მთავარი,სიახლეები

ყველა სართულზე გამოყენებული შპრიცები და მარიხუანის „ბონგები“ – კიდევ 1 კორპუსი ბათუმში

21.10.2021
ყველა სართულზე გამოყენებული შპრიცები და მარიხუანის „ბონგები“ – კიდევ 1 კორპუსი ბათუმში

ეს სახლი ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე დგას, პიაცას გვერდით, №35-ში. როგორც აქ მცხოვრებლები ჰყვებიან, 2013 წელს კომპანიამ „სახლი პიაცასთან” დაანგრია ორი იტალიური ეზო და ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ინვესტორმა ვეღარ დაასრულა სახლი, ბინების განშლა ვერ მოახერხა და დარჩა ერთმანეთთან უბრალოდ კიბით დაკავშირებული სართულები.

პიაცასთან მშენებარე კორპუსში შესახლებულებმა მას შემდეგ მომართეს „ბათუმელებს“ პრობლემის გაშუქების თხოვნით, როცა იდენტური თემა –  შპრიცები მიტოვებულ შენობაში გააშუქა „ბათუმელებმა.

დაუსრულებელ შენობაში 12 ოჯახი უკვე 8 წელია ცხოვრობს. სახლის საყრდენი ბოძები დაჭაობებულ წყალში დგას, ჩამონგრეულ სართულებზე, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ღამეს უსახლკაროები ათევენ. ყველა სართულზე გამოყენებული შპრიცები და მარიხუანის მოსაწევი პლასტმასის ბოთლები, ე.წ. ბონგები ყრია.

ეს სივრცე ასევე „საინტერესოა“ მოზარდებისა და ბავშვებისთვის. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბავშვები  ხშირად იკრიბებიან სათამაშოდ და სკეიტებით სასრიალოდ.

„მშვენიერი სახლი გვქონდა. მოვიდნენ მშენებლები და დაგვპირდნენ, თუ ამ ეზოს აგვაღებინებთ, სანაცვლოდ კორპუსს ავაშენებთ და ბინებს გადმოგცემთო, დავთანხმდით. ვეღარ ააშენეს, მგონი გაკოტრდნენ. შუქიც კი აქ მცხოვრებლებს ერთ მრიცხველზე გვაქვს. მერიამ დრო ამ კომპანიას 16 ნოემბრამდე მისცა, რომ ჩვენთან მოლაპარაკება გამართონ, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ, რაღაც დროს დათქვამს მერია და მერე ისევ ვერაფერ შედეგს ვაღწევთ. კომპანიის მფლობელი, როგორც მახსოვს, ვლადიმერ შენგელია იყო და ახლა გია ჟორჟოლიანია. ჩვენი სახლები შედარებით გავლესეთ და ცოტათი მოვაწესრიგეთ, რომ ღამის გასათევი გვქონდეს, ისე კი აქ ცხოვრება არ შეიძლება”, – ამბობს აქ მცხოვრები ალექსეი ხუდინა.

მიტოვებულ შენობაში მცხოვრები მანანა დარჩიაშვილი ამბობს, რომ აქ ჩამონგრევის საშიშროებაცაა: „ბოძებს სულ დაჭაობებული წყალი აქვს შემდგარი. თითქმის ყველა მეზობელმა იჩივლა სასამართლოში, მაგრამ უშედეგოდ“.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: