ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბულვარი ქვის სკამებისთვის ლოგოებს ყიდულობს

31.01.2022 •
ბულვარი ქვის სკამებისთვის ლოგოებს ყიდულობს

ბათუმის ბულვარში ქვის სკამებზე დაზიანებულ ლოგოებს მიმდინარე წლის აპრილში აღადგენენ. სწორედ ეს დროა მითითებული ტენდერში, რომელიც ბულვარის ადმინისტრაციამ პრომინადზე არსებული ქვის სკამებისათვის ბრენდირებული ლოგოს დამზადება-მონტაჟზე გამოაცხადა.

ქვის სკამები ბულვარში, რომლებზეც ლოგოები დამტვრეულია/ პრომინადზე ასეთი ათობით სკამია / 31.01.2022

სატენდერო თანხა 7 ათას 203 ლარია. მაქსიმუმ ამ თანხას გადაიხდის ბულვარი ამჯერად 95 ცალი ლოგოს დამზადებასა და მონტაჟში [ანუ, 1 ლოგოში 75 ლარს და 80 თეთრს].

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ეს იყო დაინტერესებული პირებისგან ყველაზე დაბალი [დღგ-ს გარეშე] შეთავაზება – შესყიდვის სავარაუდო ფასის დადგენის მიზნით ჩატარებული ბაზრის კვლევისას.

ტექნიკური დავალების მიხედვით ლოგოს მასალა უნდა იყოს ორგანული მინა, სისქით არანაკლებ 10 მმ, ქვედა მხრიდან დაწებებული უნდა იყოს მაღალი ხარიხსის ჰერმეტული სამონტაჟო მასალისგან დამზადებული ბათუმის ბულვარის ლოგო.

ლოგოს ფერი და დიზაინი შეთანხმდება შემსყიდველთან, ტენდერში წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად.

ქვის სკამი ლოგოთი / ბულვარი/31.01.2022

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელია განსაზღვრული.

ქვის სკამები ბულვარში / 31.01.2022

რაც შეეხება ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ და ამ დროისთვის მიმდინარე ტენდერებს:

  • ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ადმინისტრაციას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 183 ათას 625 ლარით;
  • 152 ათას 425 ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასარგავი გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების შესაძენად;
  • 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამშენებლო, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში კი, ბულვარი მაქსიმუმ 40 ათას ლარს დახარჯავს.

მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების, არხებისა და ქანდაკება „ალი და ნინო“-ს მოვლა-ექსპლუატაციაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია შპს „ბათუმის შადრევნებთან“ –  247 ათას 500 ლარზე;

2022 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაცია ბიუჯეტს 291 ათას 500 ლარი დაუჯდება. ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ არის დადებული, თუმცა, გარეგანათებაში მაინც პრობლემებია.

80 ათასი ლარი დაიხარჯება წელს ბულვარის ზოოკუთხისა და ზოოკუთხის მობინადრეებისათვის.

840 ათასი ლარი კი – ბულვარის ტერიტორიისა და სანაპირო ზოლის დალაგება-დასუფთავებაში. შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებასთან“ არის გაფორმებული.

რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვაზე აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში ჯამში 10 191 700 ლარია გამოყოფილი. აქედან ბათუმის ბულვარის მართვისთვის 917 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი 9,2 მილიონი ლარი – „ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის“.

ამავე თემაზე:

ბათუმის პარკში შავი სკამები გათეთრდა და გაიტანეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: