მთავარი,სიახლეები

იას ჟოლოს ბაღი შუახევში, სადაც ნახევარი ტონა კენკრა მოჰყავს

11.04.2022 • 3191
იას ჟოლოს ბაღი შუახევში, სადაც ნახევარი ტონა კენკრა მოჰყავს

48 წლის ია ბერიძე შუახევში, უჩამბის თემში, სოფელ სამოლეთში ცხოვრობს და უკვე 6 წელია, რაც  მისივე გაშენებულ ჟოლოს ბაღს უვლის.

ია ამბობს, რომ მის სოფელში ჟოლო არავის მოჰყავდა და იმდენად ხშირად ეკითხებოდნენ როგორ ახერხებდა ამას თავად, რომ ბოლოს ჟოლოს ბაღის გაშენება გადაწყვიტა. იფიქრა, რომ ჟოლო შემოსავლის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო.

„ჩემს იდეას თავიდან ყველა სიცილით შეხვდა. არ ეგონათ, თუ გაამართლებდა. ეს ჩემთვისაც რისკი იყო.

ყველას უკვირდა, ჟოლოს დარგვა რომ დავიწყე, ამდენი სად უნდა წაიღოსო. საბოლოოდ კი, ყველამ შეიცვალა აზრი. ვინც ყოველთვის მხარში მედგა, ჩემი მეუღლეა“, – ამბობს ია.

იამ ჟოლოს ნერგი თავად გამოიყვანა და უკვე 2000 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული.

ის მუსიკის პედაგოგია. ჟოლოს მოშენებამდეც აქტიურად იყო სოფლის მეურნეობის საქმიანობაში ჩართული. დღესაც თესავს სიმინდს, კარტოფილს, მაგრამ მხოლოდ იმდენს, რამდენიც ოჯახს სჭირდება. გასაყიდად კი მხოლოდ ჟოლო მოჰყავს.

მისი თქმით, ჟოლოს მოვლას ბევრი შრომა სჭირდება. ჟოლო წყლის მოყვარული მცენარეა. იამ ზუსტად იცოდა, რომ თუ ნარგავში წვეთოვან სარწყავ სისტემას დააყენებდა, ჟოლოს მოსავლიანობა გაიზრდებოდა და ნაყოფიც გაცილებით ხარისხიანი ექნებოდა, ვიდრე ჰქონდა.

ამიტომ იამ ბაღში სარწყავის დასამონტაჟებლად მცირე მეწარმეებისთვის კონკურსების მოძიება დაიწყო და 4 წლის წინ  „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამაში გაიმარჯვა.

„პროექტი მარტომ დავწერე, შემდეგ რამდენჯერმე გავიარე გასაუბრება და საბოლოოდ 3 000 ლარის თანადაფინანსებაც მოვიპოვე“, – ამბობს ია.

მებაღის მოლოდინები გამართლდა და ჟოლოს ბაღში სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემდეგ მოსავლის ხარისხი გაიზარდა.

იას ბაღის მოვლაში ოჯახის წევრები, ხოლო მოსავლის აღებაში მეზობლები ეხმარებიან. ია კი მადლობის ნიშნად კენკრას სთავაზობს, რადგან, მისი თქმით, ყველაზე რთული სწორედ ჟოლოს დაკრეფის პროცესია.

„ჟოლოს კრეფა ერთთვიანი პროცესია და ყოველ მეორე ან მესამე დღეს იკრიფება ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე.

ძალიან სათუთად მოსაკრეფია, 2 ცალ ნაყოფს ვერ მოკრეფ ერთად. ჟოლო იმ ჭურჭელში უნდა მოათავსო, რომლითაც ჩააბარებ. მისი გადაყრა კალათიდან კალათში შეუძლებელია“, – ამბობს ია.

ია ჟოლოს ბათუმში აბარებს, ასევე, ჰყავს მომხმარებლები და ერთხანს საკონდიტროსაც ამარაგებდა ჟოლოთი. მისი თქმით, პანდემიის დროს ჟოლოზე მოთხოვნა გაიზარდა. იას უჭირდა ჟოლოს ბათუმში ჩამოტანა, რადგან სოფლიდან „მარშუტკით“ ეზიდება ქალაქამდე.

იამ გასულ წელს დაახლოებით ნახევარი ტონა ჟოლო მოიყვანა. მისი თქმით, ერთდროულად  50-80 კილოგრამამდე ჟოლოს კრეფს თავის ბაღში.

მებაღე ამბობს, რომ ტელეფონით არკვევს სად შეძლებს ჟოლოს ჩაბარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოაქვს კენკრა სოფლიდან.

„თუ ტელეფონით არ შევათანხმებ და ისე წავიღებ ჟოლოს ბათუმში, ვერ ჩავაბარებ. მარშუტკით ჟოლოს ჩამოტანა გვიანდება და ბაზარშიც აღარ იბარებენ.

მნიშვნელოვანია იყოს ადგილები შუახევში ან ახლოს, ქედაში, ხელვაჩაურში, სადაც ჟოლოს ჩავაბარებთ და გვეცოდინება, რომ ჩასაბარებლად მიტანილი ჟოლოს უკან წამოღება არ გახდება საჭირო“, – ამბობს ია.

სამოლეთში თოვლი ჯერაც არ გამშრალა. ია ნერვიულობს, დარწმუნებული არ არის, რომ ჟოლოს ნერგებმა წლევანდელ დიდთოვლიან ზამთარს გაუძლეს.

„ნახევარი მეტრი თოვლი იქნება ახლაც იმ ბაღში, სადაც ჟოლო მირგია. არც კი ვიცი, რამდენად გადარჩა ნერგები. საგაზაფხულო სამუშაოებიც ძალიან იგვიანებს წელს, ამიტომ წელს ნაკლებ მოსავალს ველოდებით, ვიდრე გასულ წლებში გვქონდა.

თოვლის გაშრობის შემდეგ პირველ რიგში ჟოლოს ნერგები უნდა გავსხლათ“, – ამბობს ია.

ია გვიყვება, რომ მებაღეობისთვის თავის დანებებაზეც უფიქრია, იმდენად შრომატევადი საქმეა ჟოლოს მოვლა. ის დაცარიელებულ სოფელზე წუხს და ამბობს, რომ ფულიც რომ გადაიხადოს, ვერ შეძლებს ადამიანების დაქირავებას ჟოლოს მოსავლის აღებაში დასახმარებლად.

„სოფელში ხალხი აღარ ცხოვრობს. ძირითადად ისინი ვართ შემორჩენილი, ვინც მუშაობს საბავშვო ბაღში, სკოლაში, სოფლის ამბულატორიაში. მე რომ მეზობელთან მივიდე, დაახლოებით 500 მეტრი უნდა გავიარო და ამ შუალედში 15 ცარიელი სახლი მაინც დგას“, – ამბობს ია.

ია ჟოლოს ბაღის გაფართოებას არ აპირებს, მაგრამ ახლა ნიგვზის ახალი ჯიშების მოშენებაზე ფიქრობს. ამბობს, რომ ნიგოზი გაცილებით მარტივი მოსავლელია, ვიდრე ჟოლო და დიდი გამოცდილებაც არ სჭირდება მის მოვლას.

მებაღე ჟოლოს ჯემის წარმოებასაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა. მისი თქმით, ამ საქმის დასაწყებად ბევრი რამ დასჭირდება, მათ შორის, საკმაოდ ძვირადღირებული მაცივრები, რისი შეძენის შესაძლებლობაც მას არ აქვს.

ია ბერიძის ბაღში დაკრეფილი ჟოლო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: