„კანონის ჩარჩოს გასცდნენ ეს ადამიანები და, აბა, როგორ გინდათ ახლა?“ – ასე აფასებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა დღევანდელ ინციდენტს ბათუმის მერიაში – დღეს, 31 იანვარს, ბათუმის მერთან შეხვედრა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სცადეს. მათ არჩილ ჩიქოვანი არ შეხვდა. ოპოზიციონერები სათათბირო ოთახიდან გამოაძევეს.
საკრებულოს წევრები რომ მერს ვერ ხვდებიან, ამასაც ოპოზიციას აბრალებს საკრებულოს „ოცნების“ წარმომადგენელი. ის არ თვლის, რომ თვითმმართველობა კიდევ უფრო სუსტდება, როცა მერი საკრებულოს წევრს არ ხვდება და არც მის კითხვებს პასუხობს.
„ჩვენი სურვილი იყო ბათუმის მერთან გვესაუბრა აუდიტის დასკვნაზე, სადაც არაერთ დანაშაულზეა საუბარი,“ – ამბობს რეზო ხარაზი ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ბათუმის მერიის და საკრებულოს საქმიანობის არაერთ დარღვევაზეა საუბარია, მათ შორის, მაგალითად, იმაზე, რომ 107 ათას ლარზე მეტი ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე გასცეს. აუდიტის დასკვნაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ „ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს.“
„ამავე დასკვნაში წერია, რომ ეს ფული არის დასაბრუნებელი… რატომ გამომაგდე იქიდან, ამის გულისთვის გამომაგდე? ამის გულისთვის დგახართ თქვენ აქ ბატონო ოფიცრებო?“ – მიმართა რეზო ხარაზმა პოლიციელებს მას შემდეგ, როცა ის და მისი თანაგუნდელები მერიის მისაღებიდან გამოაძევეს.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის წასაკითხად ჯერ ვერ მოიცალა თენგიზ აფხაზავამ, სამაგიეროდ, მან უკვე გამართა ბრიფინგი იმისთვის, რომ ეთქვა, როგორ უშლიან ხელს ბათუმის მერს, როცა მას საკრებულოს წევრები შეხვედრას სთხოვენ. „ძალით შევარდნენ შიგნით“ – ამბობს თენგიზ აფხაზავა, რომელსაც ასევე ვკითხეთ, რატომ არ არის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნა ლეგიტიმური, როცა ისინი მერთან შეხვედრას ითხოვენ?
„როდისმე იყო შემთხვევა, როცა მათ ითხოვეს ცივილური ფორმით შეხვედრა და უარი უთხრეს? როდესაც შენ მოდიხარ და ძალადობრივი გზით იკავებ კაბინეტს… ნორმალური განცხადების პირობებში ქალაქის მერს არასდროს არ უთქვამს ვინმესთან შეხვედრაზე უარი,“ – გვიპასუხა თენგიზ აფახაზავამ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ოპოზიციას წერილობით არ მიუმართავს მერისთვის შეხვედრის თაობაზე.
„არსად წერია, რომ წერილობით მიმართვაა საჭირო,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, – „ჩვენ მივმართეთ ორი დღის წინ საკრებულოს აპარატის უფროსს, რაულ ბოლქვაძეს და ვუთხარით, რომ გვსურდა მერთან შეხვედრა. გუშინ გვითხრა ბატონმა რაულმა, რომ მერია არ შეგვხდებოდა. უარი გადმოგვცა ასევე ჩიქოვანისგან ლევან დავითაძემ, რომელიც ვიცე-მერია, მას საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ესაუბრა… ამის შემდეგ მივედით ჩვენ პირდაპირ მერიის მისაღებში, ამის უფლება გვაქვს,“ – განმარტავს რეზო ხარაზი.
ბათუმის საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. ბათუმის საკრებულოში, რომელიც ვერ მუშაობს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შრომის ანაზღაურება თვეში 2900 ლარია. ხელფასს იღებს თავმჯდომარის ხუთივე მოადგილეც. მათი ჯამაგირი თვეში 2-2 ათასი ლარია.
საკრებულოს რიგითი წევრები კი, ამ ეტაპზე უფლებამოსილების ხარჯს – 600 ლარსაც ვერ იღებენ.
„ბათუმის მერს ეს დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს,“ – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. ის განმარტავს, რომ კანონი არ განსაზღვრავს შემთხვევას, როცა საკრებულოს წევრს მერთან შეხვედრა სურს, თუმცა მერთან შეხვედრის უფლება საკრებულოს წევრებს აქვთ. „ამოსავალი უნდა იყოს მიზნობრიობა და არა მხოლოდ კანონი“, – ამბობს იურისტი.
„ამომრჩევლის ინტერესი რა არის ამ დროს? წინა მოწვევის საკრებულომ რომ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა, ან როცა „ქართულმა ოცნებამ“ ფრაქცია შექმნა, კანონი არ დარღვეულა, მაგრამ კანონი ყველაფერს ხომ ვერ გაითვალისწინებს? ამომრჩევლის ინტერესი როგორ შეიძლება იყოს უფუნქციო ფრაქცია საკრებულოში, რომელიც არ მუშაობს? ამომრჩევლის ინტერესი იქნებოდა ის, რომ ფუნქცია ფრაქციას არ ჰქონოდა და მხოლოდ ხელფასი აეღოთ?“ – კითხულობს საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე.
საია-ს იურისტი ვერ ხედავს პრობლემას, თუკი საკრებულოს ოპოზიცია, მერს, მაგალითად, მისაღებში დახვდება, თუკი ის შეხვედრაზე უარს ამბობს.
„შეჭრა, ბუნებრივია, არის მიუღებელი… ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები იქეთკენ, რომ საბოლოო ჯამში ამომრჩეველი არ დაზარალდეს,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.