Batumelebi | რაზე მიანიშნებს ყბის სახსრის ტკაცუნი – ექიმის რჩევები რაზე მიანიშნებს ყბის სახსრის ტკაცუნი – ექიმის რჩევები – Batumelebi
RU | GE  

რაზე მიანიშნებს ყბის სახსრის ტკაცუნი – ექიმის რჩევები

საუბრისას, ღეჭვისას ან მთქნარებისას ტკაცუნის ხმა თუ გესმით, შესაძლოა ეს თქვენი საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრიდან მოდიოდეს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ქვედა ყბის სახსართან დაკავშირებული პრობლემები, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და რა დრო დასჭირდება მის გამოსწორებას – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი დავით დავითაძე პასუხობს:

  • ბატონო დავით, კიდევ რა სიმპტომები მიანიშნებს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემაზე?

შეიძლება იყოს შუილი ყურებში, ასევე ტკივილი, დაჭიმულობა უშუალოდ სახისა და ყურების მიდამოში პირის გაღების დროს.

დაჭიმულობა იგრძნობა საფეთქლის, საღეჭი კუნთების მიდამოში, ეს შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ  ხშირ შემთხვევაში პაციენტებს კუნთების დაჭიმულობა აქვთ ღამითაც, მაგალითად, კბილის კბილზე ძლიერი დაჭერის სახით – ამ პროცესს ბრუქსიზმი ჰქვია. ამ დროს ხდება კბილების უშუალოდ ერთმანეთზე ზეწოლა. ეს ძირითადად ვითარდება ღამით, როცა პაციენტი ვერ აკონტროლებს ამ ყველაფერს.

შესაძლოა დაჭიმულობა საფეთქლისა და საღეჭი კუნთების მიდამოში იგრძნობოდეს დილით, გაღვიძებისასაც, როცა პაციენტი იღვიძებს გადაღლის შეგრძნებით.

პაციენტს შესაძლოა ყბა ეღლებოდეს ჭამის და ლაპარაკის დროსაც კი.

 სტომატოლოგიური პაციენტების 10-დან დაახლოებით 3-4-ს აქვს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემა.

  • რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები?

მიზეზი სხვადასხვაა, ყველაზე ხშირი მიზეზი არის თანკბილვა ანუ შეწყობა, კბილთაშორისი კონტაქტები. ეს შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაკარგული აქვს რომელიმე კბილი, ან შეიძლება არ აკლდეს კბილი, მაგრამ კბილის არასწორი მდებარეობის გამო ხდებოდეს არასწორი კონტაქტი, დახრა და ამ არასწორი შეწყობის შედეგად დაიწყოს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში პრობლემები.

სახსრის პრობლემა მჭიდრო კავშირშია ხერხემლის პოზიციასთან. თუ არის ხერხემლის გამრუდება, მისი არასწორი მდგომარეობა, ქვედა ყბაც მაქსიმალურად ცდილობს, თავისი პოზიცია შეუსაბამოს ხერხემლის პოზიციას და თანდათანობით დგება ყბის, ქვედა ყბის თავების არასწორი მდებარეობა, არასწორი ფუნქციონირება, რაც საბოლოოდ იწვევს იმ პრობლემებს, რაც ჩამოვთვალეთ – ტკაცუნი, დაჭიმულობა, შუილი.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

თანდათანობით ძლიერდება კუნთების დაჭიმულობა, შედეგად კბილები ცვდება, იწყება ტკივილიც. კბილების  ცვეთის დროს ხდება მათი ერთნაირ სიბრტყეზე განლაგება, რაც ესთეტიკურად აფუჭებს კბილების იერსახეს. მეორე მხრივ, ზიანდება ფუნქციურად – კბილს ეკარგება ანატომიური ფორმა, იმატებს კბილების მგრძნობელობა, შემდეგ წარმოიქმნება ბზარები, რის შედეგადაც შესაძლოა კბილს გვირგვინოვანი ნაწილი მოსტყდეს.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გართულება, რასაც კბილების ცვეთა იწვევს, სახსრის პრობლემებია. თუ კბილების ცვეთის დროს თანკბილვის სიმაღლე დაიწევს, მაშინ საფეთქელ – ქვედა ყბის სახსარიც უკვე არასწორ პოზიციაში აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა განვითარდეს პირის გაღების შეზღუდვა, როცა პაციენტი ბოლომდე  ვერ აღებს პირს. ტკივილიც სახსრის მიდამოში ცვეთის ერთ-ერთი მაჩვენებელია. კუნთების ძლიერი შეკუმშვა ანუ ჰიპერტონუსი განაპირობებს კბილების ძლიერ ცვეთას.

  • როგორ მკურნალობენ?

ამ დროს პაციენტს სჭირდება 3D რენტგენოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ვადგენთ  რა პოზიციაშია ყბები, რა მდგომარეობაშია სასახსრე ნაპრალები.

მკურნალობის სამი გზაა – ორთოპედიული ანუ როცა გამოიყენება გვირგვინები, ვინირები და სხვა, ასევე ორთოდონტული მკურნლობა ანუ ბრეკეტების გამოყენებით და მესამე – თერაპიული რესტავრაცია, როცა დაცვეთილი კბილების აღდგენა ხდება თერაპიულად, მაგალითად, ბჟენების დახმარებით.

კბილის გაცვეთილი ანატომიური ზედაპირის აღდგენა ხდება ეტაპობრივად, მილიმეტრობით. ხორციელდება როგორც ვერტიკალური სიმაღლის წამოწევა, ასევე ჰორიზონტალურად, ქვედა ყბის ცენტრირება. პაციენტთან შეხვედრა ინიშნება ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ. სწორედ ქვედა ყბის სწორ პოზიციაში მიყვანის შემდეგ ვირჩევთ ზემოთ ჩამოთვლილი მკურნალობიდან ერთ-ერთ ოპტიმალურ გზას, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

კბილები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში  დაიცვითა და კუნთები გადაეწყო ახალ პოზიციაში, საჭიროა მათი დაბრუნება პირვანდელ პოზიციაზე, რაც ნელ-ნელა,   მილიმეტრობით ხდება, ყბის პოზიციისა და ყბის ცენტრის გასწორებით. შემდეგ, 3-5 თვეში, როდესაც დავინახავთ, რომ  ყბა მოვიყვანეთ სწორ პოზიციაში, ვიწყებთ აღდგენას.

ყბის სწორ პოზიციაში მოყვანა ხდება კაპების მეშვეობით. ეს არის გამჭვირვალე ფირფიტები, რომლებიც მხოლოდ ქვედა ყბაზე თავსდება.  მკურნალობის ხანგრძლივობა 4-დან 6 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან