მთავარი,სიახლეები

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე რეზოლუციაზე – „რუსეთი აგრესორია“

01.02.2022 • 1556
ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე რეზოლუციაზე – „რუსეთი აგრესორია“

„ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩემთვის ნათელია, რომ რუსეთი ახორციელებს აგრესიას. ამ შემთხვევაში ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი,“ – მიიჩნევს დავით ნარდაია, ის ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეა. დავით ნარდაია დღეს, პირველ თებერვალს ნატო-ს საინფორმაციო ცენრის ორგანიზებით რეგიონული მედიის ჟურნალისტებს შეხვდა. ონლაინშეხვედრაზე ჟურნალისტებმა კითხვები ძირითადად უკრაინაზე დასვეს და იმ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისე, რომ რუსეთი არც კი ახსენა.

„უნდა იყოს თუ არა პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნახსენები რუსეთი?“ – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ნატო-ში საქართველოს წარმომადგნლის მოადგილეს მას შემდეგ, როცა მან თქვა, რომ „რუსეთი ახორციელებს აგრესიას“. დავით ნარდაიას ვუთხარით ისიც, რომ ხელისუფლების ცალკეული პირი „ოცნებიდან“ ამბობს იგივეს, რომ რუსეთი აგრესორია, თუმცა რეზოლუციაში იმავეს არ წერენ.

„მე არ ვარ პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ… მე ვარ ბიუროკრატი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და შემიძლია ვთქვა ის, რაც კეთდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად რა კეთდება ნატოში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელებთან კონსულტაციით, ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრები, ვცვლით ინფორმაციას, ყოველ კვირა ვაჯერებთ პოზიციებს უკრაინელებთან ერთად…

პარლამენტი არის ორგანო, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღება. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით უნდა მიიღონ პარლამენტარებმა. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ რუსეთი აგრესორია და ამას ვამბობ არამხოლოდ 2008 წლიდან გამომდინარე, მე თვითონ ვარ წარმოშობით აფხაზეთიდან, ვარ იძულებით გადაადგილებული პირი, ჩემთვის რუსეთი აგრესორია მოყოლებული 1991 წლიდან. ამიტომ ჩემთვის კითხვა არ არსებობს ამასთან დაკავშირებით,“ – გვიპასუხა დავით ნარდაიამ.

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა საქართველოს პოზიციაზე და რეზოლუციაზე საუბარი ნატო-ს მაღალჩინოსნებთან და რამდენად აისახება ეს საქართველოს იმიჯზე, როცა ჩვენ ნატო-ში წევრობა რუსეთისგან მოსალოდნელი, თუ შექმნილი საფრთხის გამო გვინდა, ოფიციალურად კი, ამას რეზოლუციით ვერ ვამბობთ.

დავით ნარდაიას შევახსენეთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით ექსპერტები აფასებენ, როგორც „გაურკვეველს“, „არადამაჯერებელს,“ ასევე „ჰგავს რუსული პოზიციის გამყარების მცდელობას“.

„იმოქმედებს თუ არა ეს კონკრეტული რეზოლუცია ჩვენს იმიჯზე, ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას, ყველამ იცის ნატოში ჩვენი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, ყველამ იცის ჩვენი პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. მიუხერდავად იმისა, საბოლოოდ რა ტექსტი იქნება რეზოლუციაში, ამას ნატო-ში გავლენა იმაზე, თუ რა იმიჯი გვექნება ჩვენ, დამერწმუნეთ არ ექნება. ყველას ესმის ჩვენ რა პოზიცია და დამოკიდებულება გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციის მიმართ,“ – აღნიშნა დავით ნარდაიამ.

ქმნის თუ არა მინიმუმ უხერხულობას, როცა რუსეთის ხსენების გარეშე იღებს რეზოლუციას პარლამენტი? – ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ კითხვის პასუხად ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინის საკითხი მხოლოდ უკრაინას არ ეხება და ეს პირდაპირ ჩვენი ფრონტიცაა.

„უკრაინის საკითხი დღეს არა მხოლოოდ უკრაინას ეხება, არამედ ჩვენც გვეხება. ეს არის ფრონტი, რომელიც არამხოლოდ უკრაინას და რუსეთს ჰყოფს, არამედ ჰყოფს რუსეთს და დანარჩენს დემოკრატიულ სამყაროს.

ამიტომაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ეხება არამხოლოდ უკრაინას.

თქვენ თუ გაიხსენებთ ბოლო ასეთ მაღალი დონის შეხვერას, ეს იყო მინისტერიალი რიგაში, სადაც საქართველო და უკრაინა ერთად  ვიყავით შეხვედრაზე, სადაც საქართველო და უკრაინა ერთიანი პოზიციით გავედით, სადაც საქართველო და უკრაინა ზუსტად ერთსა და იმავეზე ვსაუბრობდით… ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ როცა საუბარია უკრაინაზე, არ იყოს საუბარი მხოლოდ უკრაინაზე. ეს პროცესი უკრაინით არ დაწყებულა, პროცესი დაიწყო საქართველოდან, სამწუხაროდ 2008 წელს. მე ასე ვიტყოდი, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ მიექა, ზუსტად ამით არის განპირობებული მოვლენები, რა მოვლენებიც განვითარდა შემდგომში უკრაინაში.

ის აგრესია, რასაც რუსეთი ახორციელებს დღეს უკრაინის მიმართ, ის აგრესია, რაც განხორციელდა, მაგალითად, ყირიმის აგრესიით, ეს საკითხი ეხება არამხოლოდ უკრაინას, ეს საკითხი პირდაპირ გვეხება ჩვენ.

არ ვიცი, რეზოლუციაზე მოლაპარაკებები როგორ დასრულდება, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხს ყოველთვის ესმება ხაზი, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ოკუპაციას, რომ ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი იმ აგრესიული პოლიტიკის, რასაც რუსეთი ახორციელებს აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ ვართ უკრიანელი მეგობრების გვერდით და ამას გამოვხატავთ არამხოლოდ საუბრებით, მოლაპარაკებებზე, არამედ იმ საერთაშორისო ფორუმებზე, შეხვედრებზე, სადაც ჩვენ და უკრაინა ერთობრლივად გამოვდივართ.

იმის თქმა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვუჭერთ უკრაინას მხარს, ან არასათანადოდ ვუჭერთ მხარს, ამაზე ალბათ ვერ დაგეთანხმებით – მე ვიცი, ყოველდღიურად აქ რაც ხდება,“ – აღნიშნა ონლაინშეხვედრაზე კითხვის პასუხად დავით ნარდაიამ, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ.

კითხვებზე პასუხის გაცემამდე დავით ნარდაიამ ისაუბრა ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო-ს სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტში რუსეთი აღარ განიხილება და გამოჩნდა ახალი მოთამაშე – ჩინეთი.

„2010 წლის სტრატეგიულ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ ნატო-ს აქვს თანამშრომლობა რუსეთთან. წარმოიდგინეთ, თანამშრომლობაზე იყო საუბარი. დღეს არანაირ თანამშრომლობა არ არსებობს… რუსეთის მისია ნატო-ში არ ფუნქციონირებს… ნატო შეეცდება შეინარჩუნოს ჩანაწერი, რომ ნატო განაგრძობს დიალოგს რუსეთთან, რათა არ მოხდეს ესკალაცია სხვადასხვა საკითხზე.

ჩინეთი 2010 წელსაც იყო აქტუალური, მაგრამ მაშინ ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ ამის ასახვა არ იყო საჭირო. ამ შემთხვევაში იქნება საინტერესო ნატო-ს პოლიტიკა რა იქნება ჩინეთთან დაკავშირებით… ნატო-ს მოუწევს ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბება ჩინეთთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა დავით ნარდაიამ.

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეს ჟურნალისტებმა საქართველოს სამეზობლოზეც ჰკითხეს, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრის დროს.

„მე მაქვს თურქეთის იმედი,“ – აღნიშნა დავით ნარდაიამ და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის გარდა, საქართველოს სხვა მეზობლებთან არ აქვს ცუდი ურთიერთობა: „ვიცი, რომ ეს არ არის პოპულარული მოსაზრება, განსაკუთრებით ზოგიერთ რეგიონში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თურქეთი არის ყველაზე დიდი ინვესტორი, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე. თურქეთი არის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი არამხოლოდ მორალური, ან განცხადებების დონეზე, არამედ ფინანსური კონტრიბუტორი, როდესაც საუბარი გვაქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. წლების განმავლობაში თურქეთი ხარჯავს საკმაოდ სოლიდურ თანხას იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები.

დამეთანხმებით, რომ თურქეთს რაღაც სხვა აზრები ჰქონდეს, შენ არ დაეთანხმები შენს მეზობელს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა პოზიცია გააჩნია თურქეთს საქართველოს მიმართ. თურქეთი არის ყველაზე აქტიური ქვეყანა ნატოში, როდესაც საუბარი ეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს. ნებისმიერი გამოსვლა, რომელიც აქვს თურქეთის წარმომადგენელს ნატოში, ამბობს: მე ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი ქვეყანა გუშინ, დღეს და ხვალ კი არა, უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. თურქეთი არის ჩვენი ერთადერთი მეზობელი, რომელთანაც საზღვარი გვაქვს დადგენილი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: