განათლება,მთავარი,სიახლეები

„სწავლის მიტოვებას ვაპირებ“ – სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახიდან

31.01.2022 • 3483
„სწავლის მიტოვებას ვაპირებ“ – სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახიდან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი ქართულენოვან პროგრამებზე, ბოლო მონაცემებით, 3 049 სტუდენტმა ვერ შეიტანა.

ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც უსახსრობის გამო სწავლის მიტოვებას აპირებს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს.

ზეინაბ კახაძე პირველკურსელია და ბსუ-ში ბიზნესის ადმინისტრირებაზე წელს ჩააბარა. პირველი სემესტრი გაიარა, თუმცა ამბობს, რომ ონლაინსწავლებით უკმაყოფილოა. ზეინაბი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა.

იგი ამბობს, რომ უსახსრობის გამო სწავლის მიტოვებას აპირებს.

„თავიდან მინდოდა, რომ ქართული ფილოლოგია მესწავლა, თუმცა კონკურენცია ძალიან მაღალი იყო და ვერ მოვხვდი. ამიტომ სწავლა ბიზნესის ადმინისტრირებაზე გავაგრძელე, იქ, სადაც ჩავირიცხე. უფასო ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია და ვიცოდი, რომ სწავლის საფასურის გადახდა გამიჭირდებოდა.

დიდი იმედი მქონდა, რომ დაფინანსებას მოვიპოვებდი, მაგრამ ახლახან მითხრეს, რომ როგორც სოციალურ დაუცველს, ვერც ამ პროგრამით დამაფინანსებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან რთულია.

ჩემ გარდა ჩემს მშობლებს კიდევ ექვსი შვილი ჰყავთ, მამაჩემი სახლის აშენებას აპირებს და ვიცოდი, რომ სწავლის თანხას ვერ მომცემდა. ვალდებულიც არაა.

რადგან თავიდან თქვეს, რომ სწავლა აუდიტორიებში დაიწყებოდა, სექტემბერში ქალაქში ჩამოვედი და ბინა ვიქირავე. 300 ლარის გადახდა მიწევს გარეუბანში. ყველაფერზე მე უნდა მეზრუნა, ამიტომ იძულებული გავხდი, მუშაობდა დამეწყო.

დღეში 12 საათი ვმუშაობდი მიმტანად, ძალიან დამღლელი იყო, ამის გამო ხშირად ლექციებსაც ვეღარ ვესწრებოდი. ზოგიერთი ლექტორი ლექციის ჩანაწერს აკეთებს და შეგიძლია მოუსმინო, მაგრამ ზოგი არ იწერს ლექციებს, ჩანაწერს ვეღარ ვუსმენდი და ყველაფერი ძალიან გართულდა.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, კომპიუტერიც მაჩუქეს, მაგრამ უმაღლესი მათემატიკის ონლაინ სწავლა ძალიან გამიჭირდა, ახსნის გარეშე ბევრ საკითხს ვეღარ ვიგებდი, ამიტომ ჩამოვრჩი. ამას ისიც დაემატა, რომ თანხა უნდა გადავიხადო იმაში, რაც არ მომწონს და სწავლის ხარისხი არ მაკმაყოფილებს“ – გვეუბნება ზეინაბ კახაძე.

ზეინაბი ამბობს, რომ აპირებს მოემზადოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ხელახლა ჩააბაროს სასურველ ფაკულტეტზე:

„მირჩევნია თავიდან ჩავაბარო იმ ფაკულტეტზე, სადაც მინდა. რადგან ფინანსური პრობლემები გვაქვს ოჯახში, აუცილებლად უფასო ფაკულტეტზე უნდა მოვხვდე.

სწავლა და მუშაობა ძალიან ძნელია. დღეს ერთი ჩემი მეგობარიც მეუბნებოდა, რომ მასაც უნდა სტატუსის შეჩერება. კერძო უნივერსიტეტში სწავლობს და ონლან სწავლების ხარისხი არ მოსწონს. ამხელა თანხას ონლაინ სწავლაში არავინ გადაიხდის“ – გვეუბნება ზეინაბი.

მას გული სწყდება იმის გამო, რომ ერთი სასწავლო წლის დაკარგვა მოუწევს, თუმცა დასძენს, რომ ცდა მაინც ღირს, თუ სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება.

უსახსრობის ან სწავლის ხარისხის გამო რამდენი სტუდენტი მიატოვებს წლის ბოლომდე სწავლას ან შეიჩერებს სტატუსს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც უნივერსიტეტში გვეუბნებიან, ადმინისტრაცია სტუდენტებს მოქნილ საგადასახადო პოლიტიკას შესთავაზებს.

„სტუდენტებისათვის მოქნილი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის წარმოება, რათა დაზუსტდეს  დავალიანების მქონე სტუდენტების მოსაზრებები სწავლის გადასახადის დაფარვასთან დაკავშირებით“ – გვითხრეს ბსუ-ში.

__________________

მსგავს თემაზე:

ბავშვების 60%-მა საშუალო და დაბალი შეფასება მიიღო პანდემიაში – პარლამენტის კვლევა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: