადამიანებისთვის“.

თამარ კურატიშვილი თბილისიდანაა და ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში შვილთან ერთად ცხოვრობს. დაკავების შემდეგ თამარი ვერც მის 12 წლის შვილს უკავშირდებოდა.

„ეს მოთხოვნა დამიკმაყოფილეს, დაველაპარაკე ყოფილ მეუღლეს, ბავშვს აღარ დავლაპარაკებივარ, რადგან ის მოშორებით იყო,“ – ამბობს თამარი.

თამარ კურატიშვილს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. ის ყურადღებას დაკავების ვადების გაზრდაზეც ამახვილებს, ანუ 12 საათის ნაცვლად ამჯერად პოლიციას შეუძლია ნებისმიერი დაკავებული იზოლატორში 48 საათი გააჩეროს.

„როგორც კი გაიზარდა საპროტესტო ტალღა, გაზარდეს ვადებიც, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი თაობა ვართ, ასე ვერ გაგვაჩერებენ… ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება,“ – გვითხრა თამარ კურატიშვილმა.

40 დღეა გვეუბნებიან, რომ მისი კვდომის პროცესი მოდის, მოდის, მოდის – პარლამენტარი სააკაშვილზე

“ყველანი, დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყოველდღიურად მისი კვდომის პროცესი, მოდის, მოდის, მოდის… Ჩვენ ვნახეთ, რომ მისი შიმშილობა აბსოლუტურად სხვა ფორმით მიმდინარეობდა, ის საკვებს იღებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამომდინარე აქედან  საკმაოდ სტაბილური იყო და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო,” – ეს განცხადება Საქართველოს პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა. 

არლამენტარის აზრით, სააკაშვილის თემით სპეკულირება ხდება და რეალურად არანაირი საფრთხე ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს არ ემუქრება. 

“არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ ვიცით ჩვენ პროფესიონალი ექიმების მიერ  ნათქვამი და შეფასებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა იმ მდგომარეობაშია, რომ ის სამკურნალო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და დროული დახმარების ან მკურნალობის გაწევას,” – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დეპუტატის აზრით, ასევე ნათელი არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული საპროტესტო აქციების მიზნები.

“ის პროტესტი, რომელსაც გამოხატავდა ნაციონალური მოძრაობა, მისი მიზანი, არ იყო ნათელი. რატომ ვამბობ ამას, ადამიანზე ითხოვენ გადავიყვანოთ საავადმყოფოში, იმიტომ, რომ მომაკვდავი არიო. ყველა ვხედავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

___

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

13 დღეა ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ ის გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. 

ექიმებმა აქცია გამართეს ბათუმსა და ქუთაისში, სადაც მოითხოვეს სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. 

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციამ კი გაავრცელა განცხადება, რომ ექსპრეზიდენტი უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში.

თბილისში ენმ-ს აქციაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა

თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვა იგეგმებოდა, თუმცა ამ დროისთვის აქციის მონაწილეები მხოლოდ ერთ – მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდებიან.

საპროტესტო აქციების პარალელურად შეინიშნება დიდი ოდენობით ყვითელი ავტობუსების გადაადგილება, სადაც სპეცრაზმელები სხედან. ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობენ. ქუჩებში გადაადგილდებიან წყლის ჭავლის მანქანებიც.

ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი ნიკა მელია ამბობს, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები ჰყავს დღეს შსს-ს მობილიზებული სხვადასხვა რეგიონიდან. პოლიციის კორდონი მიჰყვება უკან საპროტესტო მსვლელობასაც.

აციაზე მობილიზებულია პოლიცია

აქციის დაწყებამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს“.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, შსს-ს დაგეგმილი აქვს აქციის მონაწილეთა დაკავება. საპროტესტო აქციაზე ჯერჯერობით ინციდენტი არ ყოფილა. აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დაპატიმრებულია და უკვე 46 დღეა შიმშილობს.

როგორ დასაჯა მოსამართლემ თბილისის აქციაში მონაწილე ბათუმელი ოპოზიციონერები

ბათუმელი ოპოზიციონერები თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა. ამ დროისთვის დასრულებული არაა მხოლოდ ქობულეთის მერობის კანდიდატის, ბონდო თედორაძის სასამართლო სხდომა.

10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სულ 46 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, მათგან 11 ბათუმიდანაა. აქციაზე დაკავებული ბონდო თედორაძე პოლიციელებს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი, მურმან დუმბაძე – საგარეჯოში.

სასამართლომ ყველაზე მაღალი ჯარიმა – 3500 ლარი ელგუჯა ბაგრატიონს შეუფარდა, ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

აქციაზე დაკავებული ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან ლაშა კომახიძე 2200 ლარით დააჯარიმეს, ბათუმის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ვარშალომიძე კი – 2100 ლარით.

აქციაზე დაკავებული სხვა პირები, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს კიდევ ორი წევრი – მამუკა ქობულაძე და ბაჩი მექვაბიშვილი 2 – 2 ათასი ლარით დააჯარიმეს, ავთო სურმანიძის გარდა, რომელიც 2200 ლარით დააჯარიმეს.

“ეს უფრო არის რეპრესიები, ვიდრე სასამართლო პროცესი…” – მიიჩნევს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით – 48 საათი დააყოვნეს იზოლატორებში დაკავებულები, სასამართლო სხდომები ღამით ჩატარდა და მოსამართლეებმა დაცვის მხარის მტკიცებულებები არ გაიზიარეს.

მირდატ ქამადაძე მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში, როცა მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესს არ ასწრებენ, ზედმეტია შეფასება იმაზე, თუ რა დაირღვა ადმინისტრაციულ საქმეებზე.

“ეს აჩვენებს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად მოიშალა ამ ქვეყანაში,” – დასძინა მირდატ ქამადაძემ.

განახლება: თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბონდო თედორაძეს.

___

10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე, 46 ოპოზიციონერი დააკავეს. აქციის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდნენ. სააკაშვილი უკვე 46-ე დღეა შიმშილობს.

იმავე მოთხოვნით აქცია დღესაც იმართება თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობა“ გააფრთხილა, რომ არ გადაკეტონ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების სატრანსპორტო კვანძები. შსს-ს განცხადებით, ეს ქმედება აკრძალულია, პატიმრობით ისჯება და საჭიროების შემთხვევაში პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

შსს-ს ცნობით, ეს დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ენმ-ს შეფასებით, შსს-მ დააანონსა აქციის მონაწილეების დაკავება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს დღეს, 15 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ შსს-მ არასწორად განმარტა საკანონმდებლო ნორმები, რითაც წინასწარ დაგეგმა საპროტესტო აქციის ხელშეშლა და აქციის მონაწილეების დაკავება.

„2021 წლის 14 ნოემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. აღნიშნულ განცხადებაში არასწორად არის  განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების თავისუფლება, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება”.

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ენმ-მ.

ამავე განცხადებაში წერია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციის გამართვის შესახებ წინასწარ გააფრთხილა ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემოხსნებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

„წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის  მე-5 ნაწილის მიხედვით,  „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გათბობის პროდუქცია ნოვაში – ყველაფერი, რაც შეიძლება ზამთარში დაგჭირდეთ

დღეს ძალიან მარტივია შეარჩიოთ პროდუქცია, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს. გამონაკლისი არც გათბობის პროდუქციაა. არსებობს სხვადასხვა დანიშნულების, ელექტრო, გაზზე თუ სხვა საწვავზე მომუშავე დანადგარები. განსხვავებულია მათი სიმძლავრეები თუ ტექნიკური მახასიათებლები.

ტემპერატურის კლებასთან ერთად, ახლა სწორედ ის დროა, რომ კარგად გათვალოთ რა ფართობის გათბობა გსურთ და რა ტიპის პროდუქცია დაგჭირდებათ ამისთვის. იქნებ წყლის გამაცხელებლის დაყენების ან ძველის ახლით შეცვლის დროა? რაც არ უნდა იყოს თქვენთვის საჭირო პროდუქტებს ნოვას მეგაცენტრებში მიაგნებთ. ამასთან ერთად, შეძლებთ ისინი თქვენი ბიუჯეტის მიხედვით შეარჩიოთ.

მანამდე კი მოკლედ გაგაცნობთ ნოვას გათბობის პროდუქციას, რომელიც ზამთრის ცივ თვეებში კომფორტულ გარემოს შეგიქმნით.

გათბობის ქვაბები

ცენტრალური გათბობის სისტემა დღეს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის არის უსაფრთხოც და ენერგოეფექტურიც. რაც მთავარია, ერთიანი სისტემით ყველაზე მარტივია სასურველი ტემპერატურის შექმნა, შენარჩუნება თუ რეგულირება. ცენტრალური გათბობის სისტემის მთავარი დანადგარი გათბობის ქვაბია, რომლის მრავალფეროვანი სპექტრიც ნოვას მეგაცენტრებში დაგხვდებათ.

გახსოვდეთ ისიც, რომ მისი სწორად შერჩევა არც ისე მარტივია. წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ შენობის ფართობი, ქვაბის სიმძლავრე და მისი სხვა ტექნიკური მახასიათებლები იმისათვის, რომ მან ეფექტიანად და ეკონომიურად შეძლოს თქვენი სახლების გათბობა. თუმცა, ამ პროცესის გამარტივებაში ნოვას კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან და თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურ პროდუქტს შეგარჩევინებენ.

გაზისა და ელექტრო გამათბობლები

თუკი, ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებას ვერ ახერხებთ, არ გსურთ ან არ პასუხობს თქვენს საჭიროებებს, მაშინ შეგიძლიათ არჩევანი გაზისა და ელექტრო გამათბობლებზე შეაჩეროთ.

ამ ტიპის გამათბობლები უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ისინი გაცილებით უსაფრთხო გახდა და მაღალი ეფექტურობის გამო, გაცილებით მოკლე დროში ახერხებს სიცივესთან გამკლავებას.

ნოვაში შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა სიმძლავრის გაზისა და ელექტრო გამათბობლები. აქვე იპოვით დანადგარებსაც, რომლებიც თერმორეგულატორითა და უსაფრთხოების ავტომატური სისტემებით არიან აღჭურვილი.

წყლის გამაცხელებლები

მართალია, ცხელი წყალი ყველა სეზონზე გვჭირდება, თუმცა, ზამთარში ეს განსაკუთრებით აუცილებელი ხდება. ცივ დღეებში, ბუნებრივია, მეტ ცხელ წყალს მოვიხმართ. გარდა ამისა, ზოგჯერ, ზამთარში წყლის სასურველ ტემპერატურაზე გაცხელებას უფრო მძლავრი მოწყობილობა სჭირდება.

ასე რომ, თუ ჯერ არ გაქვთ ან წელს მის შეცვლას და განახლებას გეგმავთ ნოვაში გაზისა და ელექტრო გამაცხელებლებიც დაგხვდებათ.

ასე, რომ ამ ძირითადი და სხვა საჭირო დეტალებისთვის ნოვას მეგაცენტრებში სტუმრობა ნამდვილად ღირს. იმ შემთხვევაში კი, თუ დისტანციურად ამჯობინეთ პროდუქციაზე მეტი ინფორმაციის მიღებას თუ შეძენას, მაშინ მათ ციფრულ მაღაზიას უნდა ესტუმროთ.

„მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე

„მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, მან მოაწყო საჩვენებელი პროცესი და სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე „გირჩის“ ლიდერების დაპატიმრებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ თავისი გადაწყვეტილებით, „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე, 4 დღით დააპატიმრა. ამავე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ გორგაძე კი, 5 დღე იქნება პატიმრობაში.

500 ლარით დააჯარიმეს „გირჩის“ კიდევ ერთი აქტივისტი – რომა მახარაძე. მას ქუჩაში, მაგრამ სუსის შენობასთან ახლოს, მუსიკა ჩაურთავს ხმამაღლა.

„გირჩელებმა“ საპროტესტო აქცია-პერფომანსი სუსთან და, მათ შორის, სუსის ადმინისტრაციულ შენობასთან ბათუმში 12 ნოემბერს გამართეს. დაკავებულები დაახლოებით 7 საათი არ შეახვედრეს ადვოკატს და არც ინფორმაცია მიაწოდეს დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ. საია ამ შემთხვევას გატაცებად აფასებს.

„საღამოს 7 საათზე გვითხრეს, რომ ისინი ქობულეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რადგან ბათუმში ადგილი არ იყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით კი, ბათუმში ადგილები იყო.

როგორც ჩანს, მიზანი არის მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან აქციაზე დაკავებულს, მას გაუნელდეს პროტესტის გრძნობა და მეორედ იგივე აღარ გაბედოს,“ – ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა საია-ს იურისტ მირზა მამულაძეს, რომელიც „გირჩის“ ლიდერების ინტერესებს იცავს სასამართლოში და ნახა, რომ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ კითხვაც კი არ დასვა, რატომ დააყოვნეს, მაგალითად, დაკავებულები კანონით განსაზღვრული მაქსიმალური დროით – 48 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„მოსამართლე არ შეხებია საერთოდ იმ საკითხსაც, რომ ამ დროს ადამიანს არ აძლევენ შესაძლებლობას დაცვის უფლებით ჯეროვნად ისარგებლოს. ამ დროს თვითონ თხზავენ მასალებს, მოიპოვებენ მტკიცებულებებს და დაცვის მხარემ ისიც კი არ იცის, რას ედავებიან კონკრეტულად.

მოსამართლე მოქმედებდა შაბლონურად და ფორმალურად, ის პროცესზე შემოვიდა მზა და წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებით,“ – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე და იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსამართლემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ყველაზე მკაცრი სანქცია – ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.

პოლიციელები „გირჩის“ ლიდერებს სუსის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას ედავებოდნენ. პროკურატურის ვერსიით, სუსის შესასვლელთან „გირჩის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის – თემურ გორგაძის მიერ ავტომანქანის გაჩერებამ გამოიწვია ბლოკირება.

„მაგრამ ამ შენობას რამდენიმე შესასვლელი აქვს… ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ვიდეოჩანაწერით ჩანდა, რომ უწყების საქმიანობა არ შეფერხებულა. გიორგი ფუტკარაძესაც ედავებოდნენ სუსის შენობის ბლოკირებას, მაგრამ მას პატიმრობა შეუფარდეს მხოლოდ კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ნაწილში. პოლიციელების თქმით, გიორგი შემოსაზღვრული ლენტის შიგნით იდგა, მაგრამ რეალურად ლენტით შემოსაზღვრული ადგილი იქ არ იყო, როცა გიორგი დააკავეს, მას მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება და ამ დროს მოხდა შელაპარაკება,“ – განმარტავს მირზა მამულაძე.

პროკურატურა ამ შემთხვევაში ძირითადად დაეყრდნო კანონს „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავი ორგანოების წინ 20 მეტრის რადიუსში აქციის ჩატარება აკრძალულია.

„ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ მოსამართლე არ უნდა მიყოლოდა ამ ფორმალურ ჩანაწერს და უპირატესობა მიენიჭებინა გამოხატვის თავისუფლებისთვის, ასევე ევროსასამართლოს დადგენილი პრაქტიკისთვის, რაც ამ მიმართულებით არსებობს. ამ შემთხვევაში ცალსახად ჩანდა, რომ აქცია-პერფორმანსი კანონით განსაზღვრულ რადიუსს ფორმალურად არღვევდა, მაგრამ არსებითად პროტესტს ხელი არ შეუშლია სუსის ფუნქციონირებაში.

სუს-ში თუ ნერვები მოეშალათ აქციის გამო და დისკომფორტი შეექმნათ, ეს არ ნიშნავს იმას, აქციის მონაწილეები დააპატიმროს მოსამართლემ,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე.

თემურ გორგაძე საბოლოოდ დააპატიმრეს, როგორც შეკრებების და მანიფესტაციების წესის დარღვევის გამო და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით. „გირჩის“ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე მხოლოდ პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააპატიმრეს. მოსამართლემ არ დაადასტურა, რომ გიორგიც სუსის ბლოკირებას ახდენდა.

ხოლო კაცი, ვინც სუსის წინ ხმამაღლა მუსიკა ჩართო, წვრილმანი ხულიგნობისა და ასევე კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმეს.

საია მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ამ აქციის შემდეგ, უკვე 13 ნოემბერს, ისევ სუს-ის წინ „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი დააკავეს. ის სხვა აქტივისტებთან ერთად მივიდა სუსის შენობასთან და გაშალა ტრანსპარანტი   „რამდენს დაგვაკავებთ?“. ამ შემთხვევაშიც ადვოკატი რამდენიმე საათი ვერ პოულობდა დაკავებულს. თამარ კურატიშვილი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და მისი სასამართლო პროცესი დღეს, 15 ნოემბერს, უნდა გაიმართოს.

საქართველოში კოვიდმა უკვე 11 057 ადამიანი იმსხვერპლა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 15 ნოემბრის ანუ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 057-ს მიაღწია. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში კი, ვირუსმა 1000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე კოვიდით გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკა ათი ათასს აჭარბებდა.

მაგალითად, 15 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კოვიდით 82 ადამიანი დაიღუპა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 80-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ „შესაძლოა კიდევ 15 ათასი ადამიანი გარდაიცვალოს კოვიდით“

ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაინც დაბალია, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კი – მაღალი. ამ დროისთვის ქვეყანაში 2 046 362 აცრაა ჩატარებული, თუმცა აქედან ორი დოზით ანუ სრულად, ზრდასრული მოსახლეობის 33.8, ანუ 966 143 ადამიანია აცრილი.

რეგიონების მიხედვით კოვიდის ყველაზე მეტი შემთხვევა – 375, თბილისის შემდეგ იმერეთში დადასტურდა. თბილისში დღეს 820 შემთხვევაა დადასტურებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 24 საათში მხოლოდ 20 166 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება მკურნალობას, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსზე მკურნალობის პროტოკოლში ცვლილება არ არის.

___

ამავე თემაზე:

რატომ არ დარდობენ კოვიდით გარდაცვალებაზე საქართველოში – ინტერვიუ ექიმთან

კოვიდით აჭარაში 5 პაციენტი გარდაიცვალა – 15 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 592 ადამიანი, კოვიდსასტუმროებშია 233, ონლაინკლინიკაში – 967.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 82 კოვიდინფიცირებული.

82 გარდაცვლილი და კოვიდის 1820 ახალი შემთხვევა – 15 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 82 ადამიანი.

აჭარის რეგიონში დაფიქსირდა კორონავოირუსის 96 ახალი შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩატარდა 20 166 ტესტი.

“სირცხვილიას” ბრძოლა კედლებზე ბათუმში

12 დღეა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ბათუმში, ზღვისპირას, მშენებარე „რივიერას“ კედელზე, წარწერებს ტოვებენ. ეს არის ბრძოლის და საკუთარი პოზიციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მოძრაობის აქტივისტებმა აირჩიეს.

პირველი წარწერა კედელზე 2021 წლის 2 ნოემბერს გაჩნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დამთავრებიდან მესამე დღეს და ის არჩევნების შედეგებს ეხმაურებოდა.

2 ნოემბერი, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ დატოვებული წარწერა კედელზე

წარწერა მეორე დღესვე წაშალეს.

3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  განაცხადა, რომ  სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდებოდა დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის, ძალადობრივი გზებით.

სუსის განცხადების საპასუხოდ ბათუმში, ამავე კედელზე, ახალი წარწერა გაჩნდა – “რევოლუცია”.

5 ნოემბერი, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ დატოვებული წარწერა კედელზე

წარწერა ისევ წაშალეს. 6 ნოემბერს კი შემდეგი წარწერა გაჩნდა.

6 ნოემბერი

წარწერა ისევ წაშალეს.

7 ნოემბერი

წარწერა ისევ წაშალეს.

8 ნოემბერი

წარწერა ისევ წაშალეს.

10 ნოემბერი

წარწერა ისევ წაშალეს.

11 ნოემბერი

წარწერა ისევ წაშალეს.

12 ნოემბერი

წარწერა ისევ წაშალეს.

 

ავარიული კორპუსის გამაგრების პროექტში ბათუმის მერია 60 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირის N56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს სასწრაფო გამაგრებას“.

კორპუსის გამაგრებისთვის საჭირო პროექტს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას სამმართველო ტენდერის გარეშე, 60 ათას ლარად შეისყიდის. სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

„ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ცნობილი მოვლენის – 26 მაისის №13-ში მდებარე კორპუსისის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა არა მარტო კორპუსის დარჩენილი ნაწილი, არამედ მომიჯნავედ მდებარე მემედ აბაშიძის N56 მდებარე საცხოვრებელი კორპუსი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ეს კორპუსი საჭიროებს გადაუდებელ გამაგრებით ღონისძიებებს სპეციალური დამუშავებული პროექტის მიხედვით.“ – აღნიშნულია საქალაქო სამმართველოს განაცხადში.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე რამდენიმე ბინაში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლის სადარბაზოს ჩამონგრევამდე, მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები:

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ მომზადებულია მემედ აბაშიძის N56 მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გამაგრებითი სამუშაოების პროექტები, თუმცა ეს პროექტები „დამუშავებულია მნიშვნელოვანი ხარვეზებით და დაუშვებელი კონსტრუქციული გადაწყვეტებით, ამიტომ ისინი არ არის რეკომენდებული რეალიზაციისთვის“.

სამხარაულის დასკვნაში ასევე აღნიშნულია:

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნიდან

„ვინაიდან შენობა ავარიულია, შესაძლოა განვითარდეს უმართავი პროცესები ამ კორპუსთნ [აბაშიძის 56-ში] მიმართებით, რაც საფრთხეს შეუქმნის გარეშე პერიმეტრზე არსებულ შენობა-ნაგებობებს. ქუჩა გადაკეტილია და სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია… გამაგრებითი სამუშაოების დაწყება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, რადგან ავარიულმა ნაგებობამ შეიძლება დაიწყოს თავისთავადი ნგრევის პროცესი. “ – აღნიშნულია მერიის სამმართველოს განაცხადში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 16 ნოემბრამდე უნდა განიხილოს.

სამმართველოს ინფორმაციით, მემედ აბაშიძის N56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას დაახლოებით ორთვე-ნახევარი დასჭირდება. შემდგომ კი, ამ პროექტის საფუძველზე, კორპუსის გამაგრების სამუშაოები უნდა დაიწყოს.

ავარიული კორპუსი ბათუმში / მემედ აბაშიძის გამზირი N56
მთავარი ფოტო: ბათუმში, ავარიულ კორპუსებთან, 26 მაისის ქუჩა ამ დრომდე გადაკეტილია /14.11.2021/ფოტო: „ბათუმელები“

 

ორშაბათიდან აჭარაში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ნოემბრის 21 საათიდან 15 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო და შიგამთიან რაიონებში ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო
  • მაღალმთაში ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა – კარგი. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ.(2-3ბალი).

ზღვის წყლის ტემპერატურა: +16 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 2 დღეს – 16 და 17 ნოემბერს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კოვიდის 135 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

14 ნოემბრის დილის მონაცემებით, აჭარაში მკურნალობას გადის -1 820 ადამიანი, მათგან კოვიდკლინიკებში – 591, კოვიდსასტუმროებში -239;

რეგიონში ბინაზე მკურნალობს 990 ადამიანი.

აჭარაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსისგან ჯამში 70 570 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში ამ დროისთვის აიცრა სულ 224 473 ადამიანი, მათგან ორი დოზით – 105 413, ხოლო მესამე, ბუსტერდოზით – 277. აჭარაში ერთი დოზით მოსახლეობის 33.5, ხოლო ორი დოზით 29.7  პროცენტია აცრილი.

14 ნოემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსთ 81 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა:

კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა

კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა

14 ნოემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა 3 700 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის, 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  784 091-ს.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02%, 7 დღის მანძილზე – 9.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 716 382.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 10 975 პირი დაიღუპა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარაში – 135, იმერეთში – 598, ქვემო ქართლში – 240, შიდა ქართლში – 307, გურიაში – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 236, კახეთში – 327, მცხეთა-მთიანეთში – 57, სამცხე-ჯავახეთში – 99, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 56 708, მათგან: 1 216 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 803 – თბილისში, 241 – აჭარაში;

14 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფება 49 364 ადამიანი.

ხანძარი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე

დღეს, 14 ნოემბერს, დილით, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო მანქანა მივიდა.

ბინაში ცეცხლის ჩასაქრობად შესული სამი მაშველი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულ მაშველებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ.

ამ დროისთვის, [ 9:45] ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძარი ლერმონტოვის ქუჩაზე ფოტო: გურამ მურვანიძე

დაკარგული ძაღლი 3 წლის შემდეგ დაბრუნდა სახლში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში ძაღლი, სახელად „გუგლი“ დაკარგვიდან 3 წლის შემდეგ დაბრუნდა სახლში.

ძაღლი, რომელიც ლეკვობიდან ირემაძეების ოჯახში იზრდებოდა 3 წლის წინ მოულოდნელად დაიკარგა. ოჯახი ძაღლს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, თვლიდნენ, რომ „გუგლი“ მოიპარეს ან მოკლეს.

3 წლის შემდეგ კი, დღეს, 13 ნოემბერს, „გუგლი“ სახლში დაბრუნდა.

„აქამდე მეგონა, რომ მსგავსი ამბები მხოლოდ ფილმებში ხდებოდა. სამი წლის წინ მოულოდნელად დაკარგული ჩვენი ძაღლი სახელად “გუგლი” ოჯახში დაბრუნდა.

სამი წლის წინ, მოულოდნელად დაიკარგა, გვეგონა მოკლეს ან მოიპარეს. დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით, ბოლოს ხელი ჩავიქნიეთ, მაგრამ ახალი ძაღლი არ მოგვიყვანია ოჯახში.

„გუგლი“ დაბრუნების შემდეგ

დღეს, მოულოდნელად ყანის ქვემოთ ღელედან ამოძვრა და ბაღში მომუშავე მამაჩემს ჩაუვარდა ფეხებში. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მალე მოღონიერდება“ – ამბობს ირაკლი ირემაძე, ძაღლის პატრონი.

ძაღლი ძალიან გამხდარია, თუმცა, რაც მთავარია, მან 3 წლის შემდეგ მოახერხა ეპოვა სახლი, სადაც ცხოვრობდა.

ნიკა ირემაძე და „გუგლი“. 

სუსთან „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი დააკავეს

ბათუმში, სუსის ადმინისტრაციულ შენობასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშვილი დააკავეს. დაკავებულს ადვოკატი ვერ პოულობს.

სუსის შენობასთან დღეს,  13 ნოემბერს, „გირჩის“ წევრები და „სირცხვილიას“ აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ ლოზუნგით – „რამდენს დაგვაკავებთ?“ ისინი გუშინ სუსის შენობასთან „გირჩის“ ლიდერების დაკავებას აპროტესტებდნენ.

„მოგვთხოვეს, დაგვეტოვებინა ტროტუარი, არ გვიხსნიდნენ რატომ. თამარი იღებდა ვიდეოს და უთხრეს, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. შემდეგ წაგვართვეს ტრანსპარანტი, რომელზეც გვეწერა: რამდენს დაგვაკავებთ? და საბარგულში როცა დებდნენ, ამას იღებდა თამარი. ამ დროს დააკავეს თამარ კურატიშვილი,“ – ამბობს „გირჩის“ წევრი ნათია გაბრავა.

„დაკავებულს ვერ მივაგენით. როგორც მითხრეს, ის კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა,“ – გვითხრა „სირცხვილიას“ თავმჯდომარემ, გიორგი მჟავანაძემ.

თამარ კურატიშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

„ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მითხრეს, რომ იქ არ მიუყვანიათ. პოლიცია და ცხელი ხაზიც ვერ მაწვდის ინფორმაციას, სად გადაიყვანეს დაკავებული, პროცესში დახმარება ვთხოვე სახალხო დამცველსაც,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსის ბათუმის ოფისის წინ თამარ კურატიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა მუხლით დააკავეს „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი.

შსს-ში ასევე ვერ გვითხრეს, სად იმყოფება ამ დროისთვის დაკავებული თამარ კურატიშვილი.

ინფორმაციის განახლება: ადვოკატს შსს-დან აცნობეს, რომ დაკავებული აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაშია. ადვოკატი თამარ კურატიშვილს ჯერ არ შეხვედრია. 

21:00 საათზე ადვოკატმა ლელი ბჟალავამ გვითხრა, რომ თამარ კურატიშვილს პოლიციის მთავარ სამმართველოში არ შეახვედრეს და არც შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცეს. ადვოკატს სამმართველოში უთხრეს, რომ დაკავებული ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ, რადგან ბათუმში ადგილი აღარ არის.

„მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მეგობრებთანაა… თამარს ჩამორთმეული აქვს ტელეფონი და მას ვერავინ უკავშირდება. ეს არის არაადამიანური მოპყრობა და დაცვის უფლების წართმევა, რადგან ადვოკატს არ შეახვედრეს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ლელი ბჟალავამ.

ვფიქრობ ღირებული იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ევროპარლამენტს მივაწვდით – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, დღეს 13 ნოემბერს მედიისთვის კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ როგორ უთხრა ხელისუფლებამ ციხეში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი.

„საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო ვწვეოდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საპყრობილეში. ჩვენ ვიცოდით მისი გადაწყვეტილება, რომ უნდა გამოეცხადებინა შიმშილობა, მაგრამ ჩვენ შეშფოთებული ვართ შიმშილობის ხანგრძლივობით და მძიმე შედეგებით, რომელიც შეიძლება დადგეს.

მე ასევე შევხვდი ელენე ხოშტარიას რომელიც სოლიდარობის გამო შიმშილობს. მე შევიტანე განცხადება პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში ციხეში ვიზიტთან დაკავშირებით და მივიღე უარი. ეს არის ჩემი მცდელობა რომ დავეხმარო თქვენს ქვეყანას, რადგან მიმაჩნია რომ ვარ თქვენი მეგობარი“-ამბობს ფოტიგა.

მისი თქმით, ის ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის ევროპარლამენტს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობაში, ევროპის პარლამენტში შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას და ჩემი ინფორმაცია, ასევე ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციასაც რომელსაც ასევე უთხრეს უარი ეთქვათ პატიმრის მონახულებაზე. ვფიქრობ ეს იქნება ღირებული ინფორმაცია და ამ დელიკატურ შემთხვევაში გვინდა ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

ჩემი მოვალეობა არ არის ვიდგე რომელიმე მხარეს. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა იყო მძიმე რადგან მიდიოდა გარდამტეხი პროცესები, მე მაშინ შემძრა ქართველი ხალხის ნებამ, როცა მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ არავინ არის იდეალური. მისმა პრეზიდენტობამ, ბევრმა ცვლილებამ გაცილებით მაღალ საფეხურზე დააყენა ქვეყანა როგორც საინვესტიციო, ასევე საერთაშორის მოთამაშეების ჩართულობის თვალსაზრისით. მე საკუთარი თვალით ვნახე და ვაკვირდებოდი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მაშინ.

მე ველოდი რომ ჩემი ჩამოსვლის პირველივე დღეს ბევრი შეხვედრა გამემართა შესაბამის პირებთან და ძალიან გული მწყდება რომ ვერ შევძელი თქვენთან ხანგრძლივი საუბარი. როცა გსურს იყოთ რელევანტური, ძალიან ფრთხლად უნდა მოიქცე. მინდა საქართველოს დავეხმაროთ, ასევე სამხრეთ კავკაციას, რადგან დრო განსაკუთრებით რთულია და მინდა ეს სიტუცია ყველა ერისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენს რეგიონში“- განაცხადა ანა ფოტიგამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთა.

ფოტიგა ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია შექმნილ ვითარებაზე და სურს რომ ომბუდსმენი განცხადებებს დაეყრდნოს.

მან ასევე აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას რომ კონტაქტზე იყო სააკაშვილის დედასთან ადვოკატებთან და პირად ექიმთა და ასევე იხილავდნენ ბევრ პოლიტიკურ ლიდერებთან შექმნილ სიტუაციას.

„მე მივიღე წერილი და ვაპირებ ვუპასუხო იუსტიციის მინისტრის წერილს, მას შემდეგ რაც გავიაზრებ დეტალურად ამ სიტუაციას, სადაც რამდენიმე არგუმენტი იყო წარმოდგენილი და თქვენ გაეცნობით ამ წერილს მოგვიანებით. მჭირდო კავშირი მქონდა ევროკავშირის ელჩთანაც კარლ ჰარცელთან, ასევე პოლონეთის ხელისუფლებასთან ვიყავი კონტაქტზე და  ბევრი მეგობარი არსებობს საქართველოსო ევროპაში და იმედი გვაქვს რომ ჩვენ დახმარების აღმოჩენას შევძლებთ საქართველოსთვის“-ამბობს ფოტიგა.

„ბატონო მიხეილ გაძლიერდით, ჩვენ თქვენს გვერდით ვარ, ამას ვეტყოდი“-ასე უპასუხა ანა ფოტიგამ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ მიმართავდა ის სააკაშვილს, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა პირისპირ.

ჟურნალისტის კითხვაზე ეთანხმება თუ არა მოსაზრებას რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული მთავრობაა, ანა ფოტიგამ ასე უპასუხა:  „ბევრმა თქვენგანმა იცის რომ სააკაშვილს ვერ იტანდა კრემლი და პუტინი, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, როგორ უნდა შეფასდეს ეს სიტუაცია. მე არ ვიმყოფები აქ იმისთვის, რომ ბრალდებები გავაჟღერო ვინმეს მიმართ.

მე ძალიან შეშფოთებული ვარ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რადგან ის გახლავთ ძალიან მაღალი რანგის პატიმარი. ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, მაგრამ საჭიროა პატიმრის ჯანრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე მას უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

როცა ის ჩამოვიდა საქართველოში, მზად იყო წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მე მაშფოთებს ის, რომ ის არ იყო წარმოდგენილი სასამართლოზე“-ამბობს ფოტიგა.

კითხვაზე თუ რამდენად რეალურია საქართველოს 2024 განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე, ფოტიგა ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი, იმის მიუხედავად ვინ იმყოფება ხელისუფლებაში.

„თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნაჩქარევი და არასჭირო, გაუაზრებელი ქმედებით, არა მარტო საქართველოს, არამედ შეიძლება მთელი რეგიონის საკითხი დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩემი ვიზიტების პერიოდში ხშირად მსმენია იმაზე რომ საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი როლი არ არის ჭკუის სწავლება, არამედ გვინდა დახმარება გავუწიო მთავრობას იმის აღიარებით, რომ არსებობს საჭიროება და ჩემი შეფასება საჭიროების არის რომ არჩევნები იყოს წარმომადგენლობითი, რომელიც შეიძლება იყოს შემდეგი თვეები და წლების მიზანი.

ჩვენ ვდილობთ ბიძგი მივცეთ ამას, რადგან ფაქტობრივად რეგიონი არ გახლავთ ისეთი, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება აქეთკენ იყოს კონცენტრირებული.

ანა ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა ვიზიტით. მასთან ერთად საქართველოში იმყოფება ასევე სამი ევროპელი პოლიტიკოსი. ის რომ მას სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მისცეს, ამის შესახებ ანა ფოტიგამ პირველად Twitter-ზე დაწერა.

„საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნების და გამჭვირვალობის ნაკლებობა დასანანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელია”, – წერდა ის Twitter-ზე.

რუსთაველზე საპროტესტო აქცია განახლდა

დღეს 13 ნოემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე კვლავ განახლდა ოპოზიციის საპროტესტო აქციები, სადაც აქციის მონაწილეები მოითხოვენ როგორც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში, ასევე საუბარია იმაზე რომ „ქართული ოცნება“ ღიად დაუპირიპირდა თავისუფალ ევროპას და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს.

აქციის დაწყებამდე ოპოზიციურმა პარტიებმა საგანგებო ბრიფინგიც გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსული ევროპარლამენტარების ციხეში არ შეშვებით, ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა ღია განაცხადი, რომ მან გადაუხვია ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.

ელენე ხოშტარიას თქმით, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელსაც არ მისცეს ციხეში სააკაშვილის მონახულების უფლება, არ არის მხოლოდ ევროპარლამენტარი, არამედ ის წარმოადგენს იმ ინსტიტუციას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი.

სალომე სამადაშვილის თქმით,  ხელისუფლების ეს ჟესტი არის ღია და აშკარა გზავნილი თუ როგორ შეაქცია ზურგი ხელისუფლებამ ევროპას, „ჩვენს საუკეთესო მეგობრებს. ეს გზა „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, რომელიც დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. დღეიდან იწყება ძალიან აქტიური ბრძოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, პირველი იმისთვის რომ გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე და მეორე, რომ ჩვენ დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“-ამბობს სამადაშვილი.

ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგი

მისი თქმით, ივანიშვილის მთავრობას მოუწევს იმის აღიარება, რა არის მათი არჩევანი – „ქვეყნის რუსეთისკენ შემობრუნება თუ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი“.

დღევანდელ ბრიფინზე იმყოფებოდა თინა ბიკუჩავაც , რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილი სააკაშვილის ციხეში გამოკეტვით, პუტინის ოცნებას ასრულებს.

„პუტინი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ღიად უწოდა მკვლელი, დიდი ხანია ოცნებობს სააკაშვილის სიკვდილზე. ახლა კი ჩვენ თვალწინ ვხედავთ, როგორ უსრულებს ივანიშვილის რეჟიმი პუტინს ამ ოცნებას“-ამბობს ბოკუჩავა.

გიგა ბოკერიას თქმით კი, ივანიშვილის რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვევს ჩვენს ქვეყანას იმას, რომ ჩვენ გადავინაცვლეთ თავისუფალი ევროპის ქვეყნებიდან იმ ჯგუფში, რომლებიც არიან პუტინის რუსეთის ფარვატერში, ეს არის საგანგაშო სიმართლე.  „თვალსა და ხელს შუა შეიძლება აღმოვნდეთ უმძიმეს პოლიტიკურ რეალობაში“-ამბობს ის.

ანა ნაცვლიშვილის აზრით კი უპრეცენდენტო გადაწყვეტილება რომელიც მიიღო ხელისუფლება, რომ არ მისცა ევროპარლამენტარს ციხეში შესვლის და სააკაშვილის მონახულების უფლება, ასევე მეტყველებს ხელისუფლების ავტიევროპულ გზავნილზე.

„ანა ფოტიგა არ წარმოადგებს მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ინსტიტუციას რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. ხელისუფლების ქმედება არის მიხურული კარი ევროპისთვის და მეორე, როცა ციხე დახურულია მონიტორინგის ეს არის იმის ნიშანი, რომ იქ ცუდი რაღაც ხდება“-ამბობა ან ნაცვლიშვილი.

აჭარაში კოვიდით 5 პაციენტი გარდაიცვალა – 13 ნოემბერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი რეგიონში 2.6 პროცენტია.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სულ 224 030 ადამიანია აცრილი. აქედან 105 271 ადამიანი ორი დოზითაა აცრილი. 259-მა ადამიანმა კი ბუსტერი ანუ მესამე დოზა გაიკეთა.

ჩატარდა 5 738 ტესტი.

ამ დროისთვის კორონავირუსზე აჭარაში 1856 ადამიანი მკურნალობს. აქედან კლინიკებში 590 პაციენტი იმყოფება, დანარჩენები კი კოვიდ სასტუმროებსა და ონლაინკლინიკებში მკურნალობენ.

კლინიკურად გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 134 პაციენტი.

როგორია აუცრელი ადამიანების წილი კოვიდით დაავადებულ ადამიანებში, იხილეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფოგრაფიკა.

დღე 13 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 78 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ხელოვნურ სუნთქვაზე 371 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში კოვიდისგან 78 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 78 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევა.

კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.15 პროცენტი.

ამავე წყაროს ცნობით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 018 ტესტი. მათ შორის 32 330 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 688 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 285 პირი.

  • დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით:

თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარა – 151, იმერეთი – 810, ქვემო ქართლი – 330, შიდა ქართლი – 355, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 413, კახეთი – 318, მცხეთა-მთიანეთი – 146, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკებში მყოფი პაციენტებიდან მძიმეა 1 643 პირის მდგომარეობა. მათ შორის, თბილისში – 630, აჭარაში – 127, იმერეთში – 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პაციენტი.

ვიდეოები უცხო ენაზე და მეტყველების შეფერხება ბავშვებში – ინტერვიუ ლოგოპედთან

მიიჩნევა, რომ ენის, მათ შორის უცხო ენის შესწავლისთვის ბავშვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი წლინახევრიდან ცხრა წლამდე ასაკია, პატარები საკმაოდ მარტივად იმახსოვრებენ უცხოურ სიტყვებსა და ფრაზებს იმ ვიდეოებიდან და ინტერნეტ-შოუებიდან, რომელთაც ყოველდღიურად უყურებენ მობილურებსა თუ პლანშეტებში – ამბობს  სარეაბილიტაციო ცენტრი „ჯიქის“ ბავშვთა ლოგოპედი მაცაცო ლომთათიძე.

იგი განმარტავს, რომ ასეთი პრაქტიკა საზიანო არ არის იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მშობლიური ენა აქვს გამართული, ანუ ვითარდება ასაკის შესაბამისად და ლექსიკური მარაგიც შესაბამისი აქვს, შეუძლია აწარმოოს დიალოგი და ა.შ. იმ ბავშვებთან კი, რომელთაც გარკვეული შეფერხებები აქვთ მეტყველების განვითარებაში, სასურველია შეიზღუდოს მსგავსი კონტენტის მოსმენა.

  • ქალბატონო მაცაცო, როდის არის პრობლემური უცხოურენოვანი ვიდეოები ბავშვებისთვის?

ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად აქვს განვითარებული ბავშვს მშობლიური ენა, როგორ მეტყველებს, როგორ ესმის გამართული მეტყველება, როგორც ექსპრესიული, ისე იმპრესიული. თუ ამ მხრივ რაიმე შეფერხება არის, ეს აუცილებლად ტოვებს თავის კვალს, აისახება ქცევაზე.

საქმე ის არის, რომ პირველ რიგში მეტყველება ვითარდება ცოცხალი კომუნიკაციით. თუ ბავშვი ეკრანზეა დამოკიდებული და მას აქვს მეტყველების შეფერხება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ახდენს ცუდ გავლენას, რაც შემდეგ ქმნის პრობლემებს სკოლაში აკადემიური უნარების განვითარების მხრივ, წერის, კითხვისა და გაგების უნარების განვითარებაში, რადგან ჯერ არ არის მშობლიური ენა განვითარებული ტიპიურად, ანუ ისე, როგორც უნდა იყოს ასაკის შესაბამისად.

ეკრანიდან ნასწავლი სიტყვები რჩება მხოლოდ  გამომსახველობით სტიმულებად, მათ გამოყენებას ბავშვი ვერ ახერხებს ცოცხალი კომუნიკაციისას, ანუ ვერ იყენებს  მიზანმიმართულად და მსგავსი პრობლემები იჩენს თავს.

  • რა ხდება მაშინ როცა ბავშვი ორენოვან ოჯახში იზრდება?
მაცაცო ლომთათიძე

ოჯახები, სადაც ორი ენა ესმის ბავშვს, ე.წ. ბილინგუალი ბავშვები, უფრო ბუნებრივ გარემოში სწავლობენ ყველაფერს, სიტყვების მნიშვნელობას უკეთ იგებენ და შესაბამისად, იყენებენ  უფრო მიზანმიმართულად, ვიდრე ეკრანიდან, მულტფილმებიდან ნასწავლ უცხოურ სიტყვებს.

ზოგადად მიიჩნევა, რომ უცხო ენის შესასწავლად და ზოგადად, ენის შესწავლისთვის ხელსაყრელი ასაკი არის წლინახევრიდან ცხრა წლამდე, მაგრამ მეორე ენის დამატება შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ერთი, მშობლიური ენა არის გამართული და ვითარდება ტიპიურად, ანუ ლექსიკური მარაგიც ასაკის შესაბამისია, მიმართულ მეტყველებას იგებს და განვითარებული აქვს რეცეპტული ენაც, ანუ შეუძლია დიალოგის წარმოება და ა.შ.

ისე კი, როცა უკვე მეტყველება განვითარდება მშობლიურ ენაზე, 4-5 წლის ასაკიდან უფრო მიზანშეწონილია დავიწყოთ მეორე ენის სწავლება.

შესაძლებელია 3-4 წლის ასაკში ტიპიური განვითარების ბავშვი ფლობდეს ორ ან სამ ენას, თუ ოჯახშიც არის უცხო ენაზე მოლაპარაკე წევრი და თუნდაც ეკრანიდან ისწავლოს, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ერთი, მშობლიური ენის განვითარებას, მას კარგად უნდა ესმოდეს მიმართვა, შეეძლოს დიალოგის გაბმა, კითხვების დასმა და ა.შ.

  • კონკრეტულად როგორ გამოიხატება უცხოენოვანი ვიდეოების ზემოქმედება ბავშვის მეტყველებაზე?

ჩემი პრაქტიკიდან რაც ჩანს, ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ ბავშვები არიან იმ მულტფილმების გარემოში და „საუბრობენ“ ზღაპრის გმირების ხმებით, ინტონაციებით. საუბარი ბრჭყალებში იმიტომ, რომ ეს არ არის რეალურად საუბარი, რადგან კომუნიკაციას კი არ ამყარებენ, უბრალოდ თავიანთ სამყაროში არიან და იმეორებენ ამ სიტყვებს არამიზანმიმართულად.

ეს რატომღაც ახარებთ დღეს მშობლებს, მაგრამ ბავშვებთან, რომელთაც მეტყველებაში გარკვეული შეფერხებები აქვთ, პრიორიტეტი უნდა იყოს ჯერ მშობლიური ენა და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია მეორე ენის ჩართვა.

  • როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარების შეფერხება აქვს?

ეს არის კონტაქტის ნაკლებობა, როცა ბავშვი არ გვაქცევს ყურადღებას.

მშობელს ხშირ შემთხვევაში ჰგონია, რომ ბავშვს არ უნდა და ამიტომ არ იხედება, მაგრამ რეალურად ყურადღების დეფიციტი ერთ-ერთი საკმაოდ საყურადღებო მომენტია.

ასევე, როცა სასურველის მოთხოვნა ხდება მითითების გარეშე, ანუ სასურველისკენ არ მიაქვს ხელი, არც მიგითითებს და ცდილობ შენ თვითონ გამოიცნო რა უნდა; როცა ხმაურზე, ბგერით სიგნალებზე არ აქვს რეაგირება, სახელზე არ რეაგირებს – ესეც დასაფიქრებელი მომენტებია.

ადრეული ასაკი არის ყველაზე ხელსაყრელი დრო იმისთვის, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას. წლინახევრის პერიოდში, როდესაც ბავშვი დედასთანაა, მას აკვირდება მშობელი და მის  ყურადღებაზეა ეს დამოკიდებული.

შემდეგ ამის პრევენცია ხდება საბავშვო ბაღში, სადაც უკვე არიან ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, სპეცპედაგოგები და ისინი ახდენენ ადრეული ასაკიდანვე პრევენციას და საჭირო შემთხვევაში გადამისამართებას.

ადრეულ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სამეტყველო აპარატი 6 წლამდე ყალიბდება. ეს არის ოქროს პერიოდი – სამიდან 6 წლამდე, როდესაც ხდება ბავშვის სამეტყველო აპარატის ჩამოყალიბება. თუ ამ ასაკში მოხდა რეაბილიტირება, ჩართვა და მუშაობა ბავშვთან, ეს აუცილებლად იქნება შედეგიანი. ცხადია, თუ მხოლოდ მეტყველების დარღვევაა და არა რაიმე სხვა მენტალური პრობლემა, რაც მოითხოვს სხვა სპეციალისტების ჩარევას.

რა ხდებოდა ბათუმში, როცა ქალაქს ბრიტანელები მართავდნენ – 18 თვე ისტორიიდან

„ეს მსხვერპლი მშვიდობისთვის იყო გაღებული,“ – აღნიშნა ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავთან დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა. ელჩმა, რომელიც ბათუმის მერთან და განათლების მინისტრთან ერთად გუშინ, 11 ნოემბერს მოინახულა მემორიალი, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პატივი მიაგო თანამეგობრობის ქვეყნების დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

მარკ კლეიტონი – დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. 11.11.2021 წელი

68 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავი ბათუმში 2013 წელს აღმოაჩინეს და მემორიალიც მოაწყვეს. დადგინდა, რომ ბრიტანელების საფლავები აქ გასული საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, ვიდრე ბათუმი დამოუკიდებელი საქართველოს ნაწილი გახდებოდა და აჭარა დაახლოებით წელიწად-ნახევარი ბრიტანული დროით ცხოვრობდა.

ბრიტანელები ბათუმის სანაპიროსთან 1918 წლის გვიან შემოდგომაზე გამოჩნდნენ. პირველი მსოფლიო ომის მიწურულს ბათუმის სანაპიროს ორი კრეისერი მოადგა – „ლივერპული“ და „ლონდონი“.

  • თავდაპირველად ბრიტანელებმა შეხვედრა ქართველებთან კრეისერზე გამართეს“ 

„1918 წლის პირველ მარტს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით ბათუმი ოსმალთა იმპერიას გადაეცა. 1918 წლის 30 ოქტომბერს კი, მუდროსის ნავსადგურში საზავო ხელშეკრულებით ბათუმის ოლქი გადაეცა ბრიტანელებს, დასრულდა ოსმალთა ოკუპაცია. როგორც ცნობილია, პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა სამთა კავშირი თურქეთის მეთაურობით და გაიმარჯვა ანტანტამ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობით,“ – გვიყვება ისტორიკოსი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი.

ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ისტორიკოსი გვაცნობს, როგორ აღმოჩნდნენ ბრიტანელები ბათუმში და რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში.

ოთარ გოგოლიშვილი მუდროსის ხელშეკრულების ჩანაწერს იხსენებს და აქცენტს ერთ სიტყვაზე ამახვილებს – „დაუყოვნებლივ“. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმის სანაპირო დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ ოსმალოელ სამხედროებს.

„ანტანტის სახელმწიფოებს შეეძლოთ აქ შემოსვლა, მაგრამ ამ დროს ინგლისს ჰქონდა ყველაზე დიდი პრეტენზია. ფრანგებსაც შეეძლოთ და ფრანგული ფლოტიც შემოვიდა აქ. ფრანგი სამხედროების საფლავიც უნდა იყოს ბათუმში, იტალიელების კიდევ, მაგრამ ჯერ კიდევ მიკვლეული არ არის,“ – აღნიშნავს ოთარ გოგოლიშვილი.

ინგლისელი მეზღვაურის პ.ო. არმსტრონგის დაკრძალვა ბათუმში. ფოტო წიგნიდან „ბათომი“, შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექცია.

ისტორიული ცნობებით, 1918 წლის ბოლოს ბათუმში 1500 ინგლისელი სამხედრო იყო. მათი მიზანი ბრიტანული მმართველობის დამყარება იყო. ოთარ გოგოლიშვილი ვარაუდობს, რომ რადგანაც ბათუმის ოლქი ოსმალეთის იმპერიას ესაზღვრებოდა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, აქ საგენერალ-გუბერნატორო შეექმნა და გამოცდილი გენერალი – კუკ-კოლისი კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნეს.

„ეს კაცი ირლანდიელი იყო და ინდოეთის აჯანყების ჩახშობაშიც მონაწილეობდა, გამოცდილი სამხედრო მოღვაწე იყო,“ – გვიყვება ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი. – „კუკ-კოლისი ბათუმში მაშინდელი კონსტანტინოპოლიდან თავისი შტაბით ჩამოსულა, 15 კაცი ახლდა, მათ შორის, იყო ჰარისი. მას დავალებული ჰქონდა ის, რომ უნდა გაეგო, როგორი ქალაქი იყო ბათუმი, რას ფიქრობდნენ ამ ქალაქში, რა სურდათ?

ჰარისს კრეისერსზე ცალ-ცალკე მიუწვევია ქრისტიანი და მუსლიმი ქართველები, ასე ჩანს დოკუმენტებიდან… მაუსლიმ ქართველებთან დიდი ხანი გაგრძელებულა საუბარი. კუკ-კოლისს დავალება ჰქონდა – უნდა გაერკვია, ვისზე უნდა გაკეთებულიყო არჩევანი. ჰარისს თავდაპირველად არჩევანი მუსლიმ ქართველებზე გაუკეთებია, მაგრამ საბოლოოდ კუკ-კოლისს უთქვამს, რომ რუსეთს და ქრისტიან ქართველებს ეს გააღიზიანებდა.“

ისტორიკოსის თქმით, ამ დროს ერთი ამბავი ყოფილა ინგლისურის მცოდნე ადამიანების პოვნა – ინგლისური ერთეულებს სცოდნიათ.

ოთარ გოგოლიშვილი ყურადღებას ამახვილებს მასლოვის ჩანაწერებზე, რაც ბოლომდე გამოკვლეული დღემდე არ არის. მასლოვი „რუსული ნაციონალური საბჭოს“ წარმომადგენელი იყო ბათუმში. ბრიტანელი გენერალი კუკ-კოლისი მასაც შეხვედრია.

ბრიტანელი ჯარისკაცების შემოსვლა ბათუმში. ფოტო წიგნიდან „ბათომი“, შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექცია

„როგორც ჩანს, ასე მოითათბირეს, რომ საწყის ეტაპზე მასლოვისთვის დაევალებინათ ქალაქის მართვა. მასლოვმა პირწავარდნილი შოვინისტები მოკრიბა და ყოფილი ჩინოვნიკები… თავის ჩანაწერებში წერს, მხოლოდ მგალობლიშვილში შევცდი, აგენტი ყოფილაო. ამ დროს ბათუმში ბრიტანელები ეხმარებოდნენ დენიკინსაც იარაღით და საწვავით, აქედან გადიოდა გემები, ასევე ცოცხალი ძალა.

მალე ბრიტანელებმა დაინახეს, რომ ასე არ გამოვიდოდა. ბათუმზე პრეტენზიას აცხადებდა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანიც. ბრიტანელებს კი, ბათუმის საქართველოსთვის დაბრუნება არ სურდათ. პირიქით, დემოკრატიული საქართველოს პირველ ხელისუფლებასთან საზღვრები გაამყარეს, მიმოსვლა შეწყდა,“ – ამბობს ოთარ გოგოლიშვილი.

რა სურდათ ბრიტანელებს ბათუმში? 

„საუბარი იყო გარკვეულწილად ცალკე სახელმწიფოზე, ე.წ. ყარსის ხელშეკრულება, რომლის დედაქალაქიც იქნებოდა ბათუმი და იქნებოდა ბუნებრივია ბრიტანული მმართველობა, ეს იქნებოდა გარკვეული ბუფერული ადგილი,“ – ამბობს ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი.

ისტორიკოსი იმ დროისთვის საქართველოს რთულ მდგომარეობას გვახსენებს, როცა დემოკრატიული საქართველოს პირველი მთავრობა არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა, მათ შორის, იყო ბათუმის ოლქი, რომლის დაბრუნებასაც თურქეთის იმპერია ითხოვდა. ოთარ გოგოლიშვილი აქცენტს აკეთებს 1919 წლის ვერსალის საზავო ხელშეკრულებაზეც.

„ამ დროს სომხებმა წარმოადგინეს რუკა და თქვეს, რომ ბათუმში მოსახლეობის დიდი ნაწილი სომეხია. ბათუმზე მოთხოვნა ჰქონდა აზერბაიჯანსაც ბაქოს ნავთობის გამო. მათაც ჰქონდათ არგუმენტაცია, რომ უმჯობესი იქნებოდა ეკონომიკურადაც აზერბაიჯანს გადასცემოდა ბათუმის ოლქიო.

არსებობდა ასეთი ორგანიზაციაც – „სედაი მილეთი“, რაც ნიშნავს ხალხის ხმას. ეს ორგანიზაცია ამბობდა, რომ ბათუმის ოლქი ისევ უნდა დაჰბრუნებოდა თურქეთს, რადგან აქ ბევრი მუსლიმი ცხოვრობდა და პროთურქული ორიენტაცია არსებობსო.

მაგრამ ბრიტანელები ამ ყველაფერს ისხლეტდნენ და ნელ-ნელა ბათუმი ინგლისური ტიპის ქალაქი ხდებოდა,“ – გვიყვება ისტორიკოსი.

ინგლისელი მეზღვაური ბათუმში. ფოტო წიგნიდან „ბათომი“, შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექცია

ისტორიკოსის თქმით, ბათუმში ბრიტანელების მმართველობის დროს გაჩნდა შრომის და სავალუტო ბირჟებიც, სადაც ბრიტანული გირვანქა-სტერლინგი იყო დომინანტი, გამოუშვეს ბრიტანული მარკები, ბათუმში შემოდიოდა ევროპული საქონლით დატვირთული გემები.

თუმცა პერიოდულად დემონსტრაციებიც იმართებოდა – ბათუმელები დედასამშობლოსთან დაბრუნებას ითხოვდნენ.

ბრიტანელები ძალიან დემოკრატიულად მოგვექცნენ, როგორც კი დაინახეს ჩვენი არჩევანი“  

1919 წლის 15 აპრილს ბრიტანელ კუკ-კოლისს დაუთხოვია მასლოვი და მისი „რუსული ნაციონალური საბჭო“, თუმცა ბრიტანელ სამხედრო მმართველებთან ნოე ჟორდანიას მთავრობამ საერთო ენა მაინც ვერ გამონახა.

ამ დროს აღადგინეს ნავთობსადენიც, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა მცირე იყო.

ძალიან უჭირდათ ბათუმშიც.

1919 წლის 6 სექტემბრის ღამეს ბათუმის სანაპიროსთან შემოსულ ინგლისური გემს დაესხნენ თავს.

„იყო ტერორისტული ჯგუფები, 30-მდე ბანდა იყო ამ დროს ბათუმში, იყვნენ ქართველები, სხვა ეროვნების ადამიანებიც… გემზე ყოფილა ფული და საყოფაცხოვრებო საქონელიც, ატყდა სროლა და 12 ბრიტანელი მაშინ მოკვდა. ასეთი შეტაკებები სხვა დროსაც იყო,“ – გვიყვება ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი.

ამ დროს გააქტიურდა „სამუსლიმანო საქართველოც“. დემონსტრანტები დედასამშობლოსთან დაბრუნებას ითხოვდნენ. ისტორიკოსი ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებულ როლს ერთ ბრიტანელ და-ძმას ანიჭებს – ოლივერ და მარჯორი უორდროპებს, რომლებიც დემოკრატიული საქართველოს პოპულარიზაციას ეწეოდნენ და ბრიტანელი სამხედროებსაც ესაუბრებოდნენ ამის შესახებ.

„ბრიტანელები ძალიან დემოკრატიულად მოგვექცნენ, როგორც კი დაინახეს ჩვენი არჩევანი, საბოლოოდ დაინახეს, რომ ბათუმის გადაცემა ისევ საქართველოსთვის აჯობებდა,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი. თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ 1920 წლის ივნისის ბოლოს, როცა ბრიტანელმა სამხედროებმა ბათუმის სანაპირო დატოვეს, პრაქტიკულად ბოლშევიკები იმარჯვებდნენ თეთრგვარდიელებზე.

ისტორიკოსი კიდევ ერთ ისტორიულ დოკუმენტს იხსენებს, რომლის მიხედვითაც ვიდრე ბრიტანელები ბათუმს დატოვებდნენ, თებერვლის ბოლოს, ბათუმის ბულვარში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

„უცნობია, რა აფეთქდა, მაგრამ ამას 14 ბრიტანელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამას გამოუწვევია აღშფოთება. ზოგი ამას მენშევიკებს აბრალებდა, ზოგი დენიკინის აგენტებს, რომ ისევ რუსები დაბრუნებულიყვნენ აქ და ასე შემდეგ…“  – დასძინა ისტორიკოსმა, ოთარ გოგოლიშვილმა.

ლადო შარაშიძე, საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი და ბათუმში დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელი, ბრიტანელი სამხედროების ბათუმიდან გასვლას ასე იხსენებდა:

„მე მოწმე ვიყავი ამ პროცედურისა, რაც ბათუმში ჩატარდა ინგლისელების მიერ აქედან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პროცედურა გაიმართა 1920 წლის ივნისის მეორე ნახევარში, ახლანდელი სამხედრო კომისარიატის შენობის წინ, რუსთაველისა და კომკავშირის ქუჩების შესაყართან. ეს შენობა ეკავა ინგლისელების სამხედრო კომენდატურას და მის წინ აღმართულ ბოძზე ინგლისის დროშა ფრიალებდა.

დღის მეორე ნახევარში ამ შენობის წინ ქუჩის ორივე მხარეზე ჩამწკრივებული ჯარისკაცების ორი ოცეული იდგა – ერთი იყო ინგლისელების, მეორე კი მენშევიკური საქართველოს ჯარისკაცები. დაახლოებით 5 საათზე იქუხა ზარბაზანმა [ჩვენ შეჩვეული ვიყავით ზარბაზნების ასეთ გასროლებს, ჯერ ერთი, ყოველდღე, შუადღით, გასროლილი ზარბაზნის ხმა ეფინებოდა მთელს ქალაქს – იგი იუწყებოდა, რომ 12 საათი შესრულდა], ამის შემდეგ კი სასულე ორკესტრის მუსიკის ხმაზე ბოძიდან ნელ-ნელა ჩამოეშვა ინგლისელების დროშა და მის ადგილას აღიმართა მენშევიკური საქართველოს დროშა. ამ დროს ახლანდელი კომკავშირის ქუჩიდან მოისმა ხალხის ხმაური, რაც ხშირად ლოზუნგების წარმოთქმის ფორმას იღებდა…,“ – იხსენებდა ლადო შარაშიძე.

სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა 68 ბრიტანელი ჯარისკაცი ბათუმში? – ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი ვარაუდობს, რომ ბრიტანელი სამხედროების ნაწილი პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ სხვადასხვა ადგილზე და ბათუმში დაკრძალეს, ნაწილი – ტერორისტებთან შეტაკებების დროს.

რა არის ცნობილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის დაღუპული სამხედროების შესახებ? – ბრიტანეთის საელჩოდან მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ესაა ცნობილი: ეს ჯარისკაცები ბრიტანეთის სამხედრო ძალის შემადგენლობაში იყვნენ და მათი სახელები თურქეთში ჰეიდარ ფაშას ისტორიულ სასაფლაოზე იყო ამოტვიფრული.

1918 წლის 22 დეკემბრიდან 1920 წლის 7 ივლისამდე ბათუმი დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომი იყო. ფოტოზე საქართველოს ხელისუფლებისთვის ბათუმის გადაცემაა აღბეჭდილი. ტრანსპარანტებზე წერია: გაუმარჯოს გაერთიანებულ საქრისტიანო და სამუსლიმო საქართველოს, უკან დგას სობორი, რომელიც 1932 წელს დაანგრია მომდევნო ხელისუფლებამ.

მთავარი ფოტო: ბრიტანელი ჯარისკაცების შემოსვლა ბათუმში

ადვოკატი ბათუმში სუსთან დაკავებულ ოპოზიციონერებს ვერ პოულობს – „ეს გატაცებაა“

იურისტი მირზა მამულაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ ახერხებს დღეს, 12 ნოემბერს, ბათუმში, სუსის შენობასთან დაკავებული ოპოზიციონერების ადგილსამყოფლის დადგენას. ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის იურისტი და დაკავებულების ინტერესების დამცველია.

მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას და იმ მოტივს, რაც პოლიციამ მათ მიმართ დღეს გამოიყენა საიას იურისტი აფასებს, როგორც „გატაცებას – რეპრესიებს მშვიდობიანი  დემონსტრანტების მიმართ.“

დღეს დილით პოლიციამ სუსის შენობასთან „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები – ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე და პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ გორგაძე დააკავა. მათ სუსის შენობასთან აქცია პერფორმანსი გამართეს, შენობის შესასვლელთან გააჩერეს მანქანა, რომლის საქარე მინაზეც ტრანსპარანტები ჰქონდათ განთავსებული. ისინი ამ აქციით მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

მირზა მამულაძის ინფორმაციით, მოგვიანებით პოლიციამ სუსის შენობასთან „გირჩი მეტი თავისუფლების“ კიდევ ერთი დემონსტრანტი დააკავა, იურისტი მის დაკავებას „გატაცებას“ უწოდებს:

„გაიტაცეს, ეს სიტყვა ზუსტად ასახავს იმას, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები, რომელთაც ამ ქვეყნის უსაფრთხოება აბარიათ, ახორციელებენ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.“

იურისტის ინფორმაციით, რომა მახარაძე მაშინ დააკავეს, როცა ის სუსის შენობასთან მუსიკას უსმენდა:

„აქტივისტები უსმენდნენ მუსიკას და ამ ფორმით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს იმ პროცესების მიმართ, რაც ქვეყანაში ვითარდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ამ მუსიკის გამორთვა იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი იზღუდებოდა. არადა იყო დღის საათები და რასაც ისინი აკეთებდნენ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა. მუსიკას უსმენდნენ არც მაინც და მაინც მაღალ ხმაზე, რომ ვინმე შეწუხებულიყო, მეც იქ გახლდით.

დაკავების დროს საკმაოდ ხმადაბლა მიმდინარეობდა კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებს შორის. უცებ, ფაქტობრივად, ადამიანი გაიტაცეს, როცა მუსიკა უკვე გამორთული იყო. ის, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.“

რაც შეეხება დაკავებულების ადგილსამყოფელს, იურისტის ინფორმაციით, მათ პოლიციამ ჯერ არასწორი მისამართი მიაწოდა:

„ჯერ საპატრულოში ვცადეთ ინფორმაციის მოძიება, თუ სად იყვნენ დაკავებულები. განგვიმარტეს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში იყვნენ გრიბოედოვის ქუჩაზე. აქ გვითხრეს, რომ ჯერ არ გადმოუყვანიათო. ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში ჩვენთვის უცნობი იყო  იმის შესახებ, სად ჰყავდათ დაკავებულები“.

სავარაუდო ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ქობულეთშია გადაყვანილი, ამის დაზუსტებას ახლა სახალხო დამცველის წარმომადგენელი ცდილობს.

„თუ დაკავებულები ქობულეთში არიან, გაუგებარია ჩემთვის რატომ. ვარაუდის დონეზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თითქოს მოერიდნენ დამატებით პროტესტის კერის შექმნას. ამ ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში არ აძლევენ  დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელების შესაძლებლობას. ცდილობენ, რომ მათ არ ჰქონდეთ კომუნიკაცია ადვოკატთან. როცა პოლიციელი აკავებს პირს, ის უნდა გადაიყვანოს სასამართლოში. სასამართლომ უნდა შეამოწმოს ადამიანის დაკავების კანონიერება.“

მირზა მამულაძის თქმით, გიორგი ფუტკარაძის დაკავების კადრებში კარგად ჩანს, რომ მისი მხრიდან არანაირ დაუმორჩილებლობას, ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება თემურ გორგაძეს, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა და კარი ჰქონდა ჩაკეტილი, იურისტი მიიჩნევს, რომ ეს ქმედებაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში:

„ამან შეიძლება გარკვეული დისკომფორტები შეუქმნა მათ, თუმცა პროტესტი მათ შორის ამ ფორმით გამოხატვა გულისხმობს იმასაც, რომ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს შეიძლება გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ. სწორედ ეს არის პროტესტის მიზანი. ამიტომაც ამ შემთხვევაშიც დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო – აქ თუ ფორმალურად მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდათ სამართალდამცავებს, დანარჩენი ორის დაკავება წარმოადგენდა წმინდა წყლის რეპრესიას“.

Exit mobile version