საქართველოში გასული წლიდან დღემდე პროფესიული პასუხისმგებლობა 205 ექიმს დაეკისრა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2022 წელს, მარტის ჩათვლით, პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა 51 ექიმს, 2021 წელს კი – 154 ექიმს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭო, პაციენტების მიმართვის საფუძველზე, ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს ექიმთა პროფესიული საქმიანობა. საბჭო განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს  პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 91 საკითხი (183 ექიმი). 

საბჭოს მიერ გადაიდო/არ იქნა განხილული 7 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 154 ექიმს. აქედან: 125 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 29 ექიმს (1 თვით – 5 ექიმს; 2 თვით – 10 ექიმს; 3 თვით – 4 ექიმს; 4 თვით – 2 ექიმს; 6 თვით – 8 ექიმს). 

2022 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 14 საკითხი (56 ექიმი).  საბჭოს მიერ გადაიდო ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის 3 საკითხის გახილვა; პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 51 ექიმს, აქედან: 43 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“. 

 სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 4 ექიმს (1 თვით – 2 ექიმს; 2 თვით – 2 ექიმს); სახელმწიფო სერტიფიკატი კი გაუუქმდა 4 ექიმს.

_____________________

ფოტო: pexels

პაპილომავირუსის ვაქცინის 1 დოზაც ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ცნობით, ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ერთჯერადი ვაქცინა ახლა უკვე უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან მყარ დაცვას.

ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, რეკომენდებულია ვაქცინის ორი ან სამი დოზის გაკეთება, მაგრამ იმუნიზაციის საკითხებში ჯანმოს სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის [SAGE] განცხადებით, მტკიცებულებამ აჩვენა, რომ ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტურია. ჯანმოს ექსპერტების თქმით, ეს მტკიცებულება ბოლო წლებში გაჩნდა.

„ვაქცინა ძალზე ეფექტურია ადამიანის პაპილომავირუსის 16 და 18 სეროტიპების პროფილაქტიკისთვის, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 70%-ს“, – ამბობს ალეხანდრო კრავიოტო, SAGE-ის თავმჯდომარე.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ჩუმ მკვლელს“. შემთხვევათა 95 პროცენტზე მეტი გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამდები ადამიანის პაპილომავირუსით, რომელიც გლობალურად, ქალებში კიბოს მეოთხე, ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ჯანმოს ცნობით, ამ ქალების 90% ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს ადამიანის პაპილომავირუსისთვის დოზების განრიგის განახლებას შემდეგნაირად:

  • ერთი ან ორი დოზის სქემა 9-14 წლის გოგოებისთვის
  • ერთი ან ორი დოზის სქემა 15-20 წლის ახალგაზრდა ქალებისთვის
  • ორი დოზა 6-თვიანი ინტერვალით 21 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის

ჯანმოს რეკომენდაციები მსოფლიო მასშტაბით განახლდება დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ.

საქართველოში აცრა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 2022 წლის იანვრიდან 13-18 წლის გოგონებისთვის უფასოა.

მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს

დღეს, 12 აპრილს, მაღალმთიან აჭარაში ისევ გათოვდა.

მაღალმთიან რამდენიმე სოფელში ჯერ ისევ არის ადრე მოსული თოვლი, რის გამოც მოსახლეობა ვერ იწყებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან სოფლებში დღეს და ხვალ პერიოდულად ითოვებს, 15 აპრილიდან კი გამოიდარებს.

სოფელი ქვედა თხილვანა, ხულო. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო

 

საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა – გველის თუ არა კიდევ ერთი არჩევნები ბათუმში

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა.

„ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის,“ – უთხრა დღეს ჟურნალისტებს თენგიზ აფხაზავამ. ის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და საკრებულოს სხდომის ჩასატარებლად ემზადებოდა ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.

ამჯერად სხდომაზე ოპოზიცია არ გამოცხადდა, „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატის დასწრება კი, კვორუმისთვის საკმარისი არ არის.

დღეს სხდომაზე არ მოსულა საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირაკლი თავდგირიძე, ასევე, „ოცნების“ ახალარჩეული დეპუტატი, რამაზ ჯინჭარაძე, ვისი უფლებამოსილებაც ჯერ საკრებულომ უნდა ცნოს, თუმცა „ოცნების“ 16 + 1 ხმით [16 ხმა – „ოცნება“, 1 ხმა კი, დიდი ალბათობით, დამოუკიდებელი დეპუტატის, ირაკლი თავდგირიძის იქნება] ვერ მოხერხდება.

ირაკლი თავდგირიძემ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე დატოვა და განაცხადა, რომ მისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მიუღებელია.

ბათუმის საკრებულო 35 წევრისგან შედგება და  სხდომის გამართვისთვის, ასევე დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის, საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 18 ხმა. ოპოზიციას 17 ხმა აქვს და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ვერც სხდომა გაიხსნება და ვერც ჯინჭარაძის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.

ბათუმში საკრებულო 2021 წლის 2 ოქტომბერს აირჩიეს, პირველი სხდომა 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა ჩაიშალა, კვორუმის არარსებობის გამო.

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვდა სხდომის გამართვას, თუმცა სხდომაზე არ ცხადდებოდა „ოცნება“.

ოპოზიციას 12 აპრილის სხდომაზე მოლოდინი ჰქონდა, რომ „ოცნება“ სენაკის საკრებულოს სცენარით იმოქმედებდა, სადაც ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი აირჩია. ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან პარტიის შეფასებით, ოპოზიციას არ ჰქონდა უფლება, 3 დეკემბრის გახსნილი სხდომით და კვორუმით ესარგებლა თებერვალში.

გასული წლის 3 დეკემბერს დაწყებული სხდომის აპრილში გაგრძელება დააპირა „ქართულმა ოცნებამაც“ ბათუმში, ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკრებულოს აპარატს ოფიციალური წერილით მიმართა.

„თუკი სენაკის შემთხვევაში ეს იყო უკანონო, ახლა რატომ გახდა კანონიერი?“ – კითხვას სვამს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. დღეს ენმ-ს, „ლელოს“ და გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს შეკრების მცდელობამდე თქვეს, რომ ისინი სხდომაზე დასწრებას არ აპირებდნენ.

„3 დეკემბრის სხდომასთან კავშირზე გაკეთდება კომენტარი, როდესაც შეიკრიბება საკრებულო,“ – უპასუხა თენგიზ აფხაზავამ, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ „ბათუმელებს“, რომელსაც ვკითხეთ, რატომ დააპირა შარშან დაწყებული სხდომის გაგრძელება  ახლა „ქართულმა ოცნებამ“.

თენგიზ აფხაზავა „სენაკის სცენარს“ აღარ დაბრუნებია და ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ოპოზიციიდან მინიმუმ ერთი წევრი უნდა მივიდეს სხდომაზე, რომ ის გაიხსნას.

„ეს არის გაგრძელება დესტრუქციული ქმედებების. „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია მოქმედებენ დესტრუქციულად… ხომ ამბობდა ოპოზიცია, ბევრი საკითხია განსახილველიო. გამოჩნდა მათი მიზნები რაც არის. მათ სურთ მხოლოდ არეულობა და ქაოსი,“ – აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ.

თუკი ოპოზიცია სხდომაზე არ მიდის და კვორუმი პრობლემაა, მაშინ რა გამორიცხავს რიგგარეშე არჩევნებს? – „კონსულტაციები გაგრძელდება,“ – ამბობს თენგიზ აფხაზავა.

რა რესურსი არსებობს კონსულტაციის და მიიჩნევს თუ არა „ქართული ოცნება“, რომ შეცდომა დაუშვა, როცა არჩევნების შედეგად საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა და ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევას მხარი არ დაუჭირა? – ვკითხეთ ნატალია ზოიძეს, ბათუმის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“.

ნატალია ზოიძე მიიჩნევს, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა, როცა მანდატების 60 პროცენტს მაშინდელ საკრებულოში ოპოზიცია ფლობდა.

„ჯამში რომ ვამბობთ, რა, ისინი ერთნი არიან? ეს ხომ ოპოზიციური სპექტრია… უმრავლესობა მაინც „ქართულ ოცნებას“ აქვს მოპოვებული. შუალედური არჩევნების შემდეგ 70-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ უნდა მოხდეს კონსულტაციები,“ – გვიპასუხა ნატალია ზოიძემ.

საიას იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, თუ ბათუმის საკრებულო 3 ივნისამდე ვერ შეიკრიბება, კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და რიგგარეშე არჩევნები  გამოცხადდება, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

______________________________

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა საკრებულოს შეკრებამდე ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა, 24 ნოემბერს ენმ-მ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ირაკლი თავდგირიძის მსგავსად, „ნეიტრალობას“ აიძულებდნენ.

ამ დრომდე შსს-ს არ გამოუძიებია „ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“.

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები ტარდებოდა, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 400-მდე ადამიანი ბათუმში მცხოვრები გახდა – ასეულობით ადამიანი, რომელიც წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა, წინასაარჩევნოდ კი, მათ ხელისუფლება ბინების გადაცემას დაჰპირდა.

საია-მ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ კანონი დაარღვია. საია-მ და სხვა უფლებადამცველებმა ასევე თქვეს, რომ ხელისუფლებას მინიმუმ გამოძიება უნდა დაეწყო ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის და იძულების კუთხით, თუმცა გამოძიება შსს-ს ამ შემთხვევაზე არ დაუწყია.

ბრალდებულმა დევნილ მოქალაქეს 1000 დოლარი მოტყუებით გამოართვა – თაღლითობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირის მეშვეობით, შეძლებდა დაინტერესებული პირისთვის დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე ადრე, საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 1 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება,“ – ამბობს საგამოძიებო სამსახური.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

თბილისში 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. უკრაინიდან ლტოლვილ მოსწავლეებს I-XI კლასის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ.

სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულ სექტორზე სწავლის სურვილი 130-მა ბავშვმა გამოთქვა.

ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში უკრაინული სკოლა 1999 წელს საქართველოში მცხოვრები უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს მიმართვის საფუძველზე დაფუძნდა და ფუნქციონირებდა.

თბილისში უკრაინული სექტორი გაიხსნა

„2011 წელს, მას შემდეგ, რაც 56-ე საჯარო სკოლის ოპტიმიზაცია განხორციელდა 41-ე საჯარო სკოლასთან მიერთების გზით, უკრაინულ ენაზე სწავლება მილევად რეჟიმში გაგრძელდა. მას შემდეგ დაწყებით საფეხურზე უკრაინული კლასები აღარ გახსნილა და ფაქტობრივად უკრაინულმა სექტორმა ფუნქციონირება შეწყვიტა“, – ამბობს სამინისტრო.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილთა ნაკადი გაიზარდა. ამის შესაბამისად გაიხსნა უკრაინული სექტორი, სადაც, სამინისტროს განცხადებით, ყველა საგნის სწავლება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უკრაინულ ენაზე იქნება.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა სკოლაში 426 უკრაინელი ბავშვია ჩარიცხული.

ოპოზიცია დასწრებას არ აპირებს – შეიკრიბება თუ ვერა ბათუმის საკრებულო

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს დღეს, 12 აპრილს, ჩანიშნულ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.

„არ მივდივართ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება რამაზ ჯინჭარაძის სისხლით მოპოვებული მანდატი ვაღიაროთ. დავესწროთ რიჟვაძე-ჩიქოვანის სანახაობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისადმი,“ – განაცხადა დღეს ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან რეზო ხარაზმა.

საკრებულოს სხდომას დასწრებას არც „ლელოს“ და გახარიას პარტიის „თავისუფლებისთვის“ წევრები აპირებენ, თუმცა გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრი აკაკი გვიანიძე აქცენტს სენაკის საკრებულოზე აკეთებს, რომელიც დღევანდელი სხდომის კონტექსტში აქტუალური გახდა – გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნება“ გასული წლის 3 დეკემბერს დაწყებული სხდომის გაგრძელებას გეგმავს.

მსგავსი ამბავი მოხდა სენაკის საკრებულოში, სადაც გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ.

პრობლემა ისაა, რომ ბათუმის საკრებულოში „ოცნებას“ 17 დეპუტატი ჰყავს, მე-18 დამოუკიდებელი დეპუტატი, ირაკლი თავდგირიძეა, რომელიც სხდომაზე დასწრებას აპირებს, მაგრამ იმისთვის, რომ კვორუმი შედგეს, ჯერ საკრებულოს „სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ“ საკრებულოს ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ცნოს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ისევ 16 წევრი ჰყავს.

„ქართულ ოცნებას“ და მის სატელიტ დეპუტატებს შეუძლიათ შეიკრიბონ და ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღონ ეს გადაწყვეტილება უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ისე, როგორც სენაკში,“ – მიიჩნევს აკაკი გვიანიძე გახარიას პოლიტიკური გუნდიდან. ის პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრება.

„თუ სენაკში არ იყო ეს კანონიერი და ამას „ოცნება“ ასაჩივრებს სასამართლოში, ახლა რატომაა ეს კანონიერი? ჩვენ ეს კითხვა გვაქვს,“ – ამბობს რეზო ხარაზი ენმ-დან. სენაკში საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციონერია.

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს – „ოცნება“ სასამართლოს მიმართავს

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე კი განმარტავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საკრებულო 3 დეკემბრის სხდომას განაგრძობს თუ არა, რადგან შარშან გამართული სხდომაც კვორუმის არარსებობის გამო შეწყდა. საიას იურისტის განმარტებით, ქვორუმი რომ შედგეს,  სხდომას სიითი შემადგენლობის მეტი ანუ მინიმუმ 18 წევრი უნდა დაესწროს. რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობითვის სხდომას საკრებულოს მინიმუმ 18 წევრის ხმაა საჭირო.

ამ თემაზე:

ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს

წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები და ავტომანქანები – ძლიერი ქარი ბათუმში | ფოტო

11 აპრილს ბათუმში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე წააქცია. ქარმა დააზიანა რამდენიმე შენობის სახურავი, ავტომანქანები და ავტობუსის მოსაცდელი.

ხეების წაქცევის გამო რამდენიმე ქუჩაზე შეფერხდა მოძრაობა. ბათუმის მერიის ცნობით, წუხელვე დაიწყეს გაწმენდის სამუშაოები და მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ფოტო: ბათუმის მერია
ფოტო: ბათუმის მერია
ფოტო: ბათუმის მერია
ფოტო: ბათუმის მერია
ფოტო: ბათუმის მერია

დადასტურდა კოვიდის 392 ახალი შემთხვევა, 2 პაციენტი გარდაიცვალა – 12 აპრილი

12 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარაში – 20, იმერეთში – 43ქვემო ქართლში -17, შიდა ქართლში – 28გურიაში – 31სამეგრელო – ზემო სვანეთში – 24, კახეთში – 36მცხეთა-მთიანეთში -5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 12 აპრილის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 651 969 , ბოლო 24 საათში – 392
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 631 846 , ბოლო 24 საათში – 131
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 779 , ბოლო 24 საათში – 2
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23 138, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 804, PCR ტესტით – 2 334
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,69%, ბოლო 14 დღის – 1,82%, ბოლო 7 დღის – 1,53%
  • სულ აცრილია – 2 867 451, დღიურად აცრილია – 1 304
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 393.

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 19 600 ადამიანი
  • ტანკი – 732 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 946 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 349 ერთეული
  • MLRS – 111 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 63 ერთეული
  • თვითმფრინავი – 157 ერთეული
  • ვერტმფრენი – 140 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 406 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 124
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 130 თვითმფრინავი
  • 99 შვეულმფრენი
  • 441 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 132 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 243 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 241 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 913 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 028 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ სამხედროებთან, რომლებიც მარიუპოლს იცავენ – კავშირი სტაბილურია.

„აზოვის“ პოლკის ცნობით, მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერების გავრცელების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

„არ ვარ განსაკუთრებით ოპტიმისტურად განწყობილი პუტინთან საუბრის შემდეგ. ნათელია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მასიური შეტევა მზადდება“, – ამბობს ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი.

ამავე თემაზე:

გვეშინია, მაგრამ ვერსად წავალთ, ეს ჩვენი მიწაა – სად პოულობენ უკრაინელები ძალას ბრძოლისთვის

ბათუმში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა | ფოტო

11 აპრილს, ღამით, ძლიერმა ქარმა ბათუმში ხე მოგლიჯა, რომელიც ავტომანქანას დაეცა.

შემთხვევა გამსახურდიასა და იმნაძის ქუჩების კვეთაში მოხდა.

ადგილზე იმყოფება ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

 

ქობულეთში ხანძარია – ისპანის ჭაობთან ეკალ-ბარდი იწვის

ხანძარი გაჩნდა დღეს, 11 აპრილს ქობულეთში. ოჩხამურთან, ისპანის ჭაობთან, ეკალ-ბარდი იწვის.

როგორც ფეისბუქზე წერენ, ხანძარი ქობულეთის შემოვლით გზიდანაც ჩანს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მოსახლეობას არ ემუქრება.

აჭარაში ამ დროისთვის ძლიერი ქარია.

 

თუ შენს მეგობარს დათვი ესხმის თავს და შენ გარბიხარ, ეს უსინდისობაა და არა პრაგმატიზმი – დვალი

ფიზიკოსი გია დვალი გასული კვირის განმავლობაში არაერთი სატელევიზიო ეთერის სტუმარი იყო. მან ინტერვიუ მისცა როგორც ოპოზიციურ არხებს, ისე სამთავრობო მედიას.

ცნობილმა ფიზიკოსმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, დაყოფილ საზოგადოებაზე და გამოსავალზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძლება იპოვოს.

ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ 10 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „კვირის ფორმულაში“ გავიდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

სინდისი და პრაგმატიზმი

„სინდისის და ე.წ. პრაგმატიზმის კომბინაციაა პოლიტიკურ განტოლებაში. დღესდღეობით სიტუაცია არის ისეთი, რომ მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ სინდისზე დააფუძნა პრაგმატიზმი, ანუ ეს ერთად მიდის. ჩვენმა მთავრობამ პირიქით, სინდისი ამოიღო. სინდისი საერთოდ ამოღებულია პოლიტიკური განტოლებიდან.

უნიკალური სიტუაციაა ამ თვალსაზრისით, ვინაიდან მთელი დანარჩენი პროგრესული საზოგადოება და მსოფლიო სინდისზე აფუძნებს თავის პოლიტიკას.

სინდისის გამოღვიძება მოხდა დასავლეთში, უკრაინის და უკრაინელი ხალხის დამსახურებით.

ამან გახსნა შესაძლებლობების ფანჯარა. რაც გამოიხატა კონკრეტულობაში – ხვალ [11 აპრილს] ჩამოდის კითხვარი, რომელიც ევროკავშირმა გამოგვიგზავნა.

ფაქტობრივად, საქართველოს აქვს რამდენიმეკვირიანი ფანჯარა, როდესაც ქვეყანამ უდიდესი ძალისხმევა უნდა გაიღოს იმისათვის, რომ აქტუალიზაცია გაუკეთოს ჩვენს საკითხს. ეს ძალისხმევა არ არის გაღებული.

საჭიროა და უნდა შეიქმნას ფოკუსჯგუფები, უკეთესი იქნება ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, რომლებიც პირდაპირ კავშირზე გავლენ ევროპელ პარლამენტარებთან.

უნდა გაიტანონ ორი მესიჯი: პირველი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას ყველა იმ ფაქტორის გამო, რაც ჩვენ გვაქვს, იმ წვლილის, რაც ჩვენ გადავიხადეთ ამ ბრძოლაში და იმ ფასეულობებით, რაც მთავარია. ჩვენ ფასეულობებით ვეკუთვნით ევროკავშირს.

მეორე მესიჯი,  საქართველოსთვის მხარის არ დაჭერა ამ სიტუაციაში, ეს იგივეა, რომ საქართველო გაწირონ მაგათ [ევროკავშირმა]. ეს მაგათ უნდა ესმოდეთ. სინდისზე უნდა შევაგდოთ. თითოეულ ევროპარლამენტარზე უნდა ვიმუშაოთ ინდივიდუალურად, ვისაც ეს ეხება.

რატომ არის სინდისი მნიშვნელოვანი? სინდისი არის უნივერსალური კატეგორია. როდესაც ადამიანი იქცევა სინდისიერად ჩვენ ყველამ ვიცით, ის როგორ იქცევა.

პრაგმატიზმი არის ფარდობითი კატეგორია. შენ ვერ გაიგებ. პრაგმატიზმი შეიძლება ისეთიც იყოს, ასეთიც იყოს.

მაგალითად, დათვი პრაგმატულია, თუ ადამიანს შეჭამს. ადამიანი პრაგმატულია, თუ თავს დაიცავს. შეიძლება იყოს პრაგმატული, თუ გაიქცევა და ა.შ. მაგრამ თუ ადამიანს, შენს მეგობარს, დათვი ესხმის თავს, შენს ძმას ან დას და შენ გარბიხარ და არავის არ ეძახი საშველად, ეს არის უსინდისობა და ეს არის ცალსახა. აქ არავითარი ფარდობითობა არ არსებობს.

როდესაც სინდისი ამოღებულია ფორმულიდან, ვიღაცა რეფერირებას აკეთებს რაღაცა პრაგმატიზმზე, რაღაც ეროვნულ პოზიციაზე. სინდისის გარეშე ეროვნულ პოზიციად რასაც გინდა იმას გაასაღებ. ეს პრაგმატიზმი, პირველ რიგში, არის მეთოდი, რომ თავისუფლება მიენიჭოთ მოქმედებაში. იმიტომ, რომ რასაც გინდა იმას გაასაღებ პრაგმატიზმად.

იმიტომ, რომ შენ ყოველთვის იტყვი, მე რომ ასე არ მექნა, ომი იქნებოდა. აი, ამას კიდევ ომი უნდა იმიტომ, რომ კითხვებს მისვამს. ამის მიზეზი ესაა. არაფერი პრაგმატიზმი მაგაში არაა.

სინამდვილეში პრაგმატიზმი არის შირმა, რომელიც საშუალებას აძლევს ამ ჯგუფს, რომ რაღაცა გეგმა გაატარონ.

ეს გეგმა რა არის? ეს გეგმა არის ცალსახად პრორუსული. არ აქვს მნიშვნელობა ამირანი გულში რას მღერის, ჩვენ მაგით ვერ ვიმარჩიელებთ.

ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ვიმარჩიელოთ, რას აკეთებს მთავრობა და რას ლაპარაკობს“.

უკრაინისადმი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას გია დვალმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ბოროტსა და კეთილს შორის ბოროტის მხარე აირჩია.

„საქართველოს ხელისუფლება თავისი საქციელით თავის პოზიციონირებას აკეთებს ცალსახად ბოროტების მხარეს.

ამის საპასუხოდ მე მეტყვიან, რომ აი, ხომ მივეცით ხმა [გაეროში] – იქ ხმის მიცემა, სადაც საქართველოს ხმა, ჯერ ერთი, არ არის გადამწყვეტი ამ საკითხის, ასევე არის გასაშუალოებული რაღაც მასაში და არის მინიმუმის მინიმუმი. იმისთვის, რომ სიკეთის მხარეს იდგე, არ არის საკმარისი ეს მინიმუმის მინიმუმი.

წარმოიდგინეთ, რომ არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იხრჩობა. მინიმუმის მინიმუმი არის, რომ ხელი მოუსვან და ზედაპირზე დარჩნენ. მაგრამ ეს არ არის სიკეთე. იმიტომ, რომ ასე ადგილზე ტრიალით და ადგილზე ხელის მოსმით, ბოლოს ეს ხალხი დაიღლება და დაიხრჩობა. სიკეთეს სჭირდება ძალისხმევა. სიკეთე არის თვისობრივი ცნება.

ყველა დანარჩენში, სადაც საქართველოს შეუძლია ცალკე პოზიციონირება, აი, მაგალითად დავუშვათ დაწყებული იქიდან, რა კომენტარებსაც აკეთებდნენ სანქციებზე, ახლა საერთოდ სიზმარში მგონია თავი ბუჩაში რომ არ მიდიან. ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად ბოროტების მხარეს აყენებს ჩვენს მთავრობას.

თუ უნდათ ისე შეხედონ, უნდათ ასე შეხედონ. ამ რეალობას ვერანაირად ვერ ამოაყირავებენ სხვანაირად თუ არ მოიქცევიან სწორად. იმას სჭირდება სწორი მოქცევა,“ – თქვა გია დვალმა.

გია დვალმა გადაცემაში ისაუბრა პოლარიზებულ საზოგადოებაზე და ამ საზოგადოების გაერთიანების გზებზე.

„პირველი წამალი იმის, თუ როგორ გავერთიანდეთ, აი ამ ექსტრემალურ სიტუაციაში, რომ ეს ბეწვის ხიდი გავიაროთ, არის რომ ხალხმა გაიაზროს რა მოხდა.

ომამდე სიტუაცია რა იყო? ეუბნებოდნენ – ევროკავშირი, ეს არის შორეული პერსპექტივა, მაინც არ გვიღებენ. ნატოში არ გვიღებენ, იქ არ გვიღებენ, მოდი დავამყაროთ რუსეთთან რაღაცა ნორმალური ურთიერთობა. ეს რუსეთი კლუბში მიღებულია, მაინც რაღაცა ქვეყანაა, ასე თუ ისე ფუნქციონირებს.

ამას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ადამიანი ფიქრობდა ამათთან ახლა ომს, მოდი რაღაცას გავაკეთებთ, შევთანხმდებით.

ომის მერე შეიცვალა სიტუაცია. ეს რუსეთი ის რუსეთი აღარ არის. ეს არის რუსეთი, რომელიც არის ოფიციალურად ტოქსიკური.

ეს არის რუსეთი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა მისი პრეზიდენტი [პუტინი] სამხედრო დამნაშავედ პირდაპირ ეთერში. ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა ისტორიაში.

ეს არის რუსეთი, რომელშიც მაკდონალდსიც აღარ არის. ეს არის რუსეთი, რომელშიც ვიწრო ფენა ამ ინტელექტუალების, რომელიც იყო, აღარ არის საერთოდ. გამოყრილია ან ციხეშია ან სადმე.

ეს არის რუსეთი, რომელიც არის სულ სხვა მოცემულობა.

მე ვერ წარმომიდგენია, ნორმალურ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდა რაღაცა აზრები წინა მოცემულობის შემთხვევაში, რომ მას კიდევ გაუგრძელდეს ეს სურვილი, ასეთ რუსეთთან ერთად ან რკინის ფარდის მიღმა ყოფნის.

რატომ?

იმიტომ, რომ დასავლეთმაც გზა მოიჭრა. იმით, რომ რუსეთი დეკლარირებულად ჩამოაყალიბეს, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და მისი პრეზიდენტი, როგორც სამხედრო დამნაშავე, დასავლეთმა, ფაქტობრივად, ხიდები დაწვა. არანაირი უკან დასახევი გზა აღარ არის, რუსეთს ვეღარ მოიწვევენ ვერანაირ კლუბში.

ერთადერთი ვარიანტი ასეთ რუსეთთან ურთიერთობის მათთვის არის რკინის ფარდა.

ახლა ევროპას აქვს სინდისის ქენჯნის ფაზა. ეს ფაზა არ უნდა გავუშვათ ხელიდან. პირიქით, უფრო და უფრო სინდისზე უნდა ავაგდოთ და მოვაგონოთ ეს ყველაფერი, რაც საქართველოს გადახდა. გამოვაბათ ჩვენი საკითხი ცალსახად უკრაინას. სადაც უკრაინის ხსენება იქნება, იქ აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ხსენება. ზუსტად ეს სამუშაოა ჩასატარებელი.

მათ უნდა გავააზრებინოთ, რომ მოცემულობა შეიცვალა. ვუთხრათ, რომ კი, თქვენ რასაც ფიქრობდით ომამდე, იმას ჰქონდა ლეგიტიმურობა. ასეთ მიდგომას რუსეთთან. მაგრამ აღარ არის ეგ მოცემულობა, გაქრა. ახლა მოცემულობა არის, რომ ან ვართ რაღაცა გაურკვეველ, წარმოდგენაც არ მინდა საერთოდ, რა სიტუაციაში.

ეს ხომ საბჭოთა კავშირიც არ არის. წარმოიდგინეთ სად მიგვათრევენ. საბჭოთა კავშირში, მარქსის ფილოსოფია არსებობდა და მას კიდევ შეეკამათებოდი. ამათ რა ფილოსოფია აქვთ? აბსოლუტური, დეგრადირებული, ფსევდო ფილოსოფოსების შოვინიზმზე დაფუძნებული.

თვითონ რუსი ინტელექტუალები იძახდნენ – ეს არის ქვეყანა, რომელსაც ექსპორტი აქვს სიკვდილის. სიკვდილის ექსპორტს აკეთებს. არა მარტო სხვების, არამედ თავისივე მოქალაქეების.

რა დამართა თავის ჯარისკაცებს ჩერნობილში, რადიაქტიურ მიწაში ათხრევინა სანგრები და დასხივება მიიღეს. ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. უბრალოდ არ არსებობს, ხურდაშიც არ არის.

ახლა წარმოიდგინეთ ეს ქვეყანა არ ოპერირებს შეთანხმებებით. ის ოპერირებს დირექტივებით – მე ძლიერი ვარ, აგერ არის ვიღაცა ჩემი ხალხი, იმათ მივცემ დირექტივას, ისინი შეასრულებენ.

ფიზიკოსი ინტერვიუს დროს შეეხო საქართველოს მმართველობის ფორმას და თქვა რომ აინტერესებს, რეალურად როგორი იერარქიით იმართება დღეს ქვეყანა.   

„შიგნით მექანიზმი ყველას გვაინტერესებს. მე მაგალითად მაინტერესებს, რანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება ჩვენს მთავრობაში. თუნდაც იმის ჩათვლით, რომ საიდანღაც, რუსეთიდან მოდის დირექტივები.

როგორ მოდის? შემდეგ როგორ ხდება განაწილება?

ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენამდე უნდა მოვიდეს რაღაცა სახით. რაღაც გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ეს როგორაა მიღებული? ტელეფონით? კოლექტიურად? ასტროლოგიური პროგნოზით? თუ ინტუიციით?

ეს ყველაფერი არის ჩვენს მიღმა. არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა ამ მთავრობას ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ არ აქვს. თუ შენ განსხვავებული აზრი დააფიქსირე, ან თუნდაც კითხვა დასვი, შეიძლება საერთოდ არ გაგცენ პასუხი, ან მიგაკუთვნონ „ომის პარტიას“ და გითხრან, რომ ომი გინდა.

საქართველო მოადუნეს, გაგვხადეს რუსეთის ეკონომიკაზე ჩამოკიდებული, საშუალო დონის ტურიზმზე ჩამოკიდებული ქვეყანა. ეს ხომ შესამზადებელი ფაზა იყო. ახლა ეს შესამზადებელი ფაზა შენ შეგიძლია დააფუძნო რაღაცა გამოჩენილ ფიგურაზე. მაგალითად, პირობითად დავუშვათ ბიძინა ივანიშვილზე.

მაგრამ გადამწყვეტ ფაზას ასეთი ტიპის სახელმწიფოში, რომელიც არის ძალაზე დაფუძნებული, ასეთი ხედვა აქვს, ის არასდროს არ დააფუძნებს ერთ შუამავალზე. რაოდენ გავლენიანიც არ უნდა იყოს ის შუამავალი. ეს შეუძლებელია. ეს სქემა არის შემდეგი – აი, ამ მოსამზადებელ პერიოდში ხდება ჩანერგვა აგენტურის, იმიტომ, რომ ვერ გარისკავს. იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ათასი რამ შეიძლება გადაუტრიალდეს ტვინში. კრიტიკულ მომენტში ადამიანი შეიძლება გამოვიდეს და საჯაროდ თქვას რაღაცა, შეიძლება შეიცვალოს შეხედულება. როცა ქვეყანა დაღუპვის პირასაა, ერთმა პიროვნებამ შეიძლება შეიცვალოს ორიენტაცია. ამიტომ ამას ვერ გარისკავენ. აუცილებლად ეს უკვე არის მომზადებული, შესაძლო დანიშნული ხალხის ჯგუფი, რომლების მიზანიცაა, რომ ეს დირექტივები გატარდეს.

მე ვიცი, რომ ასე ოპერირებს ძალაზე დამყარებული სისტემები და განსაკუთრებით რუსეთი.

ამიტომ ჩვენთან არანაირი მინიშნება არაა, რომ რამენაირად გამონაკლისი ვართ.

ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს უდიდესი უპირატესობა. მაგათეული [მთავრობის] „პრაგმატიზმი“ გადაიქცა ამორალურად და აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას დიდ ბოროტებამდე, ეს ცალსახაა. ეს მაგიდაზე დევს.

ეს არის ძალიან დიდი არგუმენტი, სამოქალაქო საზოგადოების სასარგებლოდ.

წამალი არის ერთადერთი. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა, არ აქვს მნიშვნელობა, ვისით არის ეს მთავრობა დაკომპლექტებული.

ამხელა ორგანიზმში ყოველთვის მოინახება ვიღაცა პატიოსანი ადამიანი, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში გადაეწყობა. ამიტომ, აუცილებელია საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ძალიან კონკრეტულ აი, ამ მოთხოვნებს წააყენებს მთავრობის მიმართ, აქტუალიზაციას გაუკეთებს ამ მოთხოვნებს ქვეყნის მასშტაბით და ასევე პარალელურად დაიწყებს ახსნა-განმარტებით მუშაობას ბარიერის მიღმა მყოფ ჩვენივე თანამოქალაქეებთან, რომლებიც აი, იმ წინა, შედარებით ლეგიტიმური სიტუაციური ნარატივით, იყვნენ შეცდომაში შეყვანილი.

უნდა ავუხსნათ, რომ ის რუსეთი აღარ არსებობს. გაქრა ომის მერე. თვითონ პუტინმა რუსეთი გაანულა. აღდგენას დასჭირდება ათწლეულები, მონანიების პროცესი და ა.შ. მაგრამ ამის არანაირი ნიშნები ახლა არ ჩანს. ამიტომ, ეს უნდა ავუხსნათ. საზოგადოებრივი მოძრაობები უნდა შეიქმნას. რაც მეტი, უკეთესი.

მე მომხრე ვარ, რომ იყოს ეროვნული ქსელის პრინციპზე დაფუძნებული. იმიტომ, რომ ეროვნული  ქსელი მუშაობს ისე, რომ იმას თავს ვერ მოაჭრი. ყველა ყველასთან კავშირშია.

ადამიანი ყოველთვის ხედავს, რომ შენ ცდილობ რაღაცა სხვა კუთხე განავითარო. როდესაც ადამიანი ცდილობს მართლა აგიხსნას რაღაცა, ეს უკვე იწვევს განწყობას ნებისმიერ ადამიანში, რომ ცოტა სხვაგვარად იფიქროს.

გახლეჩის მიდგომა რა არის. შენ კი არ ეუბნები, მოდი გავარჩიოთ, ჩვენი მთავრობა რას აკეთებდა. [მთავრობამ] გაყო შუაზე. დემონიზაცია გაუკეთა წინა მთავრობის პოლიტიკურ ძალას, უამრავი ადამიანია, ვინც გამწარებულია. მაგრამ რა გააკეთეს? ეს ჭრილობები კი არ შეუხორცეს. ჭრილობა გახსნილი აქვს ადამიანს და იმას ხანდახან უხსნი, რომ გააღიზიანო და მარილს აყრიან.

ქრონიკულში გადაიყვანეს ეს წინა მთავრობის  ზიზღი. გააკეთეს ძალიან პატარა მანტრა – „ომის პარტია“ და ა.შ. პირდაპირ აკეთებენ კლასიფიკაციას – ადამიანებს ყრიან რაღაცა ასეთ უჯრედში: იქით ომის პარტია, აქეთ მაგათი მომხრეები. არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ახსნა-განმარტებითი მუშაობა, არანაირი გახსნილი სივრცე, რომ შედგეს დიალოგი ან რაღაცა აგვიხსნან, გაგვაგებინონ, ეს ხომ არ არის.

ქედმაღლურად იყურებიან, არანაირი პასუხისმგებლობა საკუთარ მოქალაქეებთან, რაღაცა განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი, დააქცევს ამ განცხადებით ქვეყანას, პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არაუშავს. მიდგომა არის ასეთი – რა მოხდა, რომ იქ, იუნკრების საფლავზე მოხდა. რა მოხდა, რომ მერე ისევ თავიდან გავამართლეთ ეს გადაწყვეტილება, რა მოხდა, რომ უკრაინას დედას ვაგინებთ…

წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდული სურათია – დღეს მსოფლიო ტრიალებს უკრაინის გარშემო, ჩვენი მთავრობის სურათი კი არის, რომ ეს ყველაფერი ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წარმომადგენლის (ვინც იქ უკრაინაში მოღვაწეობს) გარშემო.

გასულია რეალიზმიდან ეს, მაგრამ მოქმედებს ეს პრიმიტიული მესიჯები.

ხდება კლასიფიკაცია – პირი თუ გააღე (არც გაღებინებენ), მიდიხარ ყუთში, რომელსაც აწერია „ომის პარტია“. ამ დროს ომის რიტორიკა ამათ შემოიტანეს. მე არ გამიგია მანამდე ვინმეს ეთქვას ომი გვინდაო. ომი, ომი, ომი, ეს არის ამათი რიტორიკა.

ჯერ ერთი ესეც ძალიან არ მომწონს, რადგან ეს ძალიან ჰგავს პასუხისმგებლობის აცილების ვაი და თუ რაღაცა კონფლიქტი მართლა მოხდა.

ნებისმიერი კითხვა, ითარგმნება როგორც ომის ნდომა. ეს, რა თქმა უნდა, ზაფრავს მოსახლეობას. ეს ცნობილი მომენტია ფსიქოლოგიაში“.

ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს

ხვალ, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო შეიკრიბება და თავმჯდომარის არჩევასაც აპირებს.

„გთხოვთ, ჩანიშნოთ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი საკითხების გადასაწყვეტად…“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა საკრებულოს აპარატს წერს.

ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომაზე ვერ დასრულდა. მიზეზი, რის გამოც, „ოცნება“ გასულ წელს დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას აპირებს, კვორუმია – „ოცნებას“ 2 აპრილის არჩევნების შემდეგ უკვე საკმარისი ხმები აქვს თავმჯდომარე აირჩიო სიით შემადგენლობის უმრავლესობით, მაგრამ იმისთვის, რომ საკრებულომ ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ცნოს, კვორუმი უნდა შედგეს, რისთვისაც 18 კაცი უნდა შეიკრიბოს.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ის საკრებულოში უკვე 17 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციასაც, თუმცა მე-18 ხმა ირაკლი თავდგირიძეს ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას პოლიტიკური გუნდიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში და განაცხადა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ირაკლი თავდგირიძე „ოცნებას“ კვორუმშიც დაეხმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ვიდრე რამაზ ჯინჭარაძე ოფიციალურად არ გახდება ბათუმის საკრებულოს წევრი.

„ჩვენს პოზიციას ხვალ დილით გავახმოვანებთ, კონსულტაციებს გავდივართ,“ – გვითხრა რეზო ხარაზმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ აუცილებლად გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, თუკი „ქართული ოცნება“ ბათუმის საკრებულოში მართლაც 3 დეკემბრის სხდომას განაგრძობს და იტყვის, რომ რადგან დეკემბრის სხდომაზე ყველა საკითხი ვერ განიხილა, ახლა გრძელდება სხდომა.

„2021 წლის 3 დეკემბერს გაიხსნა ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა,“ – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ წერილში, – „საკრებულოს სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ნაწილი. ვინაიდან არ ამოწურულა საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე შედგა შუალედური არჩევნები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ადგილზე…“, – აღნიშნულია წერილში.

საკრებულოს დღის წესრიგის მიხედვით, ბათუმის საკრებულო თავდაპირველად საკრებულოს ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას ცნობს, შემდეგი საკითხია ნინო ბაციაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. როგორც წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, ნინო ბაციაშვილს გახარიას პარტიიდან ნატალია ძიძიგური შეცვლის.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

______________________

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა საკრებულოს შეკრებამდე ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა, 24 ნოემბერს ენმ-მ აუდიო ფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ირაკლი თავდგირიძის მსგავსად, „ნეიტრალობას“ აიძულებდნენ.

ამ დრომდე შსს-ს არ გამოუძიებია „ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“.

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები ტარდებოდა, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 400-მდე ადამიანი ბათუმში მცხოვრები გახდა – ასეულობით ადამიანი, რომელიც წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა, წინასაარჩევნოდ კი, მათ ხელისუფლება ბინების გადაცემას დაჰპირდა.

საია-მ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ კანონი დაარღვია. საია-მ და სხვა უფლებადამცველებმა ასევე თქვეს, რომ ხელისუფლებას მინიმუმ გამოძიება უნდა დაეწყო ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის და იძულების კუთხით, თუმცა გამოძიება შსს-ს ამ შემთხვევაზე არ დაუწყია.

______________

ფოტოზე: 2021 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა, 3 დეკემბერი, 2021 წელი.

„პატრიარქთან მიტროპოლიტ დიმიტრის მითოსური დამოკიდებულება აღარ აქვს“ – ინტერვიუ

„პატრიარქის კულტის მიმართ რომ არ არსებობდეს ეს შიში, ეპისკოპოსების უფრო წრფელ პოზიციებს მოვისმენდით,“ – ამ ფაქტორის გამო თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ვერ გაფართოვდება მღვდელმთავრების წრე, ვინც ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა.

თეოლოგის დაკვირვებით, საპატრიარქომ ახლა „ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი პოზიცია არჩია – პოზიცია დამოკიდებულია ომის შედეგზე, საპატრიარქო გამარჯვებულის მხარეს დადგება. თეოლოგის აზრით, პატრიარქი მაინც ვერ იჯერებს, ან არ სურს იმის დანახვა, რომ რუსეთი ომს აგებს. ომის დასრულებამდე საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასაც არ აპირებს.

რას აჩვენებს ამ დროს მორიგი დაპირისპირება ეპისკოპოსებს შორის, რომელიც 7 აპრილს ბათუმში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბათუმიდან მეუფე დიმიტრიმ ქადაგების დროს რუსეთის პატრიარქს პირდაპირ მიმართა: რა არის თქვენი ინტერესი, ბავშვების დახოცვა?“ – „ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო მირიან, რა სახის დაპირისპირება დაიწყო ამჯერად მღვდელმთავრებს შორის? 

დავიწყოთ იმით, რომ სამყარო ამ ომის შემდეგ ისეთი ვეღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ეს იმოქმედებს ეკლესიის მდგომარეობაზეც. პრორუსულობა ეკლესიაშიც ასე დაუსჯელი და არასანქცირებადი ვეღარ იქნება. აქამდე ფარულად საღდებოდა ე.წ. „რუსკი მირ“, როგორც ცივილიზაციის ერთგვარი ალტერნატივა. ფაქტია, რომ ეს ხედვა მთლიანად ჩამოიშალა და რუსეთი მთელ ცივილიზაციას ემუქრება ტანკებით.

  • ანუ ზოგიერთი მღვდელმთავარი ხედავს, რომ რუსეთი მინიმუმ მორალურად დამარცხებულია და სურს გაემიჯნოს პრორუსულ ნაწილს? 

ასეა. სხვათა შორის, მეუფე დიმიტრიმ ქადაგებაში თქვა, რომ უკრაინაში სწავლობდა, იცნობს იქ ადამიანებს, პირადი ურთიერთობები აქვს. ვისაც პირდაპირ ურთიერთობა აქვს უკრაინელებთან, მისთვის განსაკუთრებით მკაფიოა, რომ პუტინის პროპაგანდა სრული ფარსია, ხედავს, რომ უკრაინელებს უბრალოდ უყვართ თავიანთი სამშობლო და ამბობენ, რუსეთი და უკრაინა სხვადასხვა ქვეყანააო.

ეს პირადი გამოცდილება მეუფე დიმიტრის შემთხვევაში აღმოჩნდა საკვანძო მომენტი. მან იგრძნო, რომ რასაც პუტინი იყენებს ომის საბაბად, სრული ფარსია.

გულწრფელად რომ ვთქვა, გამიკვირდა დიმიტრისგან ეს, რადგან ის პრორუს ფიგურად მიიჩნეოდა ქართველ მღვდელმთავრებს შორის. ის ჩადიოდა რუსეთში და საუბრობდა რუსულად ქართველებისა და რუსების განუყოფლობაზე. მას იწვევდნენ კრემლის ტაძარშიც, სადაც სწირავდა ადგილობრივ იერარქებთან ერთად და ქადაგების დროს საუბრობდა „ბრატსკი ნაროდი ვართო“ და ასე შემდეგ.

რაც შეეხება სხალთელ ეპისკოპოსს, ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ის სულით ხორცამდე პრორუსია. მას მართლა სჯერა იმ სიგიჟეების, რასაც იძახის. ეპისკოპოსი სპირიდონის რწმენა არის აგებული არა სახარებისეულ ნაწილზე ანუ ქრისტიანობის მთავარ დოქტრინაზე, არამედ რუსულ-სლავური ფოლკლორის დოქტრინაზე, როგორც, მაგალითად, დუგინის შემთხვევაშია.

  • რა მოტივით ჩაერთო ამ დაპირისპირებაში მარნეულის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი? სხალთელი ეპისკოპოსის კრიტიკამდე მას ფეისბუქგვერდზე პრორუსული „ალტ-ინფოს“ სახეებთან გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული. 

ყველაზე საინტერესო ამ კონტექსტში მარნეულის ეპისკოპოსის პოზიციაა, რომელიც აქამდე ნამდვილად ნაციონალისტური პოზიციებით გამოირჩეოდა. მან დანიშვნისთანავე ეროვნული შუღლის ელემენტები შეიტანა მარნეულში. ის „ალტ-ინფოელების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია და, შესაბამისად, მისი ეს პოზიცია გამიკვირდა. არ მაქვს ზუსტი პასუხი, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

ჯამდელიანი სვანი კაცია და აქამდე ურაპატრიოტიზმზე მომართული იერარქი იყო, თავიდან შესაძლოა ბრმად ენდო „ალტ-ინფოს“, ფიქრობდა, რომ ესენი იყვნენ ეროვნული საქმის მკეთებელი ხალხი და ომის დროს გაიაზრა, რომ ასე არ არის. ასევე არ გამოვრიცხავ, როგორც მეუფე დიმიტრის შემთხვევაში, ჯამდელიანთანაც საქმე გვქონდეს კონფორმიზმთან.

  • რას გულისხმობს კონფორმიზმი ამ შემთხვევაში? 

კონფორმიზმია ამ შემთხვევაში ის, რომ თუ გინდა მისაღები პიროვნება იყო, სწორი და ჯანსაღი პოზიციები დაიჭირო დროულად, ანუ მოემზადო სიტუაციისთვის.

თუ რუსეთი დამარცხებული გამოვა ამ ომიდან და აქეთკენ მიდის კიდეც პროცესი, რადგან რუსეთმა უკრაინის ანექსიაც რომ მოახდინოს, ან კიევი დაიპყროს, მთელი ცივილიზებული სამყარო უარს აცხადებს მასთან კომუნიკაციაზე. მაგალითად, გერმანელებიც ამბობენ, რომ რუსეთმა ყირიმიც რომ დააბრუნოს უკან, აღარ სურთ რუსეთთან ურთიერთობა.

  • საპატრიარქოს რა გათვლა აქვს დუმილით, რომელსაც ის ინარჩუნებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზეც? 

აქამდეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუებში, რომ საპატრიარქო, როგორც კრებსითი ორგანო საქართველოში აღარ არსებობს, ის გამოიშიგნა…

პიროვნულ დონეზეც უშუალოდ პატრიარქი და მისი თანამოსაყდრე – შიო მუჯირი ფორმირდნენ რუსეთის ფედერაციაში და მათთვის რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მათი პოზიცია არაა რუსეთის დაგმობა. პატრიარქი თავის ქადაგებაში თავიდან ანონიმურად საუბრობდა ზოგიერთ ქვეყანაში ომი მიმდინარეობსო, შემდეგ უკრაინა ახსენა, მაგრამ ომი აღარ ახსენა. იმავეს აკეთებს შიო მუჯირი.

პატრიარქს უფრო ნაკლებად, მაგრამ შიო მუჯირს სჯერა კიდეც ისეთი ბოდვის, როგორიცაა, მაგალითად, სამი სლავური ერის გაერთიანება და რომ ეს გაერთიანება აუცილებელია სამყაროს მეორედ მოსვლისგან დასახსნელად. ჩვენს საეკლესიო ლიტერატურას რომ გადახედოთ, განსაკუთრებით კი იმას, რაც 90-იანებში იბეჭდებოდა, ნახავთ, რა მონაჩმახებს კითხულობდნენ სასულიერო პირები.

სხვათა შორის, 90-იანი წლებიდან საქართველოში პოპულარული გახდა ერთი წმინდანი – სერაფიმ საროველი. იდეა არის ამ წმინდანის ის, რომ ის ცხოვრობს ცივილიზაციისგან სრულიად მოწყვეტილ გარემოში, ტყეში, იქ ლოცულობს და ქვაზე მუხლით ჩოქვებს აკეთებს, სრულ იზოლაციონიზმშია და იმდენად შერწყმულია ველურ ბუნებასთან, რომ დათვიც კი, ადამიანად ვერ აღიქვამს.

ცოტამ თუ იცის ამ დროს ის, რომ სერაფიმ საროველი წლების წინ რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ გამოაცხადა რუსეთის ატომური ბომბებისა და ატომური სამხედრო განვითარების მფარველად. გზავნილი არის ის, რომ რუსეთს შეუძლია იარსებოს სრულ იზოლაციონიზმშიც, საკმარის საკვებს მოიყვანს, მაგალითად, თალგამს, დაუბრუნდება პრიმიტიული ცხოვრების წესს და დაუშენს ბომბებს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც უპირისპირდება რუსეთს.

  • უკრაინამ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 2018 წელს გამოაცხადა. რა შეიცვალა ამის შემდეგ? საქართველოში სინოდის შეკრებაა საჭირო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ? 

დიახ, სინოდი უნდა შეიკრიბოს. ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის ორგანო და ეპარქიების პოზიციები ეპისკოპოსებმა წარმოადგინონ. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება, მაგრამ, ცხადია, ჩვენთან ასე არ არის. ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე ტიმოსი ანუ ეკლესიის დამოუკიდებლობის დოკუმენტი, დაურიგდა ყველა ავტოკეფალიურ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოს და ეთხოვათ, გამოეხატათ პოზიციები. ამ დრომდე საქართველოში საპატრიარქოს პოზიციაა – რომ კითხულობენ ამ ტომოსს და შემდეგ იმსჯელებენ.

ელინური სამყაროს ეკლესიებმა უკვე აღიარეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ საბერძნეთმა და ასე შემდეგ. სლავური ეკლესიები თავს იკავებენ.

ღიად არ ამბობენ, მაგრამ რეალურად საქართველოს საპატრიარქოში აქვთ პოზიცია, რომ ჯერ თავად უკრაინელები არიან დაყოფილი, დღემდე არსებობს უკრაინაში რუსეთის პატრიარქს დაქვემდებარებული ეკლესია, უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის პარალელურად. საქართველოს საპატრიარქოში აქვთ სრული გაყურსვის ტაქტიკა და არგუმენტი, რომ შესაძლოა რუსეთმა ავტოკეფალიის აღიარების სანაცვლოდ აფხაზეთისა და ოსეთის თემებით მანიპულაცია მოახდინოს.

რეალურად საპატრიარქოში გულშემატკივრობენ რუსეთს და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გაწელონ ეს პროცესი.

  • აქ რატომ არ მუშაობს ის პრინციპი, რასაც თქვენ კონფორმიზმი უწოდეთ მიტროპოლიტ დიმიტრის და ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის შემთხვევაში, როცა ხედავენ, რომ რუსეთი მარცხდება? 

საპატრიარქო ამას ვერ ხედავს. ვერ ხედავს უშუალოდ პატრიარქის ხაზი, თანამოსაყდრე შიო… ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი მაინც დიდია, რას მოუგებს რუსეთს და ასე შემდეგ. მღვდელმთავრების ნაწილს კი, სინდისი აწუხებთ, რადგან ახლა მოცემულობა უკვე შავ-თეთრია. რომც გინდოდეს ძალიან, უკრაინის მიმართ აგრესიას ვერ გაამართლებ. აგვისტოს ომში შესაძლოა ვიღაც ამბობდა, რომ აი, სააკაშვილის ბრალია, მძინარე ცხინვალს ესროლა და ასე შემდეგ, აქ კი შეუძლებელია, თუ რამეს იტყვი, უკრაინა არ გაამართლო.

  • უშვებთ, რომ შესაძლოა მღვდელმთავრების ეს წრე გაფართოვდეს, ვინც დღეს რუსეთის პატრიარქს აკრიტიკებს? ბოდბელმა ეპისკოპოსმაც თქვა, მაგალითად, ცივილიზაცია და ძალა დაეჯახა ერთმანეთსო. 

ამ წრის გაფართოება პრობლემა არ იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – პატრიარქის კულტი. ეს არის ხელშემშლელი ფაქტორი. პატრიარქის კულტის მიმართ რომ არ არსებობდეს ეს შიში, ეპისკოპოსების უფრო წრფელ პოზიციებს მოვისმენდით.

იგივე იაკობი თავიდანვე იყო გამორჩეული სითამამით, უკმეხი ტიპია და იყენებს ამას. დიმიტრის აღარ აქვს პატრიარქთან მითოსური დამოკიდებულება განსაკუთრებით „ციანიდის საქმის“ და სექსუალური სკანდალების შემდეგ, ჯამდელიანი, როგორც გითხარით, სვანი კაცია ბუნებით…

ჩემი დაკვირვებით, „ოცნების“ ხელისუფლება და საპატრიარქო ერთსა და იმავე მდგომარეობაშია. ორივე ელოდება, როგორ წარიმართება და ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ ომში. შემდეგ ინსტინქტი უკარნახებთ, რა ნაბიჯი გადადგან.

  • ოცნებას“ აქვს არგუმენტი, რომ მშვიდობას და სტაბილურობას ინარჩუნებს თავისი რიტორიკით. საპატრიარქოს რატომ უღირს დუმილი? 

ზუსტად იგივე არგუმენტი აქვს ეკლესიასაც, რომ პატრიარქმა მოახერხა უამრავი პრობლემის მიუხედავად საქართველოს ეკლესია არ გაიხლიჩა ფორმალურადაც კი: ჩვენ რომ ვაღიაროთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთი ადგება და გამოაცხადებს აფხაზეთისა და ოსეთის ავტოკეფალიებს.

მრევლის დაკვეთას არ გაითვალისწინებს ეკლესია? გამოჩნდა, რომ საზოგადოება ყველაზე სოლიდარულია უკრაინის საკითხზე.  

საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი არ რეაგირებს ქრისტიანული ფასეულობების სკალის მიხედვით. მოქალაქეების დიდ ნაწილს აქვს ეს სოლიდარობა, გეთანხმებით, მაგრამ თავად მრევლი ამ ომში დამნაშავეს სახელს არ არქმევს. ისმის მოსაზრებები, რომ ეს არის ზელენსკის ბრალიც, მისი არაგონივრული პოლიტიკა, ან რეალურად ამერიკის ინტერესები შეეჯახა რუსეთს. დარწმუნებული ვარ, რუსეთშიც ამ დონეზე სოლიდარულები არიან და იქაც არ გეტყვიან, რომ უხარიათ ბავშვების გაუპატიურება, დახოცვა…

თუ რუსეთი ამ ომში დამარცხდება სამხედრო თვალსაზრისითაც, მაშინ დიმიტრი, გიორგი ჯამდელიანი და სხვებიც უფრო გაბედულები იქნებიან და საპატრიარქოც ეცდება, მიდგომა შეცვალოს, თუმცა ყველა არა, ცხადია. მაგალითად, სხალთელი ეპისკოპოსი მზადაა რუსეთს ჩაყვეს სამარეში. ის ამისთვის არის მზად, როგორც ტერორისტი, რომელსაც სჯერა, რომ თუ აიფეთქებს თავს და სხვებსაც გაიყოლებს, მსოფლიოს სიკეთეს მოუტანს.

გვეშინია, მაგრამ ვერსად წავალთ, ეს ჩვენი მიწაა – სად პოულობენ უკრაინელები ძალას ბრძოლისთვის

ავტორი: თამარ რუხაძე

ოკუპირებულ ხერსონში მყოფი ჟურნალისტი, 27 წლის კონსტანტინ რიჟენკო, 30 მარტს გაუჩინარდა. რამდენიმე დღე მისი ადგილსამყოფლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მისმა ოჯახმა, მეგობრებმა და ახლობლებმა იცოდნენ მხოლოდ ის, რომ „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარ რედაქტორს რუსი სამხედროები მთელ ქალაქში ეძებდნენ. კონსტანტინი, სოციალურ ქსელებში, რამდენიმე დღის შემდეგ, 4 აპრილს გამოჩნდა, თუმცა დღემდე სახლში ვერ ბრუნდება და ქალაქში გასვლასაც ერიდება.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში კონსტანტინ რიჟენკო გაუჩინარების მიზეზებს იხსენებს და გვიყვება, როგორია იყო ჟურნალისტი ოკუპირებულ რეგიონში, როდესაც სიმართლის თქმა არამხოლოდ შენთვის, არამედ შენი ოჯახისა და ახლობლებისთვისაც პირდაპირი საფრთხეა.

  • პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ასეთ ვითარებაში ახერხებთ ჩვენთან ლაპარაკს. თქვენ 30 მარტს გაუჩინარდით, როდესაც დააკავეს თქვენი ძმა, ეძებდნენ მამას, ნადირობდნენ თქვენზე. რა მოხდა მაშინ?

ყველაფრის მოყოლა დღესაც არ შემიძლია, ჯერ კიდევ უსაფრთხოდ არ ვარ. თანაც, არიან ადამიანები, რომლებიც დამეხმარნენ და ვეცდები, ისე მოგიყვეთ, რომ დეტალები არ გავთქვა.

რაც ომი დაიწყო, მას შემდეგ ვაშუქებ, რა ხდება რეგიონში, ქალაქში; ვამოწმებ ინფორმაციას, ვაბათილებ ყალბ ამბებს და მოხალისეობრივ საქმიანობასაც ვეწევი. რაღაც დრომდე, რუსებს არ აღელვებდათ, რა ხდებოდა საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ ოკუპაციიდან ერთ კვირაში რუსმა სამხედროები იმ ადგილებში გამოჩნდნენ, სადაც ოდესღაც ვცხოვრობდი, ახლობლები მყავდა. დადიოდნენ ჩემი ფოტორობოტით, მეძებდნენ, კითხულობდნენ, სად შეიძლებოდა ჩემი პოვნა. იმ დღემდე ასე იყო.

როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა, სადაც ვცხოვრობ და იმ დილით (იგულისხმება გაუჩინარების დღე), ერთდროულად ყველა ნათესავმა მომწერა. ძალიან უჩვეულო შეტყობინებები იყო. მაგალითად, ძმა მწერდა, რომ მამა ცუდადაა და წამლები სჭირდება სასწრაფოდ. მე ხომ ვიცნობ მას, ის ასე, დეტალების გარეშე, არასდროს მომწერდა. კიდევ ერთი ნათესავი, ცოლის მხრიდან, მწერდა, რომ რუსი სამხედროები იყვნენ, მეძებდნენ და სასწრაფოდ უნდა მოსულიყო ჩემთან რაღაცის სათქმელად. კიდევ ერთმა შემატყობინა, რომ ჩემი ნათესავი ქალი ჩემი ბინისკენ წამოვიდა.

მივიდნენ ჩემებთან, უთხრეს, რომ მეძებდნენ, მერე ვითომ წავიდნენ იქიდან, მიიმალნენ, მაგრამ სინამდვილეში შორიდან დაიწყეს თვალთვალი, ვინმე თუ წამოვიდოდა ჩემკენ.

კავშირი მაქვს კოლეგებთან რუსული მედიიდან, ისიც კარგად ვიცი, რას ნიშნავდა ეს, რატომ ჩაატარეს ასეთი პროვოკაცია. იმ ნათესავმა ხომ არ იცოდა, რომ მას უკან გაჰყვებოდნენ. საჩქაროდ ყველაზე აუცილებელი ნივთები ავიღე და სახლიდან გავიქეცი. ყველანაირი ინფორმაცია, კონტაქტი, დაშიფრულ დისკზე მქონდა.

ვიფიქრე, რომ მაინც შეიძლებოდა ვერ მომესწრო გაქცევა, ავეყვანე, ამიტომ თავი დავიზღვიე და ეს კომპიუტერის მყარი დისკი გავანადგურე. ასე დავრჩი კომუნიკაციის საშუალებების გარეშე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვერავის ვუკავშირდებოდი, ვინმე ახლობელთან მისვლაც სარისკო იყო.

  •  როდესაც აღადგინეთ თქვენი პროფილები სოციალურ ქსელებში, ბევრი არ იჯერებდა, რომ ეს ნამდვილად თქვენ იყავით.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტადაც მიმუშავია, ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო წვდომა ადამიანის ექაუნთებზე თუკი მისი ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა მაქვს. ასეთ ინსტრუქტაჟს, პირიქით, იქით ვუტარებდი ხოლმე აქაურებს, ვასწავლიდი, როგორ უნდა დაეცვათ თავი, დაეცვათ ინფორმაცია და გადაემოწმებინათ ადამიანები, ვინც მათთან დაკავშირებას ცდილობდა. რუსები აქ ხშირად ართმევენ ტელეფონებს მოქალაქეებს, მაგალითად საგუშაგოზე, ან ქუჩაში შეიძლება მივიდნენ და წაართვან, ზოგს არც უბრუნებენ. ამიტომ, საჭირო იყო სცოდნოდათ მოქალაქეებს, როგორც დაეცვათ ინფორმაცია და მოწყობილობები.

რადგანაც ასეთი გამოცდილება ჰქონდათ, ამიტომაც არ დაიჯერეს, რომ მე ვიყავი და დადასტურება მომთხოვეს.

  • გამოდის, რომ იმ დღეს დანამდვილებით იცოდით, თქვენს დასაკავებლად რომ მოდიოდნენ?

ჩემამდეც იჭერდნენ აქტივისტებს, ჟურნალისტებს. მანამდე გაიტაცეს ჩემი კოლეგა ოლეგ ბატურინი ნოვა კახოვკიდან. ჩემთვის ცხადი იყო, რომ აუცილებლად მომაკითხავდნენ, რადგან მე პროუკრაინული პოზიცია მაქვს, ასეთ საქმიანობას ვეწევი, ვაჩვენებ რა ხდება აქ.

ჩემი ტელეფონი იმ დღეებში საერთოდ სხვას მივეცი, სპეციალური პროგრამა დავაყენე, რომელიც ყოველ 30 წამში ცვლის ჩემს ანგარიშებზე შესასვლელ კოდებს. განგებ გავატანე ტელეფონი, რომ თუკი მაინც დამიჭერდნენ, მე თვითონ არ მქონოდა წვდომა საკუთარ არხებზე.

  •  დაბრუნდით ახლა?

არა, ვერ დავბრუნდი. დღემდე ნაცნობებთან ვცხოვრობ. ისე მოხდა, რომ ისეთმა ხალხმა შემიფარა, ვისაც ძალიან შორიდან ვიცნობდი და დიდი ხანი ურთიერთობაც არ მქონია. ამიტომაც მგონია, რომ ჩემი მოძებნა ძალიან უნდა გაუჭირდეთ, რადგან მეც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ როდისმე აქ დავიმალებოდი. ქალაქში გასვლა ჩემთვის კვლავაც ძალიან სარისკოა. რუსებმა ცხადად თქვეს, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო მეძებენ.

ახლა ისინი ცდილობენ, აქ რეფერენდუმი ჩაატარონ ხერსონის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების მოთხოვნით, შექმნან ყალბი წარმოდგენა, თითქოს ხერსონის რეგიონს რუსეთთან შეერთება სურს, რაც ასე არაა და მე სულ ვწერდი ამის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ ხერსონელებს რუსული პასპორტები უნდათ, მე ვწერ, რომ ეს სიცრუეა და ეს მათ ხელს უშლის.

როდესაც მიდიოდნენ ჩემებთან, ღიად ამბობდნენ, რომ მეძებენ, რადგან მე ვწერ მათზე. უთხრეს ისიც, რომ ჩემზე ბევრი ადამიანის სისხლია, რადგან მოვუწოდებდი ადამიანებს, საკუთარი სამშობლო დაეცვათ. გაუგებარია არა? მე უკრაინის მოქალაქე ვარ. ჩვენთან შემოიჭრნენ. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი. მერე მოდიან და მეუბნებიან, რომ ეს თურმე დანაშაულია. ასეთი ლოგიკა აქვთ.

  •  როგორ ახერხებთ მუშაობას ომში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე?

ახლა შედარებით ნაკლებად ვეწევი ჟურნალისტურ საქმიანობას. ჩემს ნათესავებს, რომლებიც ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებენ, ემუქრებიან, რომ თუ მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, მათ ისევ მიაკითხავენ. ამიტომაც, შედარებით ქალაქურ ამბებს ვწერ, მოხალისეობრივ საქმიანობას ვეწევი.

როდესაც ომი დაიწყო, ბრძოლები მიდიოდა, ეს საშინელება იყო, მაგრამ როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, საინტერესოც იყო რაღაც გაგებით. ყველა ჟურნალისტი, რომელიც თავისი საქმით ცხოვრობს, ოცნებობს ისეთ რეპორტაჟზე, რომელიც მისი ვარსკვლავური მომენტი გახდება. პირველ დღეებში, დავდიოდი შეტაკებების ადგილას, ვიღებდი ავიაიერიშებს, აფეთქებებს, ასეთი ადრენალინით ვცხოვრობდი და მეჩვენებოდა, რომ აი, გავიმარჯვებდით კიდეც და მნიშვნელოვანი მასალაც მექნებოდა. სამწუხაროდ ასე ვერ მოხდა.

როდესაც დაგვიპყრეს, პირველივე დღეს მივხვდი, რომ ღიად წერა უკვე შეუძლებელი იყო. თუმცა დამალვაც შეუძლებელი აღმოჩნდა – მე ჩემს საავტორო ბლოგზე ვწერდი, ყველამ იცოდა, რომ ეს მე ვიყავი და არა სხვა. არიან აქ ავტორები, რომლებიც ანონიმურად წერენ, რომ წაიკითხავ, მიხვდები, რომ პროუკრაინული პოზიცია აქვთ, მაგრამ არავინ იცის, ვინ არიან და სად ეძებონ.

ჩემი სიტუაცია გაცილებით რთულია.

უკვე ვცდილობ, მინიშნებებით ვწერო, ირიბად ვუთხრა ადამიანებს რაღაცები, ზოგჯერ ყველაფერს საკუთარ სახელს ვერ ვარქმევ. ეს ჩემთვის ძალიან არაკომფორტულია და ვერ ვგრძნობ თავს კარგად, რადგან უკრაინაში, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ პირდაპირ ვილაპარაკოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. როდესაც ჩინოვნიკი რამეს აშავებს, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ ის იპარავს, ის ცრუობს, ან პრეზიდენტი არაა მართალი და ასე შემდეგ.

და ახლა, ისეთი მარტივი და ცხადი რამის თქმა არ შეგიძლია, როგორიცაა ის, რომ რუსი სამხედროები ცრუობენ… კი შეგიძლია, მაგრამ იცი, რომ აუცილებლად მოგაკითხავენ რაღაც დროის მერე და შეიძლება ინანო. ეს ძალიან უჩვეულო და მძიმეა ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც სიტყვის თავისუფლებას იცავს.

  • ყველა, ვინც უკრაინაში რუსეთის ომს ადევნებს თვალს, გაოცებული და აღფრთოვანებულია თქვენი, უკრაინელების, შეუპოვრობითა და სიმამაცით. და მაინც, სად და როგორ პოულობთ ამ ძალას, თუნდაც პირადად თქვენ?

ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. არამხოლოდ მე, ყველას გვეშინია, მაგრამ ვერსად წავალთ. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მშობლიურ რეგიონში. ჩვენ ან ვიპოვით ძალებს და სულიერადაც გავიმარჯვებთ, ან მოხდება ისე, რომ რაც მათ მოიტანეს, აქვე დარჩება. გვესმის, რომ დიახ, გვტკივა, დიახ, გვეშინია, მაგრამ ჩვენ ან ავიტანთ ამას, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ, ან დავნებდებით სამუდამოდ.

  • ბუჩის მერე ალბათ პანიკა იყო ხერსონშიც, ხალხში გაჩნდა შიში, რომ მანდაც შეიძლებოდა, ისეთივე სისასტიკით გასწორებოდნენ ადამიანებს. შეიცვალა ხალხის განწყობა მას შემდეგ?

რაც ბუჩის კადრები ნახეს, შიში გაჩნდა. ბოლო კვირებში ხალხი ყველა გზით ცდილობს ქალაქის დატოვებას. ოთხ რიგად მიდის მანქანების კოლონები.

აქ უფრო კონკრეტულ ადამიანებს დასდევენ, ვინც მოქმედი ან ყოფილი სამხედროა და ხერსონში რჩება, ასევე აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, რომლებსაც პროუკრაინული პოზიცია აქვთ. ვიცით, რომ იჭერენ, აწამებენ, ზოგს უშვებენ, ზოგს არა, მაგრამ ისეთი სცენარი, როგორიც ბუჩაში იყო, ან მარიუპოლში, აქ არ ჩანს.

თუკი ბუჩა და მარიუპოლი მათთვის სამხედრო ბრძოლის ადგილებია, ხერსონი იდეოლოგიური ბრძოლის ადგილია. თუ გავაანალიზებთ მთელ რუსულ პროპაგანდას, სადაც კი რამეს ამბობენ ან წერენ ხერსონზე, დავინახავთ, რა მიზანიც აქვთ. „ხერსონი მიატოვეს“, „უკრაინის ხელისუფლებას ხერსონი აღარ აღელვებს“ – ცდილობენ, ეჭვი დათესონ ადამიანებში.

ერთადერთი რეგიონია ხერსონი, სადაც რუსეთს ჰუმანიტარული დახმარება შემოაქვს. ერთი მხრივ, ცდილობენ, უკრაინის ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობა გატეხონ, ხოლო მეორე მხრივ აჩვენონ, რომ აი, ჩვენ გვადარდებს ხერსონი, აი, ვცდილობთ გამოგკვებოთ, გადაგარჩინოთ.

ცდილობენ თავს მოგვახვიონ რუსეთი, როგორც მხსნელი, არადა რაც გვჭირს, ხომ ისევ მაგათგან გვჭირს. ხალხი მთლად ვერ იგებს ამას, მე კი ვწერ, მაგრამ ძალიან ძნელია მოერიო ამხელა პანიკას, მით უმეტეს, როცა არ გვაქვს საშუალება, მოქალაქეებს ცენტრალიზებული არხებით მივაწოდოთ ინფორმაცია.

  • რამდენად მიუწვდებათ ადამიანებს ხელი ინფორმაციაზე?

ინფორმაცია ინტერნეტში ხელმისაწვდომია, მაგრამ უკრაინულ არხების ყურება რთულია. რაღაც თავისი ტექნიკა შეაერთეს, ზოგთან რუსული არხები ჩაირთო, ზოგთან უკრაინული არხები გაჩნდა, რუსული თარგმანით. აქ ადამიანები დიდად არ უყურებენ ტელევიზიას და არც ენდობიან, მაგრამ ვხედავ, რომ ადგილობრივი არხებიდან ზოგმა უკვე დაიწყო რუსებისთვის მუშაობა. არ ვიცი იძულებით, ნებით თუ ფულით, ამას ვერ ვიტყვი ასე, მაგრამ ფაქტია, არ გვაქვს შესაძლებლობა ცენტრალიზებულად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია რაიმე ერთიან პოზიციაზე.

ყველა მედია თავისას წერს და მოქალაქეებს უჭირს ცხადი სურათის დანახვა.

  •  და როგორ ფიქრობთ, იმუშავებს ეს პროპაგანდა „მხსნელ რუსეთზე“?

არ მგონია. უკრაინის გენშტაბმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია ირიბად, რომ პროვოკატორების ყველაზე დიდი ქსელი რუსეთის დაზვერვას ხერსონში ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დროს, აქ დიდი წარმოება იყო. ასე, 40 წლის წინ, დაახლოებით 60 ათასი რუსი ჩამოიყვანეს და მოხდა ისე, რომ ხერსონში ძალიან ბევრი რუსულენოვანი მოქალაქეა. ბევრს ნათესავები ჰყავს რუსეთშიც, ყირიმშიც.

ამიტომაც იყო ისეთი აზრი, რომ ხერსონი რუსეთისკენ მიიწევს, არადა სინამდვილეში, ხერსონი, უბრალოდ შედარებით ლოიალურად უყურებდა რუსეთს, სწორედ ამ კავშირების გამო.

რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში აქ მუშაობდნენ, სიტუაციის შერყევას და რუსული განწყობების შემოტანას ცდილობდნენ, ვერ ბედავდნენ თქმას, რომ არაფერი გამოსდიოდათ. მუშაობდნენ, დარბოდნენ დროშებით, აწყობდნენ აქციებს, გაჰყვიროდნენ, რომ აქ ავიწროებენ რუსულენოვან მოსახლეობას, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ხდებოდა. როგორც ჩანს, ყალბ ანგარიშებს აგზავნიდნენ ზემოთ, თითქოს აქ ძლიერი პრორუსული განწყობებია, სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა.

რუსი სამხედროები მოტყუებულები აღმოჩნდნენ. მოვიდნენ და აღმოაჩინეს, რომ მათ აქ არავინ ელოდა. პირიქით, მათმა აქ მოსვლამ კიდევ უფრო დააშორა ხერსონი რუსეთს. ამიტომაც არ მჯერა, რომ რამე შედეგს მიაღწევენ და როდისმე ვინმეს რუსეთთან შეერთება მართლა მოუნდება.

ახლა ცდილობენ, ხელოვნური სურათი შექმნან. მაგალითად, დღეს კახოვკაში მოაწყვეს ვითომ პრორუსული აქცია. 70 კაცი მიიყვანეს რუსეთის დროშებით, დანარჩენ კახოვკას კი, დახვრეტისა და დაკავების მუქარით, გარეთ გამოსვლა აუკრძალეს. ხალხი ფანჯრებიდან იღებდა ამ შეკრებას. ასე იმიტომ იქცევიან, რომ რამდენჯერაც დააანონსეს, რომ ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნის მოთხოვნით აქცია იმართება, იმდენჯერ ათასობით ადამიანმა ყველაფერი მიატოვა და ქუჩაში გამოვიდა იმის სათქმელად, რომ ხერსონი უკრაინაა.

უყურეს ამას ერთი თვის განმავლობაში, დაინახეს, რომ ადამიანების განწყობები არ იცვლება და გადაწყვიტეს, ასეთი ძალადობრივი გზით ჩაატარონ რეფერენდუმი, რომელზეც მათ აქტივისტებს შეეძლებათ გამოსვლა და მოქალაქეები კიდევ სახლებში ისხდებიან. თუ ვილაპარაკებთ ხერსონის შეერთების სავარაუდო სცენარზე, ეს ცალსახად იქნება ძალადობრივი გზა და აშკარად ყირიმის სცენარის გამეორება.

  •  ბოლოს როდესაც „ბათუმელებს“ ელაპარაკეთ, ქალაქში განსაკუთრებით გიჭირდათ მედიკამენტები. რამდენიმე დღის წინ დაწერეთ ფეისბუკში, რომ გარკვეული რაოდენობა მიიღეთ, რამდენად საკმარისია?

ისევ რთული მდგომარეობაა. საკვების პრობლემას როგორღაც ვაგვარებთ.

ხერსონი აგრარული რეგიონია, მთელ სამხრეთ უკრაინაში ბოსტნეულის ყველაზე დიდი ბაზარია. ფერმერებმა საწყობები გახსნეს და პროდუქტში არა გვიშავს, შიმშილით არ დავიხოცებით. მართალია, ჰიგიენის საშუალებები ძალიან ჭირს, მაგრამ წამლები მაინც გადაუდებლად გვჭირდება.

იმედი გვქონდა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა, როგორსაც ველოდით, ამიტომაც შევქმენით სამოქალაქო მოხალისეობრივი ცენტრი, რომ როგორმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები შემოვიტანოთ.

ხერსონში გამოსაგზავნი მედიკამენტები მთელი უკრაინიდან მიკოლაევში გროვდება. როცა ვინმე მოდის, ვთხოვთ, რომ წამლებიც წამოიღონ. ასე შემოგვაქვს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ორი კვირის განმავლობაში, მხოლოდ ორი მანქანის შემოტანა მოვახერხეთ, იმ მედიკამენტების, რომელთა გარეშეც ხალხი უბრალოდ დაიხოცება. თუმცა ეს ზღვაში წვეთია და ტრანსპორტირების არხიც ძალიან არასტაბილურია.

ბევრად მეტი გვჭირდება, რადგან რეგიონს მთელი უკრაინის მასშტაბით ყველაზე მეტი ონკოდაავადებული ჰყავს. უამრავი ადამიანია ჰორმონალურ თერაპიაზე, ძალიან ბევრი კი ტუბერკულოზს ან ასთმას მკურნალობს. ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, თუმცა ეს არაფრით არ გვყოფნის.

იას ჟოლოს ბაღი შუახევში, სადაც ნახევარი ტონა კენკრა მოჰყავს

48 წლის ია ბერიძე შუახევში, უჩამბის თემში, სოფელ სამოლეთში ცხოვრობს და უკვე 6 წელია, რაც  მისივე გაშენებულ ჟოლოს ბაღს უვლის.

ია ამბობს, რომ მის სოფელში ჟოლო არავის მოჰყავდა და იმდენად ხშირად ეკითხებოდნენ როგორ ახერხებდა ამას თავად, რომ ბოლოს ჟოლოს ბაღის გაშენება გადაწყვიტა. იფიქრა, რომ ჟოლო შემოსავლის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო.

„ჩემს იდეას თავიდან ყველა სიცილით შეხვდა. არ ეგონათ, თუ გაამართლებდა. ეს ჩემთვისაც რისკი იყო.

ყველას უკვირდა, ჟოლოს დარგვა რომ დავიწყე, ამდენი სად უნდა წაიღოსო. საბოლოოდ კი, ყველამ შეიცვალა აზრი. ვინც ყოველთვის მხარში მედგა, ჩემი მეუღლეა“, – ამბობს ია.

იამ ჟოლოს ნერგი თავად გამოიყვანა და უკვე 2000 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული.

ის მუსიკის პედაგოგია. ჟოლოს მოშენებამდეც აქტიურად იყო სოფლის მეურნეობის საქმიანობაში ჩართული. დღესაც თესავს სიმინდს, კარტოფილს, მაგრამ მხოლოდ იმდენს, რამდენიც ოჯახს სჭირდება. გასაყიდად კი მხოლოდ ჟოლო მოჰყავს.

მისი თქმით, ჟოლოს მოვლას ბევრი შრომა სჭირდება. ჟოლო წყლის მოყვარული მცენარეა. იამ ზუსტად იცოდა, რომ თუ ნარგავში წვეთოვან სარწყავ სისტემას დააყენებდა, ჟოლოს მოსავლიანობა გაიზრდებოდა და ნაყოფიც გაცილებით ხარისხიანი ექნებოდა, ვიდრე ჰქონდა.

ამიტომ იამ ბაღში სარწყავის დასამონტაჟებლად მცირე მეწარმეებისთვის კონკურსების მოძიება დაიწყო და 4 წლის წინ  „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამაში გაიმარჯვა.

„პროექტი მარტომ დავწერე, შემდეგ რამდენჯერმე გავიარე გასაუბრება და საბოლოოდ 3 000 ლარის თანადაფინანსებაც მოვიპოვე“, – ამბობს ია.

მებაღის მოლოდინები გამართლდა და ჟოლოს ბაღში სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემდეგ მოსავლის ხარისხი გაიზარდა.

იას ბაღის მოვლაში ოჯახის წევრები, ხოლო მოსავლის აღებაში მეზობლები ეხმარებიან. ია კი მადლობის ნიშნად კენკრას სთავაზობს, რადგან, მისი თქმით, ყველაზე რთული სწორედ ჟოლოს დაკრეფის პროცესია.

„ჟოლოს კრეფა ერთთვიანი პროცესია და ყოველ მეორე ან მესამე დღეს იკრიფება ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე.

ძალიან სათუთად მოსაკრეფია, 2 ცალ ნაყოფს ვერ მოკრეფ ერთად. ჟოლო იმ ჭურჭელში უნდა მოათავსო, რომლითაც ჩააბარებ. მისი გადაყრა კალათიდან კალათში შეუძლებელია“, – ამბობს ია.

ია ჟოლოს ბათუმში აბარებს, ასევე, ჰყავს მომხმარებლები და ერთხანს საკონდიტროსაც ამარაგებდა ჟოლოთი. მისი თქმით, პანდემიის დროს ჟოლოზე მოთხოვნა გაიზარდა. იას უჭირდა ჟოლოს ბათუმში ჩამოტანა, რადგან სოფლიდან „მარშუტკით“ ეზიდება ქალაქამდე.

იამ გასულ წელს დაახლოებით ნახევარი ტონა ჟოლო მოიყვანა. მისი თქმით, ერთდროულად  50-80 კილოგრამამდე ჟოლოს კრეფს თავის ბაღში.

მებაღე ამბობს, რომ ტელეფონით არკვევს სად შეძლებს ჟოლოს ჩაბარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოაქვს კენკრა სოფლიდან.

„თუ ტელეფონით არ შევათანხმებ და ისე წავიღებ ჟოლოს ბათუმში, ვერ ჩავაბარებ. მარშუტკით ჟოლოს ჩამოტანა გვიანდება და ბაზარშიც აღარ იბარებენ.

მნიშვნელოვანია იყოს ადგილები შუახევში ან ახლოს, ქედაში, ხელვაჩაურში, სადაც ჟოლოს ჩავაბარებთ და გვეცოდინება, რომ ჩასაბარებლად მიტანილი ჟოლოს უკან წამოღება არ გახდება საჭირო“, – ამბობს ია.

სამოლეთში თოვლი ჯერაც არ გამშრალა. ია ნერვიულობს, დარწმუნებული არ არის, რომ ჟოლოს ნერგებმა წლევანდელ დიდთოვლიან ზამთარს გაუძლეს.

„ნახევარი მეტრი თოვლი იქნება ახლაც იმ ბაღში, სადაც ჟოლო მირგია. არც კი ვიცი, რამდენად გადარჩა ნერგები. საგაზაფხულო სამუშაოებიც ძალიან იგვიანებს წელს, ამიტომ წელს ნაკლებ მოსავალს ველოდებით, ვიდრე გასულ წლებში გვქონდა.

თოვლის გაშრობის შემდეგ პირველ რიგში ჟოლოს ნერგები უნდა გავსხლათ“, – ამბობს ია.

ია გვიყვება, რომ მებაღეობისთვის თავის დანებებაზეც უფიქრია, იმდენად შრომატევადი საქმეა ჟოლოს მოვლა. ის დაცარიელებულ სოფელზე წუხს და ამბობს, რომ ფულიც რომ გადაიხადოს, ვერ შეძლებს ადამიანების დაქირავებას ჟოლოს მოსავლის აღებაში დასახმარებლად.

„სოფელში ხალხი აღარ ცხოვრობს. ძირითადად ისინი ვართ შემორჩენილი, ვინც მუშაობს საბავშვო ბაღში, სკოლაში, სოფლის ამბულატორიაში. მე რომ მეზობელთან მივიდე, დაახლოებით 500 მეტრი უნდა გავიარო და ამ შუალედში 15 ცარიელი სახლი მაინც დგას“, – ამბობს ია.

ია ჟოლოს ბაღის გაფართოებას არ აპირებს, მაგრამ ახლა ნიგვზის ახალი ჯიშების მოშენებაზე ფიქრობს. ამბობს, რომ ნიგოზი გაცილებით მარტივი მოსავლელია, ვიდრე ჟოლო და დიდი გამოცდილებაც არ სჭირდება მის მოვლას.

მებაღე ჟოლოს ჯემის წარმოებასაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა. მისი თქმით, ამ საქმის დასაწყებად ბევრი რამ დასჭირდება, მათ შორის, საკმაოდ ძვირადღირებული მაცივრები, რისი შეძენის შესაძლებლობაც მას არ აქვს.

ია ბერიძის ბაღში დაკრეფილი ჟოლო

რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა – ზურაბიშვილი ევროკავშირის კითხვარზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 11 აპრილს, საქართველოსთვის გადმოცემულ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რომ არა უკრაინა, ეს დღე ასე მალე არ დადგებოდა.

„დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას, ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ, ცხადია, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, მაგრამ კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ ამას უკრაინას და უკრაინის ბრძოლას.

რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინის, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად. ევროკავშირმა ამ ტრაგიკული დღიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღო, აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული.

დღეს ვხედავთ, რომ უკრიანას, მოლდოვას და საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი ჩვენი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ. ამიტომ ყველა ძალა უნდა იყოს ამისთვის  მობილიზებული.

ეს არის ეროვნული საქმე და მე ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი ეროვნული საქმე არ იყოს ჩვენი გამაერთიანებელი, როგორც მოსახლეობის, ასევე პოლიტიკური სპექტრის, იმის მიუხედავად, თუ ერთი მეორეს რას აბრალებს.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ დღეს არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის არც საქართველოს ირგვლივ არის გაერთიანებული.  ქალაქში თუ სოფელში, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის ირგვლივ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა“ – დეპარტამენტის პასუხი „გოდერძის“ გზაზე

„უკვე დაწყებულია ტექნიკის მობილიზაცია და იმ კვირიდან კომპანიამ სამუშაოები უნდა განაახლოს,“ – გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ ბათუმი – ახალციხის გზის შესახებ, სადაც   მოსახლეობას უკვე გავლაც კი უჭირს.

ეს კურორტ „გოდერძისკენ“, ასევე, „ბეშუმისკენ“ მიმავალი გზაა. წლებია ხელისუფლება ამ გზის მოწყობის დაპირებას გასცემს და ტენდერებსაც ატარებს, თუმცა ზამთარშიც, აქტიური სათხილამურო სეზონის დროს, ტრანსპორტირება უგზოობის გამო პრობლემა იყო და გზა რამდენჯერმე ჩაიკეტა კიდეც.

როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში მოსახლეობას ამ გზაზე თავისუფლად გადაადგილების იმედი არც უნდა ჰქონდეს.

რატომ მივიდა გზა ამ მდგომარეობამდე კეთილმოწყობის ნაცვლად? – გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც პასუხის მოწოდება მხოლოდ წერილობით არჩიეს, კიდევ ეს მოგვწერეს:

„ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში უნდა გაკეთდეს აღნიშნული მონაკვეთი. ამ დრომდე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა სამუშაოების წარმოება,“ – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

———–

ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე 2020 წლამდე კომპანია „ტოდინი“ მუშაობდა, თუმცა ამ კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. „სინოჰიდროც,“ რომელმაც მორიგი ტენდერი მოიგო და მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, ასევე, ვერ ასრულებს ვალდებულებას – სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო.

დროა, ავიღოთ პასუხისმგებლობა, უარი ვთქვათ რუსულ ნავთობსა და გაზზე – პოდოლიაკი პარტნიორებს

„ვიყოთ გულწრფელები. მსოფლიომ თვეების განმავლობაში იცოდა, რომ რუსეთი ომს გეგმავდა და „დასახვრეტთა სიებს“ ამზადებდა. როდესაც იარაღი და სანქციები ვითხოვეთ, მათ ევაკუაცია და „ზუმმთავრობა“ შემოგვთავაზეს. როცა მოვითხოვეთ რუსეთთან ბიზნესი შეეწყვეტათ, მათ გვითხრეს, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა.

პუტინი საკმაოდ მართალი იყო თავის ანალიზში: ზოგიერთ პოლიტიკოსს იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა უკრაინის ჩაბარება. ისინი მზად იყვნენ „სერიოზული შეშფოთების“ გამოსახატად, ფსევდოსანქციების დასაწესებლად და ცხოვრების გასაგრძელებლად. მაგრამ ერთი ადამიანი არ დასთანხმდა დანებებულიყო. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი.

ხანდახან ერთ ადამიანს შეუძლია ყველაფრის შეცვლა სწორი არჩევანის გაკეთებით. საკუთარი გულის და არა ექსპერტების მოსმენით. ევროკავშირის პოლიტიკოსებისთვის არ არის ძალიან გვიანი, გააკეთონ ეს არჩევანი. დროა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ევროპის მომავალზე და უარი ვთქვათ რუსულ ნავთობსა და გაზზე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის თქმით, 1 მილიარდ ევროს ევროპა პუტინს ყოველ დღე უხდის მათთვის მიწოდებული ენერგიისთვის. ოფიციალური კიევი ითხოვს, ევროპამ უარი თქვას რუსულ გაზსა და ნავთობზე.

„გადადგები!“ – საქართველოში ახალი სამოქალაქო მოძრაობა იწყება

„გადადგები!“- ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი სლოგანი ახალი სამოქალაქო მოძრაობის, რომელიც დღეს, 11 აპრილს, დაიწყება თბილისში და რომლის მიზანია მოიცვას მთელი საქართველო. მოქალაქეთა ერთობა ყველა იმ მიზეზს ჩამოწერს პლაკატებზე, რის გამოც, მათი აზრით, ხელისუფლება უნდა გადადგეს. „ბათუმელები“ მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილს ესაუბრა.

  •  ქალბატონო ცირა, რატომ გაჩნდა ამ მოძრაობის დაწყების აუცილებლობა და როგორი იქნება სტრატეგია?

ერთი კვირის წინ სპონტანურად შევიკრიბეთ რამდენიმე ადამიანი და ვთქვით, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება. რატომ? – იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვერ ქმნის დღის წესრიგს, ხელისუფლებას სამარცხვინო პოზიცია აქვს ყველა მიმართულებით და უკრაინა იყო, ასე ვთქვათ, ბოლო წვეთი.

ეს იქნება სრულიად საზოგადოებრივი მოძრაობა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმ შეცდომების დაშვების უფლება, რომელიც პოლიტიკურმა სპექტრმა დაუშვა. მაგალითად, ის, რომ ამბობენ, „არ დავჯდები შენთან, იმიტომ, რომ …“ და რაღაც კონკრეტული მიზეზები. ჩვენ ვთქვით, რომ არ გვაქვს წითელი ხაზები, ჩვენ არ ვსვამთ წინაპირობებს, ჩვენ არ გვაქვს დათქმები, თუ ყველანი ვთანხმდებით მთავარზე და ეს მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს.

ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ორგანიზაციაში ყველას თანაბარი უფლებები აქვს, ყველა უნდა იყოს ლიდერი და ვინმე ვინმეს კი არ უნდა დაეხმაროს, არამედ, პირდაპირ უნდა ჩაერთოს მოძრაობაში.

„გადადგები“ – ჩვენ აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ მთავრობას, იმიტომ, რომ მთავრობის გადადგომის შემთხვევაში იგივე პარლამენტი დააკომპლექტებს ახალ მთავრობას, ჩვენ ვგულისხმობთ ძირეულ ცვლილებებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა დავაყენოთ საკითხი, რომლის ტვირთიც ვერ ზიდა ოპოზიციამ. ოპოზიცია შეიძლება ინტერვიუებში ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ ამისთვის არავინ არაფერს აკეთებს.

ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ამ მოძრაობას და მთავარი პრინციპი არის ის, რომ ისინი, ვინც გვიერთდება, წერენ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადაგდეს ხელისუფლება და ამას წერს ნებისმიერი ადამიანი.

მაგალითად, თუ მე მივიჩნევ, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს იმიტომ, რომ არ შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვიღაც მიიჩნევს, რომ უნდა გადადგეს იმიტომ, რომ არ განახორციელა სასამართლო რეფორმა, ვიღაც მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვილის ამბის გამო უნდა გადადგეს, ვიღაც მიიჩნევს, რომ შია და ამიტომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება. მიზეზი ბევრია და აი, ამ მიზეზებს წერენ მოქალაქეები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი გზავნილია, როცა ხელისუფლებას არ ვთხოვთ გადადგომას, რადგან მასზე რაიმეს თხოვნა ამ შემთხვევაში გამორიცხულია. ამიტომაც არის გადადგომის ფორმულირება ასეთი – „გადადგები!“.

„შენ წახვალ!“, „შენ უნდა გადადგე“ – ამას ვეუბნებით ხელისუფლებას. უპირობოდ უნდა წახვიდე. აი, ეს არის თემა.

მსგავსი მოძრაობები გაჩნდება უახლოეს ხანში სხვაგანაც. სულ არ არის ჩვენი მიზანი, რომ ერთი ქოლგის ქვეშ გავერთიანდეთ, მთავარია, რომ თანხვედრა გვქონდეს მთავარში და მნიშვნელოვანია, თუ ვიქნებით ბევრნი.

  • რა შეიძლება იყოს ისეთი განაცხადი ამ მოძრაობის დროს, რასაც შეიძლება არ დაეთანხმოთ „ტალღის“ დამფუძნებლები და რამაც შესაძლოა სიტუაცია დაუგეგმავად წაიყვანოს?

ამის რისკი არსებობს, იმიტომ, რომ რეგულირება რთულია, რადგან ეუბნები, რომ ყველა თანაბარი ვართ. მაგრამ არის რაღაც შეხების წერტილები, თემები, რომლებმაც არ უნდა დააკნინოს მთავარი მოთხოვნა. ჩვენ არ უნდა დავწვრილმანდეთ მოთხოვნებში. მაგალითად, „გადადექი იმიტომ, რომ შუქი არ მაქვს“, რადგან ვიცით, რომ ეს პრობლემა დროებითია.

ყველა ის პრობლემა, რომლებსაც დასვამს მოქალაქე, საზოგადოება, იქნება მნიშვნელოვანი მიზეზი იმისათვის, რომ ხელისუფლება წავიდეს.

  • მოძრაობის ტალღა გავრცელდება რეგიონებშიც? 

თავისუფლების მანიფესტის მიზანია, რომ სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს თბილისში, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაერთოს პროცესებში ბათუმი, ქუთაისი და ყველა ქალაქი საქართველოში, ზოგადად, ქვეყანა. იმიტომ დავარქვით ამ მოძრაობას ტალღა, რომ ეს ტალღა უნდა გადაეცეს ერთმანეთს. დაწვრილებისკენ კი არა, გამსხვილებისკენ უნდა წავიდეს ეს პროცესი, რასაც ვერაფერი დაუდგება მერე წინ.

ეს არ არის ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი პროცესი, ეს არის გრძელვადიანი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ყოველი წუთი და წამი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს, სანამ ესენი („ქართული ოცნება“) არიან ხელისუფლებაში.

ამიტომ ფორსირებულად შეიძლება არ დავაჩქაროთ ეს პროცესი, მაგრამ პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული, გააზრებული. წარმოიდგინეთ, რა ნაღმები გველოდება წინ, რადგან ეს პროცესი ისე არ ჩაივლის.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, სწორი გზავნილები, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ ველაპარაკებით, მასთან აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო, ამათი გამოსწორება არ იქნება,  ისინი უბრალოდ უნდა წავიდნენ.

თუმცა ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ ყველა დანარჩენს, ვინც პოტენციურად მოიაზრება ახალ ხელისუფლებად. ამიტომ ვესაუბრებით პოლიტიკურ პარტიებს და ამიტომ ვეუბნებით მათ, რომ თქვენი ინერტულობის ბრალია ის, რომ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა საკუთარი პრობლემაც ბევრი ჰქონდეთ, უწევთ ამ პროცესების წარმართვა, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები თავის სიმაღლეზე არ დგანან.

ამიტომ ამ პარტიებმა უნდა გვითხრან კონკრეტული გეგმა, როგორ შეგვეხიდებიან ამ საქმეში, როგორი იქნება მათი ჩართულობის ხარისხი.  ჩვენ ყველასთან მივალთ, ყველას დაველაპარაკებით, მათ შორის, იმათთანაც, ვისი ელექტორატიც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვიცით, რომ პოლიტიკური სპექტრის ნაწილს წარმოადგენენ.

მნიშვნელოვანია, ასევე, ემიგრანტების ჩართულობა. ისინი გვწერენ კიდეც, როგორ შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში. ეს შეიძლება იყოს ერთი ადამიანის აქციაც, გამოვიდეს საკუთარი მიზეზით, დააფიქსიროს პოზიცია, გადაიღოს ფოტო და დადოს.

შეიძლება იყოს ჯგუფური პროტესტი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისმოდეს ემიგრანტების ხმა, რადგან მათ უნდა გაიტანონ ჩვენი ხმა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ისევე როგორც მათი ხმა არის ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანი, რადგან მათ უჭირავთ ოჯახები, მათი დაფინანსებით ცხოვრობს უმრავლესობა და მათი პოზიცია ჩვენთვის ყოველთვის სწორი იყო.

  • „ტალღას“ ჯგუფში ჩვენ გადავხედეთ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რის გამოც ითხოვენ ადამიანები ხელისუფლების წასვლას. საკმაოდ ვრცელია ეს ჩამონათვალი. ყველა ეს მიზეზი ერთდროულად გაჟღერდება, თუ ეტაპობრივად?

კი, ყველა მიზეზი იქნება წარმოდგენილი. დღეს, 19:00 საათზე, ვიწყებთ ამ მოძრაობას, არ ველოდებით დიდი რაოდენობით ადამიანების მოსვლას, შეიძლება 10-15 ადამიანი ვიყოთ, ასე იწყებოდა „გუდიაშვილის“ მოძრაობებიც, 5 კაცით დავიწყეთ თავის დროზე, მაგრამ  მნიშვნელოვანია ჩვენი მოტივაცია.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის რთული პროცესი, მაგრამ შევდივართ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ჩვენი იმედი, რომ გვაქვს ძალა, ეს ტალღა გავზარდოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამას დრო დასჭირდება.

იქნება შემოქმედებითი აქტივობებიც, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია იმ ხალხს, ვინც აქციაზე არ გამოდის და შეიძლება ამ ტალღასაც არ ადევნებს თვალს.

სტრატეგია, მიუხედავად იმისა, რომ გზადაგზა მუშავდება, მნიშვნელოვანი ფაქტორია. თვითორგანიზებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთ დროს ყოველთვის უფრო ხალასია ასეთი ტიპის მოძრაობა, მაგრამ თვითორგანიზებასაც სჭირდება ორგანიზება. ამაზე ცალკე გუნდი მუშაობს და ადამიანებს საჭიროებების თვალსაზრისითაც ვიმატებთ. მაგალითად, იურისტი გვჭირდება, მხატვარი თუ პიარის სპეციალისტი, აქედან გამომდინარე ხდება ჯგუფების დაკომპლექტებაც.

  • ბუნებრივია, ამ მოძრაობას „ქართული ოცნება“ მშვიდად არ შეხვდება. ალბათ იტყვიან იმასაც, რომ „ნაციონალები“ დგანან თქვენ უკან. რა ტიპის წინააღმდეგობებს ელოდებით ამ პროცესში?

აბსოლუტურად ყველაფრის მოლოდინი გვაქვს, დაკავებიდან დაწყებული, დისკრედიტაციით დამთავრებული. უბრალოდ, ძალიან სასაცილო იქნება ასეთი რიტორიკის ჩვენი მისამართით გაჟღერება, რადგან ჩვენ ზუსტად ის ხალხი ვართ, ვინც წინა ხელისუფლების დროსაც 9 წელი ქუჩაში ვიდექით და ახლაც ქუჩაში ვდგავართ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვინ რას აკეთებს.

ამას ვერ ავცდებით, ასეთი რიტორიკა აუცილებლად იქნება, ამის შიშით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს, თავს ვერ შევიკავებთ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას ამის თავი რომ ჰქონოდა, აქამდეც გააკეთებდა რამეს. მასაც არ შეუძლია ამის გაკეთება. აქ არის საუბარი რევოლუციურ მიზანზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ, აი, ამ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნით შევქმნით იმ მოცემულობას, რაც შემდეგ შეცვლის რეალობას.

ამისთვის საჭიროა სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, პარტია-პარტია, საზოგადოებიდან პიროვნებამდე ყველასთან მისვლა, ყველასთვის ახსნა, რატომ ვითხოვთ ამას. მედიასაც უზარმაზარი როლი აქვს ამ საქმეში, ეს არის დიდი პროცესი და აქ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულობის გარდა საკუთარ თავს არაფერს არ ვუქმნით.

ყველას ჩვენი პროფესია გვაქვს, ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება, რადგან არათუ ჩვენი, მოქალაქეების  ინტერესები ილახება ქვეყნის შიგნით, არამედ უკვე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს რეპუტაციის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და თუ გვაქვს ღირსება, და ვფიქრობ, რომ გვაქვს, უნდა დავამტკიცოთ, უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ.

  • ამ მოძრაობის მიზანი არის ვადამდელი არჩევნები?

ეს არის მიზანი. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვაყენებ საკითხს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს.

პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი, რადგან როცა ეს ხელისუფლება წავა, შემდეგ ჰაერში ხომ არ დავრჩებით. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ყველაფერი არაძალადობრივი გზით განვითარდეს და არ მოხდეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ფინანსური კოლაფსი, ამიტომ ვსვამთ მათთან კითხვებს, რა არის ამისთვის საჭირო.

საჭიროა ვადამდელი არჩევნების მომზადება, ხომ? საჭიროა საარჩევნო სისტემის გამართვა, კოდექსის კიდევ ერთხელ გადახედვა, ამისთვის საჭიროა თავად პარტიები დასხდნენ და შეთანხმდნენ თანამშრომლობის თუ არა, თამაშის საერთო წესებზე მაინც.

მე არ მაინტერესებს ვინ როდის სად იყო. ისინი ხშირად ასე ელაპარაკებიან ხოლმე ერთმანეთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია ვალშია საზოგადოებასთან, მათ ერთმანეთთან ამ ენაზე ლაპარაკის უფლება არ აქვთ.

მათ აქვთ ვალდებულება, რომ დასხდნენ და შეთანხმდნენ საერთო გეგმაზე. საარჩევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან და შემდეგ იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს დღის წესრიგს ვქმნით, ჩვენ უნდა მოგვაწონონ თავი, რადგან ჩვენ ვწყვეტთ ინდივიდუალურად ვის მივცემთ ხმას.

პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ უფლება, რაღაც დათქმები და წითელი ხაზები ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის დროს, როდესაც გადასარჩენია ქვეყანა.

  • თუმცა აქ არ მოიაზრებთ, ვთქვათ, პრორუსულ და ძალადობრივ პარტიებს, არა?!

აბსოლუტურად გამოირიცხებიან ისინი, რადგან არ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, არამედ ისინი არიან ხელოვნურად შექმნილი მეხუთე კოლონა და რა თქმა უნდა, მათთან არანაირ თემაზე, არც ერთ საკითხზე დალაპარაკების მცდელობაც კი არ გვექნება.

  • იყო განხილვები იმაზეც, რომ პოლიციას არ უნდა მიეცეს მოქალაქეების დაკავების საბაბი. ითქვა, რომ რაღაც ეტაპზე არ იყოს გამოყენებული, ვთქვათ, შეძახილები –  „მონა“, „პუტინ ხუილო“ და ასე შემდეგ. 

ვფიქრობ, სრულიად ლეგიტიმურია ეს ფრაზებიც,  თუმცა ამით არ ვიწყებთ, პირველ ეტაპზე ეს იქნება ჩუმი აქცია, დუმილის აქცია. რა მოთხოვნებიც იქნება აქციაზე მოქალაქეების მხრიდან წარმოჩენილი, პოლიცია ამას პროვოკაციის მიზნით ვერ გამოიყენებს. ყველას ვპირდებით, რომ ესეც ტაქტიკის ნაწილია, მაგრამ როცა ვიქნებით ბევრნი, იქ ცენზურა ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ იქნება.

  • ამ ყველაფერს სჭირდება რესურსები, როგორ აპირებთ მოძიებას?

ამ ეტაპზე ანგარიშიც კი არ გვაქვს გახსნილი, რომ საზოგადოებას მოვუწოდოთ ფინანსური დახმარებისკენ. ყველა ვწერთ მოთხოვნებს იმაზე, რაც გვექნება, იქნება ეს მუყაოს ყუთის ნაჭერი თუ მეორადი ქაღალდი.

შესაბამისად, როცა არის საუბარი, ვთქვათ, იმაზე, რომ გავაკეთოთ კლიპი ან ვიდეორგოლი, უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ენთუზიაზმით გააკეთებენ. ჯერჯერობით ასე მივდივართ.

  • როგორ ფიქრობთ, გადადგება ხელისუფლება?

გადადგება.

Social Impact Award 2022 იწყება

Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამა Social Impact Award-ს. პროგრამის გახსნითი ღონისძიება და საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 14 აპრილს ონლაინ. პროექტი ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2022 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში.

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

ზედა თხილვანაში მეწყერი ჩამოწვა, 3 ოჯახი გაიყვანეს

9 აპრილს ხულოში, სოფელ ზედა თხილვანაში, მეწყერი ჩამოწვა. როგორც „ბათუმელებს“ მამუკა ქამაშიძემ უთხრა, მერის წარმომადგენელმა თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეწყერსაშიშ ზონაში სულ სამი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც უსაფრთხო ტერიტორიაზე არიან გაყვანილები.

მამუკა ქამაშიძის თქმით, ადგილზე გეოლოგებმა დღეს, 11 აპრილს, იმუშავეს და მათ დასკვნას უახლოეს მომავალში ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ზედა თხილვანაში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ სამ ოჯახთან დაკავშირებით რა ზომებს უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტმა.

„ფაქტობრივად, ყოველ დღე იმატებს ადგილზე მეწყერი. შაბათს რომ ვიყავი, იმასთან შედარებით მომატებულია ბზარები და ნაპრალები.

მიმდებარედ მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს, სახლები დაზიანებული არ არის, მათი გადაყვანა უსაფრთხოების მიზნით მოხდა. ხულოს მერი იყო ადგილზე მოსული, ველაპარაკე და სამივე ოჯახი ქირით გადავიყვანეთ ისევ სოფლის ტერიტორიაზე. 2 ოჯახი ნათესავთან დაბინავდა, 1 ოჯახი კი – მეზობლად, დაკეტილ სახლში შევიდა საცხოვრებლად“, – გვითხრა მამუკა ქამაშიძემ.

ზედა თხილვანა. ფოტო: მამუკა ქამაშიძე

ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტს მიმართა და იარაღის მიწოდება სთხოვა

დღეს, 11 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პარლამენტს მიმართა ვიდეოჩართვით.

მან სამხრეთ კორეას იარაღით დახმარება სთხოვა.

„უკრაინისთვის იარაღის მიცემა ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენას, არამედ სხვა სახელმწიფოებისა და სხვა რეგიონების გადარჩენას რუსული აგრესიისგან,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მან თქვა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, თვითმფრინავები, ტანკები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა.

„47 დღის განმავლობაში უკრაინა იცავს თავს პრაქტიკულად მთელი რუსული არმიისგან. ჩვენი შეიარაღებული ძალები იბრძვიან გმირულად, გონივრულად, ხელმისაწვდომი რესურსებისა და იარაღის გამოყენებით. მე გულწრფელად მადლობელი ვარ კორეის რესპუბლიკის, მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ჩვენ ბევრად მეტი გვჭირდება,“ – უთხრა ზელენსკიმ კორეელ პარლამენტარებს.

ზელენსკი უკვე მეოთხე კვირაა ვიდეოჩართვით მიმართავს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს მოწოდებით და თხოვნით, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის თავდასხმის მოგერიებასა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში.

 

ხარკოვში 11 ადამიანი დაიღუპა ერთ დღეში, მათ შორის, 7 წლის ბავშვი – სამხედრო ადმინისტრაცია

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქზე 66-მდე საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

სინეგუბოვის ცნობით, დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ერთი 7 წლის ბავშვი. რუსეთის საომარი ქმედებების შედეგად დაიჭრა 14 მშვიდობიანი მოსახლე.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ ხარკოვში სხვადასხვა ადგილას პოულობენ ნელი მოქმედების, დაახლოებით 1,5 კგ. წონის ნაღმებს.

„არ აიღოთ ასეთი საბრძოლო მასალა ხელში, არ მიუახლოვდეთ, დანახვის შემთხვევაში სასწრაფოდ გამოიძახეთ მაშველები 101-ზე“ – წერს სინეგუბოვი.

ასე გამოიყურება ნაღმი, რომელზეც სინეგუბოვი წერს

დღეს, 11 აპრილს, უკვე 47-ე დღეა, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა უკრაინას. საომარი მოქმედებები გრძელდება.

______________

ხარკოვი. EPA-EFE/VASILIY ZHLOBSKY

„არ გაებათ“ – კულებას თქმით, რუსეთი აპირებს ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, უცხოურ მედიასა და პოლიტიკოსებს რუსეთის მხრიდან სავარაუდო მასიური დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ აფრთხილებს. კულებას თქმით, სწორედ ისინი იქნებიან რუსეთის სამიზნე უკრაინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რათა ხელი შეუშალონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

„რუსეთმა იცის, რომ იარაღის მიწოდება არსებითად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ამიტომ რუსეთი მობილიზებულია ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მოწოდებას. მოსკოვი ამზადებს მასიურ საინფორმაციო კამპანიას, რომლის სამიზნეც უცხოური მედია და პოლიტიკოსები არიან. მათმა (რუსების) ტროლების ქარხანამ შესაძლოა გამოგიგზავნოთ დასპამული მეილები და წალეკონ კომენტარები უკრაინის შესახებ დეზინფორმაციით. არ გაებათ,” – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის twitter-ზე.

___

უკრაინა პარტნიორებს სთხოვს, დროულად მიაწოდონ შეიარაღება. რუსეთი ამ დროისთვის თავისი საჯარისო შენაერთების გადაადგილებაზე მუშაობს, რათა მასირებული შეტევა განახორციელოს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში [დონბასში].

„ხამს მოყვარე მოყვრისათვის“ – უკრაინის რადის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პასუხობს

უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, უპასუხა შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ბუჩაში მიწვევას „არასათანადო“ უწოდა, იქ ჩასვლაზე უარი განაცხადა და სტეფანჩუკს უსაყვედურა.

უკრაინის რადის სპიკერმა საქართველოსა და სხვა საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკე.

პაპუაშვილმა 8 აპრილს განაცხადა, რომ ისურვებდა, „უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს“.

„კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც უკრაინა სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. არიან ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ცალკეულ საკითხებში გვეხმარებიან“, – დაწერა სტეფანჩუკმა 10 აპრილს გავრცელებულ საპასუხო საჯარო წერილში ფეისბუკზე.

„ჩვენ ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი, მამაცი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში დგას ჩვენს დამცველებთან და იცავს უკრაინას რუსული შემოჭრისგან. ისევე, როგორც ბევრი უკრაინელი დაუდგა საქართველოს გვერდით 2008 წელს“, – დაწერა სტეფანჩუკმა.

მისი განცხადებით, „მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს“.

„არის თუ არა სათანადო, „არასათანადო“ უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლას, დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები“? – კითხულობს რადის სპიკერი და აცხადებს:

„მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა გააკეთოს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი აზრით, დიდი შოთა რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვა:

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“.

______________

ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

 

ხვალ ბათუმში გაავდრდება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 11 აპრილს, ბათუმში თბილი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 12 აპრილს კი, ბათუმში გაავდრდება.

ხვალ ბათუმში და მთელს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, დღისით – ზოგან ძლიერი. აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი – 10-15, ზოგან 18-23 მეტრი წამში.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა – 4-5 ბალი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: -2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 13 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 14 აპრილს კი გამოიდარებს და მომდევნო 2 დღეს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 19 500 ადამიანი
  • ტანკი – 725 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 923 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 347 ერთეული
  • MLRS – 111 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
  • თვითმფრინავი – 154 ერთეული
  • ვერტმფრენი – 137 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 387 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 119
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 129 თვითმფრინავი
  • 99 შვეულმფრენი
  • 441 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 079 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 239 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 909 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 003 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ 10 აპრილის დილის მონაცემებით, მხოლოდ კიევის ოლქში, დროებითი ოკუპაციის პერიოდში დახოცილი 1222 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 7 ჟურნალისტი მოკლეს და 11 დაჭრეს.

„მორიგი შეტევა დაიწყება დაახლოებით 10 დღის ფარგლებში და ეს გაცილებით მძიმე იქნება, რაც აქამდე იყო,“ – მძიმე პროგნოზი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს რუსეთ-უკრაინის ომზე:

[yellow_box]რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„მეუბნებოდნენ, რომ დამასახიჩრებდნენ და მომკლავდნენ“ – 8-დღიანი ტყვეობის ამბავი

უკრაინიდან ლტოლვილი ფიზიოთერაპევტი ბათუმში სამსახურს ეძებს

ნატალია ოლეინიკი ბათუმში ერთი თვის წინ ჩამოვიდა უკრაინიდან 12 წლის შვილთან ერთად. კიევიდან გრძელი გზა გამოიარეს. უკრაინაში ნატალიამ 21 წლის შვილი და ქმარი დატოვა, რომლის პატარა მაღაზიამაც ომის დაწყების შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა. ნატალია ამბობს, რომ სხვა უკრაინელებისგან განსხვავებით მას გაუმართლა, რადგან კიევის დასავლეთით ცხოვრობს, იმ ნაწილში, სადაც დაბომბვები არ ყოფილა და მისი სახლი ახლაც დგას. ამბობს, რომ ეს შინ მშვიდობით დაბრუნების დიდ იმედს აძლევს.

„როგორ კარგადაც არ უნდა გხვდებოდნენ უცხო ქვეყანაში, მაინც შინ, სახლში გინდა“, – ამბობს ნატალია.

მას გაუმართლა, რომ ახლობლებმა დაუთმეს ბინა ბათუმში და ქირის გადახდა არ უწევს.

„იღბლიანობის“ მიუხედავად, ნატალიას იგივე ფიქრები აქვს, რაც უკრაინიდან ლტოლვილ ყველა ადამიანს: არ იცის, რა იქნება ერთი ან ორი თვის შემდეგ, როცა მის საკრედიტო ბარათზე შავი დღისთვის გადანახული მცირე დანაზოგი ამოიწურება და მოუწევს იფიქროს იმაზე, თუ როგორ ირჩინოს თავი და არჩინოს 12 წლის შვილი უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში.

ნატალია ფიზიოთერაპევტია. ახლა ბათუმში ეძებს სამსახურს. ამბობს, რომ ერთჯერადი დახმარებების მიღება ეუხერხულება და ისურვებდა საკუთარი საქმით გამოემუშავებინა ყოველთვიურად საჭირო ფული.

ნატალია ოლეინიკი, ფიზიოთერაპევტი

„შეიძლება მოვიდე და ადგილზე გავარჯიშოთ თქვენს ოფისში?“ – მეკითხება ნატალია.

„არის ასეთი პრაქტიკა, ოფისში ვარჯიშის“ შემიძლია მოვიდე და გავარჯიშოთ, როცა და რამდენი ხნითაც გექნებათ დრო“, – მეუბნება ნატალია.

„კარგით, ვიკითხავ და გეტყვით აუცილებლად,“ – ვუპასუხე. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სამსახური ამისთვის შეუსაბამო ადგილია, ვერასდროს ვგეგმავთ, როდის ვართ ოფისში, როდის გარეთ და ამ ტიპის სერვისიც საერთოდ მოუხერხებელია ჩვენთვის.

„თუ შეგიძლიათ მოუყვეთ ჩემ შესახებ თქვენს ნაცნობებს, იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვისაც ჩემი დახმარება დასჭირდება. ცოტას ვიმუშავებ, თან სხვებს ტკივილს შევუმსუბუქებ. ორთოპედიული დანიშნულების იყო რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ვმუშაობდი უკრაინაში, „ოლიმპი“ ერქვა.

ვავარჯიშებდით ხალხს, ვისაც სტკიოდა კისერი, ზურგი, წელი, მუხლები, ვისაც ჰქონდა ოსტეოქონდროზი. ვმუშაობდი ბრტყელტერფიან პაციენტებთანაც. პატარა ბავშვებს არ ვავარჯიშებ. ამას სხვა ტიპის სპეციალისტი სჭირდება, 7 წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველები შემიძლია ვავარჯიშო.

პაციენტებს ასევე ვეხმარები პოსტოპერაციული ტრავმების დაძლევაშიც“, – გვეუბნება ნატალია.

ნატალია ოლეინიკი, ფიზიოთერაპევტი

დილით 12 წლის შვილს აცილებს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ახლახან მიიღეს. მერე ქმარს და შვილს ელაპარაკება კიევში, რომ დარწმუნდეს კარგად არიან.

მერე დარბაზებს ეძებს ბათუმში, სადაც მომავალი პაციენტების მიღებას შეძლებს და რეაბილიტაციაში დაეხმარება ყველას, ვისაც ეს დასჭირდება.

„მთავარი პრობლემა ჩემთვის ინვენტარი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ვიპოვე ბათუმში ერთი გოგო, რომელსაც აქვს საკუთარი დარბაზი აღჭურვილობითა და ინვენტარით. ეს გოგო დამპირდა, რომ დროს გამომიყოფს დარბაზში, თუ ვარჯიშის მსურველები გამოჩნდებიან და თუ დავსაქმდები ჩემით“, – ამბობს ნატალია და ეძებს პაციენტებს ყველგან, სადაც ხმა მიუწვდება: ფეისბუქგვერდებზე პოსტებით, ნაცნობებთან სატელეფონო ზარებით და უცნობებთანაც, რომლებსაც დაწვრილებით უხსნის, რა ტკივილის შემთხვევაში როგორი ვარჯიშია საჭირო.

დადასტურდა კოვიდის 107 ახალი შემთხვევა, 6 პაციენტი გარდაიცვალა

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 5 489 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 6 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, საქართველოში 412 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინკაში.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1,95 პროცენტი.

 

„მეუბნებოდნენ, რომ დამასახიჩრებდნენ და მომკლავდნენ“ – 8-დღიანი ტყვეობის ამბავი

უკრაინელმა ჟურნალისტმა, ოლეგ ბატურინმა, რუსი სამხედროების ტყვეობაში 8 დღე გაატარა. გათავისუფლებიდან ორი კვირის შემდეგ, მისი ისტორია ბრიტანულმა The Observer-მა გამოაქვეყნა.

______________

12 მარტს, სადილის დრო იქნებოდა, როდესაც ოლეგ ბატურინს, ოკუპირებულ ხერსონში მცხოვრებ ჟურნალისტს, უცხო ნომრიდან დაურეკეს. აქტივისტი სერგი ციგიპა იყო. „ძალიან მჭირდება შენი ნახვა, კახოვკაში მოვალ“, – უთხრა მშვიდი ხმით. შეთანხმდნენ, რომ ასე, საღამოს 5 საათისთვის, ქალაქში, ავტობუსის გაჩერებასთან შეხვდებოდნენ.

43 წლის ოლეგ ბატურინმა, რომელიც დამოუკიდებელი გამოცემა Novyi Den-ის ჟურნალისტია, ოჯახი გააფრთხილა სადაც მიდიოდა, პირადობის მოწმობა და ტელეფონი შინ დატოვა და შეხვედრის ადგილისკენ გაემართა. თუმცა ციგიპა არ დახვდა. ეს ხაფანგი იყო. როგორც კი უკან დაბრუნდება დააპირა, მიკროავტობუსის კარის მიჯახუნებისა და მისკენ მიმავალი რამდენიმე ადამიანის ფეხის ხმა გაიგონა.

მომდევნო 8 დღე ტყვეობაში იმყოფებოდა. წყალს, საკვებსა და მედიკამენტებს ძალიან მცირე რაოდენობით აძლევდნენ. ორი კვირა ხდება, რაც გაათავისუფლეს. ოთხი ნეკნი აქვს გატეხილი. იხსენებს, როგორ კითხავდნენ, აწამებდნენ, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, რომ არც მის ოჯახს დაადგებოდა კარგი დღე.

„დაიჩოქე, ძუკნა!“, – დაუყვირეს რუსმა სამხედროებმა დაკავებისას. ძირს დააგდეს, ხელები უკან გადაუგრიხეს და ხელბორკილები დაადეს. ვიდრე მიკროავტობუსში შეათრევდნენ, ზურგსა და მუხლებში კონდახებს ურტყამდნენ და დაჰყვიროდნენ – „რა გქვია? სადაა შენი მოწმობა? სადაა შენი ტელეფონი?“.

„პირველი დაკითხვის დროს, ჩემმა ჯალათებმა მითხრეს, რომ მეძებდნენ, რომ შურისძიება სურდათ ჩემზე, როგორც ჟურნალისტზე, ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო.“

„მაწამებდნენ, მემუქრებოდნენ, რომ დამასახიჩრებდნენ და მომკლავდნენ. უამრავ სულელურ შეკითხვას მისვამდნენ – ვინ არის უკრაინული პროტესტების ორგანიზატორი ხერსონში, ვის აქვს ტელეგრამის არხები, ვის აქვს იარაღი ან არიან თუ არა აქ აქტივისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები ბელარუსიდან“, – იხსენებს ჟურნალისტი.

ამბობს, რომ „რუს ოკუპანტებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ  – როგორმე დააშინონ და გატეხონ უკრაინის მოქალაქეები, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაანადგურონ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.“

იარაღის მუქარით ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლითაც „ის მზადაა რუსეთის ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს“. იმ ღამით, ნოვა კახოვკის პოლიციის განყოფილებაში ოლეგს სცემეს და რადიატორზე მიაბეს. დილით ხელი საშინლად გაუსივდა. იცოდა, რომ შეიძლებოდა იმ განყოფილებაში მომკვდარიყო.

ოლეგ ბატურინს ყოველთვის უსამართლობის, კორუფციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი, უკომპრომისო, მამაცი ჟურნალისტის სახელი ჰქონდა.

ზუსტად დაკავებამდე ელაპარაკა კოლეგებს, რომლებმაც რუსეთის ახალი კანონისა და 15 წლით ციხეში მოხვედრის შიშით სოციალური მედიის გვერდები და ვებსაიტები დახურეს. ბატურინი ფიქრობდა, რაში შეიძლებოდა დაედანაშაულებინა რუსეთის ხელისუფლებას, თუმცა როგორც ამბობს, მისთვის კონკრეტული ბრალდება არ წაუყენებიათ.

შემდეგი დილა წინაზე უარესი გამოდგა. თავს არიდებს დეტალების მოყოლას, მხოლოდ ამბობს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოკვლით დაემუქრნენ და სხვა ადგილას გადაიყვანეს.

ბატურინი იხსენებს, რომ სხვა დაკავებულებთან ერთად წაიყვანეს ნოვა კახოვკის მერიისკენ, სამოქალაქო მანქანით, რომელშიც უკრაინული მუსიკა იყო ჩართული. უჩვეულო სიმშვიდეს გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთს ელოდა, აი, ახლა მიაყენებდნენ კედელთან ან მინდორში გაიყვანდნენ და იქ დახვრეტდნენ. ერთადერთი, რაც იმ მომენტში ადარდებდა, მისი ოჯახი იყო.

დანიშნულების ადგილას ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ მივიდნენ. იქაურობა სამხედროების საწვრთნელ ბაზას ჰგავდა. ესმოდა ჯარისკაცები ლაპარაკი და წამლების მკვეთრი სუნი სცემდა. ალკოჰოლისა და საჭმლის მყრალი სუნი იდგა ოთახშიც, რომელშიც შეიყვანეს.

ციგიპას ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ ისიც გაიტაცეს და აიძულეს მისთვის დაერეკა. შეეშინდა, ხომ შეიძლებოდა, ისიც ეიძულებინათ ვინმესთვის დაერეკა და ხაფანგში შეეტყუებინა. პირველად მისცეს უფლება, ტუალეტში შესულიყო და ერთი ჭიქა წყალი დაალევინეს. დაკავებიდან 45 საათის განმავლობაში არაფერი უჭმევიათ.

დაიწყო ხელახალი დაკითხვები – ვინ იყო ხერსონის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, ვის ჰქონდა ტელეგრამ არხები ქალაქში, თუ იცნობდა ბელარუს ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. შეკითხვები მეორდებოდა, თუმცა თანდათან ეჩვენებოდა, რომ ეს ინფორმაცია რუსებს დიდად არ აინტერესებდათ. ეს ყველაფერი ფარსი იყო, თითქოს თამაშობდნენ დაკითხვას. „გაგიმართლა, რომ მე მშვიდი ადამიანი ვარ“, – უთხრა ეფ-ეს-ბე-ს ოფიცერმა და დაამატა, რომ გვერდით ოთახში უფრო სასტიკი მეთოდებით მიდიოდა გამოძიება.

მომდევნო დღეებში საკნები ახალი მიყვანილებით გაივსო – ძირითადად ვეტერანებით, ვინც დონეცკსა და ლუგანსკში იბრძოდა. ესმოდა მათი განწირული ყვირილი, რადგან ყოველდღე სცემდნენ. ამ ხმების მოსმენა ცალკე წამება იყო.

დაკითხვები ქაოსური გახდა, „გამომძიებლები“ ყოველ ჯერზე იცვლებოდნენ, დაკითხვის დროც მუდმივად იცვლებოდა, არასდროს იცოდა, როდის შევიდოდნენ და გაიყვანდნენ. საღამოობით დაცვა ჩამოივლიდა და ყველას ეკითხებოდა, – „ყველაფერი რიგზეა?“  – ვისგანაც პასუხს ვერ მიიღებდნენ, საკანში უვარდებოდნენ და სცემდნენ.

საკანში მხოლოდ წყლის ონკანი და იატაკში ამოჭრილი ორმო იყო. არც საწოლი, არც ტუალეტის ქაღალდი.

18 მარტს, კოვიდ ტესტის საბაბით, მისი დნმ და თითის ანაბეჭდები აიღეს და ბაზაში შეიტანეს. ფოტოც გადაუღეს. ორი დღის შემდეგ, 20 მარტს უთხრეს, – „აიღე შენი ნივთები, სახლში უნდა წაგიყვანოთ“.

პროტესტი კახოვკაში. ფოტო ოლეგ ბატურინის ფეისბუკის გვერდიდან.

როდესაც შინ დაბრუნდა, ბედნიერი იყო, რომ შეეძლო ქუჩაში გასულიყო, ჰაერი ჩაესუნთქა, უკრაინის დროშებისთვის შეეხედა და ოჯახს ჩახუტებოდა. პირველ ღამეს ვერ დაიძინა. ცოტათი მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, რაც თავისი 8-დღიანი ტყვეობის ამბავი მის სანახავად მისულ მეგობრებს მოუყვა.

___

მთავარი ფოტო: ოლეგ ბატურინი

რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე

მარტოხელა დედამ, ლალი აბსავამ, 2013 წელს გაყიდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი სახლი იმ იმედით, რომ უკეთეს უბანში, შუაგულ ქალაქში აუშენებდა კომპანია „სახლი პიაცასთან“ ახალ ბინას – მაზნიაშვილის ქუჩის №35-ში.

ამის შემდეგ ლალი აბსავა შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. 8 წელია ელოდება მშენებლობის დასრულებას, მაგრამ ამაოდ. დასრულებული სახლის ნაცვლად ახლა ამ ადგილას ჭაობსა და ნესტში ჩაფლული კედლებია, ერთმანეთთან ნახევრად დანგრეული კიბეებით დაკავშირებული. ლალის, წესით, მეხუთე სართულზე უნდა მიეღო ბინა. თუმცა დაუსრულებელ შენობაში ამ სართულს სახურავიც კი არ აქვს და კედლებს წლებია აწვიმს:

„2014 წლის მერე წასასვლელი არსად მაქვს, ხან რომელ მეგობართან მიწევს ცხოვრება და ხან რომელთან. ამ დაუსრულებელ სახლში მეორე-მესამე სართულებზე შესახლებულია ხალხი, საშინელ, აუტანელ პირობებში, მაგრამ რაღაცნაირად კარი შეაბეს კედლებს და გასათევი აქვთ, მე სად შევეფარო, სახურავიც არ აქვს ჩემს სართულს. ყველასთან ნამყოფი ვარ, ვინც ასე თუ ისე შესახლდა ამ დაუსრულებელ მშენებლობაში: განშლის გარეშე დატოვებულ, გადაუტიხრავ ფართობებში შესახლდნენ, საშინელ პირობებში“, – გვეუბნება ლალი აბსავა.

ბათუმი. დაუსრულებელი მშენებლობა მაზნიაშვილის № 35-ში, სადაც 8 წელია ელიან ოჯახები კუთვნილი ბინების მიღებას

ამავე სახლში ეკუთვნის ბინა გოჩა დუმბაძესაც. ე.წ. იტალიურ ეზოში არსებული მისი სახლი აიღეს და სანაცვლოდ მხოლოდ რამდენიმე, დაუსრულებელი სართული ააშენა კომპანიამ „სახლი პიაცაზე“.

„კომპანიას „სახლი პიაცაზე“ ორი მეწილე ჰყავს: გიორგი ჟორჟოლიანი და ვოვა შენგელია. თავად ვერ გაურკვევიათ ვინ სად და რა დახარჯა. სად წავიდა ბინის ასაშენებელი ფული. ერთად ამ ხალხს თავი ვერ მოვუყარეთ, რომ ვისაუბროთ. ერთმანეთს წლებია უჩივიან სასამართლოში. როცა ვოვა შენგელიას აქვს სასამართლო და ჟორჟოლიანს იძახებს, არ ცხადდება შენგელია, ჟორჟოლიანი წამოიწყებს სასამართლოს და შენგელია არ ცხადდება.

იმ შეთანხმებამდეც კი ვერ მივიდნენ, რომ ბინების განშლა ანუ ცალკეულ ბინებად დაყოფა გაეკეთებინათ“, – გვიყვება გოჩა დუმბაძე.

დაუსრულებელ და დაზიანებულ შენობაში 12 ოჯახია შესახლებული გაუსაძლის პირობებსა და სახელდახელოდ ამოყვანილ კედლებში. სახლის საყრდენ ბოძებს დაჭაობებული წყალი აქვს შემდგარი და იქ შესახლებულები შიშობენ, რომ ჩამონგრევის საშიშროება დგას.

დაუსრულებელ მშენებლობას შეფარებულები არიან ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.

კომპანია „სახლი პიაცაზეს“ დირექტორი, გიორგი ჟორჟოლიანია 2016 წლიდან, თავადვეა კომპანიის 60% წილის მფლობელი.  კომპანიის 40%-ს მაკა შენგელია ფლობს.

კომპანიას დასრულებული სახლი მცხოვრებლებისთვის 2014 წელს უნდა ჩაებარებინა. 2016 წლამდე კომპანიის დირექტორი ვოვა(ვლადიმერ) შენგელია იყო – მაკა შენგელიას მეუღლე.

ბათუმი. დაუსრულებელი მშენებლობა მაზნიაშვილის № 35-ში, სადაც 8 წელია ელიან ოჯახები კუთვნილი ბინების მიღებას

2016 წლის მერე  კომპანიის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი ხდება.

ორივე მეწილე წლებია ერთმანეთს სასამართლოში უჩივის სხვადასხვა მიზეზით. მეწილე მაკა შენგელიას მინდობილობით მას მეუღლე, ვლადიმერ შენგელია წარმოადგენს დავებისას. თაღლითობის ბრალდებით ვლადიმერ შენგელია სასჯელს იხდიდა ამ სახლის გამო, გიორგი ჟორჟოლიანის ქონება კი სასამართლომ ამავე მშენებლობის დაუსრულებლობის გამო დააყადაღა.

2016 წლამდე კომპანიის დირექტორი, ვლადიმერ შენგელია ამბობს, რომ გიორგი ჟორჟოლიანი თაღლითურად შევიდა კომპანიაში როგორც მეწილე. შენგელიას თქმით კი, ჟორჟოლიანს 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა შეეტანა კომპანიაში, თუმცა მხოლოდ 250 ათასდოლარიანი ინვესტიციით მივიდა და კომპანიის 20%-იანი წილიც ამიტომ მიიღო თავიდან. შეთანხმების მიხედვით, როგორც ვლადიმერ შენგელია ამბობს, ჟორჟოლიანს ნელ-ნელა უნდა გაეზარდა ინვესტიცია მშენებლობის დასასრულებლად. მისი თქმით, ეს არ მომხდარა.

„კომპანიაში ჟორჟოლიანმა ჩამონერგა ვლადიმერ არობელიძეც, რომელმაც ასევე ჟორჟოლიანთან შეთანხმებით კომპანიას დიდი ზიანი მიაყენა და მიზნად ჰქონდათ თაღლითური გზით ზედმეტი შემოსავლის მიღება.

ჟორჟოლიანის დირექტორობის პერიოდში ანუ 2016 წლიდან დღემდე ვერ ნახავთ ვერცერთ დოკუმენტს, რომელიც აქვს შექმნილი. არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ კომპანიას ხუნძლავდა ვალებით“, – ამბობს „სახლი პიაცაზეს“ ყოფილი დირექტორი.

საპირისპირო რამეს ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“. მისი თქმით, ის მხოლოდ ფორმალურად იყო კომპანიის დირექტორი და სინამდვილეში, ფინანსებზე წვდომა მხოლოდ ვლადიმერ შენგელიას ჰქონდა.

„იცით თქვენ მე რამდენი ეკლესია მაქვს აშენებული ქუთაისში?” – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს კომპანიის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი და აგრძელებს:

„186 ათასი ლარი ჩამოვიტანეთ მანდ მე და ჩემმა პარტნიორმა, ანზორ მიქელაძემ და სად წაიღო ეს ფული, რატომ არ დაახარჯა სახლის დასრულებას?

სამჯერ და ოთხჯერ გაყიდა თაღლითურად მაზნიაშვილის ქუჩაზე თითო ბინა ვლადიმერ შენგელიამ და ამის გამო იჯდა კიდეც ციხეში.

ახლა მაზნიაშვილის ქუჩაზე ამ მშენებლობას ყადაღა ადევს და მე კი არა, ვერავინ შეძლებს მანდ ვერაფერს.

იმდენი ქნა შენგელიამ, რომ სახლი აუქციონამდე მიიყვანა და კიდევ მე დავიხსენი, მერე კი ყადაღა დაედო.

მე მხოლოდ თანხა შემქონდა კომპანიაში და რატომ არ დაასრულა სახლი? ჯერ კიდევ არაა დასრულებული ჩვენი სასამართლო დავები“, – ჰყვება კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი.

ყოფილი დირექტორი, ვლადიმერ შენგელია გვიყვება ასევე, რომ  კომპანიას „სახლი პიაცაზე“ 18 სამშენებლო კომპანია ჰქონდა ბათუმის ტერიტორიაზე, რომლის მხოლოდ ნაწილის განხორციელება მოხერხდა. შენგელია ამბობს, რომ  ამის ძირითადი მიზეზი კომპანიის მეწილედ გიორგი ჟორჟოლიანის შემოყვანა იყო.

შენგელიას თქმით ჟორჟოლიანი კომპანიაში 250 ათასდოლარიანი პირველადი შენატანის შემდეგ,  მიზანმიმართულად ახორციელებდა ქმედებებს, რის გამოც შენგელიას მოუწია მისთვის დირექტორობა დაეთმო.

შენგელია ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ ჟორჟოლიანს არცერთი დოკუმენტი არ შეუქმნია, როგორც დირექტორს. მისივე თქმით 2016 წლის შემდეგ ჟორჟოლიანს ობიექტის მშენებლობაში არანაირი წვლილი არ შეუტანია და არაფერი გაუკეთებია.

ვლადიმერ შენგელიასა და გიორგი ჟორჟოლიანს სამართლებრივი დავა 2019 წლიდან აქვთ სასამართლოსა და პროკურატურაში ერთმანეთის წინააღმდეგ.

ჟორჟოლიანი გვიყვება, რომ მოხერხდა მხოლოდ ერთი დოკუმენტის გაფორმება 2019 წელს:  პარტნიორთა შეთანხმება ვალდებულების აღების თაობაზე, 40% მაგდა კალანდაძესა და 60% გიორგი ჟორჟოლიანზე.

„მაკა კალანდაძის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ჟორჟოლიანმა უარი განაცხადა ვალდებულებებით აღებული პასუხისმგებლობის შესრულებაზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თავისი ხელმოწერით, როგორც დირექტორს უნდა დაედასტურებინა ჩვენი შეთანხმება, ეს არ გააკეთა და დავიწყეთ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა, მანამდე რამდენჯერმე გავაფრთხილეთ წერილობით.

ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა, მას დაევალა ბინების განშლისთვის საჭირო პროცედურები დაესრულებინა და რეესტრში ყველა დაზარალებული ადამიანისთვის გაეფორმებინა საკუთრების უფლებით ფართები. მან ამას ხელი არ მოაწერა.

ვიცი რატომაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს: 2019 წელს გაფორმებულ შეთანხმებასთან შედარებით ახლანდელი შეთანხმებით მისი აზრით ნაკლებ ქონებას მიიღებდა და მიაჩნდა რომ დაზარალდებოდა.

ჟორჟოლიანის მთავარი მიზანია აუქციონის გზით ჩაიგდოს ხელში ქონება“ – ამბობს ვლადიმერ შენგელია.

მისივე თქმით მაზნიაშვილის ქუჩის მიტოვებული მშენებლობა 2016 წლიდან არაერთხელ გაიქურდა. აქ იყო მასალები და ინვენტარი, არაერთი განცხადებაა დაწერილი პოლიციაშიც, შენგელიას თქმით.

მისივე განმარტებით ჟორჟოლიანის ქონებები დაყადაღებულია არა იმიტომ, რომ მაზნიაშვილის ქუჩის მშენებლობა არ დაასრულა მან, არამედ იმიტომ, რომ კომპანიას ჟორჟლიანმა დუკუმენტურად დადასტურებული ზიანი მიაყენა 3 მილიონ 26 ათასი დოლარის ოდენობით.

„ვითხოვთ აუდიტის ჩატარებასაც, რომელიც დაადასტურებს, რომ ჟორჟოლიანის მიერ ჩვენთვის მოყენებული ზიანი 5 მილიონ დოლარსაც აღწევს“ – ამბობს ვლადიმერ შენგელია.

მაზნიაშვილის ქუჩის №35-ში მდებარე დაუსრულებელ მშენებლობას შეფარებული ოჯახები 8 წელია ელიან კუთვნილ ბინებს და სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში ცხოვრობენ: ნახევრად დანგრეულ კედლებსა და წვიმისგან დაზიანებული ბეტონის გროვაში.

________________________

ამავე თემაზე:

ყველა სართულზე გამოყენებული შპრიცები და მარიხუანის „ბონგები“ – კიდევ 1 კორპუსი ბათუმში

„აქ გავლა შეუძლებელი გახადეს“ – კურორტ „გოდერძისკენ“ მიმავალი გზა | ვიდეო

„გზაზე გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადეს… რეაბილიტაციის დაწყებამდე ამხელა პრობლემები არ იყო… მოხრეშვას ვითხოვთ და იმასაც არ აკეთებენ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე.

ეს კურორტ „გოდერძისკენ“, ასევე „ბეშუმისკენ“ მიმავალი გზაა. წლებია ხელისუფლება ამ გზის მოწყობის დაპირებას გასცემს, ტენდერებსაც ატარებს და სამუშაოებსაც, თუმცა მოქალაქე აღწერს, რომ შედეგი საპირისპიროა. „გზაზე ვეღარ დავდივართ საერთოდ,“ – ამბობს ის.

ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის შესახებ „ბათუმელები“ 2022 წლის იანვარშიც წერდა – კურორტ „გოდერძიზე“ ამ ზამთარშიც ტრანსპორტირება უგზოობის გამო პრობლემა იყო და გზა რამდენჯერმე ჩაიკეტა კიდეც.

მაშინ „ბათუმელებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში უთხრეს, რომ გზა კურორტ გოდერძიმდე 2023 წელს იქნება. თუმცა ამ უწყების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სამუშაოები 2022 წლის ზამთრის დადგომამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე 2020 წლამდე კომპანია „ტოდინი“ მუშაობდა, თუმცა ამ კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. „სინოჰიდროც,“ რომელმაც მორიგი ტენდერი მოიგო და მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, ასევე ვერ ასრულებს ვალდებულებას – სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო.

„ბათუმელები“ სამუშაო დღეებში გზების დეპარტამენტს ჰკითხავს, რატომ გაუარესდა გადაადგილება გოდერძისკენ მიმავალ გზაზე და რა ეტაპზეა ამჯერად გზის კეთილმოწყობა.

ბათუმი-ახალციხის გზა, ხულო, სოფელი რიყეთი, გიგლა ანთაძის ფოტო
ბათუმი-ახალციხის გზა, ხულო, სოფელი რიყეთი, გიგლა ანთაძის ფოტო
ბათუმი-ახალციხის გზა, ხულო, სოფელი რიყეთი, გიგლა ანთაძის ფოტო

მთავარი ფოტო: ბათუმი ახალციხის გზის სოფელ რიყეთის მონაკვეთი

დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის – სხალთელ მთავარეპისკოპოსს პასუხს სთხოვენ

„ჩემი მხარდაჭერა მეუფე გიორგის!“ – ამ კომენტარით გააზიარა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის ფეისბუქპოსტი, სადაც ის სხალთელ მთავარეპისკოპოსს აკრიტიკებს.

სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა ორი დღის წინ ყველა გაკიცხა, ვინც რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი.

ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა რუსული ეკლესიაო,“ – ეს სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა იკითხა.

მას არ დაუკონკრეტებია ვინ იყვნენ მისი განცხადების ადრესატები – მიტროპოლიტი დიმიტრი, რომელმაც რუსეთის პატრიარქი მკაცრად გააკრიტიკა, თუ სხვა მღვდელმთავრები, რომლებიც უკრაინის აკლესიის ავტოკეფალიას უჭერენ მხარს.

ამის შემდეგ 8 აპრილს, სხალთელ მთავარეპისკოპოსს  მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი გამოეხმაურა:

„პასუხი ღრმად პატივცემულ სხალთელ მთავარეპისკოპოსს“, – ამ სიტყვებით იწყება ფეისბუქპოსტი. მან იქვე ბიბლიური იგავი გაიხსენა, რომელიც ასე იწყება: „მივიდნენ წმინდა მამა აგათონთან და უთხრეს: შენზე გავიგეთ,რომ მეძავი და ამაყი კაცი ხარ, ასევე ცილისმწამებელი და უსაქმური მოლაპარაკე. – დიახ,მართალია, – უპასუხა მან….“

მარნეულის ეპისკოპოსმა სხალთელ ეპისკოპოსს მოსთხოვა კრებაზე დაამტკიცოს „ბრალდება“, ან შენდობა ითხოვოს:

„მინდა გამოვეხმაურო მის მაღალყოვლადუსამღვდელოესი, სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მიერ შვიდ აპრილს ქადაგებაში წარმოთქმულ ცილისმწამებლურ ბრალდებას, სადაც იგი ამბობს, რომ ჩემი პირადი აზრი, გამოთქმული უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით არის მწვალებლობა და მკრეხელობა.

სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩემს მიერ გამოთქმული აზრი არათუ მწვალებლობაა, არამედ არის მართლმადიდებლური სწავლებისა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი საზღვრების დაცვა. სამწუხაროდ, იძულებული ვარ მოვუწოდო ღრმად პატივცემულ მეუფეს ან დაამტკიცოს მის მიერ წამოყენებული ბრალდება უახლოეს პერიოდში გამართულ კრებაზე, ან ისევე საჯაროდ ითხოვოს შენდობა, როგორ საჯაროდაც დამდო ბრალი,“ –  წერს ეპისკოპოსი გიორგი.

მიტროპოლიტი დიმიტრი სწორედ ეპისკოპოს გიორგის ამ განცხადებას გამოეხმაურა და მას მხარი დაუჭირა.

მანამდე, 7 აპრილს, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ რუსეთის პატრიარქს ქრისტიანობა დაუწუნა და ჰკითხა: „რა არის თქვენი ინტერესები, ბავშვების დახოცვა?“.

 

 

ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.

 

Exit mobile version