მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს

11.04.2022 • 2453
ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს

ხვალ, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო შეიკრიბება და თავმჯდომარის არჩევასაც აპირებს.

„გთხოვთ, ჩანიშნოთ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი საკითხების გადასაწყვეტად…“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა საკრებულოს აპარატს წერს.

ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომაზე ვერ დასრულდა. მიზეზი, რის გამოც, „ოცნება“ გასულ წელს დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას აპირებს, კვორუმია – „ოცნებას“ 2 აპრილის არჩევნების შემდეგ უკვე საკმარისი ხმები აქვს თავმჯდომარე აირჩიო სიით შემადგენლობის უმრავლესობით, მაგრამ იმისთვის, რომ საკრებულომ ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ცნოს, კვორუმი უნდა შედგეს, რისთვისაც 18 კაცი უნდა შეიკრიბოს.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ის საკრებულოში უკვე 17 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციასაც, თუმცა მე-18 ხმა ირაკლი თავდგირიძეს ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას პოლიტიკური გუნდიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში და განაცხადა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ირაკლი თავდგირიძე „ოცნებას“ კვორუმშიც დაეხმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ვიდრე რამაზ ჯინჭარაძე ოფიციალურად არ გახდება ბათუმის საკრებულოს წევრი.

„ჩვენს პოზიციას ხვალ დილით გავახმოვანებთ, კონსულტაციებს გავდივართ,“ – გვითხრა რეზო ხარაზმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ აუცილებლად გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, თუკი „ქართული ოცნება“ ბათუმის საკრებულოში მართლაც 3 დეკემბრის სხდომას განაგრძობს და იტყვის, რომ რადგან დეკემბრის სხდომაზე ყველა საკითხი ვერ განიხილა, ახლა გრძელდება სხდომა.

„2021 წლის 3 დეკემბერს გაიხსნა ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა,“ – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ წერილში, – „საკრებულოს სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ნაწილი. ვინაიდან არ ამოწურულა საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე შედგა შუალედური არჩევნები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ადგილზე…“, – აღნიშნულია წერილში.

საკრებულოს დღის წესრიგის მიხედვით, ბათუმის საკრებულო თავდაპირველად საკრებულოს ახალი წევრის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას ცნობს, შემდეგი საკითხია ნინო ბაციაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. როგორც წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, ნინო ბაციაშვილს გახარიას პარტიიდან ნატალია ძიძიგური შეცვლის.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

______________________

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა საკრებულოს შეკრებამდე ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა, 24 ნოემბერს ენმ-მ აუდიო ფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ირაკლი თავდგირიძის მსგავსად, „ნეიტრალობას“ აიძულებდნენ.

ამ დრომდე შსს-ს არ გამოუძიებია „ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“.

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები ტარდებოდა, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 400-მდე ადამიანი ბათუმში მცხოვრები გახდა – ასეულობით ადამიანი, რომელიც წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობდა, წინასაარჩევნოდ კი, მათ ხელისუფლება ბინების გადაცემას დაჰპირდა.

საია-მ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ კანონი დაარღვია. საია-მ და სხვა უფლებადამცველებმა ასევე თქვეს, რომ ხელისუფლებას მინიმუმ გამოძიება უნდა დაეწყო ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის და იძულების კუთხით, თუმცა გამოძიება შსს-ს ამ შემთხვევაზე არ დაუწყია.

______________

ფოტოზე: 2021 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა, 3 დეკემბერი, 2021 წელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: