მთავარი,სიახლეები

შშმ გოგო ხულოდან: „თმის შეჭრა მინდოდა ბათუმში, მაგრამ უფროსი ყვიროდა – ეტლი გაიყვანეთო“

31.01.2022 • 12380
შშმ გოგო ხულოდან: „თმის შეჭრა მინდოდა ბათუმში, მაგრამ უფროსი ყვიროდა – ეტლი გაიყვანეთო“

24 წლის შშმ პირი, ლელა ჯორბენაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში ცხოვრობს. ლელა ამბობს, რომ მისი მთავარი სურვილია შშმ პირებისთვის ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, ოპერაციები, წამლები თუ სხვა რამ, უფასო იყოს. 

„დაბადებიდან მაქვს შშმ პირის სტატუსი, როგორც ჩემმა მშობლებმა მითხრეს, 2 წლის ვიყავი პენსია რომ დამენიშნა. 

მინდა, რომ ასაკით პენსიონერებისა და ჩვენი პენსიები არ განსხვავდებოდეს, მინდა თანაბრად იყოს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ პენსიას რომ უზრდიან ასაკით პენსიონერებს და შშმ პირებს არა, არასწორია. ჩვენ რა დავაშავეთ? ძალიან ბევრი გვეხარჯება მკურნალობაში, წამლებში, ჰიგიენურ საშუალებებში“.  

ლელა ეტლით მოსარგებლეა, სწორედ ამიტომ ის იძულებულია განსაკუთრებით ზამთარში, მთელი დღეები სახლში გაატაროს:

„ზამთარში საერთოდ ვერ გავდივარ გარეთ, რადგან ეტლი თოვლში ვერ დადის. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ვახერხებ სახლიდან გასვლას კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ, მაგრამ ხშირად ვერ გავდივარ გარეთ. 

სოფლისა და ქალაქის ცხოვრება ძალიან განსხვავდება, აქ სულ საქმეა, ყანა-ჭალა და ა.შ.  მე კი მარტოს, დამოუკიდებლად არ შემიძლია გარეთ გავიდე. ქალაქში მცხოვრები შშმ პირები გადიან გარეთ, ზოგი მუშაობს კიდეც, მე კი უმეტეს დროს ტელევიზორთან ვატარებ. დრო ინტერნეტით და ტელევიზორით გამყავს.

ჩემ სოფელში ყველას ძალიან ვუყვარვარ და მაფასებენ. ჩემი აზრით, ქალაქში უფრო მეტია შშმ პირთა სტიგმა. ვიცი, რომ ქალაქში შშმ პირებს რიყავენ, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 

ერთი შემთხვევა მქონდა, ბათუმში ვიყავი, თმა შევიჭარი და უფროსმა ყვირილი დაიწყო. იძახდა “გაიყვანეთ ეტლი, რამდენ ხანს უნდა ველოდო და დავკარგო კლიენტები მაგის გამოო”. ერთხელ ვიყავი ქალაქში და ეს შემთხვევა მქონდა, წარმომიდგენია იქ მცხოვრებლები, როგორი პრობლემების წინაშე არიან. მინდა, რომ შშმ პირებს მსგავსი სახის პრობლემები არ გვქონდეს”, – ამბობს ლელა. 

ლელას თქმით, პანდემიას მის ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია გარდა იმისა, რომ  მეტად ფრთხილობენ, როგორც მისი მშობლები, ისე თავად. 

ლელას ადრე შეძლებისდაგვარად სტუმრობდნენ მეგობრები, მაგრამ ახლა ყველა ბათუმში ცხოვრობს და მის სანახავად ვეღარ მიდიან. ახლა საუკეთესო მეგობრად თავის დღიურებს მოიხსენიებს. ამბობს, რომ დღიურის ფურცლებზე თავის განცდებზე, ემოციებზე, გრძნობებსა და ოცნებებზე წერა ძალიან ეხმარება.

ლელა არსად მუშაობს, მაგრამ ოცნებობს, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები შეისწავლოს, ასევე უნდა, რომ როგორმე ინგლისური ისწავლოს. 

“თანაკლასელებთან ერთად სწავლა ვერ გამოვცადე, ბინაზე ვსწავლობდი. 

X-XII კლასებში ხშირად ვხვდებოდი ავად. ფეხში სუსტი ძვალი მაქვს, სკოლის პერიოდში ორჯერ გადამიტყდა და თბილისში მიწევდა წასვლა. სხვა პრობლემების გამოც ხშირად ვიყავი საავადმყოფოში. ასე გამიცდა რამდენიმე სასწავლო წელი და ვერც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავედი“, – აცხადებს ლელა, თუმცა ამბობს, რომ თავისი ოცნების ასახდენად ჯერჯერობით არაფერი არ გაუკეთებია. 

თუმცა, დასაქმებაზე მეტად ლელას მაინც არაადაპტირებული გარემო აწუხებს. ამბობს, რომ მასთან ადაპტირებული არაფერია: „ოთახიდან ოთახში ვერ გადავდივარ დამოუკიდებლად, კარის ზღურბლებია, ვერც ეზოში ჩავდივარ, კიბეებია. ჩემ სოფელში ყველგან არ არის ისეთი გზა, რომ გადავადგილდე. 

ვისურვებდი, რომ სოფლის “მარშუტკას” ჰქონდეს პანდუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შემეძლოს გადაადგილება სოფლიდან ცენტრამდე. მარტივად, რომ შემეძლოს გადაადგილება ჩემი დღე გამრავალფეროვნდებოდა. 

არ ვიცი რომელი სერვისებით სარგებლობენ შშმ პირები ქალაქში და მუნიციპალიტეტებში.

მანქანა არ აქვს ჩემს ოჯახს, ჯერჯერობით არც შესაძლებლობა აქვთ, რომ იყიდონ, ამიტომ რთულია ჩემი გადაადგილება და ქალაქში, თუნდაც მუნიციპალიტეტში ჩასვლა. 

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ხულოს ცენტრიც კი არ მაქვს დათვალიერებული. არ ვიცი, სად რა შენობაა, სად რა იმართება, არ მინახავს. მხოლოდ ის ვიცი, სად არის საავადმყოფო – როცა ავად ვხვდები, მაშინ ჩავდივარ ხულოში, სხვა აუცილებელ საქმეები თუ არის მაშინაც. ისევ ვერ ჩავდივარ, სამწუხაროდ. 

არ ვიცი რა  ხდება მუნიციპალიტეტში, სად არის ჩემი გადაადგილება შესაძლებელი და სად – არა. გაგონილი მაქვს, რომ მუნიციპალიტეტებში აუცილებელ ადგილებზე პანდუსები არის, სხვა არაფერი ვიცი”, – ამბობს ლელა.

“ხულოს მერიამ ელექტროეტლი მაჩუქა, რის გამოც მათი მადლიერი ვარ. დღესასწაულებზე მერიიდან ამოდიან, ხულოს მერი, ბატონი ვახტანგ ბერიძეც ამოდის, ქალთა დღეზეც იყო ამოსული, მომილოცა და ყვავილები მომართვა. მეკითხება რამე ხომ არ მჭირდება და რა პრობლემები მაქვს. სხვა მერებისგან განსხვავებით ხულოს ამჟამინდელი მერი ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანია“, – ამბობს ლელა ჯორბენაძე. 

ლელას ერთ-ერთი ოცნება იყო, რომ მისი საყვარელი ინდოელი მსახიობი, გაურავ ჩოპრა ენახა. ლელას ეს ოცნება 2016 წელს აუხდა და ინდოელი მსახიობმა პირობა შეუსრულა – ლელას სახლში ესტუმრა, რამაც ძალიან გააბედნიერა. ლელამ ბევრი ფოტო გადაიღო მსახიობთან ერთად. 

გაურავ ჩოპრა, ტელევიზიაში ჰყავდათ მიწვეული. წერილი მივწერე, სადაც ჩემს მდგომარეობაზე მოვუყევი და ვთხოვდი მოვენახულებინე. ჟურნალისტმა ჩემი წერილი ეთერში წაუკითხა, პირდაპირ ეთერში გაურმა რომ ხელი დამიქნია და მომესალმა სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა. დამპირდა რომ მესტუმრებოდა და მართლაც მესტუმრა“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: