მთავარი,სიახლეები

პროკურატურამ კაცი ძალით გადაიყვანა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, ის საკონსტიტუციოში ჩივის

03.02.2022 • 1206
პროკურატურამ კაცი ძალით გადაიყვანა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, ის საკონსტიტუციოში ჩივის

კაცი, რომელიც ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ექსპერტიზაზე იძულებით გადაიყვანეს, საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დღეს, 3 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ ლევან დარსალიას სარჩელი არსებითად განიხილა. თუკი სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს ამ კუთხით არსებული წესების შეცვლა მოუწევს.

მოქალაქე ლევან დარსალია იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესზე პროკურორს შეუძლია მოითხოვოს ბრალდებულის სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე იძულებით გადაყვანა, თანაც 20 დღემდე ვადით. სადავოა კონკრეტულად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებას იძულებით ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებაზე მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს.

სადავოა ისიც, რომ ბრალდებულს მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ აქვს.

ლევან დარსალიას ოჯახში ძალადობის ჩადენას ორჯერ ედავებოდა გამოძიება. ორივე შემთხვევაში ლევან დარსალია ფსიქიკურ ექსპერტიზაზე იძულებით გადაუყვანიათ პროკურორის მოთხოვნით და შემდეგ უკვე სასამართლოს ნებართვის საფუძველზე. ორივე შემთხვევაში დადასტურდა, რომ მოსარჩელეს შერაცხადობის პრობლემა არ აქვს.

გარდა ამისა, ლევან დარსალია 2018 წელს ოჯახში ძალადობის საქმეზე სრულად გამართლდა, 2019 წელს კი, ადვოკატ ზურაბ ჯანაშიას თქმით, ნაწილობრივ გამართლდა და მას პირობითი მსჯავრი შეუფარდეს.

შემთხვევა, რომლის შემდეგაც ლევან დარსალიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, 2019 წლის აგვისტოში იწყება – ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლევან დარსალია აღკვეთი ღონისძიების სახით დააპატიმრეს სასამართლოს დარბაზში.

იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს პროკურორმა უთხრა, რომ ბრალდებულ ლევან დარსალიას სავარაუდოდ შერაცხადობის პრობლემა აქვს და ექსპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიულ დეპარტამენტში უნდა გადაიყვანონ 20 დღით.

პროკურორს მოსამართლისთვის უთქვამს, რომ უნდა დადგინდეს, იყო თუ არა შეურაცხადი კაცი ოჯახში ძალადობის ჩადენის დროს. პროკურორს საკუთარი შუამდგომლობისთვის „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის  ცენტრიდან“ ამოღებული სამედიცინო ისტორიაც დაურთავს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ზურაბ ჯანაშია. – „ლევანს ჰქონდა 5 თუ 6 წლის წინ მიმართული სტაციონარისთვის და იყო აღრიცხვაზე, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უპირობოდ იძულებით შემოწმებაზე გადამიყვანონ დღეს, თუკი ბრალს წარმიდგენენ?“

მსგავს შუამდგომლობებს სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც – პროკურორის მიმართვიდან 2 დღეში მოსამართლემ ლევან დარსალიას 20 დღემდე ვადით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში მოთავსების ნებართვა გასცა.

„განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ – ამ სიტყვებით სრულდებოდა მოსამართლის განჩინება.

„ბრალდებულის მწვავე განცდების საფუძველი იყო ოჯახური ძალადობის წინა ბრალდების საქმეზე, სტაციონარში იძულებით გატარებული დღეები, რა დროსაც მას უწევდა იმ არაადექვატური ქცევების და ხმების მოსმენა, რასაც გამოსცემდნენ ფსიქიატრიულ მკურნალობას/გამოკვლევას დაქვემდებარებული ადამიანები. აქვე აღვნიშნავთ, რომ წინა ბრალდების საქმეზე იგი გამართლდა, ხოლო სტაციონარული გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის თანახმად, იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და არანებაყოფლობით იძულებით მკურნალობას არ საჭიროებდა,“ – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში.

ლევან დარსალია ფსიქიატრიულ დეპარტამენტში 8 დღე გააჩერეს.

„…იძულებით, არანებაყოფლობით და მისთვის მწვავედ მიუღებელ თავისუფლების შეზღუდვის ქვეშ იმყოფებოდა 8 დღე. თავად დასკვნის თანახმად, ლევან დარსალიას კვლავ არ დაუდგინდა შეურაცხადობა და მიეთითა, რომ იგი იძულებით, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებდა,“ – აღნიშნულია სარჩელში.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, 48 საათში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“.

კიდევ ერთი ჩანაწერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან: „ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისთვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით“. კანონი ამ დროს არ ითვალისწინებს ბრალდებულის, ან მისი ადვოკატის შესაძლებლობას, პოზიცია გამოთქვას პროკურორის შუამდგომლობაზე, წარადგინოს საწინააღმდეგო, კრიტიკული მოსაზრებები, თუ მტკიცებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად ადვოკატი არის შუამდგომლობის ავტორი.

ადვოკატი ზურად ჯანაშია მიიჩნევს, რომ საუკეთესო და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გამოსავალი იქნება, თუ სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მსგავს შემთხვევას, ანუ ბრალდებულს აქვს საშუალება წარადგინოს მტკიცებულებები, ამტკიცოს საპირისპირო და თუკი ამაში სასამართლოს ვერ დაარწმუნებს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„გასაგებია, რომ პროკურორს შესაძლოა ჰქონდეს ეჭვი, ხომ არ ჰქონდა ბრალდებულს შერაცხადობის პრობლემა. ცხადია, სტაციონარული შემოწმებაც უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება… ასევე უმთავრესია, არსებობდეს გასაჩივრების შესაძლებლობა“, – გვითხრა ზურაბ ჯანაშიამ.

ჯერ უცნობია, როდის მიიღებს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: