მთავარი,სიახლეები

„ჩემი მშობლები ფრონტის ხაზთან რჩებიან“ – უკრაინელი, რომელიც 5 წელია ბათუმში ცხოვრობს

01.02.2022 • 1819
„ჩემი მშობლები ფრონტის ხაზთან რჩებიან“ – უკრაინელი, რომელიც 5 წელია ბათუმში ცხოვრობს

ნატაშა შევჩენკო მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად უკრაინიდან ბათუმში რამდენიმე წლის წინ გადმოსახლდა და აქ ინტერიერის დიზაინის სტუდია გახსნა.

უკრაინაში ნატაშასა და მისი მეუღლის მშობლები, ნათესავები და მეგობრები რჩებიან.

ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და 2014 წლის ომს იხსენებს უკრაინაში.

  • ნატაშა შევჩენკო, ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე:

„5 წელია რაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ საქართველოში. ლუგანსკის ოლქიდან ვარ, იმ ნაწილიდან, რომელიც ისევ უკრაინის შემადგენლობაშია. დიდხანს ვცხოვრობდით ხარკოვში და შემდეგ ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად.

ჩემი მშობლები ფრონტისპირა ზონაში ცხოვრობენ, ლუგანსკში. ომის დროს საკუთარი თვალით ნახეს მათი ქალაქის აღება და მერე გათავისუფლება. მეუღლის მშობლები კი ხარკოვში ცხოვრობენ და მხოლოდ ტელევიზორიდან ვიგებთ, რა ხდება იქ.

ნატაშა შევჩენკო ოჯახთან ერთად, ბათუმში

ლუგანსკთან 2014 წლიდან მოყოლებული არ წყდება სროლები და ამასთან შეგუება უწევს ხალხს. ამასაც შეეჩვივნენ, მაგრამ მშვიდად ცხოვრება და მუშაობა უნდათ ადამიანებს.

თუ ისევ დაიწყება უკრაინაში ომი, ჩემი ასაკოვანი მშობლები ვერსად წავლენ, არ უნდათ წასვლა. რას იზამს ჩემი და თავის 18 წლის შვილთან ერთად, ომი რომ დაიწყოს, არ ვიცი, ამ თემაზე არ გვისაუბრია.

ომი არავის უნდა ჩემს ქვეყანაში. უკრაინაში ახლა ყველა მშვიდობისთვის ლოცულობს.

2014 წელს, როცა საშინელება ტრიალებდა ლუგანსკში, ომის შუაგულიდან ჩამოვიდა ჩემი და შვილთან ერთად ხარკოვში, სადაც შედარებით სიმშვიდე იყო.

უკრაინის ამბებს ვიგებთ მეგობრების, მშობლების და ნაცნობებისგან. საქართველოს ძალიან შევეჩვიეთ, ძალიან კარგად მიგვიღეს, აქ მშვიდად ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს, ადგილობრივებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ.

ნატაშა შევჩენკო

რუსეთს უკრაინის ნატოში შესვლა არ სურს, ამიტომაც ხდება ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში. არავინ იცის რა იქნება მომავალში, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, მდგომარეობა შეიძლება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში დაიძაბოს. სამწუხაროდ, ესაა ჩვენი რეალობა.

ბათუმში ბევრი უკრაინელი ცხოვრობს და მუშაობს, არამხოლოდ 2014 წლის ომის დროს წამოსული ხალხი, სხვა დროსაც გადმოსახლებულები. ზუსტად არ ვიცი მათი რიცხვი, მაგრამ პირადად მე ბათუმში 80-მდე ნაცნობი მყავს უკრაინელი.

ახლა უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი რამ არის, მშვიდობა და ქვეყნის საზღვრების ხელშეუხებლობა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: