კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 2 თებერვალი

2 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარაში – 2 190, იმერეთში – 3 689, ქვემო ქართლში – 1 581, შიდა ქართლში – 1 466, გურიაში – 439, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 1 623, კახეთში – 1 298, მცხეთა-მთიანეთში – 617, სამცხე-ჯავახეთში – 511, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 102.

1 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 23.40% ხოლო 7 დღის მანძილზე – 26.38%.

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე რეზოლუციაზე – „რუსეთი აგრესორია“

„ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩემთვის ნათელია, რომ რუსეთი ახორციელებს აგრესიას. ამ შემთხვევაში ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი,“ – მიიჩნევს დავით ნარდაია, ის ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეა. დავით ნარდაია დღეს, პირველ თებერვალს ნატო-ს საინფორმაციო ცენრის ორგანიზებით რეგიონული მედიის ჟურნალისტებს შეხვდა. ონლაინშეხვედრაზე ჟურნალისტებმა კითხვები ძირითადად უკრაინაზე დასვეს და იმ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისე, რომ რუსეთი არც კი ახსენა.

„უნდა იყოს თუ არა პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნახსენები რუსეთი?“ – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ნატო-ში საქართველოს წარმომადგნლის მოადგილეს მას შემდეგ, როცა მან თქვა, რომ „რუსეთი ახორციელებს აგრესიას“. დავით ნარდაიას ვუთხარით ისიც, რომ ხელისუფლების ცალკეული პირი „ოცნებიდან“ ამბობს იგივეს, რომ რუსეთი აგრესორია, თუმცა რეზოლუციაში იმავეს არ წერენ.

„მე არ ვარ პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ… მე ვარ ბიუროკრატი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და შემიძლია ვთქვა ის, რაც კეთდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად რა კეთდება ნატოში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელებთან კონსულტაციით, ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრები, ვცვლით ინფორმაციას, ყოველ კვირა ვაჯერებთ პოზიციებს უკრაინელებთან ერთად…

პარლამენტი არის ორგანო, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღება. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით უნდა მიიღონ პარლამენტარებმა. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ რუსეთი აგრესორია და ამას ვამბობ არამხოლოდ 2008 წლიდან გამომდინარე, მე თვითონ ვარ წარმოშობით აფხაზეთიდან, ვარ იძულებით გადაადგილებული პირი, ჩემთვის რუსეთი აგრესორია მოყოლებული 1991 წლიდან. ამიტომ ჩემთვის კითხვა არ არსებობს ამასთან დაკავშირებით,“ – გვიპასუხა დავით ნარდაიამ.

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა საქართველოს პოზიციაზე და რეზოლუციაზე საუბარი ნატო-ს მაღალჩინოსნებთან და რამდენად აისახება ეს საქართველოს იმიჯზე, როცა ჩვენ ნატო-ში წევრობა რუსეთისგან მოსალოდნელი, თუ შექმნილი საფრთხის გამო გვინდა, ოფიციალურად კი, ამას რეზოლუციით ვერ ვამბობთ.

დავით ნარდაიას შევახსენეთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით ექსპერტები აფასებენ, როგორც „გაურკვეველს“, „არადამაჯერებელს,“ ასევე „ჰგავს რუსული პოზიციის გამყარების მცდელობას“.

„იმოქმედებს თუ არა ეს კონკრეტული რეზოლუცია ჩვენს იმიჯზე, ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას, ყველამ იცის ნატოში ჩვენი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, ყველამ იცის ჩვენი პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. მიუხერდავად იმისა, საბოლოოდ რა ტექსტი იქნება რეზოლუციაში, ამას ნატო-ში გავლენა იმაზე, თუ რა იმიჯი გვექნება ჩვენ, დამერწმუნეთ არ ექნება. ყველას ესმის ჩვენ რა პოზიცია და დამოკიდებულება გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციის მიმართ,“ – აღნიშნა დავით ნარდაიამ.

ქმნის თუ არა მინიმუმ უხერხულობას, როცა რუსეთის ხსენების გარეშე იღებს რეზოლუციას პარლამენტი? – ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ კითხვის პასუხად ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინის საკითხი მხოლოდ უკრაინას არ ეხება და ეს პირდაპირ ჩვენი ფრონტიცაა.

„უკრაინის საკითხი დღეს არა მხოლოოდ უკრაინას ეხება, არამედ ჩვენც გვეხება. ეს არის ფრონტი, რომელიც არამხოლოდ უკრაინას და რუსეთს ჰყოფს, არამედ ჰყოფს რუსეთს და დანარჩენს დემოკრატიულ სამყაროს.

ამიტომაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ეხება არამხოლოდ უკრაინას.

თქვენ თუ გაიხსენებთ ბოლო ასეთ მაღალი დონის შეხვერას, ეს იყო მინისტერიალი რიგაში, სადაც საქართველო და უკრაინა ერთად  ვიყავით შეხვედრაზე, სადაც საქართველო და უკრაინა ერთიანი პოზიციით გავედით, სადაც საქართველო და უკრაინა ზუსტად ერთსა და იმავეზე ვსაუბრობდით… ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ როცა საუბარია უკრაინაზე, არ იყოს საუბარი მხოლოდ უკრაინაზე. ეს პროცესი უკრაინით არ დაწყებულა, პროცესი დაიწყო საქართველოდან, სამწუხაროდ 2008 წელს. მე ასე ვიტყოდი, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ მიექა, ზუსტად ამით არის განპირობებული მოვლენები, რა მოვლენებიც განვითარდა შემდგომში უკრაინაში.

ის აგრესია, რასაც რუსეთი ახორციელებს დღეს უკრაინის მიმართ, ის აგრესია, რაც განხორციელდა, მაგალითად, ყირიმის აგრესიით, ეს საკითხი ეხება არამხოლოდ უკრაინას, ეს საკითხი პირდაპირ გვეხება ჩვენ.

არ ვიცი, რეზოლუციაზე მოლაპარაკებები როგორ დასრულდება, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხს ყოველთვის ესმება ხაზი, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ოკუპაციას, რომ ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი იმ აგრესიული პოლიტიკის, რასაც რუსეთი ახორციელებს აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ ვართ უკრიანელი მეგობრების გვერდით და ამას გამოვხატავთ არამხოლოდ საუბრებით, მოლაპარაკებებზე, არამედ იმ საერთაშორისო ფორუმებზე, შეხვედრებზე, სადაც ჩვენ და უკრაინა ერთობრლივად გამოვდივართ.

იმის თქმა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვუჭერთ უკრაინას მხარს, ან არასათანადოდ ვუჭერთ მხარს, ამაზე ალბათ ვერ დაგეთანხმებით – მე ვიცი, ყოველდღიურად აქ რაც ხდება,“ – აღნიშნა ონლაინშეხვედრაზე კითხვის პასუხად დავით ნარდაიამ, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ.

კითხვებზე პასუხის გაცემამდე დავით ნარდაიამ ისაუბრა ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო-ს სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტში რუსეთი აღარ განიხილება და გამოჩნდა ახალი მოთამაშე – ჩინეთი.

„2010 წლის სტრატეგიულ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ ნატო-ს აქვს თანამშრომლობა რუსეთთან. წარმოიდგინეთ, თანამშრომლობაზე იყო საუბარი. დღეს არანაირ თანამშრომლობა არ არსებობს… რუსეთის მისია ნატო-ში არ ფუნქციონირებს… ნატო შეეცდება შეინარჩუნოს ჩანაწერი, რომ ნატო განაგრძობს დიალოგს რუსეთთან, რათა არ მოხდეს ესკალაცია სხვადასხვა საკითხზე.

ჩინეთი 2010 წელსაც იყო აქტუალური, მაგრამ მაშინ ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ ამის ასახვა არ იყო საჭირო. ამ შემთხვევაში იქნება საინტერესო ნატო-ს პოლიტიკა რა იქნება ჩინეთთან დაკავშირებით… ნატო-ს მოუწევს ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბება ჩინეთთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა დავით ნარდაიამ.

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეს ჟურნალისტებმა საქართველოს სამეზობლოზეც ჰკითხეს, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრის დროს.

„მე მაქვს თურქეთის იმედი,“ – აღნიშნა დავით ნარდაიამ და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის გარდა, საქართველოს სხვა მეზობლებთან არ აქვს ცუდი ურთიერთობა: „ვიცი, რომ ეს არ არის პოპულარული მოსაზრება, განსაკუთრებით ზოგიერთ რეგიონში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თურქეთი არის ყველაზე დიდი ინვესტორი, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე. თურქეთი არის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი არამხოლოდ მორალური, ან განცხადებების დონეზე, არამედ ფინანსური კონტრიბუტორი, როდესაც საუბარი გვაქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. წლების განმავლობაში თურქეთი ხარჯავს საკმაოდ სოლიდურ თანხას იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები.

დამეთანხმებით, რომ თურქეთს რაღაც სხვა აზრები ჰქონდეს, შენ არ დაეთანხმები შენს მეზობელს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა პოზიცია გააჩნია თურქეთს საქართველოს მიმართ. თურქეთი არის ყველაზე აქტიური ქვეყანა ნატოში, როდესაც საუბარი ეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს. ნებისმიერი გამოსვლა, რომელიც აქვს თურქეთის წარმომადგენელს ნატოში, ამბობს: მე ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი ქვეყანა გუშინ, დღეს და ხვალ კი არა, უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. თურქეთი არის ჩვენი ერთადერთი მეზობელი, რომელთანაც საზღვარი გვაქვს დადგენილი“.

„ჩემი მშობლები ფრონტის ხაზთან რჩებიან“ – უკრაინელი, რომელიც 5 წელია ბათუმში ცხოვრობს

ნატაშა შევჩენკო მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად უკრაინიდან ბათუმში რამდენიმე წლის წინ გადმოსახლდა და აქ ინტერიერის დიზაინის სტუდია გახსნა.

უკრაინაში ნატაშასა და მისი მეუღლის მშობლები, ნათესავები და მეგობრები რჩებიან.

ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და 2014 წლის ომს იხსენებს უკრაინაში.

  • ნატაშა შევჩენკო, ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე:

„5 წელია რაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ საქართველოში. ლუგანსკის ოლქიდან ვარ, იმ ნაწილიდან, რომელიც ისევ უკრაინის შემადგენლობაშია. დიდხანს ვცხოვრობდით ხარკოვში და შემდეგ ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად.

ჩემი მშობლები ფრონტისპირა ზონაში ცხოვრობენ, ლუგანსკში. ომის დროს საკუთარი თვალით ნახეს მათი ქალაქის აღება და მერე გათავისუფლება. მეუღლის მშობლები კი ხარკოვში ცხოვრობენ და მხოლოდ ტელევიზორიდან ვიგებთ, რა ხდება იქ.

ნატაშა შევჩენკო ოჯახთან ერთად, ბათუმში

ლუგანსკთან 2014 წლიდან მოყოლებული არ წყდება სროლები და ამასთან შეგუება უწევს ხალხს. ამასაც შეეჩვივნენ, მაგრამ მშვიდად ცხოვრება და მუშაობა უნდათ ადამიანებს.

თუ ისევ დაიწყება უკრაინაში ომი, ჩემი ასაკოვანი მშობლები ვერსად წავლენ, არ უნდათ წასვლა. რას იზამს ჩემი და თავის 18 წლის შვილთან ერთად, ომი რომ დაიწყოს, არ ვიცი, ამ თემაზე არ გვისაუბრია.

ომი არავის უნდა ჩემს ქვეყანაში. უკრაინაში ახლა ყველა მშვიდობისთვის ლოცულობს.

2014 წელს, როცა საშინელება ტრიალებდა ლუგანსკში, ომის შუაგულიდან ჩამოვიდა ჩემი და შვილთან ერთად ხარკოვში, სადაც შედარებით სიმშვიდე იყო.

უკრაინის ამბებს ვიგებთ მეგობრების, მშობლების და ნაცნობებისგან. საქართველოს ძალიან შევეჩვიეთ, ძალიან კარგად მიგვიღეს, აქ მშვიდად ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს, ადგილობრივებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ.

ნატაშა შევჩენკო

რუსეთს უკრაინის ნატოში შესვლა არ სურს, ამიტომაც ხდება ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში. არავინ იცის რა იქნება მომავალში, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, მდგომარეობა შეიძლება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში დაიძაბოს. სამწუხაროდ, ესაა ჩვენი რეალობა.

ბათუმში ბევრი უკრაინელი ცხოვრობს და მუშაობს, არამხოლოდ 2014 წლის ომის დროს წამოსული ხალხი, სხვა დროსაც გადმოსახლებულები. ზუსტად არ ვიცი მათი რიცხვი, მაგრამ პირადად მე ბათუმში 80-მდე ნაცნობი მყავს უკრაინელი.

ახლა უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი რამ არის, მშვიდობა და ქვეყნის საზღვრების ხელშეუხებლობა“.

როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ესტონეთში

ვაკო გოგუაძე ბათუმელია. ის ბოლო შვიდი წელია ესტონეთში ცხოვრობს და მუშაობს. ვაკო იმ მიზეზებზე გვიყვება, რის გამოც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ევროპაში.

  • ვაკო, რამდენი წელია, რაც ესტონეთში ცხოვრობთ და რატომ დატოვეთ საქართველო?

უნივერსიტეტი ბათუმში 2009 წელს დავამთავრე და მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ და მინდოდა ჩემს სფეროში დამეწყო მუშაობა. „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში წალკაში წავედი სამუშაოდ და ორი წელი სოფელში ვიმუშავე. ამ პერიოდში, ერთი თვით ამერიკაშიც გავემგზავრე საერთაშორისო პროგრამით.

შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდი, რადგან ჩემს ქალაქში მინდოდა ცხოვრება. სკოლებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე განცხადებები გავაგზავნე, მაგრამ არცერთ საჯარო სკოლაში არ ამიყვანეს. პიროვნულად ისეთი ადამიანი ვარ, არ მიყვარს „ჩაწყობები“, როცა ვიღაც ნათესავი გეხმარება და ასე პოულობს სამსახურს, ეს არ მინდოდა.

  • როგორ ფიქრობ, ვინც თქვენს ნაცვლად აიყვანეს, თქვენზე კვალიფიციური იყო?

ჩემზე კვალიფიციურები იყვნენ თუ არა, ამას ვერ გეტყვით, რადგან ითქვა, რომ კონკურსი იყო და მე მონაწილეობა მივიღე. წლები ვერ დაველოდებოდი, ამიტომ სამუშაოს ძიება თბილისში დავიწყე. ორი სკოლიდან მივიღე შემოთავაზება, ერთ-ერთი ნიუტონის სკოლა იყო, ნახევარ-ნახევარ განაკვეთზე დავსაქმდი და ხუთი წელი ვიმუშავე. შემდეგ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ.

  • რატომ, ხომ იყავით დასაქმებული?

მაგისტრატურაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ბათუმის უნივერსიტეტი ბაკალავრიატი დავამთავრე, ახალს არაფერს მთავაზობდა. ქართულად მიმდინარეობდა სწავლება და ინგლისური ენის შესახებ რაღაც კვლევაც, ქართულად უნდა დამეწერა. ამ კვლევას საქართველოს გარდა ვერსად გამოვიყენებდი.

იმ ადამიანებსაც ვესაუბრე, ვინც იმ პერიოდში დაამთავრა ეს პროგრამა და მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა. არანაირი სიახლის ძიება, ახალი ცოდნის შეძენა აქ არ ხდებოდა, ერთი და იგივე რაღაცის ტკეპნა მომიწევდა, რომლის კეთება ნამდვილად არ მსურდა. ამიტომ გადაწყვიტე ევროპაში წამოსვლა.

რა თქმა უნდა, თბილისში ვიშოვე სამუშაო, დამატებით ბავშვებსაც ვამზადებდი, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდი იმას, რომ თანხა გადამედო თუნდაც იმისთვის, რომ მესწავლა და პროფესიულად წინ წავსულიყავი. ლექტორად მინდოდა მემუშავა, ჩემი სიტყვა მინდოდა მეთქვა განათლების სფეროში.

ბოლოს მოვიპოვე სრული დაფინანსება ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში მოვხვდი 100%-იანი გრანტით. გარდა ამისა, მქონდა სტიპენდიაც და ეს შემოთავაზება მაკმაყოფილებდა. წარმატებით დავასრულე საინფორმაციო ტექნოლოგიები 2016 წელს, კვლევა დავწერე თუ როგორ ინერგება და როგორ იყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს ქართული სკოლები.

სწავლიდან მესამე წელს სამსახურიც ვიშოვე, ინგლისურ ენას ვასწავლიდი ენის სკოლაში. აქ უნივერსიტეტები ძალიან გიწყობენ ხელს  მუშაობის დროს, თუ ლექციას ვერ ესწრები, ლექტორები ჩანაწერებს გიგზავნიან, შეუძლიათ ადრეც გამოგიშვან ლექციიდან თუ სამუშაოზე მიდიხარ, ყველანაირად გიწყობენ ხელს.

  • რომ დაბრუნებულიყავით საქართველოში გქონდათ იგივე პერსპექტივა?

სხვათა შორის, ვცადე საქართველოში სამუშაოს მოძიება ესტონეთში სწავლის დროს. ერთ-ერთი ვაკანსია იყო იუსტიციის სახლში და ვფიქრობ, რომ ჩემი კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა საკონკურსო მოთხოვნებს, თუმცა აქედანაც უარი მივიღე. ამის შემდეგ საქართველოში სამსახურის მოძებნა აღარც მიცდია. ვფიქრობ, თუ არავინ გმფარველობს, საქართველოში რაიმე ღირებულ სამუშაოს ვერ იშოვი.

ახლა ესტონეთის საერთაშორისო სკოლაში ვმუშაობ, უცხო ენების პროგრამის ხელმძღვანელი ვარ და ინგლისურს ვასწავლი, როგორც მეორე ენას. ჩვენს სკოლაში 45 ეროვნების მოსწავლე სწავლობს და, შესაბამისად, ამ ბავშვებს სწავლის გარდა გარემოსთან ადაპტაციაშიც ვეხმარები.

ბევრ რამეს ვსწავლობ ბავშვებისგან, მშობლებისგან და კოლეგებისგანაც. ამ ყველაფერმა მიბიძგა, რომ ჩამებარებინა დოქტორანტურაში და წელს ვასრულებ სან დიეგოს უნივერსიტეტში დოქტორანტურას. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ვერ შევძლებდი სწავლის საფასურის გადახდას – იმას, რასაც აქ ვახერხებ მასწავლებლის ხელფასით.

  • რამდენია მასწავლებლის მინიმალური ხელფასი ესტონეთში? ჩვენთან მასწავლებლები უკმაყოფილო არიან ანაზღაურებით.

გააჩნია მასწავლებლის კვალიფიკაციას. ხელფასის ოდენობა დაახლოებით 1700 ევროდან იწყება და იწევს ზემოთ. შეიძლება იყოს 2-2500 ევროც. საქართველოში რთულია ისიც, რომ რაც არ უნდა აკეთო, ეს არ ისახება შენს ანაზღაურებაზე. გარდა იმისა, რომ გაქვს ხელფასი, რითაც თვიდან თვემდე ცხოვრობ, სხვას ვერაფერს აკეთებ. ვერც პროფესიულ ზრდას ახერხებ და ვერც მოგზაურობას. ამის შესაძლებლობებს საქართველო ვერ გაძლევს.

  • რით განსხვავდება ქართული და ესტონური სკოლა, აქაც ხშირად ახსენებ ხოლმე ესტონურ მოდელს.

კლასში, რაოდენობრივად ბევრი ბავშვი არ ზის, მაგრამ გამოწვევები ძალიან დიდია. გვყავს შშმ ბავშვები, ბავშვები, რომლებმაც არ იციან ენა და უნდა დაეხმარო არა მარტო ენის სწავლაში, გარემოსთან ადაპტაციაშიც. დიფერენცირებული სწავლება მიდის, ინდივიდუალური პროგრამები იწერება ბავშვებისთვის – განათლება მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული.

ასევე მშობლებიც გვერდით გვიდგანან. მშობელთან კომუნიკაცია აქ ძალიან ადვილია, რადგან მშობელი ყოველთვის დაინტერესებულია შვილის აკადემიური მოსწრებით. გვაქვს ღია კარის დღეებიც, ნებისმიერ დროს შეუძლია მშობელი მოვიდეს, დაესწროს, თვითონაც ჩაერთოს, მოჰყვეს თავისი ამბავი, წაუკითხოს წიგნები მოსწავლეებს. არ არის ბარიერები – „უკაცრავად თუ შეიძლება შემოვიდე“ და მსგავსი ფორმალობები.

ჩემთვის ეს იყო გასაოცარი, რადგან დაძაბული სიტუაცია არ არის, როცა მშობელი მოდის ან კოლეგა გესწრება – კოლაბორაციაა თანამშრომლებს შორის და არ არსებობს რაღაც ჩაკეტილი ოთახი. როგორც მასწავლებელს, შემიძლია შევიდე სადამრიგებლო კლასში და ბავშვებს დავეხმარო საგნის მასწავლებელთან ერთად, მაგალითად ბიოლოგიის ან მათემატიკის გაკვეთილზე თუ რაღაც ვერ გაიგეს. ერთობლივად ვცდილობთ, რომ ბავშვის მოსწრება ავამაღლოთ.

ასევე სოციალური ფონიც ძალიან მნიშვნელოვანია – წარმოიდგინეთ იაპონელი რომ ჩამოვა ისეთ ცივ ქვეყანაში, როგორიც ესტონეთია, ცოტა უჭირს, ამიტომ ამ ბავშვებისთვის განსაზღვრული აკადემიური აქტივობები გვაქვს, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი.

  • ბევრი ქართველი ცხოვრობს ესტონეთში, ახალგაზრდობა რამდენად არის დასაქმებული?

კი, ბევრი ქართველი ცხოვრობს, საკმაოდ წარმატებულები – არიან ექიმები, პროფესორები. სადღაც 500-ზე მეტი ოჯახია, ვინც ოფიციალურადაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, სადღაც 200-300 სტუდენტია.

ჩემს კურსზე 7 ქართველი სწავლობდა. ინტეგრირებული პროგრამა იყო ჩემი და ბევრი პროფესიის ადამიანი გავიცანი. აქედან ზოგი სხვა ქვეყანაში წავიდა, ზოგი საქართველოში დაბრუნდა და რომ ვერაფერი ნახა სამუშაო, ისევ ესტონეთში დაბრუნდა.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს დასაქმების მიმართულებით? ალბათ იცით, რომ საკმაოდ ბევრი სტუდენტი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აისახება მათი განათლება საქართველოზე, როგორი უნდა იყოს დასაქმების პოლიტიკა?

სახელმწიფო ევროპული განათლების მიღებაში ხელს რომ უწყობს ახალგაზრდებს, ეს ძალიან კარგია. ჩემს შემთხვევაში სახელმწიფო არ დამხმარებია, ესტონეთმა მომცა დაფინანსება. კვალიფიციური ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი წესით მაღალი უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ ასე არ არის.

როცა ახალგაზრდა აქ ჩამოდის, ხედავს პერსპექტივებს, ღიაობას, როგორც განათლებაში, ასევე სამსახურში აყვანის პროცესში, შემდეგ კი ბრუნდება უკან და ხედავს სიბნელეს, ვიღაც-ვიღაცები როგორ საქმდებიან მესამე პირის ჩარევით, იმიტომ, რომ ვიღაცის ახლობელი თუ ნათესავია. რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი აღარ უჩნდება საქართველოში დარჩენის.

რაიმე რომც გააკეთოს, ფიქრობს რომ შეუმჩნეველი დარჩება, ანაზღაურება კი თვიდან თვემდე არ ეყოფა.

ვფიქრობ, ეს მიდგომაა შესაცვლელი. სამსახურში აყვანის დროს ხალხი რეალურ გასაუბრებას უნდა გადიოდეს, რეალური, ჯანსაღი კონკურენცია უნდა არსებობდეს და არა ის, ვინ ვისი ნათესავია.

ისეთი გარემო უნდა არსებობდეს, სადაც მეც ვსწავლობ ვიღაცისგან რაღაცას და ჩემგანაც სწავლობენ და არა ეს მბრძანებლური ტონი. ყველა აკეთებს თავის საქმეს და ასეთი მიდგომებით მივდივართ საბოლოო შედეგამდე, რომელიც ნათელი და განმარტებულია.

ომიკრონის ვარიანტი BA.2 უფრო გადამდებია ვიდრე „ორიგინალი“ – დანიური კვლევა

დანიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტი, რომელიც სწრაფად გავრცელდა დანიაში, უფრო გადამდებია, ვიდრე ომიკრონის უფრო გავრცელებული BA.1 ვარიანტი და უფრო ადვილად შეუძლია აცრილი ადამიანების ინფიცირება. კვლევის შესახებ როიტერსი წერს.

კვლევამ, რომელმაც გააანალიზა კორონავირუსული ინფექციები 8500-ზე მეტ დანიურ ოჯახში დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდში, აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტით ინფიცირებული ადამიანები დაახლოებით 33 პროცენტით უფრო მეტად აინფიცირებდნენ სხვებს, ვიდრე BA.1-ით ინფიცირებულები.

მსოფლიოში ომიკრონის „ორიგინალ“ ვარიანტ BA.1-ზე  ომიკრონის შემთხვევების 98%-ზე მეტი მოდის, მაგრამ მისი მონათესავე ვარიანტი BA.2 მალევე გახდა დომინანტური შტამი დანიაში.

„თუ კონტაქტი გქონდათ ომიკრონ BA.2-თან, 39 პროცენტია ალბათობა იმისა, რომ დაინფიცირდეთ შვიდი დღის განმავლობაში. თუ მის ნაცვლად დაგემართათ BA.1, ალბათობა არის 29 პროცენტი”, – ამბობს „როიტერსთან“ საუბრისას კვლევის წამყვანი ავტორი, ფრედერიკ პლესნერი.

BA.2-ით ინფიცირების შემთხვევები ასევე რეგისტრირებულია აშშ-ში, ბრიტანეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობით, ვიდრე დანიაში, სადაც BA.2 შეადგენს შემთხვევების დაახლოებით 82%-ს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ BA.2 BA.1 -ზე უფრო ძლიერი იყო ვაქცინირებული და დაბუსტული ადამიანების ინფიცირებაში, რაც მიუთითებს მის უფრო ძლიერ „იმუნური აცილების თვისებებზე“.

კვლევაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ვაქცინები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, რადგან როგორც ბუსტერით ვაქცინირებული, ასევე სრულად ვაქცინირებული პირები ნაკლებად ინფიცირდებოდნენ და ასევე ნაკლებად აინფიცირებდნენ სხვებს, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით.

დანიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ომიკრონის ამ ვარიანტებს შორის ჰოსპიტალიზაციის რისკი ერთნაირია.

________________________________________________

მთავარ ფოტოზე: კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის კომპიუტერული გენერირებული სურათი. წყარო: Uma Shankar Sharma/Getty Images

პანდემიის პერიოდში ათი ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნა – ჯანმო

გადაგდებული შპრიცები, გამოყენებული ტესტის კომპლექტები და გამოყენებული ვაქცინის ბოთლები COVID-19 პანდემიის შედეგად დაგროვდა და წარმოქმნა ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში, რომელიც დღეს, პირველ თებერვალს გამოქვეყნდა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სასწრაფოდაა საჭირო ნარჩენების უტილიზაციის სისტემების დახვეწა.

ჯანმო: COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ დაგროვებულმა ათი ათასობით ტონა დამატებითმა სამედიცინო ნარჩენებმა დიდი დატვირთვა მოახდინა ჯანდაცვის ნარჩენების მართვის სისტემებზე მთელს მსოფლიოში, რაც საფრთხეს უქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. 

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ პანდემიის პერიოდში დახმარების სახით სხვადასხვა ქვეყნისთვის გაიგზავნა 140 მილიონზე მეტი კოვიდტესტის ნაკრები, რაც წარმოქმნის 2600 ტონა არაინფექციურ (ძირითადად პლასტმასს) და 731,000 ლიტრ ქიმიურ ნარჩენებს (ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის ერთი მესამედის ეკვივალენტი). ამასთანავე, გლობალურად გაკეთდა ვაქცინის 8 მილიარდი დოზა, რაც ქმნის 144, 000 ტონა დამატებით ნარჩენს შპრიცების, ნემსების და უსაფრთხოების ყუთების სახით.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ როდესაც გაერო და ქვეყნები მუშაობდნენ პერსონალური დაცვის საშუალებებით მიწოდების უზრუნველყოფაზე, ნაკლები ყურადღება და რესურსი დაეთმო COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო და მდგრად მართვას.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკების მომარაგება პერსონალური დაცვის სწორი საშუალებებით“, – თქვა დოქტორმა მაიკლ რაიანმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა. „მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ეს საშუალებები გამოყენებულ იქნას უსაფრთხოდ, გარემოზე ზემოქმედების გარეშე“ – დასძინა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში არ არის დასახელებული კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ სად მოხდა კოვიდის პანდემიის ნარჩენების ყველაზე მძიმე დაგროვება, მაგრამ ნახსენებია ისეთი გამოწვევა, როგორიცაა შეზღუდვები ნარჩენების ოფიციალურ დამუშავებასა და განთავსებაში ინდოეთის სოფლებში.

ჯანმოს ცნობით, პანდემიამდეც კი, მსოფლიოში ჯანდაცვის ობიექტების დაახლოებით მესამედი არ იყო აღჭურვილი არსებული სამედიცინო ნარჩენების დამუშავებისთვის. ღარიბ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 60% იყო.

მოხსენებაში წერია, რომ საჭიროა რეფორმები და ინვესტიციები, მათ შორის შეფუთვის შემცირებისთვის და ისეთი დამცავი საშუალებების გამოყენებისთვის, რომლებიც დამზადებულია მრავალჯერადი და გადამუშავებადი მასალებისგან.

___________________________________

ფოტოზე: პირბადე ბათუმის სანაპიროზე. ფოტო: „ბათუმელები“

განახლებას წყლისთვის 179 829 ლარი დახარჯეს, სოფელი უწყლოდაა – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხელვაჩაურის მერიამ ორ სოფელში გემურაულსა და განახლებაში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით გეოლოგიური კვლევისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გადაიხადა. ხოლო სოფელ განახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე 134 829 დახარჯა. თუმცა, სოფელს წყალი არ მიეწოდება.

„მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, ანალოგიური მიზეზის გამო არ გამოიყენება მეორე სოფელში მოწყობილი ჭაბურღილიც.

აღნიშნული გარემოებით დასტურდება, რომ მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ გეოლოგიური კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის და მიღება-ჩაბარების ეტაპზე არ განხორციელდა სათანადო ღონისძიებები, არ გაითვალისწინეს წყლის მიუწოდებლობის შესაძლო რისკები. შედეგად, მოსახლეობისთვის წყლის ფაქტობრივი მიუწოდებლობის პირობებში, მერიამ ჩაიბარა სამუშაოები და ბიუჯეტიდან ჯამში გახარჯულია 179 829 ლარი,“ – ნათქვამია დასკვნაში, რომელსაც აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს.

აუდიტის კიდევ ერთი მიგნება შპს „ხელვაჩაურის წყალკანალს“ ეხება.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტში არსებული 66 ერთეული წყალსადენის რეზერვუარის მოვლა-ექსპლუატაციისთვის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ დასაქმებულია 81 შტატგარეშე თანამშრომელი, რომლებზეც ორი წლის განმავლობაში გაიცა ხელფასი 431 000 ლარის ოდენობით.

„დასაქმებულ პირებს უნდა განეხორციელებინათ წყლის და შენობა-ნაგებობის რეცხვა-გასუფთავება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. ამასთან, ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული რწმუნება შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე,“ – ნათქვამია დასკვნაში.

აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალმა“, 2019-2020 წლებში სათავე ნაგებობების გაწმენდისთვის, 195 შემთხვევაში 19 ფიზიკურ პირთან ყოველთვიურად გააფორმა ერთჯერადი ხელშეკრულებები და ბიუჯეტიდან დამატებით გადაიხადა 369 985 ლარი. თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით მათ მიერ სამუშაოების ფაქტობრივად განხორციელება ვერ იქნა დადასტურებული.

შესაბამისად, 2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტმა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ მეშვეობით, წყალსადენის სათავე ნაგებობების და რეზერვუარის მოვლა-ექსპლუატაციისათვის დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე შრომის ანაზღაურებისათვის ჯამში 800 985 ლარი დახარჯა.

„ვერ დგინდება შესრულებული სამუშაოების მოცულობა, პერიოდულობა, შემსრულებელ პირთა ვინაობა და სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა. აქვე საყურადღებოა, რომ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალს“ 2019 წლის 1 ივნისამდე აღნიშნული საქმიანობისათვის დამატებითი ხარჯები არ გაუწევია და სამუშაოები თავად განახორციელა, ხოლო აუდიტის პერიოდში მოპოვებული ინფორმაციით, 31 სათავე ნაგებობების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ შტატგარეშედ დასაქმებული ოპერატორ-დეზინფექტორები,“ – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტმა ხელვაჩაურის მერიას მისცა რეკომენდაცია, რომ დანერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც დროულად გამოავლენს ხარვეზით შესრულებულ სამუშაოებს, განახორციელებს სათანადო რეაგირებას და უზრუნველყოფს შესრულებაში ნაჩვენები სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენას.

ამასთან, მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს წყალსადენის სათავე ნაგებობების მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების მიზანშეწონილობის შესახებ, დაადგინოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დადასტურების გარეშე და წყლის სისტემის გაუმართაობის პირობებში, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები 2 აპრილს გაიმართება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს გაიმართება.

ინფორმაცია ამის შესახებ ცესკომ დღეს, პირველ თებერვალს გამოაქვეყნა.

ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ადლიის საარჩევნო ოლქში უნდა აირჩიოს.

ადლიის საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე იყო. იგი 2021 წლის ნოემბერში, ახალი საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა. ენმ აცხადებს, რომ მასზე მმართველი პარტია ზეწოლას ახდენდა და მის მოსყიდვას ცდილობდა.

მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ბათუმის საკრებულოში გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. 35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში ამჟამად „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.

იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.

______________

ფოტოზე: 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში.

4 თებერვალს, „მედცენტრი“ ონკოლოგებთან უფასო კონსულტაციას გთავაზობთ

4 თებერვალს, კლინიკა „მედცენტრი“ გთავაზობთ ონკოლოგების უფასო კონსულტაციას და 50-პროცენტიან ფასდაკლებას ექიმის დანიშნულ კვლევებზე.

ამასთან, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის სკრინინგ პროგრამებით.

ასევე, ბათუმში რეგისტრირებულ ქალბატონებს შეუძლიათ ონკომარკერებით სარგებლობა!

ჩასაწერად დაუკავშირდით: 596 22 60 60

ბათუმში, თამარის დასახლებაში წყალი შეწყდა – ავარიული დაზიანება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, პირველ თებერვალს თამარის გამზირსა და მთლიანად, თამარის დასახლებაში წყალმომარაგება შეწყდა.

კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება დღესვე აღდგება 22 საათიდან.

„ბათუმის წყლის“ ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

დღეიდან მოქალაქეს კოვიდის დროს შეუძლია მეთვალყურეობა მიიღოს თავისი ოჯახის ექიმისგან – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს შეუძლიათ შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ თავიან ოჯახის ექიმს.

„დღეიდან შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, გადავედით დეცენტრალიზებულ მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია უკვე კოვიდისთვის მეთვალყურეობა მიიღოს თავისივე ოჯახის ექიმისგან.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რომლებმაც იციან, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და როგორც კი დიაგნოზი დაუდასტურდებათ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და მიიღონ მისგან ბინაზე მეთვალყურეობა და რჩევა, თუ კი საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, გადამისამართდებიან ჰოსპიტალში“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

საქართველოში კოვიდით 15 016 ადამიანი გარდაიცვალა – პირველი თებერვალი

stopcov.ge-ის ინფორმაციით, პირველი თებერვლის მდგომარეობით კორონავირუსმა საქართველოში უკვე იმსხვერპლა 15 016 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ყოველდღიურად იზრდება ქვეყანაში ინფიცირების სტატისტიკა. მაგალითად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 24 201 ადამიანი დაინფიცირდა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე, მაგალითად გუშინ, როცა 13 150 ადამიანი იყო ინფიცირებული.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოვიდით ინფიცირების სტატისტიკა მუდმივად მზარდია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სიკვდილიანობის თითქმის 86 პროცენტი მოდის 60 წელს ზემოთ ადამიანებზე.

დღეს, პირველ თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ  „მწვანე პასპორტები“ გააუქმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს არ უპასუხა კითხვაზე – დაუჭირა თუ არა მხარი „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას?

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდითაა ინფიცირებული 164 572 ადამიანი. მათგან 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე

ბუსტერიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებზე დაკვირვების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ბუსტერდოზა გაკეთებული აქვთ, იშვიათია ომიკრონით ინფიცირების შემთხვევა.

„ბუსტერიზირებულებში ინფექციის განვითარება ომიკრონის შედარებით იშვიათია და ის მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ სლოგანს, რომ ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ორჯერადად აცრისა და ბუსტერდოზის გაკეთებისკენ განსაკუთრებით 60 წელს ზევით მყოფ ადამიანებს მოუწოდებს.

„სადაც მეტი გვაქვს გართულებები, სადაც მოდის სიკვდილიანობის თითქმის 86 პროცენტი 60 წელს ზემოთ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან, ვინც არ არის ორჯერადად აცრილი, ხოლო ვინც ორჯერადად აცრილია, გაიკეთონ ბუსტერი,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, პირველ თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ  „მწვანე პასპორტები“ გააუქმა. ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს არ უპასუხა კითხვას: დაუჭირა თუ არა მხარი „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას?

ხელისუფლებამ „მწვანე პასპორტი“ გააუქმა იმ ვითარებაში, როცა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დღე-ღამეში უკვე 24 ათასს გასცდა, ხოლო ქვეყანაში კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

თიბისიმ ბიზნესების მხარდასაჭერად 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა და ფრანგულმა საფინანსო ინსტიტუტმა, „პროპარკომ“ 50 მილიონი დოლარის სასესხო ხეშეკრულებას მოაწერეს ხელი. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერასა და მათი კაპიტალის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება, რაც ქვეყანაში ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, პროპარკოს რეგიონალური დირექტორი, სტეფან ფრუასარდეი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლა ესწრებოდნენ

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა პროპარკოსთან გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ორივე მხარის მზაობას, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას შევუწყოთ ხელი და წვლილი შევიტანოთ საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მიმართულებით. აღნიშნული ტრანზაქცია რიგით მეორე წარმატებული პარტნიორობაა პროპარკოსთან. იმედი მაქვს,  მომავალშიც ერთად არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„მოხარული ვარ, რომ, 10-წლიანი ინტერვალის შემდეგ, თიბისისთან თანამშრომლობას ვანახლებთ,  საქართველოში SME სექტორის განვითარების მხარდასაჭერად. ეს ტრანზაქცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს, გააძლიეროს თავისი სტრატეგია ბიზნესების მხარდაჭერის მიმართულებით და ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი სრულად მოხმარდება ბიზნესმომხმარებლების საჭიროებებს“,  – სტეფან ფრუასარდეი, პროპარკოს რეგიონალური დირექტორი თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

პროპარკო Agence Française de Développement ჯგუფის (AFD Group) კერძო სექტორის დაფინანსების ინსტიტუტია. ის 40 წელზე მეტია, რაც მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განვითარებას უწყობს ხელს. პროპარკო აფინანსებს ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში და ისეთი სექტორების განვითარებაში შეაქვს წვლილი, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა,  განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ჯანდაცვა  განათლება და სხვა.

მწვანე პასპორტი გაუქმდა – მთავრობა

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ე.წ. მწვანე პასპორტი გაუქმდა.

„ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება.

ის პირები, რომელთაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ მისით სარგებლობას“ – განაცხადა დღეს, პირველ თებერვალს გიორგი ღიბრაძემ,  საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა.

ე.წ. მწვანე პასპორტი, იგივე მწვანე სტატუსი, საქართველოში პირველ დეკემბერს ამოქმედდა და იგი საჭირო იყო რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ ობიექტებში, სპაცენტრებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგიროებზე შესასვლელად.

მწვანე პასპორტი ჰქონდა პირს, თუ იგი იყო კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული, ან ჩატარებული ჰქონდა 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი.

„ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი“ – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაში დარღვევებზე 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ისეთ იურიდიულ პირს დაუკვეთა, რომელსაც მსგავსი სამუშაოს ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2 884 841 ლარი გაიცა.

აუდიტმა გამოარკვია, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, სამუშაოების შესასრულებლად სხვა პირები დაიქირავა.

საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ 2019 წელს გამოაცხადა. ტენდერში  ამხანაგობა „მშენებლებმა“ გაიმარჯვა, რომელიც ორი იურიდიული პირის მიერ იყო დაფუძნებული 2019 წლის 18 იანვარს.

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოემზადებინა შპს „მშენებელთა ჯგუფი“, ხოლო სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა „ახალ სტილს“.

სახელმწიფო აუდიტმა გამოარკვია, რომ პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიმწოდებელს, შპს „მშენებელთა ჯგუფს“ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნდა და ფაქტობრივადაც ეს სამუშაო მას არ შეუსრულებია. სამუშაოები მესამე მხარემ შეასრულა.

„სატენდერო კომისიის ოქმებით ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის შესაბამისი გამოცდილება წარმოდგენილი აქვს ამხანაგობის დამფუძნებელს, შპს „ახალ სტილს“ და მისი ვალდებულებაა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა როგორც პროექტირების შემთხვევაში, ანალოგიურად, სამშენებლო საქმიანობა ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია და გაფორმებულია დამატებითი ხელშეკრულება შპს „მშენებელი 2020“-თან, რომელიც დაფუძნებულია 2019 წლის 11 ივნისს.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნდა სამშენებლო საქმიანობის გამოცდილება. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიება. შედეგად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელა გამოცდილების არმქონე შპს-მ, ამასთანავე, სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ინსპექტირება ჩატარდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების, შესრულების აქტში ასახულ სამუშაოებთან შესაბამისობაზე, რაც წარმოშობს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის რისკს,“ – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენისას და შემდეგ მშენებლობისას, დაშვებულია გარკვეული სახის ხარვეზები. კერძოდ, კონტრაქტით უნდა აეშენებინათ 2 805 კვ.მეტრი ფართი, თუმცა ააშენეს 61 კვ.მ-ით ნაკლები – 2 744 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართობი.

„აღნიშნული მიუთითებს, რომ არ მიმდინარეობდა სათანადო ზედამხედველობა, მერიამ მიიღო სატენდერო წინადადებასთან შეუსაბამოდ შედგენილი პროექტი, არ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და შეუსრულებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გადახდილია არანაკლებ 45 760 ლარით მეტი,“ – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ეს არ არის ერთადერთი არამიზნობრივი ხარჯი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს გაღებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. მერიამ კომპანიას აუნაზღაურა სატრანსპორტო ხარჯი, მასზე დარიცხული ზედნადები ხარჯებისა და მოგების ჩათვლით, ჯამში 45 064 ლარი.

„ეკომიგრანტი ოჯახებისათვის 2 884 841 ლარის ღირებულების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა გამოცდილების არმქონე იურიდიული პირის მიერ, სადაც საბაზრო ფასთან შედარებით, ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი, ხოლო სატრანსპორტო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ანაზღაურებულია 45 064 ლარი. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის და არამართლზომიერი ქმედების რისკებს,“ – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტმა რეკომენდაცია გასცა, რომ მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე ეფექტიან ზედამხედველობას, კვალიფიციური ქვეკონტრაქტორის შერჩევას, ხარვეზების დროულად გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას. ამასთან, დაადგინოს მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების პირობებში სამუშაოს ჩაბარების გამომწვევი მიზეზები და გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.

ხელვაჩაურში აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათთან ერთად არიან მოქალაქეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.

საპროტესტო აქცია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები“ აუდიტორების მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.

მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.

აჭარის მთავრობის აპარატიდან აქციის მონაწილეებს ჯერ არავინ გამოხმაურებიათ.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

ამავე თემაზე: 

ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი სხვაგანაც მუშაობს – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი სხვაგანაც მუშაობს – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი, რომელთა ხელფასზეც ბიუჯეტიდან 230 851 ლარი დაიხარჯა, პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა.

ეს და სხვა ათობით დარღვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია მოცემული, რომელსაც აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს.

აუდიტის თანახმად, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სრულფასოვნად არ გამოიყენებოდა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა. ამასთან არ დასტურდება, რომ ის 64 პირი, რომლებიც შეთავსებით სხვა უწყებებშიც იყვნენ დასაქმებული, მუნიციპალიტეტში სამუშაო დროს რაციონალურად იყენებდნენ.

„მერს როგორ არ უნდა შეეძლოს შეუღოს ოპოზიციას კარები და დაელაპარაკოს“ – ენმ-ს წევრი საკრებულოში

ბათუმის მერიის ცენტრალურ შესასვლელში ისევ პოლიციის კორდონი დგას. მერის კაბინეტთან მისვლის უფლებას არ აძლევენ საკრებულოს ოპოზიციის წევრებს, რომლებიც რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს წევრებს პოლიციის კორდონით ესაუბრება. ოპოზიციის წევრები რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვენ ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, თუმცა კარებთან პოლიცია დგას და მათ მერთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს.

„დღეს ჩვენ არ ვაპირებდით მერთან შეხვედრას, თუმცა შესასვლელთან პოლიციის კორდონი დაგვხვდა და შენობაში შესვლის უფლებას არ მოგვცეს. ჩვენ არ ვაპირებთ მერთან ჩხუბს, გუშინ საკმაოდ გაგვცა მერმა პასუხები და მისი პოზიცია გასაგებია ჩვენთვის.

ფაქტია, რომ დღეს ბათუმის მერიას მართავს სპეცსამსახური, უშიშროება. საკრებულო ფაქტობრივად არის უფუნქციო, არაფერი კეთდება. ჩვენ გვაქვს საკითხები, მათ შორის აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, უშტატო თანამშრომლებთან და კიდევ სხვა საკითხები, თუმცა მერს ამაზე საუბარი არ სურს.

ეს ადამიანი პოლიციის კორდონით გველაპარაკება. მერს როგორ არ უნდა შეეძლოს შეუღოს ოპოზიციის კარები, თუნდაც რადიკალური ოპოზიციის და დაელაპარაკოს. თუმცა, ამას ეს არ შეუძლია“, – ამბობს რეზო ხარაზი.

საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი პოლიციამ მერის კაბინეტთან არ მიუშვა

რეზო ხარაზის თქმით, დღეს ისინი აღარ აპირებდნენ მერთან შეხვედრას. ამის მიუხედავად, პოლიციამ მეორე სართულზე ასვლის უფლება არ მისცა.

ხარაზის აზრით, მსგავს სიტუაციაში ბათუმის არცერთი მერი არ ყოფილა. „მინდა მივმართო თორნიკე რიჟვაძეს, რამდენი ხანს აპირებს მერის პოლიციით დაცვას“, – ამბობს ხარაზი.

ერდოღანი 3 თებერვალს უკრაინაში ჩადის

ხუთშაბათს, 3 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინაში ჩადის პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მიზანი რეგიონში დაძაბულობის განმუხტვაა.

ასევე, ცნობილია, რომ დაგეგმილია ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც თურქეთში შედგება.

გასულ კვირას ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს თურქეთში შესთავაზა შეხვედრა მოლაპარაკებისთვის.

„თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის არ გაღრმავდეს და კრიზისში არ გადაიზარდოს“ – განაცხადა ერდოღანმა.

____________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

სილქნეტმა ევრობონდებით 300 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

2022 წლის 31 იანვარს სილქნეტმა, საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, 300,000,000 აშშ დოლარის 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების შესახებ გამოაცხადა.

2019 წლის პირველ ემისიასთან შედარებით, ახალი ევრობონდები სილქნეტმა 100 მლნ აშშ დოლარით მეტი მოცულობით გამოუშვა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 11-დან 8.375%-მდე შემცირდა, რაც რეგიონის სხვა მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ვოდაფონ უკრაინასა და თურქ ტელეკომის მაჩვენებლების დონეზეა და სილქნეტის საინვესტიციო მიმზიდველობაზე მიუთითებს.

სილქნეტის ახალ ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს ამერიკისა და ევროპის მაღალი ხარისხის, ინსტიტუციურმა საინვესტიციო კომპანიებმა. ასევე, ობლიგაციები პირველად შევა JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა სილქნეტის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა.

გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება, საერთაშორისო ბაზრებზე სილქნეტისა და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ ერთი დასტურია. მინდა მივულოცო სილქნეტის გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, ევრობონდების წარმატებული განთავსება. მოზიდული თანხებით კომპანია გააგრძელებს ქვეყანაში საუკეთესო სატელეკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და განვითარებას.“

დავით მამულაიშვილი, სილქნეტის გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ სილქნეტმა წარმატებით განახორციელა ახალი ობლიგაციების გამოშვება და კომპანიამ მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსი. 2019 წელს ევრობონდების პირველი ემისიის შემდეგ, სილქნეტმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქსელის მოდერნიზაციაში, საქართველოში ერთადერთმა დანერგა გიგაბიტ LTE – 4.9G მობილური ქსელი. ასევე, წარმატებით დავასრულეთ IT ტრანსფორმაციის 2-წლიანი პროცესი. ახალი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გავაგრძელოთ კომპანიის განვითარება და ჩვენი აბონენტებისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლე და ინოვაცია დავნერგოთ.“

გამოშვებული ობლიგაციებიდან მოზიდული სახსრებით მოხდება არსებული ვალდებულებების რეფინანსირება და კომპანიის შემდგომი განვითარების დაფინანსება. ობლიგაციების ემისიის ბუქრანერები ერთობლივად იყვნენ JP Morgan და UBS, ასევე თანამმართველი იყო თიბისი კაპიტალი. Dentons სილქნეტის, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal – თანამმართველების იურიდიული მრჩევლები იყვნენ.

თებერვლის პირველი დღეები ბათუმში უნალექო იქნება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი თებერვლის 21 საათიდან 2 თებერვლის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდბელია  ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12- 17 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

შიდანმთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 3-4 თებერვალს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმში სუპერმარკეტის შუშები სავარაუდოდ გაქურდვის მიზნით ჩაამსხვრიეს

დღეს დილით, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სუპერმარკეტების ქსელ „მეტრომარტის“ თანამშრომლებს, მაღაზიის შესასვლელში შუშები ჩამსხვრეული დახვდათ.

სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს ან ქურდობის მცდელობას.

თანამშრომლებმა არაფერი თქვას, წაღებულია თუ არა სუპერმარკეტიდან თანხა ან პროდუქცია.

ადგილზე უკვე მუშაობენ კრიმინალისტები.

რიგები ტესტის ასაღებად – აჭარაში კოვიდის 2 204 ახალი შემთხვევაა

პირველი თებევრლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 776 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე.

დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა.

______________

ფოტოზე: კოვიდზე ტესტირების მსურველთა რიგი ბათუმის პირველ პოლიკლინიკასთან. პირველი თებერვალი, 2022.

დადასტურდა კოვიდის 24 201 ახალი შემთხვევა, 36 პაციენტი გარდაიცვალა

პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა.

გასულ 24 საათში 36 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28,41%, ბოლო 14 დღის – 21,96%, ბოლო 7 დღის – 24,96%.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდითაა ინფიცირებული 164 572 ადამიანი. მათგან 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარაში – 2 204, იმერეთში – 3 134, ქვემო ქართლში – 1 199, შიდა ქართლში – 1 461, გურიაში – 473, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 1 628, კახეთში – 1 059, მცხეთა-მთიანეთში – 683, სამცხე-ჯავახეთში – 471, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 89.

ღარიბაშვილს კოვიდი დაუდასტურდა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის ომიკრონის შტამი დაუდასტურდა.

განცხადება ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შშმ გოგო ხულოდან: „თმის შეჭრა მინდოდა ბათუმში, მაგრამ უფროსი ყვიროდა – ეტლი გაიყვანეთო“

24 წლის შშმ პირი, ლელა ჯორბენაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში ცხოვრობს. ლელა ამბობს, რომ მისი მთავარი სურვილია შშმ პირებისთვის ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, ოპერაციები, წამლები თუ სხვა რამ, უფასო იყოს. 

„დაბადებიდან მაქვს შშმ პირის სტატუსი, როგორც ჩემმა მშობლებმა მითხრეს, 2 წლის ვიყავი პენსია რომ დამენიშნა. 

მინდა, რომ ასაკით პენსიონერებისა და ჩვენი პენსიები არ განსხვავდებოდეს, მინდა თანაბრად იყოს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ პენსიას რომ უზრდიან ასაკით პენსიონერებს და შშმ პირებს არა, არასწორია. ჩვენ რა დავაშავეთ? ძალიან ბევრი გვეხარჯება მკურნალობაში, წამლებში, ჰიგიენურ საშუალებებში“.  

ლელა ეტლით მოსარგებლეა, სწორედ ამიტომ ის იძულებულია განსაკუთრებით ზამთარში, მთელი დღეები სახლში გაატაროს:

„ზამთარში საერთოდ ვერ გავდივარ გარეთ, რადგან ეტლი თოვლში ვერ დადის. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ვახერხებ სახლიდან გასვლას კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ, მაგრამ ხშირად ვერ გავდივარ გარეთ. 

სოფლისა და ქალაქის ცხოვრება ძალიან განსხვავდება, აქ სულ საქმეა, ყანა-ჭალა და ა.შ.  მე კი მარტოს, დამოუკიდებლად არ შემიძლია გარეთ გავიდე. ქალაქში მცხოვრები შშმ პირები გადიან გარეთ, ზოგი მუშაობს კიდეც, მე კი უმეტეს დროს ტელევიზორთან ვატარებ. დრო ინტერნეტით და ტელევიზორით გამყავს.

ჩემ სოფელში ყველას ძალიან ვუყვარვარ და მაფასებენ. ჩემი აზრით, ქალაქში უფრო მეტია შშმ პირთა სტიგმა. ვიცი, რომ ქალაქში შშმ პირებს რიყავენ, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 

ერთი შემთხვევა მქონდა, ბათუმში ვიყავი, თმა შევიჭარი და უფროსმა ყვირილი დაიწყო. იძახდა “გაიყვანეთ ეტლი, რამდენ ხანს უნდა ველოდო და დავკარგო კლიენტები მაგის გამოო”. ერთხელ ვიყავი ქალაქში და ეს შემთხვევა მქონდა, წარმომიდგენია იქ მცხოვრებლები, როგორი პრობლემების წინაშე არიან. მინდა, რომ შშმ პირებს მსგავსი სახის პრობლემები არ გვქონდეს”, – ამბობს ლელა. 

ლელას თქმით, პანდემიას მის ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია გარდა იმისა, რომ  მეტად ფრთხილობენ, როგორც მისი მშობლები, ისე თავად. 

ლელას ადრე შეძლებისდაგვარად სტუმრობდნენ მეგობრები, მაგრამ ახლა ყველა ბათუმში ცხოვრობს და მის სანახავად ვეღარ მიდიან. ახლა საუკეთესო მეგობრად თავის დღიურებს მოიხსენიებს. ამბობს, რომ დღიურის ფურცლებზე თავის განცდებზე, ემოციებზე, გრძნობებსა და ოცნებებზე წერა ძალიან ეხმარება.

ლელა არსად მუშაობს, მაგრამ ოცნებობს, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები შეისწავლოს, ასევე უნდა, რომ როგორმე ინგლისური ისწავლოს. 

“თანაკლასელებთან ერთად სწავლა ვერ გამოვცადე, ბინაზე ვსწავლობდი. 

X-XII კლასებში ხშირად ვხვდებოდი ავად. ფეხში სუსტი ძვალი მაქვს, სკოლის პერიოდში ორჯერ გადამიტყდა და თბილისში მიწევდა წასვლა. სხვა პრობლემების გამოც ხშირად ვიყავი საავადმყოფოში. ასე გამიცდა რამდენიმე სასწავლო წელი და ვერც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავედი“, – აცხადებს ლელა, თუმცა ამბობს, რომ თავისი ოცნების ასახდენად ჯერჯერობით არაფერი არ გაუკეთებია. 

თუმცა, დასაქმებაზე მეტად ლელას მაინც არაადაპტირებული გარემო აწუხებს. ამბობს, რომ მასთან ადაპტირებული არაფერია: „ოთახიდან ოთახში ვერ გადავდივარ დამოუკიდებლად, კარის ზღურბლებია, ვერც ეზოში ჩავდივარ, კიბეებია. ჩემ სოფელში ყველგან არ არის ისეთი გზა, რომ გადავადგილდე. 

ვისურვებდი, რომ სოფლის “მარშუტკას” ჰქონდეს პანდუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შემეძლოს გადაადგილება სოფლიდან ცენტრამდე. მარტივად, რომ შემეძლოს გადაადგილება ჩემი დღე გამრავალფეროვნდებოდა. 

არ ვიცი რომელი სერვისებით სარგებლობენ შშმ პირები ქალაქში და მუნიციპალიტეტებში.

მანქანა არ აქვს ჩემს ოჯახს, ჯერჯერობით არც შესაძლებლობა აქვთ, რომ იყიდონ, ამიტომ რთულია ჩემი გადაადგილება და ქალაქში, თუნდაც მუნიციპალიტეტში ჩასვლა. 

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ხულოს ცენტრიც კი არ მაქვს დათვალიერებული. არ ვიცი, სად რა შენობაა, სად რა იმართება, არ მინახავს. მხოლოდ ის ვიცი, სად არის საავადმყოფო – როცა ავად ვხვდები, მაშინ ჩავდივარ ხულოში, სხვა აუცილებელ საქმეები თუ არის მაშინაც. ისევ ვერ ჩავდივარ, სამწუხაროდ. 

არ ვიცი რა  ხდება მუნიციპალიტეტში, სად არის ჩემი გადაადგილება შესაძლებელი და სად – არა. გაგონილი მაქვს, რომ მუნიციპალიტეტებში აუცილებელ ადგილებზე პანდუსები არის, სხვა არაფერი ვიცი”, – ამბობს ლელა.

“ხულოს მერიამ ელექტროეტლი მაჩუქა, რის გამოც მათი მადლიერი ვარ. დღესასწაულებზე მერიიდან ამოდიან, ხულოს მერი, ბატონი ვახტანგ ბერიძეც ამოდის, ქალთა დღეზეც იყო ამოსული, მომილოცა და ყვავილები მომართვა. მეკითხება რამე ხომ არ მჭირდება და რა პრობლემები მაქვს. სხვა მერებისგან განსხვავებით ხულოს ამჟამინდელი მერი ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანია“, – ამბობს ლელა ჯორბენაძე. 

ლელას ერთ-ერთი ოცნება იყო, რომ მისი საყვარელი ინდოელი მსახიობი, გაურავ ჩოპრა ენახა. ლელას ეს ოცნება 2016 წელს აუხდა და ინდოელი მსახიობმა პირობა შეუსრულა – ლელას სახლში ესტუმრა, რამაც ძალიან გააბედნიერა. ლელამ ბევრი ფოტო გადაიღო მსახიობთან ერთად. 

გაურავ ჩოპრა, ტელევიზიაში ჰყავდათ მიწვეული. წერილი მივწერე, სადაც ჩემს მდგომარეობაზე მოვუყევი და ვთხოვდი მოვენახულებინე. ჟურნალისტმა ჩემი წერილი ეთერში წაუკითხა, პირდაპირ ეთერში გაურმა რომ ხელი დამიქნია და მომესალმა სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა. დამპირდა რომ მესტუმრებოდა და მართლაც მესტუმრა“. 

კბილების კრაჭუნს ღამით – რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ ბრუქსიზმს

ბრუქსიზმი კბილების გაუცნობიერებელი და ძლიერი კრაჭუნია, რომელიც ძირითადად ღამით, ძილის დროს ვითარდება და მის მთავარ გამომწვევ მიზეზად სტრესი მიიჩნევა.

თუ დილაობით საფეთქლისა და საღეჭი კუნთების დაჭიმულობას უჩივით, გაქვთ თავის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა კბილებზე, შესაძლოა, თქვენც ბრუქსიზმი გაწუხებთ.

რა სიმპტომები ახასიათებს ამ მდგომარეობას, როგორ გვაზიანებს და როგორია მისი მკურნალობა? – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი, დავით დავითაძე გვპასუხობს. 

  • ბატონო დავით, რა არის ბრუქსიზმი?

ბრუქსიზმი არის ღეჭვასა და ქვედა ყბის მოძრაობაში მონაწილე კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ანუ ტონუსის მომატება. ჩვენ ამას ვეძახით კუნთების ჰიპერტონუსს. ბრუქსიზმი ვითარდება როგორც დღისით, ისე ღამით, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ბრუქსიზმი მაინც ღამის პერიოდში გამოიხატება.

ჩვენი პაციენტების დაახლოებით 15%-ს აქვს ბრუქსიზმი, ანუ კუნთების ჰიპერტონუსი, რის დროსაც ზიანდება კბილის მაგარი ქსოვილი.

ბრუქსიზმი შეიძლება განვითარდეს ცვლადი თანკბილვის დროს ბავშვთა ასაკში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში იგი ვითარდება მოზრდილთა ასაკში. 

  • რას და როგორ აზიანებს ბრუქსიზმი?

ამ დროს ხდება ემალის/მინანქრის თანდათანობითი ცვეთა, მასზე ბზარების წარმოქმნა, კბილების დაზიანება, მგრძნობელობის წარმოქმნა კბილების მიდამოში, რაც შემდგომ უფრო მეტ ჩივილებს განაპირობებს.

არის შემთხვევები, როცა ზეწოლისას ხდება კბილის ქსოვილის ნაწილის, ან ბჟენის მოტეხა. კბილის მინანქრის, ანუ გვირგვინოვანი ნაწილის გადატეხა ხშირ შემთხვევაში ხდება ღრძილს ქვემოთ, ან, მაგალითად, ზეწოლისას, ფესვებს შორის ხდება ბზარის წარმოქმნა, რის შემდეგაც კბილი ფიზიკურად ვერ ექვემდებარება აღდგენას, საჭირო ხდება მისი ამოღება და შემდეგ პროთეზირება, ანუ პაციენტმა შეიძლება კბილი დაკარგოს.

კბილების ცვეთის ხარჯზე ხდება სახის ქვედა მესამედის შემცირება, რომელსაც შემდეგ მივყავართ სხვადასხვა პრობლემებთან. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ამ დროს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაზიანებაა, რომლის დროსაც ქვედა ყბა იკავებს არასწორ პოზიციას და ხდება სახსარში სხვადასხვა ჩივილების წარმოქმნა, კერძოდ – ტკაცუნი, სასახსრე თავების ცვეთა, სასახსრე ნაპრალების შევიწროება, სასახსრე დისკის დაზიანება, რაც შემდეგ წარმოქმნის პირის გაღების, ან პირიქით დახურვის გაძნელებას. შესაძლოა ასიმეტრიული გაღება ჰქონდეს პირის ღრუს და ა.შ.

ასეთ დროს უკვე აუცილებელია არა პროფილაქტიკური მიზნით კაპების გამოყენება, არამედ მკურნალობა, რომ მოხდეს ყბის სწორ პოზიციაში მოყვანა და შემდეგ უკვე თანკბილვის და კბილთა უშუალოდ აღდგენა და მკურნალობა.

  • რა იწვევს ბრუქსიზმს?

ბრუქსიზმის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ფსიქო-ემოციური ფაქტორი – სტრესი, მძიმე ემოციური ფონი, გადატვირთვა, სოციალური პრობლემები და ა.შ. ეს ყველაფერი მჟღავნდება კუნთების უნებლიე შეკუმშვით, ღამით.

როდესაც პაციენტი ვერ აკონტროლებს ორგანიზმს/სხეულს, სწორედ მაშინ ხდება ეს ზეწოლა – კუნთების ტონუსის მომატება.

ბრუქსიზმის მეორე მიზეზი შეიძლება გახდეს სხვა და სხვა სტომატოლოგიური დარღვევა, მაგალითად, როდესაც გვაქვს თანკბილვის დეფექტი, როცა კბილთა არასწორი განლაგებაა, როდესაც არის ზეკომპლექსური კბილები პირის ღრუში, არის მჭიდრო თანკბილვა ანუ შევიწროება კბილთა რკალის.

ასევე, შესაძლოა მიზეზი გახდეს არასწორად დამზადებული საბჟენი მასალა (პლომბი), რომელიც შეიძლება თანკბილვიდან ოდნავ მაღლა იყოს, რაც შემდგომ ბრუქსიზმს იწვევს, ასევე საფეთქელ-ქვედა ყბის სხვადასხვა დაზიანება.

თუ პრობლემა არის ფსიქო-ემოციური ფაქტორი, პირველ რიგში აუცილებელია რომ ეს სტრესი მოიხსნას. თორემ რაც არ უნდა სტომატოლოგიური ჩარევა მოხდეს, ჩვენ პრობლემას ვერ აღმოვფხვრით.

  • ჩვენით როგორ ვიეჭვოთ, რომ ბრუქსიზმი გვაქვს?

თქვენივე კბილების კრაჭუნი შესაძლოა თავად ვერ გაიგოთ ძილში, ამიტომ არსებობს სხვადასხვა ჩივილები, რითაც პაციენტი უნდა მიხვდეს, რომ შესაძლოა ჰქონდეს ღამის ბრუქსიზმი.

ერთ-ერთი ჩივილია დილით საფეთქლისა და საღეჭი კუნთების გადაღლა-დაჭიმულობა; ამ დროს შესაძლოა დაძაბული და დაჭიმული იყოს მკერდლავიწდვრილისებრი კუნთი, რომელიც კისრის კისრის მარჯვნივ და მარცხნივ შეტრიალებაში გვეხმარება; ხშირად ასეთ პაციენტებს, მაგარი საკვების მიღების შემდეგ ეღლებათ ყბა, პირის ღრუ; სიმპტომია დილით კბილებზე მგრძნობელობის მომატება.

ბრუქსიზმის დროს სიმპტომებია: ტკივილი უშუალოდ ყბების მიდამოში, კბილების მიდამოში, შეიძლება ახლდეს თავის ტკივილი, ყურების დაგუბება და შუილი, თავბრუსხვევა და შესაძლოა, ძილიანობაც.

  • როგორია ბრუქსიზმის მკურნალობა?

ბრუქსიზმის სამკურნალოდ გამოიყენება ინდივიდუალურად დამზადებული კაპები, რომელთაც ღამის პერიოდში, ძილის დროს იყენებს პაციენტი. ამ გზით ხდება კბილის ზედაპირის დაცვა ცვეთისგან და თუ ცვეთა მოხდება, გაიცვითება უშუალოდ კაპის ზედაპირი, ამიტომ ეს ძალიან კარგი მექანიზმია.

ამის პარალელურად შესაძლოა გამოყენებული იქნეს მედიკამენტოზური მკურნალობაც. საღეჭი კუნთების დაჭიმულობის მოსახსნელად და კუნთების მოდუნებისთვის პაციენტს ენიშნება მაგნიუმი, კალციუმის პრეპარატებს, B ჯგუფის ვიტამინები და სედაციური პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ, რომ საღეჭი კუნთების შეკუმშვის ტონუსის რელაქსაცია მოხდეს. არსებობს სპეციალური ინიექციებიც, რომლებიც საღეჭი კუნთების მიდამოში კეთდება.

კაპებიც სხვადასხვაგვარია. არის უბრალოდ პროფილაქტიკისთვის, როცა პაციენტი ღამით იყენებს კაპას და ესთეტიკური თვალსაზრისით კბილებს დიდად არ აქცევს ყურადღებას, არის კაპები, რომელთა დროსაც ჩვენ კბილთაშუა მანძილს ვზრდით, ქვედა ყბას ვუბრუნებთ იმ ძველ პოზიციას, რაც კბილების ცვეთამდე ჰქონდა პაციენტს, შემდეგ კი ხდება ამ კბილების დაცვეთილი ზედაპირის აღდგენა – თერაპიული (საბჟენი მასალით) ან ორთოპედიული გზით (გვირგვინების სახით).

ამავე თემაზე:

რაზე მიანიშნებს ყბის სახსრის ტკაცუნი – ექიმის რჩევები

 

ბულვარი ქვის სკამებისთვის ლოგოებს ყიდულობს

ბათუმის ბულვარში ქვის სკამებზე დაზიანებულ ლოგოებს მიმდინარე წლის აპრილში აღადგენენ. სწორედ ეს დროა მითითებული ტენდერში, რომელიც ბულვარის ადმინისტრაციამ პრომინადზე არსებული ქვის სკამებისათვის ბრენდირებული ლოგოს დამზადება-მონტაჟზე გამოაცხადა.

ქვის სკამები ბულვარში, რომლებზეც ლოგოები დამტვრეულია/ პრომინადზე ასეთი ათობით სკამია / 31.01.2022

სატენდერო თანხა 7 ათას 203 ლარია. მაქსიმუმ ამ თანხას გადაიხდის ბულვარი ამჯერად 95 ცალი ლოგოს დამზადებასა და მონტაჟში [ანუ, 1 ლოგოში 75 ლარს და 80 თეთრს].

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ეს იყო დაინტერესებული პირებისგან ყველაზე დაბალი [დღგ-ს გარეშე] შეთავაზება – შესყიდვის სავარაუდო ფასის დადგენის მიზნით ჩატარებული ბაზრის კვლევისას.

ტექნიკური დავალების მიხედვით ლოგოს მასალა უნდა იყოს ორგანული მინა, სისქით არანაკლებ 10 მმ, ქვედა მხრიდან დაწებებული უნდა იყოს მაღალი ხარიხსის ჰერმეტული სამონტაჟო მასალისგან დამზადებული ბათუმის ბულვარის ლოგო.

ლოგოს ფერი და დიზაინი შეთანხმდება შემსყიდველთან, ტენდერში წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად.

ქვის სკამი ლოგოთი / ბულვარი/31.01.2022

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელია განსაზღვრული.

ქვის სკამები ბულვარში / 31.01.2022

რაც შეეხება ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ და ამ დროისთვის მიმდინარე ტენდერებს:

  • ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ადმინისტრაციას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 183 ათას 625 ლარით;
  • 152 ათას 425 ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასარგავი გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების შესაძენად;
  • 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამშენებლო, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში კი, ბულვარი მაქსიმუმ 40 ათას ლარს დახარჯავს.

მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების, არხებისა და ქანდაკება „ალი და ნინო“-ს მოვლა-ექსპლუატაციაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია შპს „ბათუმის შადრევნებთან“ –  247 ათას 500 ლარზე;

2022 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაცია ბიუჯეტს 291 ათას 500 ლარი დაუჯდება. ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ არის დადებული, თუმცა, გარეგანათებაში მაინც პრობლემებია.

80 ათასი ლარი დაიხარჯება წელს ბულვარის ზოოკუთხისა და ზოოკუთხის მობინადრეებისათვის.

840 ათასი ლარი კი – ბულვარის ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალაგება-დასუფთავებაში. შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებასთან“ არის გაფორმებული.

რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვაზე აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში ჯამში 10 191 700 ლარია გამოყოფილი. აქედან ბათუმის ბულვარის მართვისთვის 917 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი 9,2 მილიონი ლარი – „ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის“.

ამავე თემაზე:

ბათუმის პარკში შავი სკამები გათეთრდა და გაიტანეს

„სწავლის მიტოვებას ვაპირებ“ – სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახიდან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი ქართულენოვან პროგრამებზე, ბოლო მონაცემებით, 3 049 სტუდენტმა ვერ შეიტანა.

ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც უსახსრობის გამო სწავლის მიტოვებას აპირებს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს.

ზეინაბ კახაძე პირველკურსელია და ბსუ-ში ბიზნესის ადმინისტრირებაზე წელს ჩააბარა. პირველი სემესტრი გაიარა, თუმცა ამბობს, რომ ონლაინსწავლებით უკმაყოფილოა. ზეინაბი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა.

იგი ამბობს, რომ უსახსრობის გამო სწავლის მიტოვებას აპირებს.

„თავიდან მინდოდა, რომ ქართული ფილოლოგია მესწავლა, თუმცა კონკურენცია ძალიან მაღალი იყო და ვერ მოვხვდი. ამიტომ სწავლა ბიზნესის ადმინისტრირებაზე გავაგრძელე, იქ, სადაც ჩავირიცხე. უფასო ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია და ვიცოდი, რომ სწავლის საფასურის გადახდა გამიჭირდებოდა.

დიდი იმედი მქონდა, რომ დაფინანსებას მოვიპოვებდი, მაგრამ ახლახან მითხრეს, რომ როგორც სოციალურ დაუცველს, ვერც ამ პროგრამით დამაფინანსებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან რთულია.

ჩემ გარდა ჩემს მშობლებს კიდევ ექვსი შვილი ჰყავთ, მამაჩემი სახლის აშენებას აპირებს და ვიცოდი, რომ სწავლის თანხას ვერ მომცემდა. ვალდებულიც არაა.

რადგან თავიდან თქვეს, რომ სწავლა აუდიტორიებში დაიწყებოდა, სექტემბერში ქალაქში ჩამოვედი და ბინა ვიქირავე. 300 ლარის გადახდა მიწევს გარეუბანში. ყველაფერზე მე უნდა მეზრუნა, ამიტომ იძულებული გავხდი, მუშაობდა დამეწყო.

დღეში 12 საათი ვმუშაობდი მიმტანად, ძალიან დამღლელი იყო, ამის გამო ხშირად ლექციებსაც ვეღარ ვესწრებოდი. ზოგიერთი ლექტორი ლექციის ჩანაწერს აკეთებს და შეგიძლია მოუსმინო, მაგრამ ზოგი არ იწერს ლექციებს, ჩანაწერს ვეღარ ვუსმენდი და ყველაფერი ძალიან გართულდა.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, კომპიუტერიც მაჩუქეს, მაგრამ უმაღლესი მათემატიკის ონლაინ სწავლა ძალიან გამიჭირდა, ახსნის გარეშე ბევრ საკითხს ვეღარ ვიგებდი, ამიტომ ჩამოვრჩი. ამას ისიც დაემატა, რომ თანხა უნდა გადავიხადო იმაში, რაც არ მომწონს და სწავლის ხარისხი არ მაკმაყოფილებს“ – გვეუბნება ზეინაბ კახაძე.

ზეინაბი ამბობს, რომ აპირებს მოემზადოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ხელახლა ჩააბაროს სასურველ ფაკულტეტზე:

„მირჩევნია თავიდან ჩავაბარო იმ ფაკულტეტზე, სადაც მინდა. რადგან ფინანსური პრობლემები გვაქვს ოჯახში, აუცილებლად უფასო ფაკულტეტზე უნდა მოვხვდე.

სწავლა და მუშაობა ძალიან ძნელია. დღეს ერთი ჩემი მეგობარიც მეუბნებოდა, რომ მასაც უნდა სტატუსის შეჩერება. კერძო უნივერსიტეტში სწავლობს და ონლან სწავლების ხარისხი არ მოსწონს. ამხელა თანხას ონლაინ სწავლაში არავინ გადაიხდის“ – გვეუბნება ზეინაბი.

მას გული სწყდება იმის გამო, რომ ერთი სასწავლო წლის დაკარგვა მოუწევს, თუმცა დასძენს, რომ ცდა მაინც ღირს, თუ სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება.

უსახსრობის ან სწავლის ხარისხის გამო რამდენი სტუდენტი მიატოვებს წლის ბოლომდე სწავლას ან შეიჩერებს სტატუსს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც უნივერსიტეტში გვეუბნებიან, ადმინისტრაცია სტუდენტებს მოქნილ საგადასახადო პოლიტიკას შესთავაზებს.

„სტუდენტებისათვის მოქნილი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის წარმოება, რათა დაზუსტდეს  დავალიანების მქონე სტუდენტების მოსაზრებები სწავლის გადასახადის დაფარვასთან დაკავშირებით“ – გვითხრეს ბსუ-ში.

__________________

მსგავს თემაზე:

ბავშვების 60%-მა საშუალო და დაბალი შეფასება მიიღო პანდემიაში – პარლამენტის კვლევა

„უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვი“ – კაცი აჭარიდან უკრაინის ქართულ ლეგიონს შეუერთდა

„მირჩევნია, ჩემს ოჯახს მშვიდად ეძინოს და მე თუ აქ დავიღუპები… ადამიანი თუ დაიღუპება, იმასაც აზრი უნდა ჰქონდეს, ხო? მე სახლში ვიყო და მტერი კარს მომდგომია, მაგას ჯობია მტერი შევაჩერო, სადამდეც შევაჩერებ, სანამ შემოვა ქვეყანაში,“ – გვიყვება რომა ქათამაძე. ის ქობულეთიდანაა და რამდენიმე დღეა უკრაინაში „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეებზე საუბრობენ, რის გამოც არაერთმა მათგანმა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა კიევს. თავად მოსკოვი უარყოფს შეჭრის განზრახვას.

რომა ქათამაძე თვლის, რომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის. ის გვიყვება, რა სიტუაციაა ახლა მის გარშემო.

„ჩემს ირგვლივ არ იგრძნობა პანიკა. ჩვენ გავდივართ ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს… დიდი ხანია ომია, დაძაბული არიან და ცოტა შეგუებული არიან, ჩემი აზრით, სიტუაციას. ყველა მიდი-მოდის, მოძრაობს, პანიკა არ იგრძნობა… ადამიანები სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ მტერს, თუ ის შემოვიდა უკრაინაში. ძალიან მოწადინებული სწავლობენ ყველაფერს.

უკრაინაში ქალებიც მზად არიან ომისთვის. ჩემს ცოლსაც სურდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ჩემი ცოლი უკრაინელია, 8 თვის წინ დავქორწინდით.

აქ თუ რუსეთი შემოვიდა, ანალოგიურად საქართველოში შემოვა, საქართველოსაც აიღებს. ნახევარი საქართველო წაგვართვა რუსეთმა. მე ასეთი ხედვა მაქვს: რუსეთს არც ჩვენ მოვწონვართ და არც უკრაინელები…. რუსეთს არ მოსწონს ის, რომ ჩვენ შეიძლება განვითარდეთ, უნდა, რომ ბატონ-პატრონობდეს ყველაფერს, მასზე ვიყოთ დამოკიდებული. რუსეთი შეჩვეულია უფროსობას,“ – ამბობს რომა ქათამაძე.

უკრაინამდე რომა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იყო ავღანეთში 3 წელი. ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს გაუჩნდა ჯარში წასვლის სურვილი.

„აგვისტოს ომის დროს 14 წლის ვიყავი… მაშინ ვიფიქრე, რომ საკუთარ თავს, ოჯახს და ქვეყანას თუ ვერ დაიცავ, რა გამოდის? მაშინ მომინდა მიმეღო სამხედრო განათლება და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ ჯარში დავრჩი.

რომა ქათამაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ სიტუაციაში უკრაინის მიმართ თანადგომა შეეძლო.

„უფრო მეტად უნდა დავდგომოდეთ გვერდით… ჩვენ და უკრაინას ერთი მტერი გვყავს, ეს საერთო მტერია, ჯარი იქნებოდა, თუ სხვა რამ, უნდა დავეხმაროთ მეგობარ უკრაინას“, – დასძინა ჯარისკაცმა.

რამდენ ხანში შეიძლება ხელახლა დაინფიცირდე ომიკრონით?

„რამდენ ხანში შეიძლება ისევ დავინფიცირდე ომიკრონით?“ – ამ შეკითხვას კორონავირუსის პანდემიისას შექმნილ არაერთ ფეისბუქჯგუფში ნახავთ.

ომიკრონი კორონავირუსის ახალი შტამია, იგი დაახლოებით 3 თვის წინ გამოჩნდა და მალევე ჩაანაცვლა აქამდე დომინანტური – დელტა შტამი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში იყო.

აქამდე არსებული მონაცემებით, კოვიდის ორიგინალი შტამით ინფიცირების შემდეგ, ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები რამდენიმე თვე ნარჩუნდება ორგანიზმში, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა იკლებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ანტისხეულები კოვიდის გადატანიდან დაახლოებით 5-7 თვის შემდეგაც ნარჩუნდება.

შესაძლოა ომიკრონით რეინფიცირება მოხდეს უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს აქამდე, სხვა შტამების შემთხვევაში ხდებოდა?

არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს შესაძლებელია.

ომიკრონით რეინფიცირების შემთხვევების შესახებ წერს „გარდიანი“:

„დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემები [UKHSA] აჩვენებს, რომ იმ შემთხვევებიდან, რომელთა ნიმუშები აიღეს 2021 წლის პირველი ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე, 2855 სავარაუდო რეინფიცირებაა წინა ინფიცირებიდან 29-დან 89 დღემდე ინტერვალით. თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება ასახავდეს თავდაპირველი ინფექციისგან გაგრძელებად გამოვლინებებს”.

გარდიანი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რეინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია არავაქცინირებულ ადამიანებში და იმ პირებში, რომელთაც წინა ინფიცირების შემთხვევა უფრო მსუბუქად გადაიტანეს, დაბალი იმუნური პასუხით.

„პოლ ჰანტერი, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი ამბობს, რომ ომიკრონისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მალევე ისევ ომიკრონით რეინფიცირების რისკი უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დელტას შემდეგ ომიკრონით დაინფიცირებისა.

ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ, რამდენი ხნის წინ აიცრა ადამიანი. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მხრივ შეიძლება ვაქცინის დოზაც იყოს მნიშვნელოვანი“, – წერს გამოცემა.

„ომიკრონის” გამოჩენამდე, თუ თქვენ ერთხელ უკვე იყავით დაინფიცირებული, ეს გაძლევდათ დაახლოებით 85%-იან დაცვას ექვსი თვის განმავლობაში ხელახალი დაინფიცირებისგან. ომიკრონისთვის ეს მაჩვენებელი 19%-მდე დაეცა”, – განაცხადა „ბიბისისთან“ საუბრისას დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლა ბრინკიმ.

2021 წლის 5 დეკემბერს, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვმა სამხრეთ აფრიკის მონაცემებზე დაყრდნობით თქვა, რომ ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი 2-3-ჯერაა გაზრდილი.

კორონავირუსის ახალი შტამი – ომიკრონი დაახლოებით სამი თვის წინ, 8 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა. უკვე 2 დეკემბერს ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის [20 დეკემბერს] – საქართველოშიც.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდებულია COVID 19-ის ინფექციის გადატანის მიუხედავად, ვინაიდან ამ ეტაპზე მეცნიერებისთვის უცნობია დაავადების გადატანიდან რა პერიოდით ნარჩუნდება ბუნებრივი იმუნიტეტი.

საქართველოში COVID 19-ის დადასტურებული ინფექციის მქონე პაციენტებს ვაქცინაცია შეუძლიათ დაავადების დადასტურებიდან 30 დღის შემდეგ.

გამონაკლისს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც COVID19-ის ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და ადამიანები, რომელთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ამ შემთხვევაში მინიმალური ინტერვალია 120 დღე.

რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში

„არჩევნების მერე რომ ჩაქრა გარეგანათება, ისევ ბნელში ვართ,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯამბულ ბერიძე. ადამიანები ბათუმის სხვადასხვა ქუჩიდან, დაახლოებით 15 მისამართიდან, გვწერენ გარეგანათების პრობლემის შესახებ.

ჩაბნელებულია ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილიც. გარეგანათება სხვადასხვა ადგილზეა გამორთული, როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარში.

ჯამბულ ბერიძე ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე ცხოვრობს და გვიყვება, რომ გარეგანათების სისტემა 2019 წელს მოაწყვეს, თუმცა პერიოდულად ქუჩის განათება ითიშებოდა.

„ვის მივმართო, არ ვიცი, რწმუნებული ვინაა, არც ვიცი… განათებაზე რომელი კომპანიაც მუშაობდა, იმას დავუკავშირდით, მაგრამ არაფერი. ძალიან რთულია ასე, უკვე 4 თვეა გარეგანათების პრობლემა გვაქვს,“ – ამბობს ჯამბულ ბერიძე.

უკვე 3 თვეა გარეგანათების პრობლემა აქვთ სვიშევსკის პირველ ჩიხშიც. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

„გახშირდა ქურდობა, მათ შორის, უკვე 3 ავტომანქანა მოიპარეს, მთელი გოროდოკი ჩამქრალია,“ – გვიყვებიან სვიშევსკის ქუჩიდან.

დაახლოებით ორი თვეა, ჩაბნელებულია ლერმონტოვის ქუჩის უმეტეს ნაწილი.

მოქალაქეები ასევე გვწერენ შემდეგი ქუჩების ჩაბნელების შესახებ:

  • მელიქიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთა უკვე თვეები მაგ დღეშია
  • ლუკა ასათიანის ქუჩა ექვსი თვეა ჩაბნელებულია
  • ხელვაჩაურში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაც უკვე რამდენი თვეა ჩაბნელებულია
  • ცხრა მარტის ქუჩა, ორ თვეზე მეტია ჩაბნელებულია
  • პუშკინიც და ყოველ ღამე ბარის გარეგანათებაზე ნათურებს იპარავენ
  • ლეონიძე საუკუნეა ჩაბნელებულია, ღამით მანქანით გადაადგილება საკმაოდ საფრთხილო
  • ბესიკის შესახვევი
  • მეჯინისწყალზე ფრიდონ ხალვაშის მესამე ჩიხში არაა 3 თვეა და არავის შეუწუხებია თავი
  • ქეთევან წამებული
  • მელიქიშვილის მეორე შესახვევში არ გვაქვს გარე განათება
  • თაყაიშვილზე რეტრო სახაჭაპურესთან 6 თვეა გათიშულია
  • ანგისის ქუჩის ნახევარი ჩაბნელებულია
  • აღმაშენებლის ქუჩა ჩაბნელებულია – დასაწყისში
მერიაში აცხადებენ, რომ გარეგანათების აღდგენა დაწყებულია10 მისამართზე

ბათუმის მერიის ოფიციალური ინტერნეტგვერდის ინფორმაციით, თოვის შედეგად დაზიანებული გარეგანათების სისტემის აღდგენა დაწყებულია 10 მისამართზე.

„გარეგანათების აღდგენისა და მისი შემდგომი მოვლა-ექსპლუატაციისათვის 500 000 ლარი გამოიყო,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ხდება იმ ქუჩებზე, სადაც თოვამდეც არსებობდა გარეგანათების პრობლემა და რატომ ჩაბნელდა უკვე ბათუმის ბულვარიც? – კითხვებით ბათუმის მერიის კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მივმართეთ.

„აღნიშნულ ლოკაციებზე შესაბამისი სამუშაოები უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარეგანათების აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია ქალაქის მასშტაბით და ეტაპობრივად ყველა მისამართს მოიცავს,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოდან. აქ უპასუხოდ დატოვეს კითხვები: რატომ ვერ აღდგა გარეგანათების სისტემა ამ დრომდე? როდის მოწესრიგდება გარეგანათება კონკრეტულ ქუჩებზე?

რაც შეეხება ბათუმის ბულვარს – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ახალ ბულვარში გარეგანათება დიდთოვლობამ დააზიანა, ძველ ბულვარში კი, საახალწლო განათების მოხსნის დროს დროებით შეიქმნა პრობლემა.

ბათუმის ბულვარსა და კომპანია „აჭარგანათებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წელს ბათუმის ბულვარის გარეგანათების მოვლისთვის და ექსპლუატაციისთვის 291 499 ლარი იხარჯება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ბათუმის ძველ ბულვარში გარეგანათების პრობლემა დღეს საღამოს უკვე აღარ იქნება, ახალ ბულვარში კი უცნობია, როდის შეძლებთ პრომინადზე თავისუფლად სეირნობას.

“არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი!”- ხელვაჩაურის საკრებულოს ერთპარტიული სხდომა

„შეკითხვები? არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი,“- ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ და საკრებულოს წევრებმა 31 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გატანილ 7 საკითხს ამ ტემპში უყარეს კენჭი და დაამტკიცეს.

საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ენმ-ის წევრების პროტესტის მიზეზი 28 იანვარს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გახდა.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის საკრებულოში, მალხაზ თავდგირიძემ საკრებულოს სხდომის დატოვებამდე საკრებულოს თავმჯდომარეს და ხელვაჩაურის მერს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ.

„ასიათასობით ლარი არის დახარჯული და კორუფციის ნიშნებიც იკვეთება,“ – მიმართა მალხაზ თავდგირიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს.

„კორუფცია ზოგადი ცნებაა და კონკრეტულად რაშია? ეს წყალია შეძენილი? თუ რაშია?“ – ჰკითხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ლორთქიფანიძემ მას.

„აუდიტის დასკვნის მიხედვით, სატრანსპორტო ხარჯი, დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ანაზღაურებული არის 45 ათასი ლარით. 45 ათასი ლარით ჩემო ბატონო ვახტანგ, სოფელ ჯოჭოში იმ ოჯახის გამოსახლება მოხდებოდა [გულისხმობს ჯოჭოში განვითარებულ მეწყერს, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ავტ.] და მინიმუმ ადამიანების სიცოცხლე გადარჩებოდა. ესაა პრობლემა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მერი ზაზა დიასამიძე იმ გზით არ ივლის, რა გზებითაც დადიოდა ჯუმბერ ვარდმანიძე. ჯუმბერ ვარდმანიძე საგამოძიებო ორგანოში უნდა იყოს და საგამოძიებოს კითხვებს პასუხს უნდა სცემდეს ამ აუდიტის დასკვნით,“- თქვა მალხაზ თავდგირიძემ სხდომის დატოვებამდე.

საკრებულოს წევრებს ენმ-დან მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი მაისური ეცვათ, მაგიდაზე საქართველოსა და უკრაინის დროშები ელაგათ. სხდომის დატოვებამდე ერთ-ერთმა წევრმა სხვა დროშის გაშლაც მოასწრო, რომელზეც ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო გამოსახული.

მალხაზ თავდგირიძე აუდიტის დასკვნით იყო მისული საკრებულოს სხდომაზე

მას შემდეგ, რაც ენმ-მა ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა დატოვა, სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები დარჩნენ.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე გატანილი შვიდივე საკითხი ერთხმად დაამტკიცეს.

31 იანვრის სხდომის შედეგად, 1 063 531 ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და 27 822 531 ლარი გახდა.

დამატებითი მილიონი ლარი ასე გადანაწილდება: ჯანდაცვის პროგრამაში გაჩნდა ახალი ქვეპროგრამა – სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება. პროგრამისთვის 180 ათასი ლარი გამოიყოფა. სამედიცინო მიზნებისთვის დაფინანსების მიღება შეეძლებათ როგორც სოციალურად დაუცველები, ასევე ისინიც, ვინც სოცდახმარებას არ იღებს.

ხელვაჩაურის საკრებულო

საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შეძენისთვის გათვალისწინებულია 200 000 ლარი. თხილნარში დაწყებითი სკოლის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ თანხას დაემატება 45 880 ლარი, სოფელ ახალშენში ხიდის მოსაწყობად გამოყოფილ თანხას 18 189 ლარი დაემატება, ასევე ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დამატებული იქნება 282 653 ლარი.

სხვადასხვა სოფლის ცენტრში სკვერების, ატრაქციონებისა და სტადიონის მოწყობა 248 645 ათასი ლარით დაფინანსდება, ხოლო მინიმოედნების მოსაწყობად 88 164 ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის გარდა, 31 იანვრის სხდომაზე საკრებულომ ერთხმად ხელვაჩაურის მერის და მერიის თანამშრომლების გაზრდილი ხელფასებიც დაამტკიცა.

დღესვე მიიღეს გადაწყვეტილება სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამსახურის ბაზაზე ახალი სამსახურის  – სოციალური, ბავშვთა ზრუნვისა და დაცვის განყოფილების შექმნის შესახებ.

_____

ხელვაჩაურის საკრებულოში სულ 24 წევრია. მათგან 14 მანდატი აქვს ქართულ ოცნებას, 7 მანდატი ენმ, ხოლო 3 მანდატი – გახარიას გუნდს.

რუსეთის 30-მდე დიპლომატი სამწლიანი ვადის ამოწურვის გამო აშშ-ს ტოვებს

შეერთებული შტატებში რუსეთის საელჩოდან 27 დიპლომატი წავიდა. მათ საელჩო დატოვეს ვაშინგტონის პირობების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც რუს დიპლომატებს აშშ-ში მხოლოდ სამწლიანი ვადით შეუძლიათ დარჩენა. ამ ინიციატივას მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატების გამოხმობა“ უწოდა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, არ იგეგმება რუს დიპლომატთა სამწლიანი ლიმიტის შეცვლა.

2021 წლის სექტემბერში აშშ-მ რუსეთის დიპლომატიური მისიის 55-კაციანი სია გადასცა რუსეთს, რომლებმაც 2022 წელს ორ ეტაპად უნდა დატოვონ აშშ. 27-მა დიპლომატმა 30 იანვრამდე დატოვა ქვეყანა, 28 დიპლომატი კი 30 ივლისისთვის დაბრუნდება რუსეთში.

აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის ცნობით, საელჩოში ამჯერად 184 თანამშრომელი რჩება, დიპლომატებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ჩათვლით.

რაც შეეხება აშშ-ს საელჩოს რუსეთში, აშშ-ს ელჩის, ჯონ სალივანის ინფორმაციით, ახლა იქ 120 ადამიანი მუშაობს.

დიპლომატებთან დაკავშირებული შეზღუდვები ვლადიმერ პუტინმა დააწესა გასული წლის 21 აპრილს, რომლის თანახმადაც „არამეგობრულ ქვეყნებს“ ჩამოერთვათ უფლება რუსეთისა და მესამე სამყაროს ქვეყნების მოქალაქეების დაქირავების. ჩამონათვალში პირველი აშშ მოხვდა.

რუსეთში აშშ-ის ელჩის ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა რაოდენობა რუსეთში ათჯერ შემცირდა.

რას ითხოვენ საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“, როცა ბათუმის მერი ენმ-ის წევრებს არ ხვდება

„კანონის ჩარჩოს გასცდნენ ეს ადამიანები და, აბა, როგორ გინდათ ახლა?“ – ასე აფასებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა დღევანდელ ინციდენტს ბათუმის მერიაში – დღეს, 31 იანვარს, ბათუმის მერთან შეხვედრა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სცადეს. მათ არჩილ ჩიქოვანი არ შეხვდა. ოპოზიციონერები სათათბირო ოთახიდან გამოაძევეს.

საკრებულოს წევრები რომ მერს ვერ ხვდებიან, ამასაც ოპოზიციას აბრალებს საკრებულოს „ოცნების“ წარმომადგენელი. ის არ თვლის, რომ თვითმმართველობა კიდევ უფრო სუსტდება, როცა მერი საკრებულოს წევრს არ ხვდება და არც მის კითხვებს პასუხობს.

„ჩვენი სურვილი იყო ბათუმის მერთან გვესაუბრა აუდიტის დასკვნაზე, სადაც არაერთ დანაშაულზეა საუბარი,“ – ამბობს რეზო ხარაზი ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ბათუმის მერიის და საკრებულოს საქმიანობის არაერთ დარღვევაზეა საუბარია, მათ შორის, მაგალითად, იმაზე, რომ 107 ათას ლარზე მეტი ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე გასცეს. აუდიტის დასკვნაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ „ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს.“

„ამავე დასკვნაში წერია, რომ ეს ფული არის დასაბრუნებელი… რატომ გამომაგდე იქიდან, ამის გულისთვის გამომაგდე? ამის გულისთვის დგახართ თქვენ აქ ბატონო ოფიცრებო?“ – მიმართა რეზო ხარაზმა პოლიციელებს მას შემდეგ, როცა ის და მისი თანაგუნდელები მერიის მისაღებიდან გამოაძევეს.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის წასაკითხად ჯერ ვერ მოიცალა თენგიზ აფხაზავამ, სამაგიეროდ, მან უკვე გამართა ბრიფინგი იმისთვის, რომ ეთქვა, როგორ უშლიან ხელს ბათუმის მერს, როცა მას საკრებულოს წევრები შეხვედრას სთხოვენ. „ძალით შევარდნენ შიგნით“ – ამბობს თენგიზ აფხაზავა, რომელსაც ასევე ვკითხეთ, რატომ არ არის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნა ლეგიტიმური, როცა ისინი მერთან შეხვედრას ითხოვენ?

„როდისმე იყო შემთხვევა, როცა მათ ითხოვეს ცივილური ფორმით შეხვედრა და უარი უთხრეს? როდესაც შენ მოდიხარ და ძალადობრივი გზით იკავებ კაბინეტს… ნორმალური განცხადების პირობებში ქალაქის მერს არასდროს არ უთქვამს ვინმესთან შეხვედრაზე უარი,“ – გვიპასუხა თენგიზ აფახაზავამ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ოპოზიციას წერილობით არ მიუმართავს მერისთვის შეხვედრის თაობაზე.

„არსად წერია, რომ წერილობით მიმართვაა საჭირო,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, – „ჩვენ მივმართეთ ორი დღის წინ საკრებულოს აპარატის უფროსს, რაულ ბოლქვაძეს და ვუთხარით, რომ გვსურდა მერთან შეხვედრა. გუშინ გვითხრა ბატონმა რაულმა, რომ მერია არ შეგვხდებოდა. უარი გადმოგვცა ასევე ჩიქოვანისგან ლევან დავითაძემ, რომელიც ვიცე-მერია, მას საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ესაუბრა… ამის შემდეგ მივედით ჩვენ პირდაპირ მერიის მისაღებში, ამის უფლება გვაქვს,“ – განმარტავს რეზო ხარაზი.

ბათუმის საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. ბათუმის საკრებულოში, რომელიც ვერ მუშაობს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შრომის ანაზღაურება თვეში 2900 ლარია. ხელფასს იღებს თავმჯდომარის ხუთივე მოადგილეც. მათი ჯამაგირი თვეში 2-2 ათასი ლარია.

საკრებულოს რიგითი წევრები კი, ამ ეტაპზე უფლებამოსილების ხარჯს – 600 ლარსაც ვერ იღებენ.

„ბათუმის მერს ეს დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს,“ – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. ის განმარტავს, რომ კანონი არ განსაზღვრავს შემთხვევას, როცა საკრებულოს წევრს მერთან შეხვედრა სურს, თუმცა მერთან შეხვედრის უფლება საკრებულოს წევრებს აქვთ. „ამოსავალი უნდა იყოს მიზნობრიობა და არა მხოლოდ კანონი“, – ამბობს იურისტი.

„ამომრჩევლის ინტერესი რა არის ამ დროს? წინა მოწვევის საკრებულომ რომ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა, ან როცა „ქართულმა ოცნებამ“ ფრაქცია შექმნა, კანონი არ დარღვეულა, მაგრამ კანონი ყველაფერს ხომ ვერ გაითვალისწინებს? ამომრჩევლის ინტერესი როგორ შეიძლება იყოს უფუნქციო ფრაქცია საკრებულოში, რომელიც არ მუშაობს? ამომრჩევლის ინტერესი იქნებოდა ის, რომ ფუნქცია ფრაქციას არ ჰქონოდა  და მხოლოდ ხელფასი აეღოთ?“ – კითხულობს საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე.

საია-ს იურისტი ვერ ხედავს პრობლემას, თუკი საკრებულოს ოპოზიცია, მერს, მაგალითად, მისაღებში დახვდება, თუკი ის შეხვედრაზე უარს ამბობს.

„შეჭრა, ბუნებრივია, არის მიუღებელი… ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები იქეთკენ, რომ საბოლოო ჯამში ამომრჩეველი არ დაზარალდეს,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

Exit mobile version