განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ესტონეთში

01.02.2022 • 7176
როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ესტონეთში

ვაკო გოგუაძე ბათუმელია. ის ბოლო შვიდი წელია ესტონეთში ცხოვრობს და მუშაობს. ვაკო იმ მიზეზებზე გვიყვება, რის გამოც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ევროპაში.

  • ვაკო, რამდენი წელია, რაც ესტონეთში ცხოვრობთ და რატომ დატოვეთ საქართველო?

უნივერსიტეტი ბათუმში 2009 წელს დავამთავრე და მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ და მინდოდა ჩემს სფეროში დამეწყო მუშაობა. „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში წალკაში წავედი სამუშაოდ და ორი წელი სოფელში ვიმუშავე. ამ პერიოდში, ერთი თვით ამერიკაშიც გავემგზავრე საერთაშორისო პროგრამით.

შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდი, რადგან ჩემს ქალაქში მინდოდა ცხოვრება. სკოლებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე განცხადებები გავაგზავნე, მაგრამ არცერთ საჯარო სკოლაში არ ამიყვანეს. პიროვნულად ისეთი ადამიანი ვარ, არ მიყვარს „ჩაწყობები“, როცა ვიღაც ნათესავი გეხმარება და ასე პოულობს სამსახურს, ეს არ მინდოდა.

  • როგორ ფიქრობ, ვინც თქვენს ნაცვლად აიყვანეს, თქვენზე კვალიფიციური იყო?

ჩემზე კვალიფიციურები იყვნენ თუ არა, ამას ვერ გეტყვით, რადგან ითქვა, რომ კონკურსი იყო და მე მონაწილეობა მივიღე. წლები ვერ დაველოდებოდი, ამიტომ სამუშაოს ძიება თბილისში დავიწყე. ორი სკოლიდან მივიღე შემოთავაზება, ერთ-ერთი ნიუტონის სკოლა იყო, ნახევარ-ნახევარ განაკვეთზე დავსაქმდი და ხუთი წელი ვიმუშავე. შემდეგ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ.

  • რატომ, ხომ იყავით დასაქმებული?

მაგისტრატურაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ბათუმის უნივერსიტეტი ბაკალავრიატი დავამთავრე, ახალს არაფერს მთავაზობდა. ქართულად მიმდინარეობდა სწავლება და ინგლისური ენის შესახებ რაღაც კვლევაც, ქართულად უნდა დამეწერა. ამ კვლევას საქართველოს გარდა ვერსად გამოვიყენებდი.

იმ ადამიანებსაც ვესაუბრე, ვინც იმ პერიოდში დაამთავრა ეს პროგრამა და მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა. არანაირი სიახლის ძიება, ახალი ცოდნის შეძენა აქ არ ხდებოდა, ერთი და იგივე რაღაცის ტკეპნა მომიწევდა, რომლის კეთება ნამდვილად არ მსურდა. ამიტომ გადაწყვიტე ევროპაში წამოსვლა.

რა თქმა უნდა, თბილისში ვიშოვე სამუშაო, დამატებით ბავშვებსაც ვამზადებდი, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდი იმას, რომ თანხა გადამედო თუნდაც იმისთვის, რომ მესწავლა და პროფესიულად წინ წავსულიყავი. ლექტორად მინდოდა მემუშავა, ჩემი სიტყვა მინდოდა მეთქვა განათლების სფეროში.

ბოლოს მოვიპოვე სრული დაფინანსება ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში მოვხვდი 100%-იანი გრანტით. გარდა ამისა, მქონდა სტიპენდიაც და ეს შემოთავაზება მაკმაყოფილებდა. წარმატებით დავასრულე საინფორმაციო ტექნოლოგიები 2016 წელს, კვლევა დავწერე თუ როგორ ინერგება და როგორ იყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს ქართული სკოლები.

სწავლიდან მესამე წელს სამსახურიც ვიშოვე, ინგლისურ ენას ვასწავლიდი ენის სკოლაში. აქ უნივერსიტეტები ძალიან გიწყობენ ხელს  მუშაობის დროს, თუ ლექციას ვერ ესწრები, ლექტორები ჩანაწერებს გიგზავნიან, შეუძლიათ ადრეც გამოგიშვან ლექციიდან თუ სამუშაოზე მიდიხარ, ყველანაირად გიწყობენ ხელს.

  • რომ დაბრუნებულიყავით საქართველოში გქონდათ იგივე პერსპექტივა?

სხვათა შორის, ვცადე საქართველოში სამუშაოს მოძიება ესტონეთში სწავლის დროს. ერთ-ერთი ვაკანსია იყო იუსტიციის სახლში და ვფიქრობ, რომ ჩემი კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა საკონკურსო მოთხოვნებს, თუმცა აქედანაც უარი მივიღე. ამის შემდეგ საქართველოში სამსახურის მოძებნა აღარც მიცდია. ვფიქრობ, თუ არავინ გმფარველობს, საქართველოში რაიმე ღირებულ სამუშაოს ვერ იშოვი.

ახლა ესტონეთის საერთაშორისო სკოლაში ვმუშაობ, უცხო ენების პროგრამის ხელმძღვანელი ვარ და ინგლისურს ვასწავლი, როგორც მეორე ენას. ჩვენს სკოლაში 45 ეროვნების მოსწავლე სწავლობს და, შესაბამისად, ამ ბავშვებს სწავლის გარდა გარემოსთან ადაპტაციაშიც ვეხმარები.

ბევრ რამეს ვსწავლობ ბავშვებისგან, მშობლებისგან და კოლეგებისგანაც. ამ ყველაფერმა მიბიძგა, რომ ჩამებარებინა დოქტორანტურაში და წელს ვასრულებ სან დიეგოს უნივერსიტეტში დოქტორანტურას. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ვერ შევძლებდი სწავლის საფასურის გადახდას – იმას, რასაც აქ ვახერხებ მასწავლებლის ხელფასით.

  • რამდენია მასწავლებლის მინიმალური ხელფასი ესტონეთში? ჩვენთან მასწავლებლები უკმაყოფილო არიან ანაზღაურებით.

გააჩნია მასწავლებლის კვალიფიკაციას. ხელფასის ოდენობა დაახლოებით 1700 ევროდან იწყება და იწევს ზემოთ. შეიძლება იყოს 2-2500 ევროც. საქართველოში რთულია ისიც, რომ რაც არ უნდა აკეთო, ეს არ ისახება შენს ანაზღაურებაზე. გარდა იმისა, რომ გაქვს ხელფასი, რითაც თვიდან თვემდე ცხოვრობ, სხვას ვერაფერს აკეთებ. ვერც პროფესიულ ზრდას ახერხებ და ვერც მოგზაურობას. ამის შესაძლებლობებს საქართველო ვერ გაძლევს.

  • რით განსხვავდება ქართული და ესტონური სკოლა, აქაც ხშირად ახსენებ ხოლმე ესტონურ მოდელს.

კლასში, რაოდენობრივად ბევრი ბავშვი არ ზის, მაგრამ გამოწვევები ძალიან დიდია. გვყავს შშმ ბავშვები, ბავშვები, რომლებმაც არ იციან ენა და უნდა დაეხმარო არა მარტო ენის სწავლაში, გარემოსთან ადაპტაციაშიც. დიფერენცირებული სწავლება მიდის, ინდივიდუალური პროგრამები იწერება ბავშვებისთვის – განათლება მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული.

ასევე მშობლებიც გვერდით გვიდგანან. მშობელთან კომუნიკაცია აქ ძალიან ადვილია, რადგან მშობელი ყოველთვის დაინტერესებულია შვილის აკადემიური მოსწრებით. გვაქვს ღია კარის დღეებიც, ნებისმიერ დროს შეუძლია მშობელი მოვიდეს, დაესწროს, თვითონაც ჩაერთოს, მოჰყვეს თავისი ამბავი, წაუკითხოს წიგნები მოსწავლეებს. არ არის ბარიერები – „უკაცრავად თუ შეიძლება შემოვიდე“ და მსგავსი ფორმალობები.

ჩემთვის ეს იყო გასაოცარი, რადგან დაძაბული სიტუაცია არ არის, როცა მშობელი მოდის ან კოლეგა გესწრება – კოლაბორაციაა თანამშრომლებს შორის და არ არსებობს რაღაც ჩაკეტილი ოთახი. როგორც მასწავლებელს, შემიძლია შევიდე სადამრიგებლო კლასში და ბავშვებს დავეხმარო საგნის მასწავლებელთან ერთად, მაგალითად ბიოლოგიის ან მათემატიკის გაკვეთილზე თუ რაღაც ვერ გაიგეს. ერთობლივად ვცდილობთ, რომ ბავშვის მოსწრება ავამაღლოთ.

ასევე სოციალური ფონიც ძალიან მნიშვნელოვანია – წარმოიდგინეთ იაპონელი რომ ჩამოვა ისეთ ცივ ქვეყანაში, როგორიც ესტონეთია, ცოტა უჭირს, ამიტომ ამ ბავშვებისთვის განსაზღვრული აკადემიური აქტივობები გვაქვს, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი.

  • ბევრი ქართველი ცხოვრობს ესტონეთში, ახალგაზრდობა რამდენად არის დასაქმებული?

კი, ბევრი ქართველი ცხოვრობს, საკმაოდ წარმატებულები – არიან ექიმები, პროფესორები. სადღაც 500-ზე მეტი ოჯახია, ვინც ოფიციალურადაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, სადღაც 200-300 სტუდენტია.

ჩემს კურსზე 7 ქართველი სწავლობდა. ინტეგრირებული პროგრამა იყო ჩემი და ბევრი პროფესიის ადამიანი გავიცანი. აქედან ზოგი სხვა ქვეყანაში წავიდა, ზოგი საქართველოში დაბრუნდა და რომ ვერაფერი ნახა სამუშაო, ისევ ესტონეთში დაბრუნდა.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს დასაქმების მიმართულებით? ალბათ იცით, რომ საკმაოდ ბევრი სტუდენტი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აისახება მათი განათლება საქართველოზე, როგორი უნდა იყოს დასაქმების პოლიტიკა?

სახელმწიფო ევროპული განათლების მიღებაში ხელს რომ უწყობს ახალგაზრდებს, ეს ძალიან კარგია. ჩემს შემთხვევაში სახელმწიფო არ დამხმარებია, ესტონეთმა მომცა დაფინანსება. კვალიფიციური ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი წესით მაღალი უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ ასე არ არის.

როცა ახალგაზრდა აქ ჩამოდის, ხედავს პერსპექტივებს, ღიაობას, როგორც განათლებაში, ასევე სამსახურში აყვანის პროცესში, შემდეგ კი ბრუნდება უკან და ხედავს სიბნელეს, ვიღაც-ვიღაცები როგორ საქმდებიან მესამე პირის ჩარევით, იმიტომ, რომ ვიღაცის ახლობელი თუ ნათესავია. რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი აღარ უჩნდება საქართველოში დარჩენის.

რაიმე რომც გააკეთოს, ფიქრობს რომ შეუმჩნეველი დარჩება, ანაზღაურება კი თვიდან თვემდე არ ეყოფა.

ვფიქრობ, ეს მიდგომაა შესაცვლელი. სამსახურში აყვანის დროს ხალხი რეალურ გასაუბრებას უნდა გადიოდეს, რეალური, ჯანსაღი კონკურენცია უნდა არსებობდეს და არა ის, ვინ ვისი ნათესავია.

ისეთი გარემო უნდა არსებობდეს, სადაც მეც ვსწავლობ ვიღაცისგან რაღაცას და ჩემგანაც სწავლობენ და არა ეს მბრძანებლური ტონი. ყველა აკეთებს თავის საქმეს და ასეთი მიდგომებით მივდივართ საბოლოო შედეგამდე, რომელიც ნათელი და განმარტებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: