სიახლეები

“არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი!”- ხელვაჩაურის საკრებულოს ერთპარტიული სხდომა

31.01.2022 • 1279
“არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი!”- ხელვაჩაურის საკრებულოს ერთპარტიული სხდომა

„შეკითხვები? არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი,“- ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ და საკრებულოს წევრებმა 31 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გატანილ 7 საკითხს ამ ტემპში უყარეს კენჭი და დაამტკიცეს.

საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ენმ-ის წევრების პროტესტის მიზეზი 28 იანვარს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გახდა.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის საკრებულოში, მალხაზ თავდგირიძემ საკრებულოს სხდომის დატოვებამდე საკრებულოს თავმჯდომარეს და ხელვაჩაურის მერს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ.

„ასიათასობით ლარი არის დახარჯული და კორუფციის ნიშნებიც იკვეთება,“ – მიმართა მალხაზ თავდგირიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს.

„კორუფცია ზოგადი ცნებაა და კონკრეტულად რაშია? ეს წყალია შეძენილი? თუ რაშია?“ – ჰკითხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ლორთქიფანიძემ მას.

„აუდიტის დასკვნის მიხედვით, სატრანსპორტო ხარჯი, დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ანაზღაურებული არის 45 ათასი ლარით. 45 ათასი ლარით ჩემო ბატონო ვახტანგ, სოფელ ჯოჭოში იმ ოჯახის გამოსახლება მოხდებოდა [გულისხმობს ჯოჭოში განვითარებულ მეწყერს, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ავტ.] და მინიმუმ ადამიანების სიცოცხლე გადარჩებოდა. ესაა პრობლემა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მერი ზაზა დიასამიძე იმ გზით არ ივლის, რა გზებითაც დადიოდა ჯუმბერ ვარდმანიძე. ჯუმბერ ვარდმანიძე საგამოძიებო ორგანოში უნდა იყოს და საგამოძიებოს კითხვებს პასუხს უნდა სცემდეს ამ აუდიტის დასკვნით,“- თქვა მალხაზ თავდგირიძემ სხდომის დატოვებამდე.

საკრებულოს წევრებს ენმ-დან მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი მაისური ეცვათ, მაგიდაზე საქართველოსა და უკრაინის დროშები ელაგათ. სხდომის დატოვებამდე ერთ-ერთმა წევრმა სხვა დროშის გაშლაც მოასწრო, რომელზეც ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო გამოსახული.

მალხაზ თავდგირიძე აუდიტის დასკვნით იყო მისული საკრებულოს სხდომაზე

მას შემდეგ, რაც ენმ-მა ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა დატოვა, სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები დარჩნენ.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე გატანილი შვიდივე საკითხი ერთხმად დაამტკიცეს.

31 იანვრის სხდომის შედეგად, 1 063 531 ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და 27 822 531 ლარი გახდა.

დამატებითი მილიონი ლარი ასე გადანაწილდება: ჯანდაცვის პროგრამაში გაჩნდა ახალი ქვეპროგრამა – სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება. პროგრამისთვის 180 ათასი ლარი გამოიყოფა. სამედიცინო მიზნებისთვის დაფინანსების მიღება შეეძლებათ როგორც სოციალურად დაუცველები, ასევე ისინიც, ვინც სოცდახმარებას არ იღებს.

ხელვაჩაურის საკრებულო

საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შეძენისთვის გათვალისწინებულია 200 000 ლარი. თხილნარში დაწყებითი სკოლის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ თანხას დაემატება 45 880 ლარი, სოფელ ახალშენში ხიდის მოსაწყობად გამოყოფილ თანხას 18 189 ლარი დაემატება, ასევე ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დამატებული იქნება 282 653 ლარი.

სხვადასხვა სოფლის ცენტრში სკვერების, ატრაქციონებისა და სტადიონის მოწყობა 248 645 ათასი ლარით დაფინანსდება, ხოლო მინიმოედნების მოსაწყობად 88 164 ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის გარდა, 31 იანვრის სხდომაზე საკრებულომ ერთხმად ხელვაჩაურის მერის და მერიის თანამშრომლების გაზრდილი ხელფასებიც დაამტკიცა.

დღესვე მიიღეს გადაწყვეტილება სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამსახურის ბაზაზე ახალი სამსახურის  – სოციალური, ბავშვთა ზრუნვისა და დაცვის განყოფილების შექმნის შესახებ.

_____

ხელვაჩაურის საკრებულოში სულ 24 წევრია. მათგან 14 მანდატი აქვს ქართულ ოცნებას, 7 მანდატი ენმ, ხოლო 3 მანდატი – გახარიას გუნდს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: