მთავარი,სიახლეები

„პატრიარქთან მიტროპოლიტ დიმიტრის მითოსური დამოკიდებულება აღარ აქვს“ – ინტერვიუ

11.04.2022 •
„პატრიარქთან მიტროპოლიტ დიმიტრის მითოსური დამოკიდებულება აღარ აქვს“ – ინტერვიუ

„პატრიარქის კულტის მიმართ რომ არ არსებობდეს ეს შიში, ეპისკოპოსების უფრო წრფელ პოზიციებს მოვისმენდით,“ – ამ ფაქტორის გამო თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ვერ გაფართოვდება მღვდელმთავრების წრე, ვინც ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა.

თეოლოგის დაკვირვებით, საპატრიარქომ ახლა „ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი პოზიცია არჩია – პოზიცია დამოკიდებულია ომის შედეგზე, საპატრიარქო გამარჯვებულის მხარეს დადგება. თეოლოგის აზრით, პატრიარქი მაინც ვერ იჯერებს, ან არ სურს იმის დანახვა, რომ რუსეთი ომს აგებს. ომის დასრულებამდე საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასაც არ აპირებს.

რას აჩვენებს ამ დროს მორიგი დაპირისპირება ეპისკოპოსებს შორის, რომელიც 7 აპრილს ბათუმში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბათუმიდან მეუფე დიმიტრიმ ქადაგების დროს რუსეთის პატრიარქს პირდაპირ მიმართა: რა არის თქვენი ინტერესი, ბავშვების დახოცვა?“ – „ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო მირიან, რა სახის დაპირისპირება დაიწყო ამჯერად მღვდელმთავრებს შორის? 

დავიწყოთ იმით, რომ სამყარო ამ ომის შემდეგ ისეთი ვეღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ეს იმოქმედებს ეკლესიის მდგომარეობაზეც. პრორუსულობა ეკლესიაშიც ასე დაუსჯელი და არასანქცირებადი ვეღარ იქნება. აქამდე ფარულად საღდებოდა ე.წ. „რუსკი მირ“, როგორც ცივილიზაციის ერთგვარი ალტერნატივა. ფაქტია, რომ ეს ხედვა მთლიანად ჩამოიშალა და რუსეთი მთელ ცივილიზაციას ემუქრება ტანკებით.

  • ანუ ზოგიერთი მღვდელმთავარი ხედავს, რომ რუსეთი მინიმუმ მორალურად დამარცხებულია და სურს გაემიჯნოს პრორუსულ ნაწილს? 

ასეა. სხვათა შორის, მეუფე დიმიტრიმ ქადაგებაში თქვა, რომ უკრაინაში სწავლობდა, იცნობს იქ ადამიანებს, პირადი ურთიერთობები აქვს. ვისაც პირდაპირ ურთიერთობა აქვს უკრაინელებთან, მისთვის განსაკუთრებით მკაფიოა, რომ პუტინის პროპაგანდა სრული ფარსია, ხედავს, რომ უკრაინელებს უბრალოდ უყვართ თავიანთი სამშობლო და ამბობენ, რუსეთი და უკრაინა სხვადასხვა ქვეყანააო.

ეს პირადი გამოცდილება მეუფე დიმიტრის შემთხვევაში აღმოჩნდა საკვანძო მომენტი. მან იგრძნო, რომ რასაც პუტინი იყენებს ომის საბაბად, სრული ფარსია.

გულწრფელად რომ ვთქვა, გამიკვირდა დიმიტრისგან ეს, რადგან ის პრორუს ფიგურად მიიჩნეოდა ქართველ მღვდელმთავრებს შორის. ის ჩადიოდა რუსეთში და საუბრობდა რუსულად ქართველებისა და რუსების განუყოფლობაზე. მას იწვევდნენ კრემლის ტაძარშიც, სადაც სწირავდა ადგილობრივ იერარქებთან ერთად და ქადაგების დროს საუბრობდა „ბრატსკი ნაროდი ვართო“ და ასე შემდეგ.

რაც შეეხება სხალთელ ეპისკოპოსს, ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ის სულით ხორცამდე პრორუსია. მას მართლა სჯერა იმ სიგიჟეების, რასაც იძახის. ეპისკოპოსი სპირიდონის რწმენა არის აგებული არა სახარებისეულ ნაწილზე ანუ ქრისტიანობის მთავარ დოქტრინაზე, არამედ რუსულ-სლავური ფოლკლორის დოქტრინაზე, როგორც, მაგალითად, დუგინის შემთხვევაშია.

  • რა მოტივით ჩაერთო ამ დაპირისპირებაში მარნეულის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი? სხალთელი ეპისკოპოსის კრიტიკამდე მას ფეისბუქგვერდზე პრორუსული „ალტ-ინფოს“ სახეებთან გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული. 

ყველაზე საინტერესო ამ კონტექსტში მარნეულის ეპისკოპოსის პოზიციაა, რომელიც აქამდე ნამდვილად ნაციონალისტური პოზიციებით გამოირჩეოდა. მან დანიშვნისთანავე ეროვნული შუღლის ელემენტები შეიტანა მარნეულში. ის „ალტ-ინფოელების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია და, შესაბამისად, მისი ეს პოზიცია გამიკვირდა. არ მაქვს ზუსტი პასუხი, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

ჯამდელიანი სვანი კაცია და აქამდე ურაპატრიოტიზმზე მომართული იერარქი იყო, თავიდან შესაძლოა ბრმად ენდო „ალტ-ინფოს“, ფიქრობდა, რომ ესენი იყვნენ ეროვნული საქმის მკეთებელი ხალხი და ომის დროს გაიაზრა, რომ ასე არ არის. ასევე არ გამოვრიცხავ, როგორც მეუფე დიმიტრის შემთხვევაში, ჯამდელიანთანაც საქმე გვქონდეს კონფორმიზმთან.

  • რას გულისხმობს კონფორმიზმი ამ შემთხვევაში? 

კონფორმიზმია ამ შემთხვევაში ის, რომ თუ გინდა მისაღები პიროვნება იყო, სწორი და ჯანსაღი პოზიციები დაიჭირო დროულად, ანუ მოემზადო სიტუაციისთვის.

თუ რუსეთი დამარცხებული გამოვა ამ ომიდან და აქეთკენ მიდის კიდეც პროცესი, რადგან რუსეთმა უკრაინის ანექსიაც რომ მოახდინოს, ან კიევი დაიპყროს, მთელი ცივილიზებული სამყარო უარს აცხადებს მასთან კომუნიკაციაზე. მაგალითად, გერმანელებიც ამბობენ, რომ რუსეთმა ყირიმიც რომ დააბრუნოს უკან, აღარ სურთ რუსეთთან ურთიერთობა.

  • საპატრიარქოს რა გათვლა აქვს დუმილით, რომელსაც ის ინარჩუნებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზეც? 

აქამდეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუებში, რომ საპატრიარქო, როგორც კრებსითი ორგანო საქართველოში აღარ არსებობს, ის გამოიშიგნა…

პიროვნულ დონეზეც უშუალოდ პატრიარქი და მისი თანამოსაყდრე – შიო მუჯირი ფორმირდნენ რუსეთის ფედერაციაში და მათთვის რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მათი პოზიცია არაა რუსეთის დაგმობა. პატრიარქი თავის ქადაგებაში თავიდან ანონიმურად საუბრობდა ზოგიერთ ქვეყანაში ომი მიმდინარეობსო, შემდეგ უკრაინა ახსენა, მაგრამ ომი აღარ ახსენა. იმავეს აკეთებს შიო მუჯირი.

პატრიარქს უფრო ნაკლებად, მაგრამ შიო მუჯირს სჯერა კიდეც ისეთი ბოდვის, როგორიცაა, მაგალითად, სამი სლავური ერის გაერთიანება და რომ ეს გაერთიანება აუცილებელია სამყაროს მეორედ მოსვლისგან დასახსნელად. ჩვენს საეკლესიო ლიტერატურას რომ გადახედოთ, განსაკუთრებით კი იმას, რაც 90-იანებში იბეჭდებოდა, ნახავთ, რა მონაჩმახებს კითხულობდნენ სასულიერო პირები.

სხვათა შორის, 90-იანი წლებიდან საქართველოში პოპულარული გახდა ერთი წმინდანი – სერაფიმ საროველი. იდეა არის ამ წმინდანის ის, რომ ის ცხოვრობს ცივილიზაციისგან სრულიად მოწყვეტილ გარემოში, ტყეში, იქ ლოცულობს და ქვაზე მუხლით ჩოქვებს აკეთებს, სრულ იზოლაციონიზმშია და იმდენად შერწყმულია ველურ ბუნებასთან, რომ დათვიც კი, ადამიანად ვერ აღიქვამს.

ცოტამ თუ იცის ამ დროს ის, რომ სერაფიმ საროველი წლების წინ რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ გამოაცხადა რუსეთის ატომური ბომბებისა და ატომური სამხედრო განვითარების მფარველად. გზავნილი არის ის, რომ რუსეთს შეუძლია იარსებოს სრულ იზოლაციონიზმშიც, საკმარის საკვებს მოიყვანს, მაგალითად, თალგამს, დაუბრუნდება პრიმიტიული ცხოვრების წესს და დაუშენს ბომბებს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც უპირისპირდება რუსეთს.

  • უკრაინამ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 2018 წელს გამოაცხადა. რა შეიცვალა ამის შემდეგ? საქართველოში სინოდის შეკრებაა საჭირო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ? 

დიახ, სინოდი უნდა შეიკრიბოს. ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის ორგანო და ეპარქიების პოზიციები ეპისკოპოსებმა წარმოადგინონ. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება, მაგრამ, ცხადია, ჩვენთან ასე არ არის. ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე ტიმოსი ანუ ეკლესიის დამოუკიდებლობის დოკუმენტი, დაურიგდა ყველა ავტოკეფალიურ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოს და ეთხოვათ, გამოეხატათ პოზიციები. ამ დრომდე საქართველოში საპატრიარქოს პოზიციაა – რომ კითხულობენ ამ ტომოსს და შემდეგ იმსჯელებენ.

ელინური სამყაროს ეკლესიებმა უკვე აღიარეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ საბერძნეთმა და ასე შემდეგ. სლავური ეკლესიები თავს იკავებენ.

ღიად არ ამბობენ, მაგრამ რეალურად საქართველოს საპატრიარქოში აქვთ პოზიცია, რომ ჯერ თავად უკრაინელები არიან დაყოფილი, დღემდე არსებობს უკრაინაში რუსეთის პატრიარქს დაქვემდებარებული ეკლესია, უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის პარალელურად. საქართველოს საპატრიარქოში აქვთ სრული გაყურსვის ტაქტიკა და არგუმენტი, რომ შესაძლოა რუსეთმა ავტოკეფალიის აღიარების სანაცვლოდ აფხაზეთისა და ოსეთის თემებით მანიპულაცია მოახდინოს.

რეალურად საპატრიარქოში გულშემატკივრობენ რუსეთს და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გაწელონ ეს პროცესი.

  • აქ რატომ არ მუშაობს ის პრინციპი, რასაც თქვენ კონფორმიზმი უწოდეთ მიტროპოლიტ დიმიტრის და ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის შემთხვევაში, როცა ხედავენ, რომ რუსეთი მარცხდება? 

საპატრიარქო ამას ვერ ხედავს. ვერ ხედავს უშუალოდ პატრიარქის ხაზი, თანამოსაყდრე შიო… ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი მაინც დიდია, რას მოუგებს რუსეთს და ასე შემდეგ. მღვდელმთავრების ნაწილს კი, სინდისი აწუხებთ, რადგან ახლა მოცემულობა უკვე შავ-თეთრია. რომც გინდოდეს ძალიან, უკრაინის მიმართ აგრესიას ვერ გაამართლებ. აგვისტოს ომში შესაძლოა ვიღაც ამბობდა, რომ აი, სააკაშვილის ბრალია, მძინარე ცხინვალს ესროლა და ასე შემდეგ, აქ კი შეუძლებელია, თუ რამეს იტყვი, უკრაინა არ გაამართლო.

  • უშვებთ, რომ შესაძლოა მღვდელმთავრების ეს წრე გაფართოვდეს, ვინც დღეს რუსეთის პატრიარქს აკრიტიკებს? ბოდბელმა ეპისკოპოსმაც თქვა, მაგალითად, ცივილიზაცია და ძალა დაეჯახა ერთმანეთსო. 

ამ წრის გაფართოება პრობლემა არ იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – პატრიარქის კულტი. ეს არის ხელშემშლელი ფაქტორი. პატრიარქის კულტის მიმართ რომ არ არსებობდეს ეს შიში, ეპისკოპოსების უფრო წრფელ პოზიციებს მოვისმენდით.

იგივე იაკობი თავიდანვე იყო გამორჩეული სითამამით, უკმეხი ტიპია და იყენებს ამას. დიმიტრის აღარ აქვს პატრიარქთან მითოსური დამოკიდებულება განსაკუთრებით „ციანიდის საქმის“ და სექსუალური სკანდალების შემდეგ, ჯამდელიანი, როგორც გითხარით, სვანი კაცია ბუნებით…

ჩემი დაკვირვებით, „ოცნების“ ხელისუფლება და საპატრიარქო ერთსა და იმავე მდგომარეობაშია. ორივე ელოდება, როგორ წარიმართება და ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ ომში. შემდეგ ინსტინქტი უკარნახებთ, რა ნაბიჯი გადადგან.

  • ოცნებას“ აქვს არგუმენტი, რომ მშვიდობას და სტაბილურობას ინარჩუნებს თავისი რიტორიკით. საპატრიარქოს რატომ უღირს დუმილი? 

ზუსტად იგივე არგუმენტი აქვს ეკლესიასაც, რომ პატრიარქმა მოახერხა უამრავი პრობლემის მიუხედავად საქართველოს ეკლესია არ გაიხლიჩა ფორმალურადაც კი: ჩვენ რომ ვაღიაროთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთი ადგება და გამოაცხადებს აფხაზეთისა და ოსეთის ავტოკეფალიებს.

მრევლის დაკვეთას არ გაითვალისწინებს ეკლესია? გამოჩნდა, რომ საზოგადოება ყველაზე სოლიდარულია უკრაინის საკითხზე.  

საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი არ რეაგირებს ქრისტიანული ფასეულობების სკალის მიხედვით. მოქალაქეების დიდ ნაწილს აქვს ეს სოლიდარობა, გეთანხმებით, მაგრამ თავად მრევლი ამ ომში დამნაშავეს სახელს არ არქმევს. ისმის მოსაზრებები, რომ ეს არის ზელენსკის ბრალიც, მისი არაგონივრული პოლიტიკა, ან რეალურად ამერიკის ინტერესები შეეჯახა რუსეთს. დარწმუნებული ვარ, რუსეთშიც ამ დონეზე სოლიდარულები არიან და იქაც არ გეტყვიან, რომ უხარიათ ბავშვების გაუპატიურება, დახოცვა…

თუ რუსეთი ამ ომში დამარცხდება სამხედრო თვალსაზრისითაც, მაშინ დიმიტრი, გიორგი ჯამდელიანი და სხვებიც უფრო გაბედულები იქნებიან და საპატრიარქოც ეცდება, მიდგომა შეცვალოს, თუმცა ყველა არა, ცხადია. მაგალითად, სხალთელი ეპისკოპოსი მზადაა რუსეთს ჩაყვეს სამარეში. ის ამისთვის არის მზად, როგორც ტერორისტი, რომელსაც სჯერა, რომ თუ აიფეთქებს თავს და სხვებსაც გაიყოლებს, მსოფლიოს სიკეთეს მოუტანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: