სიახლეები

რამდენ ხანში შეიძლება ხელახლა დაინფიცირდე ომიკრონით?

31.01.2022 • 3641
რამდენ ხანში შეიძლება ხელახლა დაინფიცირდე ომიკრონით?

„რამდენ ხანში შეიძლება ისევ დავინფიცირდე ომიკრონით?“ – ამ შეკითხვას კორონავირუსის პანდემიისას შექმნილ არაერთ ფეისბუქჯგუფში ნახავთ.

ომიკრონი კორონავირუსის ახალი შტამია, იგი დაახლოებით 3 თვის წინ გამოჩნდა და მალევე ჩაანაცვლა აქამდე დომინანტური – დელტა შტამი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში იყო.

აქამდე არსებული მონაცემებით, კოვიდის ორიგინალი შტამით ინფიცირების შემდეგ, ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები რამდენიმე თვე ნარჩუნდება ორგანიზმში, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა იკლებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ანტისხეულები კოვიდის გადატანიდან დაახლოებით 5-7 თვის შემდეგაც ნარჩუნდება.

შესაძლოა ომიკრონით რეინფიცირება მოხდეს უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს აქამდე, სხვა შტამების შემთხვევაში ხდებოდა?

არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს შესაძლებელია.

ომიკრონით რეინფიცირების შემთხვევების შესახებ წერს „გარდიანი“:

„დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემები [UKHSA] აჩვენებს, რომ იმ შემთხვევებიდან, რომელთა ნიმუშები აიღეს 2021 წლის პირველი ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე, 2855 სავარაუდო რეინფიცირებაა წინა ინფიცირებიდან 29-დან 89 დღემდე ინტერვალით. თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება ასახავდეს თავდაპირველი ინფექციისგან გაგრძელებად გამოვლინებებს”.

გარდიანი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რეინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია არავაქცინირებულ ადამიანებში და იმ პირებში, რომელთაც წინა ინფიცირების შემთხვევა უფრო მსუბუქად გადაიტანეს, დაბალი იმუნური პასუხით.

„პოლ ჰანტერი, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი ამბობს, რომ ომიკრონისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მალევე ისევ ომიკრონით რეინფიცირების რისკი უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დელტას შემდეგ ომიკრონით დაინფიცირებისა.

ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ, რამდენი ხნის წინ აიცრა ადამიანი. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მხრივ შეიძლება ვაქცინის დოზაც იყოს მნიშვნელოვანი“, – წერს გამოცემა.

„ომიკრონის” გამოჩენამდე, თუ თქვენ ერთხელ უკვე იყავით დაინფიცირებული, ეს გაძლევდათ დაახლოებით 85%-იან დაცვას ექვსი თვის განმავლობაში ხელახალი დაინფიცირებისგან. ომიკრონისთვის ეს მაჩვენებელი 19%-მდე დაეცა”, – განაცხადა „ბიბისისთან“ საუბრისას დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლა ბრინკიმ.

2021 წლის 5 დეკემბერს, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვმა სამხრეთ აფრიკის მონაცემებზე დაყრდნობით თქვა, რომ ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი 2-3-ჯერაა გაზრდილი.

კორონავირუსის ახალი შტამი – ომიკრონი დაახლოებით სამი თვის წინ, 8 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა. უკვე 2 დეკემბერს ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის [20 დეკემბერს] – საქართველოშიც.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდებულია COVID 19-ის ინფექციის გადატანის მიუხედავად, ვინაიდან ამ ეტაპზე მეცნიერებისთვის უცნობია დაავადების გადატანიდან რა პერიოდით ნარჩუნდება ბუნებრივი იმუნიტეტი.

საქართველოში COVID 19-ის დადასტურებული ინფექციის მქონე პაციენტებს ვაქცინაცია შეუძლიათ დაავადების დადასტურებიდან 30 დღის შემდეგ.

გამონაკლისს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც COVID19-ის ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და ადამიანები, რომელთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ამ შემთხვევაში მინიმალური ინტერვალია 120 დღე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: