მთავარი,სიახლეები

„გადადგები!“ – საქართველოში ახალი სამოქალაქო მოძრაობა იწყება

11.04.2022 • 12833
„გადადგები!“ – საქართველოში ახალი სამოქალაქო მოძრაობა იწყება

„გადადგები!“- ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი სლოგანი ახალი სამოქალაქო მოძრაობის, რომელიც დღეს, 11 აპრილს, დაიწყება თბილისში და რომლის მიზანია მოიცვას მთელი საქართველო. მოქალაქეთა ერთობა ყველა იმ მიზეზს ჩამოწერს პლაკატებზე, რის გამოც, მათი აზრით, ხელისუფლება უნდა გადადგეს. „ბათუმელები“ მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილს ესაუბრა.

  •  ქალბატონო ცირა, რატომ გაჩნდა ამ მოძრაობის დაწყების აუცილებლობა და როგორი იქნება სტრატეგია?

ერთი კვირის წინ სპონტანურად შევიკრიბეთ რამდენიმე ადამიანი და ვთქვით, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება. რატომ? – იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვერ ქმნის დღის წესრიგს, ხელისუფლებას სამარცხვინო პოზიცია აქვს ყველა მიმართულებით და უკრაინა იყო, ასე ვთქვათ, ბოლო წვეთი.

ეს იქნება სრულიად საზოგადოებრივი მოძრაობა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმ შეცდომების დაშვების უფლება, რომელიც პოლიტიკურმა სპექტრმა დაუშვა. მაგალითად, ის, რომ ამბობენ, „არ დავჯდები შენთან, იმიტომ, რომ …“ და რაღაც კონკრეტული მიზეზები. ჩვენ ვთქვით, რომ არ გვაქვს წითელი ხაზები, ჩვენ არ ვსვამთ წინაპირობებს, ჩვენ არ გვაქვს დათქმები, თუ ყველანი ვთანხმდებით მთავარზე და ეს მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს.

ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ორგანიზაციაში ყველას თანაბარი უფლებები აქვს, ყველა უნდა იყოს ლიდერი და ვინმე ვინმეს კი არ უნდა დაეხმაროს, არამედ, პირდაპირ უნდა ჩაერთოს მოძრაობაში.

„გადადგები“ – ჩვენ აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ მთავრობას, იმიტომ, რომ მთავრობის გადადგომის შემთხვევაში იგივე პარლამენტი დააკომპლექტებს ახალ მთავრობას, ჩვენ ვგულისხმობთ ძირეულ ცვლილებებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა დავაყენოთ საკითხი, რომლის ტვირთიც ვერ ზიდა ოპოზიციამ. ოპოზიცია შეიძლება ინტერვიუებში ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ ამისთვის არავინ არაფერს აკეთებს.

ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ამ მოძრაობას და მთავარი პრინციპი არის ის, რომ ისინი, ვინც გვიერთდება, წერენ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადაგდეს ხელისუფლება და ამას წერს ნებისმიერი ადამიანი.

მაგალითად, თუ მე მივიჩნევ, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს იმიტომ, რომ არ შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვიღაც მიიჩნევს, რომ უნდა გადადგეს იმიტომ, რომ არ განახორციელა სასამართლო რეფორმა, ვიღაც მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვილის ამბის გამო უნდა გადადგეს, ვიღაც მიიჩნევს, რომ შია და ამიტომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება. მიზეზი ბევრია და აი, ამ მიზეზებს წერენ მოქალაქეები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი გზავნილია, როცა ხელისუფლებას არ ვთხოვთ გადადგომას, რადგან მასზე რაიმეს თხოვნა ამ შემთხვევაში გამორიცხულია. ამიტომაც არის გადადგომის ფორმულირება ასეთი – „გადადგები!“.

„შენ წახვალ!“, „შენ უნდა გადადგე“ – ამას ვეუბნებით ხელისუფლებას. უპირობოდ უნდა წახვიდე. აი, ეს არის თემა.

მსგავსი მოძრაობები გაჩნდება უახლოეს ხანში სხვაგანაც. სულ არ არის ჩვენი მიზანი, რომ ერთი ქოლგის ქვეშ გავერთიანდეთ, მთავარია, რომ თანხვედრა გვქონდეს მთავარში და მნიშვნელოვანია, თუ ვიქნებით ბევრნი.

  • რა შეიძლება იყოს ისეთი განაცხადი ამ მოძრაობის დროს, რასაც შეიძლება არ დაეთანხმოთ „ტალღის“ დამფუძნებლები და რამაც შესაძლოა სიტუაცია დაუგეგმავად წაიყვანოს?

ამის რისკი არსებობს, იმიტომ, რომ რეგულირება რთულია, რადგან ეუბნები, რომ ყველა თანაბარი ვართ. მაგრამ არის რაღაც შეხების წერტილები, თემები, რომლებმაც არ უნდა დააკნინოს მთავარი მოთხოვნა. ჩვენ არ უნდა დავწვრილმანდეთ მოთხოვნებში. მაგალითად, „გადადექი იმიტომ, რომ შუქი არ მაქვს“, რადგან ვიცით, რომ ეს პრობლემა დროებითია.

ყველა ის პრობლემა, რომლებსაც დასვამს მოქალაქე, საზოგადოება, იქნება მნიშვნელოვანი მიზეზი იმისათვის, რომ ხელისუფლება წავიდეს.

  • მოძრაობის ტალღა გავრცელდება რეგიონებშიც? 

თავისუფლების მანიფესტის მიზანია, რომ სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს თბილისში, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაერთოს პროცესებში ბათუმი, ქუთაისი და ყველა ქალაქი საქართველოში, ზოგადად, ქვეყანა. იმიტომ დავარქვით ამ მოძრაობას ტალღა, რომ ეს ტალღა უნდა გადაეცეს ერთმანეთს. დაწვრილებისკენ კი არა, გამსხვილებისკენ უნდა წავიდეს ეს პროცესი, რასაც ვერაფერი დაუდგება მერე წინ.

ეს არ არის ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი პროცესი, ეს არის გრძელვადიანი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ყოველი წუთი და წამი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს, სანამ ესენი („ქართული ოცნება“) არიან ხელისუფლებაში.

ამიტომ ფორსირებულად შეიძლება არ დავაჩქაროთ ეს პროცესი, მაგრამ პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული, გააზრებული. წარმოიდგინეთ, რა ნაღმები გველოდება წინ, რადგან ეს პროცესი ისე არ ჩაივლის.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, სწორი გზავნილები, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ ველაპარაკებით, მასთან აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო, ამათი გამოსწორება არ იქნება,  ისინი უბრალოდ უნდა წავიდნენ.

თუმცა ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ ყველა დანარჩენს, ვინც პოტენციურად მოიაზრება ახალ ხელისუფლებად. ამიტომ ვესაუბრებით პოლიტიკურ პარტიებს და ამიტომ ვეუბნებით მათ, რომ თქვენი ინერტულობის ბრალია ის, რომ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა საკუთარი პრობლემაც ბევრი ჰქონდეთ, უწევთ ამ პროცესების წარმართვა, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები თავის სიმაღლეზე არ დგანან.

ამიტომ ამ პარტიებმა უნდა გვითხრან კონკრეტული გეგმა, როგორ შეგვეხიდებიან ამ საქმეში, როგორი იქნება მათი ჩართულობის ხარისხი.  ჩვენ ყველასთან მივალთ, ყველას დაველაპარაკებით, მათ შორის, იმათთანაც, ვისი ელექტორატიც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვიცით, რომ პოლიტიკური სპექტრის ნაწილს წარმოადგენენ.

მნიშვნელოვანია, ასევე, ემიგრანტების ჩართულობა. ისინი გვწერენ კიდეც, როგორ შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში. ეს შეიძლება იყოს ერთი ადამიანის აქციაც, გამოვიდეს საკუთარი მიზეზით, დააფიქსიროს პოზიცია, გადაიღოს ფოტო და დადოს.

შეიძლება იყოს ჯგუფური პროტესტი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისმოდეს ემიგრანტების ხმა, რადგან მათ უნდა გაიტანონ ჩვენი ხმა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ისევე როგორც მათი ხმა არის ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანი, რადგან მათ უჭირავთ ოჯახები, მათი დაფინანსებით ცხოვრობს უმრავლესობა და მათი პოზიცია ჩვენთვის ყოველთვის სწორი იყო.

  • „ტალღას“ ჯგუფში ჩვენ გადავხედეთ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რის გამოც ითხოვენ ადამიანები ხელისუფლების წასვლას. საკმაოდ ვრცელია ეს ჩამონათვალი. ყველა ეს მიზეზი ერთდროულად გაჟღერდება, თუ ეტაპობრივად?

კი, ყველა მიზეზი იქნება წარმოდგენილი. დღეს, 19:00 საათზე, ვიწყებთ ამ მოძრაობას, არ ველოდებით დიდი რაოდენობით ადამიანების მოსვლას, შეიძლება 10-15 ადამიანი ვიყოთ, ასე იწყებოდა „გუდიაშვილის“ მოძრაობებიც, 5 კაცით დავიწყეთ თავის დროზე, მაგრამ  მნიშვნელოვანია ჩვენი მოტივაცია.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის რთული პროცესი, მაგრამ შევდივართ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ჩვენი იმედი, რომ გვაქვს ძალა, ეს ტალღა გავზარდოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამას დრო დასჭირდება.

იქნება შემოქმედებითი აქტივობებიც, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია იმ ხალხს, ვინც აქციაზე არ გამოდის და შეიძლება ამ ტალღასაც არ ადევნებს თვალს.

სტრატეგია, მიუხედავად იმისა, რომ გზადაგზა მუშავდება, მნიშვნელოვანი ფაქტორია. თვითორგანიზებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთ დროს ყოველთვის უფრო ხალასია ასეთი ტიპის მოძრაობა, მაგრამ თვითორგანიზებასაც სჭირდება ორგანიზება. ამაზე ცალკე გუნდი მუშაობს და ადამიანებს საჭიროებების თვალსაზრისითაც ვიმატებთ. მაგალითად, იურისტი გვჭირდება, მხატვარი თუ პიარის სპეციალისტი, აქედან გამომდინარე ხდება ჯგუფების დაკომპლექტებაც.

  • ბუნებრივია, ამ მოძრაობას „ქართული ოცნება“ მშვიდად არ შეხვდება. ალბათ იტყვიან იმასაც, რომ „ნაციონალები“ დგანან თქვენ უკან. რა ტიპის წინააღმდეგობებს ელოდებით ამ პროცესში?

აბსოლუტურად ყველაფრის მოლოდინი გვაქვს, დაკავებიდან დაწყებული, დისკრედიტაციით დამთავრებული. უბრალოდ, ძალიან სასაცილო იქნება ასეთი რიტორიკის ჩვენი მისამართით გაჟღერება, რადგან ჩვენ ზუსტად ის ხალხი ვართ, ვინც წინა ხელისუფლების დროსაც 9 წელი ქუჩაში ვიდექით და ახლაც ქუჩაში ვდგავართ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვინ რას აკეთებს.

ამას ვერ ავცდებით, ასეთი რიტორიკა აუცილებლად იქნება, ამის შიშით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს, თავს ვერ შევიკავებთ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას ამის თავი რომ ჰქონოდა, აქამდეც გააკეთებდა რამეს. მასაც არ შეუძლია ამის გაკეთება. აქ არის საუბარი რევოლუციურ მიზანზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ, აი, ამ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნით შევქმნით იმ მოცემულობას, რაც შემდეგ შეცვლის რეალობას.

ამისთვის საჭიროა სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, პარტია-პარტია, საზოგადოებიდან პიროვნებამდე ყველასთან მისვლა, ყველასთვის ახსნა, რატომ ვითხოვთ ამას. მედიასაც უზარმაზარი როლი აქვს ამ საქმეში, ეს არის დიდი პროცესი და აქ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულობის გარდა საკუთარ თავს არაფერს არ ვუქმნით.

ყველას ჩვენი პროფესია გვაქვს, ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება, რადგან არათუ ჩვენი, მოქალაქეების  ინტერესები ილახება ქვეყნის შიგნით, არამედ უკვე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს რეპუტაციის საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და თუ გვაქვს ღირსება, და ვფიქრობ, რომ გვაქვს, უნდა დავამტკიცოთ, უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ.

  • ამ მოძრაობის მიზანი არის ვადამდელი არჩევნები?

ეს არის მიზანი. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვაყენებ საკითხს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს.

პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი, რადგან როცა ეს ხელისუფლება წავა, შემდეგ ჰაერში ხომ არ დავრჩებით. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ყველაფერი არაძალადობრივი გზით განვითარდეს და არ მოხდეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ფინანსური კოლაფსი, ამიტომ ვსვამთ მათთან კითხვებს, რა არის ამისთვის საჭირო.

საჭიროა ვადამდელი არჩევნების მომზადება, ხომ? საჭიროა საარჩევნო სისტემის გამართვა, კოდექსის კიდევ ერთხელ გადახედვა, ამისთვის საჭიროა თავად პარტიები დასხდნენ და შეთანხმდნენ თანამშრომლობის თუ არა, თამაშის საერთო წესებზე მაინც.

მე არ მაინტერესებს ვინ როდის სად იყო. ისინი ხშირად ასე ელაპარაკებიან ხოლმე ერთმანეთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია ვალშია საზოგადოებასთან, მათ ერთმანეთთან ამ ენაზე ლაპარაკის უფლება არ აქვთ.

მათ აქვთ ვალდებულება, რომ დასხდნენ და შეთანხმდნენ საერთო გეგმაზე. საარჩევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან და შემდეგ იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს დღის წესრიგს ვქმნით, ჩვენ უნდა მოგვაწონონ თავი, რადგან ჩვენ ვწყვეტთ ინდივიდუალურად ვის მივცემთ ხმას.

პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ უფლება, რაღაც დათქმები და წითელი ხაზები ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის დროს, როდესაც გადასარჩენია ქვეყანა.

  • თუმცა აქ არ მოიაზრებთ, ვთქვათ, პრორუსულ და ძალადობრივ პარტიებს, არა?!

აბსოლუტურად გამოირიცხებიან ისინი, რადგან არ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, არამედ ისინი არიან ხელოვნურად შექმნილი მეხუთე კოლონა და რა თქმა უნდა, მათთან არანაირ თემაზე, არც ერთ საკითხზე დალაპარაკების მცდელობაც კი არ გვექნება.

  • იყო განხილვები იმაზეც, რომ პოლიციას არ უნდა მიეცეს მოქალაქეების დაკავების საბაბი. ითქვა, რომ რაღაც ეტაპზე არ იყოს გამოყენებული, ვთქვათ, შეძახილები –  „მონა“, „პუტინ ხუილო“ და ასე შემდეგ. 

ვფიქრობ, სრულიად ლეგიტიმურია ეს ფრაზებიც,  თუმცა ამით არ ვიწყებთ, პირველ ეტაპზე ეს იქნება ჩუმი აქცია, დუმილის აქცია. რა მოთხოვნებიც იქნება აქციაზე მოქალაქეების მხრიდან წარმოჩენილი, პოლიცია ამას პროვოკაციის მიზნით ვერ გამოიყენებს. ყველას ვპირდებით, რომ ესეც ტაქტიკის ნაწილია, მაგრამ როცა ვიქნებით ბევრნი, იქ ცენზურა ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ იქნება.

  • ამ ყველაფერს სჭირდება რესურსები, როგორ აპირებთ მოძიებას?

ამ ეტაპზე ანგარიშიც კი არ გვაქვს გახსნილი, რომ საზოგადოებას მოვუწოდოთ ფინანსური დახმარებისკენ. ყველა ვწერთ მოთხოვნებს იმაზე, რაც გვექნება, იქნება ეს მუყაოს ყუთის ნაჭერი თუ მეორადი ქაღალდი.

შესაბამისად, როცა არის საუბარი, ვთქვათ, იმაზე, რომ გავაკეთოთ კლიპი ან ვიდეორგოლი, უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ენთუზიაზმით გააკეთებენ. ჯერჯერობით ასე მივდივართ.

  • როგორ ფიქრობთ, გადადგება ხელისუფლება?

გადადგება.

გადაბეჭდვის წესი