მთავარი,სიახლეები

რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე

10.04.2022 • 4096
რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე

მარტოხელა დედამ, ლალი აბსავამ, 2013 წელს გაყიდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი სახლი იმ იმედით, რომ უკეთეს უბანში, შუაგულ ქალაქში აუშენებდა კომპანია „სახლი პიაცასთან“ ახალ ბინას – მაზნიაშვილის ქუჩის №35-ში.

ამის შემდეგ ლალი აბსავა შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. 8 წელია ელოდება მშენებლობის დასრულებას, მაგრამ ამაოდ. დასრულებული სახლის ნაცვლად ახლა ამ ადგილას ჭაობსა და ნესტში ჩაფლული კედლებია, ერთმანეთთან ნახევრად დანგრეული კიბეებით დაკავშირებული. ლალის, წესით, მეხუთე სართულზე უნდა მიეღო ბინა. თუმცა დაუსრულებელ შენობაში ამ სართულს სახურავიც კი არ აქვს და კედლებს წლებია აწვიმს:

„2014 წლის მერე წასასვლელი არსად მაქვს, ხან რომელ მეგობართან მიწევს ცხოვრება და ხან რომელთან. ამ დაუსრულებელ სახლში მეორე-მესამე სართულებზე შესახლებულია ხალხი, საშინელ, აუტანელ პირობებში, მაგრამ რაღაცნაირად კარი შეაბეს კედლებს და გასათევი აქვთ, მე სად შევეფარო, სახურავიც არ აქვს ჩემს სართულს. ყველასთან ნამყოფი ვარ, ვინც ასე თუ ისე შესახლდა ამ დაუსრულებელ მშენებლობაში: განშლის გარეშე დატოვებულ, გადაუტიხრავ ფართობებში შესახლდნენ, საშინელ პირობებში“, – გვეუბნება ლალი აბსავა.

ბათუმი. დაუსრულებელი მშენებლობა მაზნიაშვილის № 35-ში, სადაც 8 წელია ელიან ოჯახები კუთვნილი ბინების მიღებას

ამავე სახლში ეკუთვნის ბინა გოჩა დუმბაძესაც. ე.წ. იტალიურ ეზოში არსებული მისი სახლი აიღეს და სანაცვლოდ მხოლოდ რამდენიმე, დაუსრულებელი სართული ააშენა კომპანიამ „სახლი პიაცაზე“.

„კომპანიას „სახლი პიაცაზე“ ორი მეწილე ჰყავს: გიორგი ჟორჟოლიანი და ვოვა შენგელია. თავად ვერ გაურკვევიათ ვინ სად და რა დახარჯა. სად წავიდა ბინის ასაშენებელი ფული. ერთად ამ ხალხს თავი ვერ მოვუყარეთ, რომ ვისაუბროთ. ერთმანეთს წლებია უჩივიან სასამართლოში. როცა ვოვა შენგელიას აქვს სასამართლო და ჟორჟოლიანს იძახებს, არ ცხადდება შენგელია, ჟორჟოლიანი წამოიწყებს სასამართლოს და შენგელია არ ცხადდება.

იმ შეთანხმებამდეც კი ვერ მივიდნენ, რომ ბინების განშლა ანუ ცალკეულ ბინებად დაყოფა გაეკეთებინათ“, – გვიყვება გოჩა დუმბაძე.

დაუსრულებელ და დაზიანებულ შენობაში 12 ოჯახია შესახლებული გაუსაძლის პირობებსა და სახელდახელოდ ამოყვანილ კედლებში. სახლის საყრდენ ბოძებს დაჭაობებული წყალი აქვს შემდგარი და იქ შესახლებულები შიშობენ, რომ ჩამონგრევის საშიშროება დგას.

დაუსრულებელ მშენებლობას შეფარებულები არიან ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.

კომპანია „სახლი პიაცაზეს“ დირექტორი, გიორგი ჟორჟოლიანია 2016 წლიდან, თავადვეა კომპანიის 60% წილის მფლობელი.  კომპანიის 40%-ს მაკა შენგელია ფლობს.

კომპანიას დასრულებული სახლი მცხოვრებლებისთვის 2014 წელს უნდა ჩაებარებინა. 2016 წლამდე კომპანიის დირექტორი ვოვა(ვლადიმერ) შენგელია იყო – მაკა შენგელიას მეუღლე.

ბათუმი. დაუსრულებელი მშენებლობა მაზნიაშვილის № 35-ში, სადაც 8 წელია ელიან ოჯახები კუთვნილი ბინების მიღებას

2016 წლის მერე  კომპანიის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი ხდება.

ორივე მეწილე წლებია ერთმანეთს სასამართლოში უჩივის სხვადასხვა მიზეზით. მეწილე მაკა შენგელიას მინდობილობით მას მეუღლე, ვლადიმერ შენგელია წარმოადგენს დავებისას. თაღლითობის ბრალდებით ვლადიმერ შენგელია სასჯელს იხდიდა ამ სახლის გამო, გიორგი ჟორჟოლიანის ქონება კი სასამართლომ ამავე მშენებლობის დაუსრულებლობის გამო დააყადაღა.

2016 წლამდე კომპანიის დირექტორი, ვლადიმერ შენგელია ამბობს, რომ გიორგი ჟორჟოლიანი თაღლითურად შევიდა კომპანიაში როგორც მეწილე. შენგელიას თქმით კი, ჟორჟოლიანს 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა შეეტანა კომპანიაში, თუმცა მხოლოდ 250 ათასდოლარიანი ინვესტიციით მივიდა და კომპანიის 20%-იანი წილიც ამიტომ მიიღო თავიდან. შეთანხმების მიხედვით, როგორც ვლადიმერ შენგელია ამბობს, ჟორჟოლიანს ნელ-ნელა უნდა გაეზარდა ინვესტიცია მშენებლობის დასასრულებლად. მისი თქმით, ეს არ მომხდარა.

„კომპანიაში ჟორჟოლიანმა ჩამონერგა ვლადიმერ არობელიძეც, რომელმაც ასევე ჟორჟოლიანთან შეთანხმებით კომპანიას დიდი ზიანი მიაყენა და მიზნად ჰქონდათ თაღლითური გზით ზედმეტი შემოსავლის მიღება.

ჟორჟოლიანის დირექტორობის პერიოდში ანუ 2016 წლიდან დღემდე ვერ ნახავთ ვერცერთ დოკუმენტს, რომელიც აქვს შექმნილი. არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ კომპანიას ხუნძლავდა ვალებით“, – ამბობს „სახლი პიაცაზეს“ ყოფილი დირექტორი.

საპირისპირო რამეს ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“. მისი თქმით, ის მხოლოდ ფორმალურად იყო კომპანიის დირექტორი და სინამდვილეში, ფინანსებზე წვდომა მხოლოდ ვლადიმერ შენგელიას ჰქონდა.

„იცით თქვენ მე რამდენი ეკლესია მაქვს აშენებული ქუთაისში?” – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს კომპანიის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი და აგრძელებს:

„186 ათასი ლარი ჩამოვიტანეთ მანდ მე და ჩემმა პარტნიორმა, ანზორ მიქელაძემ და სად წაიღო ეს ფული, რატომ არ დაახარჯა სახლის დასრულებას?

სამჯერ და ოთხჯერ გაყიდა თაღლითურად მაზნიაშვილის ქუჩაზე თითო ბინა ვლადიმერ შენგელიამ და ამის გამო იჯდა კიდეც ციხეში.

ახლა მაზნიაშვილის ქუჩაზე ამ მშენებლობას ყადაღა ადევს და მე კი არა, ვერავინ შეძლებს მანდ ვერაფერს.

იმდენი ქნა შენგელიამ, რომ სახლი აუქციონამდე მიიყვანა და კიდევ მე დავიხსენი, მერე კი ყადაღა დაედო.

მე მხოლოდ თანხა შემქონდა კომპანიაში და რატომ არ დაასრულა სახლი? ჯერ კიდევ არაა დასრულებული ჩვენი სასამართლო დავები“, – ჰყვება კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი.

ყოფილი დირექტორი, ვლადიმერ შენგელია გვიყვება ასევე, რომ  კომპანიას „სახლი პიაცაზე“ 18 სამშენებლო კომპანია ჰქონდა ბათუმის ტერიტორიაზე, რომლის მხოლოდ ნაწილის განხორციელება მოხერხდა. შენგელია ამბობს, რომ  ამის ძირითადი მიზეზი კომპანიის მეწილედ გიორგი ჟორჟოლიანის შემოყვანა იყო.

შენგელიას თქმით ჟორჟოლიანი კომპანიაში 250 ათასდოლარიანი პირველადი შენატანის შემდეგ,  მიზანმიმართულად ახორციელებდა ქმედებებს, რის გამოც შენგელიას მოუწია მისთვის დირექტორობა დაეთმო.

შენგელია ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ ჟორჟოლიანს არცერთი დოკუმენტი არ შეუქმნია, როგორც დირექტორს. მისივე თქმით 2016 წლის შემდეგ ჟორჟოლიანს ობიექტის მშენებლობაში არანაირი წვლილი არ შეუტანია და არაფერი გაუკეთებია.

ვლადიმერ შენგელიასა და გიორგი ჟორჟოლიანს სამართლებრივი დავა 2019 წლიდან აქვთ სასამართლოსა და პროკურატურაში ერთმანეთის წინააღმდეგ.

ჟორჟოლიანი გვიყვება, რომ მოხერხდა მხოლოდ ერთი დოკუმენტის გაფორმება 2019 წელს:  პარტნიორთა შეთანხმება ვალდებულების აღების თაობაზე, 40% მაგდა კალანდაძესა და 60% გიორგი ჟორჟოლიანზე.

„მაკა კალანდაძის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ჟორჟოლიანმა უარი განაცხადა ვალდებულებებით აღებული პასუხისმგებლობის შესრულებაზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თავისი ხელმოწერით, როგორც დირექტორს უნდა დაედასტურებინა ჩვენი შეთანხმება, ეს არ გააკეთა და დავიწყეთ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა, მანამდე რამდენჯერმე გავაფრთხილეთ წერილობით.

ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა, მას დაევალა ბინების განშლისთვის საჭირო პროცედურები დაესრულებინა და რეესტრში ყველა დაზარალებული ადამიანისთვის გაეფორმებინა საკუთრების უფლებით ფართები. მან ამას ხელი არ მოაწერა.

ვიცი რატომაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს: 2019 წელს გაფორმებულ შეთანხმებასთან შედარებით ახლანდელი შეთანხმებით მისი აზრით ნაკლებ ქონებას მიიღებდა და მიაჩნდა რომ დაზარალდებოდა.

ჟორჟოლიანის მთავარი მიზანია აუქციონის გზით ჩაიგდოს ხელში ქონება“ – ამბობს ვლადიმერ შენგელია.

მისივე თქმით მაზნიაშვილის ქუჩის მიტოვებული მშენებლობა 2016 წლიდან არაერთხელ გაიქურდა. აქ იყო მასალები და ინვენტარი, არაერთი განცხადებაა დაწერილი პოლიციაშიც, შენგელიას თქმით.

მისივე განმარტებით ჟორჟოლიანის ქონებები დაყადაღებულია არა იმიტომ, რომ მაზნიაშვილის ქუჩის მშენებლობა არ დაასრულა მან, არამედ იმიტომ, რომ კომპანიას ჟორჟლიანმა დუკუმენტურად დადასტურებული ზიანი მიაყენა 3 მილიონ 26 ათასი დოლარის ოდენობით.

„ვითხოვთ აუდიტის ჩატარებასაც, რომელიც დაადასტურებს, რომ ჟორჟოლიანის მიერ ჩვენთვის მოყენებული ზიანი 5 მილიონ დოლარსაც აღწევს“ – ამბობს ვლადიმერ შენგელია.

მაზნიაშვილის ქუჩის №35-ში მდებარე დაუსრულებელ მშენებლობას შეფარებული ოჯახები 8 წელია ელიან კუთვნილ ბინებს და სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში ცხოვრობენ: ნახევრად დანგრეულ კედლებსა და წვიმისგან დაზიანებული ბეტონის გროვაში.

________________________

ამავე თემაზე:

ყველა სართულზე გამოყენებული შპრიცები და მარიხუანის „ბონგები“ – კიდევ 1 კორპუსი ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: