მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

პანდემიის პერიოდში ათი ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნა – ჯანმო

01.02.2022 • 1407
პანდემიის პერიოდში ათი ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნა – ჯანმო

გადაგდებული შპრიცები, გამოყენებული ტესტის კომპლექტები და გამოყენებული ვაქცინის ბოთლები COVID-19 პანდემიის შედეგად დაგროვდა და წარმოქმნა ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში, რომელიც დღეს, პირველ თებერვალს გამოქვეყნდა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სასწრაფოდაა საჭირო ნარჩენების უტილიზაციის სისტემების დახვეწა.

ჯანმო: COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ დაგროვებულმა ათი ათასობით ტონა დამატებითმა სამედიცინო ნარჩენებმა დიდი დატვირთვა მოახდინა ჯანდაცვის ნარჩენების მართვის სისტემებზე მთელს მსოფლიოში, რაც საფრთხეს უქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. 

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ პანდემიის პერიოდში დახმარების სახით სხვადასხვა ქვეყნისთვის გაიგზავნა 140 მილიონზე მეტი კოვიდტესტის ნაკრები, რაც წარმოქმნის 2600 ტონა არაინფექციურ (ძირითადად პლასტმასს) და 731,000 ლიტრ ქიმიურ ნარჩენებს (ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის ერთი მესამედის ეკვივალენტი). ამასთანავე, გლობალურად გაკეთდა ვაქცინის 8 მილიარდი დოზა, რაც ქმნის 144, 000 ტონა დამატებით ნარჩენს შპრიცების, ნემსების და უსაფრთხოების ყუთების სახით.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ როდესაც გაერო და ქვეყნები მუშაობდნენ პერსონალური დაცვის საშუალებებით მიწოდების უზრუნველყოფაზე, ნაკლები ყურადღება და რესურსი დაეთმო COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო და მდგრად მართვას.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკების მომარაგება პერსონალური დაცვის სწორი საშუალებებით“, – თქვა დოქტორმა მაიკლ რაიანმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა. „მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ეს საშუალებები გამოყენებულ იქნას უსაფრთხოდ, გარემოზე ზემოქმედების გარეშე“ – დასძინა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში არ არის დასახელებული კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ სად მოხდა კოვიდის პანდემიის ნარჩენების ყველაზე მძიმე დაგროვება, მაგრამ ნახსენებია ისეთი გამოწვევა, როგორიცაა შეზღუდვები ნარჩენების ოფიციალურ დამუშავებასა და განთავსებაში ინდოეთის სოფლებში.

ჯანმოს ცნობით, პანდემიამდეც კი, მსოფლიოში ჯანდაცვის ობიექტების დაახლოებით მესამედი არ იყო აღჭურვილი არსებული სამედიცინო ნარჩენების დამუშავებისთვის. ღარიბ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 60% იყო.

მოხსენებაში წერია, რომ საჭიროა რეფორმები და ინვესტიციები, მათ შორის შეფუთვის შემცირებისთვის და ისეთი დამცავი საშუალებების გამოყენებისთვის, რომლებიც დამზადებულია მრავალჯერადი და გადამუშავებადი მასალებისგან.

___________________________________

ფოტოზე: პირბადე ბათუმის სანაპიროზე. ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: